კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ინტიმური საუბრები


ვნანობ, ჩემი ცხოვრება შენ რომ მოგიძღვენი

საკმაოდ დიდხანს ვფიქრობდი, მომეწერა თუ არა. მინდა, ჩემი ცხოვრების შესახებ მოგიყვეთ. ისიც მინდა, რომ იმ ადამიანმა, ვისზეც ვწერ, ეს წერილი წაიკითხოს. ამიტომ, ძალიან გთხოვთ, დამიბეჭდეთ.

გელა რომ გავიცანი, მე 15 წლის ვიყავი, ის კი – 20-ის. პირველი ნახვისთანავე მომეწონა, მაგრამ მერე გავიგე, რომ ცოლიანი იყო. მიუხედავად ამისა, ხშირად ვნახულობდით ერთმანეთს, რაც ყველას უკვირდა. ძალიან ახლოს ვიყავით ერთმანეთთან. ის გახდა ჩემი ერთადერთი მესაიდუმლე, ყველაფერი ვიცოდით ერთმანეთის შესახებ. მალე მისი ცოლიც გავიცანი და ოჯახებით ვახლობლობდით. მამაჩემს ყველაფერში გელას იმედი ჰქონდა. ვერავინ იფიქრებდა, რომ ეს ურთიერთობა დიდ სიყვარულში გადაიზრდებოდა. რაც დრო გადიოდა, გელა უფრო და უფრო მომწონდა, მაგრამ თავს ვიკავებდი – ის ხომ ცოლიანი კაცი იყო, თანაც, არ ვიცოდი, ჩემ მიმართ რას გრძნობდა. ყოველთვის მეგონა, რომ დასავით ვუყვარდი.

გავიდა ორი წელი და მე და გელა ისევ დავუახლოვდით ერთმანეთს. დღე არ გავიდოდა, ერთმანეთი რომ არ გვენახა, სულ ერთად ვიყავით. თათა (გელას ცოლი) გაგიჟებას იყო, ისე ეჭვიანობდა და გელას ჩემთან ურთიერთობას უშლიდა. ერთხელ დამირეკა და მთხოვა, რომ მის ქმარს აღარ შევხვედროდი. არ ვიცოდი, რა მექნა, გელას დავურეკე და ვთხოვე, ჩემთან მოსულიყო. იმ საღამოს ბევრი ვილაპარაკეთ და ბოლოს გამომიტყდა – თათა არ მიყვარს, სხვა ქალი შემიყვარდაო. ცუდად გავხდი. აბა, რას წარმოვიდგენდი, რომ ის სხვა ქალი მე ვიყავი.

გავიდა დრო. მე და დათო ისე ხშირად ვეღარ ვნახულობდით ერთმანეთს. 19 წლის ასაკში მშობლები დამეღუპა, სულ მარტო დავრჩი და, ზუსტად მაშინ, როცა ყველაზე მეტად მჭირდებოდა მხარში დგომა, გელა დაბრუნდა. მხოლოდ მაშინ მივხვდი, რომ ის „სხვა ქალი“, ვისზეც გელამ მითხრა, მე ვიყავი. ჩემ გამო თათასთან პრობლემები ჰქონდა. მისგან წამოსვლა გადაწყვიტა და მთხოვა, ცოტა ხანს შენთან ვიცხოვრებო. უარი ვეღარ ვუთხარი და ერთი თვე ჩემთან ცხოვრობდა. არაფერს მაკლებდა – არც სითბოს, არც ყურადღებას. ერთ მშვენიერ დღეს სახლში გვიან დაბრუნდა, ძალიან მოწყენილი იყო. გადამეკიდა, ძალიან მიყვარხარ და მინდა, ჩემი ცოლი გახდეო. სიმართლე გითხრათ, თავიდან დავიბენი, მაგრამ ისე თავდავიწყებით მიყვარდა, თანხმობა მივეცი. იმ ღამეს პირველად ვიყავით ერთად. გელა იყო პირველი კაცი ჩემს ცხოვრებაში. ძალიან ბედნიერი ვიყავი, მაგრამ ერთი კვირის შემდეგ თათამ დაურეკა და უთხრა, ორსულად ვარო. ჯერ დაიბნა, არ იცოდა, როგორ მოქცეულიყო, ბოლოს კი გადაწყვიტა – თათას ვუბრუნდებიო. მე არაფერი მითქვამს, გავუშვი. გული საშინლად მეტკინა, არ მეგონა, თუ წავიდოდა. ისე მიყვარდა, ვერ ვივიწყებდი, გადავწყვიტე, უცხოეთში წავსულიყავი – იქ ახლობელი მყავდა და სამსახურს მთავაზობდა. მეგონა, დრო გავიდოდა და ყველაფერს დავივიწყებდი. მაგრამ ცოტა ხანში გავიგე, რომ ორსულად ვიყავი. რა თქმა უნდა, გელასთვის არაფერი მითქვამს. ბავშვი დავიტოვე. გელა თუ ვერ შევინარჩუნე, შვილი მაინც მეყოლებოდა მისგან. როგორც გავიგე, თათამ ყველაფერი აპატია და ძალიან ბედნიერად ცხოვრობენ.

