კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სად და როგორ ხვდებიან შობა-ახალ წელს ჰოლივუდის ვარსკვლავები


ყოველწლიურად სახელგანთქმული ვარსკვლავები ძალასა და შესაძლებლობებს არ ზოგავენ, რომ წლის ყველაზე მთავარი დღესასწაულები – შობა და ახალი წელი ყველაზე დასამახსოვრებელ მოვლენად აქციონ თავიანთ ცხოვრებაში. მათი უმეტესობა მიუვალ ადგილებში ემალება პაპარაცებს და წინასწარ არ აცხადებს, თუ სად შეხვდება შობას. ზოგიერთები კი პირდაპირ ახმაურებენ თავიანთ გეგმებს და არც იმის თქმა ავიწყდებათ, რომ ერთ ბოთლ შამპანურში ასი ათასობით დოლარის გადახდაც კი არ ენანებათ. მთავარია, დღესასწაული შედგეს.

ჰოლივუდის ყველაზე ლამაზი და სექსუალური წყვილი – ბრედ პიტი და ანჯელინა ჯოლი შვილებთან ერთად, შობის დღესასწაულს ტრადიციულად, კარიბის ზღვაში ჩაკარგულ პატარა კუნძულ სენ-ჯონზე ხვდებიან. ისინი ფეშენებელურ ვილას ქირაობენ, რომელიც დღე-ღამეში 8 ათასი დოლარი ჯდება. ცნობისთვის, ეს ვილაც და კუნძულიც, ჯონ როკფელერის საკუთრება იყო. ეს ადგილი ნამდვილი მისწრებაა მათთვის, ვისაც თანამედროვე ცივილიზაციისგან დამალვა უნდა. სხვათა შორის, ერთხელ პიტმა და ჯოლიმ ტრადიცია დაარღვიეს და 2007 წლის შობას კოსტა-რიკაზე, კოლუმბიელი დევნილების ბანაკში შეხვდნენ, სადაც დევნილ ბავშვებს საჩუქრები და ჰუმანიტარული დახმარება გადასცეს. თუმცა, ამის მერე ვარსკვლავები კოსტა-რიკის ყველაზე ძვირად ღირებულ სასტუმრო „ფორ სიზენში“ დაბინავდნენ და ღამეში 6 700 დოლარს იხდიდნენ.

დაუმარცხებელი „ტერმინატორი“ და შეთავსებით კალიფორნიის შტატის გუბერნატორი, არნოლდ შვარცენეგერი შობის დღესასწაულს, ტრადიციულად, მშობლიურ ავსტრიაში ან აიდაჰოს შტატის სამთო-სათხილამურო კურორტ სან-ველიში აღნიშნავს. „რკინის არნი“ ახალ წელსაც თხილამურებით ხვდება და მთიან კურორტებზე დასვენება მას განტვირთვის საუკეთესო საშუალებად მიაჩნია.

„სასიკვდილო იარაღის“ გმირი მელ გიბსონი, რომელიც ერთხანს ჰოლივუდში ყველაზე სტაბილურ მეოჯახედ ითვლებოდა, სავარაუდოდ, წლევანდელ შობას მარტო შეხვდება. არადა, წლების განმავლობაში, ის ოჯახთან ერთად საახალწლო დღესასწაულებს საკუთარ კუნძულზე, ფიჯის არქიპელაგში ატარებდა. დეკემბრის ბოლოს იქ ჰაერის ტემპერატურა 23 გრადუსია და წყალიც ძალიან თბილია. სხვათა შორის, სხვადასხვა პერიოდში ფიჯიზე შობას და ახალ წელს შეხვედრიან: რასელ ქროუ, ნიკოლ ქიდმანი და მილიარდერი ბილ გეითსი.

ახალ წელს ჰოლივუდელი ვარსკვლავების მთავარი თავშეყრის ადგილად მაინც ნიუ-იორკი ითვლება. იქაური ღამის კლუბების მოყვარული „სელებრითები“ – კრისტინა აგილერა, ნიკი ჰილტონი, ჯესიკა სიმფსონი, გვენ შტეფანი და თქვენ წარმოიდგინეთ, ჯორჯ კლუნიც კი, იკრიბებიან და დილამდე თავდავიწყებას ეძლევიან. სხვათა შორის, ბოლო პერიოდია, ჯორჯ კლუნიმ ტრადიციას უღალატა და თავისი ფეშენებელური ვილა იტალიაში, კომოს ტბაზე, ნიუ-იორკზე გაცვალა. მოკლედ, არ გაგიკვირდეთ, თუ ახალი წლის ღამეს, ჯორჯ კლუნის თაიმს სქვერზე ნახავთ, სადაც უბრალო მოკვდავებთან ერთად, ახალ წლამდე დარჩენილ წამებს ითვლის და დიდი ბროლის ბურთის გამოჩენას ელოდება.

