კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ქართველების შეურაცხყოფისთვის ნაჟეჟი რუსი მილიციელები, კომაში ჩავარდნილი კაპიტანი და გამასხარავებული რედაქტორი


არსებობენ ადამიანები, რომლებიც თავისი კაცური ცხოვრებით, საქციელითა და, საერთოდ, ცხოვრების სტილით იმკვიდრებენ სახელს. სწორედ ასეთი ადამიანია ბატონი ვალერიან სულაკაური. ის 53 ფილმის, 7 რადიოპიესის, 4 წიგნის, 3 ტელედადგმის, 4 შვილისა და 14 შვილიშვილის პატრონია. თავს ბედნიერ ადამიანად მიიჩნევს, რადგან არაერთ ცნობილ, საინტერესო და ბუმბერაზ ადამიანთან მოუწია ურთიერთობა. ბატონ ვალერიანს მეგობრის გამო უკან არასდროს დაუხევია, გაჭირვებულსაც ამოსდგომია გვერდში და ჩვეული იუმორითა და ენაწყლიანი საუბრითაც ხშირად მოუხიბლავს თანამოსუფრეები. მისთვის მეგობარი განსაკუთრებული ცნებაა, ქალაქელობა – პასუხისმგებლობა, თბილისელობა კი – ყველაზე დიდი ტიტული. დღეს ის თავის საინტერესო ამბებთან ერთად, ჩვენი რუბრიკის სტუმარია.


