კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არ აწუხებს ზოგიერთ ქალს სინდისი, როცა დაქალის ქმარს შეიყვარებს


სასიყვარულო სამკუთხედი ყოველთვის რთულია და სამივე პერსონაჟისთვის ერთნაირად მტკივნეული. ამ სიტუაციაში არ არსებობს ბოლომდე მტყუანი და ბოლომდე მართალი. ყველას აქვს გამამართლებელი გარემოება და ყველამ თავისი წილი პასუხისმგებლობაც უნდა იტვირთოს. როცა ქალი ამბობს, რომ გრძნობს თავის დანაშაულს, მაგრამ სიყვარულმა აჯობა მასში გონებას, ძნელია, რაღაც მომენტში, სიბრალული მაინც არ გამოიწვიოს. არავის უნდა, არეული პირადი ცხოვრება ჰქონდეს, მალავდეს თავის სიყვარულს, ეშინოდეს, რომ ამის შესახებ ვიღაც გაიგებს. საყვარლობა არც ისეთი სასურველია, როგორც ეს ვინმეს შეიძლება ეგონოს, მით უფრო მაშინ, როცა ურთიერთობა გრძნობაზეა დაფუძნებული და არა ანგარებაზე.


დიანა (28 წლის): ჩემი სიტუაცია არაფრით არის სახარბიელო, თუმცა, მომხდარს ვერავის დავაბრალებ. ეს არჩევანი მე გავაკეთე, მე მივიღე გადაწყვეტილება და, ალბათ, ახლა არ უნდა ვწუწუნებდე. მაგრამ, ძალიან დავიღალე. ამ ბოლო დროს სულ იმაზე ვფიქრობ, რომ არც ისეა საქმე, როგორი ილუზიაც მე შევიქმენი და ამდენი ხანია, თავს ვიტანჯავ. ანუ, მარტო მე არ ვარ დამნაშავე. შეიძლება, არც არავინ არის დამნაშავე და ყველაფერი ბედისწერამ დაგეგმა ასე. ცხოვრება მოულოდნელობებით ყოფილა სავსე, თანაც, უსიამოვნო მოულოდნელობებით. ათი წლის წინ ჩემი მომავალი აბსოლუტურად სხვანაირად წარმომედგინა... მაგალითად, მაშინ ვერც კი ვიფიქრებდი, რომ ჩემი საუკეთესო დაქალის მეტოქე გავხდებოდი და მასთან გავიყოფდი ადამიანს, რომელიც საკუთარ სიცოცხლეზე მეტად მიყვარს. ამბობენ, ქალებმა მეგობრობა არ იციანო. ეს ტყუილია. მე მაკა დღესაც ძალიან მიყვარს და გული მტკივა მომხდარის გამო. მიუხედავად ამისა, მაინც ვერაფერს ვცვლი და, ალბათ, ვერც შევცვლი.

– თქვენი დაქალის შეყვარებული გიყვართ?

– საქმე უფრო რთულად არის. მე ჩემი დაქალის ქმარი მიყვარს და მისი საყვარელიც ვარ. შოკში ხომ არ ჩაგაგდოთ ჩემმა გულახდილობამ? მე თვითონ ვარ შოკში, მაგრამ, კიდევ გავიმეორებ, რომ არაფრის შეცვლა არ შემიძლია. რატომ დამემართა ეს?! – იმიტომ, რომ ზედმეტად მიმნდობი და ემოციებს აყოლილი გამოვდექი. ვერ შევეწინააღმდეგე გრძნობას, სიყვარული ჩემზე ძლიერი აღმოჩნდა. საყვარლებს ძირითადად არ აინტერესებთ, რა სიტუაცია აქვს მამაკაცს ოჯახში, ხომ არ გაურთულდა სიტუაცია ცოლთან. ზოგი, პირიქით, ბედნიერია, როცა მის საყვარელს ოჯახში ყველაფერი თავდაყირა აქვს.

– როგორ ფიქრობთ, რატომ?

