კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ბედის ტორეადორი


გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹28-52(470)

რა არის ჭორი – ბოროტი გამონაგონი, რომელიც საგანგებოდ არის მიმართული ვიღაცის გასანადგურებლად? სულაც არა, ეს დაუზუსტებელი ინფორმაცია გახლავთ. უფრო სწორად რომ ვთქვათ, ინტერესგაღვივებული, საღერღელაშლილი ტვინის პროდუქტია, რომელმაც ცნობისმოყვარეობა ვერ დაიკმაყოფილა. მგონი, ძალიან რთულად ავხსენი, არადა, ძალიან მარტივია: ჭორი დამახინჯებული ინფორმაციაა, სულ ეს არის. ჩვენ კი ამისგან ტრაგედიას ვქმნით და, პრობლემას, რომ იტყვიან, თითიდან „ვწოვთ“. ყურადღებას თუ არ მიაქცევ, ჭორი არსებობას შეწყვეტს. აღშფოთდები და მის განხილვას დაიწყებ თუ არა, ხანგრძლივად არსებობას შეუწყობ ხელს. ჭორს უყვარს ის, ვისაც უყვარს ჭორი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ, თუკი ჭორს შენზე ბატონობის საშუალებას მისცემ, ვეღარასოდეს გათავისუფლდები მისგან. თუმცა, იმასაც ამბობენ, კვამლი უცეცხლოდ არ ჩნდებაო. მაგრამ, ცეცხლსაც გააჩნია...

***

დათო გაოცებას ვარ მალავდა. ვახოს სიტყვები მისთვის სიურპრიზი იყო. ვერაფრით წარმოედგინა, რა შეიძლებოდა მომხდარიყო ისეთი, რაც ლევანს ვახოს წინააღმდეგ განაწყობდა. ვახო ერთადერთი იყო, ვისზეც ვერასოდეს გაბრაზდებოდი.

– შეგიძლია, ერთხელ კიდევ გამიმეორო, რა მოხდა თქვენ შორის? – ჰკითხა წარბშეკრულმა დათომ, როცა დარწმუნდა, რომ თავისით ამას ვერ მიხვდებოდა.

– ჩვენ შორის მოხდაო, მთლად ასეც ვერ იტყვი. ვინ ამომაღებინა ხმა? გეუბნები, ისე მიმალანძღა, ვერ გავიგე, რაში ვიყავი დამნაშავე.

დათომ შუბლი მოისრისა.

– რატომ დგახარ? დაჯექი. ნათი, აქ გამომიტანე, რა, ჩემი ჭიქა და ბუტერბროდი, – სთხოვა ცოლს. ნათიამ ფეხი აითრია, აშკარად არ უნდოდა, კაცების საუბრიდან რამე გამორჩენოდა.

– თქვენ საუზმობდით, არა? მეც სამზარეულოში წამოვალ, იქ დავილაპარაკოთ, – ვახო მასპინძლის თანხმობას არ დალოდებია, ისე გაემართა სამზარეულოსკენ. დათოც უკან გაჰყვა. ცოლს რომ მიუახლოვდა, ნათიამ შეუმჩნევლად წაჰკრა მხარი. ვახომ ფანჯრის რაფაზე სიგარეტის ნამწვით სავსე საფერფლე შენიშნა.

– ეს სულ შენ მოსწიე? შენც ვერ უნდა იყო კარგად.

დათომ ხელი აიქნია:

– უბრალოდ, არ მეძინებოდა. შენი და ლევანის ამბავი გააგრძელე. ესე იგი, არ უთქვამს, რას გერჩოდა? საერთოდ მინიშნებაც არ ჰქონია?

– სულელი ხომ არ ვარ? რომ ეთქვა, გავიგებდი. როგორც კი მობილურში მისი ზარები ვნახე, მაშინვე დავურეკე, მთელი დილა ურეკია, იას კი მობილური გამოურთავს.

– ვის გამოურთავს მობილური? – ყურებს არ დაუჯერა დათომ. ნათია ქმარს მოუახლოვდა და მხარზე დაადო ხელი.

– იას. რეკავდა და ძილს არ მაცდიდაო.

ნათიამ ხელი მოუჭირა. დათო მიხვდა, რას ანიშნებდა ცოლი, თუმცა კიდევ ვერ დაიჯერა.

– მოიცა, ერთი კარგად გამაგებინე, იას რატომ არ აძინებდა შენი მობილური? ვახო, რა მოხდა წუხელ?

– კარგი, რა! რა უნდა მომხდარიყო? მთვრალი ვიყავი და იასთან დავრჩი.

– რაღაც კარგად ვერ გავიგე?! – დათომ ფრთხილად მოიშორა ცოლის ხელი და სამზარეულოში ბოლთის ცემას მოჰყვა, თან ვახოს არ აცილებდა დაჟინებულ მზერას.

ვახო გააღიზიანა მისმა გამომცდელმა გამოხედვამ.

– რანაირად მიყურებ, ტო?! მთვრალი ვიყავი-მეთქი, არ გესმის? არაფერი მახსოვს. იამ მითხრა, შემეშინდა, საჭესთან არ დაგძინებოდა და აღარ გაგიშვიო. მე მართლა არ მახსოვს არაფერი.

