კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვისთან რჩება თაკო ჩხეიძის გული და რის შენარჩუნებას ცდილობს ავთო ცქვიტინიძე


მათი მეგობრობა ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როდესაც ქართული მოდა პირველ ნაბიჯებს დგამდა. დღეს კი უკვე სასაუბროდ ქართული მოდის კვირეული და მისი მაღალ დონეზე განვითარება აქვთ. ავთო ცქვიტინიძე და თაკო ჩხეიძე – დიზაინერ-მოდელის ტანდემი, რომელიც დიდ მეგობრობასა და სერიოზულ საქმიან ურთიერთობაში გადაიზარდა. საახალწლოდ კი მათ ჟურნალისტის როლებიც მოირგეს.


ინტერვიუ 1. ჟურნალისტია თაკო ჩხეიძე


– ავთო გილოცავ ახალ წელს, წარმატებებს და უდიდეს ბედნიერებას გისურვებ. მითხარი, როგორ გაატარე ახალი წელი?

– არაჩვეულებრივად, თაკო, მეც გილოცავ და მთელ საქართველოს ვულოცავ ახალ წელს, ბედნიერი წელი ყოფილიყოს ყველა ჩვენგანისთვის. გამორჩეულად კარგად შევხვდი ახალ წელს, ყველა ტრადიციისა და წესის დაცვით.

– როგორ შეაფასებ გასულ წელს, წარმატებული იყო 2009 წელი შენთვის?

– თამამად შემიძლია, ვთქვა, რომ 2009 წელი ჩემი წელი იყო, უამრავი სასიკეთო სიახლე მოხდა ჩემს ცხოვრებაში და, რაც მთავარია, ძალიან დატვირთული ვიყავი: მქონდა ძალიან ბევრი მოდის კვირეული, შოუ-რუმი, გამოფენა, პარალელურად საქმიანი მოლაპარაკებები. მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის საკმაოდ დატვირთული ვარ და „ავთანდილზე“ ისეთი მოთხოვნაა, სულ სამუშაო მაქვს, ამ წელს დატვირთულობამ ყველაფერს გადააჭარბა. დამემატა უამრავი ტელეპროექტი, რომლებზეც ვმუშაობ.

– რომელ არხზეც არ უნდა გადართო, ყველგან ავთო ჩანს, ვერ წარმოიდგენ, ეს როგორ მიხარია.

– (იცინიან) რაც შეეხება ადგილებს, სადაც შეგიძლია, „ავთანდილი“ ნახო, დაემატა ალმა-ატა. მიუხედავად იმისა, რომ კიევის ბაზარი ათვისებული გვაქვს, ეს ძალიან საინტერესო და მიმზიდველი ადგილია.

– ამ წელს იყო კინოროლებიც. „შუა ქალაქში“ რომ გნახე, ვერ აგიწერ, რა დამემართა. ისე ითამაშე, გავგიჟდი; ვიჯექი და ტაშს გიკრავდი.

– შედარებით უფრო კმაყოფილი ვარ სერიალში თამაშით, რომელსაც ძალიან დიდი რეიტინგი აქვს. მას ძალიან დიდი გამოხმაურება ჰქონდა, ყველამ აიტაცა ეს თემა. თან სრულიად „ანტი-ფეშენ“ ადამიანს ვთამაშობდი და მეც ძალიან ვიხალისე ამ თემაზე. რაც შეეხება ფილმს, იქ როლი არ შემისრულებია, ჩვეულებრივი ინტერვიუ იყო და მერე ჩვენებაზე მივდივარ. ვერ ვიტყვი, რომ, ამით ძალიან დავიტვირთე და დავითრგუნე. გადაღებაც მალე დამთავრდა და ისეთი იუმორისტული ეპიზოდი გამოვიდა, რომელსაც ჩემს კარიერაში არანაირი როლი არ უთამაშია.

– თუმცა, შენ ერიდები ხოლმე მსგავს რაღაცეებში მონაწილეობას.

