კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
სექტემბერი 2019 (103)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)
აპრილი 2019 (201)

როდის კარგავს საკუთარ თავზე კონტროლს ნათია წიწილაშვილი და ვისთვის მიჰქონდა მას ყოველ კვირა დღეს ულამაზესი ყვავილების თაიგული


სერიალ „ჩვენი ოფისის“ მსახიობი ნინი, იგივე ნათია წიწილაშვილი საკმაოდ გულახდილი და იუმორით სავსე რესპონდენტია. მართალია, სასმელს ერიდება, მაგრამ სიმთვრალის გემოც გამოუცდია, დაქალის გამო ფილტვებიც დაუბერავს და არც „კრიმინალურ“ წარსულზე საუბარს ერიდება.

ნათია წიწილაშვილი: კურიოზულ, სასაცილო და გამოუვალ სიტუაციებში ხშირად არ ვხვდები, იშვიათად. მაგალითად, ერთი მეგობარი მყავს, რომელიც ასეთ სიტუაციებში ყოველდღიურად ვარდება, სულ უხერხულობაშია, გამუდმებით გამოუვალ სიტუაციებს აწყდება. მასთან შედარებით ვამბობ არ ვხვდები-მეთქი, თორემ, ალბათ, ყველა ადამიანი ხვდება სასაცილო სიტუაციებში.

– ასეთ სიტუაციაში მოხვედრილს რა გშველის. თავის დაძვრენის შენეული მეთოდები გაქვს?

– გააჩნია სიტუაციას – ან იუმორს ვიშველიებ ან თემა სხვა საკითხზე გადამაქვს, ხოლმე, რომ სიტუაცია გავანეიტრალო და თავი დავიძვრინო.

– ნათია, ვიცი სასმელი არ გიყვარს, მაგრამ დაქალებთან ერთად, რომ იტყვიან „ზა კამპანიუ“ დალევა მოსულა?

– არასდროს დამავიწყდება ჩემი პირველი დათრობა. ჩემი დის მეგობრის დაბადების დღე იყო. მირეკავდნენ, მთხოვდნენ მოდიო. ბოლოს ისე უხერხულად ვიგრძენი თავი, რომ წავედი. თან ძალიან მშიოდა, სახლში ვერ მოვასწარი მისვლა და დანაყრება და ვიფიქრე, ქეიფობენ, საჭმელ-სასმელის მეტი რა ექნებათ და რომ მივალ, იქ შევჭამ-მეთქი. მოკლედ, ავედი და... გადაჭმული დამხვდა მთელი სუფრა, აღარც საჭმელი, აღარც ტკბილეული და აღარც ხილი აღარ იყო. ორი ლუკმა ვერ ჩავიდე პირში კუჭის დასაწყნარებლად. ყველანი მთვრალები იყვნენ და მათში ერთი ფხიზელი ხომ არ ვიქნებოდი? ავდექი და მშიერ კუჭზე არაყი გადავკარი. ერთს მეორე მოჰყვა, მეორეს მესამე და კონტროლიც დავკარგე. ბოლოს მივხვდი აღარ უნდა დამელია და შევძელი გაჩერება. ვიფიქრე, ცუდად რომ არ გავხდი, კიდევ კარგი-მეთქი. სახლში თბილოდა. ატყდნენ, ყველანი კლუბში წავიდეთო. ვიფიქრე რატომაც არა-მეთქი. გარეთ ჰაერზე რომ გამოვედი, აი, მაშინ მომეკიდა სასმელი. კლუბში მისულს მეგობარი შემხვდა, იქაც კოქტეილი დავაყოლე და მომეღო ბოლო. მარტო ის მახსოვს, ტაქსიში რომ ჩავჯექი, მძღოლს შევეცოდე და მითხრა, შვილო, სახლამდე მიგაცილებო. (იცინის). ვიუარე და ფორთხვა-ფორთხვით ავიარე კიბე. იმ დღეს ვაი იმ ძილს, მე რომ მეძინა. მეორე დილით კი აღმოვაჩინე, მაჯის საათი მქონდა ხელზე შემოლეწილი. ეტყობა კიბეზე ასვლის დროს, სადარბაზოს კედლებს რომ ვენარცხებოდი, მაშინ მივაფშვენი და ვერც ვიგრძენი.

– „პახმელია“ როგორი იყო?

