კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ბედის ტორეადორი


გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹28-51(469)

ადამიანი სამყაროს პატარა მოდელია, მისი ტვინი – დღემდე ამოუცნობი ფენომენი. ეს არსება კიდევ ბევრჯერ გაგვაოცებს თავისი შესაძლებლობებით, რომელიც ზოგჯერ შეუცნობელის ზღვარს სცილდება. ერთი შეხედვით, ყველაფერი ძალიან მარტივია: თავი, ორი თვალი, ორი ყური, ცხვირი... – ტიპური ანატომიური პორტრეტი. მაგრამ, თითოეული ჩვენგანი, თავის მხრივ, სასწაულია, რომლის შესახებაც თითქოს არაფერი ვიცით. იქნებ იმიტომ, რომ, უბრალოდ, ზარმაცები ვართ, ვკმაყოფილდებით იმით, რაზეც ხელი მიგვიწვდება. ცხოვრება კი გადის. დრო ჩვენზე აშკარად არ მუშაობს, თუმცა, ერთეულები ყოველთვის მოიძებნებიან ყველგან და ყველა დროში. მაგრამ მასას ისინი არ უყვარს. „მასა“... – რა საშინელი სიტყვაა, მაგრამ ზუსტად შეეფერება მათ, ვინც არაფერში გამოიყენა თავისი ბუნებრივი სიდიადე...

***

ვახომ ზანტად გაახილა თვალი, სახე ხელისგულებით მოისრისა და ოთახში ნელა მიმოიხედა. გარემო ეუცხოვა. დაბნეულმა გონებამ მაინც აღიქვა განსხვავება. ლოგინში წამოჯდა და გაოცებული მიაშტერდა უცხო ნივთებს. ეს არ იყო მისი საწოლი და, საერთოდ, არც იყო საწოლი. ტყავის დივანზე იწვა, ფაქტობრივად, ჩაცმული, მარტო ფეხსაცმელები ეყარა იატაკზე და, კიდევ ქამარი. შარვლისა და პერანგის ღილები შეხსნილი ჰქონდა. ჯიბეში ჩაიყო ხელი – საფულე და საბუთები ადგილზე აღმოჩნდა. საათიც მაჯაზე ეკეთა, მხოლოდ მობილური არ ჩანდა.

– ჯანდაბა! – ჩაიბურტყუნა და შარვალი შეიკრა, – ნეტავი, ვისთან ვარ... 12 საათია. ჰმ, როგორმე უნდა გავიხსენო. წუხელ, მგონი, რესტორანში ვიყავი... მგონი კი არა, ნამდვილად ვიყავი... მერე? ჰო, აი, „მერეში“ უკვე ვიჭედები. ეს მობილური მაინც სად წავიღე...

– ამას ხომ არ ეძებ, ძვირფასო? – ოთახში ქალმა ერთდროულად შემოყო თავი და ხელი. ვახომ თავისი მობილურიც იცნო, რომელიც ქალს ხელში ეჭირა და სახლის დიასახლისიც.

– შენთან მეძინა, ტო? რანაირად?

– რანაირად და იმნაირად, რომ საკუთარ სახლამდე ვეღარ მიაღწიე. თავი გაიგიჟე, მე უნდა წაგიყვანოო და საჭესთან ჩაგეძინა. გული გამიხეთქე, ძლივს მოვაღწიეთ აქამდე. სადღა გაგიშვებდი?! როგორც იქნა, შიგნით შემოგათრიე და ამ დივანზე წამოგაწვინე. ისე გავწამდი, შენი დახრჩობა მინდოდა.

– ვაა! – ვახომ ფეხსაცმელები ჩაიცვა, – ამდენი დავლიე?

– უჰ, არ მკითხო, – გაიცინა იამ, – გააგიჟე ის საცოდავი ფრანგი. თუმცა, ვერ მივხვდი, ამით რისი დამტკიცება გინდოდა.

– არ ვიცი, – ვახომ თავი გააქნია, – რა დებილი ვარ, შენთან როგორ დავრჩი?

– რა მოხდა მერე?! – მხრები აიჩეჩა იამ, – მახსოვს, ერთხელ შენც, ნიკუშაც და ლევანიც, ყველანი აქ დარჩით. მგონი, დათოც იყო. ჩემს დაბადების დღეზე დალიეთ და სახლში მისვლის შეგეშინდათ. ოღონდ, მაშინ იატაკზე გეძინა, – იამ ლოყებზე შემოიწყო ხელისგულები და ჩუმად ამოიოხრა. ვახო მიუხვდა, მივიდა და თმაზე გადაუსვა ხელი.

– რა ცუდი ვინმე ვარ, ეგოისტი. ახლა შენზე უნდა ვფიქრობდე, მე კი გამოვთვერი და პრობლემა მოგიმატე.

– შენ არ შეიძლება იყო ჩემი პრობლემა, – სევდიანად ჩაილაპარაკა იამ, – ძალიანაც რომ მოინდომო, მაინც ვერ შეძლებ ამას. შენ არაფერ შუაში ხარ, მე არ უნდა წამოვსულიყავი. მგონი, სერიოზული შეცდომა დავუშვი.

