კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2019 (54)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)

როგორ ესწრება ვენაში გამართულ მეჯლისებზე ცნობილ ადამიანებთან ერთად ქეთი პაპავა და რაზე ესაუბრებიან მას ავსტრიელი დიდგვაროვნები


ქეთი პაპავა ევროპაში ერთ-ერთი წარმატებული ბალერინაა. ის თბილისშია დაბადებული და შესაბამისად, მისი საბალეტო კარიერა სწორედ საქართველოში დაიწყო. შემდეგ ის საცხოვრებლად და სამუშაოდ რუსეთში გადავიდა. ამჟამად ახალგაზრდა ბალერინა ვენის შტაცოპერის სოლისტია. ქეთის დეიდა კი ცნობილი და ყველასთვის საყვარელი ბალერინა ირმა ნიორაძეა.


ქეთი: თბილისში ვარ დაბადებული და 10 წლამდე საქართველოში ვცხოვრობდი. ორი წლის განმავლობაში დავდიოდი ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში. საქართველოში ჩემი სწავლის პერიოდი დაემთხვა სამოქალაქო ომს, აქედან გამომდინარე, შეჩერდა სასწავლო პროცესი. სასწავლებელში არანაირი პირობები არ იყო, გაყინულ დარბაზში მიწევდა მეცადინეობა. იმ დროს საქართველოში სტუმრად ჩამოვიდა ირმა დეიდა – ირმა ნიორაძე და გადავწყვიტე, ბედი მეცადა, მისაღები გამოცდები ჩამებარებინა სანკტ-პეტერბურგის სახელმწიფო რუსულ საბალეტო აკადემიაში. ჩავირიცხე და სწავლა განვაგრძე. ამ დიდი საჩუქრისთვის მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს დეიდას ქალბატონ ირმა ნიორაძეს.

– როგორ ცხოვრობდი პეტერბურგში?

– პირველი წელი ჩემთვის საკმაოდ რთული აღმოჩნდა, ოჯახისა და მეგობრების გარეშე მიწევდა ყოფნა. მართალია, დეიდებთან ერთად ვცხოვრობდი, მაგრამ ხშირად ვიყავი მარტო, ორივე დეიდა თვეების განმავლობაში იყო გასტროლებზე. საბალეტო აკადემიაში ზოგადსაგანმანათლებლო საგნებსა და ქორეოგრაფიას ერთად გავდიოდით. შესაბამისად, დილის 9 საათიდან საღამოს 6 საათამდე სულ აკადემიაში მიწევდა ყოფნა. შემდეგ რეპეტიციები გვეწყებოდა. რუსულ საბალეტო აკადემიაში საკმაოდ რთულია სწავლა, რადგან ეს პროფესია ზედმიწევნით აკადემიურ ცოდნას მოითხოვს. ამიტომაც უწოდებენ მსოფლიო საბალეტო ხელოვნების ცხელ წერტილს. ყოველი წლის გამოსაშვებ გამოცდაზე ხდებოდა მოსწავლეების გაცხრილვა. მხოლოდ საუკეთესოები რჩებოდნენ და ისინი აგრძელებდნენ სწავლას. ვფიქრობ, ბედმა გამიღიმა და წარმატებით დავამთავრე საბალეტო აკადემია. შემდეგ უკვე საკონკურსო შერჩევით ჩავირიცხე პეტერბურგის მარინის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში, დამწყებ მსახიობად.

– როდის მოვიდა პირველი სერიოზული წარმატება?

– მარინის თეატრში სერიოზული წარმატება სწრაფად არ მოდის. დაუღალავი შრომით, ყოველდღიური მეცადინეობითა და მსახიობის დიდი ოსტატობით, ნაბიჯ-ნაბიჯ პროფესიონალიზმთან ერთად მოდის წარმატებაც. იმ პერიოდში მარინის თეატრში დამდგმელ ქორეოგრაფად მოწვეული იყო დაიმენა პანდურსკი, რომელმაც რახმანინოვის მუსიკაზე დადგა დოსტოევსკის „უწყინარი“. მთავარ როლზე ამიყვანეს. სპექტაკლის პრემიერა გაიმართა სოფიის ოპერისა და ბალეტის თეატრში. ეს იყო ჩემი პირველი წარმატება.

– ალბათ, ძალიან იღლები?

– დიახ, მაგრამ ეს დაღლა დიდ სიამოვნებას მანიჭებს, რადგან ვიცი, რომ ჩემი ხელოვნებით სხვას ვანიჭებ დიდ სიამოვნებას.

– რამდენი ხანი მუშაობდი მარინის თეატრში?

