კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ აღარ დაიბადება, რუსული ვერსიით, კონსტანტინე გამსახურდიასა და გალაკტიონის დონის შემოქმედი საქართველოში


ჯერჯერობით რუსულ-ქართულ ურთიერთობებზე მხოლოდ თეორიული მსჯელობა გვიწევს; უფრო მეტიც, საქართველოს ოფიციალურ ხელისუფლებას არანაირი გეგმა არ გააჩნია, როგორ აპირებს საქართველოს ოკუპაციის პრობლემის გადაჭრას და თავს მხოლოდ იმით ვიმშვიდებთ, რომ აშშ-ის სახდეპარტამენტი, ევროკავშირელ პარტნიორებთან ერთად, აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, რომელიც სახელად ჩვენია, სახრავად რუსეთის. შესაბამისად, შექმნილი პრობლემის გადასაჭრელად თუ არა, გასაანალიზებლად მაინც, განვაგრძობთ მეორე მხარის მოსაზრებების გაცნობას, ამჯერად მაქსიმ შევჩენკოსთან ერთად.


– მაქსიმ, საჰაერო მიმოსვლის აღდგენა ვისი მხრიდან გადადგმულ ნაბიჯად შეიძლება, მივიჩნიოთ და როგორია თქვენი, ანუ რუსეთის საზოგადოებრივი პალატის როლი ამ პროცესში?

– დავიწყებ ამ ნაბიჯის მნიშვნელობით: რა თქმა უნდა, ეს დიდი მიღწევაა და გარკვეულწილად არის იმ საზოგადოებრივი ჯგუფების დამსახურება, რომლებიც ამ საკითხებზე მუშაობდნენ. მე არ მინდა, გადავაფასო ჩვენი ჯგუფის დამსახურება, მაგრამ შეგახსენებთ, რომ ეს მოხდა სწორედ მალხაზ გულაშვილის პირდაპირი მიმართვის შემდეგ, როდესაც პრეზიდენტმა მკაფიოდ გააგებინა ყველას, რომ საჰაერო მიმოსვლა აღდგება. ეს გადაიცემოდა არა მხოლოდ რუსეთში, არამედ მთელ მსოფლიოში და ეს იქცა მსოფლიო სიახლედ. რა თქმა უნდა, ამაში თავისი როლი შეასრულა საზოგადოებრივმა პალატამ, ჩვენმა კომისიამ და მალხაზმა, როგორც ამ კომისიის თანათავმჯდომარემ, თავის თავზე აიღო ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელიც პოზიტიურად შემოგვიბრუნდა. ის, რომ თვითმფრინავი ჩამოფრინდა, ზღვაში წვეთია და პირველი ნაბიჯია სრულფასოვანი ურთიერთობების აღდგენის გზაზე რუსულ და ქართულ სახელმწიფოებს შორის, რადგან, ჩემი აზრით, ურთიერთობა რუს და ქართველ ხალხებს შორის არასდროს შემწყდარა. ქართველები შეადგენენ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ჯგუფს მრავალეთნიკურ რუსეთის საზოგადოებაში. ქართველებს უჭირავთ მნიშვნელოვანი ეკონომიკური და სოციალური პოზიციები რუსეთში და პირდაპირ ზეგავლენას ახდენენ რუსული პოლიტიკის მაღალ რგოლებზე როგორც რეგიონულ, ისე ფედერალურ დონეზე. ასე რომ, ხალხებს შორის ურთიერთობის თვალსაზრისით, ცუდზე არ გვიწევს ლაპარაკი.

– ქართველები ძალიან მცირერიცხოვანი ერია, რუსეთში კი უამრავი უფრო მრავალეროვანი ნაცია ცხოვრობს, რით ხსნით იმას, რომ, როგორც ამბობთ, ქართველებს აქვთ ზეგავლენა რუსეთის სოციალურ-ეკონომიკურ ცხოვრებაზე?