– და, ლევანმა ეს გაიგო...

– რა, იასთან რომ დავრჩი? რა თქმა უნდა! დასამალი რა მქონდა? რა გჭირთ, ხალხო. უცხო ხომ არ არის ის გოგო, რატომ არ უნდა დავრჩენილიყავი, რა დაშავდა ამით?

– ესე იგი, დაშავებულა, – ჩაილაპარაკა დათომ, – დაახლოებით ვხვდები, რამაც გააბრაზა ლევანი, თუმცა, მთლად დარწმუნებული არ ვარ. ყოველ შემთხვევაში, მართალი არა ხარ, იმ გოგოსთან არ უნდა დარჩენილიყავი. რესტორანშიც რა პონტში მოიყვანე?

ვახო არ ელოდა დათოს ასეთ საყვედურს და გაბრაზდა.

– რას ნიშნავს, რა პონტში მოვიყვანე? შენც ხომ არ აურიე? რა სიგარეტი მოწიე ამისთანა? დაბოლდი თუ რაშია საქმე? ია ჩვენიანია, ტო! რამდენი წელია, ვმეგობრობთ, ამას მეგობრობაც აღარ ჰქვია. მინდოდა, ჩვენ გვერდით ყოფილიყო და წამოვიყვანე.

– „მინდოდა, ჩვენ გვერდით ყოფილიყო“... – გამოაჯავრა დათომ, – ვიცი, რაც გინდოდა – ნიკუშას გადარევა! კარგი ოხერი ხარ, გიცნობ, რა მაიმუნიც ხარ, ან, იას უწყობ საქმეს, რომ ის იდიოტი აზრზე მოიყვანო. შეშინდა გოგო, წავა პარიზში და აღარ გავახსენდებიო. პრინციპში, მართალია, დიდი შანსია, რომ სულაც დაივიწყოს თავისი სიყვარული.

ვახო მოიღუშა.

– ატრაკებ, იცი? – თქვა ბრაზით.

– ბიჭო, ნათიას ვერ ხედავ აქ?

– ნათიას რომ ვხედავ, კიდევ მაგიტომ ვიკავებ თავს და იმას არ გეუბნები, რისი ღირსიც ხარ. რა სისულელე იფიქრე? კრეტინი ხარ, ტო!

– მე არაფერი მიფიქრია, უბრალოდ, იასთვის სასიამოვნო არ იქნებოდა იმ სუფრასთან ჯდომა, – ნათქვამის გამოსწორება სცადა დათომ.

– იამ იცოდა, სადაც მიმყავდა. რომ არ ნდომოდა, არც წამომყვებოდა. ნიკუშა კი იდიოტია. საერთოდ, რაღაც გვჭირს ჩვენ, ყველას, რაღაც საშინელება. საკუთარ თავებს აღარ ვგავართ. არ ვიცი, რისი ბრალია, მაგრამ ძალიან მაწუხებს. აქ იმიტომ მოვედი, ვფიქრობდი, ერთად რაღაც ლოგიკურ დასკვნამდე მივიდოდით, ამ ყველაფრის მიზეზს გავარკვევდით, მაგრამ ვხედავ, რომ დრო ტყუილად დავკარგე. კარგად იყავი! – ვახო ადგა, – ნათია, მაპატიე, თუ რამე ზედმეტი ვთქვი.

– მოიცა, არ წახვიდე, – დათო უხერხულად შეიშმუშნა, – მეც რაღაც აფორიაქებული ვარ. ნიკუშას გადაწყვეტილება მაფიქრებს. შეიძლება, შეცდომაა მისი დედამისთან გაშვება.

– რატომ? დედამისია, ბოლოს და ბოლოს...

– დაგავიწყდა, მისი დანახვაც რომ არ უნდოდა?!

– ამას ჩვენს დასანახავად ამბობდა. არც მე და არც შენ არ ვიცით, რას ფიქრობდა გულის სიღრმეში.

– რამე რომ მოხდეს იქ?

– რა უნდა მოხდეს?

– რა ვიცი. მე არც იმ ფრანგს ვენდობი მაინცდამაინც.

– ნიკუშას მამინაცვალზე რასაც ფიქრობ, ერთხელ უკვე მითხარი, მაგრამ, მგონი, ცდები. მან ძალიან მოკლე დროში შეძლო ის, რაც ჩვენ მთელი ამ წლების განმავლობაში ვერ მოვახერხეთ.

– რა?

– მისი დაყოლიება, შეხვედროდა დედამისს. კარგად იყავით...

ვახო წავიდა. დათომ უსიტყვოდ მიაცილა კარამდე და სამზარეულოში დაბრუნდა. ნათია ჭურჭელს ალაგებდა მაგიდიდან. ქმარი რომ დაინახა, გაჩერდა და კითხვით სავსე მზერა მიაპყრო.

– რას ფიქრობ ამ ყველაფერზე? – ჰკითხა დათომ.

ქალმა მხრები აიჩეჩა:

– შენ გგონია, ვახოს და იას შორის მართლა რაღაც ხდება?

