კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მოვიპოვოთ სამოთხის „საშვი“


ქორწინება და ცხოვრება ქრისტეში

ცხოვრება ბრძოლის ველია, სადაც გვიხდება შერკინება, რათა მარადისობაში დავმკვიდრდეთ. ისმის კითხვა: როგორ უნდა ვიბრძოლოთ? მკაცრად არის განსაზღვრული ცოდვის ჩადენის საზღვრები თუ ეს ჩარჩოები პირობითია?

ბოლო დროს ადამიანებმა იმ ზომამდე აურდაურიეს ყველაფერი ამ საკითხებში, რომ წმიდა მამებსაც კი მიაწერენ ურთიერთშორის უთანხმოებას იმის თაობაზე, თუ სად მთავრდება ცხოვრება ღვთის მცნებათა თანახმად და სად იწყება ცოდვა. მაგრამ, მამათა სწავლების მიუკერძოებელი გამოკვლევისას, პირიქით, დარწმუნდებით, რომ ამ საკითხში ისინი სრულად ეთანხმებიან ურთიერთს.

მაგრამ, მოდი, ძალიან ზოგადად განვსაზღვროთ ეკლესიის პოზიცია. ვფიქრობ, ყველა დამეთანხმება, რომ ქრისტიანული ცხოვრების მწვერვალი არის სიწმიდე. ეს ლიტონი სიტყვები არ გახლავთ. ისინი უკიდურესი სიცხადითა და უბრალოებით მიუთითებენ, რომ ჩვენ, შეძლებისამებრ, უნდა დავუდოთ ზღვარი ჩვენს ზრუნვას მიწიერსა და ხრწნადზე და მეტი სასოება გვქონდეს ღვთისადმი.

განვმარტავ: საზრდო კურთხეულია და ეკლესია ლოცულობს, რომ მის შვილებს იგი ყოველთვის საკმარისი ჰქონდეთ. ძალების შესანარჩუნებლად აუცილებელი საკვების მიღება ცოდვა არ არის, მაგრამ, თუ ადამიანი ზღუდავს თავის თავში ამ ბიოლოგიურ მოთხოვნილებასაც, თითქმის არ ზრუნავს საზრდოზე, ურჩევნია, დაზოგოს დრო და ძალები და ისინი ღმერთთან ურთიერთობისთვის გამოიყენოს, მაშინ იგი თავისი ბრძოლის სანაცვლოდ აუცილებლად მიიღებს ჯილდოს. უკიდურესად რატომ ამცირებდნენ თავიანთ მოთხოვნილებებს საკვებზე წმიდა ანტონი და სხვა მონაზვნები? იმიტომ, რომ თავიანთი ბიოლოგიური მოთხოვნილებების შეზღუდვით ისინი თავს უძღვნიდნენ ერთ მიზანს – ღმერთთან ერთობის დამყარებას, რაც არის სრულყოფილება!

ახლა ვნახოთ, რა მოსდით იმ ადამიანებს, რომლებიც არა მხოლოდ საკვებზე, არამედ სხვა მოთხოვნილებებზეც ზრუნავენ. ყველა ჯოჯოხეთში მოხვდება? რა თქმა უნდა, არა!

ეკლესია გვიწყნარებს ჩვენს უძლურებებთან და ცოდვებთან ერთად. საჭიროა მხოლოდ შეინანო ისინი და იყო თავმდაბალი ღვთის სულგრძელობის წინაშე. ღმერთი გვიღებს, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანური სისუსტის გამო ჩვენ უფრო მეტად ყოველივე ხრწნადისა და მიწიერისკენ ვართ მიდრეკილნი, მაგრამ, გვშველის თავმდაბლობა და სინანული.

უზარმაზარი უფსკრული ძევს ზემოაღნიშნულ საკითხსა და იმ შეხედულებას შორის, თითქოს ჩვენი ცხოვრება, რასაც თან ახლავს ქრისტიანობისთვის დასაშვები სიამოვნებები, იყოს სრულყოფილი. სრულყოფილება, რომლისკენაც უნდა ვისწრაფვოდეთ, ერთია, ის კი, რასაც ჩვენ, ადამიანები ვაკეთებთ, სრულიად სხვა.

შეგნებული ქრისტიანული ცხოვრების შინაარსია, გესმოდეს, თუ რა არის სათნო ღვთისთვის, მიისწრაფვოდე ამისკენ და, თუ ძალა არ შეგწევს, ეს იტვირთო, ითხოვო შენდობა!

ამრიგად, ეკლესია ზრუნავს ჩვენზე, უდიდეს უმრავლესობაზე, ვისაც თავისი უძლურების გამო არ ხელეწიფება, სრულყოფილების ხარისხს მიაღწიოს. ეკლესია ცდილობს, ხელმოკიდებული, ნაბიჯ-ნაბიჯ, როგორც ბავშვს ასწავლიან სიარულს, წაგვიყვანოს წინ, სრულყოფილებისკენ, რაც იგივე განღმრთობაა. ზუსტად ეს მიზანი აქვს მარხვასაც, რაც თავისთავად არ არის სამოთხის „საშვი“, მაგრამ მისი მოპოვების საშუალებას გვაძლევს.