– კარგი რა, შეცდომა არა, დანაშაული! უცხო ხომ არ ხარ. ძმა ხარ ჩვენი და ერთად რესტორანში დავსხედით. მაშინდელ ამბავზე კი არ იფიქრო, რად გინდა...

– მე მინდოდა, სამაგიერო გადამეხადა მათთვის, მაგრამ, მგონი, საკუთარი თავი უფრო დავაზიანე.

– მოიცა, რა... – ვახო გვიან ჩასწვდა ქალის სიტყვების აზრს და უცებ წამოიძახა, – მათ? მოიცა, შენ ვის გულისხმობ?

– არავის, ყურადღებას ნუ მომაქცევ, – ხელი ჩაიქნია იამ, – წამოდი, ყავა მოვადუღე, მოგიხდება.

– ყავა – პახმელიაზე? არა, არა, ლიმონიანი ჩაი კიდევ, ჰო. ყავა მეტისმეტია! ნეტავი ის კაცი მანახა, ყავით რომ გამოდის პახმელიაზე. სანაძლეოს ჩამოვალ, პედერასტი იქნება.

– პედერასტები იმდენს არ სვამენ, რომ პახმელია ჰქონდეთ.

– ეგრე გეგონოს, – ნიშნისმოგებით გაიცინა ვახომ და მაშინვე ზიზღით მობრიცა ტუჩები, – ფუჰ, რაზე მალაპარაკებ, თემა შევცვალოთ, რა! სამაგიეროს გადახდა მინდოდაო. იცი, რას გეტყვი? ნიკუშა ძალიან ნანობს მომხდარს და, მე თუ მკითხავ, არ არის დამნაშავე.

– ჰო, რა თქმა უნდა, არ არის დამნაშავე, – მექანიკურად გაიმეორა იამ, – მე ვარ დამნაშავე, ის კაცი რომ მიყვარდა, რომელიც ამას არ იმსახურებს. ახლა წავა, საფრანგეთში გაემგზავრება და ამით მორჩება ყველაფერი. სულელი ვარ, აბა, რა ვარ! იცი, როგორ უნდა მოვქცეულიყავი? დრო არ უნდა დამეკარგა. ჩამელაგებინა ჩემი ტანსაცმელი და სახლში მივდგომოდი ვაჟბატონს. რატომ დაველოდე, როდის მიიღებდა გადაწყვეტილებას? იფიქრა, იფიქრა და, ხომ ნახე, რაც მოიფიქრა. ახლა, მით უმეტეს, არაფერში დავჭირდები. მოაჯდება დედამისის მილიონებს და ერთ ფრანგ კახპასაც არ გაუშვებს ხელიდან.

ვახო შეიჭმუხნა:

– არ გინდა, ძალიან გთხოვ! საშინლად არ მომწონს, როცა ასე ლაპარაკობ.

– ჰო, ვიცი, არ მიხდება. მე ხომ განსაკუთრებული ვარ, – ირონიულად ჩაიცინა ქალმა, – სწორედ ამ განსაკუთრებულობის მითმა დამღუპა. მერჩივნა, ჩვეულებრივი ვყოფილიყავი და ჩემ მიმართ ადამიანური გრძნობები ჰქონოდა შენს ძვირფას მეგობარს. ღირსეული ქალის იმიჯმა მხოლოდ მაზარალა. იქნებ, მინდოდა, მეც იმ გოგოსავით მომქცეოდა? ყველა ქალი ხომ მაინც კახპაა! უბრალოდ, ზოგს ამის გამოსავლენად სიტუაცია არ უწყობს ხელს.

– იცი მაინც, რა სისულელეს ამბობ? – მოიღუშა ვახო, – ნატას როგორ ედრები, შენც პახმელიაზე ხომ არ ხარ?

– იმ დღის შემდეგ პახმელია ჩემი თანამდევი მდგომარეობაა, – ხელი ჩაიქნია იამ, – ესე იგი, შენც იცნობ...

– ვის? – გაიკვირვა ვახომ.

– იმ პატარა კახპას. თუმცა, იმას რას ვერჩი, ის რა შუაშია. დიდი ხანია, რომანი აქვთ?

– ვის, ნატას და ნიკუშას? რომანი არა, იხვის ტოლმა. ნაშაა, რა!

– იცი, თქვენი, მამაკაცების, რა მიკვირს და მაღიზიანებს? ქალთან დადიხართ, ლოგინში იწვენთ, ეფერებით, კოცნით, ნაცნობ-მეგობრებში „ნაშას“ ეძახით, მასზე აგდებით ლაპარაკობთ, ცდილობთ, ყველა მიახვედროთ, რომ არაფრად გიღირთ... მერე კი ზუსტად იმ „ნაშას“ ცოლად ირთავთ და მის ჭკუაზე დახტიხართ.

ვახოს ენიშნა იას სიტყვები და გაისუსა.

ქალი არ გაჩერდა:

– რაო, მიხვდი, რომ სიმართლეს ვამბობ? რატომ აღარ მეკამათები?

