კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რამდენი ხანი დაჰყო შაჰ-აბასის ტყვეობაში მისმა ცოლისძმამ ლუარსაბ მეორემ და რატომ შერაცხა ქართულმა ეკლესიამ იგი წმიდანად

30 წლის იყო ქართლის მეფე ლუარსაბ მეორე, როდესაც მას სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა ირანის გამგებელმა შაჰ-აბას პირველმა. თუ როგორი ცხოვრების გზა განვლო ამ მეფემ და რატომ შერაცხა იგი წმიდანად საქართველოს მართლმადიდებლურმა სამოციქულო ეკლესიამ, ამას ჩვენი რესპონდენტი ისტორიკოსი გოჩა საითიძე გვიამბობს.

– როგორც მმართველი, ლუარსაბ მეორე საკმაოდ სუსტი იყო, თუმცა ჩვენ ვნახავთ, რომ როდესაც ქვეყნის ყოფნა-არყოფნის საკითხი დადგა, დემეტრე თავდადებულის მსგავსად, მანაც დიდი ნებისყოფა და სულის სიძლიერე გამოიჩინა. ამიტომაც, ჩვენმა ეკლესიამ სრულიად სამართლიანად შერაცხა იგი წმიდანად. 1606 წელს, ქართლის მეფე გიორგი მეათის გარდაცვალების შემდეგ, ტახტზე მისი 14 წლის ვაჟი ლუარსაბი ავიდა. მისი პირველი შთამბეჭდავი გამოჩენა ჩვენს ისტორიაში 1609 წელს ტაშისკარის ბრძოლაში ხდება, ისევე როგორც ცნობილი მხედართმთავრის, გიორგი სააკაძისა.

– რა იყო ტაშისკარის ბრძოლის მთავარი მიზეზი და ვის სასარგებლოდ დასრულდა ის?

– იმხანად ქართლი ირანის ვასალი იყო. ოსმალები მოულოდნელად დაესხნენ თავს ქართლს. მათ ინფორმაცია ჰქონდათ, რომ მეფე დღევანდელ კასპის რაიონში ცხირეთის ციხეში იმყოფებოდა, მეფეთა საზაფხულო რეზიდენციაში. ლუარსაბი, მართლაც, იქ გახლდათ მცირერიცხოვან ამალასთან ერთად, რომელთა შორის თბილისის მოურავი გიორგი სააკაძეც იყო. ოსმალებმა არ იცოდნენ ცხირეთის ციხის მდებარეობა, ამიტომ მათ მანგლისის ახლოს, სოფელ კველთაში, შეიპყრეს ადგილობრივი მღვდელი თევდორე და უბრძანეს მათთვის გზა ესწავლებინა. მღვდელმა დიდი გმირობა ჩაიდინა. მან გზა აუბნია მტერს. როდესაც ოსმალები თევდორე მღვდელს ეშმაკობას მიუხვდნენ, ჯერ სასტიკად აწამეს, შემდეგ კი თავი მოჰკვეთეს. სანამ გმირი თევდორე უშედეგოდ დაატარებდა მტერს, მანამ ლუარსაბ მეფეს ხმა მიაწვდინეს. მან და გიორგი სააკაძემ სასწრაფოდ შეკრიბეს ჯარი.

– როგორც ცნობილია, ლუარსაბს ცოლად ჰყავდა გიორგი სააკაძის და. როგორ შედგა მათი ქორწინება?

