კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გახდა თაღლითი დარაჯი წარმატებული ადვოკატი


განსაკუთრებით ბოლო პერიოდში ქართველმა სამართალდამცველებმა მიზანში ადვოკატები ამოიღეს. ლამის წესად იქცა, რომ ადვოკატებს თაღლითობისთვის აპატიმრებენ, რომლებიც კლიენტებს საპროცესო გარიგებებით აგებენ ანკესზე და ციხიდან თავის დაღწევის დაპირებით ფულს სძალავენ. ასეა თუ ისე, ფაქტია, როგორც ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში, ადვოკატობა საქართველოშიც ძალიან საპატიო პროფესიაა, იმდენად, რომ არიან ადამიანები, რომლებიც ადვოკატობას იბრალებენ. ერთ-ერთი ასეთი პიროვნებაა ომელი წოწონავა. საქმე ეხება იურიდიული განათლების მქონე 57 წლის დარაჯს, რომელსაც პროფესიით არასოდეს უმუშავია, მაგრამ იმდენად მოსწონდა ადვოკატობა, 5 წლის განმავლობაში ერთ-ერთი საადვოკატო ფირმის დარაჯად მუშაობდა. წოწონავას იურიდიულ საკითხებში სხვა არანაირი პრაქტიკა არ ჰქონია, მაგრამ იმდენს „მიაღწია“, რომ ქართულ ადვოკატურაში ჯერ არარსებულ და მეტად ორგინალურ „დაცვით სტილს“ ჩაუყარა საფუძველი, რის გამოც ჯერ პოპულარული გახდა, ბოლოს კი – ძებნილი. დაუჯერებელია, მაგრამ წოწონავამ მოსამართლეთა გადაწყვეტილებები ისე გააყალბა, რომ არა ციხის ადმინისტრაცია, შესაძლოა, მისი წყალობით არაერთ პატიმარს დაეტოვებინა ციხე. ომელი წოწონავა წლებია, იძებნება, მაგრამ საეჭვოა, ასეთი გამჭრიახი კაცის კვალს ადვილად მიაგნონ.

როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, ომელი წოწონავა ერთ-ერთ ადვოკატურაში სტაჟირებას გადიოდა, თან დარაჯად მუშაობდა, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს სამსახურიდან დაითხოვეს, რისი მიზეზიც უსახსრობის გამო საადვოკატო ოფისის დახურვა გახდა. მოკლედ, ბატონ ომელის სამსახურის დატოვება კი მოუწია, მაგრამ ის ძალიან „წინდახედული“ აღმოჩნდა – საადვოკატო ფირმიდან ბეჭედდასმული ბლანკები გამოაყოლა და იურიდიული მოღვაწეობა უფრო მაღალ რანგში, მოსამართლის ამპლუაში განაგრძო. კერძოდ, იმ მოსამართლეების მანტიას ირგებდა, რომელთაც პატიმრებს გული დასწყვიტეს და სასჯელი არ შეუმსუბუქეს. სწორედ ასეთ პატიმრებს უადვოკატა ნიჭიერმა დარაჯმა და უგულო მოსამართლეების ჯინაზე, პატიმრებს სასჯელი თავად შეუმსუბუქა. მხოლოდ ამით არ სრულდება ბატონი ომელის მოღვაწეობა, უზადო ნიჭის პატრონმა უმუშევარი ხალხის დასაქმება გადაწყვიტა და ამ გზით გვარიანი თანხაც იშოვა.

მოკლედ, ომელი ამჟამადაც იძებნება და ამის მიზეზია გენერალურ პროკურატურაში აღძრული საქმე, საიდანაც გაირკვა, რომ ვიღაც ადვოკატი არგაგონილი ხერხებით ეშმაკობდა – პატიმრებს ციხიდან საკუთარი განკარგულებებით უშვებდა. „ღმერთი სამობითააო“ – სწორედ ომელიზეა ზედგამოჭრილი, რადგან მასზე საქმე სამი ფაქტის გამოვლენის შემდეგ აღიძრა, თუმცა მის კვალს ვეღარსად მიაგნეს.