– ვფიქრობ.

– მართლა? კარგია, იფიქრე, მაგრამ, ცოტა დაგვიანებული ხომ არ არის?

– ია, რას მერჩი? ჩემი სამი ცოლიდან მხოლოდ ერთი იყო ეგეთი. შენც ხომ იცი, რომ ასეა?

– შენ მეოთხესაც ასეთს მოიყვან, მაგრამ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ცუდ არჩევანს გააკეთებ. პირიქით, მე შენ მხარეს ვარ. აბა, ჩემნაირ ქალთან ცხოვრებაში რა ყრია, სულ არ არის საინტერესო.

– მდაა, აშკარად მარცხენა ფეხზე ხარ ამდგარი. მოდი, მე წავალ. ჩაიც არ მინდა, ჩემთან, კაფეში დავლევ, – ვახომ მობილური ჩართო.

– ხედავ? შენც გარბიხარ. ეს კიდევ ერთხელ მარწმუნებს ჩემი სიტყვების სისწორეში. თუმცა, ამით არაფერი შეიცვლება.

ვახო თან უსმენდა, თან ტელეფონზე შემოსულ უპასუხო ზარებს ამოწმებდა. ბოლოს წაუსტვინა:

– ლევანს დაურეკავს, თანაც, რამდენჯერმე. რა ჯანდაბაა! ტელეფონი რაღატომ გამოვრთე?

ია შეკრთა:

– ლევანი რეკავდა? ჰო, მე გამოვრთე. არ მომასვენა მაგისმა წკრიალმა, არც დამიხედავს ეკრანისთვის.

ვახომ ნომერი აკრიფა:

– რა მოხდა, ლევან, მშვიდობაა? არა, წუხელ სახლში არ ვყოფილვარ. იასთან დავრჩი. ჩვენს იასთან, აბა, სხვა იას მე არ ვიცნობ. მოიცა, რა გაყვირებს. მე თავისუფალი ადამიანი ვარ და, სადაც მინდა, იქ დავრჩები. კარგი, შეგხვდები, ოღონდ ნუ ღრიალებ!

ვახომ უკმაყოფილოდ აიქნია ხელები:

– ეს სულ გაგიჟდა, ხომ იცი! რა აბღავლებდა, ვერ მივხვდი.

იას გაეღიმა:

– მგონი, მე მივხვდი, მაგრამ, არ გვინდა ამაზე, ნახავ და თვითონ გეტყვის.

– გამაგიჟებთ მე თქვენ! არ შემიძლია, რებუსებით ლაპარაკს ვერ ვიგებ, დავიტანჯე! შენ მაინც მითხარი რამე ადამიანურ ენაზე.

– რაც სათქმელი მქონდა, უკვე გითხარი. წადი, წადი, თორემ ბატონ მინისტრთან შეხვედრაზე დაგაგვიანდება და გააბრაზებ, დიდი კაცის წყენინება კი არ შეიძლება.

– მე მაგის მინისტრობა ფეხებზე მკიდია... თორემ, მიცნობ, – ვახომ მობილური ჯიბეში ჩაიტენა. ქალთან მივიდა და მხარზე დაადო ხელი:

– იაკო, გინდა, ნიკუშას დაველაპარაკები და შეხვდი, თვითონ მოვა შენთან...

– არ მინდა, – გამოაჯავრა იამ, – რას მიყურებ გაოცებული? ჰო, არ მინდა. აღარაფერში მჭირდება ეგ თქვენი ნიკუშა. აქამდე მინდოდა, ახლა აღარ მინდა. რა არის ამაში გაუგებარი? შენი ძმაკაცით არ იწყება და, მით უმეტეს, არ მთავრდება ყველაფერი. წავიდეს, ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს თავისი მილიონები! მე არ დავიკარგები...

ვახომ სინანულით შეხედა ქალს და გულდაწყვეტილმა თავი გადააქნია:

– რა დაგვემართა ყველას, ასე რამ შეგვცვალა. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, თუ დრო ასე იმუშავებდა ჩვენზე.

– დრო არაფერ შუაშია. არც ადამიანები იცვლებიან. უბრალოდ, ზოგჯერ სიტუაცია ჩვენი ნამდვილი სახის გამოვლინებას უწყობს ხელს, სულ ეს არის, – დაასკვნა იამ და ვახოს სევდიანად გაუღიმა, – შენ წადი, ნუ გეშინია, მე არაფერი მომივა. მინის არ ვარ, რომ დავიმსხვრე.

– მოგვიანებით დაგირეკავ, – დაჰპირდა ვახო.

– ნუ შეწუხდები. ხომ გითხარი, კარგად ვიქნები-მეთქი.

– დაგირეკავ, – ჯიუტად გაიმეორა ვახომ და ქალს ლოყაზე აკოცა.