ქორწინება და ცხოვრება ქრისტესი

დავიწყოთ პირველმშობლებით – ადამითა და ევათი. ცოდვით დაცემამდე მათი სამოთხეში ცხოვრება იყო გამუდმებული, განუწყვეტელი სიხარულით აღსავსე. ადამსა და ევას არ სჭირდებოდათ ხორციელი სიახლოვე, რათა განსაკუთრებული ტკბობა განეცადათ. მთელი მათი ცხოვრება ერთი უკიდეგანო ბედნიერება იყო. ისინი სამოთხეში რომ დარჩენილიყვნენ, მათი სიახლოვე ვნებას არ დაექვემდებარებოდა.

დაცემის შემდგომ „ადამ იცნა ევა, ცოლი თვისი“ (შესაქ. 4,1), ანუ მათ ურთიერთისადმი განიცადეს რაღაც ახალი. ასე რომ, დაცემის მომენტიდან და შემდეგ, დედაკაცისა და მამაკაცის ურთიერთობებში შეიპარა განსაკუთრებული ტკბობის გამომწვევი რაღაც. ისმის კითხვა: რატომ?

იქნებ, იმიტომ, რომ ცოლ-ქმარს მეტად ჰყვარებოდა ერთმანეთი? თუ ეს ასეა, ბუნებით სიყვარულის მოტრფიალე ადამიანები იდეალური მეუღლეები უნდა ყოფილიყვნენ, მაგრამ, სინამდვილეში საპირისპიროს ვხედავთ.

იქნებ იმიტომაც, რომ ცოლ-ქმარს უკეთ შეეცნო ღვთის სიყვარული ადამიანისადმი და ადამიანისა – ღვთისადმი? მაშინ ასკეტებსა და მონაზვნებს საერთოდ არ ეცოდინებოდათ, რა არის ღვთის სიყვარული. ჩვენი ეკლესიის იმ წმიდანებსაც, რომელთაც ჰქონდათ ოჯახები, მაგრამ წმიდა ცხოვრებით განდიდდნენ, ძალიან ცოტა რამ უნდა სცოდნოდათ ღვთის სიყვარულის შესახებ, მაგრამ აქაც ხომ საპირისპირო რამ ხდება?!

დაბოლოს, იქნებ, ეს ტკბობა იმიტომ გაჩნდა, რომ მეუღლეებს ურთიერთის სიყვარული სამუდამოდ შეენარჩუნებინათ? არა, რადგან ამ შემთხვევაში ყველა ხანდაზმული ადამიანი განქორწინებას მოითხოვდა.

ამრიგად, მივდივართ დასკვნამდე, რომ ხორციელი კავშირებისთვის სიამოვნების მინიჭება ღმერთმა მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ ინება, რომ ეს ურთიერთობები მჭიდროდ უკავშირდება შვილის გაჩენას. ეს რომ არა, საუბარი იქნებოდა მარტოოდენ ტკბობის მიღებაზე, ყოველგვარი მორალური პრინციპების უგულებელყოფით. მაგრამ, უნდა აღინიშნოს, რომ ბავშვების ყოლა თავისთავად არ არის ტკბობის გამწმენდელი – მაშინ ნებადართული იქნებოდა შვილების გაჩენა ქორწინების გარეშეც. ზუსტად ქორწინების საიდუმლო განწმენდს ამ ტკბობით განცდას, რომლის მიზანიც ბავშვის დაბადებაა. ვიცით რა ყოველივე ეს, არ დაგვავიწყდეს, რაც უკვე ითქვა: ადამიანი მოწოდებულია, იღვაწოს და ისწრაფვოს, რათა მიაღწიოს ღვთაებრივ სიწმიდეს, რადგან მხოლოდ ამგვარად მოიპოვებს იგი ზეციურ სასუფეველს. მაშასადამე, ქორწინების მიზანია არა უბრალოდ შვილების გაჩენა, კიდევ უფრო ნაკლებად – ხორციელი ტკბობა, არამედ მეუღლეებისა და ბავშვების გადარჩენა. შვილების გაჩენა სამოთხეში შესასვლელი „ბილეთი“ არ არის, მაგრამ მის მიღებას უწყობს ხელს.

პავლე მოციქული კორინთელთა მიმართ თავის პირველ ეპისტოლეში ბრძანებს: „მნებავს ყოვლისა კაცისაი ყოფად (ანუ უქორწინებლად), ვითარცა თავი ჩემი“ (7,7); აქ იგი უქორწინებლობის სრულყოფილებაზე მიუთითებს. თუ რატომ, ვფიქრობ, ამის გაგება რთული არ არის. დაოჯახებული ადამიანი ზრუნავს მეუღლესა და შვილებზე და, მაშასადამე, მათ რიცხვს არ ეკუთვნის, ვინც თავისი თავი მთლიანად ღმერთს მიუძღვნა. ამიტომ არის უქორწინებლობა სრულყოფილება. „რომელი შემძლებელ არს დატევნად, დაიტიენ“ (მათ. 19,2). „ვერ დამტეველნი“, ცხადია, მიმართავენ „ქორწინებით ურთიერთობებს“.

რა მოუვათ დაოჯახებულ ადამიანებს, ნუთუ მათთვის ზეციური სასუფეველი დაკარგულია? რასაკვირველია, არა! უფალმა თავის ყველა საქმეზე უწინარეს ქორწინების საიდუმლო დაადგინა – იგი გალილეას კანაში აკურთხა.


скачать dle 11.3