კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

წუნია სასიმამრო


მაშინ „გეპეის“ სტუდენტი ვიყავი. უნივერსიტეტში ვერ ჩავაბარე, პრესტიჟულ პროფესიებზე დიდი კონკურსი იყო, ამიტომ საბუთები „გეპეიში“ შევიტანე, გეოლოგიის ფაკულტეტზე. მშვენივრად ვსწავლობდი მიწის ფენებსა და მის შემადგენლობას. მოკლედ, ბოლო წელი მქონდა დარჩენილი, მაიკო რომ გავიცანი. ისიც „გეპეიში“ სწავლობდა, იურიდიულზე. გავიცანი და იმ წუთიდან შემიყვარდა. ხშირად ვხვდებოდით, ვსეირნობდით. ერთხელ, კაფედან გამოსულებს, მამამისი შეგვხვდა. რაღაცეები გამომკითხა, როგორც წესი. მეც ყველა კითხვაზე ალალად ვუპასუხე. ამის მერე ჩემსა და მაიას შორის სიტუაცია დაიძაბა. როგორც მისმა დაქალმა მითხრა, მამამისს არ მოეწონეო. მამამისი ბიზნესმენი იყო, რამდენიმე კარგი მაღაზიის პატრონი, არც ფული აკლდა და არც სახლ-კარი. მაია იურიდიულზე სწავლობდა, მერე უცხოეთში აპირებდა სწავლის გაგრძელებას და მამამისს ჩემნაირი ბიჭი სიძედ, რაღა თქმა უნდა, არ მოეწონებოდა. დავღონდი, საფიქრალში ჩავვარდი. იმ დღეებში ჩემს ბიძაშვილს შევხვდი. ის ერთადერთი იყო მთელ ჩემს საგვარეულოში, რომელსაც კარგი სამსახური და შეძლება ჰქონდა. ფინანსთა სამინისტროში მუშაობდა. კარგი ადამიანი იყო, ყველას ეხმარებოდა, რისი საშუალებაც ჰქონდა. სულ შემთხვევით შევხვდი. იქვე, კაფეში დავსხედით. რაღაცეები გამომკითხა ოჯახზე. მე ჩემი გაჭირვება მქონდა და ამ ცხოვრებაზე დაბოღმილი, უხალისოდ ვპასუხობდი. მან შემატყო და მკითხა, რა იყო, რა ცხვირ-პირი ჩამოგტირისო. მეც ავდექი და ჩემი გასაჭირი ვუამბე. ცოტა ჩაფიქრდა. მერე მკითხა, მაღაზიები სად აქვსო. მეც ვუთხარი, რომლებიც ვიცოდი. მაშინ, ხვალ მივალთ და ნახავ, შენი პრობლემა როგორ მოვაგვაროო. რაღა თქმა უნდა, არანაირი იმედი არ გამჩენია, მაგრამ მაინც ვიფიქრე, დიდი კაცია, მივა, როგორც ჩემი ახლობელი და მამამისს დაელაპარაკება-მეთქი. თუმცა, ის ან დასთანხმდება, ან – არა, შეყვარებულისთვის კი სათუო საქმე ვერაფერი იმედია.

მეორე დღეს დათქმულ დროს შევხვდით ერთმანეთს. მან „ბაჯი“ ჩამომკიდა გულზე, თვითონ „პაპკა“ ამოიჩარა იღლიაში და წუნია სასიმამროს მაღაზიაში შევედით. როგორც კი საბუთი ანახვა და ადმინისტრატორი მოითხოვა, იმ წამს შიგნით შეგვიყვანეს, დირექტორის კაბინეტში. დირექტორი არ დაგვხვდა. დარეკეს. უთხრეს გზაშია, მოდისო. თქვენ აქ დაელოდეთ, ყავას მოგართმევთო, – შემოგვთავაზეს. ცოტა ხანში მოვიდა. მე რომ დამინახა, შეცბა. გაუკვირდა, მათვალიერებდა, ხომ არ მეშლებაო. რომ დარწმუნებულიყო, მკითხა, შენ მაიას ნაცნობი არა ხარ? „გეპეიში“ არ სწავლობო? მეც ვუპასუხე – დიახ, ის ვარ-მეთქი. ჩემმა ბიძაშვილმა საბუთები მოსთხოვა. ისიც დაფაცურდა: ხან რა მოჰქონდა, ხან – რა. მერე თვალით მანიშნა, გადიო. მეც გავედი, თან ყურს ვუგდებდი. ბიძაშვილმა მშვიდად დაიწყო: ამ საბუთში ასახული თანხა წინა ორი კვარტლისააო; ახლანდელი სად არისო; რაღაც საბუთი საერთოდ არ გაქვსო. ამან, – ისეთი რამ ჯერ არავის მოუთხოვია და ამის მერე აუცილებლად მექნებაო. მერე ხმას დაუწიეს და რაღაც ისე მოითათბირეს. აღარაფერი მესმოდა და ამან ეჭვში ჩამაგდო. შიგნით შევედი. ბიძაშვილმა ხმას აუწია – ეს არის ჩვენი სიამაყე. აი, ამ წელს სწავლას მორჩება თუ არა, ჩემთან იწყებს მუშაობას. ახლა სტაჟიორად დამყავს და ვასწავლი, მერე კი ყველანაირად შევუწყობ ხელს და დიდებულ კაცად ვაქცევ. მამამისისგან დიდად დავალებული ვარო. ძალიან კარგია. აი, ასეთი ნათესავი მესმისო, ღიმილით მიყურებდა მაიას მამა. მის თვალებში აღარ იყო ცივი სიძულვილი, თითქოს დამთბარიყო და წყალობას მიგზავნიდა. ცოტა ხანს კიდევ გავჩერდით. ჩემმა ბიძაშვილმა კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ საბუთები მოეწესრიგებინა და ისიც დაუმატა, ვითომ ხუმრობით: საკმარისი საბუთები არასდროს არ გროვდებაო. დიდი პატივით გამოგვაცილეს იქიდან. მეორე დღეს უკვე მაიასთან ერთად ვსეირნობდი. თურმე, მამამისს პირიქით სამდურავი უთქვამს – მე როდის გითხარი, მაგ ბიჭთან არ გქონდეს ურთიერთობაო. უბრალოდ, კარგად გაიცანი, ვინ არის, საიდან, როგორი ოჯახი აქვს, თორემ, მაგასთან რატომ უნდა მქონდეს პრობლემაო. ასეთი ორპირები არიან მამები, როცა თავისი შვილის მომავალზე ფიქრობენ. მალე უერთმანეთოდ ვეღარ გავძელით და ოჯახი შევქმენით. ამასობაში ინსტიტუტიც დავამთავრე, ჩემი სიმამრი კი დღესაც ელოდება როდის დავიწყებ ფინანსთა სამინისტროში მუშაობას. თუმცა, დიდი ხანია, მიხვდა, ძალიან შორს რომ ვარ ფინანსებისგან, მაგრამ, რაღას იზამდა. ახლა მის ერთ-ერთ მაღაზიას ვხელმძღვანელობ პატიოსნად და მე და მაია ორ შვილს ვუზრდით სამშობლოს.


скачать dle 11.3