კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დამოკიდებულია თუ არა ორგანიზმში ქოლესტერინის რაოდენობა გენეტიკაზე და რა როლი აქვს ალკოჰოლურ სასმელს სისხლში ქოლესტერინის მომატებაში


ბოლო პერიოდში ესა თუ ის დაავადება არა მხოლოდ გახშირდა, არამედ გაახალგაზრდავდა კიდეც. ანუ, ის დაავადებები, რაც 10-15 წლის წინ იშვიათად, ან მხოლოდ ხანდაზმულ ადამიანებში გვხვდებოდა, ამჟამად სრულიად ახალგაზრდა ადამიანებშიც შეინიშნება. ამის მიზეზი ხშირად უმოძრაო ცხოვრების წესია, რაც იმათ ახასიათებთ, ვინც კომფორტულად ცხოვრობს და დროის უმეტეს ნაწილს კომპიუტერთან ან მანქანით მგზავრობაში ატარებს. დღეს აგრერიგად გავრცელებული დაავადების – სისხლში ქოლესტერინის მომატების – ერთ-ერთი მთავარი მიზეზიც სწორედ ფეხით სიარულის შეზღუდვაა. თუ რა არის ქოლესტერინი, რატომ უწოდებენ მას ოცდამეერთე საუკუნის დაავადებას და როგორ ავიცილოთ ეს პრობლემა თავიდან, გვესაუბრება გულისა და სისხლძარღვთა კლინიკის ხელმძღვანელი, გიგი ხაბეიშვილი:


– თავდაპირველად მინდა აღვნიშნო, რომ ქოლესტერინი, როგორც ასეთი, დაავადება არ არის. ყველა ადამიანს აქვს სისხლში ქოლესტერინის გარკვეული რაოდენობა, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ ადამიანის ორგანიზმმა ნორმალურად იმუშაოს. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, თვითონ ქოლესტერინი კი არ არის ცუდი, არამედ ცუდია, როდესაც სისხლში ქოლესტერინის დონეა მომატებული. უნდა ვიცოდეთ, რომ უარყოფითი შედეგი შეიძლება გამოიღოს ქოლესტერინის დონის როგორც მომატებამ, ისე, დაკლებამ. ქოლესტერინი, თავის მხრივ, ხუთი ფრაქციისგან შედგება, რაც ასევე ნორმაში უნდა იყოს.

– რატომ უწოდებენ ქოლესტერინს ოცდამეერთე საუკუნის დაავადებას?

– დაავადება თანდაყოლილი ჰიპერქოლესტერინომიაა და არა თვითონ ქოლესტერინი. ჰიპერქოლესტერინომია ძალზე იშვიათად გვხვდება და იწვევს სისხლძარღვების კედლის დაზიანებას, ათეროსკლეროზს, შემდეგ კი სისხლძარღვების ჩაკეტვასა და მიოკარდიუმის ინფარქტს. რაც შეეხება თვითონ ქოლესტერინს, მას ოცდამეერთე საუკუნის დაავადებას იმიტომ უწოდებენ, რომ თანამედროვე ადამიანი ვერ ირჩევს ცხოვრების მართებულ წესს, არ იკვებება სწორად რაც, თავის მხრივ, სისხლში ქოლესტერინის მომატებას იწვევს და, აქედან გამომდინარე, ეს პრობლემა აქტუალური გახდა. მოგეხსენებათ, დღესდღეობით ძირითადად ბევრი ცხიმიანი საკვებით ვიკვებებით და ცოტას ვმოძრაობთ, ანუ ადამიანი ცხიმს იღებს იმაზე მეტი რაოდენობით, რაც მას სჭირდება და უმოძრაობის გამო, მის დაწვას ვერ ახერხებს. ამის შედეგად, სისხლში ქოლესტერინის დონე იმატებს, მომატებული ქოლესტერინი კი სისხლძარღვთა დაზიანებას იწვევს.

– ესე იგი, ქოლესტერინი გარკვეული დაავადებების გამომწვევი რისკ-ფაქტორია?

– დიახ, თუმცა, შესაძლოა, ადამიანს ჰქონდეს სისხლში ქოლესტერინის რაოდენობა მომატებული, მაგრამ მთელი ცხოვრება ჯანმრთელი იყოს.

– უარეს შემთხვევაში, რა დაავადება შეიძლება გამოიწვიოს სისხლში მომატებულმა ქოლესტერინმა?

– გულ-სისხლძარღვთა ათეროსკლეროზული დაზიანება. მომატებული ქოლესტერინის დონე სერიოზული რისკფაქტორია იმისათვის, რომ დაზიანდეს სისხლძარღვები, წარმოიქმნას ფოლაქები, რაც კეტავს სისხლძარღვებს, რის შედეგადაც ორგანიზმის ამა თუ იმ უბანზე ფერხდება ან სრულიად წყდება სისხლის მიწოდება. შესაბამისად, იმ ორგანოში უჯრედები კვდება და მათი ფუნქციონირებაც წყდება. გულმა სისხლი ყველა ორგანოს უნდა მიაწოდოს. ყველაზე სახიფათოა, როდესაც სისხლის მიწოდება უწყდება გულის კუნთს, რაც იწვევს ინფარქტს. სამწუხაროდ, ქოლესტერინი და ათეროსკლეროზი, პირველ ყოვლისა, სწორედ გულის არტერიებს აზიანებს და შემდეგ – პერიფერიულ ორგანოებს.