***

ნიკუშა რაღაცის ძალიან სასიამოვნო სურნელმა გააღვიძა და ამ სუნმა ცოტა ხნით წარსულში, ბავშვობაში დააბრუნა. მაღვიძარაზე უკეთ ეს გემრიელი და თითქოს მშობლიური სურნელი აფხიზლებდა. აღმერთებდა კვერცხსა და რძეში შემწვარ თონის პურს. შარვალი სწრაფად ჩაიცვა და ფეხშიშველი გავიდა სამზარეულოში. გაზქურასთან წინსაფარაფარებული ჟანი იდგა, ტაფაზე რაღაცას წვავდა და ხმადაბლა ღიღინებდა. ფეხის ხმაზე შემობრუნდა. ნიკუშას თითქოს იმედი გაუცრუა მისმა დანახვამ.

– თქვენ ხართ? მე კი ვიფიქრე, რომ... უფრო სწორად, მომეჩვენა... თუმცა, ამაზე არ გვინდა... – ნიკუშა გაზქურას მიუახლოვდა.

– საუზმისთვის ამზადებთ?

– მე 8 საათზე ვსაუზმობ ყველის ნაჭრით და ყავით, უკვე ჩვევად მექცა. ოღონდ, აუცილებლად ფრანგული ყველი უნდა იყოს, ტკბილი; საოცარი გემო აქვს და ყავის არომატსაც კიდევ უფრო ამძაფრებს. შენ გეძინა და ყავა მარტომ დავლიე. ახლა კი ჩაი მირჩევნია. ჩაი შემწვარ პურთან ერთად.

ნიკუშას გაეცინა.

– არაჩვეულებრივია. ძალიან მიყვარს. ზუსტად ასე მიწვავდა პურს დედა, – ნიკუშა უცებ გაჩუმდა.

– რა თქვი? ვერ გავიგე, – ჟანმა შემწვარი პურები თეფშზე დააწყო.

– არაფერი. შეგვეძლო, რესტორანში ან კაფეში გვესაუზმა.

– მართალია, შეგვეძლო. მაგრამ მე ძველმოდური ადამიანი ვარ და სახლი ძალიან მიყვარს. გიკვირს?

– არა, რატომ უნდა მიკვირდეს? – მხრები აიჩეჩა ნიკუშამ, – მეც ასეთი ვარ. უბრალოდ, მე არავინ მყავს ისეთი, ვისთვისაც გემრიელი საუზმის მომზადების სურვილი გამიჩნდებოდა.

ჟანმა ორ ფინჯანში ლიმონის ნაჭრები ჩადო და ჩაიდნიდან წყალი დაასხა.

– შაქრით გირჩევნია თუ უშაქროდ?

– უშაქროდ იყოს, – ნიკუშამ ჭიქა ახლოს მიიჩოჩა. ჟანმა გაზქურა ჩააქრო და გვერდით მიუჯდა.

– ძალიან მომეწონა ის ქალბატონი. შეიძლება, შენს საქმეში არ უნდა ვერეოდე, მაგრამ ამას გულწრფელად ვამბობ.

– ჰო, ია კარგი გოგოა. მართლა ძალიან კარგი გოგოა, მაგრამ...

– მაგრამ რა, არ უყვარხარ? მე მგონი, ცდები. ისე გიყურებდა, რომ...

– არა, არა, ეგ არაფერ შუაშია. უბრალოდ, მე ვარ სულელი... – ნიკუშამ ჩაი მოსვა, – წარსულზე ლაპარაკი აღარ მინდა.

– რატომ, წარსულზე. იქნებ კიდევ გაქვს შანსი?

– არ ვიცი. რომც მქონდეს, ალბათ, აღარც ვეცდები მის გამოყენებას.

– რატომ?

ნიკუშამ მხრები აიჩეჩა.

– როცა კაცი ამბობს, შანსი მაქვს, მაგრამ მისი გამოყენების სურვილი – არაო, ესე იგი, მის ცხოვრებაში სხვა ქალი გაჩნდა.

– ძალიან ჭკვიანი ბრძანდებით, ბატონო ჟან.

ჟანმა გაიცინა:

– ამის მიხვედრას განსაკუთრებული ჭკუა არ სჭირდება, სულ ცოტა დაკვირვებაა საჭირო. შეიძლება, გავიგო, ის მეორე ვინ არის?

– არავინ. ერთი ჩვეულებრივი გოგოა, მასზე საერთოდ არ ვფიქრობ.

– კარგი. ვხედავ, რომ ამაზე ლაპარაკი არ გსიამოვნებს. აღარაფერს გკითხავ. ჩვენ როდის გავემგზავროთ?

– თქვენ როდისთვის გაქვთ უკან დასაბრუნებელი ბილეთი?

– ბილეთი თავისუფალი გრაფიკით მაქვს ნაყიდი. რიცხვის არჩევა მე თვითონ შემიძლია. უბრალოდ, ორი დღით ადრე უნდა ვაცნობო ავიაკომპანიას. დღეს საელჩოში მივიდეთ, შენი ვიზის ამბავი მოვაგვაროთ.

– ალბათ, რამდენიმე კვირა დაგვჭირდება.

– არა, რატომ რამდენიმე კვირა? მე არ გამიჭირდება, რომ ერთ დღეში მოვაგვარო ეს საქმე.

