კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა საშინელ სასჯელს უგზავნის ღმერთი შვილებს მშობლების შეურაცხყოფისთვის და როდის აქვს დიდი ძალა დედის ლოცვას


უფლის მიერ დადგენილი მეხუთე მცნების თანახმად („პატივი ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილ გეყოს შენ და დღეგრძელ იყვე ქვეყანასა ზედა“), ყველა ქრისტიანის მოვალეობაა მშობლების, მოძღვრის, ნათლიის, ბებია-ბაბუის პატივისცემა. მათდამი სიყვარულის გამოხატვის სანაცვლოდ უფალი ჩვენ კეთილდღეობას და დღეგრძელ ცხოვრებას გვპირდება. ასევე ნებისმიერი ქრისტიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და აუცილებელი ნათლისღების საიდუმლოში მონაწილეობა, ნათლიების სწორად შერჩევა და ამ დიდი საიდუმლოს მნიშვნელობის სწორად გააზრება. თუმცა, ამ საკითხების შესახებ უფრო დაწვრილებით გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი (თევდორაშვილი):


– ყველა კარგ, ქრისტიანულ ოჯახში ერთიანი, ურთიერთშეკავშირებული ცხოვრება უნდა იყოს. „ჩვენ“, ანუ საერთო, მუდამ „ჩემზე“, ანუ პირადულზე, მაღლა უნდა იდგეს. ქრისტიანულ ოჯახში უფროსად ჩვეულებრივ არის და უნდა იყოს ქმარი. მასზე, მის ნამუშევარზეა დამოკიდებული ოჯახის კეთილდღეობა. ვინც არ ზრუნავს თავის ოჯახზე, მის შესახებ პავლე მოციქული ლაკონურად ამბობს: „ვინც არ ზრუნავს თავის ახლობლებზე, უფრო მეტად კი თავისი ოჯახის წევრებზე, იგი განუდგება რწმენას და ურწმუნოზე უარესია“.

წუთისოფელში ხშირად ხდება, რომ მშობლები თავიანთი შვილების აღზრდას ამა თუ იმ ცხოვრებისეული გზით წარმართავენ, რის გამოც ისინი ბავშვების მიდრეკილებებისა და სურვილების საპირისპიროდ იხარჯებიან, ხანდახან უსამართლოდაც იქცევიან. ამის წინააღმდეგ მოციქული პირდაპირ ამბობს: „მამები, ნუ გააღიზიანებთ თქვენს შვილებს, არამედ აღზარდეთ ისინი უფლის მოძღვრებით და დარიგებით“ (ეფეს. 6,4). გადამეტებული, ძნელად ასატანი მომთხოვნელობა ბავშვებში ხშირად მხოლოდ გულგატეხილობასა და სევდას იწვევს. განსაკუთრებით ვერ იტანენ ისინი უსამართლობას. ეს გრძნობა ბავშვებში გაცილებით ძლიერია, ვიდრე მოზრდილებში. მაგრამ უფრო უარესია, როდესაც მშობლები მეტისმეტად ანებივრებენ შვილებს, ძალზე შემწყნარებლები არიან მათ მიმართ და ხშირად ტოვებენ უმეთვალყურეოდ. უფალი მშობლებს პირდაპირ უბრძანებს, აღზარდონ შვილები საღვთო სჯული მოძღვრებით და დარიგებით. რა თქმა უნდა, შვილებს მშობლებზე ნაკლებად არ უნდა ახსოვდეთ თავიანთი მოვალეობები. ყველასთვის ცნობილია მეხუთე მცნება, რომელიც შვილების მხრიდან მშობლების პატივისცემას მოითხოვს. შვილები ხომ თითქმის ყველაფრით მშობლებზე არიან დამოკიდებულები, რომლებიც სიყვარულით ზრუნავენ მათზე, შრომობენ მათთვის. საკუთარ თავს ბევრ რამეზე ეუბნებიან უარს და შვილებს ხშირად მაშინაც ეხმარებიან, როდესაც ისინი უკვე მოზრდილები და ჩამოყალიბებული ადამიანები არიან.

– მაგრამ დღეს, ხშირ შემთხვევაში, შვილები მშობლებს ნაკლებად სცემენ პატივს.

– თანამედროვე რეალობაში ხშირად ირღვევა მეხუთე მცნება. ის ბავშვებიც კი, რომლებიც დარწმუნებულები არიან, რომ გულწრფელად და მტკიცედ უყვართ თავიანთი მშობლები, ხშირად მათ ყურს არ უგდებენ და პატივს არ სცემენ. არადა, სიყვარული უკავშირდება თავად მორჩილებას. რაც უფრო იზრდებიან ასეთი ბავშვები, მით უფრო თავნებანი ხდებიან, მშობლებს უხეშად ეპყრობიან, აყვედრებენ „ჩამორჩენილობას“ და არაფრად აგდებენ მათ ავტორიტეტს. ეს არ არის მშობლების პატივისცემა. წმიდა წერილი ხომ გარკვევით ბრძანებს: „ვინც აუგს ამბობს თავის მამაზე ან თავის დედაზე, სიკვდილს უნდა მიამთხვიონ იგი“. ცხოვრებაში ბევრია ისეთი საშინელი მაგალითი, თუ როგორ მძიმედ, ხანდახან სიკვდილითაც, სჯიდა უფალი მამისა და დედის შეურაცხმყოფელს. ტყუილად არ ამბობენ „დედის ლოცვა ცეცხლსა და წყალს გადაარჩენს“, მაგრამ საშინელ უბედურებას მიიღებს ის, ვინც დედის ან მამის წყევლას დაიმსახურებს.