იმის მერე გელას ჩემთან აღარ დაურეკავს. მე გოგონა შემეძინა. ძალიან ჰგავს მამას. მინდა, გელამ იცოდეს, რომ შვილი გვყავს.

გელა, დღემდე მიყვარხარ, შენი დავიწყება ვერ შევძელი. ახლახან საქართველოში დავბრუნდი და ძალიან მინდა, შენი შვილი ნახო. თუ ამ წერილს წაიკითხავ და სურვილი გექნება, ნახო შენი გოგონა, იცი, სადაც უნდა მომძებნო.

კიდევ ერთხელ გთხოვთ, ეს წერილი დამიბეჭდეთ.

ნათია, 24 წლის.



საყვარელი მაშანტაჟებს

მე მქვია დათო, ვარ 20 წლის. მაგარი გოიმივით „გავები“.

ჩემი დის დაქალს მოვწონდი. საკმაოდ კარგა ხანს მოსვენებას არ მაძლევდა. იმდენი მოახერხა, რომ ჩემს ლოგინშიც აღმოჩნდა. რაღაც პერიოდის განმავლობაში ვიყავით ერთად, მერე კი უცებ გამომიცხადა, ცოლად უნდა შემირთოო, თუმცა, მანამდე რომ გეკითხა, მსგავსი აზრი ერთხელაც არ მოსვლია თავში – მიყვარხარ და მეტი არაფერი მინდა შენგანო, ახლა კი მაშანტაჟებს. ისეთ დღეში ვყავარ, სად გავიქცე, არ ვიცი. ერთი პირობა ისიც კი ვიფიქრე, მის მშობლებთან მივალ და მე თვითონ მოვუყვები, როგორ იქცევა მისი შვილი-მეთქი, მაგრამ აღარ გავაკეთე, რადგან არ დამიჯერებდნენ და, შეიძლება, უარეს დღეში ჩავვარდნილიყავი.

არ მიყვარს და იმიტომ არ მინდა ცოლად მოყვანა, თორემ იმის გამო კი არა, რომ უკვე რაღაც მოხდა ჩვენ შორის და ამას უწესობად ვუთვლი. არც თავიდან მიყვარდა, უბრალოდ, თვითონ აღარ მომეშვა და მეც აღარ გავაწბილე. ახლა კი ისე მაშანტაჟებს, ლამის საქართველოდან გადავიხვეწო. ვერაფრით ვერ ვიგებ, რაში სჭირდება ქმარი, რომელიც არასოდეს შეიყვარებს?!

დათო, 20 წლის.



ცოლიან კაცს შევუყვარდი

საგონებელში ვარ ჩავარდნილი. ცოლიან კაცს შევუყვარდი. არ ვიცი, მართალს ამბობს თუ არა, მაგრამ, მიმტკიცებს, მიყვარხარო. თუმცა, რაღა არ ვიცი, როცა ადრეც მომატყუა. ახლა რატომ ჰგონია, რომ დავუჯერებ, ვერ ვიგებ. ცოლიანი რომ აღმოჩნდა, ეს – თავისთავად, მაგრამ, თურმე, იმასთანაც არ ჰქონია ხელი მოწერილი. ეტყობა, არაოფიციალური ცოლების კოლექციას აგროვებს. ამ წერილით მინდა, ვუთხრა, რომ კოლექციის ექსპონატად არ გამოვდგები და თავი დამანებოს.