„მოსიარულე“ ფერადი კედლები

და ჰალუცინაციებით გადარეული რედაქტორი

ჟურნალ „ცისკრის“ რედაქტორად კონსტანტინე ლორთქიფანიძე დანიშნეს, რედაქცია კი ყოფილი მახარაძის ქუჩიდან პლეხანოვზე, კინო „კომკავშირელის“ გვერდით, მეორე სართულზე გადაიტანეს. შენობა გასარემონტებელი იყო და მუშები დაიქირავეს. რედაქციაში პასუხისმგებელ მდივნად ახალი მისული იყო გურამ ფანჯიკიძე, ახალ რედაქციაში ერთი ოთახი იყო დიდი ფანჯრით. სწორედ ის გახლდათ ერთადერთი ნათელი ოთახი მთელ შენობაში. ამიტომ, რედაქტორის კაბინეტიც იქ უნდა ყოფილიყო. მოკლედ, უპირველესად ეს ოთახი უნდა გაერემონტებინათ. თან, სამი კედელი იყო შესაღები. გურამ ფანჯიკიძემ შეკრიბა მუშები და უთხრა, ჯერ რედაქტორის ოთახით დავიწყოთ რემონტი და შემდეგ სხვებზე გადავიდეთ, ოღონდ, სამივე კედელი სხვადასხვა ფერად შემიღებეთო. მუშებმაც, ჭერი შეათეთრეს, ერთი კედელი ცისფრად შეღებეს, ერთი მწვანედ და ერთი წითლად. ანუ, როგორც გურამმა უთხრა, მუშებმაც ისე შეასრულეს დავალება. გავიხედეთ, მოვიდა კოწია თავისი კაბინეტის დასათვალიერებლად. ჩვენ ჩუმად ვუჭყიტინებთ, გვაინტერესებს, რა რეაქცია ექნება. შეათვალიერა ოთახი, დაჯდა მაგიდასთან, მიმოიხედა და სახეზე აშკარად შეეტყო კმაყოფილება. ერთი სიტყვით, მოეწონა რემონტი. ორი თუ სამი საათის შემდეგ ადგა და წავიდა. გურამმა სასწრაფოდ დაუძახა მუშებს და უთხრა: ახლა ეს კედლები „დაატრიალეთ“: ცისფერი კედელი წითლად გადაღებეთ, ის ლურჯად და ის – მწვანედო. მუშებმა კი გაიკვირვეს, მაგრამ ბრძანება შეასრულეს. გავიხედეთ, მეორე დღეს კოწია ისევ მოვიდა სამსახურში. შევიდა კაბინეტში და გაოცდა. ჩვენ ისევ ჩუმად ვუჭყიტინებთ. დაჯდა, იყურება აქეთ-იქით, ხელებს გაშლის, მხრებს აიჩეჩავს, ხან ერთ კედელს შეხედავს, ხან – მეორეს. მოკლედ, ვერ მიხვდა ვერაფერს, გაოგნდა. თან ფიქრობს, რამე ხომ არ მელანდებაო. ხმა არ ამოუღია, ისე წავიდა. გაიქცა გურამი, ისევ შეკრიბა მუშები და უთხრა, ახლა სასწრაფოდ, ეს კედლები ისევ „დაატრიალეთ“, წითელი კედელი მწვანედ გადაღებეთ, ცისფერი წითლად, მწვანე კი – ცისფრადო. გადაირივნენ მუშები, მაგრამ რას ეტყოდნენ? ადგნენ და ისევ შეასრულეს უსიტყვოდ და სწრაფად გურამის ბრძანება. მოკლედ, კედლები „დატრიალდა“. მესამე დღეს მოვიდა კოწია, შევიდა კაბინეტში და სულ გადაირია. ჯერ დაჯდა თავის მაგიდასთან, მერე წამოდგა, დააკვირდა ახლოდან კედლებს, ხელით შეეხო, დაფიქრდა, მიმოიხედა, გაგიჟდა. კაცო, ეს კედელი გუშინ აქ იყო, გუშინწინ – იქ, ნეტავ რა ხდებაო. ბოლოს, ვეღარ მოითმინა, კაბინეტიდან გამოვარდა და თანამშრომლებს დაუძახა, ყველანი შემოდით ჩემთან ოთახშიო. რა თქმა უნდა, მათ შორის იყო გურამ ფანჯიკიძეც. ჰკითხეს, რატომ დაგვიბარეთ, ბატონო კოწიაო. მანაც გაოგნებული ხმით უთხრა, გამაგებინეთ, რა მემართება, კაცო, გუშინ ეს კედელი იქ იყო, დღეს აქ როგორ მოვიდა, რამე ხომ არ მელანდება, მიშველეთ რამეო. თანამშრომლები შეწუხდნენ – რას ჰქვია, გელანდებათ, ბატონო კოწიაო. ბოლოს, კოწია მიხვდა, ესენი მე არაფერს მეტყვიან მაღარიჩის გარეშეო, ამოიღო 200 მანეთი, მაგიდაზე დადო და უთხრა: ეს ფული გეყოფათ სამაღარიჩოდ და საპურმარილოდ და მითხარით სიმართლეო. რაღას იზამდნენ, უთხრეს სიმართლე. საწყალმა შვებით ამოისუნთქა – აგაშენათ ღმერთმა, მეგონა, ჰალუცინაციები დამეწყო და კედლებმა ფეხი აიდგესო. იმ ფულით სამი დღე ქეიფობდა მთელი რედაქცია.

