კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა შეგრძნებებს მიჰყვება ლელა მებურიშვილი და რა უქმნის მას დისკომფორტს ღამის პირველ საათზე


მსახიობი ლელა მებურიშვილი, რომელმაც მაყურებლის განსაკუთრებულად დიდი სიყვარული სერიალიდან „შუა ქალაქში“ დაიმსახურა, ყოველთვის ცდილობს, ადამიანებში დადებითი თვისებები დაინახოს, შეიყვაროს ისინი და არასდროს უყუროს მათ ეჭვის თვალით.


ლელა მებურიშვილი: ძალიან უშიშარი ბავშვი ვიყავი. სახლში გრძელი დერეფანი გვაქვს. ჩემები მეუბნებიან, ოთახში შუქი რომ ყოფილიყო ჩამქრალი, სპეციალურად გეუბნებოდით, აბა, რამე მოგვიტანეო. უშიშრად გადიოდი და მოგწონდა, რომ არაფრის გეშინოდაო. არც ახლა ვარ მშიშარა. პირადად მე, მახსოვს, რომ ძალიან მიზანდასახული ვიყავი. ბაღშიც, როცა რაღაც იყო გასაკეთებელი, ვცდილობდი, ყველაზე კარგად გამეკეთებინა და ყველასგან გამორჩეული ვყოფილიყავი. ახლა ასეთი ვარ თუ არა, ვერ გეტყვი, უფრო სიტუაციას მივყვები. ვცდილობ, ჩემი გასაკეთებელი გავაკეთო. ადრეც ასე იყო და ახლაც ძალიან დიდი პასუხისმგებლობის გრძნობა მაქვს.

– ამას როდისმე შეუშლია ხელი?

– რაღაც მომენტში ალბათ, ზედმეტი ყველაფერი ცუდია და რაღაცეებზე არ უნდა გაამახვილო ყურადღება. პირადად მე, საკუთარი თავის მიმართ ძალიან მომთხოვნი ვარ და არ მინდა, პატარა რამეც შემეშალოს. ამიტომ სანამ რაღაცას გავაკეთებ, ძალიან ბევრს ვფიქრობ, რადგან მერე საკუთარ თავს პასუხს მკაცრად მოვთხოვ და დიდხანს ვიქნები ცუდად.

– ამ დროს როგორი ხარ?

– საერთოდ იშვიათად მეშლება რაღაც, იმიტომ რომ ძალიან ბევრს ვფიქრობ, მაგრამ თუ მაინც შემეშალა, არ მომეწონა და ეს ჩემი ბრალი იყო, ისე განვიცდი, რომ მერე უკვე პირიქით საკუთარი თავის დამშვიდება მიწევს: ლელა, ნუ ნერვიულობ, შენც ადამიანი ხარ, ყველას მოსდის შეცდომა, არც შენ ხარ გამონაკლისი, შენც უნდა მოგივიდეს შეცდომა და მერე ამ შეცდომაზე უნდა ისწავლო-მეთქი.

– შენი აზრით, რა უფრო იოლია, საკუთარ თუ სხვის შეცდომებზე სწავლა?

– არ მიმაჩნია სწორად, რომ ადამიანმა ყველაფერი საკუთარ შეცდომებზე უნდა ისწავლოს. ცხოვრებაში ყველაფერი უნდა ნახო, გამოცადო. მე არ ვცხოვრობ ამ პრინციპით და ვცდილობ სხვისი დაშვებული შეცდომა არ გავიმეორო და ამაზე ვისწავლო.

– როდესაც ცუდ ხასიათზე ხარ, იმ დროს საკუთარ თავში იკეტები, თუ პირიქით, გიყვარს ადამიანებთან კონტაქტი?

– არის მომენტი, როდესაც ცუდად ვარ და მსიამოვნებს მარტო ყოფნა, მაგრამ დიდხანს – არა, ერთი ან ორი საათი, მერე აუცილებლად მჭირდება ადამიანებთან კონტაქტი. შესაბამისად, ამ დროს ვცდილობ, დაკავებული ვიყო, თუ სახლში ვარ, საქმე ვაკეთო და მაქსიმალურად გადავერთო ამაზე. როდესაც საქმეს აკეთებ, ტვინი ბევრს აღარ ფიქრობს უარყოფითზე და უკვე სხვა რამეზე გადაერთვები. დეპრესიული არ ვარ, იმიტომ, რომ ვცდილობ, რეალურად აღვიქვა ყველაფერი და მივიღო ისეთი, როგორიც არის. თუმცა, შეიძლება ვინც მიცნობს, იმან თქვას, რომ მე ვარდისფერი სათვალით ვუყურებ ბევრ რამეს, ღრუბლებში ვცხოვრობ. შეიძლება რაღაც მომენტში ეს ასეც იყოს, მაგრამ შინაგანად ვიცი, რომ ბევრი ცუდი რაღაც ხდება და ამ ყველაფრისთვის მზად ვარ.