ადვოკატის ეშმაკობა ¹1

რუსთავის სასამართლომ ვინმე ელდარ ლ-ს 5 წლითა და 5 თვით პატიმრობა მიუსაჯა. განაჩენის თანახმად, პატიმარს სასჯელი რუსთავის გაძლიერებული რეჟიმის სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში უნდა მოეხადა. ოჯახი შვილის ციხიდან დასახსნელ გზებს ეძებდა. მხსნელად ომელი მოევლინათ, როგორც ასეთ საქმეებში „კარგად ჩახედული“. პატიმრის მამიდას ომელი როგორც საგამოძიებო ორგანოებში მუშაობის მრავალწლიანი სტაჟის მქონე კაცი ისე გააცნეს და ისიც დაჰპირდა, რომ მისი ძმისშვილის საქმის მოგვარებას უეჭველად შეძლებდა. მხარეები მორიგდნენ: „ადვოკატი“ უზენაესი სასამართლოს პალატის სახელზე ისეთ საჩივარს დაწერდა, პალატას უარის თქმის ყველა გზას მოუჭრიდა და პატიმარს მისჯილ წლებს შეუმსუბუქებდა. პირველ ეტაპზე ადვოკატმა 90 დოლარი – ორდერის თანხა მიიღო, დანარჩენ გასამრჯელოს საქმის დასასრულს, მისიის შესრულების შემდეგ მიიღებდა. სიტყვას საქმე მოჰყვა. „ადვოკატმა“ სხვისი დახმარებით უზენაესი სასამართლოს საკასაციო პალატის სახელზე საჩივარი მართლა შეიტანა, მაგრამ ამაოდ. პალატამ საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარი თქვა. გაწბილებულ „ადვოკატს“ კატეგორიული უარით, როგორც ჩანს, ღირსება შეელახა, მაგრამ მარცხს იმედიანად შეხვდა და ხერხს მიმართა: კომპიუტერის საშუალებით სასამართლოს დადგენილება თავად „გამოაცხო“ და პატიმრის ოჯახს გადასცა. დადგენილების თანახმად, საკასაციო პალატა პატიმარს, რომელსაც 5 წელი და 5 თვე ჰქონდა მისჯილი, სასჯელს 2 წლითა და 4 თვით უმცირებდა. ის კი არა, ეს „უზენაესი სასამართლოს მიერ დაკმაყოფილებული საკასაციო განჩინება“ ომელიმ იზოლატორშიც კი გაგზავნა. იზოლატორმა დოკუმენტი თავის მხრივ რუსთავის ¹1 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაგზავნა, მაგრამ... ციხეში ეშმაკობას დოკუმენტზე ერთი თვალის შევლებისთანავე მიხვდნენ...

ეშმაკობა ¹2

დიდუბის სასამართლომ რუსი ეროვნების განსასჯელს მკვლელობისთვის 9 წელი მიუსაჯა და ისიც, როგორც ზემოხსენებული პატიმარი, სასჯელს რუსთავის სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში იხდიდა. პატიმრის ახლობლებმა განაჩენი საოლქო სასამართლოში გაასაჩივრეს და 9-წლიანი პატიმრობა 5-წლიანით შეუცვალეს. პატიმრის დედამ მხსნელად ასეთ საქმეებში ჩახედული, ადვოკატი ომელი გამოძებნა. ყოვლის შემძლე ადვოკატმაც, როგორც პირველ შემთხვევაში, პატიმრის ოჯახი დააიმედა – მკვლელობაში ბრალდებულს ვადაზე ადრე ვერ გავათავისუფლებინებ, მაგრამ არ იდარდოთ, პრეზიდენტის შეწყალების კომიტეტს სასჯელს შევამსუბუქებინებო და პატიმრის სასოწარკვეთილ ახლობლებს მომსახურების საფასურად 500 დოლარი მოსთხოვა. ადვოკატს აქაც არაფერი გამოუვიდა. შეწყალების კომიტეტმა ახლოსაც არ გაიკარა და არც გაიკარებდა, რადგან კანონის თანახმად, მკვლელობაში ბრალდებულებს შეწყალება თითქმის არ ეხებათ. მოკლედ, ომელი კვლავ კომპიუტერის იმედად დარჩა. ამჯერად მან პრეზიდენტის განკარგულება „შეთხზა“, რომლის მიხედვითაც, მკვლელობაში ბრალდებულ პატიმარს დარჩენილი სასჯელი 3 წელი, 1 თვე და 15 დღე 2-წლიანი გამოსაცდელი ვადით უმცირდებოდა. ის კი არა „პრეზიდენტის განკარგულება“ ამჯერადაც ციხის უფროსთან მოხვდა, მაგრამ ცხადია, მორიგ ეშმაკობას ციხე კვლავ მიხვდა...

ეშმაკობა ¹3

კასპის სასამართლომ ვინმე ჯ. კ-ს ასევე 9 წლით პატიმრობა მიუსაჯა. განაჩენის თანახმად, პატიმარი სასჯელს საგარეჯოს ¹3-ე მკაცრი რეჟიმის დაწესებულებაში იხდიდა. გაზაფხულზე პატიმრის მოსანახულებლად ციხეში მისი ბიძაშვილი მივიდა, თუმცა მასზეც სისხლის სამართლის საქმე აღიძრა – ციხეში მყოფი ბიძაშვილისთვის მან ჰეროინის შეტანა სცადა. ამიტომ, მნახველი ციხეში ბიძაშვილს მიუსვეს, რის გამოც ოჯახი შოკში ჩავარდა. ორი პატიმრის რჩენა ციხეში ადვილი საქმე ხომ არ იყო?! საქმის მოკვარახჭინება აქაც ომელიმ იკისრა. ოჯახის წევრები ადვოკატს მოურიგდნენ. კერძოდ, ადვოკატი ერთ პატიმარს ფსიქიკურად შეურაცხადის ცნობას გაუკეთებდა, რის შემდეგაც გარეთ გამოვიდოდა, ხოლო მეორის საქმეს უზენაესი სასამართლოს საკასაციო პალატაში გაასაჩივრებდა და მასაც სასჯელს შეუმსუბუქებდნენ. ფსიქიატრიული ექსპერტების მოსაქრთამად ადვოკატმა ერთ ოჯახს 6 000 დოლარი უანგარიშა, აქედან 400 დოლარი იურიდიულ მომსახურებასა და სხვა დამატებითი ხარჯებისთვის იყო საჭირო. მოსაქრთამი იყო რაიონისა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებიც. როგორც პატიმრის ოჯახი ჩვენებაში წერს, ყოვლისშემძლე ადვოკატმა მთლიანობაში 7 500 დოლარი გამოსძალა...

