კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გადაიტანა მძიმე ბავშვობა ჯოხარ დუდაევმა და რატომ დაჰქონდა 8 წლის დეგი დუდაევს სკოლაში იარაღი


10 წლის ასაკიდან, სამხედრო ფორმაში, იარაღით ხელში, მამის გვერდით იდგა სამშობლოს დასაცავად. იჩქერიის პირველი პრეზიდენტის, ჯოხარ დუდაევის, უმცროსი შვილი, დეგი დღესაც მზად არის, ხელახლა გაიაროს ის გზა, რომელიც დამოუკიდებლობამდე მიდის. მართალია, დეგი თანამედროვე ქართული ისტორიის შეცვლას პირველი რიგებიდან უყურებდა, მაგრამ მისთვის დღემდე ბევრი რამ გაურკვეველი და ბურუსით მოცულია. თავის ძალიან უჩვეულო ბავშვობაზე დეგი დუდაევი „თბილისელებს“ ესაუბრა.


დეგი დუდაევი: ყველა კითხვა, რომელიც გადაცემა „სიმართლის დროში“ დაისვა, რა თქმა უნდა, ჩემთვის ძალიან მძიმე იყო – მათი დიდი ნაწილი ჩემი ერის დამოუკიდებლობას, მამაჩემს, ქვეყანას ეხებოდა; ეხებოდა ყველაფერ იმას, რასაც მამაჩემი აკეთებდა და იმას, თუ რას ვიტყოდი ამ გადაცემაში, ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. მიხარია, თუ ამ გადაცემას საქართველოში ბევრი ნახავდა და ამის შესახებ საუბარსაც დაიწყებდნენ. თუ ადრე რაიმე ინტერვიუ მიმიცია, რამე საკითხზე კომენტარი გამიკეთებია, ხალხს ამისთვის ყურადღება არ მიუქცევია. როცა საქმე სატელევიზიო შოუზე მიდგა, ჩემი სიმართლე აშკარად გაგებულ იქნა.

– როდის ჩამოხვედი პირველად თბილისში?

– პირველად 1999 წელს ვიყავი აქ, უკვე დიდხნიანი პაუზის შემდეგ გაზაფხულზე ჩამოვედი, მერე – ზაფხულში და ახლა, ერთი თვის წინ ჩამოვედი უკვე დიდი ხნით. თბილისში საკუთარი ფირმა დავარეგისტრირე. რაღაც გეგმები მაქვს საკონცერტო მოღვაწეობასთან დაკავშირებით, რაც ეხება „ივენთ პრომოუშენსა“ და „ივენთ მენეჯმენტს“. ჯერ მხოლოდ ვიწყებ.

– მოდი, ბავშვობაში დავბრუნდეთ. რა ასაკიდან გახსოვს მამა და თუ გრძნობდი თავს პრივილეგირებულად იმის გამო, რომ ჯოხარ დუდაევის შვილი იყავი?

– რა თქმა უნდა, გარკვეული პრივილეგია ამაში იყო, თუმცა, ამან რამენაირად იმოქმედა ჩემზე-მეთქი, ვერ გეტყვით. ჩვენ „სხვა“ ქვეყნის, სხვა ისტორიულ ვითარებაში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტის შვილები ვიყავით. მაგრამ, მართლა უდიდესი პრივილეგია იყო, რომ მამაჩემი ჯოხარ დუდაევი გახლდათ. მამის აღქმა საკმაოდ ადრეულ ასაკში მოხდა. და იმ ასაკშიც კი, მას ყოველთვის ვუყურებდი, როგორც ძალიან მნიშვნელოვან პიროვნებას. ასე იყო პრეზიდენტობამდეც და პრეზიდენტობის შემდეგაც. მით უმეტეს, იმ პერიოდში მამა შორეული სტრატეგიული ავიაციის მფრინავი იყო და მას ყოველთვის ჩაფხუტში, ფორმაში ვხედავდი. ჩემთვის ეს როგორ იყო, იცით?! – მამა თითქმის კოსმონავტია! (იცინის). ხომ ხვდებით, როგორი დამოკიდებულება მექნებოდა მის მიმართ?! პატარა ბიჭისთვის, რომელიც მუდმივად ფორმაში გამოწყობილ მამას ხედავს, უზარმაზარ „ტუ-22-ისა“ და „ემ 3-ის“ მოდიფიკაციის თვითმფრინავებში, რომლებიც სიჩქარეს წარმოუდგენლად მოკლე დროში ავითარებდნენ.

– შენთან თუ საუბრობდა ამ ყველაფერზე?

– არა, რადგან ცოტა დროს ატარებდა სახლში. ძალიან გვიან მოდიოდა, როდესაც უკვე მეძინა და თავთან იმ შოკოლადს დამიდებდა, რომელსაც ფრენების დროს ვიტამინების მიღების მიზნით აძლევდნენ.

