კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ აპირებს რუსეთი 2010 წელს სააკაშვილის გვერდის ავლით საქართველოსთან ურთიერთობის გაუმჯობესებას


რუსულ-ქართული ურთიერთობები კიდეც თბება და ვერც თბება; თვითმფრინავები თითქოს ასაფრენადაც მზად არიან, მაგრამ ჯერჯერობით მხოლოდ ასაფრენ ბილიკს ტკეპნიან. ამის პარალელურად, რფ-ის „დუმამ“ თავის პრეზიდენტს სხვა ქვეყნებში შეიარაღებული ძალების გამოყენების პროცედურა გაუმარტივა, რაც იმის საწინდარიც შეიძლება, გახდეს, რომ სამოქალაქოზე ადრე ჰაერში შესაძლოა, რუსული სამხედრო თვითმფრინავები აიჭრან. რუსულ-ქართული ურთიერთობების 2010 წლის პერსპექტივაზე სერგეი მარკოვს გავესაუბრეთ, რომელიც რუსულ-ქართული ტელეხიდიდან ახალი დაბრუნებული იყო და მასთან საუბარიც ამ საკითხით დავიწყეთ.


– კმაყოფილი დარჩით ტელეხიდით?

– ცოტა მოსაწყენი იყო, რადგან ყველა თანახმაა, რომ სააკაშვილი დემოკრატიის მტერი და ბარბაროსია. ასე რომ, დისკუსია არ გამოვიდა, უბრალოდ ერთმანეთს ვეჯიბრებოდით, ვინ უფრო ხატოვნად დაახასიათებდა მის პორტრეტს. მგონია, რომ მე ყველაზე ნათლად დავახასიათე, ის უბრალოდ თალიბია.

– გადაგიჭარბებიათ.

– ხომ გახსოვთ, თალიბებმა რომ ბუდას ქანდაკება დაცხრილეს?! ეს იგივეა, რაც ამხელა „დიდების მემორიალის“ აფეთქება.

– „დიდების მემორიალს“ ვინ ჩივის, თბილისში დავით აღმაშენებლის ძეგლი გადაიტანეს, არადა დღესაც დავით აღმაშენებელზე დგას ჩვენი ცნობიერება, მაგრამ ძეგლები სხვა თემაა. დეკემბერში რუსეთის „დუმამ“ მიიღო გადაწყვეტილება, რის მიხედვითაც რუსეთის პრეზიდენტს გაუმარტივდა ქვეყნის გარეთ შეიარაღებული ძალების გამოყენების პროცედურა, მათ შორის, ბირთვული პასუხისაც.

– რეალურად, არანაირი შემსუბუქება პროცედურისა, რომელიც გულისხმობს რუსეთის შეიარაღებული ძალების ქვეყნის გარეთ გაგზავნას, არ მომხდარა. ის ადამიანები ფიქრობენ ასე, რომლებსაც წარმოდგენა არ აქვთ ამ საკითხზე. აქამდე პროცედურა არ იყო მკაფიოდ გაწერილი და ახლა ის უფრო ზუსტი გახდა.

– საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთს მხოლოდ საქართველოსთან ჰქონდა ომი, ამიტომაც გვაინტერესებს ეს საკითხი. იქნებ ზუსტად აღგვიწეროთ, როგორია ახლა ეს პროცედურა?

– მან შეინარჩუნა ძველი ფორმულა: პრეზიდენტი იღებს გადაწყვეტილებას რუსეთის შეიარაღებული ძალების უცხოეთში გამოყენების შესახებ და მიმართავს ფედერაციის საბჭოს, რომელიც ამტკიცებს ამ მიმართვას, მაგრამ ტექნიკურად და იურიდიულად ეს უფრო გამართულია. დეტალურადაა გაწერილი ყველა ტექნიკური ნიუანსი. ასეთი პრაქტიკა თითქმის ყველა ქვეყანას აქვს, რუსეთმა ეს გადმოიღო მსოფლიოს განვითარებული ქვეყნებისგან. შეზღუდვები აქვთ მხოლოდ გერმანიასა და იაპონიას.

– 2008 წელს როგორ მიიღო დიმიტრი მედვედევმა გადაწყვეტილება საქართველოში რუსეთის შეიარაღებული ძალების გამოყენების შესახებ? დაცული იყო კანონის მოთხოვნები?