– რომელი საკვები უნდა შეზღუდოს ადამიანმა, რომ თავიდან აიცილოს სისხლში ქოლესტერინის მომატება?

– ქოლესტერინის მომატება რომ ავიცილოთ, ნაკლებად უნდა მივირთვათ ცხოველური ცხიმები, კარაქი, არაჟანი, საერთოდ რძის ნაწარმი, ქათმის კანი; თევზეულიდან უნდა შევზღუდოთ ხიზილალა და ზუთხი, რადგან ამ ყველაფერში ძალიან ბევრი ქოლესტერინია.

– ბოლო პერიოდში მართლაც შეიმჩნევა ტენდენცია, რომ ადამიანების სისხლში ქოლესტერინმა საგრძნობლად მოიმატა.

– დიახ, ეს ტენდენცია მართლაც შესამჩნევია. განსაკუთრებით საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ბევრი დაავადება „გაახალგაზრდავდა“. დაახლოებით 15 წლის წინ, როდესაც მე მუშაობას ვიწყებდი, ახალგაზრდა ადამიანებში ასეთი იმფარქტების რაოდენობა გაცილებით ნაკლები იყო, ვიდრე ახლა. მარტო ჩვენთან, კვირაში რამდენიმე ახალგაზრდა, ორმოციოდე წლის კაცი შემოდის მიოკარდიუმის ინფარქტით, ეს, რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხაროა. ამის მიზეზი ნაწილობრივ ქოლესტერინიც არის. საერთოდ, ინფარქტის ჩამოყალიბებისთვის სულ ხუთი რისკფაქტორი არსებობს. ესენია: ქოლესტერინის მომატება, უმოძრაო ცხოვრება, ზედმეტი წონა, მაღალი არტერიული წნევა და დიაბეტი. თუ ხუთივე რისკფაქტორი სახეზეა, ადამიანს ნამდვილად დაემართება ინფარქტი, ხოლო თუ ერთი ან რამდენიმე რისკ-ფაქტორი აქტიურდება, შეიძლება ადამიანი ინფარქტს გადაურჩეს.

– ანუ, თუ ადამიანი ბევრ ქოლესტერინს იღებს, მაგრამ, მისი ცხოვრების რიტმიდან გამომდინარე, ბევრს მოძრაობს და ენერგიას ხარჯავს, ქოლესტერინის მომატება არ მოხდება?

– ეს ინდივიდუალურია. ზოგიერთი ადამიანი ყველაფერს მიირთმევს, ზედმეტი წონაც აქვს, უმოძრაოდაც არის, მაგრამ ქოლესტერინის დონე სისხლში ნორმალური აქვს. ამასთან, ქოლესტერინი გენეტიკური არ არის.

– საერთოდ, ქოლესტერინის მომატება მამაკაცებში უფრო გვხვდება თუ ქალებში?

– გადაჭრით პასუხის გაცემა ძნელია, თუმცა საქართველოში, ჩვენი ცხოვრების წესიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ქოლესტერინის მომატება მამაკაცებში უფრო შეიმჩნევა.

– ალკოჰოლურ სასმელს რა როლი აქვს ქოლესტერინის მომატებაში?

– სასმელი ქოლესტერინს არ შეიცავს, მაგრამ, სამაგიეროდ, ის, ვინც ხშირად იღებს ალკოჰოლს ბევრ ცხიმიან საკვებსაც აყოლებს. სასმლის უზომოდ მიღება იწვევს წონაში მატებას. ამგვარად, პირდაპირი მნიშვნელობით სასმელი ქოლესტერინს არ ჰმატებს.

– როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი, რომ სისხლში მომატებულ ქოლესტერინს გაუმკლავდეს?

– საერთოდ, ეს პრობლემა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში დგას. ადამიანი, პირველ ყოვლისა არ უნდა გასუქდეს, რეგულარულად უნდა ივარჯიშოს, უნდა აკონტროლოს სისხლში ქოლესტერინის დონე და, თუ მომატებული აქვს, მას ექიმი დაუნიშნავს მედიკამენტს, რომელიც ამ პრობლემას მოუხსნის. ბოლოს, მინდა გითხრათ, რომ უშუალოდ ქოლესტერინი არ იწვევს სიკვდილს, მაგრამ ის არის ისეთი დაავადებების გამომწვევი, რომლებიც ხშირად სიკვდილის მიზეზი ხდება.


скачать dle 11.3