კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ დაჰქონდა თეა გუნთაიშვილს ოთხი ფაიფურის თეფში ერთი საფულით


მოდის სახლის „თინათინ მაღალაშვილის“ ფიარ-მენეჯერი თეა გუნთაიშვილი 14 წლის ასაკიდან შეუდგა მინიატურული ნივთების შეგროვებას. დღეისათვის მის კოლექციაში ასამდე ნივთია თავმოყრილი, რომელთა მოვლა-დასუფთავებითაც პერსონალურად არის დაკავებული ჩვენი რესპონდენტი და ამ საქმეს სხვას არავის ანდობს. თუ როგორ იქმნებოდა ეს კოლექცია, რა სიმაღლისაა მასში ყველაზე მაღალი და დაბალი ვაზები და რატომ არიან უკმაყოფილოები მისი ოჯახის სტუმარი მამაკაცები, როდესაც განსხვავებული სასმისის მოთხოვნისას თეა თავისი კოლექციიდან ჭიქებს აწვდის, ამას ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.

თეა გუნთაიშვილი: 14 წლის წინ ვიყავი დედაჩემთან ერთად ჩეხოსლოვაკიაში, პრაღაში. ეს საბჭოთა პერიოდი იყო. მე, როგორც არასრულწლოვანს, მომცეს 600 კრონი. იმ პერიოდში ვსწავლობდი სამხატვრო სკოლაში, დამამთავრებელ კურსზე და დიპლომზე უნდა მემუშავა. პრაღა ძალიან მომეწონა. ჩემი მოგზაურობისთვის გამოყოფილი თანხის ძირითადი ნაწილი დაიხარჯა საღებავებში, ფუნჯებში, ფანქრებში, იმიტომ რომ აქაური მაღაზიების შემდეგ მხატვრისთვის საჭირო იქ ნანახ ნივთებსა და ატრიბუტიკაზე ჭკუა დავკარგე. ჩინური ზეთის საღებავები პრაღაში ვნახე პირველად. გახარებული გამოვედი იქიდან და შევედი ძალიან პატარა მაღაზიაში, სადაც არაჩვეულებრივი სურნელი იდგა. ეს სურნელი ახლაც მახსოვს. ამ მაღაზიაში მინიატურული ნივთები იყიდებოდა. ყოველი მათგანი საოცრად ლამაზი იყო. ხუთი სხვადასხვა ზომის ვაზა შევიძინე. კიდევ ბევრი ნივთის ყიდვის სურვილი მქონდა, მაგრამ ეს ჩემს ფინანსურ შესაძლებლობებს აღემატებოდა. დავიწყე ლარნაკების შეგროვება. ვაგროვებ დღემდე და დიდი სიამოვნებით. სულ მაქვს დაუკმაყოფილებლობის გრძნობა. სერვიზების შეგროვება არ მომწონს, თუმცა ძალიან დიდ პატივს ვცემ იმ დიასახლისებს, რომლებსაც ეს ჰობი აქვთ. მე მირჩევნია ერთი პატარა, ლამაზი და ორიგინალური ფინჯანი მქონდეს.

– როგორ უვლით მათ?

– ეს კოლექცია მოთავსებული მაქვს ძველისძველ, მაჰაგონის ხისგან დამზადებულ, მოჩუქურთმებულ „დესაოში“, რომელიც ძალიან მიყვარს. როდესაც მას ვაღებ, მთელი ჩემი ბავშვობა მახსენდება. იმ დროიდან მომწონდა ეს ავეჯი, როდესაც ჯერ კიდევ ბებიაჩემის ოჯახში იდგა. როდესაც მე გადმომცა ეს „დესაო“ საჩუქრად, რა თქმა უნდა, ამ კოლექციაზე ძვირფასს ვერაფერს ჩავალაგებდი. ამიტომ ჩემი მინიატურული ნივთების კოლექცია ამ უზარმაზარ, უძველეს „დესაოში“ მაქვს შენახული. სხვათა შორის, ამ კოლექციაში არსებული ეს ვერცხლის მინიატურული ნივთებიც ბებიაჩემის ნაქონი და ნაჩუქარია.

ამ ნივთებიდან ყოველ მათგანს თავისი ადგილი აქვს და ჩემს გარდა არავის აქვს ოჯახში მათი გაწმენდის უფლება. ამ კოლექციას მხოლოდ მე ვუვლი და მე დავტრიალებ თავს.

სამწუხაროდ, მიწისძვრის დროს ბევრი ნივთი დამემტვრა. „დესაოში“ რომ ვნახე დამტვრეული, დიდი მწუხარებით ავიღე ერთი პატარა ერთჯერადი პარკი და ნამსხვრევები ჩავალაგე. ჩემთვის ეს საოცრად სამწუხარო ფაქტი იყო, ოჯახის წევრები კი იცინოდნენ, ამდენი წლის ნაგროვები ნივთები ერთ პატარა პარკში მოთავსდაო.

– ამჟამად რამდენი ნივთია თქვენს კოლექციაში მიწისძვრის შემდეგ?