– არ მახსოვს ნიუანსები, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ არავის პრეტენზია არ ჰქონია. შესაძლოა, პროცედურები დარღვეული იყო, მაგრამ საზოგადოებრივი აზრი იმდენად კონსოლიდირებული გახლდათ, რომ ამისთვის ყურადღება არავის მიუქცევია.

– დღევანდელი პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე და 2008 წლის აგვისტოს გათვალისწინებით, რუსეთის პრეზიდენტი კიდევ გამოიყენებს ამ კანონს საქართველოს მისამართით?

– პირდაპირ გეტყვით, ეს გადაწყვეტილება არ მიგვიღია მხოლოდ საქართველოს გამო, მივიღეთ მეკობრეებთან დაკავშირებით, რუსეთის დიპლომატების დაცვის მიზნით უცხო ქვეყნებში და ასე შემდეგ. ასე რომ, ეს კომპლექსური გადაწყვეტილებაა.

– ბირთვული ომის დაწყების პროცედურაც გამარტივდა?

– ბირთვული დარტყმის არსი ის არის, რომ რეაგირების ვადებია შემცირებული. თუ ბირთვული დარტყმა მოგვაყენეს, საპასუხო დარტყმაზე გადაწყვეტილება ერთ წუთზე ნაკლებ დროში უნდა მიიღო. ამიტომ ფედერაციის საბჭო შემდეგ დაამტკიცებს ამ გადაწყვეტილებას.

– არ მიპასუხეთ შეკითხვაზე: კიდევ მიიღებს მედვედევი გადაწყვეტილებას, რომ საქართველოს დაარტყას?

– თუ აგრესია არ იქნება რუსეთისა და მისი მოკავშირეების მისამართით, „იუჟნაია ოსეტიას“, აფხაზეთსა და სომხეთს ვგულისხმობ, არანაირი დარტყმა არ იქნება, თუ იქნება აგრესია, უდავოდ, იქნება პასუხი.

– რუსეთის პრეზიდენტს შეიარაღებული ძალების უცხო ქვეყანაში გამოყენების უფლება აქვს მაშინაც, თუ დაირღვევა რუსეთის მოქალაქეების უფლებები. საქართველოში ბლომად რუსეთის მოქალაქე ცხოვრობს. ანუ?

– თუ ქართველი ბანდიტები სცემენ რუსეთის მოქალაქეს, რა თქმა უნდა, არავინ გამოგზავნის რუსულ მოიერიშეებს, მაგრამ, თუ რუსეთის მოქალაქეებს აიყვანენ მძევლებად, რა თქმა უნდა, ადეკვატურ ზომებს გავატარებთ.

– რა პროგნოზი გაქვთ უკრაინულ არჩევნებთან მიმართებაში? ვის გამარჯვებას ელით?

– ნებისმიერი პრეზიდენტი იუშჩენკოზე უკეთესი იქნება, იმიტომ რომ იუშჩენკოზე რუსოფობისა და დამნაშავის მოგონება შეუძლებელია. მე ვფიქრობ, რომ იუშჩენკო საბრალდებო სკამზე უნდა იჯდეს.

– რა დააშავა ასეთი იუშჩენკომ?

– პირველი: მან გააჩაღა ეთნიკური შუღლი და უკრაინაში რუსთმოძულეობა დათესა. მეორეც: უკანონოდ მიჰყიდა იარაღი.

– საქართველოს?

– რა თქმა უნდა, მაგრამ, როგორც ვხედავთ, არა მხოლოდ საქართველოს აწვდიდა იარაღს. ამას გარდა, საბრალდებო სკამზე უნდა იჯდეს იმის გამოც, რომ შეასუსტა უკრაინის ბრძოლისუნარიანობა, რადგან ის შეიარაღება, რომელიც იაფად მიჰყიდა საქართველოს, მოხსნა საბრძოლო მორიგეობიდან. ის საბრალდებო სკამზე უნდა იჯდეს ქურდობისთვის, იმიტომ რომ ფულს იპარავდა როგორც იარაღით ვაჭრობიდან, ისე რუსული გაზის გადაყიდვისას. ამასთან, ის უკანონოდ აგზავნიდა უკრაინის მოქალაქეებს საომარ მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად.

– სად აგზავნიდა?

– საქართველოში.

– მე ასეთი ფაქტების შესახებ არაფერი მსმენია.

– ეს არ არის დამტკიცებული, მაგრამ არ ნიშნავს, რომ ასე არ იყო.

– „ნე პოიმან ნე ვორ“, რუსული გამონათქვამია, არა?

