კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რის გამო აერია ცხოვრება ზაზა სალიას და ვინ ებრძოდა თხუთმეტი წლის განმავლობაში „წამალზე“ მის დამოკიდებულებას


„კლინიკის“ მთავარი პაციენტის შეუვალი და პირქუში ზედამხედველისთვის ეს პირველი ინტერვიუა. თუმცა, მსახიობ ზაზა სალიას თავგადასავლებითა და ტკივილებით სავსე ცხოვრებაზე საუბარი არ გასჭირვებია და, დარწმუნებული ვარ, ბიოგრაფიულ „ქარიშხალზე“ 40 წლის ასაკში დაწყებული საუბრის გაგრძელება, როგორც თავად ამბობს, დაგვიანებული კარიერის განმავლობაში კიდევ არაერთხელ მოუწევს. ერთი თბილისელი ბიჭი იყო, რომელსაც ცხოვრება „თბილისურად“ აერია და ...


ზაზა სალია: მთელი ბავშვობა თეატრალურ წრეებში გავატარე, თეატრალური პიონერული წრე იყო, სადაც მე და ჩემმა ტყუპისცალმა ძმამ სიარული დავიწყეთ. კომუნისტების დროს ბავშვობა ძალიან ლაღი და უზრუნველყოფილი იყო. ყველაფერი, რა თქმა უნდა, შეფარდებითია და იმ წყობას აზროვნების დეგრადაცია მოჰქონდა. როდესაც სივრცე ჩაკეტილია და თავისუფალ აზრს ებრძვიან, არ შეიძლება, ტვინმა დეგრადაცია არ განიცადოს. სკოლის დამთავრების შემდეგ ძმამ ჩვენი თეატრალური საქმიანობის გაგრძელება არ მოისურვა, მე კი თეატრალურში ჩავაბარე. პატარები ვიყავით, როდესაც მამა გარდაგვეცვალა და მაშინდელმა სტერეოტიპულმა აზროვნებამ ჩვენზეც იმოქმედა. სულ მესმოდა: პატრონი არ გყავს, თეატრალურში როგორ უნდა მოხვდე, შანსი არ გაქვსო. მეც ავდექი და საბუთები ჩუმად შევიტანე, მით უმეტეს, რომ მაშინ თეატრალურში გამოცდები ერთი თვით ადრე ბარდებოდა. გამიმართლა და ინსტიტუტში მოვეწყვე. გამიმართლა იმაშიც, რომ შემხვდა პედაგოგი, რომელმაც, ანა-ბანადან დაწყებული, ფსიქოლოგიისა და ფსიქიკის დონეზე მასწავლა ეს საქმე. ეს იყო ქალბატონი ლილი იოსელიანი.

– მაგრამ ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ სამსახიობო საქმე არ გაგიგრძელებიათ...

– დიახ, ასე მოხდა. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ ცხოვრება ამერია. ძმა გარდამეცვალა, მომიკლეს. ეს საქმე უკვე დიდი ხანია, გამოძიებულია. დაიწყო არეული პერიოდი და ჩემი ძმა მოსკოვში წავიდა. ამაზე რომ ვისაუბროთ, ცალკე ინტერვიუ გამოგვივა, ამიტომ, მოკლედ გეტყვით: ჩემი ტყუპისცალი ძმა, მეჯვარე და მათთან ერთად ჩვენი ორი მეგობარი, ოთხი კაცი ერთად, მოსკოვში, ერთ მანქანაში, სასტუმრო „კოსმოსის“ წინ ჩაცხრილეს. ეს გახმაურებული ამბავი იყო. ამის შესახებ მთელი თბილისი ლაპარაკობდა. ეს მკვლელობა აქედან, თბილისიდან იყო შეკვეთილი და შესრულებული. ამან საშინელ დეპრესიაში ჩამაგდო, აბსოლუტურად ვერ ვახერხებდი მდგომარეობიდან გამოსვლას. ერთი თვის მოყვანილი მყავდა ცოლი, მაგრამ მისმა გვერდში დგომამაც ვერ მიშველა.

