კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ დაიწყეს ადამიანების გატაცება ალბომის ჩაწერაზე მეოცნებე რეპერებმა და ვინ იყო მათი ბოლო „მსხვერპლი“


საქართველოში იყო დრო, როდესაც ადამიანის გატაცების ფაქტები ჩვეულებრივ, ხშირ კრიმინალურ შემთხვევებად ფიქსირდებოდა. ზოგისთვის ეს ბიზნესი იყო, ზოგისთვის – პოლიტიკური მიზნების განხორციელების ერთ-ერთი საშუალება, ზოგისთვის კი, როგორც გაირკვა, ეს ჰობადაც კი იქცა. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ პერიოდში ასეთი საქმეები არ იხსნებოდა და დამნაშავე, როგორც წესი, დაუსჯელი რჩებოდა, ადამიანის გატაცებით გატაცებული ახალგაზრდების დანაშაული ის იშვიათი შემთხვევა აღმოჩნდა, როდესაც დამნაშავეები დაისაჯნენ. სამართალდამცველებმა ადამიანის გატაცებაში ეჭვმიტანილთა ოთხკაციანი ჯგუფი დააკავეს. მათ შორის ერთი მანდილოსანი გახლდათ. ინსცენირებული გატაცება მათთვის საბედისწერო აღმოჩნდა, თუმცა, მანამდე ორი ადამიანი ჰყავდათ გატაცებული და მათი ახლობლებისგან სოლიდური გამოსასყიდიც ჰქონდათ მიღებული.

დაკავებულები იყვნენ: 22 წლის ნინო გაბისკირია, 23 წლის დავით ხოსროშვილი, 22 წლის თენგიზ აფხაზავა და 21 წლის ლაშა ჩიჩუა.

ნინო გაბისკირია საკმაოდ შეძლებული ოჯახიდან იყო. მამა, გურამ გაბისკირია, ბიზნესმენი გახლდათ. მას აზერბაიჯანიდან, იმ დროისთვის საკმაოდ დეფიციტური ბენზინი ჩამოჰქონდა და ყიდდა. ნინოს მშობლებთან ძალიან დაძაბული ურთიერთობები ჰქონდა. მისი თქმით, მამა მისგან უსიტყვო მორჩილებას ითხოვდა. ის ამას ვერ ეგუებოდა. ნინო სახლიდან წამოვიდა და მეგობართან, დავით ხოსროშვილთან ცხოვრობდა.

დავით ხოსროშვილი კახეთიდან მშობლებმა სასწავლებლად თბილისში გამოუშვეს. მისი მამა ღვინისა და არყის ბიზნესით იყო დაკავებული და ფინანსურად ოჯახს ძალიან კარგად უზრუნველყოფდა. მან შვილს თბილისში ბინა უქირავა და მუდმივად უგზავნიდა ფულს, მაგრამ არც დავითი იყო მშობლით კმაყოფილი. ახალგამომცხვარი რეპერი მამას ზურგსუკან დასცინოდა, თუმცა მისგან ფულს ყოველთვის იღებდა და მასთან კონფლიქტში არ შედიოდა, ცდილობდა, ფინანსური დამოუკიდებლობისთვის მიეღწია.

თენგიზ აფხაზავა დავითის თანაკურსელი და მეგობარი გახლდათ. თენგიზიც ასევე შეძლებული ოჯახის შვილი იყო. მას მშობლებთან კონფლიქტი არ ჰქონია. ისიც რეპის დიდი თაყვანისმცემელი გახლდათ და დავითთან ერთად მუსიკალური ალბომის ჩაწერაზე ოცნებობდა.

ლაშა ჩიჩუა სამეგრელოდან მშობლებმა სასწავლებლად გამოუშვეს. დავითის მშობლებისგან განსხვავებით, მათ შვილს ბინა ვერ უქირავეს და ნათესავებთან, თენგიზ აფხაზავას მშობლებთან ცხოვრობდა. ლაშას არ ჰქონდა მუსიკალური მონაცემები, მაგრამ, თანატოლის ზეგავლენით, თავადაც რეპის დიდ მოყვარულად იქცა.