– რას ამბობთ?! ჯერჯერობით „ნე პოიმან“, ამიტომაც არ ზის, როდესაც გამოიჭერენ, ჩასვამენ.

– რის თქმა გინდათ, რომ საქართველოს არ აქვს შეიარაღების შეძენის უფლება?

– საქართველოს აქვს შეიარაღების შეძენის უფლება და, ამ მხრივ, იუშჩენკოს არაფერი დაუშავებია, მაგრამ მან იცოდა, რომ სააკაშვილი ომისთვის ემზადებოდა და მისთვის იარაღის მიყიდვა პოლიტიკური დანაშაულია. იურიდიული დანაშაული კი ის არის, რომ ის უკანონოდ ყიდდა იარაღს და სააკაშვილთან ერთად მაქინაციებს აწყობდა.

– მე არ ვიცი არაფერი მაქინაციების შესახებ, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ საქართველოს შეიარაღება უნდა ჰქონდეს.

– როდესაც იცი, რომ სააკაშვილი აპირებს ამ იარაღით ადამიანების დახოცვას, არ უნდა მიჰყიდო იარაღი კორუფციული სქემებით. უმაღლესმა „რადამ“ გამოიკვლია ეს საკითხი და დადო ფაქტები.

– რაკი იარაღის მიყიდვაზე მიდგა საქმე, გაგახსენებთ, 1992 წელს, როდესაც აქ ჯერ კიდევ იყო ამიერკავკასიის სამხედრო შტაბი, გენერალმა ბეპაევმა თენგიზ კიტოვანს გადასცა შეიარაღება და თქვა, საქართველოს აქვს ყველა შესაძლებლობა, მოაგვაროს თავისი პრობლემებიო, ცოტა ხანში კი ომი დაიწყო აფხაზეთში. სანამ იუშჩენკოს გაასამართლებდეთ, იქნებ ბეპაევისნაირებისთვისაც მიგეხედათ?

– რა თქმა უნდა, მაშინაც ხდებოდა ასეთი რამ, მაგრამ საბჭოთა კავშირი იშლებოდა და ყველა რაღაცას იპარავდა.

– უკრაინის არჩევნების პროგნოზზე გკითხეთ?

– ალბათ, იანუკოვიჩი გაიმარჯვებს, მისი რეიტინგი აჭარბებს ტიმოშენკოს რეიტინგს და, რაც მთავარია, მას ტიმოშენკოზე დაბალი ანტირეიტინგიც აქვს. ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია მეორე ტურისთვის. თუმცა ბევრს ვერ წარმოუდგენია, როგორ დათმობს ტიმოშენკო ძალაუფლებას მაშინაც კი, თუ ვერ გაიმარჯვებს არჩევნებში.

– რას მისცემს რუსულ-უკრაინულ ურთიერთობებს იანუკოვიჩის გამარჯვება?

– იანუკოვიჩი არ არის პრორუსი კანდიდატი, ის პროუკრაინელია, მაგრამ არ არის ანტირუსი, ამიტომ მასთან გვექნება რთული მოლაპარაკება, მაგრამ ეს იქნება მოლაპარაკება თანამშრომლობაზე.

– რთული რატომ უნდა იყოს?

– იმიტომ რომ იანუკოვიჩი ძლიერი პოლიტიკოსია და გამოხატავს უკრაინული ბიზნესის ინტერესებს, ამიტომ ეს რთული ვაჭრობა იქნება, რადგან ის ბოლო კაპიკამდე ივაჭრებს.

– ესე იგი, მხოლოდ ეკონომიკურ საკითხებზე აპირებთ მასთან ვაჭრობას?

– რა თქმა უნდა.

– რას შეცვლის სააკაშვილის პოლიტიკურ ბედ-იღბალში იანუკოვიჩის გამარჯვება?

– კარდინალურ გავლენას არ მოახდენს, იმიტომ რომ იუშჩენკო სააკაშვილს მხოლოდ პოლიტიკურ მხარდაჭერასა და იარაღს აძლევდა და სწორედ იუშჩენკოს ამ სულელურმა მხარდაჭერამ შეიყვანა სააკაშვილი ხაფანგში. იანუკოვიჩი კი სააკაშვილს არ დაეხმარება. ასე ვიტყოდი, იანუკოვიჩი სააკაშვილს ხელს არ ჩამოართმევს.

