კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ გადაწყვიტა ხელისუფლებამ მოსახლეობის სიცოცხლის ხარჯზე ქართული ფარმაცევტული კომპანიების გამდიდრება


ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე სრული ჰარმონიაა: ორი ქართული ფარმაცევტული გიგანტი (ბუნებრივია, ქართული მასშტაბებიდან გამომდინარე) მეტად შეხმატკბილებულად მუშაობს, მეტიც, მათ ამ სიამტკბილობას არც ხელისუფლება ჩამორჩება (ზემოხსენებული „გიგანტების“ მიერ ხელისუფლების საარჩევნო ფონდებში შეტანილი თანხები მაქვს მხედველობაში), პაციენტებს კი მხოლოდ ნარჩენებით უწევთ დაკმაყოფილება: წამლებს ცეცხლი უკიდია, ჯანმრთელობის სრულფასოვანი დაცვა კი იმდენად დიდი ფუფუნებაა, რომ მხოლოდ რჩეულთ თუ აქვთ ამის საშუალება. ამის პარალელურად, უკვე შევეჩვიეთ, რომ ჩვენი უგვირგვინო მონოპოლისტები – „ავერსი“ და „პე ეს პე“ – მედიკამენტებს კიდეც ამზადებენ, კიდეც შემოაქვთ, კიდეც ასაღებენ, უკვე საკუთარი კლინიკებიც აქვთ (სადაც თავიანთ მიერვე შემოტანილი ან დამზადებული წამლებით მკურნალობენ) და სადაზღვევო კომპანიებიც (რომლებიც პაციენტების მკურნალობას თავისსავე სამედიცინო დაწესებულებებში აზღვევენ). არის თუ არა ეს ვითარება ბუნებრივი დასავლური ღირებულებების მოტრფიალე ქვეყნისთვის? – ამ და ქართული ფარმაცევტული ბაზრის ჩრდილოვან მხარეებზე ჯანდაცვის ექსპერტთა კლუბის თავმჯდომარე, თინა ტურძილაძე გვესაუბრება.



– როგორ შეაფასებდით ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე არსებულ ვითარებას? რით აღმოჩნდნენ გამორჩეულნი „ავერსისა“ და „პე ეს პეს“ მესვეურები, რომ მათ გარეშე, თურმე, ქართულ ბაზარს განვითარება არ ეწერა?

– ფარმაცევტული ბაზარი ურთიერთსაწინააღმდეგო ინტერესების კვეთის ეპიცენტრია, აქ ერთმანეთს უპირისპირდება ბიზნესი და საზოგადოება: ბიზნესს სურს მინიმალური დანახარჯებით მაქსიმალური მოგების მიღება; საზოგადოებას, პირიქით, მაქსიმალური სერვისის მინიმალურ ფასებში მიღება. ცხადია, ეს წინააღმდეგობრივი ინტერესებია. ამას ისიც ემატება, რომ ადამიანს არ შეუძლია, წინასწარ სწორად შეარჩიოს და შეაფასოს მისთვის შეთავაზებული წამლის ხარისხი და ეფექტურობა, ანუ ძალიან მაღალია არასათანადო წამლების მიწოდების რისკი, ამიტომაც არის, რომ მსოფლიოში უკლებლივ ყველა სახელმწიფო ახორციელებს ფარმაცევტული ბაზრის რეგულაციას, რომლის მიზანია ბაზარზე მხოლოდ უსაფრთხო, ეფექტური და ხარისხიანი წამლების ხელმისაწვდომობისა და რაციონალური დანიშნულების უზრუნველყოფა. ამ მიმართებით ქართულ ბაზარზე ყველაფერი თავდაყირაა. დავიწყოთ იმით, რომ ბაზარი არაკონკურენტული და მონოპოლიურია, ფარმაცევტული ბაზრის პროდუქციის ძირითადი მასა მოქცეულია ორი კომპანიის – „ავერსისა“ და „პე ეს პეს“ ხელში. პრობლემაა ის, რომ მათ ძალიან დიდი გავლენა აქვთ ბაზარზე და ზღუდავენ კონკურენციას.

– რატომ არ ხდება ამ კომპანიების მონოპოლისტებად გამოცხადება, რომ შეიზღუდოს მათი უპირობო და ტოტალური გავლენა?