– იმიტომ, რომ მღვრიე წყალში უფრო ადვილია თევზის დაჭერა. მამაკაცი ძალიან სუსტი არსებაა. როგორც კი ურთიერთობები ეძაბება, მაშინვე იბნევა და გამოსავალსაც ვერ პოულობს. ქალები ამით კარგად სარგებლობენ და მშვენივრად „ჩაიჭერენ“ ხოლმე. თუ კაცი მართლა გიყვარს, მაშინ მის „გამოჭერაზე“ არ ფიქრობ, თუმცა, ძალიანაც რომ გინდოდეს, მაინც ვერ მოახერხებ, სიყვარული არ მოგცემს ამის საშუალებას. გრძნობას იქით ჰყავხარ „ჩაჭერილი“. მეც ზუსტად ასე დამემართა. ჩემივე სიყვარულის ტყვე აღმოვჩნდი და წარმოდგენა არ მაქვს, რა მომელის მომავალში. ვერ წარმოიდგენთ, როგორ ვიტანჯები. ზოგისთვის, შეიძლება, არაფერია მიუღებელი იმაში, რომ ცოლიანი კაცის საყვარელი იყოს, მაგრამ მე ამაზე ფიქრს ჭკუიდან გადავყავარ.

– მით უმეტეს, როცა ცოლი შენი დაქალია.

– თქვენ ფიქრობთ, რომ მე ამ ყველაფერს იმიტომ ვყვები, რომ თქვენი ან ვინმეს სიბრალული მჭირდება? ნამდვილად არ არის ასე. უბრალოდ, მინდა, ცოტათი მაინც შევიმსუბუქო ლოდი, რომელიც გულზე მაწევს. საკუთარი თავის მრცხვენია. ძალიან, ძალიან მინდოდა, რომ მეჯობნა ცდუნებისთვის, მაგრამ ვერ შევძელი. მე და მაკა ბავშვობიდან ვმეგობრობთ. ძალიან ახლოს ვიყავით ერთმანეთთან, დებივით. ერთმანეთისგან დაფარული არაფერი გვქონია. ისიც ყველაფერს მიყვებოდა და მეც მარტო მაკა მყავდა მესაიდუმლედ. რამდენჯერ გვითქვამს ორივეს, ნეტავი, თუ შეიძლება, რამე ისეთი მოხდეს, რაც ერთმანეთს დაგვაშორებსო და გაგვცინებია, იმდენად არარეალურად მოგვჩვენებია ასეთი რამ. როცა მაკა ვიღაც ბიჭით დაინტერესდა, ამის შესახებ პირველად მე შევიტყვე. აშკარად შეყვარებული იყო, ისეთი აღფრთოვანებით ყვებოდა მის შესახებ. მივხვდი, თვითონ ვერ ხვდებოდა, როგორ „შეება“. ვკითხე, იმას მოსწონხარ-მეთქი? ჯერჯერობით მარტო ვმეგობრობთო. სხვათა შორის, არ გამომიჩენია ინიციატივა, რომ აუცილებლად გამეცნო.

– რატომ? არ დაგაინტერესათ, ვინ შეუყვარდა თქვენს დაქალს?

– არ დამაინტერესაო, ამას ვერ ვიტყვი, უფრო, რა არის, იცით? რაღაცნაირად, შევშფოთდი. შეიძლება, შინაგანმა ხმამ მიკარნახა, რომ არ უნდა გამეცნო. სამწუხაროდ, ჩვენ ცუდად გვესმის ინტუიციის, ცუდად ვიცნობთ საკუთარ თავს და ამიტომაც ვუშვებთ უამრავ შეცდომას. მაკა რამდენიმე კვირაში საერთოდ გადაირია იმ ბიჭზე. მახსოვს, მითხრა, მის ნებისმიერ წინადადებაზე თანახმა ვარო. გამიკვირდა ეს რას ნიშნავს-მეთქი. მართლა ვერ მივხვდი, რა იგულისხმა.

– მე მივხვდი.

– დიახ, მართალი ბრძანდებით, არ იყო ისეთი ძნელი მისახვედრი. მაგრამ, ხომ გითხარით, არ ვიცნობდი იმ ადამიანს და უკვე ძალიან ვნერვიულობდი. სისულელე არ გააკეთო-მეთქი, ვუთხარი მაკას, მაგრამ საერთოდ არ მისმენდა, დაფრინავდა. რა ვქნა, ვგიჟდები, ისე მიყვარს, მის გარდა არავინ მჭირდება, ერთად უნდა ვიყოთო. იმას თუ არ უყვარხარ-მეთქი? მგონი, ვუყვარვარ, ყოველ შემთხვევაში, რაღაც გრძნობა აქვსო. ძალიან განვიცდიდი მაკას გამო. მინდოდა, ბედნიერი ყოფილიყო. გეფიცებით. აბსოლუტურ სიმართლეს ვამბობ. მე ყველაფერზე წავიდოდი მაკასთვის. ვეხმარებოდი კიდეც, რომ მოეხიბლა ის ბიჭი.