ახალგაზრდები დავითის ბინაში იკრიბებოდნენ და ერთმანეთს თავიანთ აზრებს უზიარებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ შეძლებული ოჯახის შვილები იყვნენ, ალბომის ჩასაწერად ფულს ვერ შოულობდნენ. ერთ დღესაც, მათ გადაწყვიტეს, ფული კრიმინალური ქმედებით ეშოვათ. პირველი საქმე რამდენიმე თვის მანძილზე იგეგმებოდა. თავიდან ისინი ვერ ბედავდნენ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას, მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, გარისკეს და პირველი დანაშაულიც ჩაიდინეს, რაც წარმატებით დასრულდა.

პირველი მსხვერპლი ნინოს თანაკურსელი, თამუნა კაცაძე აღმოჩნდა. კაცაძის მამა, შოთა, ასევე წარმატებული ბიზნესმენი გახლდათ. მან უფროსი შვილი უცხოეთში გააგზავნა სასწავლებლად და უახლოეს მომავალში თამუნასაც უპირებდა გაშვებას. ნინომ ზუსტად იცოდა, სად და როდის დადიოდა თამუნა. ამიტომ შესაფერისი დროისა და ადგილის გათვლა არ გასჭირვებიათ. თამუნა ინგლისური ენის მასწავლებელთან კვირაში სამჯერ მიდიოდა, ჭონქაძის ქუჩაზე, საღამოს 6 საათზე. იქიდან კი რვის ნახევრისთვის ბრუნდებოდა. ზამთარში ამ დროს ბნელა. ჭონქაძის ქუჩა კი, იმ პერიოდში, თითქმის ყველა დანარჩენი ქუჩის მსგავსად, ხალხმრავლობით არ გამოირჩეოდა. ნიღბიანი ლაშა და თენგიზი გოგონას ბნელ სადარბაზოშივე დახვდნენ. პირზე ხელი ააფარეს და ქუჩაში გამოათრიეს, სადაც მათ მანქანა ელოდათ. საჭესთან დავითი იჯდა. გოგონა წინააღმდეგობას უწევდა. ახალგაზრდებს ამ წინააღმდეგობის დასაძლევად ნარკოტიკები ჰქონდათ მომარაგებული. ამის შემდგომ თამუნა სპეციალურად ნაქირავებ ბინაში გადაიყვანეს. რამდენიმე დღე, გოგონა გამოკეტილი ჰყავდათ. მათ ის ლოგინზე მიაბეს და მუდმივად ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ ამყოფებდნენ. ნინო იმ სახლში არასდროს მისულა, ბიჭები კი ოთახში ნიღბებით შედიოდნენ. იმავე დღეს ახალგაზრდებმა ქუჩის ტელეფონიდან დაურეკეს თამუნას მამას და დატყვევებული შვილის გამოსახსნელად 100 000 ამერიკული დოლარი მოთხოვეს. მამამ გამტაცებლებს ორი დღის ვადა სთხოვა. იმ დროს სამართალდამცველები დიდ ნდობას არ იმსახურებდნენ და ნინოს მამას მათთვის მიმართვა არც უფიქრია. მან დახმარება კრიმინალურ ავტორიტეტებს სთხოვა, ახალბედა კრიმინალების აღმოჩენა მათაც ვერ მოახერხეს. ბოლოს შოთა კაცაძემ გამტაცებლებს სთხოვა, 100 000-ის ნაცვლად 30 000 დოლარით დაკმაყოფილებულიყვნენ, რადგან მეტის შოვნას ვერ ახერხებდა. გარიგება შედგა და შოთამ ფული ნახალოვკაში, დადიანის ქუჩაზე, ერთ-ერთი კორპუსის სადარბაზოს მესამე სართულზე დატოვა. ფული ლაშამ აიღო და იმ სადარბაზოს სახურავიდან სხვა სადარბაზოში გადავიდა, საიდანაც უსაფრთხოდ დატოვა იქაურობა. იმავე დღეს ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ მყოფი თამუნა სამართალდამცველებმა ერთ-ერთი შეტყობინების შედეგად ქუჩაში იპოვეს. მომხდარის მერეც თამუნა დიდხანს მკურნალობდა, რის შემდეგაც მშობლებმა ის უცხოეთში გაამგზავრეს და დღემდე იქ ცხოვრობს.