– არ ვიცი. შენს ძმაკაცს შენ უკეთ უნდა იცნობდე. უნდა ხვდებოდე, როდის ტყუის და როდის სიმართლეს ამბობს.

– ვახოს ბევრი ნაკლი აქვს, მაგრამ, რაღაც, არ მახსენდება, როდისმე მოვეტყუებინე.

– მაშინ, რატომღა ეჭვობ? სანერვიულოც არაფერი გქონია.

– მართალი ხარ, მაგრამ ადამიანები იცვლებიან. მე ისიც არ ვიცი, ხვალ რას მოვიმოქმედებ.

– სამაგიეროდ, მე ვიცი, – გაუღიმა ნათიამ, – მთელ დღეს ჩემთან ერთად გაატარებ, სასეირნოდ წამიყვან და შენს მეგობრებზეც არ იფიქრებ.

– ჰო, მაგრამ...

– არავითარი „მაგრამ“. ძალიან დავიღალე შენი მეგობრების პრობლემებით. თანაც, თუ ერთი დღე ამ ყველაფერზე არ იფიქრებ, მხოლოდ სასიკეთოდ წაგადგება, უფრო სწორ გადაწყვეტილებას მიიღებ.

– შეიძლება, მართალი ხარ, – ამოიოხრა დათომ.

– შეიძლება კი არა, მართალი ვარ და უნდა დამიჯერო, – ნათიამ ისევ გაიცინა და ქმარს მიეხუტა.

***

ლევანმა შენიშნა მდივნის გაოცებული მზერა და უნებლიეთ პერანგის საყელო შეიხსნა.

– რატომ მიყურებ, რა ხდება? პირველად მოვდივარ ამ დროს? უფრო ადრე არ შემეძლო, ბევრი საქმე მქონდა. პირი ნუ დაგიღია, საქმე გააკეთე! ყავა მომიდუღე და კაბინეტში შემომიტანე! ტკივილგამაყუჩებელიც მოაყოლე, თავი მისკდება!

ქალმა მორჩილად დაუქნია თავი, მაგრამ მზერა ისევ გაოცებული და ცოტათი დაბნეული ჰქონდა.

კაბინეტში შესულმა ლევანმა პიჯაკი გაიხადა, სკამზე მიაგდო, ტუალეტში გავიდა და სარკეში ჩაიხედა. სარკიდან უცხო მამაკაცი უმზერდა, ჩაშავებული უპეებით და აჭრელებული, ალაგ-ალაგ წითელი ლაქებით დაფარული სახით. „ჯანდაბა, აი, თურმე, რატომ მიყურებდა გაოცებული. რას ვგავარ? უნდა მეცემა ის კრეტინი! სულერთია, მაინც ვერ მოვისვენებ. იას კი, იას... არა, ეტყობა, ქალების არაფერი მესმის, აბსოლუტურად არაფერი. საკუთარ ცოლსაც არ ვიცნობ წესიერად და, საერთოდ, ყველაფერი, რაც მჭირს, ჩემი ბრალია ჩემი, და არა სხვისი. თავიდანვე უამრავი შეცდომა დავუშვი. თინიკოსთანაც დამნაშავე ვარ. რას ვერჩი, რატომ უნდა ისჯებოდეს მხოლოდ იმიტომ, რომ ვუყვარვარ? ჯობდა, გამეგო მისთვის და ცოტათი მაინც მეცადა, შემყვარებოდა. მაშინ უამრავ პრობლემას ავიცილებდი თავიდან. ამდენი წელი მიყვარდა ქალი, რომელსაც ეს სიყვარული არაფერში სჭირდებოდა და, როგორც კი მოახერხა, მაშინვე დამიმტკიცა ეს, თანაც, ყველაზე საზიზღარი ფორმით. ია და ვახო... ფუჰ, რა საშინელებაა! გულისამრევია და ამაზრზენი ეს ყველაფერი... ნეტავი, ნიკუშამ თუ იცის? თუმცა, საიდან უნდა იცოდეს, ახლა ისეა თავისი მამინაცვლით აღფრთოვანებული და მომავალი გამგზავრებით აფორიაქებული, ია ნაკლებად აინტერესებს. თანაც იმ ფაქტმაც ბევრი რაღაც შეცვალა. იამ გადაწყვიტა, სამაგიერო გადაეხადა ყოფილი შეყვარებულისთვის, მაგრამ, რატომ ვახო? რატომ?.. მე იქ არ ვყავდი?.. არა, მართლა არაფერი მესმის ქალების...“ – ლევანმა ამოიოხრა, სავარძელში ჩაჯდა და სახე ხელისგულებში ჩამალა. თავი რომ ასწია, დაინახა, რომ ოთახში მარტო არ იყო. გაოცებისგან და აღშფოთებისგან სუნთქვა შეეკრა, პერანგის საყელო მოიღეღა და წამოხტა.

– აქ როგორ შემოხვედი, რა ჯანდაბა გინდა აქ? არ გესმის? შენ გეკითხები, როგორ შემოხვედი-მეთქი! იმან როგორ შემოგიშვა? რატომ არ მპასუხობ? ახლავე დამეკარგე აქედან!..

***

ნათიამ ქმარი კარამდე მიაცილა. ფეხის წვერებზე წამოიწია და ლოყაზე ტუჩები შეახო.

