კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ორიგინალური გეგმა შესთავაზეს მონღოლმა მხედართმთავრებმა სტალინს მოსკოვის მისადგომებთან საბრძოლველად


ომის დაწყებიდან მესამე თვის ბოლოს, მიუხედავად იმისა, რომ წითელი არმია გმირულად იბრძოდა, ფაშისტები მოსკოვს მიუახლოვდნენ. შეიქმნა უმძიმესი მდგომარეობა და სტალინი იძულებული გახდა, ალყაშემორტყმული ლენინგრადიდან ჟუკოვი გამოეძახებინა მოსკოვში. გიორგი კონსტანტინოვიჩმა, მისთვის ჩვეული პროფესიონალიზმისა და ენერგიის წყალობით მოახერხა ფაშისტთა მრისხანე შეტევის შეჩერება და მყარი თავდაცვითი ზღუდის შექმნა. მიუხედავად შეჩერებული შეტევისა, უახლოეს მომავალში ფაშისტთა ახალი, „ესესელთა“ ელიტარული ძალების მოზღვავება იყო მოსალოდნელი და უმაღლესმა მთავარსარდლობამ სარეზერვო ძალების სასწრაფო ფორმირება დაიწყო. 29 ოქტომბერს, კრემლში, სტალინის კაბინეტში, მაღალჩინოსანი სამხედროები და სხვა ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელები შეიკრიბნენ, რათა ერთად მოეძებნათ მოსკოვის მისადგომებთან შექმნილი კრიზისული მდგომარეობიდან გამოსავალი. სტალინმა, როგორც ყოველთვის, ჯერ ყველას აზრი მოისმინა და დასკვნა თვითონ გააკეთა: „ჩემი აზრით, ამხანაგ ჟუკოვის გეგმა უეცარი ღამისეული შეტევის შესახებ, ყველაზე მისაღები უნდა იყოს და ორ-სამ დღეში ამ ოპერაციის გეგმა დამიდეთ“! ლაპარაკს რომ მორჩა, ჩვეულებისამებრ, დიდმა ბელადმა იქ მყოფებს გადახედა და დინჯად იკითხა: „სხვა მოსაზრებები ხომ არავის აქვს?“ ოთახში სამარისებური სიჩუმე იდგა, რომელიც გენერალური შტაბის უფროსმა, მარშალმა შაპოშნიკოვმა დაარღვია:

– ნება მიბოძეთ, ამხანაგო სტალინ, მცირედი შესწორება შევიტანო ამ გეგმაში და, იმედია, გიორგი კონსტანტინოვიჩს არ ეწყინება. ჟუკოვს გაოცება გამოეხატა სახეზე და ყურადღებით მიაჩერდა გენშტაბის უფროსს. – საქმე ისაა, – განაგრძო შაპოშნიკოვმა, – რომ ჩვენმა მონღოლმა მეგობრებმა, სხვათა შორის, მათ გენერალი ჟუკოვი მშვენივრად იცნობს ჯერ კიდევ ხალხინ-გოლის ეპოპეიდან, მნიშვნელოვანი დახმარება და საკმაოდ ორიგინალური გეგმა შემოგვთავაზეს, რომელიც, ჩემი აზრით, მცირედი კორექტირების შემდეგ საკმაოდ ეფექტური უნდა აღმოჩნდეს და ფაშისტებს დიდი ზიანი უნდა მიაყენოს, შემდეგ გენშტაბის უფროსმა ორი საათი ითხოვა იმისთვის, რათა მას მონღოლები კრემლში მოეყვანა თავიანთი გეგმიანად და, სათანადო ნებართვის შემდეგ, სტალინის კაბინეტი დატოვა. ზუსტად ორ საათში, შაპონშიკოვთან ერთად მონღოლეთის რესპუბლიკის სამხედრო-პატრიოტული ლიდერები – ხორლოგიინ ჩოიბალსანი და იუჟადინ ცედენბალი გამოცხადდნენ. ორივე სამხედრო ფორმაში იყო გამოწყობილი და სტალინს მხედრული სალამი მისცეს, ჟუკოვთან კი საკმაოდ თბილი შეხვედრა ჰქონდათ.

