კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ აცილებდნენ ძველ წელს, რით ხვდებოდნენ ახალ წელს ქართველები და რა დანიშნულება ჰქონდა ამ დროს ზარს


ქართველებს ახალ წელთან დაკავშირებით ყოველთვის ძალიან საინტერესო რიტუალები და წესები ჰქონდათ და თითოეულს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა. ამის შესახებ უფრო დაწვრილებით კომპოზიტორი ნოდარ მამისაშვილი გვესაუბრება.


ნოდარ მამისაშვილი: ხშირად გაზეთებში აქვეყნებენ და ალბათ, წელსაც დაწერენ, რომ რომელიღაც ხალხს ოთხჯერ ჰქონია ახალი წელი, ზოგს – სამჯერ, ორჯერ. მათ ჩვენ მივანიჭეთ ახალი წლის მნიშვნელობა, თორემ ეს ზეიმი დაკავშირებული იყო მოსავლის აღებასთან, გაზაფხულის დადგომასთან და სხვა ასეთი ტიპის საკითხებთან. წელიწადის ყველაზე კარგი განმარტება აქვს სულხან-საბა ორბელიანს. ეს არის 365 დღე, 12 თვე, 52 კვირა და ექვსი ჟამი. ექვს ჟამში 60 დღეზე ცოტა მეტია. ჩვენთან, ხშირად, მანდილოსნებზე, რომლებიც სამოც წელს არიან გადაცილებული, ამბობენ, ხნიერი, მოხუცებული ქალები არიანო. ძველად მანდილოსანს ასეთ რამეს არ აკადრებდნენ. ის იყო ჟამნახული. ანუ 60 წელს გადაცილებული ქალი ჟამნახული იყო მანამდე, სანამ ის იცოცხლებდა. მაგრამ, არანაკლებ საინტერესოა ახალი წლის განმარტებასთან დაკავშირებით რა წყაროს იყენებს სულხან-საბა ორბელიანი, რა ატრიბუტები ჰქონდა ახალ წელს. ამიტომ მე არ შევეხები უკვე ცნობილ ელემენტებს და შევეხები მხოლოდ ამ ატრიბუტებს.

– რომელ ატრიბუტებზე ლაპარაკობთ?

– ეს, საბედნიეროდ, შემორჩენილია ჩვენს ფოლკლორში, სასმისების დასახელებაში, ხალხურ სიმღერაში. საქართველოში ძველებურ ახალ წელს, შემოდგომის ახალ წელს ვგულისხმობ, ჰქონდა თავისი სიმბოლო და ეს სიმბოლო შესანიშნავად აისახა ხალხურ პოეზიაში. „ახალ წელიწადს წლისთავსა ვიკვლევ ვაზისა რქითამცა, შენი სახლიცა ამსილა ტყავ-კაბა-ზარბაბითამცა“. ეს არის ის მუდმივი სიმბოლოები, რომელიც შემდეგში გადავიდა თვით ახალი წლის მახასიათებელ კატეგორიაში. იმიტომ, რომ ვაზის რქითაცა არამცთუ ვიკვლევთ წლისთავსა, არამედ ვაზის რქით ვარკვევდით, სად არის წყალი, ჭა სად უნდა ამოგვეთხარა. ვაზის რქა იყო ძალიან საინტერესო გეოპათოლოგიური, საეკლესიო ზონების მიმკვლევი, ანუ სადაც ხდება ადამიანის სულიერი განწმენდა. სრულიად ბუნებრივია, რომ წმიდა ნინოს ვაზის ჯვარი ჰქონდა ანუ ვაზის რქას, როგორც გამკვლევს გზისას, მის სიმბოლოს, უნდა გაეკვალა გზა ახალი წლისთვის, რომ ის ვიღაცის ოჯახში მისულიყო. ეს ახალი წლის შესანიშნავი სიმბოლო იყო და ამიტომ განსაკუთრებულ დროს კი არ აღინიშნებოდა, მაგალითად, სექტემბერში, ოქტომბერში, არამედ მას ისეთივე მნიშვნელობა ჰქონდა, როგორც წმიდა ნინოს ჯვარს. თუმცა, წმიდა ნინოს ჯვარი უფრო ამაღლებული და ზეციურია. მაგრამ მხოლოდ ეს არ არის, გამოთქმაში გამოყენებულია სიტყვა: „ზარბაბითამცა“, რაც ოქროს ძაფით ნაკერს ნიშნავს, ანუ ტყავ-კაბა ოქროს ძაფით ნაკერი იყოსო. მაშინ ოქროს სხვა მნიშვნელობა ჰქონდა, ანუ მზის და, ესე იგი, მზის მადლი არ დაეკარგოსო. ხშირად ჩვენ მარტივად წარმოვიდგენთ ხოლმე სიტყვა მეკვლეს. ძველად ეს სიტყვა იწერებოდა – მეკულე და უ-ს ჰქონდა ზემოდან დასმული ნიშანი, რომელიც ვ-ს შემცვლელი იყო, ამიტომ მეკულე გამოდიოდა მეკვლე. ამაზე არაფერს ვიტყოდი, რომ არა უ-ს განსაკუთრებული მნიშვნელობა. უ იყო უფლისა. მეკულე არ იყო მხოლოდ ჩვეულებრივი მიმლოცველი. საერთოდ, მომკულება ნიშნავდა გამშვენებას, ანუ უნდა ყოფილიყო გამშვენებული ახალი წელი. ეს არ იყო მეკულეს მიერ უბრალო მილოცვა, დალოცვა. ეს იყო მილოცვა გამშვენებით. მეკულე, ანუ გამშვენება, მეკულე-მეძღვნე, მეკულე-იგივე მეკვლე, კულა-სასმისი და ამ უ-სა და ვ-ს შენაცვლება აღმატებულ კატეგორიაში; ასევე წლის დაყოფა ისე, რომ ქალბატონს ჟამნახულს უწოდებენ – ეს არა მხოლოდ ენის სიმდიდრეა, ეს ენის სულიერებაა. სწორედ ექვსი ჟამი, ექვი რიცხვი განაპირობებს მთელ წელს. ექვსი კი არის ჰარმონიის რიცხვი – სამი მამაკაცი, სამი ქალი და მათ მიერ შექმნილი ვარსკვლავი წონასწორობისა და ჰარმონიისა.

