კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის აგდებს ადამიანს განსაცდელში მის მიერ ჩადენილი სიკეთე, რა უნდა გაითვალისწინონ წყვილებმა ოჯახის შექმნისას და როგორი წყვილის თანაცხოვრებას აკურთხებს ღმერთი


სიყვარული დიდი ნიჭია და მას საოცარი ღვთაებრივი თვისება აქვს: ის არის კლდე, იგივე ქრისტე და მასზე ხდება სიყვარულში ადამიანის თვითდაფუძნება. შემდეგ ის გარეთ გამოედინება, როგორც უკვდავი წყაროს წყალი, სხვა ადამიანებთან მიედინება, მათაც ითრევს ამ ნაკადში და ისინიც თანამონაწილეები ხდებიან ღვთაებრივი სიყვარულისა. ვისაც სიყვარული აქვს, მას სიკეთის ქმნაც შეუძლია. უგუნურად გაკეთებული სიკეთე კი ხშირად ბოროტებას უტოლდება და ადამიანს აუცილებლად განსაცდელში ჩააგდებს.

მამა გიორგი (ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი): როცა უფალი მოციქულებთან უკანასკნელ ჟამზე საუბრობდა, ამბობდა: „მაშინ გამრავლებითა უსჯულოებითა განხმეს სიყვარული მრავალთაი“ (მათ. 24, 12). ისე ჩანს, რომ ეს წინასწარმეტყველება ჩვენს დღეებში უკვე სრულდება – ხდება ურთიერთგაუცხოება და ურთიერთგაციება. განსაკუთრებით შეიმჩნევა, რომ ქრისტიანული რწმენის მტერთა მიერ ქრისტიანული სიყვარულისა და კეთილმოსურნეობის ნაცვლად, ხალხში გულმოდგინედ ინერგება შური და ბოროტისმოყვარეობა. ურთიერთბოროტებისა და ჩხუბის საპირისპიროდ, ქრისტიანობა მოგვიწოდებს ურთიერთსიყვარულისკენ, რომელიც თავად უფალმა გვიანდერძა: „იმით მიხვდებიან, რომ ჩემი მოწაფენი ხართ, თუ ურთიერთშორის სიყვარული გექნებათ“ (იონ. 13). თანამედროვე ადამიანის პრობლემა არის არა მხოლოდ უსიყვარულობა, არამედ უუნარობაც – სწორად გაიაზრონ, რა არის სიყვარული.

– რა არის მამაო, ჭეშმარიტი სიყვარული?

– ადამიანის გრძნობათა შორის სიყვარული, თავისი სრული განვითარებით, ყველაზე ამაღლებული, ძალმოსული და მკაფიო გრძნობაა. ის არის სულიერი და ზნეობრივი სიახლოვის განსაკუთრებული განცდა, რომელიც ერთ ადამიანს უძლიერებს შინაგან მიზიდულობას მეორე ადამიანის მიმართ. მოყვარული ადამიანის გული ღიაა იმისთვის, ვინც უყვარს და, თითქოს მზად არის, თავისკენ მიიზიდოს ის. ქრისტიანის გული თავის თავში, სიყვარულში, სხვასაც იღებს და თავადაც ეძლევა სხვას. ქრისტიანული სიყვარული განსაკუთრებული გრძნობაა, ის ადამიანს აახლოებს ღმერთთან, რომელიც თავადაა სიყვარული. უფლის საყვარელი მოციქულის თქმით: „მიწიერ გრძნობებთაგან არაფერია უფრო მაღალი, დედობრივი სიყვარული რომაა, რომელიც მუდამ მზადაა თავგანწირვისთვის“. ღმერთის ურთიერთობის მთელი ისტორია ადამიანებთან ზეციური სიყვარულის თავგანწირვის უწყვეტი ისტორიაა. ზეციერ მამას თითქოს ხელჩაკიდებული მიჰყავს ცოდვილი, თავისი მტერი და მოღალატე ხსნისკენ. ამისთვის ის თავის მხოლოდშობილ ძესაც არ ზოგავს. ძე ღვთისა, გარდამოხდა რა ზეცით, ხორცს ისხამს, იტანჯება და კვდება იმისთვის, რომ აღდგომის საშუალებით ცოდვილს ის ნეტარი მარადიულობა მიანიჭოს, რომელიც შეცოდების გამო დაკარგა. მაცხოვარი თავის მოწაფეებს სატანჯველთა წინ უტოვებს ანდერძს, სიყვარულის მცნებას: „ახალ მცნებას გაძლევთ თქვენ, როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ, თქვენც ისე შეიყვარეთ ერთმანეთი“ (იოან. 13, 34).

სიყვარული ყველაფრის მძლეველი ძალაა, რომელიც ადამიანის გულში ჩადებულ ეგოიზმს სპობს და ეს ჭეშმარიტი სიყვარული მუდამ ეძებს სიმართლეს, ჭეშმარიტებას და არა სიცრუესა და პირფერობას, რაც ჩვენთვის, ყველასთვის, ვფიქრობ მეტად საყურადღებოა: „ყოველივეს იტანს, ყველაფერი სწამს (ჭეშმარიტი), ყველაფრის იმედი აქვს და ყოველთვის ითმენს. და, რაც ყველაზე მთავარია, სიყვარული არასდროს არ მთავრდება“ (რამეთუ უფალი თავად სიყვარულია).

– მამაო, როგორი უნდა იყოს ქრისტიანული ოჯახი და ის არ უნდა ეფუძნებოდეს ჭეშმარიტ სიყვარულს?

