კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ეპარებოდათ ჭოლაში ეჭვი მის მშობლებს და რაში უხდიდნენ მას ფულს


ლევან წულაძემ, იგივე ჭოლამ, საინტერესო ცხოვრების გზა განვლო მხატვრობიდან თეატრამდე. ბავშვობიდან ყველაფერი ის აინტერესებდა, რაც შემოქმედებასთან იყო დაკავშირებული და ბედიც იმ ადამიანს დაუკავშირა, რომელიც თეატრალურ ორომტრიალში ქმარს ყველაზე უკეთ გაუგებდა და გვერდში ამოუდგებოდა. დღეს მარჯანიშვილის თეატრის წამყვანი რეჟისორი მსახიობ ცოლთან, მანანასთან და რეჟისორ სიმამრთან, მიშა კოზაკოვთან ერთად, მშვენიერ სპექტაკლებს ქმნის. მისი ცხოვრების ფურცლებსა და ფოტოალბომს დედამისი, ქალბატონი თინათინ დვალიშვილი გადაგიშლით.


თინათინ დვალიშვილი: ლევანი გვიან გამიჩნდა, 36 წლის ასაკში. დაახლოებით ორი წელიწადი ველოდებოდი შვილს, მეგონა, აღარ გამიჩნდებოდა. მახსოვს, რომ დაიბადა და შევხედე, ოქროსფერი ქოჩორი ჰქონდა. ცელქი, მაგრამ საკმაოდ საინტერესო ბავშვი იყო. 24-ე სკოლაში სწავლობდა. მამამისი, მარლენი, ფინანსისტი იყო. მას „ჭოლას“ ეძახდნენ და ლევანსაც შერჩა ეს სახელი. მე უცხო ენათა ინსტიტუტში გერმანულს ვასწავლიდი. ლევანი ადვილი გასაზრდელი ბავშვი იყო – რასაც ვეტყოდი, ყველაფერს მიჯერებდა. ერთი შვილი მყავდა და, მინდოდა, ყველაფერი სცოდნოდა. ალბომები მქონდა ხელოვნებაზე, დავიჯენდი და ვუხსნიდი – რა, რა იყო, ქართულშიც ვამეცადინებდი, რამდენადაც შემეძლო.

– რას ატყობდით, რა უფრო აინტერესებდა, თეატრმა როდის გაიტაცა?

– ადრე ინტელიგენციას უყვარდა თეატრი და ჩვენც დავდიოდით. ლევანი სიამოვნებით მომყვებოდა. ერთხელ ერთ-ერთი სპექტაკლის პრემიერაზე წავიყვანე. რაღაც მომენტში გავხედე და ცეკვავდა. საერთოდ, მეგონა, ხატვას გაჰყვებოდა, რადგან ძალიან კარგად ხატავდა, თუმცა მასწავლებელთან არ დაგვყავდა. გუდიაშვილი ჩვენი ოჯახის ახლობელი იყო და მან გვირჩია – ნუ აუყვანთ მასწავლებელს, თორემ, მერე მას დაემსგავსება. გაუშვით, თვითონ დახატოს. რადგან ხატავს, ესე იგი, რაღაც აქვს სათქმელი. კარგი ბავშვია, ზუსტად აღიქვამს ყველაფერსო. მეც ძვირად ღირებულ მოლბერტს, საღებავებს, ფუნჯებს ვყიდულობდი მისთვის. ჩემი ძმა ჟურნალისტი იყო, უნივერსიტეტში კითხულობდა ლექციებს და მითხრა: ლევანი ძალიან კარგად წერს და, მოდი, ჟურნალისტიკაზე შევიყვანოთო. მამამისსაც მოეწონა ეს აზრი. სკოლაში ძალიან კარგი ქართულის მასწავლებელი ჰყავდა, რომელიც სულ თავისუფალ თემებს აწერინებდა. მასთან ემზადებოდა. ლევანი სიამოვნებით იჯდა და წერდა. შეეძლო, ღამის 4 საათამდე ეწერა. რაც შეეხება თეატრს, ოჯახში ამაზე საერთოდ არ ვლაპარაკობდით. მამიდამისი იყო ხმის რეჟისორი და, როცა ბავშვების გახმოვანება სჭირდებოდა, ლევანი მიჰყავდა. მეცხრე კლასში იყო ლევანი, როცა გახმოვანებაზე აიყვანეს. სხვათა შორის, კარგად უხდიდნენ. სულ ცნობილ მსახიობებთან უწევდა ურთიერთობა და, ეტყობა, ამან განაპირობა შემდგომში მისი თეატრში მუშაობა.