– ვინ შეიძლება ყოფილიყო მეკვლე და როგორ ხვდებოდა მას მასპინძელი?

– მეკვლე – ეს იყო ადამიანი, რომელსაც ძღვენი უნდა მიეტანა ოჯახში, ანუ მეძღვნე იყო. ეს ძღვენი, როგორც ვიცით, იყო ტკბილეული, რომელიც იყო სიმბოლო სიტკბოებისა, მაგრამ აქ კიდევ არის ერთი ძალიან საინტერესო ნიუანსი, ანუ როგორ ხვდებოდა მასპინძელი მეკვლეს. ვინც უფრო შეძლებული იყო, ის მეკვლეს ვერცხლის სასმისს მიაწოდებდა ხოლმე: ვინც ნაკლებად შეძლებული – ის თიხისას. მაგრამ ეს არ იყო უბრალო სასმისი. მისი ყელი იყო ვიწრო, ზოგჯერ – მოგრეხილი, ისე რომ შესმის დროს მას ხმაური უნდა გამოეცა, თითქოს სასმისიც მღეროდა. ჯერ კიდევ ძველ ეგვიპტეში, შუმერებში, უფლისთვის სულიერება რომ მიგეცა, საკრავში უნდა ჩაგებერა. მთელი სული იქ რომ გავიდოდა, მერე, თითქოს, ადამიანის სხეული განწმედილი იყო. შემდეგ სასმისში ღუღუნით მადლობა უნდა გეთქვა უფლისთვის. აი, ეს სასმისიც თავისებური, უფლის სამადლობელო საკრავი იყო და ეს მხოლოდ ქართველებს გვქონდა.

დღეს ადამიანები ხშირად ფიქრობენ, ჩემი სახლის მეკვლე მე უნდა ვიყოო. ეს შეუძლებელია. თუნდაც წაწლობა, ნათლობა რომ ავიღოთ, ყველაფერი იმისთვის იყო, რომ ადამიანებს შორის ნათესაური კავშირი დამყარებულიყო და მეკვლეც, უკვე იმ ოჯახისთვის, სადაც ის მივიდოდა, უბრალო ადამიანი არ იყო. ის მისთვის, მინიმუმ, მთელი წლით მისი მეგობარი ხდებოდა. როგორ შეიძლება, ადამიანი საკუთარი თავის ნათლია იყოს ასევეა მეკვლეც. ადამიანი რამდენჯერაც უნდა გავიდეს და შემოვიდეს, სიტკბო უსურვოს საკუთარ ოჯახს, ის მაინც ვერ იქნება მეკვლე. მეკვლეობის არსი იმაშია, რომ შენ გადადიხარ ქრისტიანულ-ზნეობრივ კატეგორიაში – „გიყვარდეს მოყვასი შენი“ და შენი მეკვლე სწორედ შენი მოყვასია. მას კიდევ უფრო განსაკუთრებული პირობები აქვს მასპინძლის მიმართ. ის მთელი წლის მეკვლე ხდება და არა – შემთხვევით შემომსვლელი ადამიანი.