– 1611 წელს გიორგი სააკაძემ დიდი ნადიმი მოაწყო, რომელზეც მეფე დაპატიჟა. გიორგიმ საკუთარი და დაუნიშნა ლუარსაბს მწდეთ, ანუ სუფრის მოსამსახურედ. ამ ქალბატონის სახელი არ არის ცნობილი. მეფეს შეჰყვარებია სააკაძის ულამაზესი და. ლუარსაბი ვერავინ გადაარწმუნა, რომ აზნაურზე არ ექორწინა. მოგვიანებით ლუარსაბ მეორეს ხშირად ჩასძახოდნენ: ამ ქორწინების შემდეგ გიორგი სააკაძე ისე განდიდდება, შეიძლება, მალე მეფობაც კი წაგართვასო. ყველაზე დიდი აქტიურობით გამოირჩეოდნენ ფარსადან ციციშვილი და მეფის აღმზრდელი – შადიმან ბარათაშვილი. მათ მოახერხეს და დაარწმუნეს ლუარსაბი, რომ სააკაძის დას უნდა გაშორებოდა, თვითონ გიორგი კი უნდა მოეკლა. 1612 წელს, მეფის დასტურით, გიორგი სააკაძე წავკისში, მეფეთა საზაფხულო სანადიმო ადგილას, დაიბარეს მოსაკლავად.

– გიორგი სააკაძე ეჭვობდა, მოკვლას რომ უპირებდნენ?

– გიორგიმ ამის შესახებ არაფერი იცოდა. ის რამდენიმე მხლებელთან ერთად გამოცხადდა. ცნობილია, რომ გიორგი სააკაძეს მეფის ვერაგული განზრახვის შესახებ ფარეშთუხუცემა, მისმა ერთგულმა დიდებულმა ბააკა ხერხეულიძემ შეატყობინა. სააკაძემ დრო იხელთა და გაიქცა ირანში შაჰ-აბასთან. ოპერაციის გათქმისთვის ბააკა ხერხეულიძეს მეფის ბრძანებით ცხვირი მოაჭრეს. ამ ინციდენტის შემდეგ ლუარსაბ მეორე ცოლსაც გაეყარა. ცნობილია, რომ მას სხვაზე აღარც უქორწინია.

– 1612 წელს ირანსა და ოსმალეთს შორის ზავი დაიდო. რა შედეგი მოუტანა ამან საქართველოს?

– ამ ზავის პირობების თანახმად, აღმოსავლეთ საქართველო ირანის საკუთრებას წარმოადგენდა, დასავლეთი კი – ოსმალეთისას. ზავის გაფორმების შემდეგ, შაჰ-აბასმა საქართველოსთვის მოიცალა და მისი გაყიზილბაშება გადაწყვიტა. შაჰმა ქართლისა და კახეთის მეფეები თავისთან დაიბარა. ისინი არ ეახლნენ, რაც მათი მხრიდან აჯანყებას ნიშნავდა. ირანის შაჰმა თეიმურაზ პირველს მძევლები მოსთხოვა, რომელმაც თავისი დედა – ქეთევან დედოფალი და შვილები გაუგზავნა. 1614 წელს შაჰ-აბასი პირველად შემოესია საქართველოს. ლუარსაბმა და თეიმურაზმა ვერ გაბედეს მასთან შებრძოლება და ორივენი იმერეთში გადავიდნენ. შაჰმა მრავალჯერ შეუთვალა მათ: გადმოდით ქართლ-კახეთში, არაფერს დაგიშავებთო. ამის შემდეგ, შაჰმა ორივეს გაუგზავნა წერილი ერთნაირი ტექსტით, სადაც მხოლოდ სახელები იყო შეცვლილი, შენთან რა ხელი მაქვს, ლუარსაბია ცუდი კაციო და პირიქით. მას სურდა შუღლი ჩამოეგდო თეიმურაზსა და ლუარსაბს შორის, მაგრამ მათ ეს წერილები ერთმანეთს აჩვენეს და შაჰის ჩანაფიქრიც გამოაშკარავდა. მოგვიანებით, შაჰმა შადიმან ბარათაშვილი გაუგზავნა ლუარსაბს. დიდი ძალისხმევის შედეგად მან ლუარსაბ მეორე დაიყოლია, რომ ქართლში, შაჰ-აბასთან გამოცხადებულიყო. არსებობს ერთი ვერსიაც, რამაც გადააწყვეტინა ლუარსაბს ქართლში გადასვლა.

– გვიამბეთ ამის შესახებ.