– სხვათა შორის, ძალიან ხშირად მიწვევენ სხვადასხვა ტელეგადაცემაში, მით უმეტეს წინასაახალწლოდ, სადაც მთხოვენ, ან ვიმღერო, ან ვიცეკვო. სულ ვცდილობ, ამ ყველაფერზე უარი ვთქვა, რადგან არ მინდა, ვაკეთო ის, რაშიც თავს არაკომფორტულად ვგრძნობ. მიუხედავად იმისა, რომ მიმაჩნია, პოპულარული ადამიანი ძალიან ბევრ პროექტში უნდა იღებდეს მონაწილეობას, მირჩევნია, ყოველთვის მაინც ჩემი განხრით ვიმუშაო, რაც ასე თუ ისე გამომდის.

– წეღან ტრადიციები ახსენე. როგორ ხვდები ხოლმე ახალ წელს?

– ჩემთვის ახალი წელი ყოველთვის ოჯახურ დღესასწაულთან ასოცირდება, მაგრამ არასდროს დამავიწყდება ის ახალი წელი, რომელიც პირველად ჩემს პატარა ოჯახთან ერთად, განსაკუთრებულად აღვნიშნე. მე, ხათუნა და ჩვენი ანასტასია ერთად ვიყავით და ეს საოცარ სითბოს მატებდა ამ დღესასწაულს. ყოველთვის მე ვარ ჩვენი ოჯახის მეკვლე და, ვერ აგიწერთ, როგორი საოცარი გრძნობაა, როდესაც სახლში შევდივარ და კარს ანასტასია და ხათუნა მიღებენ; როგორ გიჟდება ბავშვი სიხარულით, რომ 12 საათამდე არ იძინებს და ცაში ფოიერვერკებს უყურებს. ეს განსაკუთრებულად სასიამოვნო პროცესია.

12 საათამდე აუცილებლად გავდივარ ხოლმე გარეთ, თან, ბოლომდე გარეთ და, დაახლოებით ათი წუთის განმავლობაში ქუჩაში ვიყინები. მერე სახლში ძალიან ბევრი ტკბილეულით, შამპანურით, სანთლებითა და გარკვეული თანხით შემოვდივარ. მიმაჩნია, რომ მეკვლე აუცილებლად ოჯახის წევრი უნდა იყოს, რადგან მასზე მეტად კარგი იმ ოჯახისთვის არავის უნდა.

– მინდა, წელს ჩემი მეკვლე ჩვენი ოჯახის ყველაზე პატარა წევრი იყოს – გავიყვან და შემოვიყვან.

– არასდროს ჩემს ოჯახში მეკვლე არ ყოფილა არც მეზობელი, არც ნათესავი და არც მეგობარი.

– რამდენჯერაც შენს მაღაზიაში მოვედი, სულ ფუსფუსი, კერვა და აურზაურია. ყველას შენი კაბები ეცვა ახალ წელს?

– ძალიან მიხარია, რომ თბილისში „ავთომანია“ დაიწყო, ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ვხვდები, რაც უფრო მემატება წლები, მით უფრო დახვეწილი ქალბატონები მოდიან ჩემთან; ასაკიც შეიცვალა.

– ჟურნალისტებს უყვართ ეს კითხვა და მინდა, მეც დაგისვა: რა არის შენი წარმატების საიდუმლო ფორმულა, რეცეპტი რაც გინდა დაარქვი.

– ძალიან ბევრი უნდა იმუშაო საკუთარ თავზე და, თან, საოცრად კრიტიკული უნდა იყო შენი შექმნილის თუ გაკეთებულის მიმართ. არასდროს არ უნდა მოდუნდე. როდესაც ჩვენებას აკეთებ, იქ მოსულ მაყურებელს აუცილებლად კარგი შოუ უნდა აჩვენო. დღეს აღარ გეპატიება ის, რაც, შეიძლება, ჩემი კარიერის დასაწყისში ეპატიებოდათ დიზაინერებს. დღეს ხალხი გაცილებით ინფორმირებულია, მოთხოვნა გაიზარდა და, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სხვა ქვეყანაში წარმატებას და აღიარებას, რომ შენს ქვეყანაში დაამტკიცო რაღაცეები.

– სამწუხაროდ, ასეა.

– ვერ გეტყვი, რომ მანამდე მომხმარებელი არ ჰყავდა „ავთანდილს“, მაგრამ იმ გზის შემდეგ, რომელიც გამოვიარე, მათი დონე რადიკალურად შეიცვალა. ჩვენი ქვეყანა მაღალი ეკონომიკური განვითარების რომ იყოს, იმ პოპულარობასთან ერთად, რომელიც მაქვს, ძალიან მდიდარიც ვიქნებოდი.

