კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა სასჯელს იღებს ადამიანი სიცრუისა და ამპარტავნებისთვის


დღეს, შეიძლება ითქვას, რომ სიცრუე ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ცოდვაა. ალბათ, იშვიათია ადამიანი, რომელიც არ ცრუობს, არ იტყუება, თანაც ისე, რომ ამას საერთოდ არ აქცევს ყურადღებას და არ ფიქრობს, რომ სიცრუე ძალიან მძიმე ცოდვაა. სიცრუესთან ერთად დღეს ერთ-ერთი ასევე გავრცელებული და მომაკვდინებელი ცოდვა – ამპარტავნებაა, რომელმაც თვით ნათლის ანგელოზიც კი ეშმაკად აქცია. ამ საკითხების შესახებ გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი (თევდორაშვილი):


– სიცრუის ცოდვის შესახებ წმიდა მამები შემდეგს გვასწავლიან: „გონიერთაგან არავინ ჩათვლის სიცრუეს მცირე ცოდვად, რადგან არ არსებობს ცოდვა, რომლის წინააღმდეგაც ყოვლადწმიდა სული ისეთ სასტიკ სიტყვებს ამბობდეს, როგორსაც სიცრუის შესახებ გვეუბნება: „რომელი იტყუდეს სიცრუესა, არა წარემართოს წინაშე თვალთა ჩემთა“ (ფს. 5,7). ისრაელის დიდი მეფე, ფსალმუნთმგალობელი დავითი, შემდეგს ბრძანებს: „წარსწყმიდენ შენ ყოველნი, რომელნი იტყუენ სიცრუესა“. უფრო მეტიც, პავლე მოციქული გარკვევით ამბობს: „ვინც ცრუობს, მამამისი არის ეშმაკი, რამეთუ პირველმა მან იცრუა“.

თანამედროვე ადამიანების ერთ-ერთი დანაშაული ის არის, რომ მათ დაივიწყეს ადამიანის ღმერთთან მსგავსება, დაივიწყეს ადამიანის პატივისცემა. ხშირად სხვა ადამიანებს აღიქვამენ, როგორც უბრალო ნივთს და, ამიტომაც ასე გაუუცხოვდნენ თვით უახლოესი ნათესავები ერთმანეთს. გაუცხოება, სიცივე ადამიანებს შორის, ჩვენი დროის უბედურება და სენია. ადამიანი თითქოს ებრძვის ყველას, ყველა კი თითქოს მის წანააღმდეგაა მიმართული და, როგორც ომშია აუცილებელი ეშმაკობა და შენიღბვა, ასეა ჩვენს ცხოვრებაშიც – გაუთავებელი სიცრუე და გაუთავებელი პირფერობა. ტყუილი კი, როგორც მამები გვასწავლიან, აშრობს ადამიანის გულს და საბოლოოდ ქვად აქცევს მას.

– ხშირად ადამიანები ცრუობენ, თავს კი იმით იმართლებენ, რომ ეს საკუთარი თავის ან სხვის გადასარჩენად გააკეთეს.

– დიდი მამა იოანე კრონშტადტელი წერდა: „უდიდესია სიტყვა, ძეს ღვთისას სიტყვა ეწოდა“. ჩვენ მიერ წარმოთქმული არც ერთი სიტყვა კი არ იკარგება, არამედ რჩება. ჯოჯოხეთი არსებობს არა მხოლოდ იმქვეყნად, სადაც ცოდვილები იტანჯებიან – არამედ ამქვეყნადაც, ხოლო ჯოჯოხეთი სოფელში არის ბოროტების საშინელი, უხილავი საუფლო. არც ერთი ტყუილი, პირმოთნედ ნათქვამი, რომელსაც ადამიანის ენა წარმოთქვამს, უკვალოდ არ იკარგება და ბოროტების უხილავ საუფლოში ინახება. სწორედ ჩვენი ცოდვები, სიცრუე გროვდება და საბოლოოდ გადაიქცევა დამანგრეველ სატანურ ძალად და ენერგიად, რომელიც შემდეგში თავს დაგვატყდება სხვადასხვა ტრფობისა და გამოცდის სახით. მერე კი გვიკვირს, თუ საიდან მოდის უამრავი განსაცდელი, რომელიც თავს უხვად დაგვატყდა.