– ფინანსურად როგორ ცხოვრობდით?

– ნორმალურად, ისევე, როგორც ყველა საბჭოთა ადამიანი. მაშინ განსაკუთრებულად არავის უჭირდა, ერთნაირად ცხოვრობდნენ. ერთი სიტყვით, მამა ღამით, ორი საათით თუ მოვიდოდა სახლში, მთელი საბჭოთა კავშირის თავზე დაფრინავდა. ამის შემდეგ ის გარნიზონის უფროსი გახდა და უფრო იშვიათად ვხედავდი.

– არ იყო ეს რთული?

– უმამოდ გაზრდა?! არა, რადგან, რამდენი ხნითაც არ უნდა მოსულიყო, ყოველთვის აქტიურად იღებდა ჩვენს აღზრდაში მონაწილეობას. გვერდში გვედგა ყველა საკითხში, ჩეჩნურ ენას, ტრადიციებს გვასწავლიდა. მას ეხერხებოდა ჩეჩნური ტრადიციების ბავშვებისთვის გასაგებ ენაზე გადმოცემა – ესა თუ ის ქცევა დოგმა კი არ იყო, არამედ კეთილშობილური საქმე. მას ძალიან იოლად შეეძლო ბავშვებთან საერთო ენის გამონახვა. სულ აკეთებდა ხოლმე შედარებებს თავის ბავშვობასთან. ძალიან რთულია, პატარა ბავშვს აუხსნა ჩვენი მორალური მენტალიტეტი, ამიტომ, სულ მიყვებოდა თუ რის კეთება უწევდა თავად, როგორი იყო ბავშვობაში, როგორ გაიზარდა ყაზახეთში, ჰქონდა თუ არა სათამაშოები. სულ ავლებდა პარალელებს თავის ცხოვრებასთან, მიყვებოდა, როგორ უჭირდათ, არ ჰქონდათ საჭმელი. დედა კარაქს უსვამდათ ტუჩებზე. ისინი მთელი დღე ამ კარაქს ლოკავდნენ და ასე დარბოდნენ სათამაშოდ. რა თქმა უნდა, ეს იყო რთული პერიოდი, მაგრამ მისი ხასიათის ჩამოყალიბებაში დიდი როლი ითამაშა.

– როგორი ქმარი იყო დედასთვის?

– ეს, ალბათ, უფრო დედას უნდა ჰკითხოთ, მაგრამ, როგორც ვხედავდი, ურთიერთობაში მათ პრობლემები არ ჰქონიათ, ყოველ შემთხვევაში მათი ჩხუბი არ გამიგია. ყოველთვის ხუმრობდნენ, საუბრობდნენ სხვადასხვა თემაზე, მიხაროდა მათი ყურება. შესაძლოა, ჩხუბობდნენ კიდეც, მაგრამ ჩვენ ამას არ გვანახვებდნენ.

– გარნიზონის უფროსობის შემდეგ რა ხდებოდა?

– ამის შემდეგ ჩვენ უკვე ჩეჩნეთში გადავედით საცხოვრებლად, რადგან მამა პრეზიდენტად აირჩიეს.

– მანამდე სად ცხოვრობდით?

– ირკუტსკში დავიბადე, ციმბირში; უკრაინასა და ესტონეთში ვცხოვრობდით. მხოლოდ ამის შემდეგ ჩავედით ჩეჩნეთში და, მას მერე რაც მამა პრეზიდენტად აირჩიეს, საერთოდ ვეღარ ვნახულობდით. მაგრამ ჩვენი ურთიერთობა მას შემდეგ შეიცვალა, როდესაც ჩეჩნეთის პირველი ომი დაიწყო. მთელი ომის განმავლობაში მის გვერდით ვიყავი. მამის გარდაცვალებამდე მხოლოდ სამი კვირით ადრე გამამგზავრეს სტამბულში.

– როგორც ვიცი, ომის დროს, მაშინ, როდესაც ჯერ მხოლოდ 10 წლის იყავი, უკვე თავისუფლად ფლობდი იარაღს.