– თუმცა, ეკონომიკური დონე მაინც არ აისახება ქალების ჩაცმულობაზე. საღამოს სადმე თუ გახვალ, თავი პარიზში გეგონება.

– ამას მეც სულ აღვნიშნავ, რომ ქართველებს მოდის საოცარი შეგრძნება აქვთ. მათ ფანტასტიკურად შეუძლიათ „ეიდ ენდ ემის“, „ზარას“ და ასეთი „მასბრენდების“ ერთმანეთთან ისე შეხამება, რომ მათ ჩაცმულობაში კორექტივს ვერ შეიტან.

– შენთან ყოველთვის როგორც მოდელს, ისე მიმუშავია. გასულ, 2009 წელს საქმიანი ურთიერთობა პირველად გვქონდა, როდესაც მოდის კვირეული „თბილისობის“ ფარგლებში გავაკეთეთ. მართალია, იმ დღეებში სხვა კუთხით ვმუშაობდი, მაგრამ იქ ძალიან ბევრი მოდელი იყო, რომლებმაც მერე ჩემი განცვიფრება გაიზიარეს. საოცრად მშვიდი ხარ, მეტი რომ არ შეიძლება. მოდელებს შორის ბევრი გამოცდილი იყო, ბევრიც – გამოუცდელი და, მათ თქვეს, ავთომ ისე გადმოგვდო ეს სიმშვიდე, რომ პოდიუმზე თავაწეულები გამოვედითო. მერე ყველამ აღნიშნა, რომ ავთოს ჩვენებაზე ისეთი გოგოები იყვნენ, სად იმალებოდნენ აქამდეო. სულ ასეთი მშვიდი ხარ მუშაობისას?

– შენ რომ პატარა ბავშვი იყავი, ასეთი მშვიდი არ ვყოფილვარ, თუ გახსოვს (იცინიან). არა, გიჟი, თავქარიანი და მოუსვენარი არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ დროთა განმავლობაში სულ უფრო და უფრო ვახერხებ სიმშვიდის შენარჩუნებას ასეთ დაძაბულ დროს. როდესაც მოდელები დაძაბულები და ანერვიულებულები არიან, შენ თუ კიდევ უფრო „მიეხმარე“, საშინელი დისონანსი გაჩნდება თქვენ შორის. მით უმეტეს, რომ წელს ძალიან ვინერვიულე მოდელებთან დაკავშირებით. თქვენსა და შემდეგ თაობას შორის დიდხნიანი პაუზა და ჩავარდნა იყო მოდელებში. რამ გამოიწვია ეს, არ ვიცი. შესაძლოა, ამის მიზეზი ისიც არიც, რომ ბევრი ჩვენება მაღალხარისხიან შოუსთან არ ასოცირდება. ახლა უკვე გამიჩნდა სურვილი, რომ აქაც გავაკეთო ჩვენებები. მთელი ის სივრცე, რასაც უცხოეთში ჩვენების გაკეთება ჰქვია, იმდენად დამუხტულია პროფესიონალიზმით, ისეა მოწყობილი ყველაფერი, რომ მერე აქ გადმორთვა გიჭირს. იქ შენს შოუს ესწრება ორასამდე ჟურნალისტი და კრიტიკოსი; ასამდე სხვადასხვა ქვეყნის ტელეარხის კამერები დგას; დაწყებამდე იმართება პრესკონფერენცია; ზუსტად იცი, რომ განათება, ხმა სწორად არის დამონტაჟებული... ამას რომ ეჩვევი, მერე უკვე ყველაფერი გეპრობლემება. ახლაც ძალიან ბევრი ვინერვიულე. მართლა ძალიან კარგი შოუ გამოვიდა და ის ნიუანსები, რომ პოდიუმი ორი სანტიმეტრით მაღლა იყო და განათება ოდნავ არასწორად ურტყამდა მოდელს – აღარავის შეუმჩნევია.

– ბოლოს კართან ისეთი ჭეჭყვა იყო, რომ თავი მიტინგზე მეგონა. რა ხდებოდა, გავგიჟდი! უკვე საშიში მდგომარეობა შეიქმნა. ჯერ მზად არ იყო ყველაფერი, კარს ვერ ვაღებდით და კინაღამ შემოანგრიეს (იცინიან). ამ დროს მივხვდი, რომ პუბლიკას რაღაც კარგი მოენატრა. როგორ ემზადები ჩვენებისთვის, როგორ იქმნება კოლექცია?