– თქვენ პირფერობა ახსენეთ. მას თუ აქვს სიცრუის ცოდვასთან კავშირი?

– ორივე ცოდვაა და, შეიძლება ითქვას, რომ ეს ცოდვები ერთმანეთის უახლოესი ნათესავები არიან. თანამედროვე ადამიანი მიეჩვია, ატაროს ნიღაბი. მაგალითად, სამსახურში ვხვდებით უფროსს და სახეზე მაშინვე აღტაცებული გამომეტყველება და პირმოთნე ღიმილი გვიჩნდება. როგორც კი ის თვალს მიეფარება, მაშინვე ვიწყებთ მასზე რამე ბინძური ჭორის შეთხზვას ან ცუდი რაღაცის თქმას, რა თქმა უნდა, ჩვენისთანა პირმოთნე ადამიანებთან ერთად. მაშინ კი, როცა ჩვენს ხელქვეითებს ვხვდებით, სახე უფრო მედიდური გვიხდება, თითქოს ყველა სიკეთეს ვფლობთ და ზეადამიანები ვიყოთ. ან, გავიხსენოთ: როდესაც გვჭირდება, როგორ ვექცევით ადამიანს – ალერსიანად შევციცინებთ თვალებში, პირმოთნედ ველაპარაკებით, მაგრამ, როცა უკვე მათ უჩნდებათ ჩვენ მიმართ სათხოვარი, თვალს ვარიდებთ და, თუ ამას ვერ ვახერხებთ, ისე შევცქერით, როგორც მოსისხლე მტერს. თუმცა, საკმარისია, ვინმემ მხდალი, ფარისეველი, თვალთმაქცი გვიწოდოს, რომ მაშინვე თავს შეურაცხყოფილად ვიგრძნობთ და ვერ გაგვიგია, რას ითხოვს ეს ადამიანი ჩვენგან.

მინდა, გახსოვდეთ, რომ სიტყვა და საუბარი განასხვავებს ადამიანს სხვა არსებებისგან. წმიდა მამები ხშირად ადამიანს სიტყვიერ არსებად მოიხსენიებდნენ. სიტყვით ის მიმართავს ღმერთს და ეს სიტყვა არის მისი ღირსება და უპირატესობა. მაგრამ, ჩვენდა სამწუხაროდ, ისე მოხდა, რომ პირუტყვმა აჯობა ადამიანს. ჩვენ ვცრუობთ და ვპირფერობთ, იაკობ მოციქულმა ისიც თქვა: „ვინც სიტყვით არ ცდება, სრულყოფილი ადამიანია“ (იაკობ. 3,2). იმისთვის, რომ ადამიანი ჭეშმარიტი ღვთისმოსავი, მორწმუნე გახდეს, საკუთარ თავზე სიმართლის თქმა და მოსმენა უნდა ისწავლოს. წმიდა მამები გვასწავლიან, რომ, როგორც დამბლადაცემული ავადმყოფი დიდი ძალისხმევით, ტკივილით აკეთებს თითოეულ მოძრაობას, დგამს თითოეულ ნაბიჯს, ასევე ჩვენც – სულიერად დადამბლავებულებმა, ძალდატანებით უნდა ვისწავლოთ საკუთარ თავზე სიმართლის ლაპარაკი.

– მამაო გიორგი, ალბათ, მძიმეა ის სასჯელი, რომელსაც ადამიანი სიცრუის ცოდვის გამო იღებს.

