კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ბედის ტორეადორი


გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹28-2(472)


გამოსავალი ყოველთვის არსებობს. მთავარია, ცოტა მოინდომო და მას აუცილებლად იპოვი. სულ ცოტა მონდომება – აბა, ეს სალაპარაკოდ ღირს?! ადამიანს, რომელსაც ღმერთმა ყველაფერი მისცა, ანუ, არც ხელი დააკლო, არც ფეხი, არც ყური, არც თვალი და ცხოველისგანაც იმით განასხვავა, რომ აზროვნება შეუძლია, მაინცდამაინც ის რატომ უნდა იფიქროს, რომ ცხოვრება მხოლოდ მუქი ფერებით არის სავსე?! მზე შენთვისაც ამოდის. ზუსტად ისე, როგორც იმ ადამიანისთვის, რომელიც შენ ცხვირწინ ორმოცდაათიათასდოლარიან მანქანაში ჯდება... ნუ შეგშურდება მისი. შეიძლება, შენ მასზე გაცილებით ბედნიერი ხარ...

***

ელენეს მარტოობა არ უყვარდა. არც ჟანი უყვარდა, მაგრამ მის გვერდით თავს დაცულად და კომფორტულად გრძნობდა. ხშირად უფიქრია იმაზე, შვილიც გვერდით რომ ჰყოლოდა, შეიძლებოდა, ბედნიერიც კი ყოფილიყო. ჟანის გამგზავრების შემდეგ, იმასაც მიხვდა, რომ ეს ადამიანი მისთვის გაცილებით მეტს ნიშნავდა, ვიდრე აქამდე ეგონა. „არ შეიძლება, ასეთი გრძნობა არ დავაფასო. მან ყველაფერი გააკეთა ჩემთვის. მერამდენედ დამიმტკიცა, რომ ვუყვარვარ. როდის უნდა გავთავისუფლდე წარსულის ტყვეობისგან? ამდენი წელია, მხოლოდ თავს ვიტყუებ, რომ ყველაფერი დამთავრდა; რომ, იმას, რაც ჩემს ცხოვრებაში ჟანამდე იყო, სამუდამოდ დავემშვიდობე. ეს უნიჭო ტყუილი მხოლოდ მირთულებდა ცხოვრებას. ნიკუშას გარეშე ვერაფრით შევძლებ, ცხოვრება ათვლის ახალი წერტილიდან დავიწყო. ჩვენ ეს ერთად უნდა გავაკეთოთ. ის მალე აქ იქნება, მაგრამ, მოინდომებს კი, მხარში ამომიდგეს?! თუ ისევ სჯერა, რომ მე ვარ მამამისის სიკვდილის მიზეზი, მაშინ?... რა მოხდება მაშინ? ამის გაფიქრებაც კი მზარავს“... – ელენეს თითები აუკანკალდა, ანთებული სიგარეტი ჩაცურდა და იატაკზე დაგებულ ძვირფას ხალიჩაზე დაეცა. ქალმა ხმადაბლა შეჰკივლა, მის ხმაზე კარი გაიღო და ოთახში შეშინებულმა მოახლემ შემოჰყო თავი:

– მადამ, კარგად ხართ?

ელენემ თავი დაუქნია და სიგარეტის ასაღებად დაიხარა.

– კარგად ვარ, კარგად. თუმცა, მგონი, ხალიჩა გავაფუჭე. რაღაცაზე ჩავფიქრდი და სიგარეტი გამივარდა.

– რამეს მიბრძანებთ, მადამ?

– დიახ. მინდა, ხალიჩა დღესვე შეცვალო. არ მინდა, ჩემმა ქმარმა ნახოს, რაიმე მსგავსი შეარჩიეთ!

მოახლე შეყოყმანდა:

– კი, მაგრამ, მადამ...

– რა ხდება, ძალიან რთულია ამის გაკეთება? – გაღიზიანდა ელენე.

– მადამ, როგორც ვიცი, ეს ხალიჩა საკმაოდ იშვიათია და ძვირფასი.

– ამას რა მნიშვნელობა აქვს? მგონი, ერთი ხალიჩის გამოცვლა, როგორი ძვირფასიც არ უნდა იყოს, ჩვენ არ გაგვიჭირდება.

– დიახ, მადამ, გავიგე... ახლავე ყველაფერს მოვაგვარებ.

ელენე ამომწვარ ხალიჩას ჩააშტერდა. თეთრი შალის ხალიჩას მოზრდილ შავ წერტილად აჩნდა სიგარეტის კვალი. ელენემ ხმადაბლა შეიგინა.

მოახლე ისევ შემობრუნდა. ელენემ ჭირვეული ბავშვივით აიქნია ხელები:

– არ მითხრა, რომ ეს ხალიჩა შეუცვლელია, თორემ გავგიჟდები!

– არა, მადამ. ტელეფონზე გთხოვენ, დაელაპარაკებით თუ ვუთხრა, რომ ისვენებთ?

– ჟანია?

– არა, მუსიე ჟანს დღეს არ დაურეკავს. ამ ბატონს თავისი ვინაობა არ დაუსახელებია. მაგრამ, მითხრა, აუცილებლად უნდა ველაპარაკოო.