– შენ ამას შეძლებ. ჭკვიანი ბიჭი ხარ, მიხვდები, რა უნდა გააკეთო.

– ყოველ შემთხვევაში, ვეცდები, – ჩაიბურტყუნა დათომ, – შენ დედაშენთან წახვალ?

– ალბათ. სახლში მარტოს მომწყინდება, მაგრამ, შენ თუ წინააღმდეგი ხარ, დავრჩები.

– არა, წინააღმდეგი რატომ უნდა ვიყო? წადი, მერე დამირეკე და მოგაკითხავ.

– ტაქსით წამოვალ, შენ ბევრი საქმე გაქვს. ბავშვს რომ გავაჩენ, მანქანას ხომ მიყიდი? – თავი მოისაწყლა ნათიამ.

– აუცილებლად. ხომ დაგპირდი? მე ახლაც გიყიდდი, მაგრამ დედაშენმა ისეთი ამბავი ატეხა, თითქოს მასზე ნაკლებად მიყვარდე. მართლა არაფერი მოხდეს და სანანებლად არ გამიხდეს საქმე.

– ჰო, საყვარელო, მაგრამ მერე ძალიან, ძალიან კარგი მანქანა უნდა მყავდეს, იმაზე უკეთესი, თინიკოს რომ ჰყავს.

დათომ წაუსტვინა:

– თინიკოს ქმარი მინისტრია, მამა – ყოფილი მინისტრი... ჩემს შემთხვევაში სიტუაცია ცოტა სხვანაირად არის.

ნათიამ ტუჩი აიბზუა.

– ნუ მაფიქრებინებ, რომ ცოლად სუსტ მამაკაცს გავყევი. კარგი?

– კარგი, – თავი მორჩილად დაუქნია დათომ...

***

ლევანმა მხარში მოკიდა დაუპატიჟებელ სტუმარს ხელი და შეანჯღრია.

– როგორ გაბედე აქ მოსვლა? თუ მეხსიერება არ მღალატობს, არ დამიბარებიხარ.

– თუ შეიძლება, დამშვიდდი, თანამდებობის პირს ასე მოქცევა არ ეკადრება, – გოგომ კაბინეტი მოათვალიერა და თავი მოწონებით დააქნია, – მშვენიერი გემოვნება გქონია. შენი დამსახურებაა, თუ წინამორბედმა დაგიტოვა?

– ნატა, შენ ყრუ ხარ? – ლევანმა გააფთრებით მოჭმუჭნა სიგარეტის კოლოფი, – რატომ მოეთრიე-მეთქი? აქ შენი მოსვლა არ შეიძლებოდა!

– დაწყნარდით, დაწყნარდით, ბატონო მინისტრო და კარგად შემომხედეთ. ნახეთ, როგორი რესპექტაბელური იმიჯი მაქვს. მაქსიმალურად ვეცადე, სადად და მოკრძალებულად ჩამეცვა, თქვენი რეპუტაცია ეჭვქვეშ რომ არ დამეყენებინა. გამიწიეთ მასპინძლობა, ბატონო მინისტრო. ნუ გეშინიათ, ბევრ დროს არ წაგართმევთ. პატარა საქმე მაქვს, დაგელაპარაკებით და წავალ.

– ფული გინდა? შეგეძლო, დაგერეკა და გამოგიგზავნიდი. აქ მოსვლა რა აუცილებელი იყო! – ლევანმა შარვლის უკანა ჯიბიდან ტყავის საფულე ამოიღო.

ნატამ გაიცინა და თითები გაატკაცუნა:

– არა, ბატონო მინისტრო, ცდებით, ფულისთვის ნამდვილად არ მოვსულვარ. ჯერ ისიც არ დამიხარჯავს, ჩვენი ბოლო შეხვედრისას რომ მომეცით. ხომ გახსოვთ, ის მშვენიერი ღამე, სასტუმროში რომ გავატარეთ?

ლევანმა ოთახში მიმოიხედა და ხელი ტუჩებზე მიადო ნატას.

– ჩუმად! დაგავიწყდა, სად ხარ? ყოველ წუთს შეიძლება, ვინმემ შემოიხედოს. მაგალითად, ჩემმა მდივანმა, რომელსაც ძალიან ცუდი დღე დაადგება, როგორც კი შენ აქედან მიგაბრძანებ.

– თუ იმას გულისხმობ, რომ შენი ნებართვის გარეშე შემომიშვა, ის არ არის დამნაშავე. შემოვიპარე, საერთოდ არ დავუნახივარ, არც იცის, აქ რომ ვარ.

– რანაირად? – გაუკვირდა ლევანს.

– ეს ჩემი საიდუმლოა და შენთვის ნაკლებად საინტერესო. მგონი, ის უფრო უნდა გაინტერესებდეს, აქ რისთვის მოვედი. როგორც უკვე გითხარი, ფული არ მინდა.

– ნატა, შენთან სათამაშოდ არ მცალია. თავზე საყრელად მაქვს საქმე.

– ვგიჟდები საქმიან მამაკაცებზე, – ნატა ტყავის სავარძელში ჩაჯდა, ფეხი გამომწვევად შემოიდო ფეხზე და პატარა ჩანთიდან სიგარეტის კოლოფი ამოიღო.