– რუსეთის პრეზიდენტი ლაპარაკობს პირდაპირ საჰაერო მიმოსვლაზე, ქართული პროდუქციისთვის რუსული ბაზრის გახსნაზე. რუსეთი, მართლაც, დაუშვებს ამას?

– რუსეთი გამოდის ურთიერთობების გაუმჯობესების ინიციატივით, მათ შორისაა საჰაერო მიმოსვლაც. მე ათჯერ მაინც მითქვამს, ჩვენ მოწადინებული ვართ, რომ დამყარდეს პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა, მაგრამ სააკაშვილი ამას ხელს უშლის.

– კიდევ ვიმეორებ, თუ ქართული პროდუქცია შევა რუსულ ბაზარზე, საქართველოს ეკონომიკა ამოისუნთქებს. რუსეთს აძლევს ხელს, რომ საქართველო წელში გაიმართოს, როდესაც პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია?

– რუსეთს არ აძლევს ხელს სააკაშვილის დახმარება, იმიტომ რომ ის დამნაშავე და ჰიტლერის თაყვანისმცემელია.

– ასეთი ის რუსეთის აზრითაა.

– მაპატიეთ, მაგრამ ჰიტლერი საფლავიდან ტაშს უკრავს სააკაშვილს. ჰიტლერს მოეწონებოდა სააკაშვილის ეს მოქმედებები, ძეგლის აფეთქება მაქვს მხედველობაში?

– მე უკვე გითხარით, რომ მანამდე დავით აღმაშენებლის ძეგლი გადაიტანეს.

– ჰიტლერს მიუფურთხებია დავით აღმაშენებლისთვის, მაგრამ გთხოვთ, მიპასუხოთ ინტელექტუალური სიმართლით: ჰიტლერს მოეწონებოდა „დიდების მემორიალის“ აფეთქება?!

– თუ კონტექსტიდან ამოვაგდებთ ამ ფაქტს, ჰიტლერს მოეწონებოდა „დიდების მემორიალის“ აფეთქება, მაგრამ, თუ სრულ კონტექსტს გავითვალისწინებთ, ეს ჰიტლერის გასახარად არ გაკეთებულა. იქნებ შეკითხვაზე მიპასუხოთ?

– რა თქმა უნდა, რუსეთს არ აძლევს ხელს, რომ სააკაშვილი გააძლიეროს, მაგრამ ჩვენ გვიყვარს ქართველი ხალხი, ქართული კულტურა და ვცდილობთ, რომ მათ მდგომარეობა შევუმსუბუქოთ. ვცდილობთ, დავეხმაროთ იმ ადამიანებს, რომლებისთვისაც რუსეთი და საქართველო, ორივე, სამშობლოა. საქართველოშიც ცხოვრობენ ადამიანები, რომლებისთვისაც რუსეთი მეორე სამშობლოა. მაგრამ ისეც შეიძლება, მოხდეს, რომ ჩვენ მოვილაპარაკოთ და შემდეგ სააკაშვილმა რაღაც „გამოაგდოს“ – გამოაგზავნოს თვითმფრინავი წარწერით: „საქართველო უდიდესი დერჟავაა, რომელმაც დაამარცხა საზიზღარი იმპერია“. სააკაშვილი არის რუსულ-ქართული ურთიერთობების მტერი. მისი ოცნებაა, რომ საქართველოდან არავინ იაროს რუსეთში. ასე არ არის?!

– სააკაშვილის ოცნებებზე მართლაც არაფერი ვიცი. მედვედევის ამ განცხადებაში ხომ არ იმალება ასეთი პოლიტიკური გზავნილი: თუ ქართველი ხალხი გააკეთებს, რუსეთის აზრით, სწორ არჩევანს და არ დატოვებს სააკაშვილს, მაშინ რუსულ ბაზარზე ქართული პროდუქციაც შევა და ყველაფერი აღდგებაო?

– არა. ჯერ ერთი, ასეთი პოლიტიკური მესიჯი ასჯერ მაინც გამოიგზავნა: სააკაშვილთან არ შეგვიძლია საქმის დაჭერა, იმიტომ რომ ის სამხედრო დამნაშავეა. მან გასცა ბრძანება, დაეხოცათ რუსი სამშვიდობოები და ეს მას არ შერჩება!