– „პახმელია“ არ მქონია. რომ გავიღვიძე ისევ მთვრალი ვიყავი. უფრო სწორად, მთვრალი კი არა, სასმელისგან შეჟუჟუნებული (იცინის). ვიფიქრე, ახლა ოჯახის წევრების მონოლოგების თავი არ მაქვს-მეთქი, ჩავიცვი, დავიხურე და დილაადრიან სახლიდან წავედი.

– რამე თუ მოგიპარავს და ხელი წაგცდენია?

– არ მიყვარს ხელმრუდი ადამიანები. მაგრამ, ერთხელ მეც მოვიპარე და ამის გამო ახლაც მრცხვენია. ინგლისურის პედაგოგთან მივდიოდი. სუპერმარკეტში შევედი საღეჭი რეზინის საყიდლად. გამყიდველს გადავუხადე „დიროლის“ 60 თეთრი და სანამ ის მიტრიალდა და მომაწოდა, მანამდე კიდევ ორი ცალი კევი ავაცქნაფე. ახლაც არ ვიცი რატომ მოვიქეცი ასე. ჩემი „კრიმინალური“ წარსულიდან მარტო ეს ფაქტი მახსენდება (იცინის).

– მართალია, ნაყინის ჭამისთვის ნათია „დასტო“ მობილურით დაასაჩუქრესო?

– მართალია, ოღონდ, კი არ დამასაჩუქრეს, მოვიგე. ადრე იყიდებოდა მომგებიანი ნაყინი „ჯინი“. ჩემს დას ჰყავდა ერთი თაყვანისმცემელი და იმდენი ნაყინი მოჰქონდა, ვსკდებოდით ჭამით. ერთ დღესაც, არ ამოვიდა ნაყინში „სუპერ-საჩუქარი“? გადავირიე სიხარულით. მოკლედ, უნდა შემეგროვებინა ამ ნაყინშივე ჩადებული პატარა სათამაშო ფოსფორის ცხოველები, მიმეტანა გათამაშების ცენტრში და იქ სოლიდურ საჩუქარს მომცემდნენ. შევაგროვე 12 დინოზავრი. მივედი იქ და ავირჩიე საჩუქრად პაწაწუნა, იმ დროისთვის მაგარი „დასტო“ მობილური. ასე გადავცვალე დინოზავრები ტელეფონში და უბედნიერესი ვიყავი. ყველას დიდი „ერიქსონები“ ეჭირა მაშინ, მე კი „სიმენსის“ პატარა, „კუსკა“ ტელეფონი. ვმარიაჟობდი, რა მაგარი ტელეფონი მაქვს-მეთქი.

– თაყვანისმცემლები ორიგინალური საქციელით არ ცდილობდნენ შენი გულის მოგებას?

– ერთი თაყვანისმცემელი მყავდა და ყოველ კვირა დღეს, სამსახურში მიგზავნიდა ყვავილების ულამაზეს თაიგულებს. არადა, გამოგიტყდებით, ყვავილები ძალიან არ მიყვარს, მაგრამ, დედაჩემი გიჟდება, და მისთვის მიმქონდა. უნდა გენახა, დედაჩემი როგორ ელოდა, ყოველ კვირა დღეს ახალ-ახალ თაიგულებს. ასე რომ, დედაჩემის გული ჩემმა თაყვანისმცემელმა ნამდვილად მოიგო, ჩემი გულისა კი – რა მოგახსენოთ.

– ნათია, ბათუმში ფილტვები რატომ „დაიხეთქე“ და რისთვის გაიფინე ბულვარში ყველას თვალწინ ფერადი ბუშტების ხალიჩა?

