კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ინტიმური საუბრები


რატომ შემიყვარდა ახალი წელი

შარშანდლამდე ყველაზე მეტად საერო დღესასწაულებიდან ყოველთვის ახალი წელი მიყვარდა. შარშანაც მთელი ზარ-ზეიმით ვაპირებდი ახალი წლის შეხვედრას. ქალი მოვიყვანე და სახლ-კარი დავაწკრიალებინე, სამსახურში ლატარიას ვთამაშობდი და რა თანხაც ავიღე, ნახევარზე მეტი ოჯახის წევრების საჩუქრებში დავხარჯე, ყველაზე მეტი საჩუქარი ქმარს ვუყიდე – ძვირფასი პარფიუმერია, თეთრეული, ქუდი, ფეხსაცმელი... კერძებიც ის მოვამზადე, მას რომ უყვარდა. სამარხვო საჭმელებიც მქონდა და სახსნილოც. ბავშვების გამო მთელი ბინა საზეიმოდ მოვრთე, სუფრა გავშალე. მეც გამოვიპრანჭე, ბავშვებიც გამოვაწყვე და საათს გავხედე – 11-ის ნახევარი იყო. ნახევარ საათში ბექაც უნდა მოსულიყო თავისი სტუმრებიანად. სამსახურში აქვთ ასეთი წესი: თვეში ერთხელ ყოველი მათგანის ოჯახში იშლებოდა სუფრა და ცოლებიან-ქმრებიანად დავდიოდით ერთმანეთთან. დეკემბერში ჩვენი ჯერი იყო და გადავწყვიტეთ, ბარემ ახალ წელს შევხვედროდით ერთად.

ამ ფაციფუცში ერთი საათიც გავიდა. გახდა 12-ის ნახევარი, გავიდა კიდევ 15 წუთი, მაგრამ არავინ ჩანდა. დავურეკე ბექას მობილურზე – გათიშული ჰქონდა, სამსახურში კი არავინ იღებდა ყურმილს. აღარ ვიცოდი, რა მეფიქრა. ბავშვებიც განერვიულდნენ, აჭიჭყინდნენ. 12 საათი რომ შესრულდა, ძალით მოვიმხიარულე თავი, შვილებსაც მივულოცე ახალი წელი, საჩუქრებიც მივეცი და ცოტა ხანში, როგორც იქნა, დასაძინებლად გავისტუმრე, მე კი ჩავჯექი სავარძელში და ტირილი ამივარდა. თან მეშინოდა, გზაში ხომ არაფერი შეემთხვათ-მეთქი, თან გული ცუდს მიგრძნობდა, ოღონდ, არა ავარიას ან რამე ამდაგვარს, არამედ რაღაც სხვას, უფრო ცუდსა და მტკივნეულს.

2-ის ნახევარსაც რომ გადასცილდა დრო, გადავწყვიტე, ბექას ბლოკნოტი მომეძებნა და ვინმე თანამშრომლისთვის დამერეკა, თორემ უკვე სიგიჟის ზღვარზე ვიყავი. ის იყო, უჯრა გამოვხსენი, რომ კარზე ზარის ხმაც გაისმა. საშინელმა შიშმა ამიტანა. ძლივს მივედი კარამდე. ისე დავიძაბე, ძლივს გადავატრიალე საკეტი. ზღურბლზე ბექას ძმაკაცი იდგა და უხერხულად იშმუშნებოდა, თან თვალს ვერ მისწორებდა. ისეთი სახე ჰქონდა, გული გამისკდა და მთელი ხმით ვიკივლე, რა მოხდა-მეთქი. ჩემს კივილზე ბავშვები გამოცვივდნენ თავიანთი ოთახიდან და ასეთი გაგიჟებული რომ დამინახეს, ხმამაღლა ატირდნენ. ბექას მეგობარმა ჯერ დაწყნარება დაგვიწყო – ნუ გეშინიათ, ცოცხალიაო. აბა, რატომ არ მოვიდა-მეთქი, – ვკითხე დაეჭვებულმა. რატომ და დღეს საღამოს თავის მდივანთან ერთად საფრანგეთში გაფრინდაო. თავიდან ვერ მივხვდი, რა მითხრა, მერე ისეთი ისტერიკული სიცილი ამიტყდა, საწყალი კაცი იძულებული გახდა, სახეში გაერტყა ჩემთვის, გონზე რომ მოვეყვანე. ცოტა აზრზე რომ მოვედი, მხოლოდ მერე მითხრა, კარგა ხანია, ხვდებოდნენ ერთმანეთს, მაგრამ ასე სერიოზულად თუ იყო საქმე, არ მეგონაო. იმის მოყოლით აღარ შეგაწუხებთ, რა დღეში ჩავცვივდით მეც და ბავშვებიც.

