კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
დეკემბერი 2019 (52)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)

კლოუნი „კარანდაში“, „პლეხანოვის დირექტორი“ ზაურა შევარდნაძე, დასაჭერად გამზადებული თანამდებობის პირები და უცხოური ფეხსაცმელი


ნიკო ლეკიშვილს თბილისში კარგი მეგობრის სახელი აქვს. ის ძველი პლეხანოველია და ამ უბანთან ბევრი კარგი და სასიამოვნო მოგონებაც აკავშირებს. მის დიდ სამეგობროში ბევრი ისეთი ადამიანია, რომელთა ისტორიები დღესაც კი ახსოვთ თბილისში. მათთან ერთად ბატონი ნიკო გოფილექტის ბაღშიც „აბირჟავებდა“, ჭირშიც და ლხინშიც მათ გვერდით იდგა და მისთვის ღირებულ და ძვირფას ურთიერთობებსა და ამბებს დღესაც სიამოვნებით და ღიმილით იხსენებს.


„სუხიშვილების“ მოცეკვავე და „შავბაბონიანი“ ყავისფერი ფეხსაცმელი

სუხიშვილების ანსამბლი ახალი ჩამოსული იყო გასტროლებიდან. ერთ-ერთ მოცეკვავეს უცხოეთში შეუძენია ყავისფერი ფეხსაცმელი, რომელსაც წინ შავი „ბაბონი“, ანუ შავი ფერის ტყავი ჰქონდა გადაკრული. მოკლედ, აცვია ეს ფეხსაცმელი, „მარიაჟობს“ და „გაიჩითა“ ბირჟაზე. რასაკვირველია, ბირჟის წევრებს ეს ამბავი შეუმჩნეველი არ დარჩენიათ. მაშინ მოდაში იყო ზანგი მომღერალი პოლ რობსონი. სევა ელიავამ დახედა ფეხებზე, ვეღარ მოითმინა და უთხრა: რა იყო ბიჭო, ეს რა ფასონის ფეხსაცმელი გაცვია, პოლ რობსონს ხომ არ ამოარტყი უკან ფეხიო. იმდენი იცინეს იქ მყოფებმა, ძირს ხოხავდნენ.

დასაჭერად გამზადებული თანამდებობის პირები და გაწბილებული რაიკომის მდივანი

ბევრი ჩემი ბავშვობის ძმაკაცი შემდეგ ცნობილი პიროვნება გახდა: ზოგი ფაბრიკის დირექტორი იყო, ზოგი – ქარხნის, ზოგი – პროფესორი, ზოგი მთავარი ექიმი, მეცნიერი და ასე შემდეგ. ხომ გაგიგიათ, ტრადიცია რჯულზე უმტკიცესიაო და, ესენი მერეც ხშირად იკრიბებოდნენ ხოლმე ქუჩაში, ანუ „აბირჟავებდნენ“ და თან ამ მთისა თუ იმ მთის ამბებსა და საქმეებს არჩევდნენ ხმამაღლა. ერთი სიტყვით, მათ ყველა ცნობდა. რაიკომში დაინიშნა ახალი რაიკომის მდივანი, რომელიც თბილისელი კაცი არ იყო. ზის კაბინეტში და ესმის ქუჩიდან ხმამაღალი საუბარი. გადაიხედა და, ხედავს, ვიღაცეები ხმამაღლა არჩევენ რაღაც ამბებს. შეწუხდა თურმე ხმაურით, დაურეკა მილიციის უფროსს და დაავალა, სასწრაფოდ დაიჭირეთ ეს უსაქმურები, შემიჭამეს ტვინი, ისე ხმამაღლა ლაპარაკობენ ქუჩაშიო. იმ მილიციის უფროსმა იმას ვერაფერი უთხრა და მე დამირეკა – იცოდა, მეც პლეხანოველი ვიყავი და, თან, მაშინ აღმასკომის თავმჯდომარედ ვმუშაობდი. მითხრა, ბატონო ნიკო, ახალი რაიკომის მდივანი მეუბნება, ქუჩაში რომ დგანან, ის ხალხი დაიჭირეო, არადა, კაცო, იქ ცნობილი აკადემიკოსი, ექიმი, დირექტორი და კიდევ, ვიღაც-ვიღაცეები დგანან, აბა ისინი რომ დავიჭირო, სირცხვილი არ არისო? გამეცინა, ვუთხარი, მაგ საქმეს მე მოვაგვარებ-მეთქი. დავურეკე იმ ახალ რაიკომის მდივანს და ავუხსენი საქმის ვითარება. მითხრა, – კარგი, გასაგებია, მაგრამ, რაღა ამ ჩემი ფანჯრების წინ მოუნდათ საქმის გარჩევა ამ მამაცხონებულებს, ცოტა იქით ვერ გაიწევიანო?!