– მოწევა შეიძლება?

– ნატა, შენით წახვალ თუ მე გაგაგდო?

– გმადლობ. ესე იგი, შეიძლება... – ფეხი შეინაცვლა გოგომ და სიგარეტს მოუკიდა, – საფერფლე მომაწოდე, საყვარელო.

– რა საფერფლე? ახლავე ადექი და წადი აქედან!

– ბატონო მინისტრო, ნუ ცხარობთ. გაუფრთხილდით დროსა და ნერვებს. რაც მალე მომისმენთ, მით სწრაფად გათავისუფლდებით ჩემგან.

– რაღაც ძალიან ჭკვიანურად ლაპარაკობ. რა ხდება, დიდხანს ივარჯიშე?

– არც ისე. უბრალოდ, შენ რომ გგონია, ისეთი სულელი არ ვარ.

– ჰმ! – ლევანმა სიგარეტი ნატას კოლოფიდან ამოიღო და მოუკიდა, – საინტერესო განაცხადია. უნდა გამიხარდეს?

ნატამ მხრები აიჩეჩა და ტუჩიდან სიგარეტის ფერფლი ფრჩხილით მოიშორა.

– რომ დავაფასო, რა უნდა ვქნა?

– უნდა მომისმინო და, რასაც გეტყვი, იმაზე სერიოზულად დაფიქრდე.

– ჩემი ცოლობა ხომ არ გინდა? – ნაძალადევად იხუმრა ლევანმა.

ნატამ მხრები აიჩეჩა:

– არც ეგ იქნებოდა ცუდი, მაგრამ ჯერჯერობით ოჯახის შესაქმნელად მზად არ ვარ.

– შენ რა, დამცინი?

– არა. სულაც არა. პირიქით, იშვიათად ვარ ხოლმე ასეთი სერიოზული. ეს ჩემი ჩვეულებრივი მდგომარეობა არ არის. შენც ჩერჩეტი გგონივარ, სულელი გოგო, რომელსაც ფული მხოლოდ გართობისთვის სჭირდება და, თუ ამ ფულს მისცემ, რაც მოგინდება, იმას გააკეთებს. ბატონო მინისტრო, იცი, რომ ანგარიშში შეცდით? არც ისეა საქმე, როგორც თქვენ გგონიათ.

– ახლა ხელს მოგკიდებ და გარეთ გაგაგდებ!

– შენ არ გააკეთებ ამას. იმიტომ კი არა, რომ არ გაქვს ამისი სურვილი, უბრალოდ, იცი, რა შეიძლება, ამას მოჰყვეს. მეც არ გირჩევ ასე მომექცე.

ლევანმა ტუჩზე იკბინა.

– მოდი, ასე მოვიქცეთ: შენ ახლა წადი, საღამოს დაგირეკავ და შევხვდეთ.

ნატამ თავი გააქნია.

– ეგ რას ნიშნავს, – გაწითლდა ლევანი,– თავს რატომ აქნევ?

– იმიტომ, რომ არ მოვტყუვდები.

– მერე, ვინ ცდილობს, მოგატყუოს? თვითონაც ხვდები, რომ ჩემი კაბინეტი ინტიმური საუბრებისთვის შეუფერებელი ადგილია. მე აქ სერიოზული საქმეებით ვარ დაკავებული.

ნატუკამ გაიღიმა და საკუთარი მოვლილი თითები მოწონებით შეათვალიერა.

– მერე, ვინ გითხრა, რომ აქ ინტიმური საუბრებისთვის მოვედი? მე შენი „სექსი ტელეფონით“ კი არ ვარ, მეც სერიოზული საქმე მაქვს. რაღაც გადაწყვეტილება მივიღე და მინდა, შენთან შევათანხმო.

– ჩქარა თქვი და წადი!

– ასე არ ჯობია? ახლა უკვე მზად ხარ, მომისმინო, – ნატუკა ადგა და კაბინეტში გაიარ-გამოიარა, – მოკლედ ასე: მე ვიფიქრე, ვიფიქრე და მივხვდი, რომ ასე ცხოვრება აღარ გამომადგება.

ლევანს ნერვებმა უმტყუნა. ძლივს შეიკავა თავი, არ მივარდნოდა და მართლა კინწისკვრით არ გაეგდო ოთახიდან ეს უტიფრად მოღიმარი, ცხვირაბზეკილი არსება. ნატა თითქოს მიუხვდა ფარულ სურვილს.

– მოთმინებით აღიჭურვეთ, ბატონო მინისტრო, ხომ გითხარით, ჩემში რაღაც ცვლილება მოხდა-მეთქი. მეც რაღაც ვისწავლე, ყოველ შემთხვევაში, იმას მივხვდი, რომ ახლა მაქვს შანსი და ეს შანსი ხელიდან არ უნდა გავუშვა.

– რა შანსზე ლაპარაკობ, გოგო? დამაწყდა ნერვები... – კბილები გააღრჭიალა ლევანმა და ნატუკას შეუბღვირა, – მორჩა, მეტის ატანა არ შემიძლია, გაეთრიე ახლავე და კისერიც გიტეხია! დაცვას ვურეკავ!