– რუსეთის იმპერია აყალიბებდა ელიტას, უპირველესად, არისტოკრატიული წრეებიდან. საქართველო, როგორც ქვეყანა, საკმაოდ ძლიერი ფეოდალური არისტოკრატიის „ვერხუშკით“, აქტიურ მონაწილეობას იღებდა რუსეთის იმპერიის დაპყრობით ომებში. ქართველი არისტოკრატები და თავადები, როგორც ოფიცრები, რუსეთის არმიაში მონაწილეობას იღებდნენ ნაპოლეონის წინააღმდეგ ბრძოლაში, ბრძოლებში კავკასიაში, მცირე აზიაში და ქართველები უზარმაზარ როლს ასრულებდნენ იმის შექმნაში, რასაც რუსეთის იმპერიის მმართველი წრე ეწოდება. აქ ორი აზრიც არ არის. საერთოდ, რუსეთის იმპერია ძალიან ინტერნაციონალური იყო იმ თვალსაზრისით, რომ სხვადასხვა ხალხის წარმომადგენლებს აძლევდა საშუალებას, მოხვედრილიყვნენ მმართველ რგოლში, იმპერიულ სტრუქტურებში როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო მიმართულებით. თანაც ამაში მონაწილეობას იღებდნენ არა მხოლოდ ქართველები, არამედ გერმანელები და სხვა ხალხები, მათ შორის, სომხებიც. თითოეულ ადამიანს, რომელიც რაღაცას წარმოადგენდა, შეეძლო, მიეღწია რამისთვის.

– ეს იმპერიების თავისებურებაა, შეკრიბოს თავისი ქვეშევრდომებისგან პოტენციალი?

– განსაკუთრებით, რუსეთის იმპერიის, თუმცა ბრიტანეთის იმპერიაში ეს ასე არ იყო.

– ირანის, თურქეთის იმპერიაში ეს იყო.

– პეტერბურგში ქართველებს განსაკურებული ადგილი ჰქონდათ. საბჭოთა ხელისუფლებამ ეს ტრადიცია გააგრძელა და ქართველები არნახულ სიმაღლეზე აიყვანეს, თანაც არა მხოლოდ არისტოკრატია, არამედ მთლიანად ქართველი ნაცია. მეტიც, ქართველი ხელმძღვანელობდა ქვეყანას, უფრო ზუსტად, ორი ქართველი, განსაკუთრებით 1938 წლის შემდეგ, როდესაც დასრულდა სტალინის ელიტური სახელმწიფოს ფორმირება და მაშინ საქართველო განიცდიდა დიდ მოდერნიზაციას როგორც სოციალურს, ისე ეთნიკურს – ძველი არისტოკრატიის ნაცვლად, რომელიც თითქმის მთლიანად განადგურდა.

– აი, თქვენ მიერ ნახსენები ორი ქართველის მონაწილეობით.

– არა. შეიძლება, მე ჩემს აზრს დავასრულებ?!

– ბრძანეთ.

– საქართველოს არისტოკრატია განადგურდა პოლიტიკური ისტორიის ობიქტური სვლის შედეგად და ქართველი არისტოკრატია შეცვალეს ახალმა ადამიანებმა: ქართველმა წარსულში გლეხებმა, რომლებმაც საბჭოთა სოციალური ინსტიტუტების დახმარებით მიიღეს განათლება. ჩამოყალიბდა ახალი ქართული ინტელიგენცია და ამ ინტელიგენციაში მნიშვნელოვანი როლის შესრულდება დაიწყეს არა მხოლოდ ქართველებმა, როგორც ეს იყო რევოლუციამდე, არამედ იმ ხალხების ეთნიკურმა წარმომადგენლებმაც, რომლებიც შეადგენდნენ საქართველოს საფუძველს, ებრაელებმა, სომხებმა. მათ რევოლუციამდე შეეძლოთ, მისულიყვნენ მხოლოდ წვრილი და საშუალო ბურჟუაზიის დონემდე. საბჭოთა სისტემის თავისებურება იყო ის, რომ მოსკოველს უფრო უჭირდა უმაღლეს სასწავლებელში მოხვედრა, ვიდრე მთიანი სვანეთიდან ჩამოსულ ახალგაზრდას.

– კვოტებზე ლაპარაკობთ?

– კვოტებმა საშუალება მისცა მცირერიცხოვან ხალხებს, დაეჭირათ საკვანძო ადგილები საბჭოთა სოციალურ და პოლიტიკურ სისტემაში. ის, რომ საბჭოთა დროს ხდებოდა ამა თუ იმ ხალხის შევიწროება, ისეთი სისულელეა, რის მოსმენაც ნორმალურ ადამიანს არ შეუძლია. ეს გათვლილია სააკაშვილის ამომრჩეველ გაბრიყვებულ ახალგაზრდებზე, რომლებსაც წარმოდგენა არ აქვთ, როგორ ცხოვრობდნენ მათი ბაბუები და პაპები 20-30 წლის წინათ. ჩვენ შესანიშნავად ვიცით, რა უპირატესობები ჰქონდათ საბჭოთა დროს მცირე ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლებს. რაც მცირერიცხოვანი იყავით, მით უფრო მეტი შესაძლებლობა გქონდათ, რომ უმაღლესი განათლება მიგეღოთ. ზოგიერთი ხალხის წარმომადგენელს უგამოცდოდ იღებდნენ ქვეყნის ყველაზე პრესტიჟულ სასწავლებლებში.

