კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ გაზომა გოგა ჩანადირი წელქვემოთ სანტიმეტრით და ვის სთხოვდა ის ფილარმონიასთან ფუნჩულას


ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირი ბევრ უცხო ქვეყანაშია ნამყოფი და ბევრი უცნაური რამეც აქვს აღბეჭდილი ფოტოფირზე. ის ძალიან თბილი, სათნო, მგრძნობიარე და სათუთი ბუნების ადამიანია. უამრავი ტკბილი მოგონებაც აქვს გასახსენებელი და თქვენ წარმოიდგინეთ, საქართველოს სიყვარულით დალეული თხუთმეტი ჭიქა ალკოჰოლის გამო, მისი სახელი უცხოეთის ერთ-ერთი ცნობილი ბარის კედელზეც კი ამოტვიფრეს. თუ სად ასახელა გოგამ თავისი სამშობლო ჭიქით ხელში, რატომ ჩაძვრა შარვალი მუზეუმში შესვლისას და როგორ აგიჟებს ის უცხოელებს თავისი ქართული ტემპერამენტით, ამაზე თავად გიამბობთ.

გოგა ჩანადირი: იქიდან გამომდინარე, რომ ჩემი საქმიანობის გამო, ყოველდღიურად მიწევს უჩვეულო გარემოში ყოფნა, რასაკვირველია, ხშირად ვვარდები კურიოზულ სიტუაციებში. იუმორი ამ დროს ყველაზე კარგი გამოსავალია. ამას წინათ, მერიის წინ, ჩახუტების აქცია მოვაწყვეთ. ნაცნობ-უცნობები ერთმანეთს ვეხუტებოდით და ასე გადავცემდით ერთმანეთს სითბოს და სიყვარულს. გავიხედე, თოვლის ბაბუა მოდის, გავიქეცი, ვიფიქრე ამასაც ჩავეხუტები-მეთქი. მივვარდი და არ გადაირია? (იცინის). დაიწყო ყვირილი, არ მინდა ჩახუტება, არ მომეკაროთო. ეტყობა იფიქრა, ახლა ამან არ დამცინოსო. რა ვიცი, ალბათ გაბრაზებული იყო და ამიტომ არ მოგვეკარა.

– ბევრს მოგზაურობ. ალბათ, მგზავრობასთან დაკავშირებითაც გექნება საინტერესო ამბები გასახსენებელი?

– ხშირად ვაგვიანებ თვითმფრინავზე. იმწუთას ეს სტრესში მაგდებს, მაგრამ მერე ძალიან ვხალისობ ხოლმე, რომ ვიხსენებ. ერთხელ, აფრიკის აეროპორტში მივედი და გამომიცხადეს თქვენი ბილეთი დაბლოკილიაო. თურმე, წინასწარ უნდა დამერეკა და დამეზუსტებინა რომ ნამდვილად მივფრინავდი. გადავირიე, თან ფულიც აღარ მქონდა, ამ უცხო მხარეში რა უნდა მექნა? ბოლოს, როგორც იქნა, ჩამსვეს თვითმფრინავში და გამომამგზავრეს ზიმბაბვე. იქიდან კენიაში ჩავედი და ისევ პრობლემა შემექმნა. მითხრეს, შენი ბილეთი დუბაიდან დაბლოკა ვიღაცამო. ვიფიქრე, კაცო, რა დავაშავე, ვინ მბლოკავს, ჩემი ასეთი რა ჯინი სჭირს-მეთქი. გავგიჟდი. ისევ ის მითხრეს, უნდა გაგეფრთხილებინეთ წინასწარ, რომ გეგმები არ შეცვლილა და ნამდვილად უნდა გაფრენილიყავიო. მოკლედ, შოკში ჩამაგდეს. ასე, ახსნა-განმარტებებითა და დაბლოკვა-დაბლოკვით ჩამოვედი სამშობლოში. იმ დროს ნამდვილი შოკი მქონდა, მაგრამ ახლა დიალოგებსა და ჩემს რეაქციებს რომ ვიხსენებ, მაგრად ვხალისობ. მოსაყოლად ადვილია, მაგრამ, როცა ფაქტს ეჯახები, ნამდვილი – შოკი.

– უცხო მხარეში თუ დაკარგულხარ?

– არასდროს. არც უცხო მხარეში დავკარგულვარ და არც საქართველოში. ორიენტაციის კარგი უნარი მაქვს და თან შენობებითა და ნაგებობებით ვიმახსოვრებ ამა თუ იმ ადგილს. შეიძლება კონკრეტული მისამართი ვერ ვიპოვო, მაგრამ საიდანაც წავედი, იმ ადგილზე აუცილებლად მივალ. დაკვირვებული თვალი მაქვს და ჩემი დაკარგვა არც ისე ადვილია.