– ვფიქრობ იმაზე, რომ ჩვენება სტანდარტების მიხედვით, ძალიან რომ არ მობეზრდეს მაყურებელს, 18-19 წუთს უნდა გრძელდებოდეს. ამისთვის იქმნება ასამდე კოსტიუმი, საიდანაც დაახლოებით ოცდათხუთმეტი რჩება.

– ამ „პრიმერკებში“ და საგიჟეთში როგორ ახერხებ კოლექციაზე მუშაობას?

– ცოტა ხნით აუცილებლად მივდივარ სადმე, რომელიმე ქალაქში, ვზივარ და ჩემთვის ესკიზებს ვხატავ. შთაგონებაც იქ მოდის, უცხო ქუჩებში, კაფეებში. მიუხედავად იმისა, რომ ექვსი თვით ადრე პარიზში ვესწრები სპეციალურად დიზაინერებისთვის განკუთვნილ ლექციებს, სადაც გვიყვებიან, თუ რა ტენდენციები იქნება იმ წელს, რა ქსოვილები და ფერები იქნება აქტუალური მომავალ სეზონზე, მაინც მჭირდება ასეთი განტვირთვა კოლექციის შესაქმნელად.

– ავთო, არ შემიძლია, არ გკითხო იმიჯის შეცვლაზე. თმა შეიჭერი და ძალიან გიხდება.

– მართალია, ყველა მეუბნება, გიხდებაო, მაგრამ, რომც არ მიხდებოდეს, მაინც აუცილებლად შევიჭრიდი, ისე გადამრია გრძელმა თმამ. ბოლო ექვსი თვეა, ინტენსიურად ვვარჯიშობ და გრძელმა თმამ ნევროზი გამიჩინა. დილით გავისწორებდი, საღამოს ვარჯიშისას ისევ ხუჭუჭდებოდა, მერე, ხან ვიკრავდი, ხან რაღაცეებს ვიგონებდი. მოკლედ, შევიშალე და შევიჭერი. ჩემმა ვარჯიშმა იმსხვერპლა.

– ბოლოს, მითხარი, როგორი მამა ხარ?

– იცი, თაკო, არც მახსოვს, რა ხდებოდა ჩემს ცხოვრებაში, სანამ ანასტასია დაიბადებოდა; საერთოდ სუფთა ფურცელივით დარჩა ის პერიოდი, სანამ ჩემი შვილი გაჩნდებოდა ჩემს ცხოვრებაში. არ არსებობს დღე, როგორი გადატვირთული და გიჟურიც უნდა იყოს, რომ ანასტასიასთან გემრიელად თამაშის გარეშე დავიძინო.


ინტერვიუ 2. ჟურნალისტია ავთო ცქვიტინიძე


– თაკო, მინდა, თავიდანვე გკითხო: ბავშვის გაჩენიდან ასე მოკლე დროში როგორ ჩადექი ფორმაში?

– აი, როგორი პროფესიონალური დასაწყისი იყო! (იცინიან) პირველ ყოვლისა მადლობა, თუ ასე ფიქრობ. ისე, არ ვიცი, ამისთვის განსაკუთრებულად არც მივარჯიშია, არც დიეტაზე ვყოფილვარ, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ მომატებული ვიყავი. თუმცა, ამას არავინ აღიარებდა. მოვახერხე გახდომა, მაგრამ საჭირო ფორმაში ჩადგომამდე ჯერ კიდევ შორია, რა თქმა უნდა.

– თან როგორი აქტიური ორსული იყავი!

– რატომ მოვინდომე ასე ძალიან, არ ვიცი, მაგრამ ცხრა თვე მართლა არ გავჩერებულვარ. ბოლოს, ხუთშაბათი დღე იყო, როდესაც შენს ჩვენებაზე მივედი და კვირას ვიმშობიარე (იცინიან), მომწონდა ეს აქტიურობა.

– სულ მაინტერესებდა, მეკითხა: რას ნიშნავს მეორე შვილი, ისევე რადიკალურად იცვლება ყველაფერი, როგორც პირველი შვილის დროს?