– ეს იყო კლასიკური დეპრესია როგორც ავადმყოფობა თუ, დეპრესია, როგორც უიმედობა ან ნერვული აშლილობა?

– ეს იყო კლასიკური დეპრესია, ავადმყოფობა თავისი ფსიქიატრების ჩარევით და სერიოზული მკურნალობით. ჩემი დეპრესია მოუსვენრობაში გამოიხატებოდა, ვერ ვისვენებდი, სულ რაღაც მაწუხებდა, ვერ ვეგუებოდი აზრს, რომ ტყუპისცალის გარეშე უნდა გამეგრძელებინა ცხოვრება. ამ დროს ერთადერთი „ხსნა“ ვიპოვე – ნარკოტიკი და გათიშვა. გარდა იმისა, რომ მოხდა მკვლელობა, ძალიან მძიმე სიტუაცია შეიქმნა. ოთხი ადამიანის მკვლელობას დაემატა ის, რომ, შეიძლებოდა, მეც მოვეკალი, სულ საფრთხის ქვეშ ვიყავი. საფრთხესა და შიშში ცხოვრებამ, იარაღის ტარებამ, კიდევ უფრო საშინლად იმოქმედა ჩემს ფსიქიკაზე. როდესაც ჯიბეში იარაღი გიდევს, თავში სულ ერთი აზრი გიტრიალებს: „რაღა მე მომკლან, მე მოვკლავ“... თან, ძმის სიკვდილზე დაბოღმილი ხარ. ამ საშინელ სიტუაციაში ამოსუნთქვის საშუალებას მხოლოდ ნარკოტიკი მაძლევდა. ნარკოტიკთან ურთიერთობა ძალიან დიდხანს გამიგრძელდა. თუმცა, საკუთარ მაგალითზე მივხვდი, რომ ღმერთი ადამიანს არც ერთ სიტუაციაში არ ტოვებს მარტოს. ბედისწერაზე ვსაუბრობდით წეღან და, ალბათ ბედისწერაა, რომ ცხოვრებაში, ასეთების გვერდით ყოველთვის აღმოჩნდებიან ხოლმე ის ადამიანები, ვისი გვერდში დგომაც იმ წუთში ყველაზე მნიშვნელოვანია. საქართველოში ჩამოყალიბებულია სტერეოტიპი, რომ ნარკომანი კეთროვანია. გამიმართლა იმაში, რომ, ყოველივე ამის მიუხედავად, ჩემ გვერდით მყოფები კეთროვანივით არ მომქცევიან და სულ ებრძოდნენ ჩემში „წამალზე“ დამოკიდებულებას.

– ცოლმა არ მიგატოვათ?

– არა. ჩემი ცოლი რომ არ ყოფილიყო, ცოცხალიც აღარ ვიქნებოდი. თავიდან ბოლომდე ცოლის დამსახურებაა, რომ გადავრჩი, დღეს აქ ვზივარ და ამ ყველაფერზე გელაპარაკები. მოვკვდებოდი წამლისგან. რამდენჯერმე ვიმკურნალე. კლინიკაში დავწვებოდი, გამომწერდნენ, მერე ისევ იგივე იწყებოდა. ცოლმა არათუ მიმატოვა, პირიქით, მიზნად დაისახა, რადაც არ უნდა დასჯდომოდა, ქმარი ამ მდგომარეობიდან გამოეყვანა. მგონი, მიაღწია. ყოფილა სიტუაციები, როდესაც ყოფნა-არყოფნის საკითხი იდგა, რამდენიმე დღე კომაშიც ვყოფილვარ სეფსისის გამო.

– რა წამალს მოიხმარდით?