– ეს მე არ მიმაჩნია სამართლიან მიდგომად.

– ამ გზით ჩამოყალიბდა ინტერნაციონალური ფენა, რომელშიც ქართველები მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ. ქართველებს ეჭირათ საკვანძო თანამდებობები. აღარაფერს ვამბობ კრიმინალურ სამყაროზე, როდესაც ქართველი ეგრეთ წოდებული კანონიერი ქურდები ასრულებდნენ უმნიშვნელოვანეს როლს გასული საუკუნის 20-30-იანი წლებიდან მოყოლებული, რაც არ არის გასაკვირი, რადგან არსებობს ვერსია, რომ მათ კრიმინალურ ავტორიტეტს მხარს უჭერდა „ენ კა ვე დეს“ ქართველი ხელმძღვანელობა.

– მაგრამ ნამდვილად არ არის სიამაყის საგანი ის, რომ ქართველები ქურდები იყვნენ?!

– არის თუ არ არის, ეს არის საზოგადოების მნიშვნელოვანი სეგმენტი. ასე რომ, ქართველები იყვნენ ყველაზე მაღლა მდგომი ხალხი საბჭოთა დროს. ასევე, ვიცით, რომ საამქროები, რომლებმაც შექმნა საბჭოთა არალეგალური მილიონერების ფენა, განთავსებული იყო საქართველოში.

– როგორ ფიქრობთ, იმსახურებდნენ ქართველები ამ, როგორც თქვენ ამბობთ, გამორჩეულ ადგილს რუსეთის და საბჭოთა იმპერიებში, თუ ხელოვნურად ხდებოდა მათი წინ წამოწევა?

– მე არ შემიძლია ამა თუ იმ ხალხის შეფასება, ეს არის ისტორიული რეალობა. რაც უნდა თქვას სააკაშვილმა, რუსეთის მიერ კავკასიაში გავლენის მოპოვებაში ქართველებმა გადამწყვეტი როლი შეასრულეს. ქართველების გარეშე კავკასიას ვერავინ დაიპყრობდა.

– ამაზე არავინ კამათობს.

– სააკაშვილი კამათობს. ის ამბობს, რომ საქართველო ძალიან დაჩაგრული იყო საბჭოთა დროს. მე მინდა, ერთი არგუმენტი მაინც მოვისმინო ქართველების ჩაგვრაზე.

– გპირდებით, გეტყვით ჩემს არგუმენტებს, ოღონდ შემდეგ, იმიტომ რომ ეს ჩვენი საუბრის თემა არ არის.

– ქართველების ჩაგვრა ისეთი აბსურდული თემაა?! ერთადერთი ფაქტი, რის მოტანაც შემიძლია, როდესაც სიტუაციას ვაანალიზებ, არის ის, რომ ქართული არისტოკრატიის განადგურების შემდეგ, საბჭოთა ხელისუფლებამ ფსონი დადო საქართველოში სომხებისა და ებრაელების აღზევებაზე. ეს ხდებოდა ხელოვნურად გასული საუკუნის 20-იან წლებში; ჯავახეთისა და ქვემო ქართლის პრობლემა საბჭოთა დროს აღმოცენდა. ეს არის ერთადერთი ნეგატივი საბჭოთა დროს, ყველაფერი დანარჩენი ქართველებისთვის პოზიტივი იყო.

– თქვენ ილაპარაკეთ ქართველების გამორჩეულობაზე, მაგრამ აფხაზები და ოსები სწორედ იმით არიან კმაყოფილი, რომ ქართველები გამოდევნეს ქართველებისვე მიწიდან და არც აპირებენ მათ უკან დაბრუნებას. შეიძლება, მითხრათ, ეს გააკეთეს აფხაზებმა და ოსებმაო, ომი დაიწყო საქართველომო…

– ჯერ ხომ არ მიპასუხია, ნუ ამბობთ ჩემს ნაცვლად.

