კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ ჩამოასახლა საქართველოში ოსები და როგორ გაათავისუფლა გიორგი ბრწყინვალემ მათ მიერ უკანონოდ და თვითნებურად დაკავებული გორი


გიორგი ბრწყინვალის შესახებ ბევრი რამ არაა ცნობილი ჩვენს ისტორიაში, თუმცა, არსებული მასალებით, მაინც გვეძლევა საშუალება, შეგვექმნას სათანადო შთაბეჭდილება ამ დიდი მეფის შესახებ. ჩვენი რესპონდენტია ისტორიკოსი, პროფესორი ვაჟა კიკნაძე. თუ როგორ გაუსწორდა მეფე გიორგი მოღალატე დიდებულებს, რამდენი წელი მოანდომა ოსებისგან უკანონოდ დაკავებული გორის დაბრუნებას და როგორ გააერთიანა მან საქართველო, ამას ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.


ვაჟა კიკნაძე: მონღოლთა პოლიტიკის უშუალო დამსახურება იყო ის, რომ საქართველოს სამეფო ტახტზე ერთდროულად აღმოჩნდა რამდენიმე მეფე. ასე რომ, შეიძლება ითქვას, როდესაც გიორგი ბრწყინვალე ტახტზე ავიდა, საქართველოში „მრავალმეფიანობის“ ხანა იდგა.

– ვინ იყვნენ ეს მეფეები?

– ერთ-ერთი მათგანი იყო დავით მერვე, დემეტრე თავდადებულის უფროსი ძე. როდესაც დავითი დაიბარეს ურდოში, იცოდა რა მამის მაგალითი, ის შეშინდა და გამაგრდა მთიულეთში – ხადას ხეობის ბოლოს. მონღოლებმა რამდენჯერმე ილაშქრეს მის წინააღმდეგ, მაგრამ უშედეგოდ. ასე რომ, დავითი, მიუხედავად იმისა, რომ ბოლომდე მთაში დარჩა, მაინც მეფედ მიიჩნევდა თავს და ასეც იყო ოფიციალურად. მონღოლებმა დავით მერვის პარალელურად, მისი მომდევნო ძმა – ვახტანგ მესამეც გაამეფეს. ამავე დროს 1299 წლისთვის პირველად ჩნდება ასპარეზზე გიორგი მეხუთე (ბრწყინვალე). მასაც, ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდას, თბილისის ტახტს სთავაზობენ. გამოდის, რომ ის მხოლოდ თბილისის მეფე უნდა ყოფილიყო. ტახტზე მჯდარი სამივე პიროვნება ძმები იყვნენ. თითოეული მათგანი სხვადასხვა ცოლთან შეეძინა დემეტრე თავდადებულს. ეს კიდევ არ არის სრული სია იმდროინდელი ტახტის მპყრობელებისა. ოდნავ ადრე, დასავლეთ საქართველოში, იგივე მონღოლების გამო, დავით ნარინი გადავიდა, სადაც მან, ფაქტობრივად, ახალი დინასტია დააარსა. გიორგი ბრწყინვალის გამეფების პერიოდისთვის, დავით ნარინის შვილები – კონსტანტინე და მიქელი ეცილებოდნენ ერთმანეთს ტახტისთვის. ასე რომ, ამ დროისათვის დასავლეთ საქართველოში ორი მეფეა, აღმოსავლეთში – სამი. მეთოთხმეტე საუკუნის დასაწყისში ჩნდება კიდევ გიორგი მეექვსე, „მცირედ“ წოდებული, რომელიც დავით მერვის ძეა. როგორც ჩანს, დავითი მაინც გაურიგდა მონღოლებს სიკვდილის წინ, რის შედეგადაც, მისი მცირეწლოვანი ძე გაამეფეს, მოურავად კი დაუნიშნეს გიორგი ბრწყინვალე. ამდენი მეფეა იმდროინდელ საქართველოში და არც ერთი არ არის ძლიერი მმართველი. ამავე დროს, პეტრიწონის მონასტერში არის შემორჩენილი ხატი, რომლის წარწერის მიხედვითაც, 1311 წელს კიდევ ახალი სახელი ჩნდება ქართულ ხატზე. ხატი ტაოელ ქართველ ბერებს მოუჭედავთ და მასზე წერია, რომ „ქართლში“, ანუ საქართველოში, ამ დროისთვის მეფობდნენ კონსტანტინე და დიმიტრი.