– ჰეროინს, ოპიადს. როდესაც მოხმარება დავიწყე, მაშინ მხოლოდ ოპიუმი იყო, „შავს“ რომ უწოდებენ, შემდეგ „დაიხვეწა“ და ჰეროინამდე მივედი. ეს არ არის იოლი საქმე, ჰეროინისგან დამოკიდებულების მოხსნა ყველაზე რთულია. მთავარი ისაა, რომ, სანამ ადამიანი თავად არ მიხვდება, რასთან აქვს საქმე და თვითონ არ გადაწყვეტს, როგორ გააგრძელოს ცხოვრება, მანამდე არაფერს აზრი არ აქვს. დაუსრულებლად შეიძლება, ელაპარაკო იმაზე, კარგია ეს თუ ცუდი, მაგრამ ვერ მიაღწევ იმას, რომ შენი აზრი მის ფსიქიკამდე მივიდეს. ღმერთი დროთა განმავლობაში მიგზავნიდა ადამიანებს, რომლებიც მთლიანად ცვლიდნენ ჩემს ცხოვრებას.

– როგორი იყო ის რამდენიმე დღე, როდესაც სამყაროს ფხიზელი უყურებდით?

– სასტიკი. ერთადერთი, თავის მოკვლის აზრს ვებრძოდი. ვთქვათ, გიმკურნალეს, შენ კი სახლში წევხარ და ფიქრობ: თავი მოვიკლა თუ არა? ქრისტიანი ხომ ვარ, თავი როგორ მოვიკლა?!

– თვითმკვლელობაზე ფიქრს ძალიან ბანალური აზრიც ფანტავს: ხომ შემიძლია, „გავიკეთო“ და ისევ კარგად ვიყო?

– ამას ვამბობ ზუსტად: აბსოლუტურად ერთი აზრით ხარ მოცული, არ გაინტერესებს არაფერი სულიერი, ფიზიკური; საპირისპირო სქესის მიმართ ელემენტარული ფიზიკური მოთხოვნილებებიც არ გაქვს. არარაობა ხარ, არაფრით და არაფრისთვის. ახალგაზრდების მიკვირს ყველაზე მეტად: ჩვეულებრივად ცხოვრობენ, სწავლობენ, სპორტს მისდევენ და, უცებ, გაიხედავ – რაღაცას მაიმუნობენ. ვერ ხვდებიან, რას ეჭიდავებიან და რამხელა ძალასთან აქვთ საქმე. არ არსებობს, ეს მათი სრული განადგურებით არ დასრულდეს, როგორც მორალურად, ისე ფიზიკურად. თან, ისეთი განადგურებით, როდესაც სიკვდილის შემდეგაც ვერ ახერხებ რეაბილიტაციას, არავის ეცოდები. შეიძლება, ძალიან ახლობელმა წაიტიროს, მაგრამ ყველა მაინც დაისვენებს შენგან და შენს იმ ძალიან ახლობელსაც ეტყვიან, როგორც უნდოდა, ისე იცხოვრა და თავი მოიკლაო. წლები გავა და არავის ემახსოვრები. ადამიანი ხომ იმისთვისაა მოსული, რომ რაღაც დატოვოს! შესაძლოა, იმ რაღაცას ცხოვრების განმავლობაში ვერ გრძნობდეს, მაგრამ, წავა და ის რაღაც დარჩება. ნარკოტიკზე დამოკიდებულისგან კი არაფერი რჩება.

– ნარკოტიკის გამო ციხეშიც იჯექით?

– დიახ, ნარკოტიკის გამო მოვხვდი ციხეში, სადაც ძალიან რთული დღეები გადავიტანე, მაგრამ, ბევრი რამ ვისწავლე. დღეს, ალბათ, ყველაფერი ნულიდან უნდა დავიწყო, სუფთა ფურცლიდან. ნარკოტიკია პირველი და არა ციხე, რაც ადამიანს თავისუფლებას ართმევს. ორმაგად თავისუფლებაწართმეული ვიყავი ციხეში. ამ სიტუაციიდან გამოსავალი არ არის. თუ ადამიანი თავისთვის, თავის გონებაში, ყოველგვარი ლოზუნგებისა და ბრტყელი ფრაზების გარეშე არ მიხვდება, ეს რისი მომტანია, არ არსებობს, ამ მდგომარეობას თავი დააღწიოს. ციხეში ადამიანი რაღაცეების დაფასებას სწავლობს, თუნდაც ისეთის, როგორიც თავისუფლება, სიყვარული, პატივისცემაა. იქ ფიქრის საშუალება გაქვს. ციხეში სულ სამი თვე გავატარე, რაც ჩემთვის რამდენიმე წელს უდრიდა. ადამიანში, რომელიც შინაგანად შემოქმედია, ეს ყველაფერი გემოვნების დაქვეითებას იწვევს, სხვა დანარჩენს რომ თავი დავანებოთ.