– კი ბატონო, მაშინ პირდაპირ გეტყვით: რუსეთის მიზანი იყო, რომ აი, ამ უნიკალური პოტენციალის მქონე ქართული კვალი გამქრალიყო აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში?

– ქართველებმა თვითონ გააკეთეს ყველაფერი: არავის გაუკეთებია ქართველებზე მეტი იმისთვის, რომ შემცირებულიყო ქართველების როლი. გაგახსენებთ, რომ საქართველო იდგა იმ მოძრაობის სათავეში, რომელმაც დაანგრია საბჭოთა კავშირი. გაგახსენებთ, რომ 1989 წელს აფხაზეთის მოვლენებით, ყარაბაღის მოვლენების პარალელურად, დაიწყო სისხლისღვრა საბჭოთა დროს.

– 1989 წელს აფხაზებმა ქართველების სისხლი დაღვარეს?

– მაგრამ ეს მოხდა საქართველოს ტერიტორიაზე და ამაზე პასუხისმგებლობა თბილისს ჰქონდა. ამიტომაც აღიარა ზვიადმა, სტალინის პრემიის ორგზის ლაურეატის შვილმა, „გეკაჩეპე“.

– მაშინ სხვა პრემია არ არსებობდა. კონსტანტინე გამსახურდია კი ყველაფერს იმსახურებდა.

– თუ შეიძლება, მე ვიტყვი. ზვიად გამსახურდიას მამა იყო სტალინის პრემიის ორგზის ლაურეატი. ძალიან „ობლასკან“ საბჭოთა ხელისუფლების მიერ, ისევე, როგორც გალაკტიონ ტაბიძე, განსხვავებით საწყალი ტიციანისგან. რაც შეეხება ზვიადს: მას ტყუილად არ დაუჭერია მხარი „გეკაჩეპესთვის“. ის არ იყო სულელი და იცოდა, რა შედეგსაც მოუტანდა ქართველ ერს საბჭოთა კავშირის დაშლა; რომ ქართველები დაკარგავდნენ თავიანთ საკვანძო როლს, მოხდებოდა მათი მარგინალიზაცია და ისინი ერთი-ერთზე დარჩებოდნენ კავკასიაში მცხოვრები ეთნოსების წინაშე. ქართველები არიან „ნედოსტროინაია ნაცია“. ქართული ბურჟუაზიული ნაციის ჩამოყალიბება დაიწყო მხოლოდ მეოცე საუკუნის დასაწყისში, მანამდე ქართველებს აერთიანებდა ქართული მართლმადიდებელი ეკლესია და ისინი, ფაქტობრივად, სხვადასხვა ტომების ერთობლიობა იყვნენ. მაგრამ რა მოხდა შემდეგ? ზვიადს შესანიშნავად ესმოდა, რომ ქართველები, როგორც „ნედოსტროინაია ნაცია“, რომელიც შედგებოდა სხვადასხვა ტომებისგან, დადგებოდა კავკასიაში ეთნიკური დაპირისპირების წინაშე, ამიტომაც დაუჭირა მხარი „გეკაჩეპეს“, მაგრამ „გეკაჩეპე“ დამარცხდა. საბჭოთა კავშირი მაშინ უნიათო ხალხის ხელში აღმოჩნდა და მათ ვერ მოახერხეს თავიანთი ძალაუფლების გამოყენება.

– და, თქვენი აზრით, რისი იმედი ჰქონდა ზვიად გამსახურდიას, „გეკაჩეპეს“ რომ გაემარჯვა?

– ზვიადს იმედი ჰქონდა, რომ ხელს მოაწერდა ფედერალურ სამოკავშირეო ხელშეკრულებას და ეს მისცემდა ქართველებს და არა აბსტრაქტულ საქართველოს, დაეკავებინათ დომინირებული მდგომარეობა საერთო საკავშირო ელიტაში. მაშინ ქართველებს ის პრობლემა კი არ ექნებოდათ გადასაწყვეტი, როგორ შეენარჩუნებინათ 5 სოფელი, არამედ გადაწყვეტდნენ მთელი ამხელა სივრცის პრობლემებს, რასაც აკეთებდნენ ათწლეულების განმავლობაში. ქართველი ნაციის ინტერესების სფერო ათასჯერ მაინც შემცირდა ბოლო ორი ათეული წლის განმავლობაში. შეხედეთ მოვლენებს ფხიზელი თვალით: ამან მიგიყვანათ ჩამორჩენამდე ხელოვნებაში, კულტურული ცხოვრების შეწყვეტამდე, რომელიც საბჭოთა დროს იფურჩქნებოდა. კონსტანტინე გამსახურდიას დონის მწერალი აღარ დაიბადება საქართველოში, სამწუხაროდ.

