კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ექიმის რჩევები


კითხვა: ვარ 42 წლის ქალი. სიარულისას მარცხენა ფეხში სისუსტეს ვგრძნობ, ძილის დროს კი მარჯვენა ფეხი მიბუჟდება. ფეხებზეც მუდმივად მამცივნებს, თითქოს მეყინება. როგორ მოვიქცე?

პასუხი: კიდურებში ასეთი შეგრძნებები შეიძლება სისხლძარღვთა ან ნერვთა პათოლოგიების ბრალი იყოს. არ არის გამორიცხული, რომ ყველაფრის მიზეზი ოსტეოქონდროზია. გირჩევთ, კონსულტაციისთვის ანგიოლოგსა და ნევროლოგს მიმართოთ.

კითხვა: 70 წლის ქალი გახლავართ. უკვე 3 წელია, ჰერპესზოსტერით ვარ ავად. ყოველგვარი მკურნალობა ჩავიტარე, მაგრამ შედეგი არ ჩანს. მაქვს სხვა დაავადებებიც: პარკინსონიზმი, დიაბეტი, ჩიყვი. ეგებ მათ სამკურნალოდ დანიშნული პრეპარატები აღიზიანებს ჰერპესს? მირჩიეთ, როგორ მოვიქცე?

პასუხი: ჰერპესით დასნებოვნებული ადამიანი დიდი ხნის განმავლობაში იტარებს ანტიჰერპესულ თერაპიას თანამედროვე ანტივირუსული პრეპარატებით, მაგრამ რამდენიმე ხნის შემდეგ ვირუსული ინფექცია ისევ აქტიურდება. ეს იმის ბრალია, რომ ორგანიზმის იმუნიტეტი დაქვეითებულია. ამიტომ მას იმუნოსტიმულატორები და ვიტამინები უნდა მივაშველოთ. თქვენს შემთხვევაში იმუნიტეტის დასუსტების მიზეზი შაქრიანი დიაბეტი უნდა იყოს. ამ დაავადების სწორი და თანმიმდევრული მკურნალობა იმუნურ სისტემასაც მოგიწესრიგებთ. ანტიდიაბეტური თერაპია ჰერპესულ ინფექციას კი არ ამწვავებს, მის ჩაწყნარებას უწყობს ხელს.

კითხვა: მყავს 1 წლის გოგონა, რომელსაც ჯერ არც ერთი კბილი არ ამოსვლია. ექიმმა სამჯერ გამოუწერა კალციუმის გლუკონატი და კალცინოვა. მესამედ დავალევინეთ D3 ვიტამინიც. მირჩიეთ რამე, რამ შეიძლება უშველოს ჩემს გოგონას, რომ კბილები ამოეჭრას?

პასუხი: საინტერესოა, აქვს თუ არა ბავშვს რაქიტის სხვა ნიშნები – ძვლების დეფორმაცია ან ოფლიანობა. თუ კბილების ამოუსვლელობა რაქიტის ბრალია, მაშინ ინტენსიური მკურნალობაა საჭირო, მაგრამ, თუ პატარას რაქიტის ნიშნები არ აქვს, შეიძლება, კბილების ამოსვლის დაგვიანება სხვა პათოლოგიურ მდგომარეობას, სარძევე კბილების თანდაყოლილ განუვითარებლობას უკავშირდებოდეს. თუ ასეა, სტომატოლოგის კონსულტაცია დაგჭირდებათ.

კითხვა: ვარ თქვენი ერთგული მკითხველი, 65 წლის. გთხოვთ, დამეხმაროთ. საშინელი დეპრესია დამეუფლა. სულ ტირილი მინდა, განსაკუთრებით – დილაობით მიჭირს. მიბუჟდება ხელ-ფეხი, მეწვის თავის კანი, მიწევს წნევა. მივმართე ექიმს, მაგრამ უშედეგოდ.