– სანამ მას გაიცნობდით, მანამდე?

– დიახ. მაკამ გაორმაგებული ენთუზიაზმით დაიწყო საკუთარ გარეგნობაზე ზრუნვა. ვარცხნილობა და თმის ფერი შეიცვალა. მგონი, შავგვრემნები მოსწონსო. ძალიან ეფექტური გოგოა და, ვფიქრობდი, ბრმა ხომ არ არის ის ბიჭი, რომ ასეთი მშვენიერება არ შეუყვარდეს-მეთქი. ვახო მაკას დაბადების დღეზე გავიცანი და მაშინვე მივხვდი, რამაც გადარია ჩემი დაქალი. ვერ დავმალავ, რომ მაშინვე მომეწონა. გარეგნობითაც არაჩვეულებრივი იყო, და პიროვნებაც ძალიან საინტერესო აღმოჩნდა. ისეთი იუმორის გრძნობა ჰქონდა, რომ ყველა იქ მყოფი სტუმარი მოხიბლა. გაუმართლა მაკას-მეთქი, გავიფიქრე, მაგრამ მთელი საღამო ვადევნებდი ვახოს თვალს და ბოლოს მივხვდი, რომ ჩემს დაქალს სერიოზული პრობლემა ჰქონდა.

– რას გულისხმობთ პრობლემაში?

– ვახოს გულგრილ დამოკიდებულებას მის მიმართ. მაკას კი უნდოდა, რომ ჰყვარებოდა ვახოს, მაგრამ მას აშკარად არ ჰქონდა ეს გრძნობა.

– თქვენ ხომ არ იფიქრეთ, რომ ამის გამო შანსი გაგიჩნდათ?

– ღმერთმა დამიფაროს! რა თქმა უნდა, არა. როგორ შემეძლო, დაქალის შეყვარებულზე ეს მეფიქრა, ხომ ვხედავდი, როგორი თვალებით უყურებდა ვახოს?! რაღაც მომენტში ძალიან შემეცოდა. გავიფიქრე, ეს ამას არ გაუჩერდება, მიატოვებს და მერე რა ეშველება მაკას-მეთქი. მაკა კი ისეთი ბედნიერი იყო, ვერაფერს ამჩნევდა. მომიყვანა ვახო და მითხრა, არ უნდა ეცეკვო შენს მომავალ სიძესო? იმ ცეკვისას მოხდა ის, რამაც ჩემი ცხოვრება თავდაყირა დააყენა. ეტყობა, რაღაც ჯადოსნობა მართლა არსებობს. ვცეკვავდი და ვგრძნობდი, ჩვენ გარშემო ჰაერი როგორ იმუხტებოდა. მე არ მჯერა ერთი ნახვით სიყვარულის. უფრო სწორად, მანამდე არ მჯეროდა. რა სისულელეა, როგორ შეიძლება, კაცი დაინახო და გაგიჟდე-მეთქი. მაგრამ იმ საღამოს მერე მოსვენება დავკარგე. მთელი ღამე არ მძინებია. საკუთარ თავს ვეუბნებოდი, არა, შენ არ გაქვს მასზე ფიქრის უფლება-მეთქი. ვიტირე კიდეც. რომ იტყვიან, საკუთარ გულს ვასკდებოდი. გადავწყვიტე, ყველანაირად მოვრიდებოდი ვახოსთან შეხვედრას.

– თქვენი დაქალისთვის არაფერი გითქვამს?