ახალგაზრდა გამტაცებლებმა კი ნაშოვნი ფულით მუსიკალური ინსტრუმენტები შეიძინეს. დანარჩენი კი ისე დაიხარჯა ფუფუნების საგნებში, რომ დასახული მიზნის მიღწევა, ანუ ალბომის ჩაწერა, ვერ მოახერხეს. ამიტომ, დაუსჯელობით აღტკინებულებმა, მორიგი გატაცება დაგეგმეს. შემდეგი მსხვერპლი თენგიზის მეზობელი ოჯახი და მათი ვაჟი მამუკა გიორგობიანი აღმოჩნდა. ამჯერად მთავარი როლი მომხიბვლელ ნინიკოს უნდა შეესრულებინა. ნინო და დავითი, ამ უკანასკნელის ავტომანქანით გამუდმებით უკან დასდევდნენ მამუკას და საჭირო დროს ელოდნენ. საბედისწერო დღეს, მამუკა თავის ორ მეგობართან ერთად რესტორანში შევიდა. დავითი და ნინო მას შეჰყვნენ. ისინი მოშორებით დასხდნენ და მამუკას უთვალთვალებდნენ. ბიჭები კარგად რომ გამოთვრნენ, ნინო შეტევაზე გადავიდა. მან მამუკა საცეკვაოდ გაიწვია. გოგონას არ გასჭირვებია მთვრალი მამაკაცის მოხიბვლა. მალევე ბიჭებმა ის თავიანთ მაგიდასთან მიიწვიეს. ნინომ მამუკას სთხოვა, ჩემთან წავიდეთ სახლშიო. მათ სხვები დატოვეს და მამუკას მანქანით წავიდნენ. ნინომ ის იმ სახლში მიიყვანა, სადაც მანამდე თამუნა ჰყავდათ დატყვევებული. დავითი მათ უკან მიჰყვებოდა. სახლში შესვლისთანავე, დავითი თავს დაესხა მამუკას და თავში ჯოხის ჩარტყმით გათიშა. ის ლოგინზე მიაბეს და შემდეგი დღეების განმავლობაში, წინა მსხვერპლის მსგავსად, ნარკოტიკებით გაბრუებულს ამყოფებდნენ. ცხადია, მეორე დღეს, კვლავ ქუჩის ტელეფონის მეშვეობით, დაუკავშირდნენ მამუკას მშობლებს და კვლავ 100 000 ამერიკული დოლარი მოითხოვეს. დაზარალებულებს არც ამჯერად უფიქრიათ, პოლიციისთვის მიემართათ. მათაც ვერ შეძლეს დასახელებული თანხის მოგროვება და გამტაცებლებს 37 000 დოლარი გადასცეს. ამის შემდეგ, მამუკა შემთხვევითმა გამვლელმა უგონო მდგომარეობაში ქუჩაში აღმოაჩინა და პოლიციას შეატყობინა. დაუსჯელობით გათამამებულმა, ახალგაზრდებმა გადაწყვიტეს გაეგრძელებინათ, თავიანთი საქმე, მაგრამ, ამჯერად მსხვერპლი ვერ მოიძიეს. იმ პერიოდში მათ საახლობლოში ბევრი არ იყო შეძლებული ოჯახი, დიდ და სარისკო საქმეებს კი ხელს ვერ ჰკიდებდნენ. ამიტომ, გადაწყვიტეს, გატაცების ინსცენირება მოეხდინათ. დავითი ნინოს ახლად ნაყიდ სახლში გადავიდა საცხოვრებლად, ხოლო მამამისს მისი შვილის გატაცების შესახებ შეატყობინეს, რის სანაცვლოდაც კვლავ 100 000 დოლარი მოითხოვეს. ამჯერად გიორგი ხოსროშვილმა სამართალდამცველებს მიმართა. ცხადია, ვითომდა მეგობრის ბედით შეწუხებული თენგიზი, თბილისში ჩამოსულ დავითის მამას ხშირად ნახულობდა. მას არ გასჭირვებია იმის გარკვევა, რომ საქმეში პოლიცია იყო ჩართული, თუმცა, ამის გამო საქმის შეწყვეტა არც ერთს აზრადაც არ მოსვლია. მაგრამ, თავის დაზღვევის მიზნით, გატაცებულის მამასთან ტელეფონით საუბრისას გამტაცებელმა მას უთხრა: კარგად ვიცი, პოლიციას მაინც მიმართე, მაგრამ, ჩვენ იქაც გვყავს ჩვენი ხალხი. იცოდე, ამის გამო შენი შვილის სიცოცხლე კიდევ უფრო დიდ საფრთხეში ჩააგდე. ამიტომ, გირჩევნია, ფული მარტომ მოგვიტანო, თორემ მუქარას ავასრულებთო. ეს საუბარი გიორგიმ სამართალდამცველებს დაუმალა, თავისით შეაგროვა 56 000 დოლარი და გამტაცებლებს ფულის გადაცემაზე შეუთანხმდა. თანხა ისევ ერთ-ერთ სადარბაზოში დაატოვებინეს. ფული ისევ ლაშამ გამოიტანა, ხოლო დავითი მეორე დღეს საღსალამათი თავისით მივიდა სახლში.