– რას უყურებ ვარდისფერი სათვალით?

– შეიძლება, ვიღაცამ მაწყენინოს, მაგრამ მერე ეს მავიწყდება და არ ვფიქრობ იმაზე, რომ კიდევ ვინმე მატკენს გულს. მგონია, რომ ყველას ვუყვარვარ, ყველა ძალიან თბილია, კარგი და რატომ უნდა გამიკეთოს ვიღაცამ ცუდი. ამის გამო შეიძლება, ვიღაცამ იფიქროს, რომ ვარდისფერი სათვალე მიკეთია. რაც უნდა ცუდი რამ მოხდეს და ვთქვა – მორჩა, აღარ ვიფიქრებ იმაზე, რომ ასეთი ლამაზია ყველაფერი-მეთქი... გადის ერთი-ორი კვირა და ისევ მგონია, რომ ყველა თბილი, ტკბილი და საყვარელია.

– ამ გადასახედიდან თუ შეცვლიდი შენს ცხოვრებაში რამეს?

– ბევრ შეცდომას არ გავიმეორებდი, თუმცა ისეთი შეცდომა არ დამიშვია, რომელიც ჩემს ცხოვრებას მთლიანად შეცვლიდა. ძირითადად ეს უმნიშვნელო შეცდომებია და მათ დიდი გავლენა არ მოუხდენია ჩემს ცხოვრებაზე. რაც შეეხება პროფესიას, ის იმდენად რთულია, იმხელა დატვირთვა მაქვს, რომ შეიძლება ზოგჯერ ვიფიქრო, სწორად მოვიქეცი ეს პროფესია რომ ავირჩიე-მეთქი. ყველა პროფესიას აქვს თავისი პლუსი და მინუსი, მაგრამ ჩემს პროფესიას იმხელა სიყვარული მოაქვს, ვფიქრობ, ღირდა მისი არჩევა და რა სირთულეც არ უნდა ჰქონდეს, მიმაჩნია, ძალიან სწორი არჩევანი გავაკეთე.

– საკმაოდ დატვირთული გრაფიკი გაქვს, რას აკეთებ განტვირთვისთვის?

– ისე მივეჩვიე ყოველდღიურ დაძაბულ რეჟიმს, აქტიურ ცხოვრებას, რომ ჩემთვის დაღლა ჩვეულებრივი მომენტია. უკვე მიმაჩნია, რომ სულ დაღლილი უნდა ვიყო და ამ დაღლასაც ისე ძალიან ვეღარ ვგრძნობ. განტვირთვისთვის კლუბში არასდროს დავდივარ – იშვიათად, როდესაც რაღაც პრეზენტაციაა და საჭიროა, რომ იქ ვიყო. უფრო მეგობრებთან ერთად მიყვარს ყოფნა. ძალიან ცოტა დრო მაქვს და მირჩევნია, თავისუფალი დრო მაქსიმალურად ჩემს მეგობრებთან ერთად გავატარო. ეს ძალიან მშველის და მავსებს ენერგიით.

– შენი პროფესია სულ სიახლეებთან არის დაკავშირებული და შესაბამისად, ალბათ, გიყვარს სიახლე.

– ნებისმიერი სიახლე ახალ პასუხისმგებლობას მოითხოვს შენგან, თანაც ჩვენს პროფესიაში – ყოველი დღე საპასუხისმგებლო და სანერვიულოა. ხალხი გიყურებს და ყველა წვრილმანს აკვირდება, არა მხოლოდ პროფესიული თვალსაზრისით, არამედ, როგორ გამოიყურები, წარბი როგორი გაქვს... მოკლედ, ყველა დეტალს აქცევენ ყურადღებას და ყველაფერს გიკონტროლებენ, ზოგჯერ კარგად და ზოგჯერ ცუდად. როცა რაღაც სიახლეა, მერე ფიქრობ, იმას როგორ გააკეთებ, როგორ შეგაფასებენ. ერთფეროვანი, რომ არ გახდეს შენი ცხოვრება, ცდილობ სიახლე შეიტანო.

