კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ოჯახური აფერა



ანდრე ამელმა პორტფელი დივანზე მიაგდო. სულელი ფაიოლის გამო უნივერსალური მაღაზიის საქმე ხელიდან გაუსხლტა და ორი მილიონი ცხვირწინ გაუქრა!

მერე ცოტათი დაწყნარდა. ჯერ ყველაფერი დაკარგული არ იყო. აუცილებლად გაყიდდა ობიუსენის ახალ ნახატს. კიდევ სხვა ბევრი, ძალიან ძვირფასი ნივთი ჰქონდა. მარტო სასტუმრო ოთახში სამასი ათასის ღირებულების ავეჯი იდგა, ნახატები და სხვა ნივთები... იგი თავისი წარმატებების მტკიცებულებებს შორის ცხოვრობდა. ყველა ნივთი ფორტუნას ღიმილივით იყო. იგი ამ ბრძოლასაც მოიგებდა.

უცებ ამელი მოიღუშა. ადგა და ვიტრინის წინ გაჩერდა. წარმოუდგენელია! მან უკან დაიხია, რათა ვიტრინისთვის მარჯვნიდან შეეხედა... შემოსასვლელი კარი გაჯახუნდა.

– კლერ... ეს შენ ხარ?

ოთახში ახალგაზრდა, მომხიბვლელი ქალი შემოფრთხიალდა.

– მაპატიე, ძვირფასო, ცოტა დავაგვიანე!.. რა მოგივიდა?

– ერთი, აქ მოდი... ვერაფერს ამჩნევ? ვერაფერს? ვიტრინებში?

– ვერა!

– ესე იგი, ეს შენ არ გაგიკეთებია?

– არა, მე არა...

– როგორც კი შემოვედი, მაშინვე შევამჩნიე... მე ხომ ავკრძალე ამ ნივთებთან მიახლოება! – ამელმა ზარი დარეკა.

– მაშინ, მარგარიტამ გააკეთა. ახლავე გავაგდებ! რა სულელია ეს გოგო!

– მოსასვლელად ხომ დრო სჭირდება... ასეთი გაბრაზებული არასოდეს მინახავხარ. ჩემი საბრალო, ანდრე! განა ისეთი რა მოხდა? – ქალი ქმარს მიეფერა.

– და თუ მან რამე გატეხა? შენ იცი, ეს დოქი რა დამიჯდა? იაპონური ლარნაკი?

– კარგი... გეთანხმები... მაგრამ ხომ არაფერია გატეხილი?

მარგარიტამ დააკაკუნა:

– მადამი რეკავდა?

– აქ მოდით, მარგარიტა! – მკაცრად თქვა ამელმა. – შეხედეთ... აქეთ... ვიტრინებში...

– დიახ, მისიე!

– რას იტყვით?

მარგარიტა კარგა ხნით ჩაფიქრდა.

– მარგარიტა, გელოდები! – გაიმეორა კლერმა.

– იცით, მადამ, კარგად ვერ ვერკვევი, მაგრამ, რა მნიშვნელობა აქვს, რომელი ნივთი სად იდება? არც ასეა ცუდად.

– ეშმაკმაც წაგიღოთ, მე თქვენს მოსაზრებას არ გეკითხებით! – იყვირა ანდრემ. – მინდა მხოლოდ ვიცოდე, ეს რატომ გააკეთეთ?

– მე არაფერი გამიკეთებია, ეს მე არ მიქნია! – გააპროტესტა მარგარიტამ.

– რას ნიშნავს – არ გიქნიათ? ბუდა და ქანდაკებები ვიტრინაში მარცხენა მხარეს იყო, ფაიფური – მარჯვნივ. ახლა კი ყველაფერი უკუღმაა.

– ხელი არაფრისთვის მიხლია! – გადაჭრით თქვა მარგარიტამ.

კლერი ჩაერია:

– სიმართლე გვითხარით, მარგარიტა. თქვენ კიდევ არ იცით, რა ძვირფასია ეს ნივთები. ისინი ხომ უნიკალურია! ვიტრინები არ უნდა გააღოთ!

– გეფიცებით, მადამ...

მარგარიტას ხმაში ცრემლი გაერია. ცოლ-ქმარმა ერთმანეთს გადახედა.

