კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2019 (145)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)
აპრილი 2019 (201)
მარტი 2019 (208)

საქართველოს სამი პრეზიდენტიდან რომელი იყო ყველაზე მეტად მიდრეკილი დიქტატურისადმი და რატომ მოსწონს ქართველ საზოგადოებას ტოტალიტარიზმი


ჩვენს ქვეყანას დამოუკიდებლობის პერიოდში სამი პრეზიდენტი ჰყავდა. სამივეს ჰქონდა მეტ-ნაკლები პრეტენზია დემოკრატიაზე. მეტ-ნაკლები, რადგან პირველი პრეზიდენტი, მართალია, დემოკრატიული დროშით არ მოსულა ხელისუფლებაში, მაგრამ, რაკი ეროვნული მოძრაობის მიზანი საბჭოეთის დანგრევა იყო, საბჭოეთი კი ტოტალიტარიზმთან ასოცირდებოდა, შესაძლებელია, ვივარაუდოთ, რომ ეროვნული ხელისუფლებაც დემოკრატიას უჭერდა მხარს; მეორე პრეზიდენტი უკვე მესამე პრეზიდენტის მმართველობისას ლამის ქართული დემოკრატიის მამად მოინათლა; მესამეს დროს – „დემოკრატიის შუქურა“ გვეწოდა, თუმცა შუქურა მიინავლა (რადგან ვერც ნატოში შევეკვეხეთ და ვერც ევროკავშირში) და მხოლოდ ბუშის ქუჩაღა დაგვრჩა წარსული დიდების მოსაგონრად. რით გამოირჩეოდა საქართველოს სამი პრეზიდენტის მართვის სტილი და რომელი მათგანი მიუახლოვდა ყველაზე ხელშესახებ მანძილზე ჭეშმარიტ დემოკრატიას, ამ არცთუ მარტივ საკითხზე პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე გვესაუბრება.


– თუ თვალს გადავავლებთ ბოლო 19-წლიან ისტორიას, როგორ უთავსდებიან ერთმანეთს საქართველოს პრეზიდენტები და დემოკრატია?

– გამსახურდიას დროს აქცენტი დემოკრატიაზე, მართლაც, არ ყოფილა. მაშინ აქტუალური თემა იყო დამოუკიდებლობა და ისიც კი ითქვა, ჯერ თავისუფლება, შემდეგ დემოკრატიაო. ეს უკვე ნიშნავდა იმას, რომ დემოკრატიის ამოცანა არ ჰქონიათ. საბჭოთა კავშირში ყოფნა-არყოფნა იმ ხელისუფლებისთვის მაინც უფრო იმ ნიშნით იყო მიუღებელი, რომ დამოუკიდებელი არ იყავი და არა იმიტომ, რომ საბჭოთა კავშირი დიქტატორული ქვეყანა იყო. შესაბამისად, რადგან წინა პლანზე წამოვიდა თავისუფლების იდეა, ეს ქმნიდა ბრძოლის კლიმატს. ყველა ბრძოლა კი გულისხმობს არმიას, თოფიანს ან უთოფოს და ნებისმიერი ჯარი ემორჩილება ვერტიკალს, ხელმძღვანელს და ისევე, როგორც ჯარში არ არის ლაპარაკი დემოკრატიაზე, ასეთი ბრძროლის პირობებშიც ლოგიკურად მცირდება აქცენტი დემოკრატიაზეც. მაგრამ, გარდა ამისა, გამსახურდიას ხელისუფლებას არ ეღირსა თავისი ვადის ბოლომდე მიყვანა და ჩვენ არ ვიცით, როგორ ქვეყანას ხედავდა ის პოლიტიკური ელიტა და რა ტიპის ქვეყანას ჩამოაყალიბებდა, მართვის საშუალება ბოლომდე რომ ჰქონოდა.

– გვახსოვს, რომ საზოგადოების ნაწილი ზვიად გამსახურდიას ჩაუშესკუს უწოდებდა, მას, მართლაც, ჰქონდა დიქტატორული მიდრეკილებები?

– დიქტატორის თავისებურება ისიც არის, რომ ის იღებს უფრო მეტ ძალაუფლებას, ვიდრე ეკუთვნის. ასეთი ფაქტები კი გამსახურდიას დროს იყო.

