კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის უნდა მოვრწყათ ქსიფიუმი იშვიათად და როგორ გადავარჩინოთ ტილანზია გაყინვას


თუ ჯერ არ გაქვთ ბინაში ქსიფიუმი და ტილანზია, გირჩევთ, აუცილებლად შეიძინოთ და გაახაროთ, რადგან ორივე ძალიან ლამაზია. საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიას“ მებაღე-დიზაინერი თენგიზ პაპავა დღეს ამ მცენარეების მოვლის პირობებზე გვესაუბრება და აგვიხსნის, რთულია თუ არა მათი მოვლა.


– ბატონო თენგიზ, რას გვეტყვით ქსიფიუმის შესახებ?

– ეს მცენარე კარგად იზრდება და ხარობს როგორც ღია გრუნტში, ასევე ოთახის პირობებში. ყველაზე მეტად ამ მცენარეს ყვავილების კომპოზიციებსა და სხვადასხვა გაფორმებაში იყენებენ.

– რას გვირჩევთ, როგორ გავახაროთ ქსიფიუმი ოთახის პირობებში?

– მცენარე ხარობს ბოლქვებით. ოთახის პირობებში, სასურველია, მოგრძო ქოთანი, სადაც რამდენიმე ბოლქვი შეიძლება მოთავსდეს. გაითვალისწინეთ, ნიადაგი ამ დროს უნდა იყოს კარგად დრენაჟირებული, ამიტომ მასში აუცილებლად შეურიეთ სილა და ტორფი.

– როგორც ვიცი, მცენარე დაბალ ტემპერატურასაც ეგუება...

– დიახ, ეს მცენარე უძლებს დაბალ ტემპერატურასაც და ის არ უნდა აღემატებოდეს 17-20 გრადუს სითბოს. ტემპერატურის შენარჩუნებით, შეგიძლიათ, მიიღოთ ამონაყარი ახალი წლისთვის და 8 მარტისთვის. ამონაყრებისთვის გამოიყენეთ სტანდარტული ბოლქვები 8-10 სანტიმეტრის გარშემოწერილობით, ძირითადად, ძველი სახეობები, რომლებიც ღია გრუნტისთვისაც შესაფერისია. გახსოვდეთ, რომ სათბურებში ქსიფიუმი პირდაპირ ნიადაგში ირგვება, ყუთების გარეშე. ჩარგვის შემდეგ სათბურში 13-14 გრადუსი ტემპერატურა უნდა შეინარჩუნოთ.

– როგორი ნიადაგი შევურჩიოთ ამ მცენარეს?

– ისევე, როგორც ქოთანში, ღია გრუნტშიც ნიადაგი ჰაერგამტარი უნდა იყოს. მის შემადგენლობაში აუცილებელია სილა და ტორფი. თუ მცენარეს სათბურში ზრდით, საჭიროა ჰაერის გაწმენდა, ვენტილაცია, ასევე ბევრი სინათლე და ტენი. ბრმა ბუტონები ფესვებს არ იკეთებს, ამიტომ, სანამ ჩარგავთ, ბოლქვები კარგად შეამოწმეთ. ისინი აუცილებლად სიცოცხლისუნარიანი უნდა იყოს.

– რაც შეეხება მცენარის მორწყვას?

– ყოველთვის ეცადეთ, ნიადაგი ძალიან არ გამოუშროთ, თუმცა, არც ხშირი მორწყვაა სასურველი. ზაფხულში მეტი ინტენსივობით მორწყეთ, ცივ სეზონებზე კი – შედარებით იშვიათად.

– როგორ ვაყვავილოთ მცენარე?

– თუ ზემოთ აღნიშნულ პირობებს გაითვალისწინებთ, ეს ხელს შეუწყობს მცენარის კარგ ყვავილობას. საჭიროა მცენარის ნათელ ადგილას მოთავსება. ყვავილების მოჭრა ხდება ბუტონებში – ასეთი სახით მათი დიდ მანძილზე ტრანსპორტირება უკეთესია.

– როგორ რეაგირებს ზამთარი ყვავილის ბოლქვზე?

– როდესაც ყვავილს მოაჭრით, ბოლქვი გასინჯეთ. თუ ყინვამ მოუსწრო, ის უკვე უვარგისია და უნდა გადააგდოთ. ახალი ბოლქვები კი, რომელსაც ჯერ მცენარე არ უკვებია, ამოიღეთ, დაამუშავეთ თბილი ჰაერით და შემდეგ მშრალად შეინახეთ გრილ, 5-6 გრადუს ტემპერატურაზე.

– რით შეიძლება დაავადდეს ქსიფიუმი?

– ქსიფიუმის ყველა მოყვარულს დავამშვიდებ და ვეტყვი, რომ ეს მცენარე პრაქტიკულად, არ ავადდება. ამის საწინააღმდეგოდ აუცილებელია მცენარის ნიადაგის შხამქიმიკატებით დამუშავება.