„სუხოი“ კანონი და ყანწდალეული, შეშინებული ქარხნის დირექტორი

ერთი პერიოდი „სუხოი“ კანონი გამოცხადდა. არ შეიძლებოდა დალევა, რესტორანში ქეიფი. ერთ დღესაც, კახეთში, „ზაოდობაზე“ წავედით მთელი ჩემი სამეგობრო წრე და მაგრად წავუქეიფეთ. ერთ-ერთი მეგობარი იმ დროს ქარხნის დირექტორი იყო, მეორე მეგობარს კი ჩუმად მისთვის სურათები გადაუღია. ქეიფი რომ დავამთავრეთ, წამოვედით თბილისში. გავიდა რამდენიმე დღე. ქალაქის საბჭოს თავმჯდომარე ვარ და ჩემმა მდივანმა შემომიტანა წერილი, რომელსაც თან ახლავს ფოტოები და წერილი – აი, ნახეთ ფაქტები, თქვენი დირექტორები რა დღეში არიან, გთხოვთ, მიიღოთ ზომებიო. ფოტოზე კი ის ჩემი მეგობარია გადაღებული ხელში უზარმაზარი ყანწით, მეორე სურათზე კი ხელები აქვს გაშლილი და წინ დიდი სუფრა და საჭმელ-სასმელი ჩანს. მაშინვე მივხვდი, ვინც იყო ამ ანონიმური ფოტოებისა და წერილის ავტორი. ეგრევე გადავურეკე ჩემს მდივანს და ვუთხარი ჩემს მეგობარზე – ამა და ამ ქარხნის დირექტორს დაურეკეთ და უთხარით, სასწრაფოდ აქ გაჩნდეს-მეთქი. გაკვირვებია, ნეტავ თვითონ რატომ არ მირეკავს პირადადო. რომ მოვიდა, მოსაცდელში ვაცდევინე ერთი საათი. ამას მიჩვეული არ იყო და სულ მთლად გადაირია, გული გაუსკდა თურმე შიშით, ნეტავ რა ხდება, ეტყობა, რამე სერიოზულიაო. კომპრომატები ჩემს მაგიდაზე გავშალე და ერთი საათის შემდეგ შემოვუშვი ოთახში. ვუთხარი: რა არის, ყველაფერს მიკეთებთ, რომ პრობლემა შემიქმნათ, დაგიშავეთ რამე, ქეიფს უნდა გადამაყოლოთ-მეთქი? გადაირია, რას ვაკეთებ, რა პრობლემებს გიქმნიო. გადახედა ფოტოებს და... ჯერ პატარა ჭიქებით ხელში იყო გადაღებული, მერე ცოტა დიდით, მერე დიდი ყანწით და... დაიწყო გინება: ოხ, ჭიჭინაძე, მე შენი... არ გამისკდა გულიო... მერეღა მიხვდა, რაშიც იყო საქმე, მაგრამ ხუმრობა გვაპატია მეგობრებს.

ბოქლომდადებული ძმაკაცი

მეგობრები გემით სამოგზაუროდ წავედით. ერთი მეგობარი გვყავდა ამოჩემებული და ხან რას „ვუჩალიჩებდით“ და ხან – რას, მოკლედ, გაწამებული გვყავდა. კონსტანტაში რომ ჩავედით, ბიჭებმა იმ მეგობარს კოსტუმსა და პალტოს შორის დიდი ბოქლომი მიაბეს, ჩაკეტეს და გასაღები მოისროლეს. საწყალი, მთელი „პაეზდკა“ ბოქლომდადებული დადიოდა. უცხოელები გიჟებივით უყურებდნენ დაბოქლომებულ კაცს და ვერ ხვდებოდნენ, რაში იყო საქმე. ბოლოს, სხვა რა გზა ჰქონდა, ქლიბი იშოვა, დადგა და გადახერხა.