– რას ვეტყოდი, შენი შეყვარებული შემიყვარდა-მეთქი?! გამორიცხულია! ვახომ ორი დღის შემდეგ დამირეკა. მისი ხმა რომ გავიგონე, ხელები ამიკანკალდა. არ ვიცი, ვინ მისცა ჩემი ტელეფონის ნომერი. ჯერ ზოგადად ილაპარაკა რაღაცეებზე: კარგი ამინდიაო, მშვენიერი დაბადების დღე იყოო, რა კარგად ცეკვავო. მერე „შემომაპარა“, იქნებ შევხვდეთ და სადმე ყავა დავლიოთო... სასტიკი უარი ვუთხარი. იცით, როგორ მინდოდა მისი ნახვა? მაგრამ, მაქსიმალურად ვეცადე, მოახლოებული კატასტროფა ამეცილებინა თავიდან. ვახო სულ უფრო ხშირად რეკავდა და ჩვენ საათობით „ვეკიდეთ“ ტელეფონზე. ძალიან მომწონდა მასთან ლაპარაკი. ვხვდებოდი, რომ სულ უფრო ღრმად და ღრმად შევდიოდი ჩემს გრძნობაში. მაგრამ არ ვხვდებოდი, სანამ ვახომ არ მითხრა, ვიცი, რატომაც იკავებ თავს და არ მხვდები, მაგრამ მე მაკა არ მიყვარს. ვხვდებოდით ერთმანეთს, მაგრამ არ გამოგვივიდა ურთიერთობა. ამიტომ, სიყვარულზე უარი რატომ უნდა ვთქვათო. წარმოიდგინეთ, ჩემი მდგომარეობა.

– მაინც ყველა იტყვის, რომ თქვენ ჩადექით თქვენს დაქალსა და მის შეყვარებულს შორის.

– ვიცი, რომ ამას იტყვიან, მაგრამ მე ეს არ მინდოდა. ღმერთმა იცის, რომ არ ვტყუი. ყველაზე კოშმარული ღამე მქონდა მაშინ, როცა ვახომ მითხრა, გადავწყვიტე, მაკას ყველაფერი ვუთხრა და საბოლოოდ დავშორდეო. ეს თუ არ გავაკეთე, შენთან ყოფნის უფლებას ვერ მოვიპოვებო. ლამის გული გამისკდა. ტელეფონის ზარზე ვხტოდი, ველოდი, რომ მაკა დარეკავდა.

– ვახოს უნდა ეთქვა, რომ თქვენ გამო აპირებდა მის მიტოვებას?

– არ ვიცი. წარმოდგენა არ მქონდა, რას ეტყოდა, მაგრამ, ვიცოდი, რომ მაკა პირდაპირ ჩემთან გამოიქცეოდა და რა უნდა მეთქვა, როგორ უნდა დამემშვიდებინა? თუმცა, იმაზე გაცილებით უარესი მოხდა, ვიდრე წარმოვიდგენდი. მაკა მოვიდა... ისტერიკა ჰქონდა, თავს მოვიკლავ, ვახოს არ ვუყვარვარ, ჩემი მიტოვება უნდა, მე კი ფეხმძიმედ ვარო. მეგონა, მიწა გამომეცალა ფეხქვემოდან. ლამის გავგიჟდი... მივხვდი, რომ ყველაფერი დამთავრდა. ვერ დავუშვებდი, რომ ჩემს დაქალს თავისთვის რამე აეტეხა. ისეთ მდგომარეობაში იყო, მართლა მოიკლავდა თავს. მემუდარებოდა, ვახოს დაელაპარაკეო. მეც სხვა გზა არ მქონდა.

– დაპირდით, რომ დაელაპარაკებოდით?

– დავპირდი, სხვა გზა მქონდა? ერთადერთი, ვისაც მისი შველა შეეძლო, მე ვიყავი. როგორ ფიქრობთ, მაკას რომ თავი მოეკლა, მე ნორმალურად ვიქნებოდი? ვახოსთან ყოფნის შანსი არც ასე მქონდა, არც ისე. მაკას ფეხმძიმობამ ჩვენს ურთიერთობას ძალიან დიდი წერტილი დაუსვა.

– თქვენ უკვე ხვდებოდით ერთმანეთს?

