კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ იქცევა ჭკვიანი, მოტყუებული ცოლი


სიყვარულიც შეიძლება იყოს საშიში. მით უფრო, თუ ის სიძულვილად იქცევა. სიყვარული, რომელიც შეურაცხყვეს და დაამცირეს, ნელ-ნელა გადაიქცევა შურისძიების სურვილად. თანაც რაც უფრო დიდია სიყვარული, მით საშინელია შურისძიება. როდის შეიძლება, ერთმანეთის მოყვარული ადამიანები მოსისხლე მტრებად იქცნენ?! – მაშინ, როცა ერთ მათგანს აიძულებენ, იქცეს მტრად და აიძულებენ ამას გულცივობით, შეუბრალებლობით, გულგრილობით და ღალატით.

მამაკაცებს რატომღაც ჰგონიათ, რომ ყოველთვის ყველაფერი გამოუვათ, რომ მათთვის ბევრი რამ დასაშვებია და მისატევებელი, რომ მათი სურვილები უზენაესია. მით უმეტეს, თუკი ფული აქვთ. მატერიალური კეთილდღეობა მათში ყოვლისშემძლეობის განცდას ბადებს. უკვირთ, რატომ არის ცოლი უკმაყოფილო, მას ხომ ყველაფერი აქვს. ფუფუნებაში ცხოვრობს ქმრის ხარჯზე და აღარ უნდა გამოთქვამდეს პრეტენზიას, თუკი ქმარი ფულს საკუთარ სიამოვნებაშიც დახარჯავს. ბოლოს და ბოლოს, ფულს ის შოულობს და არა ცოლი. არიან ქალები, რომლებიც კარგად ცხოვრობენ და თავს არ იტკიებენ ფიქრით, თუ ვისთან შეიძლება ღალატობდეს ქმარი. მაგრამ, ქალების მეორე კატეგორიას არ აკმაყოფილებს მხოლოდ მატერიალური კეთილდღეობა, მძაფრად რეაგირებს ქმრის ღალატზე და მაშინ მათ შორის ნამდვილი ომი იწყება.



თეონა (37 წლის): დავიწყებ იმით, რომ ყოველთვის ასეთი არ ვიყავი. ეს ახლა ვიქეცი მკაცრ, შეუვალ, პრინციპულ და მიზანდასახულ პიროვნებად, რომელსაც, როგორც იტყვიან ხოლმე, „შუბლით გააქვს“. ცხოვრებისგან ბევრს არაფერს ვითხოვდი. ყოველთვის მინდოდა, მყოლოდა მოსიყვარულე ქმარი და მის ძლიერ მხარს შეფარებული გამეზარდა შვილები, მაგრამ არ იფიქროთ, რომ გაუნათლებელი და უწიგნური ვარ. ძალიან კარგი განათლებაც მაქვს მიღებული და ბიზნესიც, რომელიც მერე ჩემმა ქმარმა გააფართოვა, მე დავიწყე. უბრალოდ, რადგან ყოველთვის მჯეროდა, რომ ფული კაცმა უნდა იშოვოს, ხოლო ქალმა ოჯახში მას კომფორტი შეუქმნას და შვილები გაზარდოს, პირველი ბავშვი რომ შემეძინა, სახლში დავჯექი. ძალიანაც შევცდი. ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდი სისულელე იყო.

– რატომ?

