კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გახდა სიყვარულში ნუკი კოშკელიშვილის მეტოქე მისი ყველაზე ახლო მეგობარი და რის გამო ტიროდა ის ყოველდღე


„იმედის“ დილის გადაცემა ერთ-ერთი ყველაზე ფერადი, გემრიელი და მიმზიდველია. ახალი წამყვანი, ნუკი კოშკელიშვილი, რომელიც სერიალ „კლინიკაში“ ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებლადაც მოგვევლინა, ერთმნიშვნელოვნად საინტერესო სახედ იქცა ქართულ მედიასივრცეში. მისი ცხოვრების გარშემოც უკვე ბევრი ჭორი თუ მართალი გავრცელდა. როგორია ნუკის ცხოვრება, ამაზე თავად ლამაზმანი გვესაუბრება.


ნუკი კოშკელიშვილი: დავიბადე თბილისში და მერე დიდი ხნის განმავლობაში სანკტ-პეტერბურგში ვცხოვრობდი. რაღაც პერიოდი მოსკოვშიც ვსწავლობდი, მაგრამ ძირითადად მაინც პეტერბურგში გავიზარდე. დედა იქიდან არის წარმოშობით, ბაბუაც იქ მყავს და მოკლედ, ასე დაიწყო ჩემი ცხოვრება.

– დედა რუსია?

– მთლიანად არა, ნარევი სისხლი აქვს, – რუსულიც სისხლიც ურევია და ბერძნულიც.

– გარეგნობით ბავშვობიდან გამორჩეული იყავი?

– არა მგონია. განსაკუთრებული სიშავით ან სითეთრით ნამდვილად არ გამოვირჩეოდი. იქ ყოველთვის მრავალფეროვანი კონტინგენტი იყო, მაგრამ თუ ზოგადად გარეგნობას გულისხმობ, თავმდაბლობის გარეშე გეტყვი, რომ მგონი, არა მიშავდა, ყოველ შემთხვევაში, ყურადღებას ვიქცევდი. (იცინის) სილამაზით ალბათ ნაკლებად, უფრო რუსეთისთვის უჩვეულო გარეგნობით გამოვირჩეოდი. ყველა ქერა და ცისფერთვალება იყო. ამ ყველაფერთან ერთად, იყო, რა თქმა უნდა, ცხვირი, რომელიც აშკარად იქცევდა ყურადღებას. (იცინის) მაგრამ, რატომ მოსწონდათ, ვერასდროს ვიგებდი.

– რა სჭირს შენს ცხვირს?

– მაინც სახასიათო, ეთნიკური ცხვირი მაქვს. მოსწონდათ და მიკვირდა ეს ამბავი. ვამბობდი, ამ ნაჯახში რა მოსწონთ-მეთქი. (იცინის).

– როდის იგრძენი პირველად, რომ ლამაზი ქალი ხარ?

– სხვათა შორის, საკმაოდ გვიან, მაგრამ ამის გაუცნობიერებლადაც ვახერხებდი, რაღაც სასიყვარულო ინტრიგები ჩამეხლართა. თქვენ წარმოიდგინეთ, ბაღის ასაკიდან. ბაღში დავდიოდი, როდესაც ერთი ბიჭი მომწონდა. რატომ არ ვიცი, მგონი, იმიტომ, რომ ყველას მოსწონდა და გადავწყვიტე მას მე მოვწონებოდი. თუ ყველა ეპრანჭებოდა და ყველაფერს უსრულებდა, მე პირიქით, სულ ვეჩხუბებოდი. საბოლოოდ, მივაღწიე იმას, რომ მასაც მოვეწონე და სახლიდან ბებიამისის „ბროშკებს“ და სამკაულებს მიზიდავდა. დედაჩემი გაოგნებული იყო, ამიხსენით, საიდან მოაქვს ამ ბავშვს ეს ამდენი სამკაული, რა ხდებაო. ის ბიჭიც მშვიდად უხსნიდა, ბებიაჩემს მოვპარეო. (იცინის) მერე დედაჩემსა და ბებიამისს შორის აქტიური გაცვლა-გამოცვლა მიმდინარეობდა. „მაკდონალდსის“ საჩუქარს თუ მომიტანდა, ხომ საერთოდ, ჭკუაზე აღარ ვიყავი. მაგრამ დიდი ხნის განმავლობაში არ ვიღებდი, ვანერვიულებდი.

