კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მოახერხა ქურდის მკვლელმა, შურისმაძიებელმა 25 წლის გოგონამ ამერიკის შეერთებულ შტატებში გაქცევა

1969 წლის მაისში ერთ-ერთ ცნობილ ქართველ კანონიერ ქურდს, ვანო მეტრეველს, მეტსახელად „მეტროს“, თავისი სომეხი კოლეგა კარო პეტროსიანი, მეტსახელად „კონი“ ესტუმრა და დახმარება სთხოვა. „კონის“ თქმით, თბილისში ერთ-ერთი სომეხი მაღალჩინოსანი გაძარცვეს და მოსკოველი პარტიული მაღალჩინოსნისთვის სოჭში გადასაცემი მილიონ-ნახევარი მანეთი გასტაცეს. კონის თქმით, ძარცვა სასტუმრო „ინტურისტის“ ნომერში მოხდა, სადაც სომეხი მაღალჩინოსანი ორი დღით შეჩერდა.

– მეტროჯან, – უთხრა კონმა ქართველ ქურდს, – ეს მაყუთი რომ ადრესატს არ ჩაბარდეს, ჩათვალე, მაგარი პრესები გველოდება. ის ყვავი მთელ ძაღლობას დააყენებს ფეხზე და მთელ ჩვენს საძმოს სულს ამოგვართმევენ. გარდა ამისა, არც თქვენ დაგაყრიან ხეირს და თავზე ხელს არ გადაგვისვამენ.

– ჩვენ რაღა შუაში ვართ? – მხრები აიჩეჩა მეტრომ, – მაყუთი ერევნიდან მოდიოდა და ნაკოლშჩიკიც თქვენთან უნდა ეძიოთ.

– არანაირი ნაკოლშჩიკი, მეტრო, – თავი გააქნია კონმა, – ფულის ამბავი სულ ორმა კაცმა იცოდა და ისინი შემოწმებულები არიან. როგორც ეტყობა, ეს საქმე ტურისტებზე მონადირეებმა გააკეთეს. მით უმეტეს, რომ ის ლოხი იმ საღამოს მაგრად გამომთვრალა „ინტურისტების“ რესტორანში და დილით აღმოუჩენია, რომ ფული აღარ ჰქონდა. ასე ამბობს, კონიაკში ძილის წამალი ჩამიყარესო. კაროჩე, შემთხვევითი ხალხის ნაჩალიჩარია. შენ კი არ გაგიჭირდება მათი პოვნა და შენდა წილად ორმოცდაათ კურიკს (50 ათასი მანეთი) მიიღებ.

მეტრომ თავი გააქნია და კონს უთხრა:

– ვერაფერს შეგპირდები, მაგრამ ძალ-ღონეს არ დავიშურებ მაყუთის მოსაძებნად. მილიონ-ნახევარი ლიმონი უზარმაზარი მაყუთია და იმ დეგენერატს რა გულაობა აუტყდა, როცა ამხელა კუში ედო ტრაკქვეშ?

– შენი იმედი მექნება, ძმაო. მაყუთი შავი ფერის დიპლომატში დევს და ასმანეთიანი კუპიურების პრესებისგან შედგება.

– კარგი, კარგი, გასაგებია, – თავი დაუქნია მეტრომ სომეხ „კოლეგას“, შემდეგ გადაეხვია და გამოემშვიდობა. ერთი საათის მერე კი მეტრომ მთელი თბილისის შავი სამყარო შეკრიბა და მილიონ-ნახევარი მანეთით სავსე შავი დიპლომატის ძებნა დაავალა.

ახალბედა მძარცველები

თბილისის სასტუმრო „ინტურისტში“ გაძარცვული მამაკაცი, 48 წლის ერევნელი არტურ ქეროპიანი იყო – სომხეთის ცენტრალური კომიტეტის პასუხისმგებელი მუშაკი და მაღალჩინოსანთა ნდობით აღჭურვილი პირი. ქეროპიანს სოჭში მოსკოველი მაღალჩინოსანი ევგენი გუსევი უნდა ენახა და ფული მისთვის გადაეცა. ეს თანხა კი ჯარიდან გათავისუფლებული სომეხი მოქალაქეების მიერ იყო გადახდილი და მოსკოვში, ეგრეთ წოდებული სამხედრო-სამედიცინო მაფიის მფარველობისთვის იყო განკუთვნილი. ქეროპიანი თბილისის გავლით საკუთარი მანქანით მიემგზავრებოდა სოჭში და საქართველოს დედაქალაქში იმიტომ შეჩერდა, გუსევისგან შეიტყო, რომ ეს უკანასკნელი სოჭში ერთი დღის დაგვიანებით ჩავიდოდა.