– სამართლებრივად ამ კომპანიების მონოპოლისტებად კვალიფიცირება ვერ ხდება მხოლოდ იმიტომ, რომ კანონმდებლობით რეგლამენტირებული არ არის კონკრეტულ სასაქონლო ბაზარზე მონოპოლისტის პირდაპირი ან არაპირდაპირი წილის ზღვრული ოდენობა. თუმცა ეს ფაქტობრივ რეალობას არ ცვლის. მეორე და ბევრად უფრო დიდი პრობლემა ის არის, რომ ეს კომპანიები აწარმოებენ წამალს, ახორციელებენ წამლის იმპორტს, დისტრიბუციას, საცალო რეალიზაციას. ამავდროულად, აქვთ საკუთარი ჰოსპიტლები, დამატებით ისინი მუშაობენ სადაზღვევო სექტორშიც, რომელიც, სხვა ფუნქციებთან ერთად, მათ მიერ დაფინანსებული სამედიცინო მომსახურების ხარისხის ზედამხედველიცაა. ეს, ბუნებრივია, ნამდვილად არ არის თავისუფალი ბაზარი! მეტიც, ეს საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ რიგით ადამიანებს, არამედ სახელმწიფოსა და სახელმწიფოებრიობას.

– რა მექანიზმით წესდება საქართველოში ფასები მედიკამენტებზე? არის თუ არა ეს ცივილიზებულ სამყაროში აპრობირებული მექანიზმი?

– მთავარი კონკურენტები – „ავერსი“ და „პე ეს პე“ – არ შედიან ერთმანეთთან ფასების ომში. შესაბამისად, დღევანდელი მონოპოლიური ფასები, სწორედაც მათი ფარული გარიგების შედეგია. მაგალითად, ვალოკორდინის (50მლ) ფასნამატი 208 პროცენტია, სოფრადექსის (5მლ) – 357 პროცენტი, ციპრინოლის (500მგ) – 162 პროცენტი, ნაკლოფენის (75მგ) – 265 პროცენტი. PEO-ს ერთგრამიანი ფლაკონის – დაახლოებით 735 პროცენტი, სალბესანის კრემის (15გრ) დაახლოებით 800 პროცენტი და ასე შემდეგ. ასეთი მაღალი დარიცხვის დროსაც კი, მათი ფასი ბაზარზე თითქმის ყველგან ერთი და იგივეა. აი, ეს არის გარიგებით დადგენილი მონოპოლიური ფასები. თუ ვინმე ფიქრობს, რომ მეპურე იმიტომ აცხობს პურს, ან ფარმაცევტული ინდუსტრია იმიტომ ქმნის წამალს, რომ ჩვენ არ ვიყოთ მშიერი ან ავად არ გავხდეთ, შეცდომას უშვებს. მეპურე მხოლოდ იმიტომ აცხობს პურს და ფარმაცევტული ინდუსტრიაც იმიტომ ქმნის წამლებს, რომ ამით, რაც შეიძლება, მეტი მოგება ნახონ – ეს ხომ ბიზნესის სოციალური ბუნებაა და ჩვენ ამ ბუნებას ვერ შევცვლით. ამიტომაცაა, რომ მსოფლიოში ყველა სახელმწიფო არეგულირებს ფარმაცევტულ საქმიანობას.

– როგორ ხვდება მედიკამენტები ქართულ ბაზარზე, რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ის და რამდენადაა დაცული ქართული ბაზარი გაყალბებისგან?

– ახალი კანონის ინოვაცია ზუსტადაც ისაა, რომ გამარტივდა მაღალი სანდოობის ქვეყნების მიერ საკუთარ ბაზარზე ავტორიზებული წამლების ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე დაშვება, მოიხსნა მათი ხელახალი ექსპერტიზის საჭიროება. სამწუხაროდ, ამ ქვეყნების ჩამონათვალში მოხვდა ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა: ბალტიისპირეთის სახელმწიფოები, ბულგარეთი, პოლონეთი და ასე შემდეგ, რომლებიც საერთაშორისო სტანდარტებთან არასრული შესაბამისობის გამო, ჯერჯერობით თავად ევროკავშირმაც არ დაუშვა თავის ბაზარზე აღიარების რეჟიმში. ქართული ადმინისტრირების პირობებში, რისკი იმისა, რომ ქვეყანაში შემოვიდეს ოფიციალურად დაშვებული პროდუქციის ყალბი ასლები, ძალიან მაღალია.