– კონსტანტინე ვიცით ვინცაა, მაგრამ დიმიტრი ვინღაა?

– როგორც ჩანს, ეს არის ვახტანგ მესამის ძე. ამ წელს ვახტანგიც გარდაცვლილია და დავითიც. მონღოლებმა კი ორივეს ვაჟები გაამეფეს. ამდენი მეფე იყო ერთდროულად საქართველოში მეთოთხმეტე საუკუნის დასაწყისისთვის და ამ ყველაფერს ბოლო მოუღო გიორგი ბრწყინვალემ, როდესაც უკვე რეალურად ავიდა ტახტზე, ოღონდ, არა თბილისის, არამედ მთელი საქართველოსი. მაშინდელი წესის მიხედვით, გიორგი ბრწყინვალე გამოცხადდა ჩობან ნოინთან, ანუ პირველ ვეზირთან და კარისკაცთან და აბუსაიდ მცირეწლოვან ყაენთან. ეს აუცილებელი იყო, რადგან მონღოლებს უნდა დაემტკიცებინათ საქართველოს მეფეები. გიორგი ბრწყინვალის რეალური მეფობა დაიწყო 1318 წელს. სამწუხაროდ, ძალიან ცოტა ცნობაა შემორჩენილი ამ პერიოდიდან. ამის მიზეზია ჯერ თემურ ლენგის შემოსევები, მანამდე კი, შავი ჭირის დიდი ეპიდემია. ამ დროს მოისპო ძალიან ბევრი წყაროც.

როდესაც დემეტრე სიკვდილით დასაჯეს, გიორგი მაშინ „მცირე ყრმა ყოფილა“. ამის შემდეგ, ის იზრდებოდა ძალიან ჭკვიანი პოლიტიკოსის – ბექა ჯაყელის კარზე, რომელიც მისი ბაბუა იყო დედის მხრიდან. ანუ, გიორგი ბავშვობიდანვე გაიზარდა ისეთი დიდებულის კარზე, სადაც კარგად იცოდნენ, თუ როგორ უნდოდა ქვეყნის მართვა. ბექა ჯაყელს უზარმაზარი ტერიტორია ემორჩილებოდა, დაწყებული ტაშისკარიდან, ვიდრე სპერამდე და ზღვამდე. სპერი დღეს არის შუა თურქეთში. ეს იმას ნიშნავს, რომ მთელი სამხრეთ-დასავლეთ საქართველო ბექა ჯაყელის ხელში იყო. ის ძალიან ძლიერი მმართველი გახლდათ. ასე რომ, მის კარზე აღზრდამ ძალიან ბევრი რამე მისცა გიორგის, როგორც პოლიტიკოსს. გამეფების შემდეგ, პირველი, რაც გააკეთა გიორგი ბრწყინვალემ, ეს იყო გორის გამოხსნა ოსთაგან. მრავალმეფიანობისა და იმის გამო, რომ ქართლი დასუსტებული იყო, ოსებს, მონღოლთა შუამდგომლობით, ქართველმა მეფეებმა ნება დართეს, ჩამოსახლებულიყვნენ და დასახლებულიყვნენ გარკვეულ ადგილებში. მაგრამ ოსებმა ისარგებლეს ქვეყანაში არსებული არეულობით და მათ ქალაქი გორი სრულიად უკანონოდ და თვითნებურად მიიტაცეს. ამის შემდეგ, საილხანოს კარზე დიდი ცვლილებები მოხდა.

– ანუ?