– კერძოდ?

– გამსახურდიას პერიოდში კანონის გვერდის ავლით გაუშვეს კომუნისტები პარლამენტიდან; თანამდებობებზე დანიშვნები სცილდებოდა აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების კომპეტენციას; ასევე, დიქტატურის თავისებურებაა ძალის გამოყენება. ის ხელისუფლება ძალიან ხშირად იყენებდა ძალას.

– ვთქვათ, 2 სექტემბერი, კიდევ როდის გამოიყენა ძალა?

– კარვების პრინციპიც ძალაა, ძალისმიერი ზეწოლაა. ამდენად, დიქტატორობის ელემენტები ჰქონდა გამსახურდიას, ოღონდ მე ვერ ვიტყოდი, რომ ეს გამსახურდიას ბრალი იყო. საქართველოში ძალიან ძნელია, არ გახდე დიქტატორი.

– რატომ, მაგარი ხელის მოთხოვნილებაა თუ კანონმორჩილებაა ცუდი ტონი?

– ჯერ ერთი, კანონს პატივს არ ვცემთ.

– იქნებ იმიტომაც, რომ არასდროს გვინახავს მმართველი, რომელიც კანონს პატივს სცემს?

– შეიძლება, ასეთი მმართველი არ გვინახავს, მაგრამ მოქალაქე თუ გვინახავს, რომელიც იბრძვის კანონის პატივისცემისთვის?! თუ მოქალაქე არ იბრძვის კანონის პატივისცემისთვის, ესე იგი, მასშიც არის დიქტატორის გაჩენის ბაცილა. ანუ დიქტატორი არ ჩნდება მხოლოდ ამა თუ იმ პიროვნების „მე“-დან გამომდინარე, დიქტატორს საზოგადოებაც წარმოშობს. თუკი მოსამართლე ცდილობს, ასიამოვნოს პრეზიდენტს; თუკი დეპუტატი, თუნდაც, ოპოზიციური პარტიისა, ცდილობს ასიამოვნოს პრეზიდენტს და ასე შემდეგ, ეს ძალაუნებურად გადააქცევს დიქტატორად ნებისმიერ ადამიანს. ასე რომ, ჩვენ ვადიქტატორებთ ისეთ პერსონებს, რომლებსაც თანამდებობები აქვთ.

– ეს პირმოთნეობა აღმოსავლეთიდან გადმოგვედო?

– განზრახ არ გამოვიყენე ასეთი სიტყვა… გამსახურდია თავისი ბუნებით, ალბათ, დიქტატორი არ იყო, მაგრამ მან თავისი გარემოცვა დაისვა თავზე, ვერ მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილებები და ის ფაქტი, რომ დაეშალა ხელისუფლება, უკვე ნიშნავს, რომ დიქტატორობა არ შეეძლო. თორემ ძლიერი დიქტატორი, თუკი ჩაიგდებს ხელში ძალაუფლებას, შემდეგ აღარ გაუშვებს. შეიძლება, მას ჰქონდა სურვილი, მის ხელში ყოფილიყო მისი ქვეყანა, მაგრამ ამის უნარი არ აღმოაჩნდა.

– შევარდნაძე? მიუხედავად იმისა, რომ ის საბჭოთა სისტემის ორგანული ნაწილი იყო, მის დროს საინფორმაციო გადაცემები „ვრემიას“ მუტანტებს ნამდვილად არ ჰგავდა?

– ის რამდენიმე ტვირთით მოვიდა, ერთ-ერთი იყო დემოკრატია. ჯერ ერთი, მის ზურგს უკან იყო პოლიტბიუროს წევრობა. ამასთან, გაგახსენებთ, ის ერთ-ერთი მკაცრი პირველი მდივანი გახლდათ.

– ყოფილი მილიციელიც.