– სამწუხაროდ, რუსეთი ბირთვული სახელმწიფოა და შეუძლია თქვას, რომ არავის შეარჩენს თავისი მოქალაქეების სიკვდილს, ჩვენ ვერ დავიქადნებთ, რომ არავის შევარჩენთ ჩვენი სოფლების მიწასთან გასწორებას და ჩვენი მოსახლეობის გაჟლეტას. აქ ძალაშია მხოლოდ საქმე.

– ძალა არ არის საქმე. სააკაშვილი არის „პოდლი აგრესორ“, რომელმაც გასცა ცეცხლის გახსნის ბრძანება, არიან რუსი სამშვიდობოები, რომლებმაც ამ აგრესორს უპასუხეს და არის ქართულ-ოსური კონფლიქტი, რომელმაც გამოიწვია ქართული სოფლების განადგურება, მაგრამ ვინ გააღვივა ეს შუღლი?! ხომ იცით, რომ ოსებსა და ქართველებს შორის სააკაშვილის მოსვლამდე კარგად მიდიოდა საქმე? სააკაშვილმა გასცა ბრძანება, რომ განელაგებინათ სპეცრაზმი იმ სოფლებში, რომლებიც ჯავასა და ცხინვალს შორის მდებარეობს და სპეცრაზმს შეურაცხყოფა უნდა მიეყენებინა ოსებისთვის.

– ეს მტკნარი სიცრუეა. ეს არის ქართველებით დასახლებული ქართული ტერიტორია, რომლებსაც აწიოკებდნენ ყოველდღიურად და სპეცრაზმი სწორედ იმიტომ სჭირდებათ, რომ დაიცვას მოსახლეობა?

– წაიკითხეთ ევროკომისიის დასკვნა, იქ წერია, რომ ყველაფრის დარეგულირება შეიძლებოდა. მე ველაპარაკე ოსებს, მათ მითხრეს, ქართველებს უკეთესი სახლები ჰქონდათ და ჩვენზე უკეთ ცხოვრობდნენ, იმიტომ რომ ჩვენზე ბევრს მუშაობდნენ, მაგრამ, როდესაც სააკაშვილი მოვიდა, მათ ჩვენი შეურაცხყოფა დაიწყესო.

– როდესაც პირდაპირი მიმოსვლა აღდგება, მე თქვენ შეგახვედრებთ ადამიანებს, რომლებიც სულ სხვა ისტორიებს მოგიყვებიან. არ ვიკამათოთ ომზე, ეს არ არის ჩვენი საუბრის თემა.

– კარგი. მართალია, რუსეთის პირველი პირები არ აპირებენ სააკაშვილთან ლაპარაკს, მაგრამ ჩვენ სააკაშვილის დროსაც შეგვიძლია ურთიერთობის გაუმჯობესება. ჩვენი ტრანსპორტის მინისტრი შეიძლება, შეხვდეს თავის ქართველ კოლეგას, ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრი შეიძლება, შეხვდეს თქვენს მინისტრს.

– მოელით, რომ საქართველოს პოლიტიკური კურსი შეიცვლება პროდასავლურიდან პრორუსულისკენ?

– რის პროდასავლური?! თქვენი კურსი არის პრომაკკეინური. დასავლურ სტილში არ არის ფაშიზმის წინააღმდეგ აღმართული ძეგლების აფეთქება. ამ ფაქტმა, სხვათა შორის, კიდევ უფრო გაზარდა სიძულვილი სააკაშვილის მისამართით, განსაკუთრებით, ასაკოვან ადამიანებში. ვინ არიან ძირითადად ამომრჩევლები?! პენსიონერები.

– პენსიონერებს პენსიას უმატებენ და არჩევნებისას ისინი ამით უფრო იხელმძღვანელებენ, ვიდრე ძეგლის აფეთქებით. 2010 წელიც დაიწყო და თქვენი პროგნოზით, დათბობა დაიწყება საშუალო სამთავრობო რგოლების დონეზე?

– მე ასე დავარქმევდი: მოხდება ინფრასტრუქტურული ნორმალიზაცია. იქნება საავიაციო მიმოსვლაც; შეიძლება, სარკინიგზოც, ამოქმედდება პირდაპირი საბანკო ოპერაციებიც.

– თუ სააკაშვილის შემდეგ პროდასავლელი ლიდერი მოვა, ეს რუსეთისთვის მისაღები იქნება?