– დაიბადება, დარწმუნებული ვარ!

– არ მაქვს პოლემიკის დრო! შეხედეთ იმავე ბალტიისპირეთს. ჩაკეტილ ეთნიკურ სივრცეს არ შეუძლია, შვას ადამიანები, რომლებიც საინტერესო იქნებიან ვინმესთვის, იმ ეთნოსის გარდა. კონსტანტინე გამსახურდიას კითხვა თარგმანში ძალიან საინტერესოა, ის მსოფლიო დონის მწერალია, ვიცი, რომ გალაკტიონ ტაბიძეც გამოხატულად საერთო საკაცობრიო დონის პოეტია, მაგრამ კულტურის მარგინალიზაციის პროცესი გარდაუვალია. ამიტომ, როდესაც ლაპარაკობთ იმ სოფლებსა და უბედურებაზე, რაც საქართველოში მოხდა, გეტყვით ძალიან ბანალურ რამეს: ეს პრობლემა ახლა არის ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური ურთიერთობის და არა თბილისისა და მოსკოვის ურთიერთობის პრობლემა. 1991 წელს ქართველი ნაციის ჩამოყალიბების პროცესი საერთო საბჭოთა ფორმატიდან გადაყვანილ იქნა კავკასიურ ფორმატში. კავკასიაში კი თქვენ გაქვთ დიალოგი არა მოსკოვთან, არამედ ადგილობრივ ეთნიკურ ჯგუფებთან, იქნებიან ესენი ოსები, აფხაზები თუ სომხები.

– რომლებსაც მართავს რუსეთი?

– ეს ფანტასტიკაა!!! ვინც უნდა მართავდეს, დღეს – რუსეთი, ხვალ – თურქეთი, ზეგ – ბრიტანეთი, ნებისმიერ შემთხვევაში მხოლოდ მათთან მოგიწევთ ურთიერთობა. არავის შეუძლია იმის თქმა, რომ რუსეთი მართავს სომხეთს, ეს უაზრობაა. სომხებს უფრო მეტად მართავენ თავიანთი დიასპორები. ქართველების პრობლემა ის არის, რომ მათ აქვთ ხსოვნა იმ დიდებისა, რაც 20 წლის წინათ დაკარგეს, როდესაც საბჭოთა კავშირის ნაწილი იყვნენ და მათი მასშტაბი ზოგადსაკაცობრიო იყო; დღეს კი ქართველები იძულებული არიან, გადაჭრან ეთნიკური პრობლემები. ეთნიკური პრობლემები კი უნდა გადაიჭრას ეთნიკურ დონეზე, მაგრამ ქართველებს ისევ აქვთ შესაძლებლობა, რაკი ისევ არიან ჩართული რუსეთის ცხოვრებაში და მნიშვნელოვან როლს ასრულებენ რუსეთის ეკონომიკურ ელიტაში. პოლიტიკურ ელიტაში ისინი აღარ არიან წარმოდგენილი, რაც სერიოზული დანაკარგი და მარცხია ქართველი ნაციისა. ჩემი აზრით, ეს ქართველი ნაციის ისტორიული მარცხია. არადა ქვეყანას მართავდნენ ქართველები, რომლებიც წყვეტდნენ ნახევარი მსოფლიოს საქმეს, დღეს კი ჩვენ განვიხილავთ იმას, თუ როგორ მოვაწყოთ გალის რაიონი?!

– გალის რაიონია ჩვენი, ქართველების, სამყარო და არა ნახევარი კაცობრიობა?