– კარგი, წავალ, – ნატუკამ შეურაცხყოფილი სახე მიიღო და ნელი ნაბიჯით კარისკენ გაემართა, – მაგრამ მერე ნურაფერს მისაყვედურებ. შენ იქნები დამნაშავე იმაში, რომ შენს ცოლთან მივალ და ვეტყვი.

– ეტყვი? რას ეტყვი?

– იმას, რომ ფეხმძიმედ ვარ!..

ლევანს ნომრის ასაკრეფად მომარჯვებული მობილური გაუვარდა ხელიდან და მოწყვეტით დაეშვა სავარძელზე...

***

ტელეფონმა რომ დარეკა, თიკას ჩანთა ეჭირა ხელში და კარს აღებდა. უკმაყოფილო ბუზღუნით ამოიღო მობილური და ეკრანს დახედა. ნომერი ვერ იცნო, ცოტა შეყოყმანდა, მაგრამ მაინც უპასუხა.

– ნათია ხარ? როგორ არა, გიცანი, დათოს მეუღლე! ახლა მივდიოდი. არა, განსაკუთრებული არაფერი, ბავშვისთვის ტანსაცმელი უნდა მეყიდა, მაგრამ არ არის საჩქარო, ხვალ წავალ. რა თქმა უნდა, შეგიძლია, მოხვიდე.

თინიკომ ჩანთა დადო და ქურთუკი გაიხადა. ინტუიციამ უკარნახა, რომ ნათიას რაღაც მნიშვნელოვანი ჰქონდა სათქმელი. საშინაო ფეხსაცმელი რომ ჩაიცვა, მხოლოდ მაშინ გაახსენდა, რომ გამასპინძლება იყო საჭირო. სამზარეულოში გავიდა და ჯერ კარადა გამოაღო, მერე მაცივარი. დამხმარე ქალი გააკვირვა მისმა დანახვამ.

– აღარ წაბრძანდით? მე დიდი ხნის წასული მგონიხართ.

– არა, გადავიფიქრე. სტუმარს ველოდები. ნამცხვარი არ გვაქვს?

– არა. არ გითქვამთ, თორემ ვიყიდდი. ხაჭაპურიც ზურას ვაჭამე ცურვაზე წასვლამდე. გინდათ, მარკეტში ჩავიდე?

– მინდა. ნატურალური წვენები ამოიტანე, ეგზოტიკური ხილი, ხაჭაპური და ნამცხვარი. კიდევ გვინდა რამე?

– ბაზარში ხვალ უნდა წავიდე საყიდლებზე. რაც ჩამოვწერე, უნდა ვიყიდო. თქვენ თუ მეტყვით, ახლა რა უნდა ვიყიდო, ვიყიდი.

თიკა დაფიქრდა.

– არა, მეტი არაფერი გვინდა. მალე ამოდი!

თინიკო მაგიდასთან ჩამოჯდა და შუბლით ხელისგულს დაეყრდნო. ქმართან გუშინდელი ჩხუბის შემდეგ თავს საზიზღრად გრძნობდა. „არ ვაპატიებ, მორჩა! სულელად მივაჩნივარ და ჰგონია, რომ უფლებას მივცემ, ჩემ ცხვირწინ იმ ქალთან რომანი ჰქონდეს. იქაც მომატყუა, რა თქმა უნდა! მისთვის საჩუქრის საყიდლად შევიდა იმ მაღაზიაში. ეტყობა, არ იცის, როგორი მეხსიერება მაქვს. ფაქტობრივად, იდეალური. დავინახე, თუ არა, მაშინვე ვიცანი და ვერავინ დამარწმუნებს იმაში, რომ სხვა გულსაბნევში შემეშალა. ჩემმა საყვარელმა მეუღლემ არც კი იცის, რისი გაკეთება შემიძლია. მივალ და ყველაფერს ნიკუშას ვეტყვი. ჩემი ეჭვების შესახებაც მოვუყვები. ახლა, როცა საშუალება აქვს, დედამისს დაელაპარაკოს, სიმართლის დადგენაც არ გაუჭირდება. ლევანმა სერიოზული შეცდომა დაუშვა, რომელსაც ადვილად ვეღარ გამოასწორებს. რადგან უნდა, ის ქალი ჰყავდეს. მე ხელს არ შევუშლი. სამაგიეროდ, ზუსტად ვიცი, რას მოვიმოქმედებ. ჯერ ნათია მოვიდეს. გავიგებ, რა აქვს სათქმელი. ნიკუშას ნახვას კიდევ მოვასწრებ...“

ნათია ღიმილით მიუახლოვდა მასპინძელს და ლოყაზე აკოცა. თიკამ ფრთხილად მოუსვა მუცელზე ხელი:

– გიხდება ფეხმძიმობა.

ნათიამ ქსუტუნით შეისუნთქა ჰაერი:

– რა ვიცი, აბა! მე კი მგონია, რომ საშინლად გამოვიყურები.