– ახლა ასამდე ნივთი მაქვს. ამ კოლექციაში ყველაზე პატარა არის აი, ეს ვაზა, რომლის სიმაღლეც სულ ორი სანტიმეტრია. ეს ყავისფერი ვაზა კი ყველაზე მაღალია, მისი სიმაღლე 15 სანტიმეტრია. სხვათა შორის, ეს არა მარტო ჩემს კოლექციაში, არამედ, მთლიანად ჩემს ოჯახში არსებული ყველაზე დიდი ზომის ვაზაა.

– რა მასალისგან დამზადებულ ნივთებს აგროვებთ ძირითადად?

– აქ არის ვერცხლი, შუშა, ბროლი, ფაიფური, თაბაშირი, თუმცა ამის მიხედვით არ ვარჩევ ნივთებს, ჩემთვის მთავარია, ნივთი მომეწონოს და არა ის, თუ რა მასალისგანაა შექმნილი.

– ეს პაწაწინა თეფშები სად შეიძინეთ?

– ამ თეფშების შეძენას ძალიან სასაცილო ისტორია აქვს. დასასვენებლად ვიყავი და იქ აღმოვაჩინე სუვენირების მაღაზიაში. ვიყიდე ეს 4 თეფში თავისი დასადგამებით. ისეთი გახარებული და ბედნიერი ვიყავი, თბილისში დედაჩემთან დავრეკე და ვუთხარი: დასადგამი ფაიფურის თეფშები ვიყიდე-მეთქი. მან ჩათვალა, რომ ვიყიდე ჩვეულებრივი ზომის თეფშები. როცა ჩამოვედი, მაჩვენეო, მითხრა და მე რომ საფულე გავხსენი და ამოვალაგე ოთხივე თეფში თავისივე დასადგამებით, დედაჩემის რეაქცია უნდა გენახათ. დიდხანს დამცინოდნენ – თეამ თეფშები საფულით ჩამოიტანაო.

– ყოფილა სიტუაცია, რომ რომელიმე ნივთის ყიდვის სურვილი გქონიათ კოლექციისთვის და ხელი შეგშლიათ გარკვეული მიზეზის გამო?

– ბუნებით მიზანდასახული ვარ. თუ რამე ჩავიფიქრე, აუცილებლად ვაკეთებ – როგორ, რანაირად, ამას მნიშვნელობა არ აქვს. გურული ვარ და ყველაფერი ძალიან სწრაფად მინდა გავაკეთო. ჩემი გურულობა ბევრ რამეში მშველის და მათ შორის კოლექციონერობაშიც მეხმარება. თუ რამე ნივთი ვნახე, მომეწონა და იმ მომენტში თანხა არ მაქვს, მნიშვნელობა არ აქვს მღვიძავს, მძინავს, დავდივარ თუ ვზივარ, სულ იმაზე ვფიქრობ, როგორ შევიძინო. რაღაცას მოვიკლებ იმის სანაცვლოდ და აუცილებლად ვიყიდი.

– ალბათ, განებივრებენ კიდეც საჩუქრებით, ახლობლები, ვინც თქვენი გატაცების შესახებ იცის?

– როდესაც ჩემი მეუღლე ჩინეთის საფეხბურთო გუნდში თამაშობდა, მან იქიდან რამდენიმე ნივთი ჩამომიტანა და მაჩუქა. ბევრი არა, იმიტომ რომ, მას თვითონ არ უყვარს და არ ეხერხება მსგავსი ნივთების შერჩევა. თუმცა მაქვს მის მიერ მოტანილი ნივთები. ჩემი შვილებიც ცდილობენ, მასიამოვნონ ხოლმე და დამასაჩუქრონ. ეს მინიატურული ნიღბები ვენეციიდან გამომიგზავნა ჩემი მეუღლის ბიძაშვილმა. მსგავსი ზომის ნიღბებს მეც ვამზადებ თეთრი თიხით. ეს ულამაზესი ფინჯანი თავისი ლამბაქით კი, ჩემი მეგობრის, დიზაინერ თინათინ მაღალაშვილის ნაჩუქარია დაბადების დღეზე. ის ხშირად მანებივრებს საჩუქრებით ჩემი კოლექციისთვის. ეს ორი ბორდოსფერი როკოკოს ძველისძველი ჭიქაც მაჩუქეს, როდესაც ჩემი ქალიშვილი დეაკო დაიბადა და მას შემდეგ ჩვენს ოჯახში დეას სადღეგრძელოს ამ ჭიქით სვამენ, რაც არ მოსწონთ ხოლმე ჩემს მეუღლესა და მის მეგობრებს. ქართველ მამაკაცებს ხომ ტრადიციულად დიდი ზომის სასმისები მოსწონთ.

თითოეული ნივთი ამ კოლექციიდან თითქოს ფრაგმენტია ჩემი ბიოგრაფიიდან. სულ მახსოვს, რომელი ნივთი სად, როდის შევიძინე, ან ვინ მაჩუქა. ამ ნივთების მიმართ უზომო სიყვარული მაკავშირებს.


скачать dle 11.3