– ხუთი წელი ვიმუშავე და, შემდეგ ვენის შტაცოპერის თეატრმა მიმიწვია სოლისტად. მეც მინდოდა ევროპაში გადასვლა, რადგან ძალიან მომწონს მოდერნი, ევროპული ქორეოგრაფიაც მსურდა ამეთვისებინა. ვენაში ყველაფრის თავიდან დაწყება აღარ მაშინებდა, რადგან ეს გზა უკვე განვლილი მქონდა.

– როგორც ვიცი, ახალ წელს თქვენი ცეკვა პირდაპირი ეთერით გადაიცა თითქმის მთელ მსოფლიოში.

– დიახ, 31 დეკემბერს 12 საათამდე რეპეტიციები მქონდა, ახალ წელს თეატრში შევხვდი ჩემს მეგობრებთან ერთად. ასეთია ჩვენი თეატრალური ცხოვრება. საერთოდ, საახალწლო კონცერტები ყოველ წელს იმართება და მას მთელი მსოფლიო უყურებს. შარშანაც საახალწლო კონცერტზე შტრაუსის „სწრაფი პოლკა“ ვიცეკვე, რომელიც მალახოვის დადგმა იყო და პირდაპირი ეთერით გადაიცემოდა. წლევანდელ საბალეტო საკონცერტო დადგმაზე იტალიელი ქორეოგრაფი – რენატო ზანელა მოიწვიეს, ხოლო კოსტიუმების ავტორი მსოფლიოში ცნობილი დიზაინერი – ვალენტინო იყო.

– რამდენად რთული იყო მასთან მუშაობა?

– ასეთ ცნობილ დიზაინერთან, როგორიც ვალენტინოა, მუშაობა ძალიან სასიამოვნოა. საოცრად კეთილი ადამიანია, ღიმილიანი, სულ ითვალისწინებდა ჩვენს აზრს, რადგან ბალერინებთან უწევდა მუშაობა. ვალენტინო ჩემი საყვარელი დიზაინერია. ჩვენი გემოვნება ერთმანეთს ემთხვევა. ღონისძიება ვენის ისტორიის მუზეუმში ჩატარდა, რვა წყვილი ვცეკვავდით და ეს გადაიცემოდა პირდაპირი ეთერით. მალე დისკიც გამოვა და შეიძლება მისი ნახვა.

– როგორც ვიცი, შენ გიწევს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ყოფნა, ხვდები ცნობილ ადამიანებს, მათ წინაშე ცეკვავ და ალბათ, ისინიც ესწრებიან შენს სპექტაკლებს.

– თუ დაკავებული არ ვარ, ყოველთვის მივდივარ იქ სადაც მეპატიჟებიან. ძალიან ბევრ ადამიანს ვიცნობ და თითქმის ყოველთვის დაპატიჟებული ვარ მეჯლისებზე, რომელიც ზამთარში იმართება. იანვარში ოპერბალის გახსნა იქნება და მე ჩემმა დირექტორმა, მიმიწვია როგორც თეატრის სახე, ამ მეჯლისზე მსოფლიოში ცნობილი ადამიანები ჩამოდიან, ვენის დიდგვაროვანი ხალხი ესწრება. შარშან ჩამოსული იყო სოფი ლორენი, ასევე ავსტრიის ერთ-ერთი დიდგვაროვანი, რომელიც მე როგორც პრინცი, ისე გამაცნეს. ასეთ ხალხთან ხშირი ურთიერთობა არ მაქვს, უბრალოდ მათ მეჯლისზე ვხვდები, მომიკითხავენ და აინტერესებთ, კიდევ როდის მაქვს სპექტაკლები. მოკრძალებული ურთიერთობა გვაქვს. ისინი დადიან თეატრში ჩვენს სპექტაკლებზე და მეც რამდენჯერმე ვიცეკვე მეჯლისზე მათ წინაშე, მაგრამ შარშან და წელს მიწვეული ვიყავი, როგორც სტუმარი. შარშან თამარ ივერმა გახსნა ეს მეჯლისი. ძალიან სასიამოვნო საღამოებია.

– ირმა თუ დასწრებია შენს სპექტაკლს, ან თუ გიცეკვიათ ერთად?

– ვენაში ვერ მოახერხა ჩემს გამოსვლაზე დასწრება, რომ დაესწროს ძალიან გამიხარდება. მიყვარს, როდესაც ჩემები სხედან დარბაზში. მარინის თეატრში მე და ირმას ხშირად გვიწევდა ერთად ცეკვა. როცა ირმას ვუყურებ ძალა და სტიმული მემატება, რომ კარგად ვიცეკვო. შარშან ზაფხულში ლევან უჩანეიშვილი ფილმს იღებდა სალვადორ დალის ცხოვრებაზე. რადგან მხატვრის მეუღლე ბალერინა იყო, სამი მომაკვდავი გედის სიუჟეტი დადგა, რომელშიც ვმონაწილეობდით: მე, ირმა და ნინო ანანიაშვილი. გადაღება თბილისის ზღვაზე მიმდინარეობდა.


скачать dle 11.3