– ისევ აუქციონიდან იქნებიან. ისევ უნდათ დამარწმუნონ, რომ ჩემი ნახატი გასაყიდად გავიტანო. რა უცნაური ხალხია, რატომ ვერ ხვდებიან, რომ გადაწყვეტილების შეცვლას არ ვაპირებ? ყოველ შემთხვევაში, ახლა არა, საამისო არაფერი მჭირს. რა სისულელეა! ისედაც არაჩვეულებრივი ფინანსური მდგომარეობა მაქვს. გადარეულია ის ვიღაც კოლექციონერი, მოსვენება აღარ მაქვს მათგან. უთხარით, რომ მე ამაზე ლაპარაკს აღარ ვაპირებ, ნუღარ დამირეკავენ.

მოახლე ჩუმად იდგა და აშკარად არ აპირებდა ოთახიდან გასვლას.

– ვერ გაიგე, რა გითხარი? კიდევ გინდა, რამე?

– მადამ, ვფიქრობ, აუქციონიდან არ უნდა რეკავდნენ.

ელენემ ხელები გაშალა:

– შენ რას ფიქრობ, არ მაინტერესებს. მიდი და, რაც გითხარი, ის გააკეთე!

მოახლე უკმაყოფილო სახით გაბრუნდა. ელენე აივანზე გავიდა. სარწეველა სავარძელში მოხერხებულად მოეწყო და თვალები მილულა. შვილთან მოსალოდნელ შეხვედრაზე უნდოდა ეფიქრა. უნდოდა, ეცადა, წარმოედგინა, როგორი გახდა მისი ვაჟი. რამდენიმე ფოტო ჰქონდა მისი, ვახომ გამოუგზავნა, მაგრამ ეს ზღვაში წვეთიც არ იყო. ელენეს უცებ შეეშინდა კიდეც: შეიძლებოდა, სრულიად უცხო ადამიანი აღმოჩენილიყო მის წინაშე?! ქალმა ვიღაცის მზერა იგრძნო და თვალები გაახილა.

– ისევ შენ ხარ? ამჯერად რა მოხდა?

– ისევ გირეკავენ, მადამ. ძალიან დაჟინებით ითხოვენ თქვენთან საუბარს. მე კი ვუთხარი, რომ არ გცალიათ, მაგრამ, მითხრა, მანამდე დავიცდი, სანამ არ დამელაპარაკებაო.

ელენემ ამოიოხრა:

– კარგი. მომიტანე ტელეფონი და მაგარი ჩაიც, ლიმონით.

მოახლემ თავი დაუქნია და რამდენიმე წუთში ჩაითა და ყურმილით ხელში დაბრუნდა. ელენემ ჩაი მოსვა, ყურმილი ყურთან მიიდო და, რა თქმა უნდა, ფრანგულად გასცა პასუხი.

– ქალბატონი გრაფინია? – გაიგონა ქართულად და შეკრთა.

– დიახ. ვინ მელაპარაკება?

– ადამიანი თქვენი წარსულიდან.

ელენემ მუხლებში სისუსტე იგრძნო. რომ არ გავარდნოდა, ჩაით სავსე ჭიქა მაგიდაზე დადგა და სავარძლის საზურგეს მიეყრდნო. ხმა ეცნაურა, თუმცა ბოლომდე ვერ ენდო საკუთარ მეხსიერებას.

– მე გრაფინია ვარ და გისმენთ, – შეეცადა ხმისთვის მკაცრი ტონალობა მიეცა და ფრაზაც ფრანგულად წარმოთქვა.

– ელენე, არ მჯერა, რომ ქართული დაგავიწყდა. შეიძლება, გინდა, აღარ გახსოვდეს, მაგრამ, ზუსტად ვიცი, რომ ყველაფერს გაიგებ, რასაც გეტყვი, სამწუხაროდ, მე ფრანგული არ ვიცი. არ ვიცოდი, როდისმე შენთან ურთიერთობისთვის თუ დამჭირდებოდა, თორემ აუცილებლად ვისწავლიდი.

– ვინ ხარ? – ელენემ ფერი დაკარგა.

– ადამიანი შენი წარსულიდან.

– მე ყურმილს ვკიდებ და გთხოვთ, აღარ დამირეკოთ.

– არ გირჩევ ამის გაკეთებას. ეს შენთვის ძალიან, ძალიან ცუდი იქნება. არ გაშინებ, იმას გეუბნები, რაც რეალურად მოხდება. ყველაფერი ვიცი შენზე. მე ახლა შორს ვიმყოფები, მაგრამ ახლოსაც ვარ და შენს ყოველ ნაბიჯს ვაკონტროლებ.

– ვინ ხარ და რა გინდა ჩემგან? – დაიგმინა ელენემ. მას თითქოს ეჭვიც აღარ ეპარებოდა იმ ადამიანის ვინაობაში, ვისი ხმაც ახლა გუნებას და სმენას უშხამავდა...

***

ლევანი პიჯაკს დასწვდა.

– მაშ ასე, მგონი, ყველაფერი გაიგე. მქონდეს შენი იმედი?

ნატუკა ისევ საწოლზე იჯდა და თვალებმოჭუტული იწიწკნიდა ტუჩს.

– არ გესმის? შენ გელაპარაკები! თავიდან ნუ დამაწყებინებ იმის ახსნას, რა მოჰყვება შენს უაზრო სიჯიუტეს!