– როდესაც ცნობილი სახე ხარ და როგორც შენ ამბობ, ყველა გიყურებს, გაკონტროლებს, ეს ხომ არ გბოჭავს, ან გაკომპლექსებს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში?

– ზუსტად ისეთი ვარ, როგორიც ადრე ვიყავი და მნიშვნელოვანი არაფერი მქონია შესაცვლელი. იმდენად ბევრმა ხალხმა მიმიღო, როგორც ოჯახის წევრი, რომ როდესაც ქუჩაში მივდივარ, სულ ვიღიმები, მგონია, რომ ყველას ვიცნობ. ისინიც მიღიმიან და ძალიან კარგ ხასიათზე ვდგები. ანუ, ამ მხრივ შევიცვალე. რამდენიმე ხნის წინ უცხოეთში ვიყავი, იქაც ვინც შემომხედავდა, ყველას ვუღიმოდი, მაგრამ მერე მივხვდი, რომ იქ არავინ მიცნობდა.

– ძლიერი პიროვნება ხარ?

– ვცდილობ, რომ ძლიერი ვიყო. ცხოვრებაში ბევრი სირთულეა და არ იცი, ყოველ წამს და ყოველ მომენტში წინ რა გელოდება. ამიტომ მინდა, რომ ძლიერი ვიყო, მაგრამ არ ვიცი, ეს როგორ გამომდის. რაღაცეებში სუსტი ვარ, რაღაცეებში ძლიერი, ბევრი მეგობარი იმასაც მეუბნება, მე ვერ გავუძლებ ისეთ რაღაცეებს, რასაც შენ ყოველდღიურად უძლებო. ყოველ შემთხვევაში ვცდილობ, საკუთარი თავი გავაძლიერო და გავზარდო.

– გულჩვილიც ხარ?

– გულჩვილი ვარ, ფილმზეც შემიძლია, ვიტირო. რაღაც ახალ ფილმს ვუყურე კომპიუტერში, თან ყურსასმენი მეკეთა, დედაჩემი, რომ შემოვიდა, გაგიჟდა, რა გაქვითინებსო. არ მინდა, ასეთი გულჩვილი ვიყო, რადგან ცხოვრებაშიც ხშირად ხდება ხოლმე ასეთი რაღაცეები. შეიძლება იმაზეც ამეტიროს, მაგალითად, ქუჩაში რომ მივდივარ და ვიღაც ჩამეხუტოს და მითხრას, ძალიან მიყვარხარ, ჩემს შვილსაც უყვარხარო. ეს კარგია, მაგრამ, როდესაც არასასიამოვნოს გეტყვიან, შენ კი არ გინდა იტირო, და შეიმჩნიო, მაგრამ ვერ ახერხებ... ანუ ძალიან იოლად მტკივა გული.

– ასაკის მატებასთან ერთად, თუ გეცვლება მოთხოვნები მამაკაცების მიმართ?

– ყველა ასაკში გეცვლება მოთხოვნები, მაგრამ არის საკითხები, რომელიც ადრეულ ასაკში ჩამოგიყალიბდა და აღარ შეგცვლია. ადამიანში აფასებ რაღაც თვისებებს და და ამ თვისებებს დააფასებ ბოლომდე. ვერ გეტყვი ზუსტად, ანუ რაღაც შეგრძნებაა და იმას მიჰყვები. შეიძლება, ჩემთვის მისაღები ადამიანები აბსოლუტურად განსხვავებულები იყვნენ, მაგრამ მათ ჰქონდეთ ის ძირითადი თვისება, რასაც ადამიანში ვაფასებ, ანუ გულწრფელობა. ცხოვრებისადმი ჩემი დამოკიდებულება არ არის ცანცარული, სერიოზულია.

– თუ გიფიქრია, როგორი იქნებოდა ლელა დიასახლისი?

– ძალიან მიყვარს სახლის დალაგება, თუ ყველაფერი წესრიგშია, ეს ჩემთვის დიდი კომფორტია. შეიძლება, გვიან მივიდე სახლში, ღამის თორმეტ-პირველ საათზე და ვერ დავიძინო იმიტომ, რომ რაღაც მოწესრიგებული არ იყოს. ანუ, შეიძლება ჩემთვის დიასახლისობა სასიამოვნოც იყოს, მაგრამ სულ სახლში ვერ დავჯდები. ვერც იმას ვიტყვი, რომ საჭმლის კეთება კარგად ვიცი. თუმცა, ჯერ არ დამჭირვებია, და როცა დამჭირდება, ალბათ ყველაფერს გავაკეთებ.


скачать dle 11.3