– ძალიან კარგი. მაშინ, ნუღარ დავაყოვნებთ. ერთი სული მაქვს, ჩემს კითხვაზე პასუხი მივიღო. იმედი მაქვს, პირობას შეასრულებთ.

– რაც ჩემზე იქნება დამოკიდებული, ყველაფერს გავაკეთებ, – თავი დაუქნია ჟანმა.

ნიკუშა წამოენთო.

– თქვენ მე დამპირდით!

– დიახ, სწორედ ამიტომაც გითხარი, რაც ჩემზე იქნება დამოკიდებული-მეთქი. თუმცა, თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ უარს არ მივიღებთ.

– მე თქვენ გენდობით და პასუხსაც თქვენ მოგთხოვთ.

– მესმის და პასუხისმგებლობისთვისაც მზად ვარ. სხვანაირად აქ არ ჩამოვიდოდი...

***

ვახომ გამარჯობის თქმაც ვერ მოასწრო, დაინახა, როგორ მოიქნია ლევანმა გაშლილი ხელი და გვერდზე გახტა.

– ეე, ხომ არ გაგიჟდი, რას აკეთებ, ტო?!

– რას ვაკეთებ? რას ვაკეთებ? მოგკლავ, შენი... – „გაიქაჩა“ ლევანი.

– ბიჭო, რა დღეში ხარ! – აფეთქდა ვახოც, – შენ ღონე ხომ არ გატყუებს? რა გინდა, ტო?!

– ნაბიჭვარივით მოიქეცი და კიდევ მეკითხები? ყველაფერს წარმოვიდგენდი, მაგრამ შენ თუ ამაზე იყავი სპასობნი... რატომ გააკეთე ეს, ბიჭო, რატომ?

– ჯერ დამშვიდდი. ყვირილსაც მორჩი, თორემ კისრის ძარღვები დაგეჭიმება. რა გაღრიალებს? ხომ არ გგონია, რომ ამით შემაშინებ? მე ის ტიპი არ ვარ, შენისთანები რომ აშინებენ. შენს მინისტრობასაც ფეხებზე დავიკიდებ და ცხვირ-პირს დაგინაყავ!

ლევანი ცოტათი დაცხრა. შეიძლება, იმ ველურმა ნაპერწკალმა დააფრთხო, ვახოს თვალებში რომ გაკრთა.

– შენგან ნამდვილად არ მოველოდი ამას. ყველაზე შემეძლო მეფიქრა, მაგრამ...

– რა უნდა გეფიქრა ყველაზე და რა გავაკეთე ისეთი, ნაბიჭვარს რომ მეძახი? ან ამ დილაუთენია საქმე არ გაქვს, ბატონო მინისტრო, აქ ქუჩის ბიჭივით რომ მირჩევ საქმეს? ეს რომ თქვენი სტილი არ არის?! – დასცინა ვახომ.

– ბიჭო, გეყოფა-მეთქი! – ისევ წამოენთო ლევანი და ხმასაც აუწია.

– მეც გეუბნები, ნუ ყვირი, თორემ მთავრობის სხდომაზე თვალჩალურჯებული რომ მიხვალ, მერე აუხსენი ჟურნალისტებს, ვინ გცემა, – მშვიდად ჩაიყო შარვლის ჯიბეებში ხელი ვახომ და გაცეცხლებულ ლევანს გამომწვევად გაუღიმა.

– როგორ მინდა, დაგარტყა... – კბილები გააღრჭიალა ლევანმა.

– მოდი, მერე! აგერ ვარ, ოღონდ, იცოდე, გულზე ხელებდაკრეფილი არ ვიდგები.

ლევანმა ამოიოხრა.

– ყველამ გამწირეთ. მეგონა, ჩემი წარმატება გიხაროდათ, სინამდვილეში...

– „სინამდვილეში“ რას გულისხმობ და, საერთოდაც, რა ბზიკმა გიკბინა? როდის იყო, ვინმესი რამე მშურდა? ან მითქვამს შენთვის, თანამდებობა მინდა-მეთქი? მე რაც მინდა, მაქვს კიდეც. შენ საერთოდ არაფერ შუაში ხარ ჩემს სურვილებთან. არც შენ და არც არავინ.

– ჰო, უკვე მივხვდი. იასთან ერთად რომ დაგინახე, მაშინვე უნდა მეფიქრა, მაგრამ ასე სწრაფად თუ აღმოვჩნდებოდი ფაქტის წინაშე, მართლა ვერ წარმოვიდგენდი. რომ მითხარი, ღამე იასთან დავრჩიო, მეგონა, მომესმა.

– ჰო. დავრჩი. მთვრალი ვიყავი. მერე, რა?! – ისეთივე სიმშვიდით ჩაილაპარაკა ვახომ და სიგარეტს მოუკიდა.

ლევანი გაფითრდა.

– ესე იგი, არ უარყოფ...

– რას, გუშინ იასთან რომ დავრჩი? არა, რატომ უნდა უარვყო, ჩემი ცოლი ხომ არ ხარ, რომ დაგიმალო?