– არა, გაჯიუტებას აზრი არა აქვს, ამას უკვე მივხვდი.

– კარგია, – მოწონებით დაუქნია თავი ლევანმა, – ასე გაცილებით უკეთესია. თუ შევთანხმდებით, ორივე ვისარგებლებთ – შენც და მეც. მაგრამ, თუ ისევ შეეცდები, შენი მოკლე ჭკუით იმოქმედო, თავს წააგებ. ხომ იცი, რომ არ გაშინებ...

– ვიცი, მაგრამ...

– არავითარი „მაგრამ“! ეგ სიტყვა საერთოდ დაივიწყე. დღეიდან მითითებებს მე ვიძლევი. შენ კი ამ მითითებებს სიტყვის შეუბრუნებლად ასრულებ!

– ნიკუშა არ დამიჯერებს.

– ეგ შენი პრობლემაა. უნდა დააჯერო, ისევ შენს სასიკეთოდ. ამას გულწრფელად გეუბნები.

ნატუკას გაეღიმა.

– შენ რამეს აკეთებ გულწრფელად? ვერ დავიჯერებ.

– ეგ შენი საქმე არ არის. მოკლედ, ახლა წახვალ და მიხედავ საქმეს!

ნატუკა ადგა, ლევანთან მივიდა. მის წინ გაჩერდა და თვალებში ჩააშტერდა.

– რა გინდა? მე მოვრჩი შენთან ლაპარაკს. უკვე ყველაფერი გავარკვიეთ.

– არა, ყველაფერი არ გაგვირკვევია.

ლევანი შეიჭმუხნა:

– ნატუკა, თავიდან ნუ იწყებ, ეს ამბავი გადაწყვეტილია და არაფერი შეიცვლება!

– ეგ გავიგე, მაგრამ, არ გითქვამს, რას მივიღებ სანაცვლოდ.

– ნიკუშა იზრუნებს თავის შვილზეც და შენზეც. მეტი რა გინდა? – დამცინავად ჩაილაპარაკა ლევანმა.

ნატუკა მოიღუშა:

– ჯეროვნად არ აფასებ ჩემს პიროვნებას. ცუდია, ძალიან ცუდია. შენ გგონია, რომ ნიკუშასთანა ქმარზე ვოცნებობ? ან ჩემი შვილის მამად მისნაირი მამაკაცი მჭირდება?

– ფეხებზე მკიდია, შენ რა გჭირდება, – უკმეხად მიუგდო ლევანმა და პიჯაკი ჩაიცვა, – მივდივარ და ჭკუით იყავი! იცოდე, თვალს არ მოგაცილებ, ნუ მაიძულებ, რადიკალურ ზომებს მივმართო!

– ჰოო?! ნუ გავიწყდება, რომ მეც მაქვს რაღაც-რაღაც უპირატესობები. უფრო უკეთ რომ ვთქვათ – კოზირები.

– მერე, რისთვის გინდა, მაინც ვერაფერში გამოიყენებ.

– მთლად დარწმუნებულიც ნუ იქნები, – ტუჩები გაბუსხა ნატამ. ლევანს ნერვებმა უმტყუნა. პიჯაკი სკამზე მიაგდო, გოგოს მხრებში სწვდა და შეანჯღრია:

– ცეცხლს ეთამაშები, გესმის? ნუ სცდი ჩემს მოთმინებას, რამდენჯერ უნდა გითხრა?

ნატუკას თვალიც არ დაუხამხამებია მის ყვირილზე, უტიფრად შესცქეროდა სახეში თავისი ნაცრისფერი თვალებით და მშვიდად იღიმებოდა.

– ნუ სცდი ჩემს მოთმინებას! – გაიმეორა ლევანმა.

– მე? არც მიფიქრია. უბრალოდ, თუ შენ ითხოვ რაღაც-რაღაცეებს და ეს რაღაც-რაღაცეები ჩემი წყალობით უნდა მიიღო, მე რატომ უნდა დავრჩე ცარიელი ჯიბით?

– არ დარჩები-მეთქი, ხომ გითხარი?

– მითხარი, რომ მივიღებ იდიოტ ნიკუშას მზრუნველის როლში. მგონი, გააფრინე. რაში მჭირდება ეგ მათხოვარი?

ლევანმა ნატუკა სავარძელთან მიიყვანა, დასვა და წინ დაუჯდა:

– ახლა მომისმინე, გოგო, კარგად მომისმინე! თუ ნიკუშა ცოლად მოგიყვანს, ჩათვალე, რომ დიდი კუში მოხსენი, ძალიან დიდი!

– ძველმანებით გამოტენილი ოთხოთახიანი ბინა ვაკეში, – გააწყვეტინა ნატუკამ, – არა, გმადლობ, ასეთი იაფფასიანიც არ ვარ. შენი საყვარლობა მირჩევნია, მით უმეტეს, თუ ბავშვს გვარსაც მისცემ.

ლევანი ჭარხალივით გაწითლდა:

– დამამთავრებინე სათქმელი! რაც შეეხება ბავშვს, ეგ აღარ გაიმეორო. არასოდეს, არსად!

– კარგი, მაგრამ არც შენ სცადო ჩემი თავიდან მოშორება იაფფასიანი საშუალებით.