– ბავშვობიდან დიდი ნებისყოფა გქონია. ასეთ სტრატეგიებს დიდი ადამიანები ვერ იმუშავებენ?

– (იცინის) ასე გამოდის. ძალიან რთულია, მით უმეტეს, ასეთ ასაკში ყველაფერი აკონტროლო. ამ ბიჭმა ერთხელ თქვა, ძალიან მიყვარს გრძელთმიანი გოგოებიო, არადა დედაჩემმა „კარე“ შემჭრა. ხომ არ ვაღიარებდი, რომ მომწონდა, ამიტომ ასეთი ისტორია მოვიგონე: ჯეიმს ბონდის შეყვარებული ვარ და თავზე პარიკი მახურავს-მეთქი. რაც მთავარია, მან დაიჯერა და მეც გამიჩნდა პერსპექტივა მომეყოლა, რა სიგრძის თმა მაქვს. მანდ უკვე, ფანტაზიის უნარი მქონდა.

– მეზღაპრე იყავი?

– კი. სულ რაღაცას ვიტყუებოდი – ხან რას, ხან – რას. უფრო სწორად ეს ტყუილი ნაკლებად იყო, ვფანტაზიორობდი და რაღაც მომენტში მგონი, მჯეროდა ამ წარმოდგენების. კარნავალის დროს, წითელქუდა ვიყავი თუ ფიფქია, მეგობრებს ვეუბნებოდი, რომ ეს მართლა ჩემი გარდაქმნის ამბავი იყო და სინამდვილეშიც ფიფქია ვიყავი. რაც შეეხება იმას, თუ როდის ვიგრძენი ჩემში ქალურობა, ეს ძალიან გვიან მოხდა. სულ მეჭირა ისეთი პოზიცია, რომ ძალიან ნაზი და ქალური ვარ, სინამდვილეში, ცელქი და გადარეული ვიყავი. ჩემთვის მთავარი იყო, სადმე რამე მემღერა, მნიშვნელობა არ ჰქონდა ჯუჯა ვიყავი თუ მზეთუნახავი, რაღაცეები მეგიჟა. ქალური ინსტინქტები ჩემში გაჩნდა მაშინ, როდესაც პირველი, სერიოზული გრძნობა მოვიდა ჩემთან. ეს ჩვიდმეტი წლის ასაკში იყო.

– სკოლაში სულ არის ერთი ან ორი გოგო, რომლებიც მთელი სკოლის ბიჭებს მოსწონთ და პოპულარულები არიან.

– ასეთი ვიყავი მე და ეს ძალიან ბედნიერს მხდიდა. ორნი ვიყავით, მე და ჩემი დაქალი, რომლებიც სულ გამოვირჩეოდით მთელ სკოლაში. მაშინ უკვე თბილისში ვსწავლობდი. იცი, რა მახსოვს, ის სკოლაში ფაფახით დადიოდა, მე – სომბრეროთი. სკოლაში ლეგენდები დადიოდა, რომ არ ვიყავით ფსიქიკურად ჯანმრთელები.

– როგორ მიგიღო ქართულმა სკოლამ?

– თავიდან ძალიან გამიჭირდა, არც ენა ვიცოდი კარგად, არც წერა-კითხვა, უხერხულად ვგრძნობდი თავს და სულ ვტიროდი – არ მინდა სკოლაში, სახლში ვიმეცადინებ-მეთქი. მაგრამ, ძალიან მალე ისე შემიყვრდა სკოლა, ერთ დღეს არ ვაცდენდი. დავინახე ის რეალური განსხვავება რაც რუსულ და ქართულ სკოლებს შორისაა – ეს არის სითბო. მოსკოვში ჯერ კიდევ ბარბებით ვთამაშობდი, აქ კიდევ გოგონებს ბიჭების მიმართ უკვე სიმპათიები ჰქონდათ. იძულებული ვიყავი, ვინმე მომწონებოდა, რადგან ასეთი იყო წესი. სხვათა შორის, იმ გოგოსთანაც ძალიან საინტერესოდ დავმეგობრდი. ერთი და იგივე ბიჭი მოგვწონდა, მოდას ვიყავი აყოლილი, რომ მაინცდამაინც ის ბიჭი უნდა მომწონებოდა, რომელიც ყველას მოსწონდა. ერთ დღესაც ვხედავ, ის გოგო და ბიჭი ერთად სხედან, მივედი და ძალიან თავხედურად ვკითხე, გეხვეწები შენი ფეხები მანახე-მეთქი. (იცინის) ყოველთვის ბიჭურად იცვამდა და მაინტერესებდა მუხლამდე „იუბკა“ მოუხდებოდა თუ არა, ანუ რამდენად იყო ჩემი კონკურენტი. გოგო გაშტერდა, ვერ მიხვდა რა მინდოდა. მე გავიცინე, რადგან მივხვდი რამხელა სისულელე წამოვროშე და ორივემ დავიწყეთ სიცილი. ასე ხარხარ-ხარხარში დღემდე უახლოესი მეგობრები ვართ.