ამელი მისკენ შებრუნდა:

– დაწყნარდით, თუ შეიძლება. დღის მეორე ნახევარში სად იყავით?

– სახლში, მისიე. ჭურჭელი დავრეცხე და აბაზანაში სარეცხს მივხედე.

– არსად გასულხართ? იქნებ ერთი წუთით?

მოსამსახურემ თავი გააქნია.

– არავინ მოსულა?

– არა, მესიე.

– კარგი, – ჩაილაპარაკა ამელმა. – წადით!

– მას ბევრი ნაკლი აქვს, – თქვა კლერმა, როცა მოსამსახურე გავიდა, – მაგრამ მატყუარა არ არის.

– ჰო, მაგრამ არ შეიძლება, რომ ეს საგნები ერთი ადგილიდან მეორეზე თავისით გადაადგილებულიყო.

– რა თქმა უნდა. თუმცა, ასე უკეთესიცაა.

– შენ ადამიანს მოკლავ! – გაცხარდა კაცი, – ბუდა თავისით გადაძვრა სხვა ვიტრინაში! შენ ფიქრობ, ეს ნორმალურია?

– კარგი, რა გადაძვრა... ვახშმობის დროა. ცხრაზე ბრიჯის სათამაშოდ ლავარენები მოვლენ.

ისინი სასადილო ოთახში გავიდნენ.

– ესე იგი, უნდა ვაღიარო, რომ ბუდა თავისით გადაძვრა მეორე ვიტრინაში, – ჩაილაპარაკა ამელმა.

– შენ მე მაღიზიანებ, – მშრალად თქვა კლერმა.

სადილობის დროს ამელმა დუმილი დაარღვია:

– დავუშვათ, რომ ჩვენთან ვიღაც მართლა შემოვიდა... ვერ ვხვდები, როგორ, მაგრამ შემოვიდა... მე ამას ვერ დავუშვებ.

– მისმინე, საყვარელო ანდრე!...

– არავითარი „საყვარელო ანდრე“! – ხმა გაიმკაცრა კაცმა, – რასაც ვამბობ, ძალიან სერიოზულია. ჩვენ მხოლოდ დროს ვკარგავთ. მგონი ეს ნიშანია, შეიძლება – საფრთხისაც. ხვალ შესაძლოა ჩვენთან იმისთვის მოვიდნენ, რომ ჩემს საბუთებში იქექონ, ან, საერთოდ, მოიპარონ ისინი. მაშინ კი დავიღუპები! – ამელმა ჩანგალი დადო და ცოლს შეხედა: – რატომ არაფერს ამბობ? მითხარი, იცი, რომ ეს ნივთები მთელი ქონებაა, ისედაც არ მიმდის საქმე კარგად.

– ამაზე არ ვლაპარაკობ. შენ თავად შეგეძლო, ამ ნივთებისთვის ადგილები შეგეცვალა, სომნაბულიზმი – ცნობილი მოვლენაა.

ამელი ადგა.

– არ გაბრაზდე, ძვირფასო. ვცდილობ დაგეხმარო.

– მადლობა!

კაცი სალონში დაბრუნდა და სიგარეტი აიღო. შემდეგ ვიტრინებს გახედა. ნამდვილი სიგიჟეა. აშკარად ვიღაცამ გადააადგილა. ეს „ვიღაცა“ უკვე ნერვებს უშლიდა: „ვიღაცამ“ ჩაუშალა უნივერსალური მაღაზიის საქმე; „ვიღაცამ“ იცოდა, რომ იგი სკოლის კომპლექსის შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებდა; „ვიღაცამ“ გაფრთხილების ხერხი იპოვა; „ვიღაც“ ცდილობდა, მასზე გავლენა მოეხდინა, ზეწოლა განეხორციელებინა... – მან ღრმად ჩაისუნთქა და თვალები დახუჭა. არა! სისულელეა... მასთან ასეთები არ გავა! და მაინც...

ამელმა ვიტრინიდან მძიმე ბუდა გამოიღო, რომელიც საკუთარ ფიქრებს უღიმოდა და თვალები ნახევრად დახუჭული ჰქონდა. მას მოეჩვენა, რომ ხელში მტერი ეჭირა. უცებ ისეთი შეგრძნება გაუჩნდა, თითქოს წარმატება მისგან სამუდამოდ მიდიოდა. როდესაც ლავარენები მოვიდნენ, მან ფსიქიატრს, თავის ძველ, ლიცეუმის მეგობარს, ხელი გამოსდო და კაბინეტში გაიყვანა.

