კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გახდა ტაირონ ელისი ელიაშვილი და სად იპოვა მან სრულყოფილი ქალი

ყველას როგორ მოგვენატრა ქართველების გამარჯვება. ოლიმპიელების შემდეგ გამარჯვების სიხარულს საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები გვაგრძნობინებს. ნაკრების ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ, კოლორიტულ და საინტერესო მოთამაშეს, ტაირონ ელისს, ირლანდიასთან მოგებული თამაშის შემდეგ შევხვდი. ნახევრად გაქართველებული ტაირონი, როგორც ის საკუთარ თავს უწოდებს, თბილისში თავს მშვენივრად გრძნობს. საქართველოთი მოხიბლულია ტაირონის ამერიკელი მეუღლეც.

ტაირონ ელისი: ჩემი სრული სახელია ტაირონ ჟერარდ ელისი. დავიბადე ამერიკის შეერთებულ შტატებში, დალასში, ტეხასის შტატში. ახლა უკვე 31 წლის ვარ, კალათბურთის თამაში კი მაშინ დავიწყე, როდესაც 3-4 წლის ვიყავი. ქუჩაში, ჩემთვის ყოველთვის ვთამაშობდი. სერიოზულად კი ამ საქმეს კოლეჯში სწავლის დროს მოვეკიდე. მაღალ კლასებში უკვე ძალიან მიყვარდა ეს სპორტი და მივხვდი, რომ კალათბურთის თამაში პროფესიულ დონეზე მინდოდა. უმაღლესი განათლების მიღებაც ამ მიმართულებით გავაგრძელე, ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხი სპორტის მენეჯმენტის სპეციალობით მაქვს მიღებული. ასე რომ, მომავალშიც კალათბურთში დავრჩები, ოღონდ, სხვა განხრით. 2001 წლიდან NBA-ს მეორე დივიზიონში ვთამაშობდი. ამერიკის შემდეგ ცენტრალურ ევროპაში გადავედი, სადაც ცხრა წელი ვითამაშე. ამჟამად ესპანეთში, სევილიაში ვცხოვრობ.

– ამბობენ, ესპანეთი და საქართველო ერთმანეთს ჰგავსო, ამიტომ აქაურობასთან შეჩვევა არ გაგიჭირდებოდათ.

– სხვათა შორის, ეს მეც მითხრეს, მაგრამ ესპანეთსა და საქართველოს დიდად ვერ ვამსგავსებ ერთმანეთს. თურქეთშიც ვთამაშობდი და, მე თუ მკითხავთ, სტამბული და თბილისი უფრო ჰგავს ერთმანეთს: იქაც და აქაც სულ საცობებია, გიჟური მოძრაობა, ყველას ძალიან სწრაფად დაჰყავს ავტომობილი, ყველა უაზროდ ასიგნალებს (იცინის). გადარეული ვიყურები ხოლმე, ვერ ვხვდები, რატომ ასიგნალებენ.

– საქართველოში როდის ჩამოხვედი?

– მეოთხე წელია, რაც საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ვთამაშობ. აქ 2006 წელს ჩამოვედი. როდესაც აქ ჩამოსვლა შემომთავაზეს მიუხედავად იმისა, რომ ბევრი არაფერი ვიცოდი საქართველოს შესახებ, მალე დავთანხმდი. საერთოდ, ევროპის ამ მხარეზე ბევრი არაფერი ვიცოდი, რუსეთიც მხოლოდ გაგონილი მქონდა. იტალია, ესპანეთი – ამ ქვეყნებს ვიცნობ. საერთოდ, როდესაც ჯორჯიას ვამბობ, ყველას მაშინვე ამერიკის შტატი ჰგონია. მერე ვიწყებ ახსნას, რომ არა, ეს საქართველოს რესპუბლიკაა, აღმოსავლეთ ევროპაში. ძალიან მომწონს აქაურობა, კლიმატი, სამზარეულო, მაგრამ ყველაზე მეტად ალბათ მაინც ხალხს გამოვარჩევდი, ადამიანებს, რომლებსაც განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვთ ერთმანეთთან. მართლა ძალიან ვამაყობ, რომ საქართველოს სახელით ვთამაშობ, იმხელა მხარდაჭერას და გვერდში დგომას ვგრძნობ ამ ადამიანებისგან, განსაკუთრებული გულშემატკივრები გვყავს. ფედერაციაში თავისი საქმის ნამდვილი პროფესიონალები მუშაობენ. ქართველებს განსაკუთრებით უყვართ თავიანთი ქვეყანა და მიხარია, რომ ამ ყველაფრის ნაწილი ვარ, ამ ქვეყნისთვის ვთამაშობ და ყველა იმ ადამიანის ბედნიერ სახეს ვხედავ, რომელიც თამაშზე მოდის, მგულშემატკივრობს და მეც ბედნიერი ვარ მათი შემხედვარე.

