კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ დატოვა დიანა ღურწკაიამ კრუტოის საპროდიუსერო კომპანია და შეძლეს თუ არა რუსეთში მისთვის ყველა გზის გადაკეტვა


რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი დიანა ღურწკაია ახალი წლის შეხვედრას საკუთარი ოჯახის წევრებთან ერთად შინ გეგმავს. მიუხედავად იმისა, რომ ყოველ წელს დილის 5 საათამდე ვერ ახერხებდა სახლში დაბრუნებას, 2010 წლის ღამე მისთვის განსხვავებული იქნება. შეიძლება, ეს იმის ბრალიც იყოს, რომ დიანა, გარკვეული მიზეზების გამო, საახალწლო კონცერტებში არ არის დაკავებული. ამ მიზეზების შესახებ კი მომღერალი თავად მოგითხრობთ ინტერვიუში. ყოველ შემთხვევაში, ის სამსახურის გარეშე ნამდვილად არ დარჩენილა, რასაც მისი ხშირი გასვლითი კონცერტებიც მოწმობს.


დიანა ღურწკაია: საახალწლოდ ყოველთვის დიდი გულისყურით ვემზადები და ვცდილობ, ყველაფერი უხვად გვქონდეს. მინდა, რომ ყველაფერი ქართული ტრადიციებით გავაკეთო, რადგან სადაც უნდა ვიყო, არასდროს დამავიწყდება, როგორ ვხვდებოდი ჩემს მშობლებთან ერთად ახალ წელს. მინდა, ახალ წელს ჩემს ოჯახში შევხვდე. ვამზადებთ საჩუქრებს. ჩემი შვილი უკვე დიდი ბიჭია – ორწლინახევრის, უკვე ვიცით, თუ ვინ არის თოვლის ბაბუა. მიუხედავად ამისა, მის სახლში მოპატიჟებას არ ვგეგმავთ. არ ვიცი, ბავშვი როგორ მიიღებს. შეიძლება, შეეშინდეს. ბავშვს კი არა, ხანდახან მეც მეშინია ისეთი თოვლის ბაბუები არიან.

– სიმღერით თუ დაემსგავსა დედას?

– კი. ჩვენ უკვე „ჩიტო, ჩიტო, ნაცარას“ ვმღერით, ასევე, „ნაძვის ხეო, ნაძვის ხეო.“ ძალიან უყვარს, როცა მე ვუმღერი ძილის წინ. უყვარს ქართული სიმღერების მოსმენა. სიამოვნებით უყურებს ქართულ ცეკვებს. თბილისიდან სხვადასხვა დისკები ჩამოგვიტანეს, რომელზეც ქართული სიმღერები და ცეკვებია ჩაწერილი. მთელი ოჯახი დიდი სიამოვნებით ვუსმენთ სიმღერებს. ძალიან გონიერი ბავშვი მყავს, ყველაფერს ადვილად აღიქვამს. იცის დედის პრობლემა – დედა რომ ვერ ხედავს. ძალიან მეხმარება ყველაფერში. მოწყენილი თუ დამინახა, მოდის და მეკითხება, დედა, რატომ ხარ მოწყენილი? არ მოიწყინო... ძალიან მგრძნობიარე ბავშვია. მაინც პატარაა და რაღაც თუ ისე ვერ გააკეთა და ვუსაყვედურე, დედა ვერ ხედავს და უნდა დაუძახო-მეთქი, მაშინვე მომიბრუნდება და, დედა, ბოდიშიო, – მეტყვის.

– თბილისში ხომ არ გეგმავთ ჩამოსვლას?

– აღდგომისთვის ვგეგმავთ ჩამოსვლას. უფლის ნებით, თუ ყველაფერი კარგად იქნება, მინდა, ბავშვთან ერთად ჩამოვიდე. აღდგომა ჩემთვის უბრწყინვალესი დღესასწაულია. მინდა, ბავშვს ჩვენი წეს-ჩვეულებები ვაჩვენო – როგორ ვხვდებით აღდგომას. პატარას აბსოლუტურად ქართულ ტრადიციებზე ვზრდი. მან აუცილებლად უნდა იცოდეს, სად არის დედამისის სამშობლო და როგორი კარგი ხალხი ცხოვრობს იქ.

– თქვენს საქმიანობას რაც შეეხება, საახალწლო კონცერტებს თუ გეგმავთ?

– ისე მოხდა, რომ მოსკოვში არც ერთ საახალწლო კონცერტში არ ვიღებ მონაწილეობას. ალბათ, ეს საქართველოში უკვე იციან, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მიუხედავად ყველაფრისა, თავს სამსახურის გარეშე ნამდვილად არ ვგრძნობ. იმასაც კი ვამბობ, ერთი დღე მომცენ დასასვენებლად-მეთქი. გუშინ ჩამოვფრინდი პეტერბურგიდან, დღეს კემეროვაში მივფრინავ, მერე თურქმენეთში და ასე შემდეგ. სატელევიზიო კონცერტებისგან განსხვავებით, გასვლითი კონცერტები ბევრი მაქვს. ისე, ყველგან ხომ არ ვიქნები, უთოდანაც ღურწკაია რომ გადმოხტეს, არც ეს არის ლამაზი. თქვენ წარმოიდგინეთ, დიდადაც არ მტკივა გული. პირველი არხი რაღაც იუმორისტულ შოუს აკეთებს, რაც მე არ მეხება. რუსეთის მეორე არხთან მე არ მაქვს ურთიერთობა, რადგან ჩვენ შორის თავის დროზე იყო პატარა პრობლემა, რის შემდეგაც საერთოდ არ მაქვს მათთან კონტაქტი. არ აქვს მნიშვნელობა, დამიძახებენ თუ არა სატელევიზიო კონცერტებზე, მთავარია, ხალხს ვუყვარვარ. მიხარია, რომ ახალ წელს ჩემს ოჯახში, ჩემს საყვარელ ხალხთან ერთად შევხვდები. დავიღალე, დადგებოდა თუ არა ახალი წელი, ფაცხა-ფუცხით გავრბოდი და დილის 5 საათამდე სახლში ვერ შემოვდიოდი. ეს უკვე მღლის. შეიძლება, ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ ხალხს ისე ვუყვარვარ, როგორც უნდა გადამიკეტონ ტელეეთერი, მე ჩემი მაყურებელი მაინც მყავს. სიმღერა ჩემთვის ჰაერია.