– აბუსაიდმა, როდესაც სრულწლოვანი გახდა, აღარ მოინდომა გავლენიანი ჩობან ნოინის მეურვეობა და 1327 წელს ის მოაკვლევინა. სწორედ ამ დროისთვის უნდა დაეწყო გიორგი ბრწყინვალეს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა. სხვა შემთხვევაში, ისიც მამის – დემეტრეს ბედს გაიზიარებდა, დემეტრეს, რომელიც დასაჯეს მხოლოდ იმიტომ, რომ კარგი ურთიერთობა ჰქონდა ბუღა ნოინთან: როდესაც ბუღა ნოინი სიკვდილით დასაჯეს, დემეტრეც გამოიძახეს საყაენოში და მხოლოდ ყოფილ პირველ ნოინ ბუღასთან კავშირის გამო დასაჯეს სიკვდილით. ანალოგიურად, გიორგი ბრწყინვალესაც კარგი ურთიერთობა ჰქონდა ჩობან ნოინთან. ამ მომენტს ემთხვევა ლოგიკურადაც და ვახუშტის ცნობითაც, გიორგის მიერ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის დაწყება. როგორც ჩანს, ეს ბრძოლა გაგრძელდა დაახლოებით რვა წლის განმავლობაში, ანუ მანამ, სანამ თვითონ ახალგაზრდა აბუსაიდი არ გარდაიცვალა (1335). რადგან მას მემკვიდრე არ ჰყავდა, საილხანო ნაწილებად დაიშალა და დაშლის შედეგად წარმოქმნილმა სხვადასხვა პოლიტიკურმა ერთეულებმა ერთმანეთში დაიწყეს ბრძოლა. საქართველომ სწორედ ამ პერიოდში მოიპოვა დამოუკიდებლობა. როგორც ვახუშტი ამბობს: გიორგი ბრწყინვალე ყველგან ბრძოლით არ ათავისუფლებდა საქართველოს ტერიტორიებს, თუკი შესაძლებელი იყო, დიპლომატიური და მოლაპარაკების გზითაც მოიპოვებდა თავისუფლებას. ამ დროისათვის, დასავლეთ საქართველოში, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მეფობისთვის იბრძოდნენ კონსტანტინე და მიქელი, რომელნიც ისე გარდაიცვალნენ, საბოლოოდ ვერ მორიგდნენ. მათ შემდეგ ქუთაისში ტახტზე დასვეს მცირეწლოვანი ბაგრატი, რომელიც დასავლეთ საქართველოს ვერ მართავდა. როცა გიორგი ბრწყინვალემ ეს ვითარება დაინახა, იმერეთში გადავიდა და მთელი დასავლეთ საქართველო შემოიერთა.

ჩობან ნოინის სიკვდილის შემდეგ გიორგი ბრწინვალემ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ გააკეთა: მან, თითქოსდა სადარბაზოდ, ცივის რეზიდენციაში მიიწვია მთელი მოღალატე ერისთავები, რომელნიც, როგორც წყაროში წერია: „ჩინგიზთ მიუდგნენ“, ანუ მონღოლების მხარე დაიჭირეს და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში გიორგის გვერდით არ დადგნენ. ამიტომ, გიორგიმ ყველა ამოწყვიტა.

– როგორც ცნობილია, გიორგი ბრწყინვალემ საკანონმდებლო ძეგლებიც შექმნა.

– ეს გახლდათ საკანონმდებლო ძეგლი მთიულებისთვის. ეგრეთ წოდებული „ძეგლის დადების“ მიხედვით, გიორგიმ მთიდან მოიწვია იქაური ავტორიტეტები (ხევისბერები, ეროვანნი) და მათთან ერთად ჟინვალის საზაფხულო რეზიდენციაში შეადგინა ეს ძეგლი. მანამდე, მთიანეთში ძალიან ბევრი არეულობა და დაუსჯელობა იყო და გიორგიმ ყველაფრისთვის „სისხლის ფასი,“ ანუ გადასახადი დააწესა. რამდენად ფასობდა გლეხის სისხლი, ხევისთავის, ფეოდალის და ასე შემდეგ. ამ ძეგლმა აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში ყველაფერი მოაწესრიგა.

ამავე პერიოდს (1330) ეკუთვნის სოხუმის კათოლიკე ეპისკოპოსის – პეტრე გერალდის წერილი კენტერბერის არქიეპისკოპოსისადმი. წერილში ნათქვამია, რომ ის, ღვთის განგებით, დანიშნულია „ქვემო საქართველოს“ ქალაქ სებასტოპოლისში იქაური კათოლიკური სამწყსოს მეთაურად. სებასტოპოლისი სოხუმის ძველი სახელწოდებაა. პეტრე გერალდის სიტყვებში საინტერესო განმარტება ჩანს, რომ სოხუმი ეგრეთ წოდებულ „ქვემო საქართველოში“ შედიოდა.


скачать dle 11.3