– დასხედით, მეგობრებო, – მიიპატიჟა მაგიდასთან სტალინმა მონღოლები და განაგრძო: მარშლის თქმით, – მან შაპოშნიკოვისკენ გაიშვირა ხელი, – თქვენ საკმაოდ ორიგინალური, გაბედული გეგმა გქონიათ და დიდი ინტერესით ველოდები მის გამხელას.

– ორივე მონღოლმა მშვენივრად იცოდა რუსული ენა, მათ ერთმანეთს გადახედეს და ლაპარაკი ჩოიბალსანმა დაიწყო:

– ამხანაგო სტალინ, პირველ ყოვლისა, მოგახსენებთ, რომ ჩვენს განკარგულებაში მყოფი 30 ათასი რჩეული მონღოლი მეომარი თავიანთი ტრანსპორტით თქვენს განკარგულებაშია, მხოლოდ ბრძანებას ელოდებიან და, შესაბამისი ნებართვის შემთხვევაში, მათ აქ ჩამოყვანას ორმოცდაათი ეშელონი და შვიდი დღე დასჭირდება!

სტალინი ყურადღებით უსმენდა მონღოლ გენერალს, რომელიც საკმაოდ აგზნებული, დიდი პათოსით ლაპარაკობდა. ტანმორჩილმა მონღოლმა ნერწყვი გადაყლაპა, ერთი ჭიქა წყალი დალია და განაგრძო: – მაგრამ, ყველაზე მთავარი ისაა, რომ ჩვენ ერთობ ორიგინალური საშუალება მოვიფიქრეთ მტრის დასათრგუნავად და, დარწმუნებული ვარ, სწორედ ამან უნდა იმოქმედოს ყველაზე ქმედითად.

სტალინმა უეცრად სიტყვა შეაწყვეტინა მონღოლს და ჰკითხა:

– თქვენ თითქმის ყველაფერი თქვით, მაგრამ, არ გითქვამთ მთავარი. იქნებ, უფრო კონკრეტულად გვითხრათ, რა ეფექტს გვთავაზობთ ასეთი ხარჯების გაღების ფასად? ალბათ, თქვენთვის ძნელი გასაგები არ უნდა იყოს, თუ რა ხარჯებთანაა დაკავშირებული ორმოცდაათი ეშელონის ერთი კვირით მოცდენა!

ჩოიბალსანმა გულზე ხელი დაიდო, მოიბოდიშა და განაგრძო:

– ჩვენი 30 ათასი მეომარი, 30 ათას ცხენთან ერთად, მოსკოვში უნდა დაბანაკდეს და წელზემოთ გაშიშვლებულნი, მთლიანი ფრონტით, დილიდანვე შეტევაზე უნდა გადავიდნენ. ჩემი აზრით, ასეთი სურათი ფაშისტებზე თავზარდამცემ ეფექტს მოახდენს და შეტევის მეორე ეშელონის ნაწილებს უკვე აღარ გაუჭირდებათ დემორალიზებული ფაშისტების განადგურება.

მონღოლი გენერლის ამ სიტყვებზე სტალინი გაშრა და სახეზე ისეთი გაოცება გამოეხატა, რომ აშკარად ფიქრობდა, ეს მონღოლი ან შეშლილია, ან საერთოდ წარმოდგენაც არ აქვს, რა ხდება რეალობაშიო. არანაკლებ გაოცებულები იყვნენ დანარჩენი დამსწრეებიც. იქ მყოფთაგან ორი მონღოლის გარდა, მხოლოდ შაპოშნიკოვსა და ჟუკოვს ეღიმებოდათ, რომლებსაც ეტყობოდათ, რომ კარგად იცნობდნენ მონღოლებს და მშვენივრად ჩასწვდნენ მათ ჩანაფიქრს. სტალინმა ჩიბუხი გატენა, დინჯად გაიარ-გამოიარა ოთახში და თქვა:

– თქვენ წარმოგიდგენიათ, რას ნიშნავს ოცდაათგრადუსიანი ყინვა და, საერთოდ, როგორ წარმოგიდგენიათ, ასეთ მეტეოპირობებში, როდესაც ირგვლივ ყინულს აქვს ყველაფერი დაფარული და როდესაც ადამიანს ნერწყვიც კი ეყინება პირში, ცხენზე ამხედრებული შიშველი მეომრები, რომლებიც რჩეული, ტანკებით შეიარაღებული დივიზიების წინააღმდეგ გადავლენ შეტევაზე? – სტალინი თავისივე სიტყვებმა გაამხიარულა, მას ჩაეცინა და უკვე იუმორისტულ ტონში განაგრძო: „ყინვასა და ფაშისტების ტყვიებს რომ გადაურჩეთ, თქვენი ცხენები დაგღუპავენ, რომლებიც ყინულზე ვერ შეძლებენ ჯირითს და მოციგურავეებივით ისრიალებენ აქეთ-იქით“.

უცებ სტალინს სახიდან ღიმილი გაუქრა და მრისხანედ შეხედა შაპოშნიკოვს, რომელიც ჭარხალივით გაწითლებულიყო და ოფლში იწურებოდა. მისთვის სტალინს არაფერი უთქვამს, მაგრამ ყველაფერი უსიტყვოდაც გასაგები იყო და სწორედ ამან ააღელვა მარშალი. ჩოიბალსანი საკმაოდ აუღელვებლად გამოიყურებოდა. მან ოლიმპიური სიმშვიდით გადაიტანა ეს სიტუაცია და სტალინს მიმართა:

ამხანაგო სტალინ, ნება მიბოძეთ, ჩემი სიტყვა დავასრულო და ბოლომდე გითხრათ სათქმელი!

სტალინმა უხმო თანხმობა მისცა მას და მონღოლმა განაგრძო:

– ცხენებს ქაცვებიან ნალებს დავამაგრებთ და არ ისრიალებენ, ხოლო მეომრები არა მხოლოდ შიშვლები წავლენ შეტევაზე, არამედ წინასწარ ცივ წყალსაც კი გადაისხამენ ტანზე ფაშისტთა დასანახავად. თქვენგან ორ რამეს ვითხოვთ: პირველი – ჩვენს მებრძოლებს მსუბუქი ნაღმმტყორცნები და ავტომატური იარაღი დაურიგოთ და, მეორე – დღესვე წამობრძანდეთ პოლიგონზე და თქვენი თვალით ნახოთ ჩვენი მეომრები, რომელთა ერთი ქვედანაყოფიც თვალსაჩინოებისთვის გაახელით!

სტალინს კვლავ შეეცვალა გამომეტყველება, მას უკვე დიდი ინტერესი ეტყობოდა. დიდმა ბელადმა რამდენჯერმე მოქაჩა ჩიბუხი და მცირე პაუზის შემდეგ ჩაილაპარაკა:

– იყოს თქვენებურად, ერთ საათში ვნახოთ, რას წარმოადგენენ თქვენები!

