კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ შეასრულა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ცოლთან ერთად პროგრამა მინიმუმი და იყო თუ არა ვანო მერაბიშვილი მისი ბუღალტერი


ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ახალი თავმჯდომარე ჰყავს – მართალია, საქართველოში ცესკოს თავმჯდომარეებს არჩევნებიდან არჩევნებამდე „ირჩევენ“, მაგრამ თუ გამონაკლისი მოხდა, მომავალი ხუთი წელი, ამ ყველაზე ხმაურიან უწყებას 42 წლის ზურაბ ხარატიშვილი უხელმძღვანელებს. ბატონი ზურაბი ბოლო ორი წელი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი იყო. ამას გარდა, ის წლების განმავლობაში „ბუღალტერთა და აუდიტთა ასოციაციასაც“ ხელმძღვანელობდა, შესაბამისად, არითმეტიკის ანა-ბანა, თვლა, მისთვის ყველაზე იოლი საქმეა... როგორ დაითვლის ცესკოს ახალი თავმჯდომარე არჩევნებში ამომრჩევლების ხმებს ამას მომავალი გვიჩვენებს, იქამდე კი ახალ თავმჯდომარეს „განსხვავებულ ამპლუაში“ გაგაცნობთ.


– ბატონო ზურაბ, გილოცავთ ცესკოს თავმჯდომარედ დანიშვნას, საზოგადოებისთვის არცთუ ნაცნობი სახე ხართ, წარგვიდგინეთ საკუთარი თავი.

– ვარ 42 წლის, ორჯერ დავამთავრე ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტი: ჯერ გამოთვლითი მათემატიკისა და პროგრამირების, შემდეგ კი საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების ფაკულტეტი. იმ პერიოდში თბილისში ძალიან რთული სიტუაცია იყო. თბილისის ომის დროს ბრმა ტყვიამ მომიკლა უახლოესი მეგობარი, რის გამოც ძალიან დიდი სტრესი გადავიტანე. იმ გარემოში საერთოდ არ იყო მოთხოვნილება მეცნიერებაზე და მეც რაღაცნაირად, ხელი ჩავიქნიე. 90-იან წლებში ძალიან აქტუალური გახდა დავით გარეჯის თემა. ჩემი პირველი სამსახურიც დავით გარეჯთან იყო დაკავშირებული, სადაც ძეგლის მცველი ვიყავი. მონასტერში იმდენად ბევრ დროს ვატარებდი, რომ მეგობარმა მითხრა: მაინც სულ აქ ხარ და ბარემ გაგაფორმებო და მეც სიამოვნებით დავთანხმდი. იქ და მაშინ დაიწყო ჩემი ეკლესიური ცხოვრება და ყოველთვის ვიტყვი, რომ დავით გარეჯთან დაკავშირებული პერიოდი იყო ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი. უნივერსიტეტი ახალი დამთავრებული მქონდა, როცა ერთმა ჩემმა მეგობარმა შემომთავაზა მუშაობა დამეწყო მის ახალ, მრავალდარგოვან ფირმაში – მე ჩამაბარეს ბუღალტერია, სამი წელი ვიმუშავე იქ. იმ პერიოდში ვისწავლე ბუღალტერიაც და ფინანსებიც. მერე მე და ჩემს მეგობარს, ლაშა ცაგარეიშვილს გაგვიჩნდა იდეა, დაგვეარსებინა ბუღალტერთა პროფესიული ორგანიზაცია. ამ საქმიანობით ათი წლის განმავლობაში ვიყავი დაკავებული. „ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაცია“ საკმაოდ ინტენსიურად და აქტიურად საქმიანობდა საერთაშორისო სტანდარტების დანერგვაში. პარალელურად, ვხელმძღვანელობდი საერთაშორისო აუდიტორული ასოციაციის ქართულ წარმომადგენლობას. ბოლო ორი წლის განმავლობაში ვიყავი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი.

– თქვენზე ამბობენ, რომ წლების წინ ვანო მერაბიშვილის ბუღალტერიც იყავით...