ქართველი კრიმინალები მუხლჩაუხრელად ეძებდნენ მილიონ-ნახევარი მანეთით სავსე შავი ფერის დიპლომატს და დაადგინეს, რომ ქეროპიანის ძარცვის საღამოს სომეხ სტუმართან ერთად „ინტურისტის“ რესტორანში ვინმე ანდრო ჩოხელი და ნატო მიქაძე ქეიფობდნენ. ქალ-ვაჟი შესაბამისად 25 და 27 წლისანი იყვნენ და კრიმინალურ სამყაროში მათ არ იცნობდნენ. თუმცა, გაირკვა, რომ შეყვარებულ წყვილს ადრე ორჯერ ჰქონდა მსგავსი დანაშაული ჩადენილი. ეს ინფორმაცია ვინმე „ჯიჯიმ“ გაიგო, რომელიც ქურდობის ტიტულის მაძიებელი იყო. მანვე დაადგინა ახალგაზრდების მისამართი და თავის ორ მეგობართან, – „კიაზოსთან“ და „ბუგოსთან“ ერთად პლეხანოვზე, ჩოხელის ბინაში მყოფ ქალ-ვაჟს დაადგა. ჯიჯიმ და მისმა მეგობრებმა ჯერ ბინა გადაჩხრიკეს და ვერაფერი რომ ვერ იპოვეს, უკვე წყვილს დაუწყეს მუქარა. თუმცა ვერც მათ დააცდენინეს რამე. „რა ფული, რის დიპლომატი?“ – იმეორებდნენ ახალგაზრდები და არ ტყდებოდნენ. მაშინ ჯიჯიმ გოგონას პისტოლეტის ლულა ჩაუდო პირში და ვაჟს უთხრა:

– ან გამოტყდები, ან შენს კნეინას ტყვიებს გადავაყლაპებ, გაიგე, შე ბოზო! ჩქარა თქვი, სადაა მაყუთი!

ჩოხელი არ ტყდებოდა და მხოლოდ მას შემდეგ გაამხილა ყველაფერი, როდესაც მოძალადეები მას ქალის გაუპატიურებით დაემუქრნენ.

– გეყოფათ! თავი დაგვანებეთ! – თქვა ანდრო ჩოხელმა, – ფული ჩერდაკშია, მხოლოდ ასი მანეთია დახარჯული და წაიღეთ.

მოძალადეებმა ახალბედა მძარცველებს თავი დაანებეს და სხვენში ავიდნენ. ფულით სავსე დიპლომატით უკან რომ ბრუნდებოდნენ, ჯიჯიმ ორი გასროლით დაჭრა ბუგო და კიაზო, შემდეგ კიბეებზე დაეშვა და მიიმალა...

ტოტალური ეგზეკუცია

ბიძინა გვიმრაძის, იგივე ჯიჯის საქციელმა შოკში ჩააგდო თბილისის კრიმინალური სამყარო, რადგან ქურდობის ტიტულის მაძიებლისგან მსგავს საქციელს არავინ მოელოდა.

– მაყუთმა გააგიჟა, მაგისი ბოზი დედაც! – ის იყო, ბრაზით წარმოთქვა ქურდულ შეკრებაზე მეტრომ, რომ „სხოდკაზე“ მოულოდნელად შევარდნილმა მილიციის ოპერჯგუფმა თბილისის ერთ-ერთ ქურდულ „მალინაზე“ ოცდაერთი ადამიანი დააპატიმრა, რომელთა შორის შვიდი – კანონიერი ქურდი იყო.