– იმიტომ, რომ ჩვეულებრივ, მამაკაცები არ აფასებენ ასეთ თავგანწირვას. ჩემს ქმარსაც თავში აუვარდა პატივისცემა. სინდისის ქენჯნა არ მაწუხებს, იმიტომ, რომ მთლიანად მის კისერზეა, რაც მოხდა. ჩემში შურისმაძიებელი მან გააღვიძა თავისი უზნეობით და უგულობით. შეიძლება, ვინმემ თქვას, რომ ასე არ უნდა მოვქცეულიყავი, რომ უღირსი საქციელი ჩავიდინე და შეიძლება, არაფრით ვარ ჩემს ქმარზე უკეთესი. ჩემი რამდენიმე ყოფილი დაქალი სწორედ ასე ფიქრობს. მაგრამ, აბა, თვითონ აღმოჩენილიყვნენ ჩემს ადგილას. სხვისი უბედურება მტკივნეულად არ აღიქმება. ადვილია ჩემი გაკიცხვა და იმის თქმა, რომ შურისძიება არ არის კარგი საქმე. მაგრამ მე მაქვს გამართლება: ჩემი შვილების მომავლისთვის ვიბრძოდი, რომლებიც, სხვათა შორის, საერთოდ არ გახსენებია მათ მამას, ისე გაიჯახუნა კარი და თავის საყვარელთან გაიქცა. ლაჩარი არამზადა! არც ერთ ქალს არ ვუსურვებ იმას, რისი გადატანაც მე მომიხდა. ეს კოშმარი იყო. კარგა ხანს მეგონა, რომ საშინელ სიზმარს ვხედავდი. რამდენიმე დღე საერთოდ არ მძინებია. ორ კვირაში რვა კილო დავიკელი. ეს კიდევ არაფერი, ჩემმა შვილებმა რა გადაიტანეს?! – ისინი ხომ ხედავდნენ ამ ყველაფერს. მათ თვალწინ არ მოხდა ეს ტრაგედია? ვერ გამოვდექი კარგი მსახიობი და ვერ ვითამაშე ბედნიერი ქალის როლი, ან რატომ უნდა მეთამაშა? მეთქვა შვილებისთვის, რომ მათი მამა ანგელოზია, რომ გიჟდება მათთვის, მაგრამ მე ვერ გავუგე და იმიტომ წავიდა სახლიდან? კი მაგრამ, რატომ უნდა მეზრუნა მისი რეპუტაციისთვის? რით დაიმსახურა? იმით, რომ თორმეტწლიანი ერთად ცხოვრების შემდეგ კახპაზე გაგვცვალა მეც და შვილებიც? მაინც რატომ არიან მამაკაცები ასეთი ნაძირლები? დილით შვებულებას ვგეგმავდით, ვითომ არაფერი მომხდარიყოს, საღამოს კი სახლიდან წავიდა. იცით, როგორ გავიგე, საყვარელი რომ ჰყავდა, წერილი მივიღე „კეთილისმსურველისგან“. არც კი ვიცოდი, კონვერტში ჩადებული წერილი კიდევ თუ არსებობდა.

– ვინ გამოგიგზავნათ, იცით?