– ნუ გეშინია, არ იქნება იაფფასიანი. თუ მოახერხებ და ოფიციალურად გახდები ნიკუშას ცოლი, სიცოცხლის ბოლომდე უზრუნველყოფილი იქნები.

– რანაირად?

– ნიკუშა მალე დიდ მემკვიდრეობას მიიღებს და ტიტულსაც, სხვათა შორის.

– ტიტულს? – გაიცინა ნატამ, – პრინცია და მალავს?

– თითქმის.

– კარგი ერთი! რას მეუბნები, რომელი ქვეყნის?

– მე სერიოზულად ვამბობ. დედამისი გრაფინიაა.

– რაღაც არავინ ვიცი თბილისში, ამ ტიტულს რომ ატარებდეს და არც არავინ მინახავს, თეთრცხენებშებმული ეტლით ჩაექროლოს ქუჩაში.

– ნუ ხარ შტერი. რა ვერ გაიგე? ნიკუშას დედა გათხოვდა საფრანგეთში, გრაფზე, რომელსაც რამდენიმე ციხე-კოშკი და ძალიან ბევრი ფული აქვს, საგვარეულო ძვირფასეულობა და კიდევ უამრავი სიკეთე.

– მერე?

– რა „მერე“? თუ პათოლოგიურად სულელი არ ხარ, უნდა მიხვდე, რას ნიშნავს, იყო გრაფის ერთადერთი მემკვიდრის ცოლი. შეეცადე, წარმოიდგინო, როგორი ცხოვრება გელოდება პარიზში. აი, სად გაშლი ფრთებს!

ნატუკა ადგა და ოთახში ბოლთის ცემას მოჰყვა. ლევანი ჩუმად ადევნებდა თვალს. აცდიდა, სანამ გოგო ამ ყველაფერს „დაალაგებდა“.

– აბა, მოტვინე, რა ქერის ორმოში გიპირებ ჩაგდებას?!

– მოიცა, მოიცა, ჯერ კარგად ვერ გავიგე. თუ ასეთი დედა ჰყავს, მშიერი რატომ კვდება?!

– ჯერ ერთი, მშიერი არ კვდება. მეორეც არის რაღაცეები, რასაც შენ ვერ აგიხსნი. თავიდანვე, როცა ნიკუშასთან გიშვებდი, ხომ გითხარი, რომ უბრალო კლიენტთან არ გექნებოდა საქმე?!

– მე საერთოდ არ მყავს „უბრალო“ კლიენტები, მაგრამ, ნიკუშა რითია განსაკუთრებული?

– ვერ გაიგე? გრაფის ერთადერთი მემკვიდრეა-მეთქი და კიდევ არის რაღაც.

– რა?! თუ პარტნიორები ვართ, ჩვენ შორის დამალული არაფერი უნდა იყოს. ერთ თამაშს ვთამაშობთ. ხომ შეიძლება შემთხვევით, საკუთარ კარში რომ დავარტყა?!

– ნიკუშას დედას ერთი ნახატი აქვს, რომელიც ძალიან ძვირი ღირს.

ნატუკამ გაოცებით ასწია წარბები.

– ეე, რა ნახატი? მშვენივრად დაიწყე, ციხე-დარბაზებით, ძვირფასეულობით, ფულით, ანტიკვარებით... ახლა კიდევ – ნახატი. არა, შენ დამცინი... ნუ დაგავიწყდება, რომ შენი შვილის მომავალზეც არის ლაპარაკი.

ლევანი წამოდგა. გოგოს მაჯაში სტაცა ხელი და მაგრად მოუჭირა. ნატუკამ შეჰკივლა:

– ნელა, ეე... მეტკინა!

– ენა დაიმოკლე და არ გეტკინება! მე შენგან შვილი არ მეყოლება, არასოდეს!

– კარგი, კარგი, ნუ აფეთქდი. არ გეყოლება. რა თქმა უნდა, არ გეყოლება. რა ღირს ის შენი ნახატი?

– სამწუხაროდ, არ არის ჩემი. სულ ცოტა – ორი მილიონი.

ნატუკამ პირი დააღო:

– რა?! დოლარი თუ ლარი?

– მანეთი... – ჩაიღრინა ლევანმა, – დოლარი, დოლარი! სერიოზული ხალხი ლარებზე დიდი ხანია, აღარ ლაპარაკობს, ჩემო ძვირფასო!

– შენ თქვი, სულ ცოტა ორი მილიონიო, – ახლა სხვა რამის დაზუსტებას შეეცადა აფორიაქებული გოგო, – ეს როგორ გავიგო?

– ისე, როგორც გესმის. შედევრზეა ლაპარაკი. ასეთი ნივთის გასაყიდ ფასზე წინასწარ ვერასოდეს იტყვი, რამდენად გაიყიდება.

– ღმერთო....

– დიახ! ხედავ, როგორ ვზრუნავ შენზე, შენ კი ამაგს არ მიფასებ. ჯიუტი ხარ და, კიდევ – სულელი. ჯერ კარგად უნდა მოისმინო, რას გთავაზობენ და მერე გაიგიჟო თავი.

– ანუ, თუ მოვინდომებ...

– სწორად მიხვდი. მგონი, ნელ-ნელა გილხვება გაყინული ტვინი.

– ღმერთო! – ნატას თვალები დაუმრგვალდა, – ორი მილიონი... რა მაგარია!..