– საოცარი შეგრძნებაა. რა თქმა უნდა, მეორე შვილზე უფრო მეტად გაქვს გაცნობიერებული დედობის მთელი პასუხისმგებლობა, ასაკიც მეტი გაქვს. ახლა ვამბობდი, რომ პირველი და მეორე შვილის დაბადებას შორის იმდენად დიდი ემოციური სხვაობაა, ორი რომ არის, უკვე შეგიძლია, მესამეც იყოს, მეოთხეც... ანუ, ემოციურად აღარ მგონია, რაღაცეები შეიცვალოს. მეორე შვილზე პასუხისმგებლობა გაორმაგებულია. პირველი შვილის გაჩენა ქორწინების ლოგიკური გაგრძელებაა, მეორე კი – უკვე წყვილის გადაწყვეტილება. აღარ ხარ პატარა გოგო, გაცნობიერებული გაქვს მთელი სირთულე და რაღაცეები გიადვილდება კიდეც.

– უფროსი ხომ არ ეჭვიანობს?

– არა, რადგან თავიდანვე ძალიან ბევრი ვისაუბრეთ ამ თემაზე. სულ ვეუბნებოდი, რომ, თუ ის არ დამეხმარებოდა მარტო ვერაფერს მოვახერხებდი. არ ვარ დაფეთებული დედა არიქა, შენ ჩუმად იყავი, პატარას სძინავს-მეთქი. უფროსს აბსოლუტურად არ ვაკლებ ყურადღებას. მართლა საოცარი შეგრძნებაა, როდესაც ორი ასეთი საოცარი ადამიანის მშობელი ხარ. პატარამ სულ დამავიწყა ყველაფერი, თუკი რამეს ვაკეთებდი აქამდე. მაგრამ ბევრი საქმე მაქვს და ხშირად მიწევს მისი დატოვება. პირველად რომ დავტოვე, ათი დღის იყო და გული მასთან დამრჩა.

– შეიცვალა დრო, ცხოვრების რიტმი. დღეს ქალებს არ აქვთ იმის საშუალება, რომ შვილი გააჩინონ და ორი წელი სამსახურს გამოეთიშონ.

– გეთანხმები. ორი წელი კი არა, რამდენიმე თვეც ვერ ვიქნებოდი სახლში, გავაფრენდი.

– რა მაინტერესებს, იცი? იმისთვის, რომ გქონდეს წარმატებული კარიერა და მშვიდი ოჯახი, ამას მუშაობა სჭირდება თუ მაინც თავისით მოდის?

– არ მიფიქრია ამ თემაზე, რომ განსაკუთრებით წარმატებული ოჯახი ან კარიერა მაქვს. თუ ასეა, მაშინ, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერში ჩემი წვლილიც არის, ამას შრომაც სჭირდება. მთავარია, ყველაფერი სწორად დაალაგო. ჩემი სიმშვიდე ძალიან მეხმარება პირად ცხოვრებაშიც და სამსახურშიც. რაც მთავარია, ძალიან დიდი პასუხისმგებლობა მაქვს არა მარტო ჩემი საქმის, არამედ ოჯახის, შვილების, მეგობრების მიმართ. დედაჩემი მეუბნებოდა ხოლმე ყოველთვის: მაგარი მაშინ ხარ, თუ ყველა სფერო მოწესრიგებული გაქვს, მარტო ოჯახში ან მარტო საქმეში წარმატება ძალიან ადვილია, როდესაც მხოლოდ ერთი საფიქრალი გაქვსო. სულ მახსენდება ეს სიტყვები. სწორად უნდა დაგეგმო, დაალაგო ყველაფერი. ხანდახან, რა თქმა უნდა, ვიღლები, როცა აბსოლუტურად გიჟური დღე მაქვს, საქმეზე უნდა გავიქცე, პატარას დატოვება მიწევს, იქ უფროსი სკოლიდან არის გამოსაყვანი ან სადმე წასაყვანი, ტელეფონი არ ჩერდება, სამსახურში რაღაც მოსაგვარებელია – თავბრუდახვეული დავდივარ. მარტო ერთ რამეზე რომ ვოცნებობ – დავიძინო და, ამ დროს რომელიმე მეგობარმა თუ დარეკა, გამოდი, ან თვითონ გამოვალ შენთანო, ეგრევე თავიდან ვივსები ენერგიით. ყოველთვის ყველასთვის ვპოულობ დროს, არავის ვაკლებ ყურადღებას.