– ჟურნალისტიკა თუ იტაცებდა და კარგად ეხერხებოდა წერა, რატომ იქ არ ჩააბარა?

– სკოლა რომ დაამთავრა, საბუთები ჟურნალისტიკაზე შეგვქონდა. ჩემი ძმა და ქმარი წაჰყვნენ უნივერსიტეტში და რექტორმა უთხრა – ვერ მივიღებ, რადგან სტაჟი არ აქვსო. მაშინ სტაჟის გარეშე არ იღებდნენ. შეწუხებულები დაბრუნდნენ სახლში. უცებ ლევანმა თქვა: არ მინდა თქვენი ჟურნალისტიკა, თეატრალურზე ჩავაბარებო. ჩემს ბიძაშვილს, რეჟისორ კაკო დვალიშვილს, ბაია დვალიშვილის მამას, დავურეკე და ვუთხარი, ლევანს თეატრალურზე უნდა ჩაბარება-მეთქი. კაკომ თავის მეგობართან – მიშა თუმანიშვილთან წაიყვანა, რომელსაც ჭოლა ძალიან მოეწონა, მაგრამ უთხრა: წელს არ მყავს სარეჟისორო ჯგუფი, ამიტომ, მოდი, ჯერ სამსახიობოზე ჩააბაროს და, მეორე წელს რომ ავიყვან ჯგუფს, იქ გადავიდესო. გიზო ჟორდანიას ჯგუფში მოხვდა და მერე გადავიდა თუმანიშვილთან.

– არ გეშინოდათ, ერთადერთი ვაჟი ქუჩას არ აჰყოლოდა, ცუდ გარემოში არ მოხვედრილიყო? აკონტროლებდით თუ აბსოლუტურად ენდობოდით?

– არა, არასდროს შემიტყვია, ქუჩისკენ მიდრეკილება ჰქონოდა, ძალიან ყურადღებით ვიყავით. ერთხელ, ძალიან შეაგვიანდა მოსვლა. თურმე მეგობრებთან ერთად ყოფილა სადღაც, ვიღაც გოგოს დასაძახებლად. ამ დროს მანქანას გამოუვლია და დასჯახებია. სახლში რომ მოიყვანეს, პალტო დაგლეჯილი ჰქონდა, ფეხსაცმელი არ ეცვა. მერე კარგა ხანს იწვა.

ერთი პერიოდი ჩემმა ქმარმა რაღაც შეიტყო და მითხრა – ხომ არ გატყუებს შენი შვილიო. სკოლაში რომ მიდიოდა, უკან გაჰყვა. ჭოლა ბარათაშვილის ხიდისკენ წავიდა, მონახა ადგილი, სადაც თავისი ჩანთა დადო, იქვე სკამზე ჩამოჯდა ცოტა ხანს, მერე ადგა და სახლში წამოვიდა. მეორე დღესაც გაჰყვა ჩემი ქმარი და ისევ ბარათაშვილის ხიდისკენ წავიდა. არ ვიცი, რაზე ფიქრობდა მტკვრის პირას. მამამისი რომ დაბრუნდა სახლში, ყველაფერი გვითხრა. მე და ბებიამისს ლამის გულები დაგვისკდა.

– იცოდით, ვისთან მეგობრობდა?

– ვიცოდი. მეგობრები ძალიან უყვარდა და დღესაც ასეა. დედაჩემი ამბობდა – ჯობია, ავეჯი დაამტვრიონ, ვიდრე ეს ქუჩაში იყოსო. ამიტომ მთელი მისი მეგობრები აქ მოდიოდნენ და დროს ატარებდნენ. შატალოზე მიდიოდნენ – ჩვენთან იყვნენ, არ მიდიოდნენ – მაინც ჩვენთან იყვნენ. ასე იყო სტუდენტობის პერიოდშიც. თეატრალურში არაჩვეულებრივი მეგობრები ჰყავდა: ლევან ბერიკაშვილი, გოჩა კაპანაძე, მერაბ ნინიძე, ნანა შონია, ნანუკა ხუსკივაძე... სულ ერთად იყვნენ.