– შევადაროთ საქართველოს ფასები რეგიონში არსებულ ფასებს, ზოგადად პოსტსაბჭოთა სივრცესაც და, საინტერესოა ისიც, თუ როგორ გამოიყურება საქართველოში მედიკამენტების ფასები ევროპული და ამერიკული ფასების ფონზე.

– ზოგადად, წამლის ფასის სტრუქტურა შედგება: წარმოების, დისტრიბუციის, სააფთიაქო რეალიზაციისა და ზოგიერთ ქვეყანაში სახელმწიფო მოსაკრებლებისგანაც; ევროკავშირის ქვეყნების მაგალითზე, წამლის საბოლოო ფასში ყველაზე სოლიდური ნაწილი მწარმოებლის ფასია, რომელიც, როგორც წესი, წარმოების ხარჯების გარდა, კვლევების ხარჯებსაც ითავსებს (წამყვან ქვეყნებში, მკაცრი რეგულაციის პირობებში ეს ძალიან დიდი დანახარჯია) და იგი ფასის 50-78 პროცენტამდეა; დისტრიბუციის ხარჯი საბოლოო ფასში 2-11 პროცენტის ფარგლებში მერყეობს; სააფთიაქო დანარიცხები კი – 19-33 პროცენტის ზღვრებში. აი, ასეთია ევროპული ფასების სტრუქტურა, განსხვავებით ქართული სტრუქტურისგან, სადაც დისტრიბუციის ეტაპზე ხდება ფასის 200-300-400-900 პროცენტამდე გაზრდა. ეს მონოპოლიზებული ბაზრის შედეგია და არაფერი საერთო არ აქვს თავისუფალ ბაზართან. წამალი საქართველოში იყიდება იმ ფასად, რა ფასადაც ეყიდებათ. მაშინ, როდესაც არც ერთი ევროპული სახელმწიფო არ უშვებს წამლებზე თავისუფალ ფასწარმოქმნას, რამდენადაც, ლიმიტირებული ფინანსირების პირობებში წამლებზე დიდი დანახარჯი პირდაპირ განაპირობებს ჯანდაცვაზე სხვა ხარჯების შემცირებას. ფასების შეკავების პოლიტიკის არსებობითაა განპირობებული სამედიცინო მომსახურების ღირებულებაში წამლის ნაწილის გონივრული ფასი, რომელიც ამერიკაში არ აღემატება 12,9 პროცენტს, შვეიცარიაში – 10,5 პროცენტს, დანიაში – 9,8 პროცენტს, ნორვეგიაში – 9,4 პროცენტს და ასე შემდეგ. ხოლო ქართულ სამედიცინო სერვისებში წამლის ფასს მიაქვს მისი ღირებულების 48-49 პროცენტი, რადგან არ არსებობს ფასების შეკავების პოლიტიკა, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ სიტუაციაში ქართული ჯანდაცვის განვითარებაზე ლაპარაკი ზედმეტია. თუ სახელმწიფომ არ იზრუნა წამლებზე ხარჯების შეკავებაზე, მაშინ აზრს კარგავს, თუნდაც, ბიუჯეტში დაფინანსების გაზრდა, რამდენადაც ის ისევ არარაციონალურად დაიხარჯება. ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, რომ ხარჯების შეკავება ურთულესი პრობლემაა. არც ერთი მეთოდი, რომელიც ევროპულ სახელმწიფოებში მუშაობს, არ არის ბოლომდე დახვეწილი, მაგრამ ცივილური მსოფლიო მაინც ვერ ამბობს უარს ფასების რეგულაციაზე, რამდენადაც სხვა უფრო ოპტიმალური გამოსავალი ჯერჯერობით ვერ მოძებნეს.

– ვინ ამოწმებს საქართველოში მედიკამენტების ვარგისიანობას ვადის, შენახვის პირობების დაცვის თვალსაზრისით?