სახელს ვიცვლი.

სალომე, 23 წლის.



მეგობარმა მირჩია, რომ ქმარი ვაეჭვიანო

სამი წელია, გათხოვილი ვარ. სიგიჟემდე მიყვარს ჩემი ქმარი, მასაც ძალიან ვუყვარვარ, ყოველ შემთხვევაში, ასე იყო აქამდე, მაგრამ, ბოლო ორი თვეა, შეიცვალა, ოღონდ, ამ ცვლილებას მხოლოდ მე ვამჩნევ. ხანდახან ეჭვიც კი მეპარება, ხომ არ მეჩვენება-მეთქი, რადგან ყველაფერში ისევ ისე მეხმარება, სახლშიც დროულად მოდის, ბავშვსაც თან ჰყვება, ჩემ მიმართ არ ძუნწობს, თითქოს არაფერს მაკლებს, მაგრამ, მაინც, ეს ის კაცი აღარ არის, ვისაც მე ცოლად გავყევი. ამ ამბავს ძალიან განვიცდი. ამ ბოლო დროს, შეძლებისდაგვარად ვცდილობ, ვუთვალთვალო, მაგრამ ყველგან თან ხომ არ გავყვები. ამიტომ, ამით ბევრი ვერაფერი გავიგე, უფრო სწორად, საერთოდ ვერაფერი. მერე მისი ესემესების შემოწმება დავიწყე, თუმცა, ისევ უშედეგოდ. წესით, უნდა დავმშვიდებულიყავი, მაგრამ უარესად გავხდი. ახლა იმაზე გამიჩნდა ეჭვი, ძალიან ფრთხილობს და „კვალსაც“ იმიტომ არ შლის-მეთქი. ვერაფერი ხელმოსაჭიდი ვერ ვუპოვე, მაგრამ, ვგრძნობ, რომ ვიღაც ქალი გამოჩნდა მის ცხოვრებაში. ეტყობა, ძალიან ბევრი ხაფანგი დაუგო ჩემს ქმარს და ამით აუბნია ტვინი, თორემ, ნამდვილად ვუყვარდი. აღარ ვიცი, როგორ მოვიქცე. ვერავის ვერაფერს ვეუბნები, ნამდვილად გიჟს დამიძახებენ. მხოლოდ ერთადერთ დაქალს ვუამბე და იმან მირჩია, შენც ისე მოიქეცი, რომ ცოტათი აეჭვიანოო. ახლა იმას ვფიქრობ, რა ჯობია: დინებას მივყვე და დაველოდო, რა მოხდება თუ დაქალის რჩევა გავითვალისწინო?!

თაკო, 29 წლის.



ვერ ვხვდები, რა უნდა ჩემს სიძეს

რასაც ახლა თქვენ გწერთ, არავისთვის მითქვამს, ყველას ვუმალავდი და ახლა ერთბაშად მთელი ქვეყნის გასაგონად ვაცხადებ, იმიტომ, რომ გულში ვეღარ დავიტიე, ნერვიულობისგან ლამის ინფარქტმა დამარტყას. ყოველი შემთხვევისთვის, სახელებსა და რაღაც დეტალებს ვცვლი.

ხუთი წელია, გათხოვილი ვარ. უკვე კარგა ხანია, ქმართან იდეალური ურთიერთობა არ მაქვს, რაც ყველამ იცის ჩვენ გარშემო. ჩემმა სიძემაც (დის ქმარმა) ყველაფერი იცოდა და სულ მაღიზიანებდა. ისე არ გამიგოთ, თითქოს სიძესთან ცუდი ურთიერთობა მქონდეს, პირიქით, ერთმანეთს კარგად ვუგებთ. სანამ გავთხოვდებოდი, ზედმეტ ყურადღებასაც კი იჩენდა ჩემ მიმართ. ახლა კი ისე იქცევა, აღარ ვიცი, რა ვიფიქრო: მე მამტყუნებს თუ უხარია, რომ ქმართან უსიამოვნება მაქვს. ჩემს დასაც ვერაფერს ვეუბნები, არ მინდა, ჩემ გამო ოჯახში უსიამოვნება შეექმნას.