სხვა ეშმაკობები

ომელ წოწონავას საქმიანობა მხოლოდ ადვოკატობით არ სრულდება. თაღლითობის უზადო ნიჭით დაჯილდოებულმა ლამის მილიონები იშოვა, თანაც ისე, რომ მოტყუებული კლიენტებიც აღფრთოვანებული დატოვა. როგორც ირკვევა, პარალელურ რეჟიმში ბატონი ომელი ხალხის დასაქმებას ცდილობდა, რითაც გვარიანი თანხა იშოვა.

საქმის მასალებით, ომელი წოწონავამ მოქალაქეების დასაქმება ჯერ არგახსნილ უცხოურ კომპანიაში გადაწყვიტა, ამისთვის 3 ოფისი გახსნა და როგორც ირკვევა, დამხმარეებთან ერთად მუშაობდა. ომელი კლიენტებს მოგონილი სახელით ეცნობოდა და ატყუებდა, რომ უცხოური კომპანიის სოციოლოგიური კვლევის ცენტრის წარმომადგენელი იყო და მამაკაცებს – მძღოლებად, ქალბატონებს კი კვების ბლოკში მუშაობის დაწყებას ჰპირდებოდა, რომელთა ხელფასი 300-500 დოლარი იქნებოდა. ამ საქმეში თითოეულისგან ომელი 1 000-1 500 დოლარს იღებდა და როგორც საქმის მასალებით ირკვევა, მის ანკესზე ხალხი ადვილად ეგებოდა, რადგან მეტი დამაჯერებლობისთვის, ამ ხალხს ჯანმრთელობის ცნობებისთვის გზავნიდა. მძღოლებს, როგორც წესი, „ფსიქო“ სჭირდებათ; ქალბატონებს კი, სხვადასხვა ჯანმრთელობის ცნობების გასაკეთებლად აგზავნიდა.

დრო გადიოდა და სამსახურის დაწყებას საშველი არ ადგებოდა. სამსახურის მოლოდინით დაღლილი კლიენტები ომელის აწუხებდნენ, თუმცა ის არ იბნეოდა და დასამშვიდებლად ზოგს უცხოური კომპანიის ყალბ დოკუმენტებს აძლევდა, ზოგსაც ყალბ სერტიფიკატებს, თითქოს მათ ინგლისურის კურსებიც ჰქონდათ გავლილი და გამოცდის ჩაბარება აღარ მოუწევდათ. ყველაზე საოცარი კი ისაა, რომ ათასობით ადამიანს ატყუებდა და მისი ვინაობით არც ერთი არ დაინტერესებულა მანამ, სანამ ომელი არ გაუჩინარდა. სხვათა შორის, გამოძიებამ ის ექიმებიც დაკითხა, სადაც მოტყუებული უმუშევრები „ფსიქოსა“ და სხვადასხვა ცნობებს იღებდნენ და გაირკვა, რომ ამ ცნობების საფასურს ომელი თავად იხდიდა. მეტიც, ერთ-ერთ სასტუმროში კლიენტებს თურმე „ტრენინგებსაც“ კი უტარებდა და თანამშრომლებს ავტომანქანის მართვას ასწავლიდნენ. ზოგიერთ კლიენტს თურმე ხელფასსაც კი აძლევდა. თუ კლიენტს 1 500 დოლარი მისთვის უკვე მიცემული ჰქონდა, ასეთ კლიენტს ორი თვის ხელფასს უხდიდა. თუმცა ამ მსხვერპლის გაღება იმისთვის სჭირდებოდა, რომ სხვებიც წამოგებულიყვნენ მის ანკესზე.

სად არის ომელი წოწონავა? ეს დაუდგენელია. გამოძიებამ მხოლოდ მამამისს მიაგნო, მაგრამ ის ინსულტითაა დაავადებული და ლაპარაკიც არ შეუძლია, ამიტომ გამოძიებამ მისგან ვერაფერი შეიტყო. არადა, დაკავების შემთხვევაში, თაღლითობისთვის ბრალდებულს სულ რაღაც 5 წლამდე პატიმრობა ელის...


скачать dle 11.3