– იარაღის ფიზიკა ჯერ კიდევ მაშინ შევისწავლე, როდესაც მესამე კლასში ვიყავი და ის სკოლაშიც დამქონდა. ჩემმა დაცვამ მასწავლა მისი მოხმარება – ვშლიდი და ვაწყობდი და, იმდენად კარგად ავითვისე, რომ სკოლაშიც ვატარებდი. თუმცა, რა თქმა უნდა, არ მისარგებლია. ჩეჩნეთში საომარი მოქმედებები დაიწყო, მთავრობის სახლი აიღეს, ქალაქი იბომბებოდა. პირველი დაბომბვის შემდეგ, ნოემბერში, ჯერ კიდევ გროზნოში ვიყავით. მეორე შტურმის დროს კი, 29 დეკემბერს, დავტოვეთ ქალაქი და სოფელში წავედით. ომის დაწყებამდე სამი თვით ადრე კი უკვე მამამ წაგვიყვანა და მის გვერდით ვიყავით. ვჩერდებოდით იმ ადგილებში, რომლებიც ჯერ კიდევ ჩვენ გვეკუთვნოდა. დედა, ძირითადად, დაცვის გამოკვებით იყო დაკავებული, მე კი მამას სპეციალურ შეკრებებზე დავყვებოდი. 10-11 წლის ასაკში ვერც ვხვდებოდი, რომ ომის საშინელებაში ვცხოვრობდი. ეს ჩემთვის ყველაზე ბედნიერი დრო იყო, რადგან მამისა და ჩემი ძმების გვერდით ვიყავი.

– ძმები ომობდნენ?

– ბიძაშვილ-მამიდაშვილებს შორის ყველაზე პატარა მე ვიყავი. ალალი ერთი ძმა და ერთი და მყავს, მაგრამ ჩვენ ბიძაშვილებსაც ძმებს ვუწოდებთ, ძმა და ბიძაშვილი ერთია. ძალიან ბევრი მათგანი დაიღუპა. დუდაევის გვარით მხოლოდ რამდენიმე ადამიანია დარჩენილი. ამ გვარის ბიჭების უმრავლესობა დაღუპულია.

– ეს, ალბათ, ძალიან რთული გადასატანი იყო მისთვის.

– რა თქმა უნდა. შეიძლება, გარეგნულად არაფერი ემჩნეოდა, მაგრამ, როდესაც ადამიანი კვირების, თვეების განმავლობაში სამხედრო ფორმაშია, ის თავს მოდუნების საშუალებას ვერ მისცემს. რამდენად რთული იყო მისთვის ის ინფორმაციები, რაც მოსდიოდა, არ ვიცი, არასდროს არაფერს იმჩნევდა. მე კი ბედნიერი ვიყავი. ომის დროს თავს მაინც კარგად ვგრძნობდი, რადგან მასთან ვიყავი. ასე გავატარეთ შვიდი თვე. ამ შვიდი თვის განმავლობაში სოფლიდან სოფელში გადავდიოდით. მიუხედავად იმისა, რომ გვბომბავდნენ, ადგილობრივებთან ერთად ნორმალურად ვცხოვრობდით. ხანდახან გვიწევდა ნივთების ძალიან სწრაფად მოგროვება, რაკეტებისგან დამალვა და გაქცევა.

– ომს სერიოზულად აღიქვამდი თუ ეს მაინც თამაში იყო შენთვის?

– სანამ საქმე საომარ მოქმედებამდე და დაბომბვამდე არ მივიდა, მანამდე ეს ყველაფერი, ჩემთვის რა თქმა უნდა, გასართობივით იყო. ყოველდღე სამხედრო ფორმით დავდიოდი და ცხადია, შეჩვეული ვიყავი, რომ ექსტრემალურ სიტუაციაში ვიმყოფებოდით. რამდენიმედღიანი სიმშვიდის შემდეგ ისევ ყველაფერი თავიდან იწყებოდა: ისევ სტრესი, ისევ არეულობა, აფეთქებების ხმა, ისევ განცდები, რომ ადამიანები დაიღუპნენ. მაგრამ, კიდევ ერთხელ გეუბნებით, ეს ყველაზე ბედნიერი დრო იყო ჩემს ცხოვრებაში.

პირველი ომის შემდეგ, მამის მკვლელობამდე სამი კვირით ადრე, სტამბულში წავედი და იქ ჩემს ბიძაშვილთან ერთად ვცხოვრობდი. უფროსი ძმა მამამ ორი თვით ადრე ჩეჩნეთიდან ბალტიისპირეთში გაუშვა, რათა მას ოჯახი მოენახულებინა. იმ დროისთვის ძმას ცოლ-შვილი იქ ჰყავდა. იქვე ცხოვრობდა ჩვენი დაც, მისი ქმარი კი ჩეჩნეთში ჩვენთან ერთად იყო. ერთი სიტყვით, ჩემი ძმა და სიძე ერთად გაემგზავრნენ ოჯახების მოსანახულებლად, მაგრამ დაბრუნება ვერ მოასწრეს მეორე ომი უკვე ახლოვდებოდა. ზუსტად ამ დროს ააფეთქეს მამაც. ამის შემდეგ ჩეჩნეთში დაბრუნება მხოლოდ 1998 წლის ბოლოს მოვახერხე.

– ახლა სად ცხოვრობს შენი და-ძმა?

– ძმა ისევ ბალტიისპირეთშია, ხოლო და ოჯახთან ერთად თურქეთში ცხოვრობს. მეც საკმაოდ დიდი დრო გავატარე სტამბულში.