***

ელენე ყოყმანობდა. ვერ გადაეწყვიტა ყურმილის გათიშვა. უფრო სწორად, ვერ ბედავდა. რაღაცის გაურკვეველმა შიშმა აიტანა. მიხვდა, რომ ორივე შემთხვევაში – დაკიდებდა ყურმილს თუ ამ ადამიანთან ლაპარაკს გააგრძელებდა, სიმშვიდეს უნდა დამშვიდობებოდა. „ადამიანი წარსულიდან“ აშკარად არ იყო სამეგობროდ განწყობილი. ელენემ ერთბაშად იგრძნო, რომ სულ ტყუილად სჯეროდა „პატარა ბედნიერების“. მისი პრობლემები ახლა იწყებოდა.

– ქალბატონო გრაფინია, ცხუდად ხომ არ ხარ? – „ხმა“ უკვე დასცინოდა.

– ვინ ხარ და რა გინდა?

– ვინ ვარ, უკვე მიხვდი, ამიტომ, ამაზე ლაპარაკით თავს არ შეგაწყენთ. თქვენ დრო, ალბათ, ძალიან ძვირად გიღირთ, ამიტომ, ასე დიდხანს ვერ შევაწუხებ თქვენს ბრწყინვალებას.

– რა გინდა, რატომ გაგახსენდი? – ელენეს ხმა ჩაუწყდა. გამშრალი ტუჩები აღარ ემორჩილებოდა.

– გამახსენდი? მე სულ მახსოვდი, ძვირფასო, სულ, მაგრამ ჩრდილში ყოფნას ვამჯობინებდი. არც არასოდეს შეგახსენებდი თავს, ერთი პატარა დეტალი რომ არა: თქვენ ჩემი ვალი გაქვთ, გრაფინია!

– ვალი? რა სისულელეა! რა ვალზე ლაპარაკობ? ეს შენზე დარჩა ვალი, მაგრამ მე არაფერი მჭირდება. შურისძიებაზეც აღარ ვფიქრობ, დავივიწყე ყველაფერი. შენც გირჩევ, იგივე გააკეთო. მე ის დაუცველი და სუსტი ელენე აღარ ვარ, რომელსაც იცნობდი!

– ვიცი. მაგრამ მე რისთვისაც ვრეკავ, იმას შენს ტიტულოვან ქმართან კავშირი არ აქვს. ვალი გაქვს-მეთქი, გითხარი და არ ვხუმრობ. ამიტომაც შევაწუხე თქვენი ბრწყინვალება.

ქალმა ისე მაგრად მოუჭირა ყურმილს ხელი, რომ ფრჩხილები გაუთეთრდა, სწორედ ამ დროს მისმა მობილურმაც დარეკა.

– ცოტა ხანს დამიცადე, მობილურს უნდა ვუპასუხო!

– რა თქმა უნდა, თქვენო ბრწყინვალებავ!

ელენემ ყურმილი დადო და მობილური აიღო.

– შერი? ყველაფერი კარგად არის, – ჟანი აშკარად ბედნიერი იყო, – ყველაფერი მოგვარდა. ბილეთებს ავიღებთ და მოვფრინავთ. ორი დღეც და – შენთან ვიქნებით. ხომ გეუბნებოდი, რომ გამომივიდოდა. მოემზადე შვილთან შესახვედრად!

– ძალიან კარგია, საყვარელო, მიხარია.

– მხოლოდ გიხარია და მეტი არაფერი? – ჟანი აშკარად უფრო დიდ ემოციას ელოდა.

– დანარჩენი – აქ. ხომ იცი, არ მიყვარს, ჩემი გრძნობების ტელეფონით საუბრისას გამოხატვა.

– კარგი, შერი! მიყვარხარ.

ელენემ ამოიოხრა, მობილური გათიშა და ტელეფონის ყურმილი აიღო ხელში.

– შენს ქმარს ყვარებიხარ. ქმრებში გიმართლებს, ვერაფერს იტყვი!

– ეს შენი საქმე არ არის! – ქალს ყინულივით ცივი ხმა ჰქონდა.

– ჰო, ალბათ. თუმცა, მეც მქონდა შანსი, ეგ ტიტული მეტარებინა.

– რაღაც ვალზე მელაპარაკებოდი. სწრაფად და კონკრეტულად მითხარი, რა გინდა.

– ცოტათი უხერხულობას ვგრძნობ – ეს ხომ ჩემი გამოსამშვიდობებელი საჩუქარი იყო, მაგრამ უსამართლოდ მომექეცი, როცა არ მითხარი, რას ითხოვდი.

ელენეს გონება გაუნათდა:

– როგორ ვერ მივხვდი! არაფერი შეცვლილა შენში. ისევ ისეთი ნაძირალა ხარ, როგორიც იყავი! არა, კიდევ უფრო უარესი!

– რომ მომატყუე, მაინც? იცოდი, რას ითხოვდი. იმაზე გაცილებით ჭკვიანი ყოფილხარ, ვიდრე მეგონე.

ელენეს გაეცინა:

– პირდაპირ მითხარი, რომ მოსვენება დაკარგე, რაც ამ ნახატის ამბავი გაიგე. მე მართლა არ ვიცოდი, რას მჩუქნიდი, მაგრამ ახლა ამაზე ლაპარაკს აზრი არ აქვს, შენ მაინც არ დამიჯერებ.