ქართველებს კიდევ გვქონდა ერთი უჩვეულოდ საინტერესო ტრადიცია. ფერსო არის ბორბალი, რომელიც ურმის თვალს ზემოდან უკეთდებოდა. იმ ოჯახს, რომელიც დაიჩაგრებოდა, რაღაც უსიამოვნებები ჰქონდა, ვიღაც გარდაეცვლებოდა, ახალი წლის ღამეს კართან მიუგორებდნენ ფერსოს ან მთლიან ურმის თვალს. გააჩნია, რამდენად შეძლებული მეზობელი, ან ახლობელი ჰყავდა მას. ეს იმიტომ ხდებოდა, რომ ფერსოს გზა გაეკვლია ახალი წლისთვის და ამ კვალს გამოჰყოლოდა ის ბედნიერება, რაც მას მოჰქონდა, საკმარისი იყო ამ ოჯახისთვის უბედურება. აფხაზებს ურმის თვალის ნაცვლად ძაფი ჰქონდათ. ყველაზე ლამაზი ხიდან ძაფს გააბამდნენ სახლამდე, რომ ამ ძაფს გამოჰყოლოდა ახალი წელი.

– როგორ ემშვიდობებოდნენ ადამიანები ძველ წელს?

– ქართველ კაცს, როგორი დრამა და მწუხარებაც უნდა შეხვედროდა, ის ძველ წელს აუცილებლად მადლობას უხდიდა, იმიტომ რომ მან იმედი დაუტოვა და მომავალ წელს შეახვედრა. ის ძველი წლის მომდურავი არასდროს იყო და ამ დარდზე მაღლა დგებოდა. როდესაც ძველი წელი მიდიოდა, დიდი ზარების ენას შემოახვევდნენ ცხვრის ტყავს. თუ ზარი პატარა იყო, მაშინ მას მთლიანად შეფუთავდნენ ტყავში და ღუღუნა, ჩუმი, სამგლოვიარო ხმით ისტუმრებდნენ ძველ წელს. ეს იყო არა მხოლოდ ძველი წლის გაცილება, არამედ ძველი ხმა ზარისა. როგორც კი ახალი წელი შემოვიდოდა, ზარებს მაშინვე მოხსნიდნენ ტყავს და დარეკდნენ, ზანზალაკებსაც აწკრიალებდნენ. იყო ერთი ჟრიამული, იმიტომ რომ ახალი წელი მოდიოდა. სულ მინდა, რომ ქართველებს ერთ საკითხზე გავამახვილებინო ყურადღება: ქართველმა ჯოჯოხეთშიც კი ბროლის კოშკი ააგო და პატარა ზარი დაკიდა – ცოდვის გამოსყიდვის, მონანიების შანსი დაუტოვა ჯოჯოხეთში მოხვედრილ ადამიანებს. მართალია, იქ მისვლა არ არის იოლი, მაგრამ ხომ დაუტოვა. აი, იმ ზარის რეკვის ხმასავით ახალ წელს იმედი მოდიოდა, თუნდაც იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც ცოდვები ჩაიდინეს და ფიქრობდნენ, რომ ახალი წელი დადგა, როგორც მონანიების წელი და ცხოვრებას თავიდან იწყებდნენ. ეს ძალიან საინტერესო რიტუალია, თუმცა ყველაფერი ამით არ მთავრდება. მე მინდა აგიხსნათ, როგორ ვხვდებოდით ახალ წელს და რა გზას გადიოდნენ ჩვენი წინაპრები. დრუიდებს ჰქონდათ კალენდარი, რომლის მიხედვითაც, რცხილას ზამთრის პერიოდი იწყებოდა 11 დეკემბერს და გრძელდებოდა 21 დეკემბრამდე. დრუიდების დახასიათებით რცხილა იყო ლამაზი, ახალგაზრდა ხე, რომელიც ქვეყანაში არსებულ უსამართლობას, გასაჭირს, ყველაფერს თავის თავზე იღებდა. მერე ვერ უძლებდა, ადრე ბერდებოდა და იმ სილამაზეს კარგავდა, რომელიც მას ახალგაზრდობაში ჰქონდა. ქართველები კი სწორედ რცხილის ხისგან ჭრიდნენ მორს, რომელსაც უკეთებდნენ პირამიდისებურ ჩაღრმავებას, ზევიდან-ქვევით ისე, რომ წვრილი წვეტი შუაში უნდა ყოფილიყო შუა მორში და იქიდან კი მისი საპირისპირო პირამიდა იჭრებოდა. თან პატარა ღარს უკეთებდნენ, ქვევით კი ფიალას უდგამდნენ და ამ რცხილის მორში გროვდებოდა ორი სხვადასხვა მუხტით დამუხტული, ცოცხალ და მკვდარ წყალს რომ ვეძახით, წყალი, რომელსაც სამკურნალო თვისებები ჰქონდა. 21 და 22 დეკემბერი კი წიფლის ხის იყოს. გავიხსენოთ ვაჟა-ფშაველას ხმელი წიფელი. მე არ მგონია, ვაჟა-ფშაველას დრუიდების კალენდართან ჰქონოდა კავშირი. ის იყო ბუნების მესაიდუმლე, რომლისთვისაც ბუნება იყო ცოცხალი არსება. ბუნებრივია, მას შეეძლო წიფელში დაენახა ის საოცრება, რაც ასტროლოგიურად წიფელს აქვს დაკისრებული. წიფელი ერთადერთი ხეა, რომელსაც მხოლოდ ორი დღე აქვს მიცემული, პირველი დღე – მოხუცებულობისა და მეორე დღე – ფენიქსივით განახლებისა. 22 დეკემბერს ხმელი წიფლის განახლებული ყლორტი თავის ენერგიას გადასცემდა ვაშლის ხეს, რომელიც სიუხვის სიმბოლო იყო.