ეკა, 26 წლის.



ახალმა წელმა დიდი ბედნიერება მომიტანა

ჩემს სიცოცხლეში არანაირი წერილი პირადი ცხოვრების შესახებ არ მიმიწერია არავისთვის. სიმართლე გითხრათ, სხვისიც მიკვირდა საკუთარ პრობლემებზე ასე სახალხოდ როგორ უნდა ილაპარაკო-მეთქი. მაგრამ, ახლა მივხვდი, რომ ამ ნაბიჯს ორი რამ გადგმევინებს: ან ძალიან დიდი სასოწარკვეთილება, ან – ძალიან დიდი სიხარული. პირადად მე, ეს წერილი დიდმა სიხარულმა და ბედნიერებამ დამაწერინა. ახლა ისევ ისე ბედნიერი ვარ, როგორც ამ ერთი წლის წინ ვიყავი. ეს ბოლო ერთი წელი კი ჩემს ცხოვრებაში ყველაზე უბედური პერიოდი იყო, რადგან დავშორდი ჩემს უსაყვარლეს ადამიანს. ვინ იყო დამნაშავე ჩვენს დაშორებაში, ახლა უკვე აღარ აქვს დიდი მნიშვნელობა, მთავარია, ის მძიმე თვეები ორივემ, ასე თუ ისე, ღირსეულად გადავიტანეთ.

ახლა დავრწმუნდი, რომ ადამიანი მხოლოდ საკუთარ გამოცდილებაზე სწავლობს ჭკუას. საერთოდ, ნათქვამია, ვინც მოითმენს, ის მოიგებსო. მეც იმიტომ შემემთხვა ის, რაც შემემთხვა, რომ დათმობა არ შემეძლო. მიუხედავად იმისა, რომ სიგიჟემდე მიყვარდა ჩემი ქმარი, სიტყვას არ ვარჩენდი. მეგონა, ასე უფრო მეტ რიდსა და პატივისცემას იგრძნობს ჩემ მიმართ-მეთქი, მაგრამ ვერ მოვზომე და ეს ჩემი წვრილმანი პრეტენზიები, როგორც ჩანს, ყელში ამოუვიდა. ამიტომ, ერთ „მშვენიერ“ დღეს გამომიცხადა: მიყვარხარ, მაგრამ ვეღარ გიძლებ. თუ შეიცვლი ხასიათს, ვიქნებით ერთად, თუ არა და, კარგად იყავიო. თავიდან წესიერად ვერც კი გავაცნობიერე, რა მითხრა და, როგორც ყოველთვის, სიტყვაში გამოვედი, მან კი, იმის დასამტკიცებლად, რომ არ მეხუმრებოდა, ჩაალაგა თავისი ნივთები და წავიდა. წასვლის წინ კი მითხრა: თუ გაიაზრებ, რაც გითხარი და გადაწყვეტ, რომ გინდა ჩემთან ერთად ცხოვრება, დამირეკე. იცოდე, მე აღარ შეგეხმიანები, მხოლოდ შენს ზარს დაველოდებიო.

შეურაცხყოფისა და ბრაზისგან ლამის იქაურობა დავლეწე. რომ დაღამდა და ერეკლე მაინც არ გამოჩნდა, მხოლოდ მაშინ მივხვდი, რომ მართლაც არ მეხუმრებოდა და რომ მარტო დავრჩი. რამდენიმე დღე და ღამე ტირილში გავატარე. საკუთარი თავი მეცოდებოდა, არავის დანახვა არ მინდოდა. რამდენჯერმე დარეკვაც დავაპირე, მაგრამ შელახულმა თავმოყვარეობამ არ მომცა უფლება. მერე ნელ-ნელა შევეგუე ჩემს ყოფას (ყოველ შემთხვევაში, გარეგნულად), თუმცა, გულით იმხელა დარდსა და ტკივილს ვატარებდი, ვერ აგიწერთ. მენატრებოდა ჩემი ქმარი, მაგრამ, გავჯიუტდი და ცოცხალი თავით არ ვაპირებდი დარეკვას. თვითონაც შეასრულა სიტყვა – ერთხელაც არ შემხმიანებია. თავმოყვარეობა იმის უფლებასაც არ მაძლევდა, მისი ძმაკაცებისთვის მაინც მეკითხა, როგორ იყო. ერთადერთი, რაც იმაზე მიუთითებდა, რომ თორნიკეს ისევ ვახსოვდი, იყო ის, რომ ყოველი თვის ბოლოს ფოსტით მომდიოდა გარკვეული თანხა, მაგრამ მე იმ ფულს არ ვხარჯავდი, იმავე კონვერტით, რომელშიც იდო, რელიკვიასავით ვინახავდი და ცრემლებით ვნამავდი.