ფულის დაკარგვიდან ორი კვირა იყო გასული და რადგან ქეროპიანმა ქურდების საშუალებით ვერ მოახერხა ფულის დაბრუნება, ყველაფერი მილიციას შეატყობინა და დახმარება სთხოვა. მილიციამ ტოტალური ეგზეკუცია დაიწყო და თბილისელი კრიმინალები უკიდურესად შეავიწროვა. განსაკუთრებით კი ჩოხელი და მიქაძე დაისაჯნენ, რომლებიც მილიციამ აიყვანა და ციხეში გამოამწყვდია. ერთი მხრივ, მათ მილიციის ჯალათები აწამებდნენ, მეორე მხრივ კი – კრიმინალური ავტორიტეტები. გამწარებულმა ქურდებმა კრიმინალური გარჩევა მოუწყვეს ჩოხელს, გაამტყუნეს და ჰომოსექსუალების საკანში მოუნდომეს გამწესება. მაგრამ, ანდრო ჩოხელმა კბილებით გამოღადრა ყელი ვინმე „შიშოს“ რომელიც ძლივს გადაურჩა სიკვდილს, თავად კი საკანში ჩამოიხრჩო თავი და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. შედარებით მსუბუქად გადარჩა ნატო მიქაძე, რომელსაც სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. როდესაც მან შეყვარებულის ტრაგედიის შესახებ შეიტყო, ჯერ საშინელი კივილი მორთო და გულამოსკვნილი ტიროდა. შემდეგ კი დამშვიდდა და გულში დაიფიცა, რომ, რადაც არ უნდა დასჯდომოდა, შურს იძიებდა ანდროს გამო.

ტოტალური მობილიზაციის მიუხედავად, ფულით გაქცეული ჯიჯის კვალს ვერავინ მიაგნო. სამი თვის შემდეგ მეტრო და სხვა დაპატიმრებულები გამოუშვეს, ნატო მიქაძე კი ქალთა კოლონიაში გადაიყვანეს.

პაემანი

ციხიდან გამოსულ მეტროს ჩოხელის სიკვდილის გამო სინდისი ქენჯნიდა. ის არ მონაწილეობდა იმ ცნობილ გარჩევაში, რის შემდეგაც ჩოხელმა თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. იმ დროს მეტრო შინაგან საქმეთა სამინისტროს ციხეში იჯდა და საშუალება არ ჰქონდა, რომ ხელი შეეშალა „სხოდკის“ მონაწილეების ჩოხელის მიმართ უსამართლო განაჩენისთვის. ამიტომ, ციხეში გადასულმა მეტრომ „სხოდკის“ მონაწილე ქურდები შეახურა, „რესბალნიცაში“ მწოლიარე შიშოს კი სულ სილები უტყლაშუნა.

– რას ერჩოდით იმ საწყალ ბიჭს, ვის დასანახად აქათმებდით? რა დაგიშავათ? ფული მოიპარა? თქვენ ხომ არ მოგპარათ, ბოზების ფული წაიღო. თქვენ რა, არ იპარავთ? – თავზე დაადგა შიშოს.

ქურდები თავჩაღუნულები იდგნენ, მხოლოდ შიშომ შეჰბედა:

– მეტროჯან, იმ ბიჭმა პალაჟენია გაგვიფუჭა და აბა, რა გვექნა?

– სწორედ ამ სიტყვების გამო გაასილაქა მეტრომ შიშო და ციხიდან რომ გამოვიდა, „გრევი“ შეაგროვა, შემდეგ ქალთა კოლონიაში გაემართა და ნატო მიქაძესთან შევიდა პაემანზე.

– რას უნდა ვუმადლოდე შენისთანა პატივცემული ადამიანის ჩემთან მოსვლას? – სარკასტულად უთხრა გამწარებულმა ნატო მიქაძემ მეტროს, – მეც ისე ხომ არ უნდა გამირჩიოთ საქმე ქურდებმა, როგორც ანდროს?

– კარგი, ჩემო გოგონა, დამშვიდდი. მე რომ იმ სხოდკაზე ვყოფილიყავი, ყველაფერი სხვაგვარად წარიმართებოდა, მაგრამ სამწუხაროდ, ვნუტრინიში ვიჯექი, – მიუგო მეტრომ ნატოს.