– ჯერ ერთი, არ არსებობს პიროვნების ბუღალტერი, თუ არ ჩავთვლით მაფიოზურ კლანებს და ტიპებს. მე ასეთი სიტუაციებისგან შორს ვარ, ნამდვილად არასდროს მიმუშავია ბუღალტრად არც „მიწის მესაკუთრეთა ასოციაციაში“, ეს ვერსია წამოვიდა ვანო მერაბიშვილის ყოფილი მეგობრისგან, რომელსაც ეტყობა, მეხსიერებამ უმტყუნა. იმ პერიოდში მე ვიყავი აუდიტორული ფირმის პარტნიორი და „ბუღალტერთა ასოციაციის“ თავმჯდომარე. საქართველოში იარლიყების მიკვრა მოდაშია. ამ ხალხს მე ვურჩევდი, ინფორმაციის გადამოწმებას. იქნებ ვანო მერაბიშვილი იყო ჩემი ბუღალტერი? (იცინის) როგორც ის არ ყოფილა ჩემი ბუღალტერი, ისე არ ვყოფილვარ მე მისი ბუღალტერი, მე ვანო მერაბიშვილი გავიცანი 90-იან წლებში, როცა არასამთავრობო ორგანიზაციების ბუმი იყო, მაშინ ჩვენ, „ენჯეოების“ ხელმძღვანელები ხშირად ვხვდებოდით ერთმანეთს სხვადასხვა ღონისძიებებზე. ვინც არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობდა, ყველა ერთმანეთს იცნობდა. მე და ვანო მერაბიშვილს ერთხანს საკმაოდ ახლო ურთიერთობა გვქონდა როგორც საქმიანი თვალსაზრისით, ასევე პირადადაც. როცა მან აქტიური პოლიტიკური საქმიანობა დაიწყო, ჩვენ ინტენსიურად აღარ ვხვდებოდით ერთმანეთს.

– როგორც ამბობენ, მან გაგიწიათ რეკომენდაცია პრეზიდენტთან.

– შესაძლოა... მე პირადად, არ ვიცნობ პრეზიდენტს. მას არასდროს შევხვედრივარ, თუ არ ჩავთვლით კონფერენციებს, სადაც ხალხმრავლობაში პირადი კონტაქტების დამყარება შეუძლებელია. სიმართლე გითხრათ, ვფიქრობდი, განცხადება შემომეტანა კომისიის წევრობაზე, თავმჯდომარეობაზე კი ნამდვილად არ მიფიქრია. მე მქონდა კავშირი ცესკოსთან, წინა ორი არჩევნების დროს ფინანსური მონიტორინგის ჯგუფში ვიყავი და ასე თუ ისე კარგად ვიცნობდი ამ სამსახურს. თუმცა, ჩემი აქ მოხვედრა საკმაოდ დიდი სიურპრიზი იყო ჩემთვის. მე კასანდრა არ ვარ, რომ ვიმკითხაო, როგორ გაგრძელდება ჩემი საქმიანობა ამ პოსტზე. ვიცი ის, რომ ღმერთი ადამიანზე იმაზე მეტ განსაცდელს არ დაუშვებს, რომლის გადატანა მას არ შეუძლია. ამისი რწმენა ნამდვილად მაქვს.

– ბუღალტრისა და აუდიტის მშვიდი ცხოვრების შემდეგ, მზად ხართ იმ მძიმე ბატალიებისთვის, რაც მომავალში გელით?

– მე გაცნობიერებული მაქვს, ის პასუხისმგებლობა რაც მაკისრია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებას ჰქონდეს სამართლიანობის განცდა. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ყველასთვის მისაღები იქნება არჩევნების შედეგები, მაგრამ თუ მივაღწიეთ, რომ არჩევნები თვისობრივად გაუმჯობესებულად აღიარეს საერთაშორისო ორგანიზაციებმა, ეს უკვე პროგრესია. როცა იღებ პასუხისმგებლობას, არც სირთულეების უნდა შეგეშინდეს. მე არასდროს ვვარდები ამპარტავნობაში, არ ვამბობ, რომ მაგარი ვარ. ამიტომაც, ჩემი ახალი სამსახურის გამო სტრესებსა და დეპრესიაში არ ვარ.

– დღეს თქვენი პირველი სამუშაო დღეა, მოგეწონათ სამუშაო კაბინეტი? წინამორბედმა რა დაგიტოვათ სამახსოვროდ?

– დღეს ისეთი მძიმე დღე მქონდა, კაბინეტის შესათვალიერებლად ნამდვილად არ მომიცლია. არც აქვს ჩემთვის დიდი მნიშვნელობა, რა დგას ამ კაბინეტში. მთავარია, რომ არის დიდი დაფა, ეს მომწონს. ოთახის დიზაინს დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ. ლევანმა დატოვა სხვადასხვა ნივთები, მაგიდა, სკამი, თუმცა ჯერ იმ სკამზე არ დავმჯდარვარ.

– რატომ, რაიმე რიტუალი ხომ არ უნდა შეასრულოთ?

– არა, არა, უბრალოდ, ვერ მივაღწიე სკამამდე. რა რიტუალი უნდა შემესრულებინა? სკამს ხომ არ შემოვუვლიდი სამჯერ? თუ კარისთვის უნდა მიმეჯახებინა? (იცინის).

