კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ დადიოდა კონსტანტინე გამსახურდია ჩუმ-ჩუმად ქალებში და ვის მიუძღვნა მან „დიდოსტატის მარჯვენა“


კოკო გამსახურდიას მოგონებები ყველა იმ მნიშვნელოვანი მოვლენით არის გაჯერებული, რომლებიც მუდამ თან ახლავდა მის ცხოვრებას. საოჯახო ალბომიდან მისი საყვარელი ადამიანები: კონსტანტინე ბაბუა, მირანდა ბებო, მამა, დედა, მამიდა, მეგობრები თითქოს ისევ ისეთები არიან, როგორებიც კოკოს მეხსიერებას შემორჩა. წარსულის ფურცლებზე არაჩვეულებრივად აისახება დიდი ოჯახის კოლხურ კოშკში გატარებული წლები და იქ მომხდარი საინტერესო ამბები.

კოკო გამსახურდია: დავიბადე ბაბუაჩემის 70 წლის იუბილეს დღეს და მთელი ოჯახისთვის ეს იყო საოცარი სიხარული. დიდი კონსტანტინესთვის ეს იუბილე სიახლე იყო, იმიტომ, რომ მანამდე საკმაოდ დიდი წნეხის ქვეშ ცხოვრობდა. პოლიტიკურად სდევნიდნენ. მართალია, ფიზიკურ განადგურებას გადაურჩა, მაგრამ იუბილეს ნამდვილად არავინ გადაუხდიდა. მაშინ წარმოთქვა ცნობილი სიტყვა პატარა მდინარის ნაპირთან დაბადებულ ბიჭთან დაკავშირებით, რაშიც თავის თავს გულისხმობდა. ბაბუა ჩემ მიმართ ძალიან მოსიყვარულე და დამთმობი იყო, ფაქტობრივად, ჩემს ყველანაირ კაპრიზს ასრულებდა, ხოლო გარე სამყაროსთვის კი ის პირქუში, საკმაოდ მჭახე და უკარება ადამიანი იყო. ყოველ შემთხვევაში, ასე ხედავდნენ მას. ძალიან საინტერესო და დატვირთული ყოველდღიური ცხოვრება ჰქონდა. საერთოდ, მისი გარემო მთლიანად კულტურით, წიგნითა და მუსიკით სუნთქავდა, რომელიც ჩემს ბავშვობას მოიცავდა. მახსოვს, ბაბუას ხშირად მივყავდით ბავშვები სვეტიცხოველში, ჯვარზე, ზედაზენზე. საკმაოდ მრავალმხრივი ინტერესით ვცხოვრობდით. არ მოსწონდა გერმანული ლექსები ლენინზე და იმ დროს გავრცელებულ სხვა პოლიტიკურ თემებზე, ყოველნაირად ეწინააღმდეგებოდა ამას. პაწაწინა რომ ვიყავი, თურმე, ჩემს ოთახში შემოივლიდა, მძინარეს თვალებს დამიკოცნიდა და მერე, ნასიამოვნები, მიაშურებდა თავის სამუშაო ოთახს ღიღინ-ღიღინით: „კოკო, ჩემო სიყვარულო, სიცოცხლეზე უფრო ტკბილო“. მახსოვს, რომ გარდაიცვალა, ნერვიულობისგან ისე განვიცადე, რომ გავხდი და პანაშვიდებს და დაკრძალვას ვერ დავესწარი.

– გაიხსენეთ, ვინ შეგასწავლათ პირველად ანბანი, წერა-კითხვა, ვინ იყო დაკავებული თქვენი აღზრდით?