სხვისი ქელეხი და გაუგებრობაში ჩავარდნილი ჭირისუფალი

ერთ მეგობარ გოგონას ბებია გარდაეცვალა. რასაკვირველია, ჭირისუფლად ვიყავით ჩვენც, დიდი პატივი მივაგეთ, სასაფლაომდე მივყევით, მივაბარეთ მიწას პატიოსანი მიცვალებული და უკან გამოვბრუნდით – სული რომ გვეხსენებინა ქელეხის სუფრაზე. ჩვენი მეგობარი გოგონა ჩუღურეთში ცხოვრობდა და სუფრაც მისსავე ეზოში იყო გაშლილი. ბიჭები ადრე წამოვედით სასაფლაოდან, გავიარეთ ერთი ქუჩა, მეორე ქუჩა, ეზოდან მეორე ეზოში გავედით და გაშლილ სუფრას მივუსხედით. დალია თამადამ გარდაცვლილის სადღეგრძელო, დავლიეთ ჩვენც; დალია მისი გარდაცვლილი წინაპრის სადღეგრძელო, დავლიეთ ჩვენც, აი, შთამომავლებზე რომ გადავიდა, მაშინ კი დაგვცხა. კარგა ხნის შემდეგ მივხვდით, რომ გაუგებრობაში აღმოვჩნდით. გაირკვა, რომ სხვის ჭირის სუფრაზე ვისხედით. მგონი, ფიქრობდნენ, ვინ არიან ეს „ჩანგალისტებიო“. რა უნდა გვექნა? ჩუმად ავიძურწეთ და გავიპარეთ ქელეხიდან. ავიარეთ ქუჩა და ისევ გაშლილ სუფრაზე აღმოვჩნდით, ამჯერად იმ მეგობრის გარდაცვლილი ბებიის ქელეხში, რომელზეც გული ნამდვილად შეგვტკიოდა.

დადგმული გასვენება და „დინამოზე“ დაჭერილი გაქცეული „მიცვალებული“

სერგო ლობჟანიძე პლეხანოვზე ცნობილი ბიჭი იყო. ერთ დღესაც, უფიქრია, ნეტავ, რომ მოვკვდები, ჩემზე რას იტყვიან, რას იზამენ, ან გული თუ დასწყდებათო. მოუფიქრებია, მოდი, ვითომ მოვკვდი, გავითამაშებ და გასვენებას მოვუწყობ ჩემს თავსო. რამდენიმე ძმაკაცს გაუნდო ჩანაფიქრი და ისინიც დაეხმარნენ მის განხორციელებაში: დააწვინეს საკაცეზე, გადააფარეს თეთრი ზეწარი, ასწიეს და მარჯანიშვილის მოედნიდან ახლანდელი თამარ მეფის გამზირისკენ აიღეს გეზი. გადაკეტილა გამზირი. ქუჩაში გამვლელები კითხულობდნენ თურმე, ვინ მოკვდაო, რომ ეუბნებოდნენ, ესა და ესო, თურმე იყო ერთი ვიშვიში და თავში ხელის წაშენა. რამ მოკლა საწყალიო ყველა კითხულობდა. პროცესიას 10-15 კაცი მოჰყვებოდა. მილიციის შენობას რომ მიუახლოვდნენ, მილიციელები გამოცვივდნენ თურმე გარეთ, მილიციის უფროსს კი ქუდი მოუხდია და უკითხავს, რა მოხდა, ვინ მოგყავთო. რომ უთხრეს, ჩვენი სერგო აღარ არისო, შემოურტყამს ხელი შუბლში, ჩემი შვილის ტოლი იყო საწყალი, რამ მოკლა ეგ უბედურიო. უცბად გადაუძვრია სერგოს ზეწარი, წამომჯდარა აწეულ საკაცეზე, „ჩესტი“ აუღია მილიციის უფროსისთვის და დაუძახია ხმამაღლა: „ჩესტ იმეიუ, ტავარიშჩ პადპალკოვნიკ!“. გადარეულა მთელი მილიცია, გამოჰკიდებიან, ურბენიათ ბევრი, „დინამოსთან“ დაუჭერიათ და ერთი მაგრად უცემიათ გამაიმუნებისთვის.