– ანუ ეს ყველაფერი მაინც სპეციალურად არის გაკეთებული?

– შეიძლება, ბევრი რამ იგულისხმონ. ხან რას ამბობენ, ხან – რას. ზოგჯერ იმასაც ამბობენ, რომ შავი სათვალით ღურწკაიას გამოჩენა, ეს იმას ჰგავს, რომ ჩვენ გვაჩვენოთ ხალხი, რომელიც ვერ დადისო. ჯერ ერთი, ის ხალხი, რომელიც ვერ დადის ვისზე ნაკლებია და საერთოდ, სტივ უანდერის გამოჩენა სცენაზე თუ მოჰგვრის ვინმეს სიბრალულს?

– იმის გამო ხომ არ ხდება ეს სინამდვილეში, რომ ქართველი მომღერალი ხართ?

– არა, ეს არაფერ შუაშია. უბრალოდ, რუსეთში არიან ერთეულები, არხის პროდიუსერები, ან სხვა თანამდებობის პირები, რომლებსაც ურჩევნიათ თავისი მომღერლები, უხეშად რომ ვთქვა, „შეტენონ“ ყველგან. მე არც ერთ კომპანიაში არ ვარ, რადგან არ მინდა. დღეს იქ მაქვს კონცერტი, ხვალ – აქ. სულაც არ მჭირდება ვიღაცის გავლენის ქვეშ ვიყო. რამდენიმე წლის განმავლობაში ვიყავი კომპანია „არსში,“ მაგრამ იქ კარგი არაფერი მიმიღია. „არსიდან“ რომ წამოვედი, ძალიან გამწარდა კრუტოი, რომელიც მისი ხელმძღვანელია. შეიძლება, ამანაც იმოქმედა ყველაფერზე, არ ვიცი. მე მაქვს ჩემი ფონდი „გულის ძახილი.“ ჯერჯერობით დამწყებები ვართ, მაგრამ რაღაცას მივაღწევთ. ძალიან რთული პერიოდია. შეიძლება, რაღაცას ისე ვერ ვაკეთებდეთ, როგორც გვინდა, მაგრამ საკმაოდ სერიოზულად ვართ ჩართული სოციალურ საქმეებში, უნარშეზღუდულ ადამიანებთან დაკავშირებით. განა, ცოტაა, მათ რომ ვეხმარებით? თქვენ ვერ წარმოიდგენთ, მათთვის რამხელა სიხარულია, როცა მე მხედავენ, რადგან მათთვის მე მაგალითი ვარ. იმიტომ კი არა, რომ მე ყველაზე უკეთესი ვარ და კარად ვმღერი. უბრალოდ, მე შევძელი იმ პრობლემების გადალახვა, რომელიც ყველას არ შეუძლია. უნარშეზღუდული ადამიანი შეიძლება, საკუთარ თავში ჩაიკეტოს და დაკომპლექსდეს. ყველას იმას ვეუბნები, რომ ასე არ შეიძლება და სახლში ჩაკეტვა არაფერს მოუტანთ. რაღაც ბარიერი უნდა გადალახო, სხვანაირად არ შეიძლება. ისეთი დრო დადგა, დღეს ნორმალურ ადამიანს უჭირს, არამცთუ უნარშეზღუდულს. ყველაფერი უნდა გადალახო. თუნდაც სატელევიზიო მაგალითი რად ღირს: მიუხედავად იმისა, რომ იქ რაღაც „ფეხი“ დამიდეს, ისინი ხედავენ, რომ მე მაინც ჩემს საქმეს ვაკეთებ. ბევრი იმასაც ამბობს, რა მაგარია, ვერაფრით ვერ ვაჩერებთო. ძალიან მინდა, ის საქმე, რასაც აქ ვაკეთებ, საქართველოშიც გავაკეთო. ყოველთვის ვამბობ და კიდევ გავიმეორებ, მე საქართველოდან არ წავსულვარ, მე მთელი სულით და გულით ჩემს საქართველოში ვარ. ძალიან მიყვარს და ძალიან ვეფერები ჩემს სამშობლოს. ჩემი ოცნებაა, საქართველოში დიდი სოლო კონცერტი გავმართო და ამით მივხედო იმ სკოლა-ინტერნატს, სადაც მე ვსწავლობდი. იქ მართლა შესანიშნავი ბავშვები არიან. სამწუხაროდ, ჯერჯერობით არ გამომდის, რადგან ამას დიდი ხელშეწყობა უნდა.

მინდა, ჩემს საყვარელ ხალხს უღრუბლო ცა ვუსურვო, მივულოცო დამდეგი შობა-ახალი წელი. მინდა, ჩემს საქართველოში ყოველთვის ბედნიერი ბავშვების ჟრიამული იყოს. ღიმილი არასდროს მოგშლოდეთ სახეზე. უფალი გფარავდეთ, მთელი სულით და გულით თქვენთან ვარ.


скачать dle 11.3