– მაგიტომაც ხარ ნაბიჭვარი. მორჩა, მე შენთან აღარაფერი მაქვს სალაპარაკო, – გამოსცრა ლევანმა და მანქანის კარი გამოაღო.

– მოიცადე, სად მიდიხარ. მაგის სათქმელად მიბარებდი?

– ჰო! ნაბიჭვარი ხარ!

– ბიჭო, გეყოფა. გეყოფა-მეთქი, თორემ ჩემს მოთმინებასაც აქვს საზღვარი! შენ ცუდი სიზმარი ხომ არ ნახე, ტო. რა დაგეტაკა? პახმელიაზე გამომიყვანე.

ლევანი მანქანაში ჩაჯდა და შუბლი საჭეზე ჩამოდო. ვახო რაღაცას მიხვდა, უფრო ინტუიციამ უკარნახა. მივიდა და ფრთხილად დაადო მხარზე ხელი.

– ლევან, შენ რა, ტირი?

– მომეშვი. ტირილი რომ შემეძლოს, ასე საზიზღრად აღარ ვიგრძნობდი თავს. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს სულში ჩამაფურთხეს. ახლა უკვე აზრი აღარ აქვს ჩვენს საუბარს. არანაირი აზრი არ აქვს, ყველაფერი ისედაც ნათელია. ყოჩაღ, მაგარი ყოფილხარ!

– ჯერ ნაბიჭვარი ვიყავი, ახლა მაგარი ვარ... შენ რაღაც გჭირს, ლევან. რაღაც პრობლემა გაქვს. მითხარი, რა საქმე გქონდა.

– ხომ გითხარი, აღარ აქვს აზრი-მეთქი. ეცადე, იმ გოგოს შენ მაინც არ ატკინო გული, – ლევანმა კარი მიიჯახუნა და მანქანა გიჟივით მოსწყვიტა ადგილს. ვახომ მზერა გააყოლა და მხრები აიჩეჩა.

***

... ყველა ადამიანშია ბოროტებაც და სიკეთეც. არავინ თქვას, ბოროტების გაკეთება არ შემიძლიაო. ძალიან ძლიერი უნდა იყო, რომ დაძლიო შენში ბოროტების საწყისი, რომელიც შესაფერის გარემოში ელვის სისწრაფით იწყებს გაღვივებას და თავადაც ვერ შეამჩნევ, როგორ მოგედება სარეველასავით...

ნათიამ საღამურზე ხალათი შემოიცვა და საძინებლიდან კაბინეტში გავიდა. დათო არც იქ იყო. ბოლოს სამზარეულოში მიაგნო. ფანჯარასთან იჯდა და სიგარეტს ეწეოდა. დაღლილი სახე ჰქონდა, გამოუძინებელი. თვალები – ჩაწითლებული, უპეები – ჩამუქებული. წინ ნამწვებით სავსე საფერფლე ედგა.

– შენ რა, მთელი ღამე აქ იჯექი და სიგარეტს ეწეოდი? გაგიჟდი? ჩემზე სულ არ ფიქრობ?

– შენზე რომ ვფიქრობ, იმიტომაც გამოვედი აქ და ოთახი არ გაგიბოლე, – უხეშად მიუგო დათომ, ისე, რომ ცოლისთვის არ შეუხედავს. ნათია მიხვდა, რომ ახლა არ უნდა გაჭირვეულებულიყო.

– რამე მოხდა? იცი, რა სახე გაქვს?

– ნათი, დამტოვე, რა, ცოტა ხნით. ფანჯარა ღიაა, გაცივდები.

– დაგტოვო, რომ ორი კოლოფი სიგარეტი კიდევ მოსწიო? არავითარ შემთხვევაში! მე შენი ცოლი ვარ და თავის მოკვლის საშუალებას არ მოგცემ.

– საიდან მოიტანე, რომ თავს ვიკლავ? უბრალოდ, ცოტას ვნერვიულობ და ვფიქრობ.

– ვიცი, რაზეც ნერვიულობ. ის ნახატია შენი თავის ტკივილის მიზეზი. თანაც, მგონი, მარტო შენი კი არა, ლევანსაც. გუშინ სუფრასთან ორივეს გაკვირდებოდით და მივხვდი. არც ისეთი ჩერჩეტი ვარ, როგორიც გგონივარ, მაგრამ პერსპექტივას ვერ ვხედავ.

– ძალიან გთხოვ, გაჩუმდი. არ მინდა, შენი მოსაზრებები ვისმინო. მით უმეტეს, რომ ვერაფერსაც ვერ მიხვდი.

ნათიამ გაიცინა:

– რატომ მატყუებ? არც ბრმა ვარ და არც ყრუ. ნიკუშას დედამისთან გამგზავრების ამბავმა შოკში ჩაგაგდოთ. ცუდია, რომ არ მენდობი, იქნებ მერჩია რამე.

– რა უნდა გერჩია? მორჩა ყველაფერი.

– მე ასე არ ვფიქრობ. შენ და ლევანი დიდი ხანია ერთად ხართ?