– არა, მაგრამ ეჭვი მაქვს, რომ ეს იმ ქალბატონმა გააკეთა, მისმა საყვარელმა. ეტყობა, მობეზრდა ლოდინი, როდის აეხდებოდა ყველაფერს ფარდა. მიხვდა, ჩემი ქმარი კიდევ დიდხანს რომ ვერ მეტყოდა სიმართლეს და ამოქმედდა. შეიძლება, ეს სხვამაც გააკეთა, ამას აღარ ჰქონდა ჩემთვის მნიშვნელობა და მეც აღარ გამომიძიებია. წერილი რომ წავიკითხე, ჯერ ვიფიქრე, ვიღაც ბოროტად მეხუმრება-მეთქი. საკმაოდ ზუსტად შედგენილი წერილი იყო. რას ვგულისხმობ? ეწერა, როდის დაიწყო მათ შორის ურთიერთობა, სად ხვდებოდნენ, ანუ მითითებული იყო ნაქირავები ბინის მისამართი და ის ღამეები, რომლებსაც ერთად ატარებდნენ. მინდოდა, დამეხია წერილი, მერე კიდევ ერთხელ გადავიკითხე და ერთბაშად აღმოვაჩინე, რომ ზუსტად ის ღამეები იყო ჩამოთვლილი, როცა ჩემი საყვარელი მეუღლე „მივლინებებში“ ბრძანდებოდა. ამან დამაფიქრა. გადავწყვიტე, გაურკვევლობისთვის მაშინვე მომეღო ბოლო. ჩემი ქმარი სანამ სახლამდე მოაღწევდა, კიდევ რაღაც-რაღაცეებიც გამახსენდა. მაგალითად, როგორ მშვენიერ გუნებაზე ბრძანდებოდა ყოველთვის, როცა „მივლინებიდან“ ჩამოდიოდა. როგორ აგვიანებდა სისტემატურად საღამოობით და ამას ფირმის საქმეებს აბრალებდა. სახლშიც ისე იყო, ზოგჯერ საერთოდ არ ესმოდა, რას ველაპარაკებოდი. ყურადღებიანიც აღარ იყო. ეს ყველაფერი გამახსენდა და მოვიდა თუ არა, წერილიც მაშინვე ცხვირწინ ავუფრიალე. ველოდი, რომ გაიცინებდა და იტყოდა, ეს რა სისულელეა, ამ ნაბოდვარის როგორ გჯერაო, მაგრამ გაჩუმდა და თავი დახარა. ლამის გული გამისკდა. ჩემი ეჭვი დადასტურდა. „კეთილისმსურველი“ მართალი აღმოჩნდა. ჩემს ქმარს საყვარელი ჰყავდა. ვიდექი, ვუყურებდი, როგორ იკვნეტდა ტუჩებს და ვფიქრობდი, რა უნდა გამეკეთებინა. ყურებს ვერ დავუჯერე, რომ მითხრა, კარგიც კია, ბოლოს და ბოლოს სიმართლე გაირკვა. ახლა აღარ დამჭირდება ტყუილების თქმა. ამან ძალიან დამღალაო. გეუბნებით, ეს ისეთი შოკი იყო, რომ მიკვირს, გულმა როგორ არ დამარტყა. ეტყობა, ადამიანი ბევრ უბედურებას უძლებს.

– თქვენ მიგაჩნიათ, რომ ღალატი უბედურებაა?

– აბა, რა არის? საშინელი უბედურებაა, ტრაგედია. მიკვირს, როცა „ალაითებენ“ ამ ყველაფერს. ადამიანი, რომელიც მთელ შენს ცხოვრებას განსაზღვრავდა, ყველაფრით მასზე იყავი დამოკიდებული როგორც ფიზიკურად, ისე სულიერად, მომავალს ერთად გეგმავდით, საერთო წარსული გქონდათ, საერთო ლოგინი, აღარაფერს ვამბობ შვილებზე, უცებ გეუბნება, რომ მორჩა – ის მიდის და თითქოს ეს ყველაფერი არც ყოფილა. ფაქტობრივად, მორჩა სიცოცხლე. რომ სუნთქავ და არ კვდები, ეს კიდევ არ ნიშნავს იმას რომ ცოცხალი ხარ. უნდა ვილაპარაკოთ-მეთქი. კიო, დამეთანხმა. მე ვგულისხმობდი იმას, რომ მივიღებდი დაპირებას, იმ ქალთან ყველაფერი დამთავრდებოდა. ამის ნაცვლად, განქორწინების შესახებ უნდა მოვილაპარაკოთო. წარმოგიდგენიათ? არანაირი ყოყმანი, ან წუხილი იმაზე, რაც ჩაიდინა. პირდაპირ განქორწინებაზე დაიწყო ლაპარაკი. მაინტერესებს, რომელი ქალი შეძლებდა, მშვიდად შეხვედროდა ქმრის ასეთ ნაძირლობას. არამზადა და ნაბიჭვარი ხარ-მეთქი, – ვუთხარი. მეც მიკვირს, სახეში რომ არ ვეცი და არ დავკორტნე. არ მინდოდა იმის დაჯერება, რაც აშკარად მესმოდა. მე ჩემი ქმრის გამო აღარ გავაგრძელე ჩემი კარიერა. შემეძლო, ბიზნეს-ლედი გავმხდარიყავი. მევლო წვეულებებზე, საქმიან შეხვედრებზე, მივლინებებში. რამდენი ქალი იქცევა ასე. შვილებს ძიძები უზრდიან, ოჯახს მოსამსახურეები უვლიან, ცუდადაც არ ცხოვრობენ. მათ აზრს ყველა ანგარიშს უწევს და ქმრებიც თვალებში შესციცინებენ.