– რამდენი ხანია, რაც ნარკოტიკი აღარ მოგიხმარიათ?

– ორი წელიწადია, ცოტა მეტი. ჩემმა ექიმმა ითამაშა ამ ყველაფერში დიდი როლი. ზურა სიხარულიძე თხუთმეტ წელიწადზე მეტია მმკურნალობს და არ მომეშვა. უკვე იმ კონდიციამდე მივედი, რომ ნარკოტიკთან დაკავშირებით გულისრევის შეგრძნება მაქვს, არა მოჩვენებითი, მართლა რომ გული გერევა. „კაიფში“ რომ ვხედავ ადამიანს, ცუდად ვხდები. ახლა მივხვდი, რომ, როგორც მამათმავალი არ უნდა იყოს მამაკაცი, რაც ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია, ისე არ უნდა იყოს ნარკოტიკებზე დამოკიდებული.

– შვილები გყავთ?

– ორი შვილი მყავს, ჩემი ძმის ორმოცზე შემეძინა ბიჭი, რომელსაც ჩემი ძმის სახელი დავარქვი, შემდეგ შემეძინა გოგო. ცოლმა ძალიან ბევრი რამ გამიკეთა. აი, დედაც ხომ არის, მაგრამ დედამ ვერ გაუძლო ამ ყველაფრის ყურებას. ერთი შვილი – მკვდარი, მეორე თავს იკლავს – ვერ გაუძლო. მე და ჩემი მეუღლე როგორ ვიყავით, იცი? ორი ადამიანი ერთი რომ ხდება. ჩხუბიც იყო, სითბოც იყო ისე, როგორც ამას ერთი მთლიანი აკეთებს. ნარკომანია მარტო ჩემი კი არა, მისი პრობლემაც იყო, რომელიც უნდა გადაეწყვიტა და გადაწყვიტა კიდეც.

– სერიალში როგორ მოხვედით?

– სერიალამდე იყო ლევან კოღუაშვილის ფილმი, სადაც ვითამაშე. ჩემს ცხოვრებაში როგორ ხდება, იცით? პირდაპირ თუ ირიბად, რასაც ვაკეთებ, ამის შესახებ ყველა იგებს, არ იმალება. იგივე პოლიციასთან; როცა „ვკაიფობდი“, ყველამ იცოდა, ახლა მომხმარებელი აღარ ვარ და ესეც ყველამ იცის. თეატრალურ სამყაროში ყველა მიცნობს და სულ კითხულობდნენ ამბავს, ახლა როგორ არისო. ახლა ცხოვრების სხვა ეტაპი დაიწყო. უბრალოდ, ცხოვრებაში ყველგან ვაგვიანებ, ბევრ რამეს გვიან ვხვდები; ადამიანები რასაც მალე ხვდებიან, მე გვიან აღვიქვამ, ძველმოდურობა ჰქვია ამას თუ რა, არ ვიცი. ერთადერთი, ისეთი ადამიანის გაზრდილი ვარ, რეპეტიციებზე არ მაგვიანდება, დისციპლინას ვარ მიჩვეული. ერთი სიტყვით, ლევანმა გადაიღო ფილმი „ქუჩის დღეები“, რომელიც სულ მალე გამოვა. კარგი ფილმი გამოვიდა ძალიან. შემდეგ „კლინიკის“ ქასთინგიდან დამირეკეს და მივედი. უკვე დაწყებული მქონდა მოძრაობა, რადგან, როდესაც ნარკოტიკის მოხმარებას წყვეტ, აუცილებლად უნდა აკეთო საქმე, რომ ფიქრის დრო ცოტა დაგრჩეს. პატარა ბავშვივით ვარ, ისე მიხარია გადაღებები. ბედნიერი ვარ, რომ ცოტა დრო და ბევრი საქმე მაქვს.


скачать dle 11.3