ისე გავიდა ერთი წელი, რომ ჩემი ქმრისთვის თვალიც არსად მომიკრავს. დეკემბრის დასაწყისში კი შორიდან დავინახე, როგორ შედიოდა ვიღაც ქალთან ერთად სუპერმარკეტში. აი, მაშინ კი დამცეცხლა. მივხვდი, რქებს თუ არ მოვიმტვრევდი, ქმარს სამუდამოდ დავკარგავდი. იმავე საღამოს დავურეკე. მისი ხმა რომ გავიგონე, ისე ამიჩუყდა გული, ერთი საათი მოთქმით ვღრიალებდი.

ერეკლე იმავე საღამოს მოვიდა, ოღონდ თავისი ნივთები არ მოუტანია. მითხრა, ახალ წლამდე გამოსაცდელ ვადას გაძლევო. რაღაც მომენტში ამ სიტყვებმა მაინც უჩხვლიტა ჩემს თავმოყვარეობას, მაგრამ წამში გამიარა. არაფერს აღარ დავეძებდი, თუნდაც უკანასკნელი სიტყვებით ველანძღე დილიდან საღამომდე, ოღონდ აღარ წასულიყო.

თითქმის მთელი თვე ისე გავიდა, ჩემი „პოხონდრიების“ გამოვლენის სურვილიც კი არ გამჩენია. ახალი წლის ღამეს კი ჩვენ საბოლოოდ შევრიგდით. ეს იყო უბედნიერესი ღამე ჩემს ცხოვრებაში. ასეთი ბედნიერი, ალბათ, ქორწილის დღესაც კი არ ვყოფილვარ. რაც მთავარია, ვგრძნობ, რომ ისიც იმავეს განიცდის. გუშინ კი მითხრა, ძველით ახალ წელს სიურპრიზი გელისო. მეც მაქვს მისთვის რაღაც სიურპრიზი, მაგრამ ჯერ არ ვეუბნები. ინტერესით ვკვდები, რა მომიმზადა, მაგრამ, ეჭვი მეპარება, ჩემს სიურპრიზზე უფრო მაგარი იყოს.

ერთი სული მაქვს, როდის დადგება ძველით ახალი წელი!

მარი, 23 წლის.

როგორ დავიბრუნე ცოლ-შვილი

ახალ წელს ცრემლი და წუხილი არ უხდება, ამიტომ ერთ სასაცილო და მხიარულ ისტორიას გიამბობთ, რომელიც შარშანწინ მე თვითონ გადამხდა თავს. თუმცა, იმ მომენტში, როცა ეს ამბავი შემემთხვა, სულაც არ მეცინებოდა და მემხიარულებოდა, მაგრამ ახლა სახალისო ამბად ვყვები, რადგან ყველაფერი ბედნიერად დამთავრდა, იმდენად ბედნიერად, რომ უკეთესს ვერც კი წარმოვიდგენდი.