– გცოდნიათ „საჭირო რიტუალები...“

– გამიგია, მაგრამ თილისმების და რიტუალების არ მჯერა (იცინის).

– თქვენი ოჯახური მდგომარეობა როგორია?

– მყავს მეუღლე და ოთხი შვილი. ოჯახის წევრები შეჩვეულები არიან იმას, რომ მათთვის ბევრ დროს ვერ ვპოულობ. თუ მცალია, ბავშვები სიამოვნებით მიმყავს ჭადრაკზე, თუმცა მათი აღზრდა და ოჯახის გაძღოლა მაინც მეუღლისთვის მაქვს გადაბარებული. ჩვენ თავიდანვე გავიყავით ფუნქციები და მოვალეობები – მე გარეთ ვმუშაობდი ინტენსიურად, ის – სახლში. ჩემი მეუღლე საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტია, მაგრამ დიდი ხანია, არ უმუშავია. როცა დავქორწინდით, მაშინვე შევთანხმდით ოთხ შვილზე. ამ თემაზე ჩვენი საქორწინო გარიგება შედგა, პროგრამა მინიმუმი შევასრულეთ, დანარჩენი მერე ვნახოთ. (იცინის) მეორე ბავშვი რომ გაგვიჩნდა, ჩემი მეუღლე ჯერ კიდევ დეკრეტში იყო, მერე მესამე ბავშვი მოჰყვა, მოკლედ, იტალიური ფილმის პერსონაჟებივით მოგვივიდა. (იცინის) ჩვენ გვაქვს საშუალო დონის ოჯახი, არც ღარიბები ვართ და არც მდიდრები, ვცხოვრობთ აღმაშენებელზე, იტალიურ ეზოში. ეს ბინა მერგო ბებია-ბაბუისგან, თუმცა მე ბევრი ვერაფერი შევმატე ამ მემკვიდრეობას. რამდენიმე წლის წინ ვიყიდე ნაკვეთი წყნეთში, თუმცა სახლის აშენება ვერაფრით დავასრულეთ.

– ოჯახის ბუღალტერიც თქვენ ხართ თუ ეს ფუნქციაც მეუღლეს ანდეთ?

– ჩემი ხელფასი არის (ითვლის კალკულატორით – ავტორი) 3 400 ლარი. ამ თანხას დიდი თვლა და ბუღალტერია არ სჭირდება. ამ მხრივაც განაწილებული გვაქვს ფუნქციები. ოჯახში, ცოლს ბალანსების ჩაბარება არ სჭირდება. არც ოჯახის ბიუჯეტის დაგეგმვაა ძნელი, დაბალანსება უფრო რთულია – როცა იცი, რომ მცირე თანხებით ბევრი საკითხი უნდა მოაგვარო.

– რაიმე განსაკუთრებული ჰობი ხომ არ გაქვთ? როგორ ატარებთ თავისუფალ დროს?

– განსაკუთრებული ჰობი არ მაქვს. ოთხი შვილი და ბევრი სამუშაო საკმარისია იმისთვის, რომ განსაკუთრებული ჰობი არ გქონდეს. მიყვარს ოჯახურ გარემოში მეგობრებთან შეხვედრა და ურთიერთობა, ვახშმისა და ზომიერი ალკოჰოლის თანხლებით. ოთხ ბავშვთან ერთად მობილიზაცია რთულია, ამიტომაც უფრო ჩვენს სახლში ვიღებთ სტუმრებს. ეს ფორმატი უფრო გვაწყობს. ჩემი კონცენტრაციის ძირითადი სფეროებია ოჯახი, სულიერი ცხოვრება და პროფესიული საქმიანობა, რომელსაც საკმაოდ ბევრი დრო მიაქვს. ბოლო პერიოდში ხშირად მიწევდა სახლში მუშაობა და ერთი წელი უფრო სახლში ვტრიალებდი. თუმცა, იყო დრო, როცა ძალიან მძიმე და დატვირთული რეჟიმი მქონდა. აუდიტებისთვის ყველაზე მძიმე წლის პირველი ნახევარია, ამ დროს ცხოვრება კოშმარად მექცეოდა ხოლმე. ბევრი უძილო ღამე გამიტარებია აუდიტორული დასკვნების გაკეთებაში. ამ თვალსაზრისით, საკმაოდ დიდი გამოცდილება მაქვს. ასე რომ, იმ ყველაფერს, რაც აქ მელის როგორმე გადავიტან... (იცინის)


скачать dle 11.3