– დიახ, რომელმაც მილიციის კაბინეტიდან გადაატრიალა ხელისუფლება. ასე რომ, მისთვის დიქტატორობა უცხო არ იყო. ანუ შევარდნაძეს შეეძლო დიქტატორობა, მით უმეტეს, რომ იგი ცხოვრობდა პერიოდში, როდესაც, თუ ხელმძღვანელი იყავი, უნდა ყოფილიყავი დიქტატორიც. მაგრამ, როდესაც ის მოვიდა დემოკრატიული ქვეყნის ხელმძღვანელად, ეს ყველაფერი მისთვის იყო ტვირთი, რომელიც ხელს უშლიდა. ეს ტვირთი მას ხელს უშლიდა უფრო ადრეც, როდესაც საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, რადგან უცხოელებთან ურთიერთობაში მას უნდა დაემტკიცებინა, რომ იყო დემოკრატიული ქვეყნის დემოკრატიული წარმომადგენელი; უნდა დაემტკიცებინა, რომ გრომიკოსგან განსხვავდებოდა და მან ეს, ფაქტობრივად, მოახერხა. მე ძალიან მარტივად აღვწერე ვითარება, მაგრამ შევარდნაძე გაცილებით რთული პიროვნებაა. გავიხსენოთ, საქართველოს პირველი მდივნობის პერიოდში, იმ დიქტატურის ფონზე, ის მხარს უჭერს რობიკო სტურუას სპექტაკლებს, ერთი მხრივ, და „მონანიებას“, მეორე მხრივ. არავინ იცის, ეს მასში დემოკრატიული იმპულსების გამოვლენის შედეგი იყო თუ პოლიტიკური წინათგრძნობა. მე უფრო მეჩვენება, რომ – მეორე. რაც შეეხება შევარდნაძის საგარეო საქმეთა მინისტრობის პერიოდს, მაშინ მან ასეთი უფრო მეტი ნაბიჯი გადადგა: შევარდნაძის სახელს უკავშირდება ებრაელების წასვლა საბჭოთა კავშირიდან ისრაელში; ავღანეთიდან ჯარების გამოყვანა; გერმანიის კედლის დანგრევა და ასე შემდეგ. ანუ ბევრი ისეთი პოზიტიური ნაბიჯი, რაც აღფრთოვანებას იწვევდა დასავლეთში. თუმცა აქაც იგივე კითხვა ისმის: ეს იყო მისი ბუნებრივი იმპულსი თუ მან კარგად გათვალა, როგორ უნდა გამხდარიყო მსოფლიო მნიშვნელობის ფიგურა? ფაქტია, მას რომ ეს ნაბიჯები არ გადაედგა, საგარეო საქმეთა მინისტრობიდან წასვლის შემდეგ, მის არსებობას ყველა დაივიწყებდა. ასე რომ, შევარდნაძემ მინისტრობის პერიოდშივე აიღო კურსი იმაზე, რომ მოეპოვებინა ის ავტორიტეტი, რომელიც შემდეგ მსოფლიო მასშტაბით გაუწევდა სამსახურს. მან ეს მოახერხა და ბევრ ქვეყანაში უმაღლესი პირების კაბინეტთა კარი მის წინაშე ფართოდ იღებოდა, არა როგორც საქართველოს პრეზიდენტის არამედ საგარეო საქმეთა მინისტრობის დროს გადადგმული დემოკრატიული ნაბიჯების გამო. აი, იმ დემოკრატის სახელით, რომელიც მან მოიპოვა, ის ჩამოვიდა საქართველოში. ბუნებრივია, სახელი შემდეგ გაიძულებს, მოიქცე ისე, როგორც გიწოდებენ და შევარდნაძე ვალდებული იყო, ყოფილიყო დემოკრატი იმისთვის, რომ დასავლეთის თვალში შევარდნაძედ დარჩენილიყო.

– რადგან ყველაფერი შეფარდებითია, დღეს საზოგადოების ნაწილი ფიქრობს, რომ შევარდნაძის პერიოდი უფრო დემოკრატიული იყო, თუმცა, რეალურად, პრესის თავისუფლება გამოიხატებოდა ლოზუნგით: წერე და იკითხე; სასამართლოები მოქმედებდა პოლიტიკური ნიშნით და არც ბიზნესი თამაშობდა საბაზრო ეკონომიკური პრინციპებით?

– მე არ ვხატავ იდილიურ სურათს, შევარდნაძემ უბრალოდ იცოდა, რა პუნქტები უნდა შესრულებულიყო, რომ დემოკრატიაზე ყოფილიყო ლაპარაკი და ცდილობდა ამ პუნქტების შესრულებას.

– ყველაზე მეტად თავისუფალი რატომ იყო სიტყვა? ყველაზე ადვილი ეგონა სიტყვის გათავისუფლება?