ყველაფრის მიუხედავად, მთელი წლის განმავლობაში ველოდი. ოღონდ დაბრუნებულიყო და ყველაფერს ვაპატიებდი. მას არც დაურეკავს და არც ბავშვები უნახავს, ისე იყო თავის ახალ ოჯახში თავით გადაშვებული. სულ ცოტა ხნის წინ კი ერთმა მისმა თანამშრომელმა საიდუმლოდ გამანდო, ბექა იმ ქალისგან წამოვიდა და თქვენთან უნდა დაბრუნება, მაგრამ ეშინია, იმედი არ აქვს, რომ აპატიებო. ისე გამიხარდა ამის გაგონება, რომ დედამიწაზე ყველაზე უთავმოყვარეო ქალივით მოვიქეცი: ბექას თანამშრომელს ვთხოვე, ჩემს ქმარს გადაეცი, ისე დაბრუნდეს თავის სახლში, თითქოს, არც არასდროს წასულა-მეთქი. მე კი მაშინვე გავიქეცი და უამრავი პროდუქტი მოვზიდე, საახალწლო სუფრა განსაკუთრებით მდიდარი და საზეიმო რომ ყოფილიყო.

გუშინ იმავე ქალისგან გავიგე, რომ ბექას თანამშრომლებისთვის უთქვამს, შარშანდელი პურმარილი რომ ავიცილე თავიდან, იმის ნაცვლად ამ ახალ წელს უნდა შევხვდეთ ჩემს ოჯახშიო. ყველას გახარებია, ბექა რომ თავის ოჯახს უბრუნდება. თანამშრომლების მოყვანაც იმიტომ გადაწყვიტა, რომ ოჯახში დაბრუნების უხერხულობა და სიმძიმე შეიმსუბუქოს და გაიადვილოს. არც მწყინს და არც მიკვირს. ოღონდ დაბრუნდეს და არაფერს დავეძებ.

ახლა დღეებს კი არა, საათებს ვითვლი, როდის მოვა 31 დეკემბერი.

ახალი წელი ისევ შემიყვარდა...

ლიკა, 33 წლის.



ჩემს „ნაშებს“ ახალ წელს ვულოცავ და პირად ბედნიერებას ვუსურვებ

მთელი ახალგაზრდობა ქალების დევნას შევალიე. პოპულარული ბიჭი ვიყავი (ისე, ახლაც პოპულარული ვარ ქალებში) და ეს, ცოტა არ იყოს, თავში ამივარდა. გოგოები ჩემ გამო ვენებს იჭრიდნენ და მეც დარწმუნებული ვიყავი, მუდამ ასე იქნებოდა, რომ „არჩევან-არადანში“ „არჩევანი“ ყოველთვის მე ვიქნებოდი, რომ ვერასდროს ვერც ერთი გოგო ვერ „დამიჭერდა ყურებით“, რომ ყველა ქალს ჩემს ნებაზე ვაბზრიალებდი... ჩემი ყველაზე ხანგრძლივი რომანი ერთ თვეზე მეტხანს არ გაგრძელებულა. საწყალი დედაჩემი აკლებული ჰყავდათ – თითოეული დღეში ასჯერ რეკავდა: ზოგი ტიროდა, ზოგი იმუქრებოდა, ზოგი ილანძღებოდა... მობილურზე ვერ მირეკავდნენ, რადგან კვირაში ერთხელ ვცვლიდი ნომერს.