– ერთი წუთით, ეს ის მასშტაბი არ არის! მაგრამ ქართველები დღეს ასრულებენ არსებით როლს რუსეთის ეკონომიკაში, ანუ საქართველოს ელიტა არსებობს, მაგრამ სააკაშვილი ცდილობს, ეს ხალხიც კი მოწყვიტოს საქართველოს! სააკაშვილი განაგრძობს მუშაობას ქართველი ეთნოსის მარგინალიზაციაზე. ქართველებს სულ მალე არაფერი დარჩებათ, გარდა დემოკრატიისთვის ბრძოლისა ამერიკულ ფორმატში და პრობლემების გადაწყვეტისა ეთნიკური ჯგუფებისა და ეთნიკური სოფლების დონეზე, თანაც დღითიდღე უფრო შემცირებულ საქართველოს ტერიტორიაზე. ეს სიტუაცია უნდა შეიცვალოს. პირადად მე მაკლია ქართველები იმპერიულ, საერთო რუსულ სივრცეში. ვხედავ, როგორ მცირდება ქართველების გავლენა რუსეთში და, სანამ ადამიანების ეს ჯგუფი, მათი ბატონების მეშვეობით ხელისუფლებაში რჩება, საქართველოს დეგრადაცია გაგრძელდება. თქვენ ვითომ გექნებათ უფრო და უფრო მეტი დემოკრატია, მაგრამ არ გექნებათ ის შესაძლებლობა, რომ გადაწყვიტოთ საერთო საკაცობრიო პრობლემები; თქვენ კავკასიაშიც კი ვეღარ შეძლებთ გადამწყვეტი როლის შესრულებას. მერწმუნეთ, იქ არის ხალხი, მაგალითად, სომხები, რომლებიც უფრო ენერგიულები, დინამიკურები და კონსოლიდირებულები არიან თავინთი პრობლემების გადაწყვეტაში.

– თქვენი რჩევა როგორია, რომ რეგიონული ფორმატი მოსკოვი-თბილისის ფორმატში გადავიდეს?

– მატარებელი წავიდა! რუსეთი არ დააკნინებს აფხაზებსა და ოსებს. ახლა ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო პოზიცია და არანაირი პოლიტიკური პროცესი აფხაზებისა და ოსების მონაწილეობის გარეშე არ შედგება. ის ხელისუფლება თბილისში, რომელიც პირდაპირ დიალოგში შევა ოსებთან და აფხაზებთან, იქნება ის ხელისუფლება, რომელიც აღადგენს საქართველოს ისტორიულ მნიშვნელობას და ხელს შეუწყობს კონსოლიდაციას. მაგრამ, ნებისმიერი ხელისუფლება, რომელიც განაგრძობს მოსკოვში, ვაშინგტონსა თუ სტამბულში სირბილს, რომ გადაჭრას ქართულ-აფხაზური პრობლება, იქნება საქართველოს მესაფლავე და საქართველოს ტერიტორია კიდევ უფრო შემცირდება! რადგან ეს პრობლემები შეიქმნა იმის გამო, რომ თქვენ შიგნით აღმოჩნდა ხალხი, რომლებმაც ჩათვალეს, რომ ქართულ ენაზე ლოცვა არის მათი ლოცვა. გეკითხებით: თქვენთან მცხოვრები აზერბაიჯანელები და სომხებიც ასე ფიქრობენ?!

– ჩვენს პატრიარქს ყველა პატივს სცემს, განურჩევლად აღმსარებლობისა?

– პრობლემა ბევრია, ამიტომ საქართველო უნდა გახდეს ამიერკავკასიის გამაერთიანებელი ცენტრი, სააკაშვილი კი პირიქით იქცევა: მას უნდა, რომ ქართველებისგან შექმნას ეთნიკური ნაცია. ქართული მოდელი კი პრინციპულად განსხვავდება სომხური მოდელისგან. სომხები უდიდესი ხალხია, მაგრამ მათ არ აქვთ ის პრობლემები, რაც ქართველებს აქვთ ქვეყნის შიგნით.

– რა თქმა უნდა, სომხეთში სომხების გარდა არავინ ცხოვრობს?

– თუ შეიძლება, დავასრულებ. საქართველოში უამრავი ეთნოსი ცხოვრობს და ამიტომ სხვა გზით უნდა წავიდეს! მე რომ ვმოქმედებდე, ავირჩევდი პირდაპირ მოლაპარაკებებს სოხუმთან და ცხინვალთან და ეს უნდა იყოს სტრატეგიული დიალოგი და არა ის, რომ დავევაჭრებით პრიმაკოვს ან ივანოვს და მოსკოვიდან „მივაწვებით“ ოსებსა და აფხაზებსო. მაგრამ, თუ აფხაზეთი სტამბულის გავლენის ქვეშ წავა, მაშინ რას გააკეთებთ?! თუ აფხაზეთი გავა მოსკოვის გავლენიდან, ევროკავშირი მაშინვე მიიღებს წევრად! ამიტომ მოსკოვს კი არ უნდა ელაპარაკოთ, არამედ ოსებსა და აფხაზებს, თუმცა უნდა გაითვალისწინოთ რუსეთის ფაქტორი.


скачать dle 11.3