კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ არ გასინჯა სალომე კოკუაშვილი და რატომ უყვარდება მას მყუდრო


პოტენციური მენეჯერისთვის – სალომე კოკუაშვილისთვის მსახიობობა ყველაფერია. თვრამეტი წლის ასაკში მას უკვე უამრავ ქასთინგში აქვს მონაწილეობა მიღებული და ბედნიერია, ისეთ ადამიანებთან რომ მოხვდა, რომლებიც „ჩვენს ოფისზე“ მუშაობენ. სერიალის ახალი გმირი უამრავ სატელევიზიო პროექტში მონაწილეობდა, თუმცა ყველაზე უცნაური და სასაცილო სახე, განასახიერა სწორედ სერიალში „ჩვენი ოფისი“. სალომე „თბილისელებთან“ საუბარში ღიმილით იხსენებს ყველა იმ შერჩევას, საიდანაც ხშირად იმედგაცრუებულიც გამოუშვიათ.


სალომე კოკუაშვილი: თვრამეტი წლის ვარ, ჯერჯერობით მხოლოდ ვსწავლობ, მაგრამ არა თეატრალურში და არა სამსახიობო ფაკულტეტზე. მენეჯმენტს ვეუფლები, მომავალი მენეჯერი ვარ, რაც მაინც ოჯახის გადაწყვეტილება უფრო იყო, ვიდრე ჩემი. დედაჩემს უნდოდა, რომ სერიოზული და ღირებული პროფესია ამერჩია. ფიქრობს, მსახიობობის სურვილი მაინც ასაკთან არის დაკავშირებული და გადამივლის. მაგრამ, არ მგონია, პირიქით, ეს საქმე ყველაზე მეტად მსიამოვნებს და ძალიან დიდ დროს ვუთმობ. ვფიქრობ, მომავალში პროფესიულად დავეუფლო. მეუბნებიან, რომ კარგად გამოგდის, ნიჭიერი ხარ, დიდი მომავალი გაქვსო... (იცინის) რატის გარდა ყველა ამას მეუბნება. (რატი რამიშვილი – სერიალის რეჟისორი).

– აბა, როგორ აღმოჩნდი სერიალში?

– პირველად „ფორმულა კრეატივის“ ქასთინგზე მივედი, სერიალ „მესამე თაობასთან“ დაკავშირებით, რომელიც პირველ არხზე გადიოდა. ქასთინგი წარმატებით გავიარე და სერიალზე დამამტკიცეს. ამის შემდეგ გადამიყვანეს „კლინიკაში“, სადაც ასევე ვასრულებდი ერთ-ერთ როლს. ბოლოს, როდესაც დამირეკეს და სერიალ „ჩვენ ოფისშიც“ შემომთავაზეს როლი, ძალიან გამიხარდა. ყოველთვის მინდოდა, ამ სერიალში მონაწილეობა, პირველ ქასთინგზეც ამის გამო მივედი, მაგრამ „მესამე თაობაში“ ამიყვანეს.

– გარდა ამისა, კიდევ ერთ საინტერესო საქმესაც ითავსებ?

– კი, მოცეკვავე ვარ. არც ისე დიდი ხანია, რაც „ვერნისაჟში“ მივედი და იქ ვცეკვავ. თუმცა, ამას ჩემი ოჯახი არასერიოზულად არ უყურებს. პირიქით, თვითონ მაიძულეს მივსულიყავი „ვერნისაჟში“, იმდენად ძლიერი ჯგუფი ჰყავდათ, მეშინოდა, ვფიქრობდი, არ ამიყვანდნენ, მაგრამ მივედი და დავრჩი. გადასარევად ვცეკვავდი-მეთქი, ვერ გეტყვი, რაღაცეებს ვახერხებდი, უფრო იქ ვისწავლე.

– ფილმში მონაწილეობ?

– სხვათა შორის, პირველად ფილმში „რაც ყველაზე ძალიან გიყვარს 1“, ვმონაწილეობ. დოლჩესთან ერთად რომ გოგონები არიან კლუბში, იმათგან ერთ-ერთი ვარ. იქ კარგად გამოვიყურებოდი. (იცინის) მაშინ არც ერთ სერიალში არ ვიყავი და რომ დამირეკეს, ფილმში პატარა როლი უნდა შემოგთავაზოთო, იცი, როგორ გამიხარდა?! სიგიჟემდე. ვერ ვიჯერებდი, რომ ფილმში მიღებდნენ, თან გიორგი ლიფონავას ფილმში, რომელსაც უდიდეს პატივს ვცემ, უნიჭიერესი რეჟისორია. გადაღებების დროს გავიცანი ყველა და ამიტომაც მინდოდა უფრო მეტად აქ მოხვედრა. სერიალში ეკას უმცროს დას ეკას ვთამაშობ. ეკა კიდევ იმიტომ მქვია, რომ მშობლებს არ ვუყვარდი, ჩემთვის სახელის მოფიქრებაზე დროის დახარჯვა არ უნდოდათ, დაეზარათ და ისევ ეკა დამარქვეს, საქმე გაიიოლეს.