– დაახლოებით 4 წლის ვიქნებოდი, ყბაყურა რომ დამემართა. სიცხე არ მქონია, მაგრამ საშინლად გამსიებია ჯირკვლები. ლოგინში ვიწექი და ბევრს ვჭიჭყინებდი, დედას და ბებოს განუწყვეტლივ ვთხოვდი, ჩემთვის რამე წაეკითხათ. ისინიც მიკითხავდნენ და დაღამებამდე ასე გრძელდებოდა. ერთხელაც, რომ დაიღალნენ დედამ ანბანი ჩამომიწერა და მითხრა: კაცი არა ხარ, კოკო? გთხოვ, ისწავლე, რაც ჩამოგიწერე და არავის საღრიჭინოდ აღარ გექნება საქმე, თვითონ წაიკითხავო. ერთი კვირის შემდეგ დამოუკიდებლად წავიკითხე „თბილისის ისტორია“ და „ალექსანდრე მაკედონელი“. მახსოვს, პლასტელინისგან გამოვძერწე მაკედონური ფალანგის მაკეტი. დავდიოდი გერმანულ საბავშვო ბაღში. შეიძლება ითქვას, გერმანული ენა ჩემი მეორე მშობლიური ენა გახდა, რამაც შემდგომ ჩემს პიროვნებად ჩამოყალიბებაში დიდი როლი ითამაშა. 5 წლის ვიყავი, ფრანგულის სწავლა რომ დავიწყე. მასწავლიდა ზურა ჭავჭავაძე, ფრანგულის ბრწყინვალე სპეციალისტი, რომელიც იმ დროს ახალი ჩამოსული იყო საფრანგეთიდან. ამის შემდეგ ვისწავლე: ინგლისური, ბერძნული და სპარსული. ძალიან მიყვარდა ქართული ენა და ლიტერატურა. სკოლაში ჩემი მასწავლებელი იყო გრიგოლ კუპატაძე, რომელიც ერთ დროს მამაჩემს ასწავლიდა. ამიტომ, ვამბობდი, რომ, ისევე, როგორც ჩემს წინაპრებს, მეც მყავდა ჩემი იოსებ ოცხელი-მეთქი.

– თქვენს იმდროინდელ მეგობრებზე რას იტყვით?

– რაც შეეხება მეგობრებს, ჯერ კიდევ რამდენიმე თვის ვიყავი, ჩემი პირველი მეგობარი რომ შევიძინე – ირაკლი კოსტავა. თურმე „მანეჟში“ ერთად ვისხედით და ვთამაშობდით. რომ წამოვიზარდე ძალიან მიხაროდა სკოლაში სიარული. ის პერიოდი საუკეთესო და სასიამოვნო მოგონებად შემომრჩა. საამხანაგო, უსაყვარლესი საძმაკაცო უცხოეთში ჩემ წასვლამდე სულ გვერდით მედგა. ამ სამეგობროში იყვნენ ირაკლი ჩარკვიანი, ირაკლი ბათიაშვილი...

– არქეოლოგიურ გათხრებზეც მიამბეთ, ძვირფასი ნივთები რომ აღმოაჩინეთ.

– მცხეთაში არქეოლოგიურ გათხრებში ვმონაწილეობდი. ჩემი ოცნება იყო, მნიშვნელოვანი რამ აღმომეჩინა და ეს ოცნება ამისრულდა: სამთავროს ველზე გაითხარა სამარხები, სადაც აღმოჩნდა გვიანი ანტიკური ხანის ნივთები: ოქროს ოვალური ბეჭედი ალმადინის თვლით, რომელსაც გარშემო დაღარული მავთულის არშია ჰქონდა; სამნაწილიანი ოქროს საყურე ალმადინის ამობურცული თვალით და ქვედა ნაწილზე ორი მავთულის ღერაკით, რომელიც მარგალიტებით ბოლოვდებოდა; ასევე, ვერცხლის ოვალური ბეჭედი, რომელშიც იჯდა სარდიონის ულამაზესი ინტალიო; ვერცხლის მონეტები, ავგუსტუსის დინარები, ვერცხლის მონეტა – არტაბან მეორის დრაჰმა და კიდევ ერთი ვერცხლის ბეჭედი, რომელზეც პროფილში იყო გამოსახული, როგორ წველის თხას ლოდზე ჩამომჯდარი მწყემსი.

– თქვენს სტუდენტობის წლებს თუ უკავშირდება რამე ისტორია?