– ანუ, წარმატებულ ქალებს ქმრები არ ღალატობენ?

– თუ ღალატობენ, ამას შიშით და სიფრთხილით აკეთებენ, რომ ცოლმა არ გაიგოს. ისე ვერ მოიქცევიან, როგორც ჩემი ქმარი მომექცა. რომ ვუთხარი, რას ამბობ, რა განქორწინებაზე მელაპარაკები, ჩვენ ხომ შვილები გვყავს, ერთმანეთი გვიყვარს-მეთქი, ისე შემომხედა, როგორც არარაობას. „თეონა, ნუ მოაწყობ იაფფასიან სცენებს. არ ღირსო“, – ეს სიტყვები ისეთი ზიზღით, ისე ცივად მითხრა, მიწა გამომეცალა ფეხქვეშ. ასე არასოდეს არავის დავუმცირებივარ. „იაფფასიანი სცენა“ – როგორი მოსასმენია. თავისი საქციელის შემდეგ როგორ მითხრა ასეთი საზიზღრობა. მერე კიდევ უფრო უარესი რაღაც თქვა – „ღირსების შენარჩუნების სურვილი“. მოკვლა მინდოდა მისი. თორმეტი წელი ნაძირალას გვერდით მიცხოვრია. ჯერ კიდევ დილით მასზე ძვირფასი არავინ მყავდა, მჯეროდა, რომ მძიმე წუთებში მხოლოდ მისი იმედი შეიძლებოდა მქონოდა და ახლა ეს ადამიანი ზიზღით მიყურებდა და მეუბნებოდა, არარაობა ხარო. ცუდი ურთიერთობა რომ გვქონოდა, ან ინტიმურ სფეროში ვერ შევწყობოდით ერთმანეთს, კიდევ მექნებოდა იმის მოლოდინი – ერთ დღეს ჩვენი ოჯახი აუცილებლად დაინგრეოდა. არაფერი მსგავსი არ ყოფილა. ისე არ გავიდოდა სახლიდან, ჩემთვის და ბავშვებისთვის არ ეკოცნა, არ მოგვფერებოდა... დღის განმავლობაშიც რამდენჯერმე რეკავდა, ხომ არაფერი გჭირდებათო. ყველგან ერთად დავდიოდით და არაერთხელ უთქვამს, ბედნიერი ვარ, შენ რომ მყავხარო. თურმე, ეს ყველაფერი ფარსი ყოფილა. თამაშობდა ერთგული, მზრუნველი ქმრის როლს. ისე გაიხურა კარი, ბავშვებთან არც კი შესულა. არაფერი აუხსნია მათთვის. ისინიც ფეხებზე დაიკიდა. ამ ყველაფრის შემდეგ როგორ არ გამჩენოდა შურისძიების სურვილი?! როცა ტანსაცმლით სავსე ჩანთით გადიოდა, მე იატაკზე ვიჯექი და ვტიროდი. გადამაბიჯა და გაიარა, ზედაც არ შემოუხედავს, ისე. კიდევ მე უნდა გამომეჩინა დიდსულოვნება? იცით, როგორ გავმწარდი, არავის ვუსურვებ, იგივე განიცადოს. ჩემი შვილების თვალები რომ მახსენდება, დღესაც ცუდად ვხდები და ვრწმუნდები იმაში, რომ სწორად მოვიქეცი. რამდენიმე დღე ვიტანჯებოდი, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. ვერც ვჭამდი, ვერც ვსვამდი, ვერც ვლაპარაკობდი. მარტო ვტიროდი არაადამიანური ხმით. ბავშვებს ჩემი და პატრონობდა. საწყლები ფეხის წვერებზე, ჩუმად დადიოდნენ სახლში, ზედმეტად რომ არ შევეწუხებინე. რა თქმა უნდა, ყველაფერს ხვდებოდნენ. ვგრძნობდი მათ მხარდაჭერას, ათი წლის ბავშვი პატარა აღარ არის. მე არ მომიტყუებია ისინი. არ მომიყოლია ზღაპარი, რომ მამიკოს ისინი უყვარს და ყოველთვის ეყვარება. საერთოდ არაფერი მითქვამს. დასკვნები თვითონ გააკეთეს.