– იმერეთის მეფე გიორგი მესამეც ბაგრატიონი იყო, მაგრამ ქართლის მეფეები მიიჩნევდნენ, რომ ბაგრატიონთა მთავარი შტოს წარმომადგენლები სწორედ ისინი იყვნენ და ამის გამო ზემოდან უყურებდნენ იმერეთის მეფეებს. ერთ-ერთი ცნობით, გიორგის ლუარსაბის წინაშე ფეხი ფეხზე გადაუდვია, რაც ქართლის ბაგრატიონთა წარმომადგენელს პირად შეურაცხყოფად მიუღია. ჩემი აზრით, ეს ვერსია ნაკლებ დასაჯერებელია. ვფიქრობ, ლუარსაბი იმიტომ გამოცხადდა შაჰთან, რომ მას ქართლი არ აეოხრებინა.

ლუარსაბს ორი და ჰყავდა. ერთ-ერთ მათგანზე – ხორეშანზე თეიმურაზ პირველმა იქორწინა, მეორე და კი, რომელიც წყაროებში უფრო ხშირად ლელა ბატონიშვილის სახელით გვხვდება, შაჰის ცოლი გახლდათ.

– დიდი რისკი გასწია ლუარსაბმა, როდესაც შაჰთან, ანუ საკუთარ სიძესთან, ქართლში გადმოსვლა გაბედა. როგორ შეხვდნენ ისინი ერთმანეთს?

– ცნობილია, რომ შაჰმა ბრწყინვალედ იცოდა ქართული ენა. მართალია, ბებია არ ჰყავდა ქართველი, როგორც ამბობენ ხოლმე, მაგრამ ის ჰარამხანაში იზრდებოდა, მისი მამისა და ბაბუის ქართველი ცოლების გარემოცვაში. შაჰ-აბასი ძალზე ძლიერი დიპლომატი იყო. იგი გორში მიეგება ლუარსაბს. რამდენიმე დღე იქ ინადიმეს, რის შემდეგაც უთხრა: ვინადიროთ და შემდეგ შენ შენი გზით წახვალ, მე – ირანის გზას გავუდგებიო. ჩამოიყვანა თბილისში, იქიდან ყარაიას ველზე დაპატიჟა სანადიროდ, შემდეგ ყარაბაღისკენაც ვინადიროთო... ნადირობის დროს ლუარსაბს მეტი მოუნადირია, შაჰთან შედარებით. ეს უკანასკნელი შურიანი ყოფილა. როგორც წესი, ტირანები შურიანები არიან. მას არ შეუმჩნევია და ბოღმა გულში ჩაუმარხავს. არსებობს ვერსია, თითქოს შაჰის ცოლს – ლელას, თავისი ძმისთვის მიუწერია: ლუარსაბ, ნუ ეჩვენები კარგად, შაჰი ხვანჯიანი კაცია და ყველაფერს გულში ჩაიდებსო. რაზეც ლუარსაბს უპასუხია: როგორც არ უნდა ვეჩვენო, შაჰი ჩემი უკან დამბრუნებელი არ არისო.

ერთ-ერთი წყარო შაჰის მიერ მოწყობილ ასეთ ფანდსაც ყვება: მას ლუარსაბისთვის უჩუქებია ძვირფასი თვლებისგან დამზადებული ჯიღა და უთხოვია, რომ ეს საჩუქარი მუდამ ეტარებია. ლუარსაბიც ჯიღას მუდამ თან ატარებდა. მაშინ შაჰს ლუარსაბის ერთ-ერთი მხლებლისთვის დაუვალებია ამ სამკაულის მოპარვა. როდესაც ლუარსაბი მეორე დღეს ჯიღის გარეშე გამოცხადდა, შაჰი „შეწუხდა”: მე ეს ერთი რამე გთხოვე და ამასაც არ მისრულებო? ლუარსაბი გამოუტყდა – მომპარეს და მთელი დღეა ვეძებო. შაჰი განრისხდა: ლუარსაბს კარგი დაცვა არ ჰყოლია და დღეიდან მე ვუზრუნველყოფ ჩემი საყვარელი ცოლის ძმის დაცვასო. ასე ტკბილი ენით, ნელ-ნელა, აიყვანა შაჰმა ლუარსაბ მეორე საპატიო ტყვეობაში. სწორედ ირანის გზაზე იწყება ლუარსაბის გმირობის ამბავიც.