ცოტა გვიან მივხვდი ერთ რამეს: ასე ხშირად იმიტომ ვიცვლიდი „ნაშებს“, რომ ვეძებდი გოგოს, რომელშიც დავინახავდი არა მხოლოდ ინტიმის ან გათხოვების სურვილს, არამედ რაღაც სხვას – კდემას, ღირსებას, მეგობრობის სურვილს – ასეთი კი ვერა და ვერ ვიპოვე, ალბათ, ამიტომაც „გავგულავდი“. რადენიმე თვის წინ კი სრულიად შემთხვევით, სამსახურში გავიცანი გოგონა. ძალიან საშუალო გარეგნობა ჰქონდა და ამიტომ თავიდან ყურადღება არც კი მიმიქცევია, მაგრამ თანდათან ისე დამაინტერესა მისმა პიროვნებამ, რომ გადავწყვიტე, მასთანაც გამომეყენებინა ჩემი შარმი და ცოტა ხანს გავრთობილიყავი. გადავწყვიტე და „შევუტიე“ კიდეც. მეგონა, გაუხარდებოდა, რომ ასეთი ბიჭის ყურადღება დაიმსახურა, მაგრამ, თქვენ წარმოიდგინეთ, სალ კლდეს წავაწყდი. ზედაც არ შემომხედა, ვერც კი მამჩნევდა, არაფრად აგდებდა იმას, რომ ტყავიდან ვძვრებოდი მისი ყურადღების დასამსახურებლად. ამან ჯერ ძალიან გამაცოფა, მერე კი ინტერესში ჩამაგდო. თითქოს დავმეგობრდით კიდეც, მაგრამ ამის იქით ერთი ნაბიჯითაც ვერ წავიწიე წინ. თან, ისე იქცეოდა, შარსაც ვერ მოვდებდი. ისე დაიყენა თავი ამ ციცქნა გოგომ, რომ სულ წარბებში ვუყურებდი – რა ეწყინებოდა და რა გაუხარდებოდა. მერე ვიფიქრე, ამას ვაჩვენებ სეირს-მეთქი და საერთოდ აღარ ვეკონტაქტებოდი. თუ საქმეზე უნდა დავლაპარაკებოდი, ძალიან ოფიციალური და შეუვალი ვიყავი, მაგრამ ის თითქოს ვერ ამჩნევდა ამას, ისევ ჩვეულებრივად მექცეოდა.

ერთხელ ფეხი მოვიტეხე და ისე გადამყვა თან, მეგონა, ბოლოს სიყვარულში გამომიტყდებოდა, მაგრამ, როგორც კი ფეხზე დავდექი, მაშინვე მოუკლო სითბოს გამომჟღავნებას ჩემ მიმართ.

მიუხედავად იმისა, რომ ვმეგობრობთ, ვერაფრით დავითანხმე, ჩემთან სახლში მოსულიყო. არადა, უკვე ისე ვიყავი ინტერესში ჩავარდნილი, დედაჩემსაც კი ვუთხარი, მგონი, სერიოზულად შემიყვარდა და, თუ მისი გული დავიპყარი, მალე ცოლადაც მოვიყვან-მეთქი. დედას არც კი უკითხავს, ვინ არის ან როგორი გოგოაო, მაშინვე პირჯვარი გადაიწერა რამდენჯერმე, თვალები ჭერში აღაპყრო და ხმამაღლა დაიწყო ლოცვა: ღმერთო, შენს სახელს ვენაცვალე, ოღონდაც ამის ჭკუაზე მოსვლას მომასწარიო.

ბევრი ვიფიქრე, როგორ მოვიტყუო ჩემთან სახლში, რომ კიდევ უფრო დავუახლოვდე-მეთქი და მოვიფიქრე: სამსახურში გამოვაცხადე: ინიციატივა შემომაქვს, ახალ წელს ყველანი ჩემს სახლში შევხვდეთ-მეთქი. წინადადება ერთხმად მიიღეს. სახლი იმხელა მაქვს, თავისი ეზოთი, ორი იმდენი ხალხი დაეტევა. ამის პრობლემა არ არის, მაგრამ ძალიან ვნერვიულობ, რა მოხდება, არ ვიცი.

რაღაც მაქვს ჩაფიქრებული და, თუ ყველაფერი ისე წარიმართა, როგორც ჩავიფიქრე, შეიძლება, ნინო სახლში აღარც კი გავუშვა და სამუდამოდ ჩემთან დავტოვო.

ასე რომ, ჩემო ძვირფასო „ნაშებო“, გემშვიდობებით, ახალ წელს გილოცავთ და პირად ბედნიერებას გისურვებთ. ჩემი იმედი კი ნუღარ გექნებათ!

გაგა, 29 წლის.



რედაქციაში შემოსული უამრავი წერილიდან ამოვარჩიეთ საუკეთესო ამბები და ვთავაზობთ მკითხველს.

„ინტიმური საუბრებისთვის“ SMS-ები შეგიძლიათ გამოგზავნოთ ტელეფონის ნომერზე: 897 33-08-81.

ელექტრონული ფოსტით: tbiliselebi2001@yahoo.com

ან მოიტანოთ რედაქციაში

წერილის სახით.


скачать dle 11.3