ზუსტად ერთ საათში მოსკოვის შემოგარენის ერთ-ერთ პოლიგონზე მივედით, სადაც გენერალ ჩოიბალსანის მეომართა ორი ოცეული დაგვხვდა და, მას შემდეგ, რაც სტალინმა ნებართვა გასცა, მათ (მონღოლებმა) „წარმოდგენა“ დაიწყეს: წელზემოთ შიშველი ოცი მეომარი, რომლებიც მსუბუქი ნაღმმტყორცნებითა და ტყვიამფრქვევებით იყვნენ შეიარაღებულები, ჯერ წყლის შხაპის ქვეშ დადგნენ (ოცდათორმეტგრადუსიან ყინვაში მათ 100-ლიტრიანი ბაკებიდან დაასხეს წყალი), შემდეგ კი ცხენებს შემოახტნენ, გააჭენეს და ნაღმმტყორცნებიდან და ტყვიამფრქვევებიდან ფაშისტთა პირობითი სამიზნეები გაანადგურეს. ნანახმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა: მონღოლები, ყველაფერთან ერთად, მშვენიერი მსროლელებიც აღმოჩნდნენ. სტალინმა, რომელიც აღფრთოვანებული დარჩა ნანახით, მონღოლ გენერლებს მხურვალედ ჩამოართვა ხელი და ბრძანება გასცა, რომ სასწრაფოდ გამოეყოთ ეშელონები მონღოლთა 30-ათასიანი არმიის სასწრაფო ტრანსპორტირებისთვის. ჩოიბალსანის 30 ათასი კავალერისტი 5 ნოემბერს უკვე ახალი დისლოკაციის ადგილზე იყო თავიანთი ცხენებიანად, 7 ნოემბერს კი მათ წითელ მოედანზე გამართულ აღლუმზე გაიარეს მარშით და იქიდან პირდაპირ ფრონტისკენ გაეშურნენ, რათა დაგეგმილი ოპერაცია განეხორციელებინათ. თუმცა, აღლუმზე ერთი ინციდენტი მოხდა, რომელიც საკმაოდ ტრაგიკულად დასრულდა, მაგრამ, უფრო დიდი ტრაგედია იყო მოსალოდნელი...

1941 წლის 7 ნოემბრის სამხედრო აღლუმის ყველა მონაწილე საბრძოლო ტექნიკითა და შეიარაღებით იყო აღჭურვილი, რომლებიც პირდაპირ მოწინავე ხაზზე მიდიოდნენ. სტალინი მავზოლეუმის ტრიბუნაზე იდგა და პირადად აცილებდა წითელი არმიის ნაწილებს. როგორც კი მონღოლების კავალერიამ ჩაიარა, დაახლოებით 10 წუთის შემდეგ, ეგრეთ წოდებული სახალხო ლაშქრის ნაწილებმა ჩაიარეს, რომლებიც ავტომატებითა და შაშხანებით იყვნენ შეიარაღებულები. „ლაშქრის“ კოლონა მავზოლეუმს რომ გაუსწორდა, მათი რიგებიდან მავზოლეუმის ტრიბუნისკენ მიმართული, ავტომატური ცეცხლი გაიხსნა, რომელიც დიდხანს არ გაგრძელებულა, რადგან მსროლელი თავად მისმა მეგობრებმა განაიარაღეს. ნასროლი ტყვიები სტალინს მოხვდა, რომელიც ძირს დაეცა და აგრეთვე, მოლოტოვს, რომელსაც მხოლოდ ხელი გაეკაწრა. დაჭრილი სტალინი საავადმყოფოში გააქანეს, მაგრამ იგი გზაში გარდაიცვალა და, მართლაც დიდი ბედნიერება იყო ის, რომ მოკლული, სინამდვილეში, სტალინის ერთ-ერთი ორეული იყო, ხოლო თავად დიდი ბელადი კიმოჟიასკის თავდაცვის ხაზის სამეთაურო პუნქტზე იმყოფებოდა და იქიდან ადევნებდა თვალყურს, როგორ შეუტია მონღოლთა 30-ათასიანმა ლაშქარმა გაოგნებულ „ესესელთა“ ნარჩევ დივიზიებს და კუდით ქვა ასროლინა მათ. „სტალინის“ მკვლელი კი ვინმე სტეპან კარპოვი აღმოჩნდა, რომელიც ფაშისტური დაზვერვის დავალებით მოქმედებდა და მიზნად დიდი ბელადის ლიკვიდაცია ჰქონდა დასახული.


скачать dle 11.3