– უნივერსიტეტში აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე ჩავაბარე. დავიწყე სპარსული ენის შესწავლა, რასაც საკმაოდ დიდი დრო სჭირდებოდა. ეს ფუნქცია თავის თავზე აიღო ირანელმა ფათემმა, რომელთანაც ვმეგობრობდი. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ იმავე წელს გავხდი წერეთლის სახელობის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის ასპირანტი. უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში გავიარე სამხედრო სამსახური და ქუთაისში სამხედრო ბანაკში ორთვიანი მსახურების შემდეგ ლეიტენანტის წოდება მომანიჭეს. მაშინდელი მთავრობის ზოგიერთმა დაინტერესებულმა წევრმა გადაწყვიტა, როგორც აღმოსავლეთმცოდე, კიევში გავმგზავრებულიყავი „დერჟი მორდას“ კანცელარიაში საბუთების გადასაწერად. რეალურად კი, გადაწყვეტილი იყო, კიევიდან ავღანეთში გავეგზავნე. ეს გახლდათ ის საუკეთესო სასჯელი, რითაც შეიძლებოდა ზვიად გამსახურდიას რაღაც გარკვეული დროით პარალიზება – მისთვის ჭკუის სასწავლებელი გაკვეთილი. ეს დაახლოებით იმ განაჩენს ჰგავდა, რომელიც 1984 წელს გამოუტანეს მერაბ კოსტავას ირაკლის ტრაგიკული დაღუპვით. ჩვენმა ოჯახმა დიდი სტრესი გადაიტანა, როცა წარმოიდგენდნენ, რა შეიძლებოდა მომხდარიყო.

– თუ იცით, დედამ და მამამ როგორ გაიცნეს ერთმანეთი?

– დედამ და მამამ ერთმანეთი ფალიაშვილის სამუსიკო სკოლაში გაიცნეს. მერაბი, ზვიადი და დედა მეგობრობდნენ. მათი პირველი პაემანი კონსერვატორიაში შედგა. სამწუხაროდ, ერთად მხოლოდ 13 წელი იცხოვრეს. სხვათა შორის, დედა, დალი ლოლუა, თავის წიგნში იხსენებს თავის პირველ, პატარძლობის დროინდელ, შეხვედრას ბაბუასთან. ეს იყო 1959 წელს. ეზოში სუფრა იყო გაშლილი. სუფრის თავში, თურმე, დიდი კონსტანტინე იჯდა, აჯიკაწასმულ ნესვს მიირთმევდა და თავისთვის ღიღინებდა. ყველაფერი დამავიწყდა, აღარ ვიცოდი, რა გამეკეთებინა, თითქოს კრიჭა შემეკრა და ნერწყვი გამომიშრა. ამ დროს დიდმა კონსტანტინემ მკითხა: რატომ არ მიირთმევთ ნესვს? ცოტა ხანში უხერხულობა დაირღვა და საუბარი ჩვეულებრივი, სასიამოვნო განწყობით წარიმართაო.

– ვიცი, რომ მამათქვენის დაბადებას საინტერესო ისტორია ახლავს.

– სახლი ჯაფარიძის 13-ში, სადაც ჩვენი ოჯახი თავდაპირველად ცხოვრობდა, თურმე, ვინმე სამუილ შახპარონიანს ეკუთვნოდა, რომელიც მეან-გინეკოლოგი ყოფილა. იგი უცხოეთში არ დარჩენილა, თბილისში, მშობლებთან დაბრუნებულა და გარდაცვალებამდე აქ ცხოვრობდა. უანგაროდ ემსახურებოდა ხელმოკლე ავადმყოფებს. დანახვისთანავე შვილივით შეჰყვარებია ახალგაზრდა მირანდა და დამეგობრებულან. ფუფუნებას მიჩვეული მოხუცი იმ დროს სადარბაზოს ერთ-ერთ კუთხეში ცხოვრობდა და მირანდა თავის ლუკმას უყოფდა. ამ ადამიანმა გადაწყვიტა, პატივისცემა ათმაგად გადაეხადა ოჯახისთვის. ფეხმძიმე მირანდას, მით უმეტეს, სახლის პირობებში, მშობიარობა გართულებია. ამ კაცმა სიცოცხლე შეუნარჩუნა მირანდასაც და ბავშვსაც. ასე გაჩნდა ზვიადი, რამდენიმე წლის შემდეგ კი – თამარი. ამდენად, ის სახლი გახლდათ ზვიადისა და თამარის უსაყვარლესი ბუდე. შემდეგ გრიბოედოვზე ცხოვრობდნენ, ბოლოს – კოლხურ კოშკში, რომელიც, უსახსრობის გამო, თურმე, დიდხანს შენდებოდა.