– რა მნიშვნელობა ჰქონდა ძველად ბედობის დღეს?

– დრუიდებმა ბედობის დღეს შეარჩიეს სოჭი, იმიტომ რომ სოჭი იყო მარადმწვანე და ადამიანს ამ მარადმწვანე სოჭის დღეს უნდოდა, ჩაეთქვა სურვილები, რათა ის ასრულებულიყო იმ დღეს თუ არა, მომდევნო დღეებში მაინც. სოჭს ორი სხვა თვისებაც ჰქონდა. როდესაც ქართველები ზარს ასხამდნენ, მდუღარე, ქაფქაფა ლითონს ბოლოს მოურევდნენ ხოლმე ფესვიანად ამოღებული სოჭის ნერგით. ეს იყო ინფორმაციული კოდი – მარადიულობისა, რათა ზარსაც მარადიულად ერეკა და მისი ხმა ყოველთვის გაეგონათ ქართველებს. კიდევ ერთი არაჩვეულებრივი საიდუმლო აქვს ახალ წელს. გამხმარ ფოთოლს, ან ტყავს, შემდეგ უკვე ქაღალდს დაჭმუჭნიდნენ, ღვინოს დაცლიდნენ, ფიალას გადმოაბრუნებდნენ, ზემოდან ამ ყველაფერს ცეცხლს წაუკიდებდნენ, უკან კი სოჭის ხის წებოვანას კვარივით აანთებდნენ. იმის შუქზე, თეთრ კედელზე რაც დარჩენილი ნახშირისგან გამოისახებოდა, პირდაპირი გაგებით არა, მაგრამ იმაზე მკითხაობდნენ. ეს იყო თამაში და ამით ძირითადად ახალგაზრდები ერთობოდნენ. ახლა ერთ გასაოცარ რამეს გეტყვით: ბავშვობაში ამ რიტუალში ბევრჯერ მიმიღია მონაწილეობა. ტყეში დავდიოდით და სოჭის კვარს ვაგროვებდით ახალი წლისთვის. ზოგი რას ხედავდა, ზოგი კიდევ – რას, რაღაცას მივამსგავსებდით ხოლმე ნახშირის ჩრდილს. მე ყველასგან განსხვავებით, სულ ამომდიოდა ტაძარი, სანამ წმიდა სამების ტაძრის ზარები არ ჩამოვასხი. უცნაურია, მაგრამ ფაქტია. ეს ყველაფერი კი ბედობის დღეს, 2 იანვარს, ხდებოდა და ესეც ახალი წლის საიდუმლოების ერთ-ერთი საინტერესო მხარეა.