– მთავარი ის არ არის, რისი მჯერა. მთავარია, რისი მინდა, რომ მჯეროდეს. მოდი, როგორც ორმა ძველმა მეგობარმა, ისე ვისაუბროთ.

– ჩვენ? მეგობრები? – გაიკვირვა ელენემ.

– კარგი ნაცნობები ხომ მაინც ვართ?

– არა. ფული გინდა? ასე გაგიჭირდა?

– არა, მაგრამ მილიონი არავის აწყენს.

– მე ის არ გამიყიდია.

– ვიცი. მაგრამ, ხომ შეგიძლია, გაყიდო? ამას ძალიან სწრაფად და ადვილად შეძლებ. ფულს შუაზე გავიყოფთ. მგონი, პატიოსანი გარიგებაა.

– იქნებოდა პატიოსანი, შენ რომ არ იყო უპატიოსნო და ნაძირალა.

– ცდილობ, რომ ნერვები მომიშალო?

– არა, ვცდილობ, რომ აგიხსნა. ეს ნახატი ჩემთვის გაცილებით მეტს ნიშნავს, ვიდრე მილიონები.

– გრაფინიას შესაფერისი პასუხია, მაგრამ მე თავადური წარმოშობის არ ვარ, ძვირფასო. ამიტომ ფული მირჩევნია. იმედი მაქვს, კეთილ ნებას გამოიჩენთ და ჩემს თხოვნას მალე შეასრულებთ.

– მილიონი გჭირდება? რომ არ მოგცე?

– ქალბატონო გრაფინია. ეს უკვე ვაჭრობაა, რაც ნამდვილად არ გეკადრებათ. რადგან ასეა, გადავიფიქრე – ფულს მთლიანად ავიღებ – ბოლო დოლარამდე.

ელენეს გადატკეცილ შუბლზე ორი გრძელი ღარი გაუჩნდა.

– უნდა მცოდნოდა, რომ ამას გააკეთებდი. ალბათ, ტელევიზორში ნახე.

– მაგას რა მნიშვნელობა აქვს. ნახატის ოფიციალური მეპატრონე მე ვარ. ძალიან მთხოვე და მოგეცი, მაგრამ ახლა უკან ვიბრუნებ. ძვირფასო გრაფინია, – „ხმა“ ცოტა ხნით გაჩუმდა და ელენეს მოეჩვენა, რომ სიჩუმე უსასრულოდ გაგრძელდა... – მე შემიძლია, შენს ვაჟს სიმართლე ვუთხრა.

– სიმართლე? რომელი სიმართლე?

– სიმართლე მამამისის შესახებ.

– მხოლოდ ერთი სიმართლე არსებობს, – ელენეს ხმა „გაებზარა“, – მამამისი მკვდარია.

– ეგ შენი სიმართლეა. მე შემიძლია, საპირისპირო დავამტკიცო!

– მგონი, გაგიჟდი, შეიშალე! მაგას ვინ დაგიჯერებს?

– ვნახოთ, შეიძლება, ვიღაცამ დაიჯეროს. მესმოდა, როგორ ელაპარაკებოდი საყვარელ მეუღლეს. ისიც ვიცი, რომ მალე სასიამოვნო შეხვედრა გელის და ნუ გაიფუჭებ ამ შეხვედრით მიღებულ შთაბეჭდილებას.

– ნაძირალა ხარ! ყოველთვის უბედურება მოგაქვს ჩემთვის...

– სულაც არა, ყოველი ჩემი გამოჩენის შემდეგ შენს ცხოვრებაში ახალი, კიდევ უფრო წარმატებული ეტაპი იწყება, რასაც ჩემზე ვერ იტყვი. ბედნიერი ნამდვილად არ ვარ, თუ ამის მოსმენა გაგახარებს. ჰო, არ ვარ და ალბათ, აღარც ვიქნები. შენ კი უკვე გაქვს ეს ბედნიერება და ფული აღარაფერში გჭირდება. ხომ სამართლიანი იქნება, თუ მას მე მივიღებ?

– არა. ნახატი ჩემია და ჩემთან დარჩება.

– ისევ ისეთი ჯიუტი ხარ. კარგი, ვნახოთ. ვის სიმართლეს დაიჯერებენ. თუმცა, ჯერ ცოტა დროს მოგცემ. იფიქრე. ჩემი ტელეფონის ნომერი ჩაიწერე და დამიკავშირდი. დაგელოდები.