– რამდენი შვილი ხართ ოჯახში?

– ექვსი გოგო, მათ შორის ყველაზე პატარა მე ვარ და თან ყველაზე დაჩაგრული. არავის ვუყვარდი, არასდროს მაქცევდნენ ყურადღებას. ერთადერთი რაც ბავშვობიდან სულ მქონდა და არასდროს მაკლდა, წიგნები იყო, რადგან ჩემი ოჯახის წევრები მხოლოდ წიგნებს ვერ ჭამდნენ. ვისწავლე კითხვა, რა მეკეთებინა აბა? წიგნებს ვერც მე ვჭამდი, ამიტომ მთელი ბავშვობა წიგნებს ვკითხულობდი. ძალიან განათლებული ვარ, უბრალოდ, ამას თავად ვერ ვხვდები. არ ვიცი, რომ წიგნების კითხვა განათლებას ნიშნავს და რაღაც რომ ვიცი, წიგნების ბრალია. სერიებში ნელ-ნელა გამოჩნდება, რომ ძალიან ნიჭიერი და ჭკვიანი ვარ.

– შენი და როგორი სიმწრით მოიპოვებდა საკვებს კი ვიცით, შენ რას შვრებოდი?

– იგივე სიმწარეებს გავდიოდი, უფრო ნარჩენებით, პურის ნატეხებით ვიკვებებოდი. არავინ მპატრონობდა, რაღაცნაირად თვითონ გავიზარდე. როგორც კი ცოტა წამოვიზარდე, მშობლებისგან წამოვედი და ახლა დოლჩეს მეზობლად, სარდაფში ვცხოვრობ. ისე, მშობლები ალბათ, ვერც მიხვდებოდნენ სახლში რომ აღარ ვარ, მაინც არასდროს მაქცევდნენ ყურადღებას. ძალიან მაგარი სახლი მაქვს სარდაფში. მართალია, ისეთი პატარაა, რომ ორი კაცი ერთდროულად ვერ ეტევა, კარსაც, რომ შევდივარ ლურსმნით ვაჭედებ, მაგრამ მაინც მყოფნის, ბევრად უარეს ადგილებშიც მიცხოვრია.

– რატომ კეტავ კარს, ვისი გეშინია?

– არავისიც არ მეშინია, კარს მარტო იმიტომ ვკეტავ, რომ უპატრონო კატები და ძაღლები არ შემოვიდნენ. თორემ, თუ იპოვეს ღამის გასათევი ადგილი, ვეღარ გავაგდებ. იმ ცოტა საჭმელშიც მეცილებიან ხოლმე, რასაც წვალებით ვშოულობ.

– შეყვარებული თუ გყავს?

– ახლა მგონი, მე და მყუდრო ვაპირებთ ერთმანეთის შეყვარებას. (იცინის) ბარის გარემონტებას ვაპირებთ, მაგრამ ფული არ გვაქვს. თუ რეალურ ცხოვრებაში მეკითხები – არა, არავინ მიყვარს. ვერ ვპოულობ ისეთ ადამიანს, რომელიც მინდა, რომ ჩემი შეყვარებული იყოს. ისე პატარ-პატარა გატაცებები სულ მაქვს, მაგრამ სერიოზული გრძნობა არასდროს მქონია.

– იქნებ, კარგად არ ეძებ?

– არ ვეძებ, მართალია, თავისით უნდა მოვიდეს, უფრო სწორად, მინდა, რომ მოვიდეს. მგონია, რომ ასე უნდა დაიწყოს ორ ადამიანს შორის ურთიერთობა, სპონტანურად, რაღაცეების დაგეგმვის გარეშე. ვნახოთ, ალბათ, ვინმე გამოჩნდება. თაყვანისმცემლებიც არიან, ფლირტიც არის და ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. (იცინის) სხვათა შორის, მიუხედავად იმისა, რომ სერიალი სულ ახლახან დაიწყო, მაინც იმოქმედა ჩემს ყოველდღიურობაზე. ტაქსის მძღოლები მცნობენ ძალიან იოლად და მერე იწყება ბრძოლა ფულის გადახდა-არგადახდაზე.