გალანძღული კოტე მარჯანიშვილი და „მოწმე“ ვახტანგ ტაბლიაშვილი

ვახტანგ ტაბლიაშვილის მამა, ვალერიან ტაბლიაშვილი, ყვარელში მოძღვარი იყო; მისი მასწავლებელი გახლდათ ვასილ ბარნოვი, თანაკლასელი კი – ივანე ბერიტაშვილი. სკოლა რომ დაამთავრა, ვახტანგს მამისთვის უთქვამს, თეატრის რეჟისორი მინდა გამოვიდეო. მამა დაეთანხმა, ჩამოიყვანა შვილი თბილისში და მიიყვანა კოტე მარჯანიშვილთან – მაშინ ის თეატრის მთავარი რეჟისორი გახლდათ. უთხრა, იქნებ ჩაახედოთ თეატრის სამყაროში, მოსკოვში მინდა გავგზავნო სარეჟისორო ფაკულტეტზე ჩასაბარებლადო. მაშინ ეს ერთადერთი თეატრალური ინსტიტუტი იყო რუსეთის იმპერიაში. ერთ მშვენიერ დღეს, ვახტანგმა შეაღო კარი და რას ხედავს: ყველა მსახიობია შეკრებილი, კოტეც იქ არის. კოტემ რომ დაინახა ვახტანგი, თვალები გაუბრწყინდა და უთხრა: მოდი, მოდი, ბიჭი, დაჯექი და კარგად დაუგდე ყური, რას ამბობენ აქ, კოტე მარჯანიშვილს თეატრიდან აძევებენო. ეს პატარა ბიჭი, მომავალი რეჟისორი, გახდა მოწმე იმ უსაფუძვლო ბრალდებებისა, რომლებიც ბატონ კოტეს წაუყენეს. დიდი რეჟისორი გალანძღეს, მიწასთან გაასწორეს. მოკლედ, ადგა ბოლოს კოტე მარჯანიშვილი, ვახტანგს თავზე ხელი გადაუსვა და უსიტყვოდ დატოვა თეატრი. გავიდა წლები. ვახტანგ ტაბლიაშვილი ცნობილი რეჟისორი გახდა. გადაიღო ფილმი „ქეთო და კოტე“, „დიდოსტატის მარჯვენა“ და ასე შემდეგ. ოპერის თეატრშიც იყო მთავარ რეჟისორად და ძალიან კარგი დადგმები ჰქონდა. იქიდან წამოვიდა და ახალი ფილმის გადაღება გადაწყვიტა. ვერ გეტყვით, რატომ, მაგრამ, გაუჯანჯლეს დაფინანსება, კინოს მოსწყვიტეს და „დუბლიაჟის“ სამხატვრო ხელმძღვანელად დანიშნეს, სადაც არაფერი საქმე არ ჰქონდა, ანუ, თავიდან მოიშორეს. არადა, ნიკოლოზ ბარათაშვილზე და თამარ მეფის პერიოდზე უნდოდა ფილმის გადაღება. წარმოიდგინეთ, რა ზღაპრული ჩანაფიქრია! 18 წლის განმავლობაში არც ერთი ფილმი არ გადააღებინეს. თავისთვის იყო „მოყუჩებული“ და ხშირად იხსენებდა კოტე მარჯანიშვილს: ასეთი სასტიკია ცხოვრება, ახლა ვხვდები, რასაც მაშინ განიცდიდა კოტე მარჯანიშვილი, როგორ დატოვა სიცოცხლე თეატრში, დაიხურა ქუდი და წავიდა, გული კი ისევ თეატრში დარჩა. მე კი, პატარა ბიჭი, მოწმესავით ვიდექი, მისი მისამართით უსაფუძვლო, შეურაცხმყოფელ ბრალდებებს ვისმენდი და თავს ზემოთ ძალა არ მქონდაო.

ნოდარ დუმბაძისთვის მიტანილი „პერედაჩები“

სამხედრო-საჰაერო ძალების სპეციალურ სკოლაში ვსწავლობდი, კურსანტებს გვეძახდნენ. სკოლის მოსწავლეებს სპეციალური სამხედრო ფორმები გვეცვა. ალბათ, 16 წლის ვიყავი, როცა ნოდარ დუმბაძე დააპატიმრეს. მისი თაობის მწერლები „პერედაჩებს“ უკეთებდნენ, მაგრამ ციხეში არ ატანინებდნენ. მე კი, რადგან სამხედრო ფორმა მეცვა, პრობლემა არ მქონდა. მოვიდოდნენ ეს მწერლები, მომიტანდნენ ნოდარისთვის გამზადებულ „პერედაჩებს“, მეც მივადგებოდი ციხის კარს და, ჩემი ჩაცმულობის წყალობით, ურიგოდ იღებდნენ ამანათს. მოკლედ, ასე რამდენიმე „პერედაჩი“ შევუგზავნე. მერე, რომ გათავისუფლდა, წლების შემდეგ შევხვდი პირადად და ახლოს გავიცანი. ვეხუმრებოდი ხოლმე, მე რომ არა, აბა ვინ გამოგკვებავდა, სულ ურიგოდ და დაუგვიანებლად გიგზავნიდი ამანათებს-მეთქი. ისიც ღიმილით მიქნევდა თავს: აბა, აბა, შენი სამხედრო ფორმის ვალი მთელი ცხოვრება გამყვებაო.