– მათთვის მძიმე იქნებოდა ეს.

– ვიცი. მაგრამ ტყუილი არ იქნებოდა მძიმე? როდემდე „გამოვკვებავდი“ ილუზიებით. სულელები არიან ის ქალები, რომლებიც მოღალატე მამისგან გმირს ქმნიან და ამ „ფსევდოგმირზე“ მოგონილი ზღაპრებით ზრდიან შვილებს. რატომ არ უნდა იცოდეს ბავშვმა, ვინ არის სინამდვილეში მამამისი?! იმან რატომ არ იფიქრა, რა ტრავმას აყენებდა შვილებს, როცა მათზე წინ ვნება დააყენა – საკუთარი, ხორციელი სიამოვნება. აბა, სხვა ამას რა დავარქვა? თავიდან აგრესია არ მქონდა. ეს გრძნობა მოგვიანებით მოვიდა, როცა ცოტა დავმშვიდდი და გავიაზრე, როგორ მომექცა. რამდენიმე დღის განმავლობაში მისგან ერთი და იგივე მესიჯი მოდიოდა: „უნდა დავილაპარაკოთ განქორწინებაზე!“ არც ერთი სიტყვით არ მოუკითხავს ბავშვები. არ დაინტერესებულა, როგორ ვიყავით. ეს ბოლო წვეთი იყო ჩემს მოთმინების ფიალაში და გადავწყვიტე, ისე მოვქცეოდი ამ ნაძირალას, როგორც იმსახურებდა. რატომ უნდა დამეთმო ვიღაც კახპასთვის ყველაფერი, რაც თორმეტი წლის განმავლობაში შევქმენი. ჩემი შვილები იმ გროშების ანაბარა დამეტოვებინა, რომელსაც მათი მამიკო მოწყალების სახით გაიღებდა, ის ქალბატონი კი ფუფუნებაში ყოფილიყო? ამას ვერ დავუშვებდი. წავედი და ბანკიდან მთელი ჩვენი დანაზოგი გამოვიტანე. საკმაოდ დიდი თანხა. ჩემს სახელზე იყო გაფორმებული მანქანაც, ანგარიშებიც, ფირმაც და ბინაც. ჩემს დედამთილზე გავაფორმეთ ჩვენი აგარაკი. ჩემი ქმარი ფირმის დანიშნული დირექტორი იყო. მართალია, ყველაფერს ის განაგებდა, მაგრამ ოფიციალურად ყველაფრის მეპატრონე მე ვიყავი. ნეტავ, რას ფიქრობდა, განქორწინებაზე რომ დაიწყო ლაპარაკი. ვერ წარმოიდგინა, რომ მშრალზე დავსვამდი. ორი დღის შემდეგ გაიგო დანაზოგის ამბავი და გაგიჟებულმა დამირეკა. სად არის ფულიო. ბავშვები არც ამჯერად მოუკითხავს. სად ეცალა მათთვის, გადარეული იყო. ეტყობა, თავისი საყვარლისთვის საქორწინო მოგზაურობის მოწყობა უნდოდა და ჩავუშალე გეგმები. ვუთხარი, დღეიდან შეგიძლია, ჩემს ადვოკატს ელაპარაკო-მეთქი. მივხვდი, რომ არ ელოდა ამას. რომელ ადვოკატს, რას აპირებო. იმას, რაც დაიმსახურე. მათხოვრად უნდა გაქციო-მეთქი. გაგიჟდიო? – არა, შენ გაგიჟდი და ამისთვის კარგ ფასსაც გადაიხდი. ვნახოთ, შენს სიყვარულს ჯიბეგაფხეკილიც თუ ენდომები-მეთქი. ჩხუბი დამიწყო. ყვიროდა, ილანძღებოდა, მე ჩუმად დავუკიდე ყურმილი. უკვე ყველაფერი გადაწყვეტილი მქონდა. ძალიან კარგი ადვოკატი ავიყვანე. ფული არ დამიშურებია. ჩემი მიზანი ქმრის ფინანსური განადგურებაც იყო და მორალური მოსპობაც. ორი ჩემი მეზობელი და ერთი დაქალი დამთანხმდნენ, სოლიდარობა გაეწიათ და, მოწმედ გამოსულიყვნენ სასამართლოზე. ეთქვათ, რომ ქმარი მცემდა, ტერორში გვაცხოვრებდა მეც და ბავშვებსაც, რომ ჩვენთვის საჭმლის ფული ენანებოდა, თვითონ რესტორნებსა და ღამის კლუბებს არ იკლებდა, კახპებში ხარჯავდა მთელ ფულს.