– რამდენჯერმე შევხვდით, ძალიან ცოტა ხნით. მე მაინც ვერ წარმომედგინა, როგორ უნდა მოვქცეულიყავით, რომ ჩვენი სიყვარული მაკას შედარებით უმტკივნეულოდ გადაეტანა. მაგრამ, ვახოს ჰქონდა იმედი, რომ დაარწმუნებდა ჩემს უდანაშაულობაში. ერთი სიტყვით, მაკას აღსარების შემდეგ ყველაფერმა აზრი დაკარგა. თანაც, მარტო მე შემეძლო, ჩემს დაქალს დავხმარებოდი. თუ ის დღეს ვახოს ცოლია, ჩემი დამსახურებაა. ვემუდარებოდი ვახოს, თუ მართლა გიყვარვარ, ნუ გააუბედურებ იმ გოგოს, შენს შვილზეც იფიქრე-მეთქი. სერიოზულ წინააღმდეგობას მიწევდა – არ მინდა, არ მიყვარსო. ახლა ყველაფერს ვერ ვიხსენებ, რა ვუთხარი, მაგრამ მთავარი ის იყო, რომ ბოლოს გატყდა. მის კაცურ თავმოყვარეობას შევეხე. ჩვენი სიყვარული ვაფიცე, თუკი საერთოდ გაქვს სიყვარულის გრძნობა-მეთქი. მოკლედ, ბოლოს დამთანხმდა. კარგი, არ მივატოვებ, მაგრამ იცოდე, ინანებ ამასო. თუ არ მოიყვან ცოლად, თავს მოიკლავს და, შეიძლება, ამ ამბავს მეც გადავყვე-მეთქი. მაკა და მისი ბავშვი თუ არ იცოცხლებენ, ჩვენც ვერ გავიხარებთ-მეთქი. რანაირად უნდა გაგვეგრძელებინა არსებობა? ბედნიერებაზე საერთოდ აღარ არის ლაპარაკი. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ყველა გაიგებდა ამ ამბავს და, ხომ წარმოგიდგენიათ, რა ქარ-ცეცხლი დამატყდებოდა თავს.

– ესე იგი, უფრო საზოგადოებრივი აზრის შეგეშინდათ.

– „უფრო შემეშინდა“ – მთლად ასეც არ არის. კარგი, ვთქვათ ასე: შემეშინდა, ყველაფრის შემეშინდა, საკუთარი თავისაც კი. სხვის უბედურებაზე არათუ ბედნიერებას ვერ ავაგებდი, ცხოვრებასაც ვერ გავაგრძელებდი. ძალიან გთხოვთ, სწორად გამიგეთ. მე მკვდარი ვიყავი მაკასა და ვახოს ქორწილის დღეს. ენით გამოუთქმელი ტანჯვა იყო მათ ქორწილში ყოფნა. ღრიალი მინდოდა, სახეს ჩამოვიკაწრავდი, რომ შემძლებოდა და მთელი ხმით ვიტირებდი. იმ დღეს ჩემზე უბედური ადამიანი არ ყოფილა. მაკა ვერასოდეს გაიგებს, რა გადავიტანე მის გამო. ის ბედნიერი ქალია: ჰყავს ქმარი, რომელიც უყვარს და შვილი საყვარელი კაცისგან. მე ეს არ მეღირსება. მე და ვახო საყვარლები ვართ, მაგრამ ჩვენი ურთიერთობა ყველასგან დამალულია. ხომ არ დავუნგრევ ოჯახს, რომელიც ჩემი ძალისხმევით შეიქმნა?! რატომ დავთანხმდი საყვარლობაზე? – იმიტომ, რომ არანორმალურად მიყვარს და მასაც ვუყვარვარ. ვერც მე მოვერიე გრძნობას და ვერც ის. უკვე ერთ წელზე მეტია, ვწვალობთ. ზოგჯერ ვახო მეუბნება, ამ ყველაფერს წერტილი უნდა დავუსვათ და სულ ერთად უნდა ვიყოთო, მაგრამ ამის გაფიქრებისაც კი მეშინია. მაკა ვერასოდეს გამიგებს. მისთვის უსინდისო, მოღალატე ვიქნები, რომელმაც ქმარი წაართვა. რა საშინელი ბედი მქონია! უბედურება ის არის, რომ გამოსავალს ვერ ვხედავ. სხვა კაციც არ მჭირდება, მე მარტო ვახო მიყვარს. ის მოპარული წუთები მირჩევნია, მაგრამ, როცა მიდის და მარტო ვრჩები, სიცოცხლე აღარ მინდა. სიმართლე გითხრათ, იმის გამო, რომ დაქალის ქმრის საყვარელი ვარ, სინდისი არ მაწუხებს. ეს მე დავუთმე მას საყვარელი მამაკაცი. თუმცა, შეიძლება, შეცდომაც დავუშვი.


скачать dle 11.3