იმ პერიოდში ორი წლის გაშორებული ვიყავი ცოლთან. როცა გავცილდით, ჩვენი ბიჭი 4 წლის იყო. ბავშვზე ვგიჟდებოდი, მაგრამ ცოლი პრაქტიკულად არ მაძლევდა მისი ნახვის უფლებას – ვუღალატე, გამომიჭირა, არ მაპატია და გამეყარა. ბოლომდე ცდილობდა, მწარედ დავესაჯე. მე კი შვილი მიყვარდა და მენატრებოდა, მინდოდა, მასთან ერთად მესეირნა, მეთამაშა, ამის საშუალება კი არ მქონდა. უკვე იმის საშიშროება იქმნებოდა, რომ ჩემს ერთადერთ შვილს მალე საერთოდ დავავიწყდებოდი. ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა, მოვიფიქრე: ახალი წელი ახლოვდებოდა. ჩემი ერთი ნაცნობი, უკვე ხუთი წელი იყო, რაღაც ფირმაში მუშაობდა ხოლმე დეკემბერ-იანვარში („თოვლის ბაბუა გამოძახებით“, თუ რაღაც ამგვარი ერქვა), ცხადია, თოვლის ბაბუად. ჰოდა, მივედი და ვთხოვე, ამა და ამ მისამართზე შენ მაგივრად მე წავალ, ოღონდ უარი არ მითხრა და ფულიც შენი იყოს, ოჯახის მორთმეული საჩუქარიც და 100 ლარსაც მე დაგიმატებ-მეთქი. ამდენ ცდუნებას ვერ გაუძლო და დამთანხმდა. გახარებულმა დავიწყე შვილისთვის მისატანი საჩუქრების შეგროვება. ერთი დიდი ხურჯინი გავავსე ათასნაირი ბიჭური სათამაშოთი, რამდენიმე ცალი ოცგასროლიანი „სალუტიც“ ჩავჩურთე და 31 დეკემბერს, ზუსტად 12 საათზე ჩემი ცოლ-შვილის ბინის კარზე ზარი დავრეკე, თან გული ისე ამიფანცქალდა, კინაღამ კარის წინ გავიშხლართე. რა თქმა უნდა, ისე ვიყავი თოვლის ბაბუის კოსტიუმში შენიღბული, რომ დედაჩემიც კი ვერ მიცნობდა. ამით დაიმედებულმა შევაბიჯე ბინაში და უზარმაზარი ხურჯინიც შევათრიე. ოჯახში რამდენიმე სტუმარი დამხვდა, მაგრამ მათთვის ყურადღება არ მიმიქცევია, ჩემი ბიჭი ჩავისვი კალთაში, ლექსები ვათქმევინე, ერთად ვიმღერეთ და ვიცეკვეთ, მერე კი საჩუქრების ამოლაგება დავიწყე. ბავშვი სიხარულისგან აჭყლოპინდა. ბოლოს „სალუტებიც“ ამოვიღე, ერთი ჩემს ცოლს დავაჭერინე ხელში, ერთი – შვილს, ერთიც მე ავიღე. ის იყო, ორივეს ვუთხარი, აივანზე გავიდეთ-მეთქი და თვითონაც დავიძარი აივნის კარისკენ, რომ ჩემივე გრძელი ხალათის კალთაზე დავიდგი ფეხი, ჯერ წავბორძიკდი, მერე კი იატაკზე გავიშოტე. ამასობაში ხელი გამომეკრა „სალუტის“ ძაფზე და დაიწყო, მაგრამ რა დაიწყო: ატყდა საშინელი ბათქა-ბუთქი, რასაც შეშინებული ქალების კივილი ერთვოდა; სტუმრებიც და მასპინძლებიც იატაკზე იყვნენ გართხმულნი, ჩემი „სალუტის“ ტყვიები კი უმისამართოდ ცვიოდა აქეთ-იქით და მთელი ოთახი კვამლით დაიფარა. ჩემმა შვილმა, ეტყობა, იფიქრა, ომობანას ვთამაშობთო და თვითონაც გამოქაჩა „სალუტის“ ძაფი...

სროლები რომ შეწყდა და კვამლი გაიფანტა, ოთახი ბრძოლის ველს ჰგავდა, იქ მყოფნი კი – გამურულ, თმაგაბურძგნულ და ტანსაცმელშემომწვარ უცნაურ არსებებს. ყველას შიში ეხატა სახეზე, ჩემი შვილის გარდა. გაგაც კარგად იყო შეტრუსულ-გამურული, მაგრამ ისეთი ბედნიერი სახე ჰქონდა, მარტო ეს მიღირდა მთელ ამ შტურმად.