– რა თქმა უნდა, ქრისტიანისთვის ცხოვრების, მეგობრის, თანამგზავრის არჩევა დიდი და მეტად საპასუხისმგებლო საქმეა. ქრისტიანულ ქორწინებაზე უფლის სიტყვა – ბიბლია – შემდეგს ამბობს: „იყავით ორნი ერთ ხორც“ – ესე იგი, ქორწინებაში ორნი შეადგენენ ერთ ორგანიზმს, ერთ სიცოცხლეს. ქრისტიანი ცოლი, უპირველესად ქმარზე ფიქრობს და შემდეგ – საკუთარ თავზე, ზუსტად ასევეა ქმარიც. ამგვარ ცოლქმრულ კავშირს კი ღმერთი განამტკიცებს შემდეგი ღვთიური სიტყვებით: „რომელნი-იგი ღმერთმა შეაუღლნა, კაცი ნუ გააშორებს“ (მათე 19,6).

ძალიან ღირსშესანიშნავია ის ფაქტი, რომ ქრისტიანულ ქორწინებაში მყოფი ცოლისა და ქმრის სიყვარულს ისეთი უანგარო და თავგანწირული ხასიათი აქვს, როგორითაც გამოირჩევა საერთო ქრისტიანული სიყვარული. პავლე მოციქული ტყუილად არ ადარებს ცოლ-ქმრის კავშირს ქრისტესა და ეკლესიის კავშირს და ამბობს: „ქმრებო, ისე შეიყვარეთ ცოლები, როგორც ქრისტემ შეიყვარა ეკლესია და თავი გასწირა მისთვის“. ქრისტიანულ ქორწინებაში მოსიყვარულე პიროვნებათა ერთიანობა იმდენად ყოვლისმომცველი და სრული ხდება, მეუღლეთა ურთიერთთავდადება იმდენად ღრმა და უეჭველია, რომ ისინი ყველაფერში ერთმანეთს ემსგავსებიან. ხანდახან კი (სიბერეში) გარეგნულადაც მსგავსნი ხდებიან და მათი ცხოვრება სრული თანხმობით მიედინება. ისინი წუთისოფელს ქრისტე მაცხოვრისა და მისი წმიდა ეკლესიის ცნებების სრული, ერთგული დაცვით ატარებენ.

– დღეს ადამიანები ხშირად, დაუფიქრებლად, აჩქარებით ქმნიან ოჯახს.

– საკმაოდ მძიმეა ჩვენს დროში იმის ცქერა, თუ როგორ წინდაუხედავად, უგუნურად, გაუფრთხილებლად და სრულიად არაქრისტიანულად ეკიდებიან ახალგაზრდები ამ უმნიშვნელოვანეს და უსერიოზულეს საკითხს. ამჟამად ხშირად ვხვდებით შემთხვევას, როდესაც ქორწინდებიან არა ღრმა და გამოცდილი, შემოწმებული გრძნობის საფუძველზე, არამედ, უბრალო „ტრფიალებით“, რომელიც არც სერიოზული გრძნობაა და არც ღრმა. ყველაზე ხშირად ამგვარი „ტრფიალების“ შინაარსი მხოლოდ და მხოლოდ ცხოველური ჟინით ამოიწურება.

ამასთან ერთად, ამგვარ ქორწინებაში და ქორწინების წინა პერიოდში, მუდამ შეიმჩნევა სიყალბე და სულისა და ხორცის თვითშელამაზება, თვალთმაქცური სურვილი – კი არ იყოს, არამედ ჩანდეს კარგი და ლამაზი. მაგრამ ოჯახი მხოლოდ სიმართლეზე შეიძლება აიგოს, სიცრუეზე აგებული დიდხანს მაინც ვერ გაძლებს. ამიტომ, სწორედ სიცრუიდან, თვალთმაქცობიდან იღებს სათავეს მეუღლეთა შორის იმედგაცრუება და გაყრის უმსგავსო პრაქტიკა. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ყველა კარგ ქრისტიანულ ოჯახში ერთიანი, ურთიერთშეკავშირებული ცხოვრება უნდა იყოს. „ჩვენი“ ანუ საერთო, მუდამ „ჩემზე“, ანუ პირადულზე მაღლა უნდა იდგეს, ოჯახის წევრებმა საერთო, მეგობრული ცხოვრებით უნდა იცხოვრონ. ყველაზე მთავარი კი ქრისტიანული სიყვარულია, რომელიც ოჯახის წევრებს შორის უნდა არსებობდეს. როგორც პავლე მოციქული ბრძანებს: „მე თუ ადამიანთა და ანგელოზთა ნებით ვლაპარაკობ, ხოლო სიყვარული არ გამაჩნია, მაშინ ჟღარუნა რვალი ვარ, ან ჩხარუნა წინწილა“ – უსულო საგნების მსგავსი, რომლებიც მხოლოდ ადამიანის სმენაზე მოქმედებენ და არა გულზე. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ სიყვარულს ვერაფერი გასტეხს – ვერც განსაცდელი, ვერც ტანჯვა, უბედურება, ხელმოკლეობა და იმედგაცრუება. ის ქრისტიანს სხვა, მიღმა, უკეთეს სამყაროშიც გაჰყვება და მთელი სისრულით გაიფურჩქნება იქ, სადაც გაქრებიან არა მხოლოდ ნიჭნი წინასწარმეტყველებისანი და ვნებისანი, არამედ შეწყდება რწმენა და სასოება. რწმენა იქ პირდაპირი ცქერით შეიცვლება, ხოლო სასოება ახდება და მხოლოდ სიყვარულის მეუფება იქნება „უკუნითი უკუნისამდე და სამარადისოდ“.


скачать dle 11.3