– მართალია, გოგა უცხოეთში დაცვის წევრებმა წელს ქვევით სანტიმეტრით გაზომეს და ისე შეუშვეს სამეფო სასახლეშიო?

– მართალია. ტაილანდში არის სამეფო სასახლე, სადაც ძალიან დიდი სიმდიდრე ინახება და ტურისტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე ღირსშესანიშნავი ადგილია. იქ, ოქროთი და ძვირფასი თვლებით მოჭედილი ქანდაკებები, სახურავები და სასახლეებია. რომ შეხვიდე, უნდა გეცვას თურმე აუცილებლად კოჭებამდე შარვალი. მოკლედ, თუ მუხლს ზემოთ გაცვია შარვალი და ტურისტულად გამოწყობილი ხარ, იქ ვერ შეხვალ. მიაჩნიათ, რომ ეს შეურაცხყოფაა. შესასვლელში დაცვა დგას სახაზავით ხელში, გაგიზომავენ შარვლის სიგრძეს და თუ სტანდარტს აკმაყოფილებ, შეგიშვებენ, თუ არა და ხელს დაგიქნევენ, ანუ წაბრძანდი, ჩაიცვი შარვალი და მოდიო. არადა, მოკლე შარვალი მაცვია, რა ვიცოდი, ასეთი სიმკაცრე თუ იყო? ვდგავარ უზარმაზარ რიგში. გავიხედე, რამდენიმე ბიჭი არ შეუშვეს. ვიკითხე, რაშია საქმე-მეთქი? მიპასუხეს, შარვლის სიგრძემ არ დააკმაყოფილათო. დავხედე ჩემს შარვალს, მივხვდი, მეც იგივე ბედი მელოდა. თან ამ სიგრძე რიგში ტყუილად დგომა ხუმრობა საქმეა? ამ დროს უნდა დაფიქრდე და გამოსავალი მონახო. მეც ასე მოვიქეცი. გრძელი მაისური მეცვა, გარედან ამოვიწიე, ქამარი მოვიხსენი, „შორტები“ რაც შეიძლებოდა დაბლა ჩავწიე, ცოტა მოვხარე მუხლები და ასე ბობღვა-ბობღვით და მოკლე-მოკლე ნაბიჯებით ვეახლე დაცვის ბიჭებს. მომადეს სახაზავი, დასაშვებ ნორმას აღემატებოდა ჩემი შარვლის სიგრძე, ერთი სანტიმეტრით გრძელიც კი აღმოჩნდა. კი შემომხედეს საეჭვოდ, მაგრამ ვერ მიხვდნენ, რაში იყო საქმე და გამატარეს. შევედი სასახლეში, ვიფიქრე, ამათ რადგან დავუსხლტი, ჩქარა შევალ-მეთქი დარბაზში და არ ჩამძვრა შარვალი? (იცინის). დავრჩი გაღიმებული. დავწვდი სასწრაფოდ ამ ჩემს შორტებს, ავიწიე მაღლა და შევვარდი თავქუდმოგლეჯილი შიგნით. ამას ქართველი თუ მოიფიქრებდა მარტო, ჰოდა მეც გამომადგა იქ ჩემი გენი.

– გოგა, ყოველთვის ცდილობ სუფთა ქართულით იმეტყველო და არ იხმარო ბარბარიზმები. ამის გამო უხერხულ სიტუაციებში არ ვარდები ხოლმე?

– არ მიყვარს ენის დამახინჯება და სულ ვცდილობ, შესაბამისად ვიმეტყველო. ერთხელ კახეთში ვიყავი რთველში. ვედროს ხომ არ ვიტყოდი? დავიყვირე, სათლი გამევსო, სათლი, ახალი სათლი მომაშველეთ-მეთქი. სახლის პატრონმა გამომხედა, შვილო, სათალი არ გვაქვს, მაგრამ ამ საღამოს კარგ მწვადებზე დაგპატიჟებთო (იცინის). ერთხელ კი, ფილარმონიასთან ახლოს, საცხობთან ვიდექი და ვყიდულობდი ფუნჩულას, ანუ როგორც მას ეძახიან „პონჩიკს“. ჩემს უკან იდგა ახალგაზრდა გოგონა. ვუთხარი გამყიდველს, ორი ფუნჩულა ჩამიდეთ-მეთქი, ვერ გაიგო, რა მინდოდა, მაგრამ ორი ცალი „პონჩიკი“ ჩამიდო და მომცა. იმ გოგონამაც გაიგო. ეტყობა, იფიქრა, ნეტავ ეს ფუნჩულა რა არის, მეც გავსინჯავო და გამყიდველს ნაზად უთხრა, ქალბატონო, ორი „პონჩიკი“ და ერთი ფუნჩულა მომეცითო. გამყიდველმა ჰკითხა, გოგონი, ფუნჩულა თუ „პონჩიკიო“. ამანაც გაიკვირვა, რა ვერ გაიგეთ, ერთი ფუნჩულა და ორი „პონჩიკიო“. მე კიდევ გულში ვფიქრობდი, შე საწყალო, ერთი და იგივეა და რას აბნევ ამ საცოდავ გამყიდველს-მეთქი.