– უფრო კონკრეტულად ამას მამათა სწავლების დახმარებით აგიხსნით: „როგორც ყველა ვნებაში, ასევე სიცრუეშიც, სხვადასხვა სიმძიმის ბოროტება არსებობს, რადგან სხვადასხვაგვარად განისჯება იგი, ვინც სასჯელის შიშით ცრუობს და სხვაგვარად, რომელიც უმიზეზოდ ტყუის. ერთი მხიარულებისთვის ტყუის, რომ გარშემო მყოფნი გააცინოს, ზოგიერთი სულაც იმისთვის, რომ მოყვარეს მახე დაუგოს და ბოროტს მიაგოს“. სულიერი მოძღვრის მიერ დადებული შესაბამისი სასჯელი, ანუ ეპიტიმია, განდევნის სიცრუეს, ხოლო სინანულის ცრემლის სიმრავლე სრულად კლავს მას. ამიტომ, სასჯელის მიღებამდე, აჯობებს, განვერიდოთ ამ, ერთი შეხედვით, „უწყინარ“ ცოდვას.

– მამაო, დღეს, გარდა სიცრუის ცოდვისა, ერთ-ერთი ყველაზე მძიმე და გავრცელებული ცოდვა ამპარტავნებაა. რას გვეტყვით მის შესახებ?

– ეშმაკი ამპარტავნების სულია. სადაც ამპარტავნებაა, იქვეა დემონიც. სწორედ ამიტომ არის საშიში ეს ვნება, რადგან ის უგუნურ ადამიანს პირდაპირ ბოროტის კლანჭებში ითრევს. ქრისტიანი ყველაზე მეტად უნდა ეკრძალებოდეს ამპარტავნებას, შეფარულსა თუ აშკარას, რომელიც, შეიძლება, ნებისმიერი სახითა და ნიღბით წარმოგვიდგეს. ამპარტავნების ბუნება ის არის, რომ ის მალულად ტკბება საკუთარი თავით, ან მალულად ემიჯნება ღმერთს. ამპარტავანი ადამიანი ვერ იქნება ჭეშმარიტი ქრისტიანი, რადგან ასეთი ადამიანი სულიერად და ემოციურად უცხოა ქრისტესთვის. ამპარტავან ადამიანს სინანულიც კი არ შეუძლია, შესაბამისად, მას არც სულიერი განახლება ძალუძს. მონანიება მარტო ცოდვების ჩამოთვლა არ არის, სინანული – კაცობრიობის საყოველთაო განკითხვამდე საკუთარი თავის მკაცრი განსჯაა.

– როგორია ამპარტავანი ადამიანი და როგორ უნდა ვებრძოლოთ ამ საშინელ ვნებას?

– ასეთი ადამიანი არასდროს არის მშვიდი, არც ბედნიერი. ის გარე სამყაროსთან გამუდმებით კონფლიქტშია, ქვეცნობიერად გამუდმებით გაბრაზებული და შეურაცხყოფილია. მას არ შეუძლია პატივი სცეს სხვას, უნდა, რომ ყველა მას ემორჩილებოდეს. ის, შეიძლება, მხოლოდ გარეგნულად იყოს რელიგიური, შინაგანად ასეთი ვერ იქნება, რადგან გულის სიღრმეში მას მხურვალე ლოცვა არ შეუძლია. ამპარტავანი ადამიანი იმ ავადმყოფს ჰგავს, რომელსაც თავი ჯანმრთელი ჰგონია, სინამდვილეში ის შინაგანი წყლულებისა და მომაკვდინებელი სიმსივნისგან ზეზეულად ლპება და ყროლდება. ამპარტავნების სენის პირველი წამალი თავმდაბლობაა, ამპარტავნების დემონს მხოლოდ სიმდაბლით თუ დავამარცხებთ. სიმდაბლეს შესწევს უნარი, თვით ცოდვილიც კი ამოიყვანოს უფსკრულიდან, სიმდაბლე – ეს არის საკუთარი ცოდვებისა და ნაკლის დანახვა, ღმერთის შეწევნის აუცილებლობის გამუდმებული განცდა, ყოველი კაცის პატივისცემა, როგორც ღმერთი ხატისა და მსგავსისა, თუნდაც ის ჩვენი მტერი იყოს. უნდა გვახსოვდეს, რომ თავმდაბალი ადამიანი, ღვთის შეწევნით, ყოველთვის აღადგენს თავის მწირ ადამიანურ შესაძლებლობებს.


скачать dle 11.3