– ძნელია, იმსჯელო ქართულ ბაზარზე წამლების ხარისხზე, როდესაც კონტროლი არ ხორციელდება. ბოლო წლების განმავლობაში სახელმწიფო კონტროლი მხოლოდ ერთჯერადი აქციის სახეს ატარებს და, ცხადია, მისი შედეგებით ბაზრის ხარისხზე მსჯელობაც არასერიოზულია. მაგრამ ერთჯერადი ფაქტები, თუნდაც, ფაქტების დონეზე, კატასტროფულია, მაგალითად: 2007 წლის დეკემბრიდან 2008 წლის დეკემბრის ჩათვლით, შესყიდული 35 დასახელების 39 ნიმუშიდან არასტანდარტული აღმოჩნდა 29 ნიმუში, ანუ შესყიდული მედიკამენტების 74 პროცენტი, რომლებიც ექვემდებარება ბაზრიდან ამოღებას. მიუხედავად ამისა, ეს თემა დახურულია. ფალსიფიცირების პრობლემაზე საუბარი არ სურს არც ხელისუფლებას და არც ბიზნესს. მათთვის ეს წამგებიანია, ამავე დროს, წამლების ხარისხის კონტროლის ყველა გზა მოჭრილი აქვს საზოგადოებას. მისთვის ხელმიუწვდომელია არა საამისო ტექნიკური საშუალებები და ფინანსები (ეს ერთჯერადად არ წარმოადგენს პრობლემას), არამედ ის ნორმატიული დოკუმენტაცია, რომლითაც ხარისხის შეფასებაა შესაძლებელი. ეს დოკუმენტები განსაკუთრებული გრიფითაა დაცული და მისი გახსნისთვის სახელმწიფო მოხელე უმკაცრესად დაისჯება. ვიმეორებ – სახელმწიფო, ფაქტობრივად, არ ახორციელებს კონტროლს და არასამთავრობო სექტორს, მით უფრო ხალხს, არ ეძლევა სათანადო დოკუმენტები, რომ შეაფასონ წამლების ხარისხი. ამ მიზეზების გამო, არ არსებობს ქართული ბაზრის ხარისხთან დაკავშირებით ობიექტური მონაცემები და ყველას, ვისაც ეს ეხება, კიდევ ერთხელ უნდა შევახსენოთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საპროგნოზო მონაცემები, რის მიხედვითაც, 2010 წელს ფალსიფიცირებული წამლების წილი მსოფლიო ბაზარზე 2-ჯერ გაიზრდება და მიაღწევს 75 მილიარდ დოლარს. ამ წამლების მეტი წილი მესამე რიგის ქვეყნებში მიედინება. ექსპერტთა მონაცემებით, ეგრეთ წოდებულ ღარიბ ქვეყნებში ფალსიფიცირებული წამლები შეადგენენ რეალიზებული წამლების მესამედს. სამწუხაროა ისიც, რომ ზოგჯერ ასეთი წამლები ვრცელდება ოფიციალურადაც: აზიის, აფრიკისა და ლათინური ამერიკის მრავალ ქვეყანაში კონტრაფაქტული წამლები აფთიაქების ძირითადი ასორტიმენტია. ზოგიერთ ქვეყანაში ფალსიფიკატები რეალიზებული წამლების აბსოლუტურ უმეტესობას შეადგენს. მაგალითად, 2004 წელს ანგოლაში მათ წილზე მოდიოდა ფარმაცევტული ასორტიმენტის 70 პროცენტი. ფალსიფიცირებული პროდუქციის ფაბრიკაციისთვის საჭირო არ არის დიდი ინვესტიციები, მოწინავე ტექნოლოგიები და ასე შემდეგ. ხშირად ყალბი წამლების მოსამზადებელი საამქროები განთავსებულია ტიპურ ავტოფარეხებში, მაგრამ ზოგჯერ ფაბრიკაცია ფარმაცევტულ ქარხნებშიც ხდება. ოპერაციულად ეს ბიზნესი იაფია, სამაგიეროდ, კოლოსალურია მოგება. უკანასკნელ წლებში, ამერიკის შეერთებული შტატების ლეგალურ არხებშიც გამოჩნდა ფალსიფიცირებული წამლები, რეალიზატორები იმიტირებდნენ ცნობილი კომპანიების სოლიდურ სავაჭრო წარმომადგენლებს და წარმატებით ასაღებდნენ კონტრაფაქტულ წამლებს. თავის მხრივ, ფარმაცევტული უსაფრთხოების კვლევის ინსტიტუტის მონაცემებით, ამერიკაში ყოველწლიურად ხდება 200 მილიონი დოლარის ღირებულების კონტრაფაქტული წამლების კონფისკაცია. ევროკომისიის ინფორმაციით, 2006 წელს ევროპის საბაჟოებზე კონფისკაცია გაუკეთდა დაახლოებით 2,7 მილიონ ფალსიფიცირებულ ტაბლეტს. მსოფლიო ბაზარზე იმდენად დიდია ფაბრიკაციის მასშტაბები, რომ საჭიროა სრული მობილიზაცია. სამწუხაროდ, საქართველო ფალსიფიცირების წინააღმდეგ ბრძოლის სისტემაში არანაირი ფორმით არ არის ჩართული და არ არის გამორიცხული, რომ სხვა ქვეყნებსაც შეუქმნას საფრთხე.