სამართალდამცველებმა ის დაკითხეს. ცხადი იყო, რომ სამ გატაცებას ერთი ხელწერა ჰქონდა, არ ემთხვეოდა მხოლოდ ერთი რამ: თამუნასა და მამუკასგან განსხვავებით, დავითი არც ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა და არც მის სისხლში ჩანდა რამე მსგავსის კვალი. სწორედ ამიტომ შეეპარა გამოძიებას ეჭვი, რომ ამჯერად გატაცების ინსცენირებასთან ჰქონდათ საქმე. მით უმეტეს, საეჭვო იყო ის ფაქტიც, რომ გამტაცებლებმა შეიტყვეს გიორგისა და სამართალდამცველების ურთიერთობის შესახებ. მალე გამოძიებამ დაადგინა, რომ თენგიზი და მამუკა მეზობლები იყვნენ, ამას დაემატა ისიც, რომ სამმართველოში შემთხვევით შეხვედრისას, მამუკამ იცნო დავითი. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მთვრალი იყო, მას კარგად ახსოვდა ნინოს სახეც და მისი თანმხლები დავითიც კარგად დამახსოვრებია. მეგობრებიდან პირველი ეჭვმიტანილის სტატუსით ნინო დააკავეს. მალევე დააკავეს დავითიც, თენგიზიც და ლაშაც. არაოფიციალური ინფორმაციის თანახმად, დავითის მამა უკან დაბრუნებულ თანხას სამართალდამცველებს უტოვებდა შვილის თავისუფლების სანაცვლოდ, მაგრამ ისინი არ დასთანხმდნენ. ასევე არაოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ამის მიზეზი ის გახლდათ, რომ ნინოს მამა კატეგორიულად მოითხოვდა უკლებლივ ყველა დამნაშავის, მათ შორის თავისი შვილის დასჯას. სასამართლომ ეს მოთხოვნა დააკმაყოფილა და ოთხივე ბრალდებულს მკაცრი სასჯელი განუსაზღვრა: ნინო გაბისკირიას – თავისუფლების აღკვეთა 12 წლით, დავით ხოსროშვილს – თავისუფლების აღკვეთა 14 წლით. თენგიზ აფხაზავას – თავისუფლების აღკვეთა 12 წლით, ლაშა ჩიჩუას – თავისუფლების აღკვეთა 12 წლით.


скачать dle 11.3