– ეს ხომ ტყუილი იყო, ცრუ ჩვენება მისცეს?

– დიახ. მაგრამ ამის გამო არც მე ვწუხვარ, არც – ისინი. ჩემმა ქმარმა ეს დაიმსახურა. ცემაზე უარესი იყო, რაც მან გამიკეთა. არ მიმაჩნია, რომ ცილი დავწამე. მან ეს თვითონ დაიტეხა თავს. მოსამართლე თავიდანვე სიმპათიით განეწყო ჩემდამი. ქალი იყო და გამიგო. მით უმეტეს, რომ კანონიც ჩემ მხარეს იყო.

– თქვენს მეუღლეს არ უცდია თავის დაცვა?

– სხვათა შორის, არა. იმდენად იყო გაოგნებული მომხდარით, ენაჩავარდნილი იჯდა. იმას ვერაფრით წარმოიდგენდა, რომ სამი ადამიანი ცოლ-შვილის ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ტერორში დასდებდა ბრალს. ფულის გარეშე ხომ დარჩა, თავიც მოვჭერი. ჩემმა ადვოკატმა ბოლომდე გაანადგურა. რადგან ფირმის დირექტორი ბრძანდებოდა და საკუთარ თავს დიდ-დიდი ხელფასებით ანებივრებდა, ალიმენტიც სოლიდური დააკისრეს. ფირმას მე ჩავუდექი სათავეში. ჭკუა ვისწავლე. მოვცილდი გაზქურას. სანიმუშო ცოლის იმიჯმა ბედნიერება ვერ მომიტანა. ახლა უკვე ვიცი, როგორ უნდა ვიცხოვრო. არც ერთი მამაკაცი არ იმსახურებს ფისუნია, თბილ, მოსიყვარულე, მზრუნველ ცოლ-დიასახლისს, რომელიც დღედაღამ მის კომფორტსა და სიმშვიდეზე ზრუნავს. გადის დრო და ასეთ ცოლებს კახპებს ამჯობინებენ ხოლმე. როგორც ბევრჯერ მომხდარა. ჩემი ქმარი ახლა უკვე ნანობს თავის საქციელს, მაგრამ გვიან არის. ხმები მომდის, რომ იმ ქალთან აუტანელი ცხოვრება აქვს. ყოველდღე ჩხუბობენ. რა თქმა უნდა, მას ხომ ეგონა, რომ ფულიანი „შეაბა“. მისი ახლანდელი შემოსავალი რაში ეყოფა. მე მიხარია, რომ რასაც ვუწინასწარმეტყველებდი, ზუსტად აუხდა. უკან კი აღარ მივიღებ. ჯობია, ამაზე არც იოცნებოს.


скачать dle 11.3