– ეს მაგარი ისტორიაა, არასდროს დამავიწყდება და რომ ვიხსენებ ხოლმე სიცილით ვკვდები. მოკლედ, ჩემი მეგობრის დაბადების დღე იყო. ოცი წლის ხდებოდა. ბულვარში, ბარში გველოდებოდა. თან ის პერიოდია, წამოსვლას ვაპირებთ თბილისში და ფინანსები „ამოხაპული“ გვაქვს. მე და ჩემმა მეორე მეგობარმა გადავწყვიტეთ, გვეყიდა ოცი ცალი ფერადი ბუშტი, დაგვებერა და ასეთი დაბერილ-ფერადები შევსულიყავით ბარში და სიურპრიზი მოგვეწყო. ვიყიდეთ ბევრი ბუშტი, რომ თუ დაბერვის დროს გასკდებოდა, „ზაპასი“ გვქონოდა. დავსხედით ბულვარში და დავიწყეთ ბერვა. დაგვასკდა ფილტვები (იცინის). ზოგი გასკდა, ზოგი გაიხა, ზოგს რა დაემართა და ზოგს რა. ძლივს გავბერეთ ოცი ცალი, დაღლილებმა გამოვაბით ძაფები და მიჭირავს ასე ბედნიერს. ვიფიქრეთ, მაინც მოვახერხეთ სიურპრიზის მოწყობა და ახლა რომ შევალთ ამ ფერადი ბუშტებით ხელში, სიხარულით გადაირევა იუბილარიო. ბნელოდა, წინ ბორდიური ყოფილა, ვერ დავინახე, წამოვკარი ფეხი, ვერც ამ ბუშტების მაღლა აწევა მოვახერხე, ძირს გავიფინე ხალიჩასავით და ზემოდან არ დავასკდი? (იცინის). მე კი რბილად დავეცი, მაგრამ ყველა ბუშტი გასკდა, ერთიც კი არ გადარჩა მთელი. ბედი არ გინდა? რაღას ვიზამდით. მეორედ მე იმ ბუშტების დამბერი და ფილტვების დამძაბავი აღარ ვიყავი. ასე „ხელებგატლეკილები“ მივადექით ბარში. მართალია, უსაჩუქროდ მივადექით, მაგრამ კარგად კი მოვილხინეთ. მაშინ ვინერვიულე, სიურპრიზი რომ ვერ გავუკეთე, მაგრამ ახლა ძალიან ვხალისობ ამ ამბავს რომ ვიხსენებ.

– შენი მეგობრები ამბობენ, ნათია თუ გაბრაზდა და წყობიდან გამოვიდა მტრისასო. ექსტრემალურ სიტუაციაში მართლა უკონტროლოდ იგინები?

– ერთხელ, გადასასვლელზე ვაპირებდი გადასვლას. არ დაველოდე შუქნიშანზე მწვანე ფერის ანთებას. გავიხედე, მოდის მანქანა, შუა გზაზე ვდგავარ, ვიფიქრე, არ გადავდგამ ნაბიჯს, დაველოდები გაიაროს-მეთქი. მან კი რაღაც მანევრი ჩაატარა, ხომ იცი, რომ მაიმუნობენ ხოლმე და შენსკენ აიღებენ საჭეს, ვითომ გარტყამენ. გამისკდა გული, შემეშინდა არ დამარტყას-მეთქი და ისე შევაგინე... (იცინის).

– დედა შეაგინე?

– დიახ, ასე ვუთხარი შენი დედა-მეთქი და რომ ჩაიარა თითიც ავუწიე. გავიხედე და არ დაამუხრუჭა? ვიფიქრე, ახლა თუ გადმომიხტა მანქანიდან, გამლანძღა, მეცა და გამპუტა, რაღა ვქნა-მეთქი. ფეხს ავუჩქარე, თან, იმაზე ვფიქრობდი, რა ვუპასუხო, როგორ ვიმართლო თავი, ნეტავ, მოვიდეს, მე ვიცი რასაც ვეტყვი-მეთქი. გავიხედე და მეძახის, გოგონი მოდი აქ. გავიყრუე. ისევ მიყვირის, გაჩერდი, გაჩერდი. მოვტრიალდი, ვიფიქრე, ახლა ისე გამოვლანძღავ, ნახოს ამან-მეთქი და მეგობარი ბიჭი არ შემრჩა ხელში? აი, გინება მერე უნდა გენახათ (იცინის). ისე ვაგინე, ძლივს გამაჩერა. სულ დებილო, დეგენერატო – ვეძახე. ვუყვიროდი, რას მაგინებინე თავი-მეთქი. ის კი კვდებოდა სიცილით. თურმე, შორიდან რომ დამინახა, ისედაც უნდოდა მანქანის გაჩერება, კარგა ხნის უნახავი მყავდა, მერე რომ ვაგინე, ხომ გააჩერა და გააჩერა, აბა მოითმენდა? დღესაც მაგრად მეკაიფება ამ ამბავზე, შენი სახე არასდროს დამავიწყდებაო.


скачать dle 11.3