– ბევრი ამბობს, რომ უკვე არა მხოლოდ პასპორტით, ისედაც ნახევრად ქართველი ხარ.

– ასეა (იცინის). ნახევრად ქართველი კი არა ისიც არ არის გამორიცხული, რომ ჩემი გვარი არა ელისი, არამედ ელიაშვილია.

– მოდი, შენს მეუღლეზეც მოგვიყევი: როდის შეხვდით ერთმანეთს, როგორ დაიწყო თქვენი სიყვარულის ისტორია?

– ერთმანეთს სამი წლის წინ შევხვდით ჩვენი საერთო მეგობრის დახმარებით. ეს დალასში მოხდა. ჩემთვის მისი გაცნობა ზეციური წყალობასავით იყო. მორწმუნე ქრისტიანი ვარ, ყოველთვის ვლოცულობდი იმაზე, რომ სრულყოფილი ქალი შემხვედროდა და ღმერთმა ერიკა გამომიგზავნა. ზუსტად ის იყო, ვისაც ვნატრობდი.

– რას ნიშნავს სრულყოფილი ქალი?

– ჩემთვის?! როდესაც ვლოცულობდი, ვნატრობდი ქალს, რომელიც ასევე მორწმუნე ქრისტიანი იქნებოდა. მომწონს მისი გრძელი თმა, კანისა და თვალების ფერი და საერთოდ ყველაფერი მის გარეგნობაში. რაც მთავარია, ის არის ადამიანი, ვინც ჩემსავით მხიარულია. მას უყვარს ხუმრობა, სიცილი, ლაღი ხასიათი აქვს. ამიტომაც ყოველთვის ღმერთს მადლობას ვწირავ იმისთვის, რომ ერიკა მაჩუქა. უამრავი ადამიანი ისე ატარებს თავის ცხოვრებას, რომ ამხელა სიყვარულს ვერ პოულობენ, ჰყავთ ბოიფრენდები, გერლფრენდები, მერე ერთმანეთს შორდებიან; ბევრი ადამიანი ვერ პოულობს იმ ერთადერთსა და განსაკუთრებულს, რომელთან ერთადაც მთელ ცხოვრებას გაატარებს. უბედნიერესი ვარ, რომ ასე გამიმართლა.

ერიკა: ჰელოუინზე გავიცანით ერთმანეთი. პირველივე დღეს მივხვდი, რომ ის სულ სხვა იყო. როდესაც ადრე სადმე დავდიოდი, ყოველთვის ადრე ვბრუნდებოდი სახლში, დილით ადრე უნდა ავმდგარიყავი, რადგან ვმუშაობდი, ვსწავლობდი და მეორე დღეს ბევრი საქმე მქონდა ხოლმე. ამიტომ ძალიან ადრე, ათის ნახევარზე ვიძინებდი. იმ დღეს კი, როდესაც ტაირონი გავიცანი რაღაც ძალიან მალე გავუგეთ ერთმანეთს, მეგობრულად დავიწყეთ ლაპარაკი, თითქოს დიდი ხნის ნაცნობები ვიყავით. საათს რომ დავხედე, უკვე შუაღამე იყო, ჩვენ კი ისევ ვსაუბრობდით და ამან ძალიან გამაკვირვა. ის საინტერესო და განსაკუთრებულია და რაც მთავარია, ძალიან მამაკაცური. ნამდვილი კაცია – ყველაფერზე ზრუნავს, შრომისმოყვარეა და, თან, ძალიან მხიარული. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მის გვერდით თავს ყოველთვის კარგად ვგრძნობ.

– როდის გქონდათ ქორწილი?

– ქორწილი გვქონდა 2007 წლის 21 ივლისს. სანაპიროზე გადავიხადეთ, სულ ოცი ადამიანი გვყავდა სტუმრად. ძალიან კარგად გავერთეთ, ვიმხიარულეთ.

– შვილები გყავთ თუ ჯერ არა?

– ჩვენ ჯერ არა, ტაირონს ჰყავს უსაყვარლესი და უმხიარულესი გოგონა წინა ურთიერთობიდან, ძალიან მიყვარს, არაჩვეულებრივი გოგოა.

– ერიკაც ამერიკელია? ესპანელს უფრო ჰგავს.