– ამბობენ, კონსტანტინე გამსახურდია იმ პერიოდის თბილისისათვის არადამახასიათებელი ჩაცმის სტილით გამოირჩეოდა, რაც ბევრ მითქმა-მოთქმას იწვევდაო. თქვენ რა იცით ამის შესახებ?

– დიახ, გემოვნებით ჩამცმელი ადამიანი იყო. ევროპიდან რომ დაბრუნებულა, როგორც თვითონ აღნიშნავდა, ექსტრავაგანტურად იცვამდა და საკმაოდ გამომწვევადაც გამოიყურებოდა. მისი ჩაცმის ასეთი სტილი, თურმე, ძალიან აღიზიანებდათ კონსერვატორებსა და კომუნისტებს და მის საქციელს ექსცენტრიკულობად მიიჩნევდნენ. ბაბუას შეეძლო, რუსთაველზე ერთ დღეს სმოკინგში გამოწყობილი გამოსულიყო, მეორე დღეს – ფრაკში, მესამე დღეს – ჩოხასა და „აზიაცკებში“, მეოთხე დღეს – ულტრამოდურ კოსტიუმში და ჭრაჭუნა ფეხსაცმელებში, ტროსტით ხელში. ყავის დასალევად შეივლიდა კაფე „ორიენტში“, შემდეგ სასტუმრო „თბილისის“ ფოიეში იყიდდა თამბაქოს და ღია ეზოში მიირთმევდა ერთ სირჩა კონიაკს. ერთ დღესაც მანქანიდან თვალი მოუკრავს ბერიას და თავისთან დაუბარებია. ბაბუა იხსენებდა. გულდამდუღრული დავემშვიდობე ცოლ-შვილს და გზას გავუდექი. ცეკას შენობასთან რომ მივედი, ვიღაც ახალგაზრდა კაცი გამიძღვა წინ და ბერიას კაბინეტამდე მიმაცილა. კარი რომ შევაღე, მკაფიოდ ჩამესმა ხმა: კოწია, დაბრძანდი. მგონი, დროა, თავი დაანებო ამ ექსტრავაგანტურ დემონსტრაციებსა და გამოხდომებს. არ არის საჭირო, ხალხს ნუ აღიზიანებ. ვიცი, ძალიან ნიჭიერი და მომავლიანი მწერალი ბრძანდები, ნინა ხშირად მიკითხავს შენს ქმნილებებსო. ამ ბოლო ფრაზამ უეცრად გამომაფხიზლა და გამახსენდა, რომ მე და დედამისი, ნინა გეგეჭკორი, ძუძუმტეები ვიყავით და ისიც ვიცოდი, რომ ამ მონსტრს უკეთილშობილესი ცოლი ჰყავდაო.

– როგორი დამოკიდებულება ჰქონდა მეუღლესთან, საერთოდ ქალებთან?

– ერთი საინტერესო ისტორიაა კიდევ, რომელსაც დედა ასევე თავის წიგნში იხსენებს. ჯოდოლი თოფურიძე კონსტანტინეს ბიძაშვილი გახლდათ, თვითონ ბიძა კი, ჯოდოლის მამა მილიონერი ყოფილა, მეთამბაქოეობას ეწეოდა. ეს ერთადერთი ვაჟი ჰყავდა, რომელსაც საკმაოდ ანებივრებდა. საღამოობით ფეშენებელურ რესტორნებში ფლანგავდა მამამისის ფულებს. დაინახავდა თუ არა კონსტანტინეს წიგნებში ჩაფლულს, ეტყოდა: მოეშვი, თუ ღმერთი გწამს, ამდენი წიგნის კითხვას, ფული გვაქვს, წავიდეთ და ლამაზ ქალებში მოვილხინოთო. დედაჩემს ერთი სასაცილო ამბავი უამბო მეგობრის დედამ, რომელიც მათ თავს გადახდათ. ამ ამბავს, თურმე, საგულდაგულოდ მალავდნენ: ერთ ოჯახში ბაბუასთან ერთად მისულა წვეულებაზე და იქ ვიღაც ქალი ისე მოეწონა. იმ პერიოდში ბებია მირანდა ბავშვებთან ერთად ქვიშხეთში ისვენებდა და ქმრის ჩასვლას ელოდა. თურმე, ბაბუამ თავისი გულის ნადები მაინც გაანდო, ჯოდოლის, რომელმაც მისი გრძნობები არასერიოზულ გატაცებად ჩათვალა. მაგრამ, ცოტა ხანში ბიძაშვილები ფაეტონით, თაიგულით ხელში მიადგნენ ლამაზმანს და ჯვრის დასაწერად სიონის ტაძრისკენ გაემართნენ. მეჯვარე, თურმე, ჯოდოლი გახლდათ. ჯვრისწერის რიტუალის ჩატარების შემდეგ დედოფალი სახლში მიაბრძანეს, მაგრამ ეს ამბავი გამჟღავნდა და გაირკვა, რომ იმ ქალბატონს, ისევე, როგორც დედამისს, ფრიად საეჭვო რეპუტაცია ჰქონია. მოთმინებადაკარგულ და განრისხებულ კონსტანტინეს გაღიზიანებული ტონით მიუმართავს მისთვის: ქალო, რად არ მითხარი, ბოზი თუ იყავიო. ამით დამთავრებულა ყველაფერი. კონსტანტინე ორი კვირის შემდეგ საყვარელ ოჯახსა და შვილებს დაუბრუნდა. მერე დედამ ეს ამბავი გაახსენა ბაბუას და ბევრს იცინოდა.