– მეორე მხრივ, შევარდნაძეს თვითონაც ჰქონდა აზარტი, გაეკეთებინა დემოკრატიული ქვეყანა, მე მისი პრესმდივანი ვიყავი და პრესასთან ურთიერთობა ჩემი საქმე იყო. თუ ეს არ ეხებოდა პირველ არხს, ჩემთვის არასდროს უთქვამს, მოაგვარე ურთიერთობა ვინმესთანო.

– როგორ ერეოდა პირველი არხის მუშაობაში?

– რა საკითხები უნდა გაშუქებულიყო, რა აქცენტები უნდა გაკეთებულიყო. მე და ნატო ონიანი ვთანამშრომლობდით „ტაიმ-აუტში“ და ჩემი ფუნქცია სწორედ ამ აქცენტების გაკეთება იყო. მიუხედავად იმისა, რომ ნატო პოლიტიკაში კარგად ჩახედული ჟურნალისტი გახლდათ, ეს ერთობლივი მუშაობა, პოლიტიკური და ჟურნალისტური გონების, მაინც საჭირო იყო.

– ვისი იდეა იყო შევარდნაძის ორშაბათის რადიოინტერვიუები, რომლებსაც, საბოლოოდ, „გლახის ნაამბობი“ შეარქვეს?

– ეს რადიოინტერვიუები დამხვდა. შევარდნაძეს ჰქონდა რეაქცია მედიის მთელ რიგ პასაჟებზე, მაგრამ მას ჰქონდა ასეთი ამოცანა: ეს პრობლემა გადავწყვიტოთ ზეწოლის გარეშე. რაც შეეხება ბიზნესმენებთან ურთიერთობას: შევარდნაძემ ბევრი ბიზნესმენი ცარიელი ადგილიდან წამოწია და მიუშვა ბიზნესზე. ზოგიერთს გადასცა ქარხნები, იმავე თოფაძეს; ხელი შეუწყო ბანკების შექმნას; „კოკა-კოლას“ და ასე შემდეგ. მაშინ არსებულ ქაოსში თავისუფალი ბაზრის განვითარებას იმ ნულოვანი დონიდან უფრო შეუწყო ხელი, ვიდრე შეუშალა.

– ცნობილია, რომ 1992-1993 წლებში უამრავი კრედიტი გაიცა კერძო პირებზე, რომლებიც შემდეგ კუპონებში დააბრუნეს და გაკეთდნენ შავი დედლებივით?

– ეს არ არის ბიზნესზე ზეწოლა, ეს არის სახელმწიფოს გაქურდვა. არ დაგავიწყდეთ, სწორედ ამ ბიზნესმენების დიდმა ნაწილმა უგანა შემდეგ შევარდნაძეს.

– ცნობილი პრინციპია: ვისაც ჩააცვა, იმათ გახადეს.

– მას რომ ბიზნესზე ზეწოლის მექანიზმები ჰქონოდა შენარჩუნებული, ჩააქრობდა ბიზნესმენების აქტივობას, რადგან ვერ ჩააქრო, ესე იგი, მისი მხრიდან ზეწოლას არ ჰქონია ადგილი. შეიძლება, პირიქით, დაუდევრად მოიქცა. ჩვენ არ ვიცით, იყო თუ არა ეს დემოკრატიის გამოვლინება. შევარდნაძეს არ ჰქონდა თათი დადებული ბიზნესისთვის. მისთვის უფრო დიდი პრობლემა იყო კორუფცია. ეტყობა, დასავლეთში ვიღაცამ უთხრა, თავდაპირველად ფული ქურდობით კეთდებაო და შევარდნაძემაც ასე გადაწყვიტა ბიზნესისთვის ხელის შეწყობა. ასე უნდოდა ბიზნესის გათავისუფლება, მაგრამ კორუფცია სახელმწიფოს დანგრევას ნიშნავს.

– საბოლოოდ, შეიძლება, ითქვას, რომ შევარდნაძე შეიწირა თავისსავე დემოკრატიამ?