– ვიცი, ზომიერი მსმელი ხარ, თუმცა, გავიგე, შენი „საგმირო“ საქციელის გამო, ერთ-ერთი უცხოური ბარის კედელზე შენი სახელი და გვარი სწორედ უზომოდ დალეული ალკოჰოლის გამო ამოტვიფრეს. ამასაც ხომ არ მომიყვები?

– რატომაც არ მოგიყვები. ამით უცხო მხარეში ჩემი ქართველობა დავამტკიცე და თან ჩემი სახელიც დავტოვე იქ. ფილიპინებში არის ბარი „კოკო-მანგო“, სადაც თუ თხუთმეტ ჭიქა კოქტეილს დალევ, ძალიან მაგარი ხარ და კედელზე ჩამოკიდებულ დაფაზე დიდი ასოებით წერენ იმ ადამიანის სახელსა და გვარს, ვინც ეს „გმირობა“ ჩაიდინა და იმ ქვეყნების დასახელებას, საიდანაც გამარჯვებულია. სწორედ ამ ბარში ვასახელე საქართველო და ზედიზედ თხუთმეტი ჭიქა კოქტეილი დავლიე. იქ შეგიძლია, შეხვიდე და საკუთარი ძალები მოსინჯო. მეც ვივაჟკაცე და გამომივიდა. რომ გავხედე კედელს და იქ საქართველოს სახელით არავინ იყო დაფიქსირებული, ვიფიქრე ამას ჩემს თავზე ავიღებ-მეთქი. თან სინგაპურელი გოგონები მახლდნენ. დავსხედით მაგიდასთან. კოქტეილები პატარა სირჩებით მომიტანეს და მითხრეს დროში შეზღუდული არ ხარ, მთავარია, ესენი დალიოო. ერთი ჭიქა რომ დავლიე, ვერაფერი ვიგრძენი, მივაყოლე მეორე, მესამე... ჩემს წინ ისხდნენ კანადელები და ისინიც აპირებდნენ რეკორდის დამყარებას. მოკლედ, საუბრობდნენ და ნელ-ნელა სვამდნენ, ორიოდე სირჩა ჰქონდათ ჯერ გამოცლილი. გადმომხედეს. ვიფიქრე, ამათ ვაჩვენებ ახლა დალევას, ბოლოს და ბოლოს ქართველი ვარ და სვენებ-სვენებით დალევას ჯობია, მივაყოლო და დროულად დავამყარო რეკორდი-მეთქი. მივადექი და მივაყოლე და მივაყოლე. ზოგი მწარე კოქტეილი იყო, ზოგი ცხარე. რვა კოქტეილის შემდეგ, ვიგრძენი გრადუსი, დამიბუჟდა სხეული. თავს შემოვუძახე, მიდი, გოგა-მეთქი და დანარჩენიც „დავუშვი“. ტაშის ხმა კი მესმოდა, იძახდნენ – ყოჩაღ-ყოჩაღო და მეტი არაფერი მახსოვს. დილით გამოვიღვიძე. იმ გოგონების სათრევი გავმხდარვარ. თურმე, ამომიიღლიავეს და ისე მიმიტანეს სასტუმრომდე ამხელა კაცი. (იცინის). მეორე დღეს, გონზე რომ მოვედი, მივედი ბარში და ჩემზე ბედნიერი კაცი არ იყო, ჩემი სახელი, გვარი და ქვეყანა – „ჯორჯია“ რომ დამხვდა ფირფიტაზე ამოტვიფრული. ასე რომ, კოქტეილების სმაში რეკორდი დამყარებული მაქვს და პირველი ქართველი ვარ, ვინც იქ თავისი კვალი დატოვა ჭიქით ხელში. ათ წუთში 15 ჭიქა კოქტეილის დალევა ხუმრობაა? თან იმიტომ ვიჩქარე, ვიფიქრე, მერე რომ გამიჯდება ალკოჰოლი ორგანიზმში, შეიძლება ვეღარ დავლიო ბოლომდე-მეთქი და ამიტომაც მივაყარე და მივაყარე. ასე რომ, სინგაპურშიც გამომადგა ჩემი ქართველობა.


скачать dle 11.3