– მერე, რა უნდა გავაკეთოთ ერთად? – გაღიზიანდა დათო.

– ამას ერთად მოიფიქრებთ. უბრალოდ, ცოტა უნდა მოინდომოთ.

დათომ თავი გააქნია.

– ლევანს ერთხელ უკვე ვუთხარი ამის შესახებ და შორს დაიჭირა თავი. ეტყობა, თავისი ანგარიშები აქვს.

– შეიძლება, მაგრამ შენ უნდა დაარწმუნო, რომ მარტო ძალიან გაუჭირდება იმ ფულთან მიახლოება. არ იცი, ნიკუშას დედასთან როგორ აღმოჩნდა ის ნახატი? ასეთი შედევრები ქუჩაში არ ყრია.

დათომ ცოლს შეხედა და მხრები აიჩეჩა.

– არ ვიცი და, სიმართლე რომ გითხრა, არც დავინტერესებულვარ. რომც ვიცოდე, რაში გამომადგება? ან მაგას რა მნიშვნელობა აქვს.

– რატომ? მნიშვნელობა ნამდვილად აქვს. იცი, რას გეტყვი? აქ ჯდომითა და ნერვიულობით ვერაფერს გახდები, უნდა იმოქმედო.

– კარგი, ვიმოქმედებ, მაგრამ, რომ არ ვიცი, რა გავაკეთო? მთელი ღამე სწორედ მაგაზე ვფიქრობდი.

ნათიამ თმა შეისწორა.

– არ გშია? მოდი, რამე ვჭამოთ და ისე მოვიფიქროთ. როცა მშია, თავი მტკივდება და აზრებიც სადღაც გამირბის.

დათოს ახლაღა გაახსენდა, წინ ყავით სავსე ფინჯანი რომ ედგა.

– აი, მოვადუღე. უნდა დამელია, მაგრამ გაცივებულა.

– გადავაქცევ და ახალს მოგიდუღებ. დათუნი, შენ ხომ ჭკვიანი ხარ, ძალიან ჭკვიანი... – თავზე მოეფერა ცოლი დათოს და თვალებში ჩააშტერდა, – თუ მოინდომებ, ყველაფერი ძალიან კარგად იქნება. ნიკუშას ტორტიდან მოზრდილი ნაჭერი ჩვენც შეგვხვდება.

დათოს გაეღიმა:

– დაგაკელი რამე? ასე გიყვარს ფული?

– ფული ყველას უყვარს, თანაც მალე შვილი გვეყოლება, ბავშვს კი იმდენი სჭირდება! ჩემს შვილს ყველაფერი განსაკუთრებული უნდა ჰქონდეს – ტანსაცმელიც, ნივთებიც... ძიძასაც ხომ უნდა გადავუხადოთ. მერე, მისი სკოლა რამდენი დაგვიჯდება... ამაზე არ ფიქრობ?

– მე საკმაოდ კარგი ბიზნესი მაქვს, არ გაგვიჭირდება.

– ამას ნუ იტყვი, – წარბი შემართა ნათიამ, – მე არ ვარ პრეტენზიული, თორემ, ნახავდი, რაშიც გვეყოფოდა შენი ბიზნესიდან შემოსული ფული, თანაც, არავინ იცის, ხვალ რა მოხდება. ნავთობის ბაზარზე არასტაბილური სიტუაციაა.

დათოს ხმამაღლა გაეცინა ცოლის მსჯელობაზე, წელზე ხელი შემოხვია და მუხლებზე დაისვა.

– ვგიჟდები, შენ რომ ასე ლაპარაკობ ბიზნესზე, ნავთობის ფასზე... ჩემი საყვარელი გოგო... გამოტყდი: მე უფრო გიყვარვარ თუ ჩემი ფული?

ნათიამ ტუჩები გაბუსხა და შეეცადა, ქმრის მუხლებიდან ჩამომხტარიყო. მაგრამ დათომ არ გაუშვა.

– კარგი, კარგი. ოღონდ ნუ გაიბუტები. ვიცი, რომ გიყვარვარ, თანაც – ძალიან, ისიც აღიარე, რომ მართალი ვარ.

– რა თქმა უნდა, მართალი ხარ, – დათომ მოღერებულ ყელზე აკოცა ცოლს და ფრთხილად მიეფერა წამოზრდილ მუცელზე, – ჰო, მართალი ხარ. ბავშვის მომავალზე ახლავე უნდა ვიფიქროთ.

ნათიამ თავი დაუქნია:

– აბა რა! ჭკვიანი კაცი ყოველთვის ცოლს უჯერებს. მით უმეტეს, რომ კრიმინალისკენ არ გიბიძგებ. რა არის იმაში ცუდი, თუ მეგობარს ფულის სწორად დახარჯვაში დაეხმარები? რატომ უნდა დაახარჯოს კახპებს?

– თვითონ ნიკუშას ხომ არ დაველაპარაკო? პირდაპირ მივალ და ვეტყვი, ჩემი იმედი ჰქონდეს. რას იტყვი?!