– ჩვენ შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს ბულგარეთთან, რომელიც პროდასავლურია. საქმე ეს არ არის. ჩვენ არ ვითხოვთ, რომ ვინმე არ იყოს პროდასავლელი. ჩვენთან მედვედევი და პუტინიც კი პროდასავლელებად განიხილებიან. ჩვენ გვინდა, რომ არ იყვნენ ანტირუსები. არ უნდა ავურიოთ ერთმანეთში პროდასავლური და ანტირუსული, ისინი სინონიმები არ არის.

– და რას მიიღებს ქართველი ლიდერი იმის სანაცვლოდ, რომ არ იქნება ანტირუსი?

– ეკონომიკური ერთიერთობებისა და კომუნიკაციების მხრივ ნორმალიზაციას და ეს, ალბათ, მთავარია. აქვე ვიტყვი, ოსი და აფხაზი ხალხებით ვაჭრობას არავინ აპირებს, მაგრამ ჩვენ მივეხმარებით ქართველებს ოსებთან და აფხაზებთან ურთიერთობის მოწესრიგებაში.

– ეს არ გამოვა, თუ ისინი დამოუკიდებლები იქნებიან.

– გამოვა, დამიჯერეთ! როგორ, საქართველო მუდმივად სიძულვილით შეხედავს ოსეთსა და აფხაზეთს?!

– არა, საქართველო მუდმივად შეხედავს მათ, როგორც თავის წართმეულ ნაწილებს.

– ხომ გესმით, რომ ეს არ არის ოკუპაცია?!

– აბა, რა არის?! გამოყრილია ძირძველი მოსახლეობა?!

– რუსეთი ხელს შეუწყობს დევნილების დაბრუნებას.

– მაშინ ეს აფხაზეთი და „იუჟნაია ოსეტია“ კი არა კიდევ ორი ქართული სახელმწიფო გამოვა.

– არა, რუსეთი ხელს შეუწყობს ურთიერთობის მოწესრიგებას, მაგრამ არ ივაჭრებს აფხაზებით, ისინი ჩვენი მონები არ არიან. რუსეთი დაინტერესებული იქნებოდა, რომ აფხაზეთს გაეხსნა სახმელეთო საზღვარი რუსეთთან, მაგრამ აფხაზებს ეს არ უნდათ და ჩვენ პატივს ვცემთ მათ ამ სურვილს. აფხაზები თანახმა არიან დევნილების დაბრუნებაზე, მაგრამ არა ყველას დაბრუნებაზე.

– ეს ძალიან საინტერესო საკითხია: არ დავაბრუნებთ მათ, ვინც იომაო?

– ჯერ ერთი და, მეორეც, ისეთი დაბრუნება უნდა იყოს, რომ კარდინალურად არ შეიცვალოს დემოგრაფიული სურათი.

– ახლა თქვენ მიპასუხეთ ინტელექტუალური სიმართლით: ხომ მოეწონებოდა ჰიტლერს ასეთი დისკრიმინაციული მიდგომა ეროვნული ნიშნით?!

– ეს მიდგომა არის ნაციონალისტური, მაგრამ აფხაზები პატარა ნაციაა და, მათი აზრით, მათ განიცადეს ეთნიკური აგრესია საქართველოს მხრიდან.

– ძალიან საინტერესო ეთნიკური აგრესია განიცადეს ქართველების მხრიდან: ამის შედეგად აფხაზეთში ქართველების ეთნიკური წმენდა მოხდა.

– ისინი ფიქრობენ, რომ ეთნიკური ბალანსი ქართველების სასარგებლოდ ხელოვნურადაა შეცვლილი.

– ამას სტალინსა და ბერიას აბრალებენ, მათი ეს ვერსია ცნობილია.

– ისინი ამბობენ, ჩვენ გვაქვს უფლება, აფხაზეთში აფხაზი სხვებზე ბევრი იყოსო.

– და თქვენ რას პასუხობთ მათ ამაზე?

– ჩვენ ვფიქრობთ, რომ აფხაზებს აქვთ უფლება, იყვნენ უმრავლესობაში აფხაზეთში. ომის შემდეგ მაღალი მგრძნობელობაა და ყველა თანხმდება, რომ დევნილების ჩასახლების პროცესს სიფრთხილით უნდა მოეკიდონ.

– რუსული პოლიტიკური ელიტა ხშირად გვახსენებს, რომ ჩვენ ერთი რწმენა გვაქვს. ჩვენ, ყველანი, მართლმადიდებლები ვართ, ამიტომ ზუსტად ვიცი, რომ მწარედ დაისჯება ჩვენ შორის ყველა, ვინც დამნაშავეა.


скачать dle 11.3