– მამაო, აქვე მინდა, შევეხო ნათლისღების საიდუმლოს, რომელშიც უშუალოდ მშობლები და შვილები იღებენ მონაწილეობას? როგორც ცნობილია, ნათლია თავისი ნათლულის სულიერი მშობელი ხდება და მის მიმართ გარკვეულ ვალდებულებებსაც იღებს.

– წმიდა სამოციქულო ეკლესიის სწავლების თანახმად, ადამიანის ნათლისღება მისი ყრმობის ასაკშივე უნდა აღსრულდეს. ახალშობილი დაბადებიდან მერვე და მეორმოცე დღეს უნდა მოინათლოს, ხოლო თუ ჩვილის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, მაშინ უმჯობესია, მისი მონათვლა დაბადებისთანავე, რაც ხშირ შემთხვევაში ბავშვის გამოჯანმრთელების მიზეზიც გამხდარა. სამწუხაროდ, დღეს ამ ტრადიციას თანამედროვე ქრისტიანები იშვიათად მისდევენ. მშობლები ხშირად ნათლობას, ფინანსური პრობლემების გამო, გარკვეული წლების გასვლის შემდეგ აღასრულებენ, რაც დიდი შეცდომაა და ეს ბავშვის ცხოვრებაზე სერიოზულ გავლენას ახდენს. ახალშობილს ორმოცი დღის განმავლობაში ღმერთი მფარველ ანგელოზს უგზავნის და ყრმა თუ მეორმოცე დღეს არ მოინათლება, მას ანგელოზი ტოვებს. ბავშვი კი ამ ცოდვებითა და განსაცდელებით აღსავსე წუთისოფელში ზეციური მფარველის გარეშე რჩება.

რაც შეეხება ნათლიების შერჩევას, ქართული ტრადიციის მიხედვით, რაოდენ სავალალოც უნდა იყოს, მშობლები შვილებისთვის ნათლიად ფინანსურად შეძლებულ პიროვნებებს ირჩევენ, რომლებიც ნათლისღების შემდეგ ფაქტობრივად, მათი ნათესავები ხდებიან. ქართველებში ნათლისღებამ დანათესავების სახე მიიღო. მაგრამ, ხშირ შემთხვევაში გვავიწყდება, რომ ნათლია უნდა შეირჩეს სულიერი ღირსებებისა და არა ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჩვენს რეალობაში ნათლიის ინსტიტუტი არ არსებობს, რაც დიდი დანაკლისია ბავშვის სულიერი აღზრდის საქმეში. უფრო მეტსაც გეტყვით: ხშირად ეს საეკლესიო საიდუმლო ისე აღესრულება, რომ მისი დანიშნულება, როგორც მონათლულთათვის, ასევე ნათლიისთვისაც გაუგებარი რჩება. ამიტომ ნათლისღების მსურველებმა წინასწარ უნდა მიმართონ სულიერ მოძღვარს და მისგან კათაკმეველად დასადგენად (გასანათლად გამზადებული) შესაბამისი კურთხევა მიიღონ. ნათლია სარწმუნოების დოგმატებში კარგად განსწავლული, ხშირი აღმსარებელ-მაზიარებელი უნდა იყოს. ასევე ზეპირად უნდა იცოდეს და გააზრებული ჰქონდეს მართლმადიდებლური სარწმუნოების სიმბოლო „მრწამსი“ და ცხოვრობდეს ქრისტიანული წესით. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში აქვს მას უფლება იწოდებოდეს სხვა ადამიანის მიმრქმელად. ის ადამიანები, რომლებიც უფლის წინაშე ნათლიებად არიან დადგენილები, განკითხვის დღეს პასუხს აგებენ იმის მიხედვით, თუ როგორ შეასრულეს თავიანთი მოვალეობები. ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დიდი სჯულის მიხედვით, ადამიანს მხოლოდ ერთი ნათლია უნდა ჰყავდეს, სასურველია მამაკაცს – კაცი ნათლია, ხოლო დედაკაცს – ქალი ნათლია. ასევე განსაზღვრულია ნათლიის ასაკი, ის აუცილებლად თორმეტი წლის ზემოთ უნდა იყოს.

დღეს ჩვენში ასევე გავრცელებულია აზრი, რომ თითქოს მშობლები არ უნდა დაესწრნენ შვილის ნათლობას. ეს შეხედულება მცდარია, და გეტყვით საიდან მოდის. როდესაც ბავშვს მეორმოცე დღეზე ადრე ნათლავდნენ, იმ დროს დედას ეკრძალებოდა ეკლესიაში შესვლა იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ის უწმინდურ მდგომარებაში იმყოფებოდა. მაგრამ თუ ყრმას მეორმოცე დღეს მონათლავენ, მაშინ დედას მოძღვარი სპეციალურ „განწმედის ლოცვებს“ უკითხავს, რომლის შემდეგაც ის სიხარულით ესწრება საკუთარი შვილის ნათლისღებას. ანუ, ეს იმას ნიშნავს, რომ მშობლებს სრული უფლება აქვთ დაესწრნენ ნათლობას.

ხშირად მოძღვრებს იმასაც გვეკითხებიან, დაბადების დღე აღვნიშნოთ, თუ ნათლობის დღეო. ჩემი პასუხი ასეთია: ყველა ქრისტიანმა უნდა იცხოვროს უფლის წესების დაცვით და მადლობით აღნიშნოს, როგორც დაბადების დღე, ასევე ნათლობისა და ანგელოზის ხსენების დღე, ნათლიამ უნდა იზრუნოს ნათლულის სულიერ აღზრდაზე, ხოლო მშობლები და შვილები ერთმანეთს პატივისცემით და სიყვარულით უნდა ექცეოდნენ, რადგან ოჯახი ეს ის ადგილია, სადაც ყალიბდება და ვლინდება ნებისმიერი ადამიანის სათნოებანი.


скачать dle 11.3