– მამის გარდაცვალება როგორ შეიტყვე?

– ტელევიზიით, სხვა კავშირი მაშინ ჩვენ შორის არ არსებობდა. სახლში ვიყავი და საკუთარი თვალით ვუყურე ყველაფერს. უკვე მიჩვეული ვიყავი მამის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციებს, ძალიან ბევრჯერ გამოცხადდა, რომ ჯოხარ დუდაევი მოკლეს, მაგრამ, რატომღაც, იმ კონკრეტული ინფორმაციის მოსმენისას მივხვდი, რომ ეს სიმართლე იყო. საშინელი განცდები მქონდა. ვნერვიულობდი დედაჩემზე და ყველა იმ ადამიანზე, რომელიც ჩეჩნეთში დარჩა. მამასთან ერთად დაიღუპა იმჯამიევ მაგამედოვი, რომელიც ჩეჩნეთის მთავარი პროკურორი იყო.

– ზვიად გამსახურდია ალბათ, კარგად გახსოვს.

– რა თქმა უნდა. მე და გიორგი გამსახურდია ერთად ვცხოვრობდით, ერთად ვიზრდებოდით. მართალია, ოთხი წლით ჩემზე უფროსია, მაგრამ ვმეგობრობდით. მახსოვს ის დრო, როდესაც ზვიადი მთელი ოჯახით ჩამოვიდა ჩვენთან. სულ ლაპარაკობდა საქართველოზე და ძალიან განიცდიდა ყველაფერ იმას, რაც საქართველოში ხდებოდა. პირველ ღამეს, როდესაც ისინი ჩამოვიდნენ, რა თქმა უნდა, არავის დაუძინია. მეზობელ სახლში გაატარეს ორი ღამე და შემდეგ საპრეზიდენტო რეზიდენციაში გადავიდნენ. ხშირად მივდიოდით მათთან სტუმრად, რაიმე დღესასწაული იქნებოდა ეს თუ ჩვეულებრივი დღე. ერთ ისტორიას მოგიყვებით, როგორ დამათრო გიორგიმ ბავშვობაში: ზვიად გამსახურდიას დაბადების დღე იყო და მათთან საპრეზიდენტო რეზიდენციაში მივედით. გიორგიმ ჯერ რაღაც კონიაკი დამალევინა, მერე ქართული წითელი ღვინო „ახაშენი“ და საშინლად დავთვერი, თუმცა მე მხოლოდ დაბადების დღის დაწყება მახსოვს, სხვა აღარაფერი. გიორგისთვის ეს კარგი გასართობი იყო (იცინის). როდესაც დღე დამთავრდა, ყველა ერთმანეთს ემშვიდობებოდა, მიხვდნენ რომ არ ვიყავი. ორი საათის განმავლობაში მეძებდნენ საპრეზიდენტო სასახლეში. ბოლოს ავტოფარეხში, მანქანის უკან გემრიელად ჩაძინებული მიპოვეს. ასე გამეხუმრა გიორგი. მცველმა ხელში აყვანილი რომ გამიყვანა და დედაჩემმა დამინახა, გადაირია, ვერ მიხვდა რა მჭირდა. გიორგიმ, რა თქმა უნდა, არ აღიარა რა ხდებოდა, კუთხეში იდგა და იცინოდა. მაშინ, ალბათ, 8 წლის ვიყავი.

– როდის დატოვეს ჩეჩნეთი?

– ჯერ ზვიად გამსახურდია წამოვიდა საქართველოში, ოჯახი კი ჩეჩნეთში დატოვა. პირველი ომის შემდეგაც კი, გიორგი ჩვენთან ერთად ცხოვრობდა. ისინიც მეორე ომის დაწყებამდე წავიდნენ ჩეჩნეთიდან და ძალიან დიდხანს იქ აღარ ჩასულან.

უამრავი საცხოვრებელი ადგილი გამოვიცვალე. ახლა დედასთან ერთად აქ ვარ, საქმეს ვიწყებ და, ვნახოთ, რა იქნება.

– ჯოხარ დუდაევი შენთვის გმირია?

– ის იყო მამაჩემი და ჩემთვის ყოველთვის მამად დარჩება. როგორც ისტორიული და პოლიტიკური ფიგურა კი, ჯოხარ დუდაევი, რა თქმა უნდა, გმირი იყო არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ მთელი ერისთვის. მან ჩაგვინერგა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის სიყვარული, რომელიც არასდროს ჩაქრება. ეს ჩეჩნების ისტორიაა, ისინი სამასი წლის განმავლობაში იბრძოდნენ დამოუკიდებლობისთვის და იარაღი არ დაუშვიათ. ნებისმიერი ჩეჩენისთვის თავისუფლება ყველაზე დიდი ბედნიერებაა.


скачать dle 11.3