– ახალ წელს მეზობლებმა იციან ერთმანეთის სახლში მისვლა. ამასაც თუ ჰქონდა გარკვეული მნიშვნელობა?

– მიუხედავად ყველაფრისა, თუ რა ხდებოდა მეზობლებს შორს წლის განმავლობაში, ისინი ერთმანეთის სახლებში მაინც მიდიოდნენ ახალ წელს და ეს იყო მიმტევებლობის შესანიშნავი მაგალითი. არ შემიძლია, არ გავიხსენო ცნობილი კომპოზიტორი ანდრია ბალანჩივაძე. 1 იანვარი იყო მისი დღე. ყველა მეზობელს და მოსწავლეს ჩამოუვლიდა და მოგვილოცავდა ახალ წელს. თან სულ გვეუბნებოდა, არ გაბედოთ, თქვენ არ მოხვიდეთ, ამაშიც მე ვარ თქვენი პედაგოგიო. შეიძლება, ესეც ძველი ტრადიცია იყო, რომელიც მე არ ვიცი. ის სულ გვასწავლიდა, როგორ უნდა შევხვედროდით ახალ წელს.

– გოზინაყსაც თუ აქვს რამე სიმბოლური დატვირთვა?

– გოზინაყი ერთეული შემთხვევაა, მაგრამ ის საერთო კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც სათავეს იღებს თათარისგან, ჩურჩხელისგან. როგორც ადრე გითხარით, ჩურჩხელა ცხრა ელემენტისგან შედგებოდა თითოეულ ამ ელემენტში იყო ნიგოზი, თხილი, ნუში და ყურძენი. იგივე ხდება გოზინაყში, ოღონდ მას ემატება თაფლი, რომელსაც სამმაგი დანიშნულება ჰქონდა. პირველია ფერი. ის ოქროსფერია, საკრალური, მზის ფერი. თაფლის მეორე მნიშვნელობა არის ის, რომ მას ოჯახში სიტკბოება მოაქვს. ნუ დაგვავიწყდება, რომ წმიდა მამები ველურ თაფლს მიირთმევდნენ. ეს არის ისტორიის გამოძახილი და ამ ყველაფერს ზედ აქვს დართული თხილი ან ნიგოზი. თანაც კაკლის ხეს იმდენად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რომ კაკლის ხეივანში გამოაბრძანებდნენ ხატებს და მერე ხატებთან „დამიზეზებულები“ გამოჰყავდათ და ისინიც იკურნებოდნენ. ამ ყველაფრის შეჯამება ხდებოდა გოზინაყში და მასაც თავისი მომზადების წესი ჰქონდა. რაც მთავარია, გამასპინძლების ყველაზე მოხერხებული ფორმა იყო. მას კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი თვისება ჰქონდა – მალე არ ფუჭდებოდა და შეიძლებოდა, მთელი თვის განმავლობაში კარგი ნუგბარი ყოფილიყო. ძველად ახალ წელს გამოჰქონდათ ისეთი მურაბები, რომლებიც შედარებით იშვიათი იყო და ის ძალიან ბევრი რაღაცისგან მზადდებოდა. საგარეჯოში ბებია მყავდა – ოლა ბაბო და მას ვეხუმრებოდი: ხის ტოტებისგან თუ გიცდია მურაბის გაკეთება-მეთქი, იმიტომ რომ ყველაფრისგან ამზადებდა მურაბას: კიტრისგან, ბადრიჯნისგან, წიწაკისგან, თანაც ყველას თავისი მომზადების წესი ჰქონდა. ეს მურაბები არ იყო საყოველდღეო და იყო საახალწლო. ბებია ამ მურაბებით ძალიან ლამაზად დახატავდა ხოლმე სუფრას. საახალწლო გამშვენება მართლაც რომ, შემკულობა იყო, რადგან არა მხოლოდ ახალი წელი ამშვენებდა ცხოვრებას, ადამიანებიც ამშვენებდნენ მას.


скачать dle 11.3