– თუ ამას შეწირვას დავარქმევთ, შეეწირა. შევარდნაძე იყო დემოკრატი, ოღონდ ისეთი დემოკრატიის გამტარებელი, რომელიც ზედაპირზე ჩანს. რადგან, თუ ბაზრის განვითარება გინდა, კონკურენციას უნდა შეუწყო ხელი და არა ბიზნესმენს; თუ მედიის განვითარება გინდა, სუსტ მედიას უნდა შეუწყო ხელი და არა ძლიერს. მხოლოდ თავისუფლების მიცემა მედიის განვითარებას არ ნიშნავს, რადგან ამ შემთხვევაში ძლიერი მედია შეჭამს სუსტს და დამთავრდება ამით.

– გამსახურდიასთან იყო ჯერ – თავისუფლება, შემდეგ – დემოკრატია, შევარდნაძესთან – ზედაპირული დემოკრატია, სააკაშვილი უფრო ღრმად ჩავიდა თუ უფრო დაშორდა?

– სააკაშვილი ღრმად ჩავიდა. მან მიიჩნია, ისევე, როგორც შევარდნაძემ, რომ დემოკრატია აუცილებელია. დემოკრატია უფრო წინა პლანზე წამოწია, ვიდრე შევარდნაძემ, ოღონდ კარგად ჩაავლო, სად არის დემოკრატიაში დიქტატურის საშუალება. დემოკრატია ასეთ საშუალებას იძლევა და ასეთი საშუალებაა მედია. ანუ, თუკი მოსახლეობას მისცემ იმ ინფორმაციას, რაც შენ გჭირდება, რომ მიიყვანო იმ გადაწყვეტილების მიღებამდე, რაც შენ გინდა, მაშინ მოსახლეობა შენ მოგცემს ხმას. ხოლო, როდესაც მოსახლეობა გაძლევს ხმას, ეს უკვე დემოკრატიაა, რადგან ინფორმაციით მანიპულირება დიქტატურად მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ ფასდება. შეიძლება, ითქვას, სააკაშვილმა იპოვა დემოკრატიის ისეთი გვერდითი გზები, რომლებიც დემოკრატიას თითქოს არ არღვევს და ამ დროს მართვის საშუალებას იძლევა. დასავლეთმა ცენზურისგან გაათავისუფლა მედია, მაგრამ ჯერჯერობით არ უპოვია გზა, როგორ შეიძლება, გათავისუფლდეს მედია ეკონომიკური კონტროლისგან. სააკაშვილმა, სააკაშვილამდე კი პუტინმა, ეს ორი მომენტი: სახელმწიფო და ეკონომიკური კონტროლი, შეაერთეს და მივიღეთ ისეთი სიტუაცია, რომელშიც დემოკრატიული სტანდარტები არ არის დარღვეული, მაგრამ რეალურად მედია მართულია. სწორედ ამ ვარდებიანმა ჯგუფმა, უპირველესად, ჟვანიას ვგულისხმობ, ჯერ კიდევ რევოლუციის დროს მიმართა ამ მეთოდს. ფაქტობრივად, ვარდების რევოლუცია იყო რევოლუცია იმ ბერკეტების გამოყენებით, რომლებიც იმ ზედაპირულ დემოკრატიაში უკონტროლოდ რჩებოდა. თორემ ამისთვის და ბიზნესმენებისთვის რომ მიექცია ყურადღება შევარდნაძეს, ბიზნესმენები არ ირბენდნენ ოპოზიციასთან და მთელი მედია არ იქნებოდა შევარდნაძის წინააღმდეგ.

– ესე იგი, სააკაშვილმა შევარდნაძის ყველა დემოკრატიული შეცდომა გაითვალისწინა და ამიტომ კიდევ უფრო მყარად დაჯდა სკამზე?

– შესანიშნავად გაითვალისწინა. ამასთან, შევარდნაძე უფრო ფრთხილად ეპყრობოდა საზოგადოებრივ აზრს.

– დასავლეთისთვის ეს სულერთია თუ ყველა ქვეყანა თავის დემოკრატიას ქმნის და საქართველომ მოახერხა, რომ დემოკრატიის ხარვეზები გამოევლინა?