ყველაფერი რომ მიწყნარდა, ჭურჭლისა და ჭაღის ნამსხვრევიდან ფენიქსებივით „აღდგნენ“ სტუმრებიც და მასპინძლებიც და ერთმანეთის თვალიერება დაიწყეს. ვინმე ხომ არ დაზიანდაო. ჯერი ჩემზე რომ მიდგა და ჩემმა ცოლმა და სიდედრმა თოვლის ბაბუის ნიღაბშემომწვარი ჩემი სახე დაინახეს, მიცნეს და გაოცებისა და აღშფოთებისგან ისეთი კივილისა და ლანძღვა-გინების ნაკადი გამოუშვეს ჩემკენ, ის სალუტი მონაგონი იყო. რა თქმა უნდა, კინწისკვრით გამომაგდეს და პოლიციაში ჩივილითაც დამემუქრნენ. ყველა იმას ცდილობდა, თავისი წვლილი შეეტანა ჩემს გალანძღვაში, მხოლოდ გაგა ტიროდა ხმამაღლა და ეხვეწებოდა დედას და ბებიას, მამიკოს თავი დაანებეთო (მაშინ მივხვდი, რომ მანაც მიცნო).

სხვა რა გზა მქონდა, წამოვედი კუდამოძუებული. ჩემს სახლამდე კარგა მანძილი იყო, მაგრამ ისე გამოვიყურებოდი, არც ერთმა ტაქსი არ გამიჩერა და ფეხით მომიწია ჩანჩალი. სახლში მისულიც კი არ ვიყავი, რომ ჯიბეში მობილური აწკრიალდა. ისე ვიყავი გამწარებული, არ ვუპასუხე, მაგრამ ზარი არ ჩერდებოდა. ბოლოს ავიღე და ღრენით ვიკითხე: გისმენ, რომელი ხარ-მეთქი. იქიდან კი ჩემი სიდედრის „ალერსიანი“ ხმა გავიგონე:

– ძაღლის ბედი გაქვს. შენი შვილი თავს იკლავს ტირილით, მამიკო მომიყვანეთო. არავის იკარებს, ბავშვს ლამის კრუნჩხვები დაეწყოს. რაც შენ გადაგირჩა, სულ შენმა შვილმა დალეწა, სანამ მამიკო არ მოვა, არ გავჩერდებიო...

სიტყვა აღარ დავასრულებინე, მთელი ხმით ვიყვირე, მოვდივარ-მეთქი და მეტეორივით გავქანდი უკან. კი არ მივრბოდი, მივქროდი. ქუჩაში გამვლელები შიშით მაყოლებდნენ თვალს, მანქანებიც კი გვერდზე დგებოდნენ ჩემს დანახვაზე. ჩემი ცოლის სახლში ისე გიჟივით შევვარდი, კინაღამ ახალი რისხვა დავიმსახურე. მერე მე და ჩემი შვილი დიდხანს ვისხედით სავარძელში ჩახუტებულები, ერთმანეთს საალერსო სიტყვებს ვეუბნებოდით და მურს ვწმენდდით.

როგორც ჩანს, ამ სურათს ვერ გაუძლო ჩემმა ცოლმა და როდესაც მე და გაგამ ვთხოვეთ, ეპატიებინა ჩემთვის და შემრიგებოდა, მცირეოდანი ყოყმანის შემდეგ დამთანხმდა.

დღეს ჩემი ოჯახი ისევ ჩემთან არის და უბედნიერესი ადამიანი ვარ. იმ ჩემს ნაცნობს კი, ვინც იმ ღამეს თოვლის ბაბუის როლი დამითმო, მე და გაგამ ნამდვილი (და არა სათამაშო) მანქანა ვუყიდეთ და შობის ღამეს სახლში მივუყვანეთ.

სერგი, 34 წლის.



რედაქციაში შემოსული უამრავი წერილიდან ამოვარჩიეთ საუკეთესო ამბები და ვთავაზობთ მკითხველს.

„ინტიმური საუბრებისთვის“ SMS-ები შეგიძლიათ გამოგზავნოთ ტელეფონის ნომერზე: 897 33-08-81.

ელექტრონული ფოსტით: tbiliselebi2001@yahoo.com

ან მოიტანოთ რედაქციაში

წერილის სახით.


скачать dle 11.3