– შენი რჩევა მჭირდება... ალბათ, პრაქტიკაში ასეთი შემთხვევები გხვდება ხოლმე... როდესაც გიჭირს, რაღაცას ახსნა უნდა მოუძებნო.

– კი, ასეა... მაგალითად, წინა თვეში... ერთი პაციენტი ათამდე დათვლას ვერ ახერხებდა.

– ჯერ საქმე მაქამდე არ მისულა, მაგრამ ძალიან ვნერვიულობ.

მან უამბო ვიტრინებთან დაკავშირებული ამბავი. ლავარენმა ყურადღებით მოუსმინა.

– პირველი, რაც თავში მომდის, – დაასრულა ამელმა, – საკეტები უნდა გამოვცვალო. კარგა ხნის წინ უნდა გამომეცვალა. მე ასეთი ძვირფასი ნივთები მაქვს, საიდუმლო საკეტი – არა.

– საქმე ეგ არაა, – თქვა ლავარენმა. – მე შენი რეაქცია მაოცებს. ძალიან საეჭვოდ მეჩვენება ეს შენი მანია, რომ ამ ნივთებს არ უნდა მიეკარო, თითქოს რაღაც ცრურწმენებს ემორჩილები... და კიდევ, შენი ღელვა... ვხედავ, როგორი აგზნებული ხარ... კარგად გძინავს?

– ისე რა...

– ჰმ, ჰმ... საქმეები როგორ მიდის?

– არც ისე კარგად, მაგრამ სასაყვედუროც არაფერი მაქვს.

– ხვალ ჩემთან გამოიარე. გამოგიკვლევ. არ მინდა, შეგაშინო, მაგრამ დაკვირვების ქვეშ უნდა იყო.

– ყველაფერი ხომ ნათელია, ვიღაცამ ნივთები გადააადგილა, – გაჯიუტდა ამელი.

– იცი, უაპელაციო მსჯელობა, – შენიშნა ლავარენმა და დაჟინებით დააკვირდა, – როგორც სიმპტომი, მკურნალობას ყველაზე ძნელად ექვემდებარება.

* * *

კლერმა თავის საყვარელს შუაღამისას დაურეკა:

– აბა, რა ქენი, დაარწმუნე?

– პირველ ეტაპზე მშვენივრად გამოვიდა. ხვალ კონსულტაციაზე მოვა. კიდევ რამდენიმე თვე, საყვარელო, და შენს ქმარს დიდი ხნით გამოვკეტავთ საგიჟეთში, მისი მემკვიდრე კი შენ იქნები.

ქალმა გაიცინა.

– გენოისი ხარ. ხვალ ისევ გადავაადგილო ნივთები?

– ჯერ არა. მე გეტყვი როდის. ფრთხილად იყავი. მოსამსახურემ არ დაგინახოს. მიყვარხარ!

* * *

კაფეში სამნი ისხდნენ და იაფფასიან ვისკის სვამდნენ.

– სახლის პატრონები სულ გარეთ არიან, – ყვებოდა ერთი, – მოსამსახურე ბინის მეორე ნაწილშია, ხოლო საკეტი... შეგიძლია ჩემი იმედი გქონდეთ. სისულელე იქნებოდა, მხოლოდ ბუდა ამეღო. ყველაფერი ძალიან ძვირფასია. მაგრამ, ყველაფრის წამოღებას მარტო მაინც ვერ შევძლებ. ამიტომ დავბრუნდი და, რაც აღებული მქონდა, ისიც თავის ადგილზე დავაბრუნე, რომ იფიქრონ, თითქოს სახლში არავინ ყოფილა. ხვალ კი, 4 საათზე, ჩვენ იქაურობას გავასუფთავებთ.

– დარწმუნებული ხარ, რომ კვალი არ დატოვე? – ჰკითხა მეორემ და გარშემო მიმოიხედა.

– ვიმეორებ, ყველაფერი თავის ადგილზე დავდგი, ზუსტად ისე, როგორც იყო. მე ხომ მიცნობ, ხომ იცი, როგორი მეხსიერება მაქვს...

თარგმნა

ნინო წულუკიძემ


скачать dle 11.3