კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ვერ აამღერეს გია ჭირაქაძის მემკვიდრე და ვისთან წააგო ბრძოლა მისმა ოჯახმა


ახალი წლის დადგომისთანავე ტელეეკრანებზე მხიარული სანტა და ფიფქია გამოჩნდნენ. ირაკლი ჭირაქაძე და რუსკა მაყაშვილი უკვე მეორე წელია, დიდ ინტერესს იწვევენ მაყურებელში და სიამოვნებით ადევნებენ თვალს მათ სარეკლამო რგოლს. რუსკა რუსთაველის თეატრის მსახიობია, ხოლო ირაკლი – ფირმა „ვანექსის“ თანამშრომელი. თხილამურების დიდმა მოყვარულმა, შეთავსებით სამთო-სათხილამურო სპორტის ფედერაციაშიც დაიწყო მუშაობა. ირაკლი და რუსკა ერთი წლის შემდეგ კვლავ „თბილისელების“ სტუმრები არიან და მკითხველისთვის ბევრ სახალისო და თავშესაქცევ ამბავს იხსენებენ.


– მხიარული სანტა და ფიფქია, ალბათ, იმდენად გაუშინაურდნენ თავიანთ გმირებს, რომ, გასულ წელთან შედარებით, გაცილებით მოკლე დროში მოახერხეს გადაღების დასრულება.

ირაკლი: დავამხეცეთ უკვე.

რუსკა: შევფრინდით, გავიარ-გამოვიარეთ და გამოვფრინდით.

– ამ ერთი წლის განმავლობაში რა შეიცვალა თქვენს ცხოვრებაში?

– ჩემთვის 2009 წელი ზედმეტად რთული, მაგრამ, მაინც კარგი იყო. ძალიან ბევრი სანერვიულო მქონდა, როგორც პროფესიულ საკითხებში ასევე პირადულში. მიუხედავად ყველაფრისა, მინდა ვთქვა, რომ გასული წელი ძალიან კარგად დამთავრდა. თან, მეც „ვეფხვი“ ვარ და, იმედი მაქვს, ეს წელიც ძალიან კარგი იქნება ჩემთვის.

– ოჯახში მატება გაქვთ?

– გასულ წელს და გამითხოვდა და უკვე პატარა დისშვილიც შემეძინა. ასე რომ, 2009 წელი ჩემი ოჯახისთვისაც კარგი წელი იყო.

ირაკლი: ჩემთვისაც კარგი იყო. მას შემდეგ, რაც სანტას როლი შევასრულე სარეკლამო რგოლში, მეტი ყურადღება ვიგრძენი, განსაკუთრებით – მაღაზიებში: შევდივარ თუ არა, მაშინვე ჩვენს სიმღერას რთავენ და ასე შემდეგ.

– ძალიან ბევრს გაუჩნდა კითხვა: რატომ არის ფიფქია სხვა ბანკის ფერებში?

– მინდა განვაცხადო, რომ სხვა ბანკის ფერებში არ ვარ. იმ ფერის ტანსაცმელში ვარ გამოწყობილი, როგორიც ფიფქიას ძველ ზღაპრებში ეცვა. მისგან განსხვავებით, მოკლე კაბა მაცვია, მაგრამ მასაც ცისფერი სამოსი ეცვა.

ირაკლი: თოვლის ბაბუა არის ბანკის ფერებში გამოწყობილი, თორემ, ფიფქია თავის ფერშია. სხვათა შორის, როგორც მითხრეს, თავიდან სანტასაც ცისფერი ტანსაცმელი ეცვა, მაგრამ, წლების წინ, სარეკლამო გადაღებისთვის ფერი „კოკა-კოლას“ ინიციატივით შეუცვლია.

– კლიპში სანტა და ფიფქია ხალისიანად და მონდომებით ცეკვავენ. რეალურ ცხოვრებაში თუ ხართ ცეკვის მოყვარულები?

რუსკა: მეგობრებთან ერთად ცეკვა და გართობა ყველაზე მეტად მიყვარს, მაგრამ, სამწუხაროდ, ბოლო ხანებში ამისთვის ცოტა დრო მრჩება. შემიძლია, აიპოდი გავიკეთო და სახლშიც ბევრი ვიცეკვო. ჩემთვის ცეკვა არსად წარმოადგენს პრობლემას, ახლაც შემიძლია, ავდგე და ვიცეკვო.

ირაკლი: ცეკვა მეც ძალიან მიყვარს. მიუხედავად იმისა, რომ სმენა არ მაქვს და ვერ ვმღერი, სიამოვნებით ვცეკვავ.

– ისე, ძალიან გასაკვირია, რომ გია ჭირაქაძის შვილს სმენა არ ჰქონდეს და არ მღეროდეს.

– ნამდვილად გასაკვირია, მაგრამ არც მე და არც ჩემი და არ ვმღერით.

– ბატონ გიაზე როგორ მოქმედებს ის ფაქტი, რომ მისი არც ერთი შვილი არ მღერის?

– ჩვენთან ოჯახში არასდროს არავინ არავის არაფერს აძალებს. ამიტომ, იმის გამო, რომ გიას შვილი ვარ და აუცილებლად უნდა მემღერა ასეთი რამ არ ყოფილა. ბავშვობაში ერთი კარგი ისტორია გადამხდა: მეორე კლასში ვიყავი. სკოლის გუნდის მასწავლებელმა კლასები დაიარა და სხვა ბავშვებთან ერთად, რატომ, არ ვიცი, მაგრამ, მეც ამარჩია. თან, იმ პერიოდში თხილამურებით და ცურვით ვიყავი დაკავებული. სახლში ყველამ იცოდა, რომ სმენა არ მქონდა და ჩემს გუნდში ყოფნას არანაირი აზრი არ ჰქონდა. მასწავლებელთან ჯერ ბებიაჩემი მივიდა და უთხრა, არ აქვს ირაკლის სმენა და ტყუილად ნუ ატარებთო. კაცმა შეიცხადა, რას ლაპარაკობთ ქალბატონო, დამსახურებული არტისტი ვარ და თქვენ ვერ მასწავლით, სმენა აქვს თუ არაო.