– წარმატებული მოდელი რომ იყო, ამისთვის საკმარისია თუ არა მხოლოდ გარეგნობა?

– არა, რა თქმა უნდა. ვიზუალური მხარე პრიორიტეტულია, მაგრამ გადამწყვეტი არ არის. სულ უნდა იმუშაო საკუთარ თავზე, საკუთარ თავში დარწმუნებული უნდა იყო და, ამ ყველაფერთან ერთად, უდიდესი მნიშვნელობა აქვს გამართლებასაც და იმასაც, თუ ვის ხელში მოხვდები. ჩვენთან ეს სფერო ჯერ კიდევ აუთვისებელია, მაგრამ მთელ მსოფლიოში უდიდესი ძალა აქვს კარგ აგენტს – მას შეუძლია, ოდნავ მოპუტკუნებული გოგოც კი „შეტენოს“ „დიორის“ ჩვენებაზე და ამის მაგალითები არსებობს. თუმცა, შეიძლება, „ჩამოსხმული“ იყო და იარო ამ ქასთინგებზე უაზროდ.

– რატომ გადაწყვიტე სამოდელო სააგენტოს გაკეთება?

– ეს არ არის მომგებიანი საქმე რომ, გითხრა, შემოსავლის გამო გავაკეთე-მეთქი. როდესაც შვეიცარიაში ვცხოვრობდი, ჩემი პროფესიით ვმუშაობდი და ბევრს ვმოგზაურობდი. სულ მეკითხებოდნენ ქართველი გოგონების შესახებ. ვამბობდი, რომ თბილისის ქუჩებში ძალიან ბევრი ლამაზი გოგო დადის. ბოლოს ერთმა ჩემმა მეგობარმა, რომელმაც ძალიან წარმატებული სამოდელო სააგენტო გააკეთა შვეიცარიაში, მითხრა, შენც გააკეთე თბილისში და ერთმანეთში ვცვალოთ მოდელები, გამოცდილება გავუზიაროთო. ასე, ამ იდეით დამუხტულმა შევქმენი სააგენტო, რომ გოგონები ევროპაში გამეშვა. მერე ამ ყველაფერმა ისე ჩამითრია, იმხელა აზარტი გაჩნდა, რომ ძალიან სერიოზულად შევეჭიდე ყველაფერს. თან, ადამიანებზე ვარ პასუხისმგებელი, მათ ბედზე. მართალია, სულ სამი წლის ვართ, მაგრამ, მგონი, რაღაც სახელი დავიმკვიდრეთ. რამდენიმე მოდელი უკვე გავუშვი ევროპაში, ერთმა ძალიან წარმატებულად იმუშავა „დისქუარდთან“.

– როგორ ახერხებ, რომ იყო მოდური ადამიანი, მხოლოდ ჩაცმულობას არ ვგულისხმობ, და, მიგაჩნია თუ არა, რომ ამა თუ იმ ღონისძიებაზე შენი მისვლა და დასწრება მათი პრესტიჟია? მინდა, აბსოლუტურად გულწრფელად მითხრა.

– დიდი მადლობა ასეთი შეფასებისთვის. ისეთ სფეროში ვმოღვაწეობ, რომ უფლებაც არ მაქვს, სხვანაირად გამოვიყურებოდე ან ვიქცეოდე. სულ ვუყურებ „ფეშენ ტივის“, სისტემატურად ვათვალიერებ ჟურნალებს. არ მინდა, ამბიციური ნათქვამი გამომივიდეს, რადგან ცხოვრებაში საკმაოდ თავმდაბალი ვარ, მაგრამ, იმისთვის, რომ გარკვეული დონე მეჭიროს, ყველა ჩვენებაზე არ გამოვდივარ. უარის სათქმელადაც ძალიან კარგი მიზეზი მაქვს – ახალი სახეები გამოვაჩინოთ, შესაძლოა, ჩემზე გაცილებით ლამაზები. ყველა შემოთავაზებას არ ვთანხმდები. ძალიან დიდი სიფრთხილეა საჭირო, რომ რაღაცეები უცებ არ შეიცვალოს.

– მეც ასე ვარ, სულ ვცდილობ, მოვზომო ყველაფერი. როგორ გამომდის, არ ვიცი. კიდევ ერთხელ გილოცავ, თაკო, და წარმატებებს გისურვებ!


скачать dle 11.3