– როდიდან გავხდი შენი გოგონა ან შენ რით ხარ უკეთესი დანარჩენებზე? განა შენ არ შეკრიბე მთელი პრესტუპნი მირი ჩვენს მოსაძებნად? შენ რომ არ დაგევალებინა ჯიჯისთვის ფულის პოვნა, ანდროც ცოცხალი იქნებოდა და არც მე გავუბედურდებოდი. მე შენთან არაფერი მაქვს სალაპარაკო. ასი წელიც რომ გავიდეს, სულერთია, შიშოს არ ვაცოცხლებ! – უთხრა ნატომ ქურდს და პაემნის ოთახიდან გავიდა. ერთი თვის შემდეგ კი ქალთა კოლონიიდან გაიქცა...

შურისძიება

ნატო მიქაძე ციხიდან 1969 წლის ოქტომბერში, ანუ მილიონ-ნახევარი მანეთის დაკარგვიდან ხუთი თვის შემდეგ გაიქცა. ამ პერიოდისთვის ჯიჯი კვლავ ძებნაში იყო და მის კვალს ვერც მილიციამ მიაგნო და ვერც ქურდებმა, შიშო კი ციხიდან იყო გამოსული და სოჭში, სასტუმრო „პრიმორსკაიაში“ ისვენებდა.

გაქცეულ 25 წლის ნატოსაც ეძებდა მილიცია, მაგრამ ვერც მის კვალს მიაგნეს. ის კი შურისძიებას გეგმებს აწყობდა და ვერაზე, ერთ-ერთი მეგობრის ბინაში იმალებოდა, რადგან იცოდა, რომ მის ბინას მილიცია უთვალთვალებდა. ნატო მიქაძე პროფესიით ისტორიკოსი იყო, მაგრამ ბავშვობიდან იტაცებდა მსახიობობა და მოყვარულთა თეატრში თამაშობდა ჯერ სკოლაში, მოგვიანებით კი – უნივერსიტეტში და საკმაოდ კარგად ისწავლა გრიმის გაკეთება. ამიტომ, ძებნილობის მიუხედვად, გარეგნობაშეცვლილი გოგონა თავისუფლად დააბიჯებდა ქალაქში და შიშოს მოხელთებას ცდილობდა, თან, ფული რომ ეშოვა, ორი ძარცვა ჩაიდინა და სამი ათასი მანეთი მოაგროვა.

1969 წლის ნოემბრის დასაწყისში ნატომ ზუსტად დაადგინა შიშოს ადგილსამყოფელი და სოჭში გასამგზავრებლად მოემზადა. მანამდე კი ჩემოდანი გაამზადა, ყველა საჭირო ნივთი მოიმარაგა, მეგობარს გამოემშვიდობა და თბილისი-სოჭის მატარებლით ამ ზღვისპირა კურორტზე გაემგზავრა.

10 ნოემბერს სოჭის სასტუმრო „პრიმორსკაიას“ რესტორნიდან ნომერში მთვრალი შიშო და ტანწერწეტა გოგონა ავიდნენ, კარი ჩაკეტეს და საძინებელში განმარტოვდნენ. ორიოდე საათის მერე კი, სასტუმროს ნომრის რადიატორზე მიბმული, პირაკრული, დედიშობილა შიშო თვალებგაფართოებული შესცქეროდა სამართებელმომარჯვებულ გოგონას, რომელიც მრისხანე თვალებით უმზერდა მას.

ნატომ ირონიულად ჩაიცინა, შიშოს მარცხენა ყური მოაჭრა და უთხრა:

– ეს ჟურნალია, კინო ახლა იწყება. მე ნატო მიქაძე ვარ, ანდროს შეყვარებული და მისი სისხლი უნდა ავიღო.

ნატომ შიშო ნაკუწ-ნაკუწ აქნა და შეუმჩნევლად დატოვა სასტუმროს ნომერი. შიშოს მეგობრებს კი „პრიმორსკაიას“ ლუქსში კრიმინალური ავტორიტეტის დანაკუწებული სხეული და სისხლის გუბე დახვდათ...

P.S. ნატო მიქაძემ ისრაელში, შემდეგ ამერიკის შეერთებულ შტატებში მოახერხა გაქცევა, ხოლო ჯიჯი კი 1970 წელს ლენინგრადში მოკლეს, თუმცა მილიონ-ნახევარი მანეთით სავსე დიპლომატს კი ვერ მიაგნეს...



ნიკა ლაშაური


скачать dle 11.3