– შენ ფიქრობ, რომ ეგ კარგი აზრია? იქნებ, ნიკუშამ არც გაყიდოს ის სურათი.

– აბა, რაში სჭირდება? რომელი შედევრებზე გაგიჟებული ეგ მყავს! დედამისი კი ისეა გადარეული შვილთან შერიგებაზე, რომ ყველაფრის უფლებას მისცემს. აუცილებლად გაყიდის. თუნდაც იმიტომ, რომ იასთან „გაიმარიაჟოს“. დაანახვოს, რომ მასაც შეძლებია რაღაც.

– ია... ვახოს რომ ახლდა, ხომ? ისე, მე გამიკვირდა, ერთად რომ მოვიდნენ. ახლა მაგასთან არის?

დათოს სახე შეეცვალა:

– რა სისულელეს ამბობ? ვახოს იაკო დასავით უყვარს.

– შენ?

– რა, მე?

– შენც დასავით გიყვარს?

– რა თქმა უნდა! შენ ხომ არ ეჭვიანობ? არ გადამრიო!

– არა, იაზე ნამდვილად ვერ ვიეჭვიანებ, მაგრამ იქ, სუფრაზე, ისეთი სიტუაცია იყო, რომ...

– რა სიტუაცია იყო? განსაკუთრებული არაფერი ხდებოდა.

– ასე იმიტომ ამბობ, რომ ქალი არ ხარ. მე, მაგალითად, შევამჩნიე, იქ ვიღაც-ვიღაცეები როგორ განერვიულდნენ მის დანახვაზე.

– ნიკუშა სულ ნერვიულობს, როცა იას ხედავს.

– მე ნიკუშა არ მიგულისხმია. თინიკოს ვერაფერი შენიშნე? ისე უყურებდა, თითქოს მისი გადაყლაპვა უნდოდა.

– ოო, რა ხართ ეს ქალები! სულ ცდილობთ, საჭორაო თემა არ მოგაკლდეთ და, თუ არ გაქვთ, ცუდად ხდებით, თვითონ გამოიგონებთ ხოლმე.

– მე არაფერს ვიგონებ. ნამდვილად რაღაც ხდება. ყოველ შემთხვევაში, თავს დავდებ, რომ თინიკოს ია სძულს.

დათომ მხრები აიჩეჩა:

– იცი, საერთოდ არ მაინტერესებს, ვინ სძულს და ვინ უყვარს თინიკოს. წეღან საჭმელს მთავაზობდი, რატომ გადაიფიქრე?

– არ გადავიფიქრე, ახლავე ყველაფერი იქნება.

კარზე ზარი დარეკეს. ნათიამ ყელი გამოუწია ქმარს.

– მიდი რა, გააღე! ალბათ, დედაჩემია, გუშინ მითხრა, მოვალო.

დათოს არ ესიამოვნა სიდედრის ნახვის პერსპექტივა, მაგრამ კარის გასაღებად მაინც წავიდა. ვახო რომ დაინახა, სახე გაუბრწყინდა:

– შენ ხარ? შემოდი, შემოდი... რა კარგია, რომ მოხვედი. ნათია, ვახო მოვიდა! სუფრა სამ კაცზე გააწყვე!..

– არა, არ მშია. ვიფიქრე, ვიფიქრე და გადავწყვიტე, შენთან მოვსულიყავი.

– მოხდა რამე? – დათომ ყურადღებით შეათვალიერა მეგობარი.

– ბიჭო, მგონი, ლევანმა აურია. ყოველ შემთხვევაში, სერიოზული პრობლემა აქვს.

– რატომ გგონია?

– იმიტომ მგონია, რომ მომივარდა და გამლანძღა.

სამზარეულოდან ნათია გამოვიდა და სმენად იქცა. დათოს გაეღიმა.

– რა გაცინებს, ტო?! გეუბნები, რაღაც უბედურება სჭირს-მეთქი. ნაბიჭვარი ხარო და შენგან ამას არ ველოდიო. კიდევ სულში ჩამაფურთხეო...

– რა?! ლევანმა გითხრა ეს ყველაფერი? ამისთანა რა დაუშავე?

– ვიცი? ამიტომაც მოვედი შენთან. მეგონა, შენ მაინც მეტყოდი რამეს.

დათომ ხელები გაშალა:

– წარმოდგენა არ მაქვს. გუშინ რესტორნიდან რომ წამოვედით, იმის შემდეგ არ მინახავს, თვითონაც არ დაურეკავს.

– ჰმ! გეუბნები, აურია, რა! ან, მინისტრობა აუვარდა თავში. ჯერ დამირეკა, შენი ნახვა მინდა, სასწრაფო საქმე მაქვსო, როცა შევხვდი გამლანძღა.

დათომ ნათიას გახედა. გოგო ყურადღებით უსმენდა და ქმრის მზერა არ შეუნიშნავს.

– ალბათ, რაღაც მოხდა, – ყოყმანით ჩაილაპარაკა დათომ, – მაგრამ მართლა არაფერი ვიცი...

გაგრძელება შემდეგ ნომერში


скачать dle 11.3