– მართალია, არავის არ ვგონივარ ამერიკელი. სევილიაშიც ყველა მეუბნება, ან ფრანგი ხარ, ან ესპანელი და ან ნიგერიელისა და თეთრის მიქსიო. (იცინის). ისე, დედაჩემი ზანგია, მამაჩემი – ირლანდიელი, შერეული სისხლი მაქვს და განსაკუთრებით არც ერთს არ ვგავარ.

ტაირონი: ერიკას ძალიან მოსწონს საქართველო.

ერიკა: პირველად ვარ საქართველოში და მართლა მოვიხიბლე. დავათვალიერე რაღაც ადგილები და მომეწონა, ძველი და საინტერესოა.

– სად ერთობით ხოლმე?

ტაირონი: დალევა და ღამის გართობა მართლა არ გვიყვარს. კვირაობით შეიძლება სადმე დისკოთეკაზე წავიდეთ, მაგრამ საჭმელად გასვლა, რესტორნებში სიარული და სხვადასხვა სტილის კერძების გასინჯვა გვირჩევნია. ჩემი საყვარელი ქართული საჭმელი ხაჭაპურია. ერიკას ის დიდად არ მოსწონს, რადგან ყველი არ უყვარს, ხორცი ურჩევნია.

– ესე იგი, აქ თავს მშვენივრად გრძნობს.

ერიკა: მართალია, უამრავი ხორცის კერძი გაქვთ და ყველა მომწონს. დღეს აღმოვაჩინე, რომ თქვენს სამზარეულოში ბოსტნეული თითქმის არ არის, კარტოფილს და ასეთ რაღაცეებს კი იყენებთ.

– გუნდელებთან ალბათ ძალიან დამეგობრდი.

ტაირონი: რა თქმა უნდა, არაჩვეულებრივი ბიჭები არიან, მათ ერთ-ერთ ძმად მიმიღეს და ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ აქ თავი უცხოდ არ მეგრძნო. კარგი მეგობრები ვართ და ქვეყანასაც ჩვენი მაქსიმუმით წარმოვაჩენთ, მისთვის ვიხარჯებით. შეიძლება, ადამიანებს ჰგონიათ, რომ ჩვენთვის ეს მხოლოდ თამაშია და მას არასერიოზულად აღიქვამენ, მაგრამ ჩემთვის ეს ძალიან სერიოზული საქმეა, ბევრს ვვარჯიშობ, ვშრომობ. ეს არ არის მხოლოდ კალათბურთი, მე მოგება მინდა, არა მხოლოდ საკუთარი თავისთვის, არამედ ხალხისთვისაც.

– რამდენ ხანს ითამაშებ კიდევ?

– ზუსტად არ ვიცი, სადამდეც თამაშის უნარი, შესაძლებლობა და ძალა მექნება. სხეული მშვენიერ ფორმაში მაქვს, ბევრს ვლოცულობ, ვვარჯიშობ, ერიკა გვერდით მყავს და, იმედი მაქვს, კიდევ დიდხანს დავრჩები სპორტში.

– ერიკა, გიყვარდა კალათბურთი?

ერიკა: ყოველთვის ვუყურებდი, მაგრამ ახლა უკვე ყურებასთან ერთად ძალიან კარგად მესმის, ტექნიკურ ამბებშიც ვერკვევი, ვხვდები ყველაფერს.

– როდის ტოვებთ თბილისს?

ტაირონი: ერიკა ჩემზე ადრე, დაახლოებით აგვისტოს ბოლოს მიდის, მე აქ ვარ, სანამ თამაშები გვაქვს, ალბათ სექტემბრის ბოლომდე. ერიკა სწავლობს, სახლში მოდის ესპანურის მასწავლებელი. სეზონის განმავლობაში ინტერნეტით იღებს გაკვეთილებს, მე კი ვთამაშობ. მთელი დღე დაკავებულია, თავისი საქმეები, საკუთარი პატარა სამყარო აქვს და ეს ძალიან მომწონს.

ერიკა: ძალიან მომწონს სევილიაში ცხოვრება, საკმაოდ ამერიკანიზებულია და არ მიჭირს იქ ყოფნა. თავს ისე ვგრძნობ, როგორც სახლში.

– არდადეგები არ გაქვთ?

ტაირონი: არდადეგები უკვე მქონდა, მაისიდან დაიწყო. არდადეგებს ყოველთვის ამერიკაში ვატარებ, მშობლებს, მეგობრებს ვნახულობთ.

– მშობლები ალბათ ძალიან ამაყობენ შენით?

– მართლა ამაყობენ და ეს უბედნიერესს მხდის.



სალომე გველესიანი


скачать dle 11.3