– რას ამბობ? ამაზე არც იფიქრო! ჯერ ერთი, ფეხმძიმე ქალი ყველა ლამაზია. შენ კი მართლა ლამაზი ხარ, – გაიღიმა თიკამ და შეწუხებულმა გაიფიქრა: „ეს თუ აქ იმიტომ მოვიდა, რომ დეპრესიიდან გამოვიყვანო, ნამდვილად შევიშლები. ეს რომ მცოდნოდა, ტელეფონს ხელს საერთოდ არ მოვკიდებდი. ჩემს მდგომარეობაში ვის დამშვიდებას შევძლებ, რა აბსურდია. თანაც, ამ გოგოს ფსიქიატრი სჭირდება, საშინლად ეჭვიანია და ჭირვეული. თუმცა, იქნებ, ასე ჯობდეს. დათო ისე ჰყავს შეშინებული, გვერდზე ვერ იხედება. მეც ასე უნდა მოვქცეულიყავი, მაგრამ ლევანი დათო არ არის და არც მე ვარ ნათია. ამ გოგოს კოზირი მისი ასაკია. მე კი... მე... – თინიკომ ჰოლის დიდ სარკეში ჩაიხედა და თვალებთან გაჩენილ ნაოჭებს გულდაწყვეტილმა ხელი შეახო – ეს არაფერს ნიშნავს. სამაგიეროდ, მე სხვა ღირსებები მაქვს. თანაც, არც ის ქალბატონია თოთო, ლევანი აუცილებლად ინანებს თავის საქციელს“...

ნათია თიკას მოეხვია და ორაზროვნად გაეცინა.

– რომ იცოდე, რა უნდა მოგიყვე! ოღონდ, ხომ ნამდვილად გცალია, რამე მნიშვნელოვან საქმეს ხომ არ მოგწყვიტე?

– არა, არა, მოდი. მე გაგიმასპინძლდები, შენ კი მომიყევი, რა მოხდა. ისევ დათოსთან გაქვს პრობლემები? ჩემი რჩევები არ გაითვალისწინე?

– როგორ არა. სხვათა შორის, კარგად იცნობ მამაკაცებს.

– არც ისე. მაგალითად, საკუთარ ქმარს საერთოდ არ ვიცნობ, მგონი, – ამოიოხრა თიკამ და სტუმარს ბიბლიოთეკაში შეუძღვა:

– აქ ჩვენთვის ვიქნებით. არავინ შეგვაწუხებს და მშვიდად დავილაპარაკებთ. საყვარელო, შენ ახლა ისეთ ხელსაყრელ მდგომარეობაში ხარ, ამ მდგომარეობიდან ბევრი სარგებელი უნდა ნახო, თუ ჭკუით მოიქცევი, რა თქმა უნდა.

– ვიცი და ვცდილობ კიდეც, მაგრამ დღეს შენთან სულ სხვა რამის სათქმელად მოვედი. რომ იცოდე, რა მოხდა! ვერაფრით დაიჯერებ, რომ მოგიყვები. მე თვითონაც შოკში ვარ, – ნათიას თვალები აუელვარდა.

– ასეთი რა უნდა მოყვე? – თინიკომ კიდევ არ გაიზიარა მისი აღფრთოვანება.

– დათოსთვის არც მითქვამს, აქ რომ მოვდიოდი. ვუთხარი, დედაჩემთან წავალ-მეთქი და ისიც დამთანხმდა.

– როცა ასეთ ტყუილს ამბობ, თადარიგიც უნდა დაიჭირო. რომ შეგამოწმოს შენმა ქმარმა?

– მაგაზე უკვე ვიფიქრე, – გაიცინა ნათიამ, – დედაჩემთან დავრეკე და გავაფრთხილე. რაღაც-რაღაცეები მეც ვისწავლე, ასე კი არ არის!

– კარგია, თორემ, მამაკაცების ნდობა არაფრით არ შეიძლება. თითქმის ყოველდღე ვრწმუნდები ამაში, – თიკას ისევ ქმარი და იას მკერდზე აბრჭყვიალებული გულსაბნევი დაუდგა თვალწინ.

– რა მოხდა, ქმარმა გაგაბრაზა? – მიხვდა ნათია.

– არ მინდა მაგაზე ლაპარაკი. ჯობია, შენი ახალი ამბავი მომიყვე.

– ოო, მოემზადე სენსაციის მოსასმენად, – ნათიამ წვენი მოსვა, თითი ტუჩებთან მიიდო და ხმადაბლა, დამარცვლით წარმოთქვა, – ის ია, იცი, ვისი საყვარელია?

თიკა გაფითრდა, უცებ იგრძნო, რომ ჰაერი აღარ ეყო. ხელი შუბლზე მოისვა და ნაძალადევად გაიღიმა:

– ვიცი, ნიკუშასი.

– ჰმ, მეც ასე მეგონა. შეიძლება, ყველას ასე ეგონა, მაგრამ სინამდვილეში... თუმცა, მგონი ურთიერთობა ახალი დაწყებული აქვთ, ყოველ შემთხვევაში, წუხანდელი ღამე ერთად გაატარეს.