– როგორია ბუნებით, გურული სიფიცხე არ ახასიათებს?

– ლევანს ყოველთვის ლიდერობისკენ ჰქონდა მიდრეკილება. ისე დააყენა საქმე, რომ ყველა მას ეკითხებოდა ჭკუას. შეიძლება, ბევრი ჭკუა არ ჰქონდა, მაგრამ ეს მაინც თავის რჩევებს იძლეოდა. მშვიდი ხასიათის არის, დამყოლი. არასდროს ჰქონია მოთხოვნები, პრეტენზიები. არ მახსოვს, უხასიათოდ ყოფილიყო. სულ ოხუნჯობს. რაღაცას თუ ეტყვი, პირდაპირ არ გიპასუხებს, მოიფიქრებს კარგად და ისე გეტყვის.

– წეღან მითხარით, პრეტენზიული არ იყოო. არც საჭმელის მიმართ გამოხატავდა პრეტენზიებს? ბავშვობიდან რა თვისება გამოჰყვა?

– არ მოსწონდა ის საჭმელები, რასაც მე და, განსაკუთრებით კი – ბებიამისი ვაკეთებდით. ყოველთვის კორექტივები შეჰქონდა და დღესაც ასეა. ახლა ძალიან მოსწონს მანანას მომზადებული კერძები. მართალია, იშვიათად აკეთებს, მაგრამ, როცა აკეთებს, არაჩვეულებრივად გამოსდის. ჩვენ მოახლე გვყავს და ძირითადად ის ამზადებს სადილებს. ჭოლას გურული, ნიგვზიანი კერძები მოსწონს და თვითონაც უყვარს მომზადება. როცა სტუმრები გვყავს, მე მეუბნებიან, იქით გადიო. ისე, მაგიდის გაშლაში თუ მივეხმარები.

– თუ შეეძლო, თქვენთან დამჯდარიყო, გაენდო, ვინ მოსწონდა ან უყვარდა?

– არა, არაფერს ამბობდა. ძალიან გულჩათხრობილი იყო, თუმცა, სულ ვუთვალთვალებდი, მაინტერესებდა, ვინ მოსწონდა. როცა ცოლის თხოვნა გადაწყვიტა, მოვიდა და პირდაპირ მითხრა: ამ გოგოს ვთხოულობ და შენ წინააღმდეგი ხომ არ იქნებიო. მანანას და ჩემი მოსწავლე იყო, ერთ-ორჯერ ნამყოფი იყო ჩვენთან – დის წასაყვანად მოდიოდა. კარგი შესახედი გოგო იყო. ახლაც კარგია, მაგრამ მაშინ – მით უმეტეს. ლევანი რომ ლაპარაკობდა, შევხედე, რომ თვალები უბრწყინავდა. ვიფიქრე, ალბათ, ძალიან უყვარს-მეთქი. მანანა თეატრალურში გაიცნო, ლევანი მის პარალელურ ჯგუფს ასწავლიდა. მანამდე ერთი გოგონა იყო, ხანდახან მოდიოდა ჩვენთან, ლევანი მოსწონდა. საერთოდ, თავშეკავებული იყო, ჩემთან ამ თემაზე არ ლაპარაკობდა. მორიდებულობაში მე მგავს. რომ თქვა, უნდა ვითხოვოო, სამი დღის შემდეგ მოვიდნენ მისი მეგობრები, მოიტანეს ბევრი საჭმელი, ვინ რას აკეთებდა, არ ვიცი. მშვენიერი სუფრა გაშალეს. უცბად დაქორწინდნენ. მერე ლევანი გერმანიაში წავიდა – მივლინებით ორი თვით. იქიდან რომ ჩამოვიდა, ხელი მოაწერეს. მანანა ძალიან ტაქტიანი, არაუკონფლიქტო, მხიარული გოგოა. ოჯახში სიხალისე შემოიტანა. თუ რამე პრობლემაა, იუმორით გამოჰყავს ყველა. მერე გაჩნდა ჩემი მოსახელე – თინათინი. ნიჭიერი გოგოა, კარგად სწავლობს, ცეკვავს. ძალიან უნდოდათ მეორე შვილი, მაგრამ არ შეეძინათ. ახლა ვხვდები, რა კარგია ბევრი შვილის ყოლა.


скачать dle 11.3