ღამის ცხოვრებისა და დაუმთავრებელი წვეულებების მოყვარული პერის ჰილტონი ახალ წელს შეიძლება ლას-ვეგასში შეხვდეს, მაგრამ ცოტა ხანში, ნიუ-იორკის ან ლოს-ანჯელესის რომელიმე ღამის კლუბში ამოჰყოს თავი. სკანდალური იმიჯის მქონე ვარსკვლავი პირადი თვითმფრინავით ახალი წლის ღამეს ათამდე ადგილის მონახულებას ახერხებს და ამ ხნის განმავლობაში მისი განუყრელი თანამგზავრია შამპანური, რომლის ერთი ბოლის ღირებულება ასი ათასი დოლარია.

პოლ მაკარტნი შობას და ახალ წელს ბოლო პერიოდში, ტრადიციულად, მალდივის კუნძულებზე ხვდებოდა. მაგრამ, ჰიზერ მილზთან დაშორების შემდეგ, 2009 წელს ლეგენდარული მუსიკოსი სასექსის საგრაფოში, შვილთან – სტელა მაკარტნისთან და მის ოჯახთან ერთად, შეხვდა. ყოფილი „ბითლზის“ წლევანდელი გეგმები ჯერჯერობით უცნობია. სამაგიეროდ, ცნობილია, რომ დევიდ და ვიქტორია ბექჰემები ახალ წელს ლონდონში შეხვდებიან. ამერიკაში გადაბარგებული ფეხბურთის ვარსკვლავი ახალი წლიდან მილანში განაგრძობს კარიერას. ამიტომაც, ვიქტორიამ მეუღლის რჩევა გაითვალისწინა, ლოს-ანჯელესურ წვეულებებზე უარი განაცხადა და მყუდრო გარემოში დასთანხმდა შობის შეხვედრას. კიდევ ერთი ცნობილი ბრიტანელი, სერ ელტონ ჯონი კი, ზედიზედ მესამედ, ახალი წლის შეხვედრას, თავის ცხოვრების თანამგზავრ დევიდ ფერნიშთან ერთად, ვენეციაში აპირებს. ვარსკვლავი უძრავ ქონებას ამერიკაში, ინგლისსა და საფრანგეთში ფლობს, მაგრამ საახალწლოდ ვენეცია მისთვის იდეალური ადგილია.

მაიკლ დუგლასი და მისი მომხიბლავი მეუღლე კეტრინ ზეტა-ჯონსი შობას ბერმუდის კუნძულებზე ხვდებიან. დუგლასები იქ დიდ სასტუმრო კომპლექსს ფლობენ და ყოველწლიურად მათთან უამრავი სტუმარი ჩადის მსოფლიოს სხვადასხვა წერტილებიდან. სანამ კეტრინი საშობაო ინდაურის მომზადებით არის დაკავებული, მაიკლი და მისი მეგობრები გოლფის თამაშით ირთობენ თავს. ქარიზმატული ირლანდიელი მსახიობი, „შინდლერის“ როლის შემსრულებელი, ლაიამ ნისონი მეუღლესთან, ნატაშა რიჩარდსონთან და ორ შვილთან ერთად, შობის დღესასწაულს სახლისგან მოშორებით, ანგილიის კუნძულზე ატარებს. მსახიობი წყნარ გარემოში და მეგაპოლისებისგან მოშორებით დასვენებას ანიჭებს უპირატესობას. მის აზრს მისი, ასევე მსახიობი, მეუღლეც იზიარებს.

ამდენად, ვარსკვლავების უმეტესობა მაინც წყნარ და ჩუმ გარემოში აპირებს წლის ყველაზე მასშტაბური დღესასწაულის აღნიშვნას და როგორი იქნება მოახლოებული 2010 წელი მათთვისაც და ჩვენთვისაც, სულ მალე გავიგებთ.


скачать dle 11.3