– ამბობენ, ბატონ კონსტანტინეს „დიდოსტატის მარჯვენა“ მირანდას სილამაზემ დააწერინაო.

– დედა ამბობდა, კონსტანტინეს გვერდით მირანდა რომ არ ყოფილიყო, ვერასოდეს შეძლებდა თავისი განძის – ნიჭის რეალიზებას. მისგან შეიქმნა შორენა. ამ გმირში თავის უმშვენიერეს მეუღლეს ხედავდა.

– თქვენს ძმებზე, ოჯახზე რას გვეტყვით?

– ჩემი ძმები ჩემზე ბევრად უმცროსები არიან და მათთან არ მქონდა ისეთი ხშირი ურთიერთობა (ცოტნე და გიორგი ზვიად გამსახურდიას მეორე ქორწინებიდან ჰყავს – ავტორი). ახლა უფრო ვურთიერთობთ. რაც შეეხება ჩემს ცოლ-შვილს, სამწუხაროდ, მოხდა ისე, რომ მე აქ ვარ, ჩემი მეუღლე კი – შვეიცარიაში. ნინო ბარდაველიძე ოცდაორი წლის წინ გავიცანი. ის ხელოვნებათმცოდნე-ხატმწერი გახლავთ. გაგვიჩნდა დემეტრე. მახსოვს, იმ პერიოდში აქტიურად ვიყავი ჩართული ეროვნულ მოძრაობაში. ჩემთვის დიდი სკოლა იყო თავდაპირველად ეროვნული მოძრაობის უბრალო ჯარისკაცობაც კი. საერთოდ, ოთხმოციან წლებში ბევრი რამ იყო გმირული. 1992 წლის იანვარში დატრიალებულმა ტრაგედიამ და ძმათა სისხლისღვრამ ყველა შეგვძრა, მაშინ შეიქმნა იმის პრეცედენტი, რომ დროებით ჩემს ფეხმძიმე ცოლთან და მცირეწლოვან დემეტრესთან ერთად შვეიცარიაში წავსულიყავი, თუმცა იქაც ერთი დღე არ მიცხოვრია ჩემი ქვეყნის საჭირბოროტო პრობლემების გარეშე. შვეიცარიაში უფრო მეტად დისციპლინირებული გავხდი, ვისწავლე შრომის იქაური კულტურა, უფრო კარგად ვიგრძენი მსოფლიოს მაჯისცემა და, რაც მთავარია, იმ წლებში, როგორც არასდროს, შევიცანი ჩემი ქართული ვინაობა. მერე შეგვეძინა ზვიადი. დემეტრე საფორტეპიანო-საშემსრულებლო ხელოვნებას დაეუფლა, ამას გარდა, წერს არაჩვეულებრივ ნაწარმოებებს და თვითონვე აორკესტრებს მათ. ზვიადიც ნიჭიერი ახალგაზრდაა, ვიოლინოზე უკრავს. დღეს ორივეს საკმაოდ წარმატებული გამოსვლები აქვს არა მხოლოდ შვეიცარიაში, არამედ სხვა ქვეყნებშიც.


скачать dle 11.3