თიკა ადგა. აკანკალებული ხელით სიგარეტის კოლოფი გახსნა, მაგრამ სანთებელა ვერ იპოვა. იდგა, სიგარეტს სრესდა და ტუჩებს იკვნეტდა. თითქმის აღარ ეპარებოდა ეჭვი, რომ ნათია მისი ეჭვის დასადასტურებლად გამოეცხადა და ახლა იტყოდა, იამ ღამე შენს ქმართან, ლევანთან გაატარაო...

– ნამცხვარი გადაიღე, ძალიან გემრიელია, – სცადა, ცოტათი მაინც გადაედო ის საშინელი წუთი, როცა ნათია ამ სიტყვებს წარმოთქვამდა.

– გმადლობ, ვგიჟდები ჟოლოიან „ტარტალეტკებზე“... მოკლედ, მეც ვეჭვობდი, მაგრამ დათოს რომ ვუთხარი, არ დაიჯერა. გადაირია, ჭორს ნუ იგონებო. მაგრამ თვითონ ვახომ თქვა. სწორედ იმ დროს მოვიდა, ჩვენ რომ ამაზე ვლაპარაკობდით.

– ვახომაც იცის? – თიკა სავარძლის სახელურზე ჩამოჯდა, უკვე ვეღარ მალავდა მღელვარებას.

– რა თქმა უნდა, იცის, როგორ არ ეცოდინება. შენ წარმოიდგენდი ასეთ რამეს?

თიკამ ძლივს გააქნია თავი:

– აბა? რა პატიოსანი ქალის შეხედულება აქვს. თან ცოტათი მეცოდებოდა კიდეც, ნიკუშამ ასე რომ გააწვალა.

– ნათია, ზოგჯერ გარეგნობა მატყუარაა, ძალიან მატყუარა, მაგრამ პრობლემა ეს არ არის. ძალიან ცუდია, რომ მე შენგან ვიგებ ამას.

– შენ ფიქრობ, ლევანი გეტყოდა? – ჩაიცინა ნათიამ, – არ გეტყოდა. კაცების ამბავი არ იცი? გეუბნები, ვახო რომ არ მოსულიყო, დათო ჯიუტად იმეორებდა, გამორიცხულია, გამორიცხულიაო.

– ესე იგი, ვახოა ყველაფრის ავან-ჩავანი? მაგის ბრალი იქნება ყველაფერი. თან, ერთადაც რომ მოვიდნენ, მაშინვე უნდა მეფიქრა.

– ჰო, აბა?! მეც ეჭვი შემეპარა. შენ როგორ გგონია, ნიკუშას ჯიბრით აკეთებს ამას? თუ ასეა, შეიძლება, კიდევ რაღაც გამართლება მოვუძებნოთ მის საქციელს. ისე, კიდევ კარგი, რომ შენი ან ჩემი ქმარი არ ამოარჩია შურისძიების იარაღად.

თინიკო გვიან ჩასწვდა მისი სიტყვების აზრს და სტუმარს გაოცებით შეხედა:

– რა თქვი?

– რა და, კიდევ კარგი, რომ შენს ან ჩემს ქმარს არ ჩაუწვა-მეთქი ლოგინში. ეგ თუ ასე ადვილად აბამს კაცებს, სულაც არ გაუჭირდებოდა. მით უმეტეს, რომ ყველა ერთნაირად მეგობრობდა მასთან, ნიკუშას გამოკლებით, რა თქმა უნდა.

– მოიცა, მოიცა, – პაწაწინა იმედს ჩაებღაუჭა თინიკო, – შენ იმის თქმა გინდა, რომ ია ვახოს საყვარელია?

– ჰო. წუხელ ღამე ერთად გაატარეს, თვითონ ვახომ თქვა.

– შეუძლებელია, – აღმოხდა თიკას, – დაუჯერებელია.

– შენც დათოსავით ამბობ. გეუბნები, წუხელ ერთად ყოფილან. მეც იქ ვიყავი, ვახო დათოს რომ ეუბნებოდა რა მექნა, მთვრალი ვიყავიო. თითქოს თავს იმართლებდა.

თინიკო პატარა ბართან მივიდა, კონიაკი გამოიღო. ყავის ჭიქაში ჩაისხა და დალია.

ნათია აკისკისდა:

– ასე აგაღელვა ამ ამბავმა? დათომაც ძალიან ინერვიულა. ლევანს კი, მგონი, საცემად გაუწევია.

– ვახოს საცემად? – თიკამ მეორე ჭიქაც შეავსო, – ღმერთო, გავგიჟდები! ესეც ვახომ თქვა?

– ჰო, მომვარდაო. დათოსთან სწორედ ამიტომ მოვიდა. ლევანს დაელაპარაკე, ვერ გავიგე, რა უნდოდაო. ერთი სიტყვით, დიდი ამბებია.

– დათო სად არის ახლა, ლევანთან წავიდა? – ჰკითხა თიკამ, მეორე ჭიქაც რომ გამოსცალა.

ნათია შეცბა.

– არ ვიცი, მგონი, არა. არ მიკითხავს. როგორ გგონია, ნიკუშამ ეს იცის?

– მთავარია, რომ ლევანმა იცის, – თიკამ ჭიქა დადგა და ნათიას უცნაურად შეხედა, – შენ მართალი ხარ, დიდი ამბები ხდება...

გაგრძელება შემდეგ ნომერში


скачать dle 11.3