– რამდენი ხანი დაჰყო ტყვეობაში ლუარსაბ მეფემ?

– შაჰს მიაჩნდა, რომ თუ მეფე გამაჰმადიანდებოდა, მას მისი ქვეშევრდომებიც მიბაძავდნენ. ასე უფრო გაიოლდებოდა მისი დაგეგმილი პოლიტიკის გატარება. ლუარსაბი მას მტკიცედ დაუდგა. შაჰმა ჯერ დაუყვავა, მერე გაუწყრა, მერე დაემუქრა სიკვდილით დაგსჯიო, მაგრამ არაფერმა გასჭრა. ამიტომ, შაჰ-აბასმა იგი გულაბის ციხეში გამოამწყვდია. ქართლის ტახტზე კი გამაჰმადიანებული ბაგრატ-ხანი დასვა. მიუხედავად ამისა, ქართველები, სანამ ხედავდნენ ლუარსაბ მეფის სიმტკიცეს, მტერს არ ნებდებოდნენ. ლუარსაბის წამების მთავარი მიზეზი სწორედ ეს იყო. როცა დარწმუნდა შაჰი, რომ მას ვერანაირად იმორჩილებდა, ადგა და მოაკვლევინა.

– როგორ მოხდა ლუარსაბის მკვლელობა?

– ქართული წყაროები წერენ, შაჰმა ლუარსაბი ციხის მცველებს მშვილდის საბლით მოახრჩობინაო. ევროპული წყაროების თანახმად, ლუარსაბის მკვლელობა სხვაგვარადაა აღწერილი. ფრანგი მოგზაური ჟან შარდენი ასეთ ცნობას გვაწვდის: ქართველებმა რუსებს ბევრჯერ სთხოვეს, რომ როდესაც ელჩს გაგზავნით, იქნებ ერთ პუნქტად ლუარსაბის დაბრუნების საკითხიც შეიტანოთო. ისინი დათანხმდნენ. ეტიკეტის თანახმად, სანამ შაჰთან აუდიენცია შედგებოდა, მანამ მისი მოხელეები არკვევდნენ, თუ რა საკითხებზე უნდა ესაუბრათ მხარეებს. შაჰს ლუარსაბის გათავისუფლება ხელს არ აძლევდა, მეორე მხრივ, ვერც რუსეთის მეფეს ეტყოდა უარს. ამიტომ მან ასეთი გამოსავალი მოძებნა. სანამ აუდიენცია შედგებოდა, ლუარსაბი მოაკვლევინა. ნადიმზე კი, აუდიენციის წინ, მოიკითხა: ჩემი ლუარსაბი როგორ მყავსო? შემოვიდნენ დამწუხრებული კარისკაცები და მოახსენეს, ლუარსაბ მეფე სათევზაოდ წავიყვანეთ, გადააგდო ბადე ტბორში, გადაჰყვა და დაიხრჩოო. როგორ გაბედეთო! – „განრისხდა” შაჰი და მისი მცველების სიკვდილით დასჯა ბრძანა. ამის შემდეგ, აუდიენციაზე, როდესაც ლუარსაბის გათავისუფლების შესახებ ჩამოვარდა საუბარი, შაჰმა განაცხადა: ამ თხოვნაზე რუსეთის მეფეს უარს როგორ ვეტყოდი, მაგრამ საქმე ისაა, რომ სულ რამდენიმე დღის წინ ჩემი საპატიო სტუმარი თევზაობისას დაიხრჩოო.

ასეთია ლუარსაბ მეორის ცხოვრება-მოღვაწეობა, რომელმაც უკანასკნელი 8 წელი შაჰ-აბასის ტყვეობაში გაატარა. წმიდანად შერაცხული მეფის საფლავი, სამწუხაროდ, არ არის ცნობილი.



ეკა სალაღაია


скачать dle 11.3