– თავისუფალი დრო გრჩება?

– კი, ცოტა. კვირაში ალბათ, ერთი დღე, რომელსაც ყოველთვის ჩემს მეგობრებთან ერთად ვატარებ. ძალიან ბევრი მეგობარი მყავს. გვიყვარს ერთად სიარული, ქალაქგარეთ გასვლები, ბუნებაში ყოფნა. ორი მეგობარი მყავს განსაკუთრებით ახლო, რომლებიც სულ ჩემთან ერთად არიან. ახლაც მოვლენ გადაღებაზე. ჩემი ტექსტები ჩემზე გაცილებით უკეთ იციან. ისინი სულ ცოტა ხნის წინ, „ვა-ბანკის“ ქასთინგზე გავიცანი.

– არის რამე დარჩენილი რის ქასთინგზეც ნამყოფი არ ხარ?

– არა. (იცინის) რომ იცოდე, რამდენ პროექტში მაქვს მონაწილეობა მიღებული, გაგიჟდები. დავიწყოთ თავიდან. პირველი პროექტი იყო „მხიარული სტარტები“, სადაც მხარდამჭერთა გუნდში ვცეკვავდი. მერე ვცეკვავდი „ქლაბ შოუში“. „კომედი შოუსა“ და „სიცილის ზონაში“ ვიყავი მსახიობად. გარდა ამისა, ვმონაწილეობდი „მესამე თაობაში“, „კლინიკაში“ „რაც ყველაზე ძალიან გიყვარს“ – ერთშიც და მეორეშიც ასევე, „ვა-ბანკში“ ვარ, მეექვსე ნომერი ქეისით. ჩემი ქეისით ძირითადად აგებენ ხოლმე და ეს საშინლად მწყინს. ძალიან მინდა, ვინმემ მოიგოს. ეკასაც ისე უნდა მონაწილეობა, მინდა, მოვიდეს და ყველაზე დიდი თანხა მოიგოს, მაგრამ არ იწვევენ.

– რომელიმე კლუბში არ ცეკვავ როგორც „ვერნისაჟის“ მოცეკვავე?

– არადა, ისიც ყველას უკვირს, როდესაც ვამბობ, კლუბში სიარული და ასეთი გართობა არ მიყვარს-მეთქი. არც ის მიყვარს, თუ სადმე ვარ და ჩემი ცეკვით ყურადღებას ვიქცევ. ვიპარები ხოლმე ასეთი ადგილებიდან. როდესაც სცენაზე ვარ, პრობლემა არ არის, პირიქით, ძალიან ბევრ კონცერტზე მიცეკვია, მაგრამ კლუბებში – არ მომწონს. მირჩევნია, სადმე წყნარ ადგილას წავიდე მეგობრებთან ერთად, ცოტა ვიჭორაოთ, ვიცინოთ.

– როგორ ფიქრობ, გაგიმართლა?

– მართლა ძალიან გამიმართლა. ადრე სხვაგვარად ვფიქრობდი და სულ ვწუწუნებდი ხოლმე, არ მიმართლებს, ამის გაკეთება მინდა და არ შემიძლია, ის მინდა და იქ არ ვარ. არადა, ახლა დავფიქრდი და მივხვდი, რომ ძალიან გამიმართლა, იმ საქმეს ვაკეთებ, რომელიც ყველაზე მეტად მსიამოვნებს და მიყვარს. ახლა გამახსენდა, პირველი ქასთინგი, რომელიც „ფორმულა კრეატივს“ უკავშირდება. ორ საათზე იყო ქასთინგი დანიშნული, ამ დროს მქონდა „ვა-ბანკის“ ჩაწერა. ჩაწერიდან გამოვიპარე, მივქანდი ქასთინგზე და ვეუბნები, თხუთმეტი წუთი მაქვს და უნდა გავვარდე-მეთქი. არც გამსინჯეს, ისე გამომიშვეს უკან, საშინლად გულდაწყვეტილი ვიყავი, ტირილი მინდოდა. გავიდა ერთი კვირა და მირეკავენ, ქასთინგზე მობრძანდითო. (იცინის) როგორ შეიძლება, ამის შემდეგ ვთქვა, რომ არ მიმართლებს. იმედია, სულ ასე გაგრძელდება.


скачать dle 11.3