– იცოდა, ვისი შვილი იყავი?

– არა. ბებიაჩემმა ბრძოლა რომ წააგო მასწავლებელთან, მერე დედაჩემი მივიდა. ამ კაცმა რომ დაიწყო, თქვენ არ იცით, რა კარგია სიმღერაო და ჩემი სმენის დამამტკიცებლად ისევ თავისი დამსახურებული არტისტობა რომ მოიშველია, დედაჩემმა უთხრა: იცით რა, ჩემი მეუღლეც დამსახურებული არტისტია, მაგრამ ირაკლის სმენა არ აქვსო.

– ბოლოს და ბოლოს, მასწავლებელი დანებდა?

– არა, რა დანებდა! მასწავლებელმა რომ გაიგო ვისი შვილიც ვიყავი, თავი გაიგიჟა – რა გინდათ, თქვათ, რომ გია ჭირაქაძის შვილს სმენა არ აქვსო?! მოკლედ, დედაჩემიც დანებდა. გავაგრძელე გუნდში სიმღერა. 55-ე სკოლას საჩვენებელი კონცერტი უნდა გვქონოდა და გენერალურ რეპეტიციას გავდიოდით. სამი ხელი სხვადასხვა ტანისამოსი გვქონდა შეკერილი. მოკლედ, გამოსვლის წინ, ჩვენმა პედაგოგმა შეამჩნია, რომ სიმღერის დროს ვიღაც ურევდა. ცალ-ცალკე რომ გვამღერა, მიხვდა, მე ვურევდი. ტანსაცმელი რომ არ გქონდეს შეკერილი, ნამდვილად გაგიშვებდიო, მითხრა. ტანსაცმელს რას დავეძებდი, შემოვიხიე, ოღონდ გუნდისთვის თავი დამეღწია. აი, ასე დასრულდა ჩემი სამომღერლო მოღვაწეობა. ვერ ვმღერი, თორემ, იცოცხლე, კარგი მსმენელი ვარ. საკმაოდ კარგად შემიძლია იმის გარჩევაც, სიმღერის დროს ვინ ურევს.

– ალბათ, თქვენს ოჯახში ბავშვობიდანვე ხშირად ისმენდით სიმღერებს, როლებსაც ბატონი გია და მისი მეგობრები მღეროდნენ.

– დიახ, ხშირად ვისმენდი, მერე კი, გასტროლებზე რომ დაიწყეს ძალიან ხშირად სიარული –იმდენად ვეღარ. სანამ მათი ანსამბლი ოფიციალურ სახეს მიიღებდა, მეგობრები სამი წელი მღეროდნენ სუფრასთან. ხან ჩვენთან იკრიბებოდნენ, ხან სხვასთან და კარგ დროსაც ატარებდნენ. ჩემი აზრით, სცენაზე სიმღერა უფრო ადვილია, ვიდრე სუფრასთან.

– არც ბახუსის დროს მღერი?

– ვმღეროდი. ჩანტლაძის იუმორისტული ნომერი ხომ გახსოვთ, ოპერის წინ ვმღეროდი და მილიციაში მოვხვდიო, – დაახლოებით მსგავსი რამ შემემთხვა ჩემი სიმღერის გამო.

– რა მოხდა?

– ვიჩხუბეთ: ნასვამებმა სიმღერა დავიწყეთ ქუჩაში, ვიღაცას არ მოეწონა ჩვენი ნამღერი, რაღაც მოგვაძახა, ჩვენც მივაძახეთ და ატყდა დავიდარაბა.

– რუსკა, შენ თუ მღერი?

– სმენა მაქვს. მე და ჩემი და ბავშვობაში ძალიან კარგად ვმღეროდით, მაგრამ, მერე ხმა დაგვეკარგა. ახლა კი ნელ-ნელა ისევ ვიწყებთ ამღერებას. სპექტაკლშიც დამჭირდა სიმღერა და რაღაცეები ვისწავლე.

– რუსკა, შენს პირად ცხოვრებაში რა ხდება?

– ჩემს პირად ცხოვრებაში ყველაფერი ძალიან კარგად არის. მყავს საყვარელი ადამიანი, გიორგი ყიფიანი, რომელიც ძალიან მიყვარს და ერთად კარგად ვართ. ის ყოფილი ფეხბურთელია.

– გადაღების დროს თუ გადაგხდათ რაიმე კურიოზი?

რუსკა: დიახ, თოვლის ბაბუა „გასვანდა“. კი არ ინძრეოდა, ერთ ადგილზე იდგა. ისეთი სახე ჰქონდა, ძალიან ბევრი ვიცინე.

ირაკლი: იმიტომ, რომ ძალიან დავიღალე. საათი შეცვალეს და გადაღებაზე რამდენჯერმე მივედი.

– ცეკვა დადგმული გქონდათ თუ ექსპრომტი იყო?

ირაკლი: არაფერი არ გვქონდა დადგმული. რეკლამაში ბოლო დუბლია ჩასმული, რომელიც ერთი სვლით გადავიღეთ.


скачать dle 11.3