ელენემ მექანიკურად, გონებაში გაიმეორა ციფრები, ყურმილი დაკიდა, სავარძლის საზურგეს მიეყრდნო და თვალები დახუჭა. ეს, ალბათ, ცუდი სიზმარი იყო, კოშმარი, რომლიდან გამოსვლაც ძალიან გაუჭირდებოდა. კაცს კარგად იცნობდა და ისიც იცოდა, ფულისთვის რისი გაკეთება შეეძლო. უნდა დაეთმო, თუ საკუთარი სიმშვიდის გადარჩენა სურდა. დათმობა ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იყო. ქალისთვის ნახატმა მხოლოდ ახლა შეიძინა ის ღირებულება, რომელიც რეალურად ჰქონდა. აქამდე ის მხოლოდ სახსოვარი იყო, გაუგებარი სახსოვარი იმ ადამიანისგან, რომლის დავიწყებაც უნდოდა. წარსული ისევ დაბრუნდა მასთან, თანაც სწორედ ახლა, როცა ნახევარი ნაბიჯი რჩებოდა ბედნიერებამდე. რა უნდა ეთქვა ჟანისთვის ან ნიკუშასთვის. ნახატი მას არაფერში სჭირდებოდა. დიდი ხანია, ფულმა მისთვის აზრი დაკარგა, მაგრამ ნიკუშას შემთხვევაში ყველაფერი სხვანაირად იყო. თუ შვილის სიყვარულის ყიდვა იქნებოდა აუცილებელი, უნდა ეყიდა. ელენემ თვალები გაახილა, ხელები სახეზე მოისვა და მზერა ნახატს გაუშტერა. გადაწყვეტილება სწრაფად იყო მისაღები. „სიმართლე“, რომლის გამხელითაც კაცი დაემუქრა, არ იყო ჭეშმარიტება, მაგრამ ამას ნაკლებად ჰქონდა მნიშვნელობა, რადგან სიმართლე, რომელშიც ეჭვი შეაქვთ და რომლის დაცვაც აუცილებელი ხდება, უკვე აღარ არის სიმართლე...

***

ნატუკა ჯერ კიდევ ეჭვით უყურებდა მოღიმარ ლევანს. ლამაზი თითი პირში ედო და სათუთად მოვლილ ფრჩხილს იკვნეტდა.

– მორჩი ფრჩხილის კვნეტას! რა უბედურებაა! არ იცი, რომ კარგად აღზრდილი გოგონები ფრჩხილებს არ იკვნეტენ? ახლავე უნდა დაიწყო, კარგი მანერები შეისწავლო. წინ სერიოზული გამოცდა გელის.

– შენ ფიქრობ, რომ ეს გამომივა?

– რატომაც არა! ნიკუშა მხოლოდ გარეგნულად ჩანს ასეთი – ცოტათი უხეში და გულგრილი, სინამდვილეში კი სავსეა სენტიმენტებით. ბავშვის ამბავი მის სიჯიუტეს წერტილს დაუსვამს. იმდენ ხანს იყო მარტო, რომ ამას ღვთის სასწაულად მიიჩნევს, მით უმეტეს, ახლა, როცა დედამისს ურიგდება და წინ პერსპექტივების სერიოზული არეალი ეშლება. საფრანგეთი... საგვარეულო მამულები... მილიონები...

– სხვა მილიონებიც აქვს?

– სავარაუდოდ, მისი მამინაცვალი ძალიან მდიდარია. მაგრამ არც ის ორი მილიონია ცოტა. თანაც რეალურია. ორმოცი-სამოცზე გავიყოფთ და ორივენი კმაყოფილები დავრჩებით.

– ორმოცი-სამოცზე რას ნიშნავს?

ლევანმა ამოიგმინა:

– ღმერთო, ელემენტარული მათემატიკა არ იცი! იმ ფულიდან ორმოც პროცენტს იღებ შენ, სამოცს – მე.

– ოჰო, ვითომ რატომ?

– იმიტომ, რომ ყველაფერი მე მოვიფიქრე.

– სამაგიეროდ, ორსულად მე ვარ და ბავშვი მე უნდა გავაჩინო. მერე კი უნდა გავზარდო. ორი ადამიანის სამყოფი თანხა მჭირდება.

ლევანი მიხვდა, რომ საქმე ღირსეულ მოწინააღმდეგესთან ჰქონდა – ეს მისთვის აღმოჩენა იყო, თუმცა საკმაოდ უსიამოვნო.

– შენ ნელ-ნელა ჭკვიანდები, მაგრამ მეტისმეტიც ნუ მოგივა, თორემ, არ მიყვარს, ქალი თავის გონებრივ შესაძლებლობას რომ აფრქვევს. დაკმაყოფილდი იმით, რასაც მიიღებ. დამიჯერე, ცოტა ნამდვილად არ იქნება. მე მწვანე შუქი აგინთე, იმ ოჯახში შესასვლელად. დანარჩენი შენს მოხერხებასა და ამბიციაზე იქნება დამოკიდებული.

ნატუკა შეიჭმუხნა:

– დიახ, მხოლოდ ჩემზე იქნება დამოკიდებული, ამაში გეთანხმები. მაგრამ, შენ რა შუაში ხარ. წარმოგიდგენია მაინც, რამდენი შრომა მომიწევს, რომ ნიკუშა ჩემკენ შემოვატრიალო. როგორც ვიცი, ჩემი სიყვარულით არ კვდება. კიდევ უარესი – სხვა ქალი უყვარს. ჯერ კიდევ არ ვიცით, როგორ შეხვდება ჩემი ორსულობის ამბავს. სულაც ფეხებზე რომ დამიკიდოს?!

იას გახსენებამ ლევანს გუნება მოუშხამა.

– იმ ქალზე შეგიძლია აღარ იდარდო, – ჩაილაპარაკა პირქუშად, – ის გზაზე ვეღარ გადაგეღობება. გამოუსწორებელი შეცდომა ჩაიდინა, რომელსაც ვაღარაფრით გამოასწორებს. ნიკუშა მისკენ აღარ გაიხედავს, ამას მე გპირდები.