– ტრადიციად იქცა წინასაარჩევნოდ პენსიონერებისთვის 25-ლარიანი ვაუჩერების გადაცემა წამლების შესაძენად, რასაც შემდგომ პერიოდში მედიკამენტების უპირობო გაძვირება მოჰყვება ხოლმე. თუ შეიძლება, რომ ეს სქემა გავშიფროთ?

– მიუხედავად იმისა, რომ, ერთი შეხედვით, თითქოს ფაქტი დადებითია, მე პირადად დაუშვებლად მიმაჩნია, სახელმწიფომ მონოპოლისტების თამაში ითამაშოს და წამლებში ახლა უკვე ბიუჯეტიდან გადაიხადოს მონოპოლიური ფასები. ეს მონოპოლისტებთან გარიგებას ჰგავს. თუ მერიას ხალხის დახმარების საშუალება აქვს, მას ბევრად უფრო იაფად შეუძლია, უყიდოს ხალხს გარანტირებული ხარისხის ევროპული წამლები საერთაშორისო ტენდერით. მით უფრო, ახალი კანონი მათ ამის საშუალებას აძლევს, მაგრამ, თუკი ეს თანხა მხოლოდ ვირტუალურია, რეალურად არავინ იხდის ფულს და კომპანიებს უსასყიდლოდ უწევთ ამ თანხად შეფასებული წამლების გაცემა, მაშინ, ცხადია, ეს თანხა განაწილდება სარეალიზაციო ფასებში და ისევ მოსახლეობიდან იქნება ამოღებული.

– ცნობილია, რომ „ავერსისა“ და „პე ეს პეს“ აფთიაქებში მყიდველს დაჟინებით სთავაზობენ შემცვლელ პრეპარატებს, რომელიც „ავერსისა“ და „პე ეს პეს“ მიერვეა დამზადებული. ასეთი რამ კანონით დასაშვებია?

– პრობლემა ის კი არ არის, რომ შემცვლელს სთავაზობენ, პრობლემაა ის, რომ სათანადო კვლევებით არ არის დადასტურებული ამ შემცვლელის ორიგინალთან ეკვივალენტობა, ანუ, მომხმარებელს დაუდასტურებელი ხარისხის პროდუქციას სთავაზობენ ევროპული ბრენდების ნაცვლად, თანაც, ლამის იმავე ფასში. ცოტა ხანში აღარც შესთავაზებენ, რამდენადაც არჩევანიც არ იქნება გასაკეთებელი: უკვე მთელი რიგი ევროპული ბრენდების დეფიციტია ბაზარზე. ეს ძალიან ცუდია, რადგან ჩვენ ვკარგავთ არჩევნის თავისუფლებას, ყოველდღე უფრო და უფრო დამოკიდებული ვხდებით ამ ორ კომპანიაზე და ეს დაუშვებელია, ეს არის გზა მონობისკენ. როგორი იდეალურები და კეთილშობილებიც არ უნდა იყვნენ მონოპოლისტები, დაუშვებელია, ადამიანებს წაერთვათ თავისუფლება, არჩევანი და ეს ბევრად უფრო საშიშია, ვიდრე წამლებზე მაღალი ფასი.

– რამდენად აკმაყოფილებს საქართველოში დამზადებული წამლები საერთაშორისო სტანდარტებს?

– წამალთან დაკავშირებული სტანდარტები ბევრია. არც ერთი ქართული წამლის ხარისხი არ არის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად სათანადოდ დადასტურებული, აქედან გამომდინარე, ისინი ჯერ ვერ გადიან ევროპულ ბაზრებზე, თუმცა, ქართულ ბაზარზე შესასვლელად, სამწუხაროდ ეს სავალდებულო პირობა არ არის!


скачать dle 11.3