„გამასხარავებული“ მწერალი

ერთხელ, თუშეთში ლეკებისგან აოხრების 130 წლისთავს აღნიშნავდნენ. მწერლებიც დაპატიჟეს. მოკლედ, ჩავედით მთელი დელეგაცია თბილისიდან თუშეთში, ლეკების აკლების თარიღთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე. ნოდარ დუმბაძე მოედანზე, ცენტრში იდგა. თუში ქალი მიუახლოვდა და თუშური კილოთი ჰკითხა: „ნოდარ, შვილო, რაგვერ ხარ?“ ნოდარმა უპასუხა – დუმბაძეო. ის ქალი კიდევ შეეკითხა – რაგვერ ხარო, ნოდარმა ისევ უპასუხა – დუმბაძეო. არ მოეშვა ის ქალი, ვიცი ვინც ხარ და რაგვერ ხარო. დაიბნა ნოდარი, იფიქრა, თუ იცის ამ მამაცხონებულმა, დუმბაძე რომ ვარ, რაღას მეკითხება, რა გვარი ვარო. არჩილ სულაკაური თურმე იქვე იდგა და ნოდარს აუხსნა: ბიჭო, ეს ქალი გეკითხება, როგორა ხარ, რა ვერ გაიგეო. ნოდარი მომკვდარა სიცილით – მეც არა ვთქვი, ეს ქალი ხომ არ მემასხრება, გადაუთარგმნე ერთი, როგორ ვარ და კარგადო.

შორი გზიდან დაბრუნებული კიმოთე და ნაჟეჟი მილიციის კაპიტანი

ერთ დღეს კიმი ალიაშვილი ჭაბუა ამირეჯიბის კაბინეტში დამხვდა. არ მინახავს მსგავსი ძალის ადამიანი. ისე სცემდა რამდენიმე კაცს, თვალის დახამხამებას ვერ მოასწრებდით. მოკლედ, ერთხელ ვუთხარი, რა არის ბიჭო, კიმი რა სახელია – „კამუნისტიჩესკი ინტერნაციონალ მალადიოჟი“-მეთქი? და იმ დღიდან ასე ვეძახდი: „კამუნისტიჩესკი ინტერნაციონალ მალადიოჟი არჩილოვიჩ“-მეთქი, გიჟდებოდა. ადგა და, თავის საბუთებში სადაც „კიმი“ ეწერა, წაშალა და „კიმოთედ“ გადააკეთა. ერთი პერიოდი მოსკოვში იყო წასული. სასტუმრო „როსიაში“ დაბინავებულა. აქედან სასმელი ჰქონია წაღებული, სუფრა გაუშლია თავის ნომერში და რუსები დაუპატიჟია. რომ შეზარხოშებულან ის რუსები, ქართველების გინება არ დაუწყიათ?! გაბრაზებულა ჩვენი კიმოთე და ერთი მაგრად დაუჟეჟია ის რუსები. დაუწყიათ იმათ ყვირილი „გრუზინი“ გვცემსო. მოვარდნილა მილიცია. კიმოთეს წაყვანა უნდოდათ თურმე განყოფილებაში, ჩაავლო კიმოთემ მოაჯირს ხელი და ოთხმა კაცმა ვერ ააგლიჯა. გადარეულები ეუბნებოდნენ თურმე ერთმანეთს – ეს რა ძალის პატრონი ყოფილა, ოთხმა კაცმა ვერ ავადღლიზეთ მოაჯირსო. ასე იყო თუ ისე, მაინც მოახერხეს მისი განყოფილებაში მიყვანა. იქ თურმე მილიციის კაპიტანმა დაუწყო „საქმის გარჩევა“, შეურაცხყოფა და... ეგრე არ უნდაო – გაიქაჩა კიმოთე, დაარტყა კაპიტანს და სამი დღე იყო ის საწყალი კომაში. მის გარდა, განყოფილებაში სამი მილიციელი უცემია. ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს და კალიმაში გადაასახლეს ჩვენი კიმოთე. გავიდა ეს ორი წელი და ჩამოვიდა თბილისში. რეზო ინანიშვილმა უთხრა: შე კაი კაცო, როგორ გავიგოთ, მოსკოვში მიდიხარ და კალიმიდან ბრუნდებიო. კიმოთემ უპასუხა, არ გაგიგია შორი გზა მოიარე და შინ მშვიდობით მოდიო?!


скачать dle 11.3