ნატუკამ ცნობისმოყვარედ შეხედა ლევანს, რომელმაც ბრაზით მოსრისა სიგარეტი და საფერფლეზე დააგდო.

– შენც ხომ არ მოგწონს ის ქალი? რაღაც, საეჭვოდ გაცხარდი. ჰა, რა ხდება ბატონო მინისტრო, სამეგობროს სენია, ძმაკაცებს გჭირთ რამე ახალი კომპლექსი თუ მარტო შენ და ნიკუშას შეგეყარათ უიმედო სიყვარული? ყოჩაღ! ჩემზე კი დაკომპლექსებული შინაბერას შთაბეჭდილება დატოვა. ეტყობა, ვერ შევაფასე ჯეროვნად.

ლევანმა კბილები გააღრჭიალა და ნატას დაუფარავი სიძულვილით შეხედა:

– რაც შენი საქმე არ არის, იქ ცხვირს ნუ ჩაყოფ, თორემ, შეიძლება, ეგ მეტიჩარა ცხვირი მოიტეხო კიდეც!

ნატუკამ გადაიკისკისა:

– რაც შევამჩნიე, ის ვთქვი, მხოლოდ ჩემი ვარაუდი გამოვთქვი. ნამდვილად არ მენაღვლება, რამდენს გეყვარებათ ის ქალი – ერთს, ორს, თუ ოთხივეს ერთად.

– ჰოდა, ასე. საქმე ძალიან ბევრი გაქვს და, ჯობია, იმაზე იფიქრო, ნიკუშას როგორ ვუთხრათ ახალი „სასიხარულო“ ამბავი. ეს ძალიან ეფექტურად უნდა გააკეთო – შოკური თერაპიის მეთოდი ყოველთვის ფანტასტიკურად მოქმედებს.

– რა პრობლემაა! მივალ და ვეტყვი, რომ ფეხმძიმედ ვარ. რომ ძალიან გამიმართლა სწორედ მისგან რომ დავორსულდი და რომ ბავშვი უკვე სიცოცხლეზე მეტად მიყვარს. კიდევ რა არის საჭირო? ნიკუშას კარგად ვიცნობ, ჰო, კიდევ ვეტყვი, რომ ბავშვს აუცილებლად გავაჩენ, თუნდაც მამამისმა მასზე უარი თქვას... და ამ ყველაფერს ცრემლებით გავალამაზებ.

– როდის აპირებ მაგის გაკეთებას?

– ხვალვე. რაღას ვუცადო?

ლევანმა თავი გააქნია:

– არა, რა! მაინც ვერაფერი ისწავლე. ახლა რომ უთხრა, ყველაფერს გააფუჭებ. ჯერ ამის დრო არ დამდგარა, ჯერ ნიკუშა დედამისთან უნდა წავიდეს და იქ პოზიციები გაიმყაროს. დედიკოც რომ ჩაეხუტება და ბედნიერი ოჯახი სიმშვიდით გაბრწყინდება, აი, მაშინ გამოჩნდება სცენაზე ჩვენი პატარა დედიკო, ანუ შენ.

ნატუკამ მხრები აიჩეჩა:

– რატომ ართულებ ყველაფერს. აქ ვეტყვი. პარიზში სად ვდიო?

– არა-მეთქი! შენგან განსხვავებით, ნიკუშას კარგად ვიცნობ. ძალიან დეპრესიულია და პატარა წინააღმდეგობამაც კი, შეიძლება, წელში გატეხოს. ვაცალოთ, ჯერ ერთი გლობალური ცვლილება გადახარშოს. ორს ერთად მისი ფაქიზი არსება ვერ გაუძლებს. გამორიცხული არ არის, ისევ საკუთარ ნაჭუჭში ჩაიკეტოს. არა, გამოსავალი ამ შემთხვევაშიც გვრჩება, – ბებიის ნაზ გრძნობებზე ვითამაშებთ, მაგრამ, პირველი ვარიანტი გაცილებით მომგებიანია შენთვისაც და ჩემთვისაც. ასე რომ, ახლა შენ სახლში წახვალ და სანიმუშო, წესიერ, დამჯერ ქალიშვილად გადაიქცევი. არ მოსწევ, არ დალევ და კაცებს არ შეხვდები. დღეიდან კეთილშობილ გოგონათა პანსიონის აღსაზრდელივით იცხოვრებ.

– ნუ დამცინი! – ეწყინა ნატუკას.

– ეს უკვე მომწონს, კარგია. რადგან შენმა თავმოყვარეობამ გაიღვიძა, ესე იგი, ყველაფერი გამოგვივა. მეც არ ვიჯდები გულხელდაკრეფილი, ნიადაგს მოგიმზადებ და გეტყვი, შესაფერისი მომენტი, როცა დადგება. მგონი, ყველაფერი გავთვალეთ. შეცდომა არ უნდა დავუშვათ. სცენაზე შენი გამოსვლა ისეთი უნდა იყოს, რომ მაშინვე გამაყრუებელი აპლოდისმენტები დაიმსახურო. თუ დამიჯერებ, წარმატება გარანტირებული გვაქვს...

ლევანმა გაიცინა და ნატუკას თვალი ჩაუკრა.



გაგრძელება შემდეგ ნომერში


скачать dle 11.3