პასუხი: დეპრესიის მკურნალობა ფსიქონევროლოგის კომპეტენციაა, მაგრამ, ამასთან ერთად, გირჩევთ, გინეკოლოგ-ენდოკრინოლოგსაც ეჩვენოთ. უნდა შემოწმდეს ჰორმონული ფონი, რადგან, ადვილი შესაძლებელია, ჰორმონული დისბალანსი კიდევ უფრო აღრმავებდეს თქვენს მდგომარეობას. მანამდე კი გირჩევთ, მიიღოთ B ჯგუფის ვიტამინები, რადგან ავიტამინოზი დეპრესიის ხელშემწყობ ფაქტორად ითვლება.

კითხვა: გთხოვთ გვასწავლოთ, როგორი დახმარება გავუწიოთ ფუტკრის მიერ დანესტრილ ადამიანს, თუ ის ალერგიულია. საერთოდ, როგორია პირველი დახმარება ასეთ დროს?

პასუხი: ფუტკრის შხამი ადამიანის ორგანიზმში მოხვედრისას ადგილობრივ ანთებით-ალერგიულ დაზიანებას იწვევს. დაკბენილს ნესტარი ფრთხილად ამოუღეთ კანიდან. არ შეიძლება ნაკბენის ხელით ან რაიმე საგნით მოჭყლეტა, ამგვარად შხამის გავრცელებისა და ალერგიული რეაქციის არე კიდევ უფრო გაიზრდება. ნესტრის ამოღების შემდეგ ნაკბენზე ცივი საფენები დაიდეთ. ფუტკრის კბენისას ალერგიულებს 1-2 დღით მაინც უნდა მივცეთ ანტიჰისტამინური პრეპარატი.

კითხვა: ერთი წელია, დედას ფრჩხილის ფერი შეეცვალა, თითქოს თეთრი ლაქი გადაუსვესო. ჰემოგლობინი 60 აქვს, ნუთუ ამის ბრალია? დედა 80 წლისაა.

პასუხი: ფრჩხილების გაფერმკრთალების მიზეზი შეიძლება იყოს კაპილარული სისხლის მიმოქცევის დაქვეითება ან სისხლში ჰემოგლობინის დონის დაცემა. დაბალ ჰემოგლობინს აუცილებლად სჭირდება მკურნალობა, მაგრამ თუ დედათქვენს, გარდა ფრჩხილების სიფერმკრთალისა, სხვა საგულისხმო ნიშნებიც აქვს, მაგალითად, ხელის თითების დაბუჟება, ტკივილი, წვა, გირჩევთ ანგიოლოგსაც გაესაუბროთ.

კითხვა: გთხოვთ, მოგვითხროთ მკვრივი სუნთქვის შესახებ. როგორ მივხვდეთ, მკვრივი სუნთქვა ბრონქების პათოლოგიითაა გამოწვეული თუ ფილტვის დაავადებით?

პასუხი: ჯანმრთელ ადამიანს ფილტვის აუსკულტაციისას, ეგრეთ წოდებული ვეზიკულური სუნთქვა ესმინება – ასეთ ხმიანობას გამოსცემს ჯანსაღი ბრონქები და ფილტვის ქსოვილი. პათოლოგიის დროს კი, ვეზიკულური სუნთქვის ნაცვლად, სხვადასხვა ტიპის პათოლოგიური სუნთქვა ისმის. მკვრივი სუნთქვა ისმინება მაშინ, როცა ბრონქების სანათური ანთებითი გამონაჟონის გამო შევიწროებულია. ასეთი სუნთქვა ისმის ბრონქიტის, ბრონქოპნევმონიის, ფილტვის ტუბერკულოზის დროს. იმას, თუ რა დაავადებასთან გვაქვს საქმე, დამატებითი სუბიექტური და ობიექტური მონაცემებისა და ლაბორატორიულ-ინსტრუმენტული გამოკვლევების საფუძველზე, ექიმი დაადგენს.

რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი

კახა ჯანაშია


скачать dle 11.3