ლორთქიას „გადაყენებული ბუტკა“ და დოდო აბაშიძისგან აღებული ვაჭრობის ნებართვა

დოდო აბაშიძის ძეგლი უნდა გაგვეხსნა. მაშინ ქალაქის მერი ვიყავი. იმ ადგილას ახლოს იდგა ლორთქიას – გურამ ლორთქიფანიძის „ბუტკა“. რომ მივედი ადგილის სანახავად, ვთქვი, აქ ამ „ბუტკას“ რა უნდა, დოდო აბაშიძის ძეგლი უნდა გავხსნათ და, სადაც გინდათ, იქ წაიღეთ, ბოლოს და ბოლოს, აიღეთ და სახლის წინ დაუდგით-მეთქი. გაუგია ლორთქიას და უთქვამს: სახლთან რად მინდა, აქვე, ძეგლის გვერდით გადავდგამ, მთავარია, ნიკო არ წავიდეს წინააღმდეგი, თორემ დოდო თანახმაა, ძლივს დავითანხმეო.

პირველი მაისის რაიკომის მეორე მდივანი

კიჭა არველაძე ჩემი ბავშვობის მეგობარია. მასთან ძალიან ბევრი მოგონება მაკავშირებს. ერთხელაც, პირველი მაისის რაიკომის მეორე მდივნად დამნიშნეს. დამირეკა კიჭამ. მივახარე და ვუთხარი, ახალი ამბავი გაიგე? პირველი მაისის რაიკომის მეორე მდივნად დამნიშნეს-მეთქი. ვიფიქრე, მომილოცავდა, იმან კი მომიჭრა: ეჰ, ძმაო, მერჩივნა, მეორე მაისის რაიკომის პირველ მდივნად დაენიშნეთო.

გაუგებრობაში მოყოლილი „პლეხანოვის დირექტორი“ ზაურა შევარდნაძე

პლეხანოვზე რამდენიმე წამყვანი ბირჟა იყო. იქ ხდებოდა ახალი ამბების, სიმართლის თუ ჭორის გავრცელება, მოსმენა და განხილვა. მახსოვს, კენედის მკვლელობისა და ხრუშჩოვის გადაყენების ამბავი პირველად იქ გავიგე და, სახლში რომ ვთქვი, გამაჩუმეს – ბიჭო, ჩუმად იყავი, ტყუილი არ აღმოჩნდეს და შარში არ გავეხვიოთო. მოკლედ, იმ დროს ზაურ შევარდნაძე ჩვენზე უფროსი ასაკის ადამიანი იყო და მას ხუმრობით „პლეხანოვის დირექტორს„ ეძახდნენ. სერიოზულ თანამდებობაზე მუშაობდა. ერთ დღესაც, სამსახურიდან რომ დაბრუნდა, სახლთან პლეხანოვი გადაკეტილი დახვდა – ჩხუბი ამტყდარა, ათი კაცი ათ კაცს დასტაკებია და მიდის დაკა-დაკა. მისულა ისიც და გაშველება დაუწყია. ამ დროს მილიციაც მოვიდა და დაიწყეს ბუნტისთავების დაჭერა. ვინ გაარჩევდა იქ მტყუან-მართალს?! ამ დავიდარაბაში, მოჰკიდეს ამ ჩვენს ზაურასაც ხელი და ამხელა კაცი ძლივს შეტენეს მანქანაში. ერთ მის უბნელს დაუნახავს ეს ამბავი და ზაურს გამოსარჩლებია. მისულა მილიციელებთან და გადაჰკიდებია – სად მიგყავთ, კაცო, ეს პროფესორი კაცი, გამაგებინეთ, ვიცოდე მაინც, სად მიგყავთო. მილიციელები ამ კაცს არც ყურადღებას აქცევდნენ და არც პასუხს სცემდნენ, ის კი მაინც არ ეშვებოდა – გინდა თუ არა მითხარით სად მიგყავთ და სად მიგყავთო. უცებ, მილიციის მანქანიდან ზაურს თავი გამოუყვია და მიუძახებია: ვერ ხედავ, სადაც მივყავარ? რას შეჭამე გული კითხვებით? სად და – მილიციაში, აბა კულტურის სამინისტროში ხომ არ წამიყვანენ, შე დებილოო.


скачать dle 11.3