– რთულია თუ არა ტილანზიის მოვლა და თუ არის შესაძლებელი ბინაში ამ უცნაური, მაგრამ ძალიან ლამაზი მცენარის გახარება?

– ის, მართლაც, უცნაური აგებულების მცენარეა, რომელსაც ძალიან ლამაზი ყვავილი გამოსდის. თუ თქვენ მისთვის სასურველ პირობებს გაითვალისწინებთ, ტილანზია ნაკლებად პრეტენზიული იქნება და ზედმეტ ყურადღებასაც არ მოგთხოვთ.

– როგორია მისთვის სასურველი პირობები?

– ტილანზიასთვის ნორმალური პირობების შესაქმნელად საჭიროა ცოტა სითბო და ნესტიანი ჰაერი. გაზარდეთ ის კაშკაშა სინათლეში, მაგრამ მცხუნვარე მზეს მოარიდეთ. მთელი წლის განმავლობაში იდეალურია 18-24 გრადუსი ტემპერატურა.

– ამ სეზონზე განსხვავებული გარემოს შექმნა ხომ არ არის საჭირო?

– ზამთრის თვეებში ტილანზია თითქმის არ იზრდება. ეს იმიტომ ხდება, რომ მცენარის სამშობლოში ამ დროს მშრალი სეზონი იწყება. ამიტომ, ზამთარში გაითვალისწინეთ, რომ 14 გრადუსზე ნაკლებ ტემპერატურაზე არ ამყოფოთ მცენარე. მორწყვაც უნდა შეამციროთ ან საერთოდ არ მორწყათ ეს დამოკიდებულია ტემპერატურის სიმცირეზე. ზამთარში ტილანზია ყველაზე ნათელ ადგილას დადგით, რომ სიცივისგან არ დაიღუპოს.

– დასაშვებია თუ არა ზამთარში მცენარის გამათბობლით დაცვა სიცივისგან?

– რა თქმა უნდა, ზამთარში ყინვისას გამათბობელი აუცილებელია მცენარისთვის, თუმცა, უნდა გახსოვდეთ, რომ გამათბობელი და მცენარე ერთმანეთთან ახლოს არ აღმოჩნდეს. ასეთ დროს ჰაერი ძალიან გამოშრება და მცენარეს სუნთქვის საშუალება აღარ ექნება.

– რაც შეეხება ზაფხულს?

– ზაფხულში მცენარე გადადგით შედარებით მოჩრდილულ ადგილას და მორწყვასაც მოუმატეთ. ფოთლებიც რეგულარულად დაუნამეთ, რადგან წყალი და სასუქი ფოთლებით შეიწოვება, მაგრამ წყალი ჭარბად არ მოგივიდეთ, ამან, შეიძლება, მცენარის დაღუპვა გამოიწვიოს. ზაფხულში ხშირად დანამეთ, რომ მიწა წყლით გაიჟღინთოს, ან, თუ მიწა თითქმის მშრალია, ოთახის ტემპერატურის რბილ წყალში ჩაუშვით და შემდეგ კარგად დაწრიტეთ. მცენარეს შეუქმენით მაქსიმალურად ტენიანი გარემო და ზრდის პერიოდში თვეში ერთხელ ბალანსირებული თხევადი სასუქი მიაწოდეთ.

– როდის ყვავილობს მცენარე და რას გვირჩევთ ამ დროს?

– მცენარე ივნის-აგვისტოში ყვავილობს. როდესაც ყვავილები გაშლილია, ამ დროს წყლის შეპკურებისგან თავი შეიკავეთ. მართალია, მისი თითოეული ყვავილი ცოტა ხანს ცოცხლობს, მაგრამ ყვავილობა მაინც ათი კვირის განმავლობაში გრძელდება. მომჭკნარი ყვავილები აუცილებლად მოაშორეთ და დაყვავილების შემდეგ გაჩენილი როზეტი შეგიძლიათ მცენარის გასამრავლებლად გამოიყენოთ.

ბოლოს, რას გვირჩევთ, თუ ტილანზია მაღაზიაში ახალი შეძენილი გვაქვს?

– მცენარის სახლში მოტანის შემდეგ, აუცილებელია ქოთანში დეკორატიული ჯოხის ან საყრდენის ჩადგმა. ნიადაგს დაუმატეთ ცოტა სუბსტრაქტი, ფოთლოვანი მიწა, სფაგნუმი და სილა – თანაბარი პროპორციებით. ამ ყველაფრის შემდეგ, დაიცავით ზემოთ აღნიშნული ყველა პირობა და თქვენი ტილანზია ძალიან მალე გახალისდება და გაიფურჩქნება.


скачать dle 11.3