– დემოკრატიის ხარვეზებზე ჯერ კიდევ ჩერჩილი ლაპარაკობდა, არაფრად ვარგა, მაგრამ ამაზე უკეთესი არ მოუგონიათო. დემოკრატიას აქვს თავისი ხარვეზები: მიდრეკილება პოპულიზმისკენ, ის, რომ სადაც დემოკრატიამ აიდგა ფეხი, თავისუფალმა ბაზარმა კულტურა დააგდო. გააჩინა უგემოვნობა, გაამეფა ბრჭყვიალ-ბრჭყვიალა ღირებულებები; მორალის მორღვევაც დემოკრატიის პროდუქტია. ასე რომ, დემოკრატიას თავისი ბევრი პრობლემა აქვს და ჩვენ, მართალია, ლამის დემოკრატიის სადღეგრძელოს ვსვამთ, მაგრამ გვავიწყდება, რა დგას ამის უკან. დემოკრატია არის საზოგადოების განვითარების ერთ-ერთი ეტაპი, რომელსაც პლუსები გააჩნია, მაგრამ აქვს თავისი მინუსებიც, რომელთა გადაწყვეტასაც ბევრი თაობა დასჭირდება. ყოველ შემთხვევაში, ღარიბ ქვეყანაში იდეალური დემოკრატიის მიღწევის ფაქტი არ არსებობს.

– რატომ, სიღარიბე და დემოკრატია ვერ უგებენ ერთმანეთს?

– მშივრების დემოკრატია არ არსებობს. ჩვენ კი გვინდა, რომ ეკონომიკურად ძალიან სუსტ ქვეყანაში გვქონდეს იდეალური დემოკრატია; გვინდა, რომ გვქონდეს დემოკრატია ისეთ საზოგადოებაში, რომელშიც გამჯდარი არ არის დემოკრატიული ცხოვრების წესი. დასავლეთში, რომელსაც ვბაძავთ, დემოკრატია არ გაუკეთებია მხოლოდ ინტელიგენციას, დემოკრატია, უპირველესად, გააკეთა ხალხმა, რომელმაც ხელისუფლებას აჩვენა, თუ არ მოიქცევი ისე, როგორც მინდა, ხელისუფლებაში არ იქნებიო.

– ანუ დაველოდოთ, როდის გავძღებით?

– ამასაც უნდა დაველოდოთ, ოღონდ უნდა გავძღეთ, რადგან ლოდინით გამძღარი კაცი არ მინახავს. ამავე დროს, უნდა ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ ხელისუფლებამ გაძღომის პირობები შეგვიქმნას. ეს ძალიან მძიმე ბრძოლაა, მუდმივად უნდა ვიბრძოლოთ და გაძღომის პირობებია ის, რასაც შემდეგ დემოკრატიას ვარქმევთ. სამართლიანი სასამართლო სწორედ გასაძღომად მჭირდება, რომ არ წამართვან ქონება; თავისუფალი ბაზარიც გაძღომისთვის მინდა, რომ ისევე შევძლო ფულის შოვნა, როგორც სხვამ და არ დავიჩაგრო ფულის შოვნაში; თავისუფალი მედია იმისთვის მჭირდება, ვიცოდე, ვინ როგორ სუნთქავს, რომ არჩევნების დროს სწორი გადაწყვეტილება მივიღო და ისეთი ხელისუფლება მოვიყვანო, რომელიც უზრუნველყოფს ჩემს გაძღომას. ასე რომ, გაძღომაზეა აწყობილი მთელი დემოკრატიული სისტემა, ოღონდ ეს გულისხმობს ჩემს აქტიურობას. არ არსებობს მეფე, რომელიც თვითონ მოინდომებს თავისი ძალაუფლების ვინმესთვის, თუნდაც, ვეზირისთვის გადაცემას და, თუ გადასცემს, შემდეგ ის ვეზირი გახდება დიქტატორი. ანუ დემოკრატიის ერთადერთი გარანტი ხალხია, ხალხი კი იმ დასკვნამდე, რომ თვითონ უნდა იბრძოლოს დემოკრატიისთვის, მივა მაშინ, როდესაც დიქტატურა ხელს შეუშლის. საფრანგეთში ყელში წაუჭირა დიქტატურამ ხალხს და მოხდა რევოლუცია, ანუ რაც მეტად შეუშლის ხელს ხელისუფლება ხალხს, ხალხი მით უფრო აქტიურად იბრძოლებს და, რაც უფრო იბრძოლებს, მით უფრო დაუახლოვდება დემოკრატიას.


скачать dle 11.3