– ის ისტორია გავაგრძელოთ, ჩვიდმეტი წლის ასაკში პირველი სიყვარული რომ გეწვია.

– ის ბიჭი ძალიან მიყვარდა, თან საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში. ჩემი სიყვარული მეგობრობით დაიწყო და დროთა განმავლობაში, მივხვდი, როგორ მომწონდა. მაგრამ ამას მაქსიმალურად არ ვიმჩნევდი, ვერ გავერკვიე – მეთქვა ეს თუ დამემალა. საბოლოო ჯამში, ისე მოხდა, რომ ეს გრძნობა საიდუმლოდ დამრჩა. ჩემი დაქალი მეუბნებოდა სუფთა ჰელგა ხარო, ფილმიდან „არნოლდი“, რომელიც სულ ეჩხუბება თავის შეყვარებულს და ჩუმად მის სურათს უყურებს.

– არ მითხრა, მის სურათს ვატარებდიო.

– ვატარებდი კი არა, ლამის პლაკატები გავაკარი სახლში. (იცინის) რაც მთავარია, მას იმ პერიოდში შეყვარებული ჰყავდა და მთელ ამ ისტორიებს მე მიყვებოდა. სულ ვლაპარაკობდით ტელეფონზე და განვიხილავდით იმ ამბებს, რომელიც დღის განმავლობაში ხდებოდა, ვტიროდი, თუ ვინმე სკოლაში გამაბრაზებდა, ვაძლევდი რჩევებს როგორ შერიგებოდა თავის შეყვარებულს. ვკიდებდი ტელეფონს და მერე ვტიროდი. ძალიან ერთგული ადამიანი ვარ და დაახლოებით, ოთხი წელი, ეს ბიჭი ისე მიყვარდა, მას არაფერი უგრძნია. პრინციპში, დღემდე არ იცის. იცი რა, მგონი, ეს გამოხატვის პრობლემა დღემდე მაქვს. თუ არ მიმიყვან იმ მდგომარეობამდე, რომ რაღაც გითხრა, ვერ ვიტყვი ჩემი ინიციატივით.

– ამის შემდეგ რა ხდებოდა. თუ ამის შემდეგ, უკვე დღევანდელობაში გადმოვდივართ?

– პრინციპში ასეა. ახლა კარგად და მშვიდად ვარ. არ მინდა წინასწარ რაღაცეებზე ვილაპარაკო, ამიტომ თავს შევიკავებ. მთავარი იმისთვის, რომ კარგად ვიყო, მაინც სტიმულია. სტიმული, რომელსაც ჩემი საქმე მაძლევს. ყოველთვის მინდოდა მსახიობი ან წამყვანი ვყოფილიყავი და ორივე ერთად „დამემართა“. შესაბამისად, ახლა ძალიან ბედნიერი ვარ. ჩემს სტიქიაში ვარ და მიწაზე დაშვება არ მინდა.

– თაყვანისმცემლების რიცხვმა არ მოიმატა?

– არა, სხვათა შორის. ყველა ამას მეკითხება და გულწრფელად ვამბობ, მართლა არ მყავს, არ არიან და რა ვქნა?! მართლა არ მინახავს თვალით ჩემი თაყვანისმცემელი. ბიჭებს მგონი, ცოტა ეშინიათ, მაგრამ რისი, ვერ ვხვდები. ბიჭი რომ ვიყო, აუცილებლად ძალიან განათლებული ვიქნებოდი, რადგან ზუსტად ასეთები მომწონს. ვერ ვიტან „პიჟონებს“, რომლისთვისაც მთავარია, მაგარი მანქანა ჰყავდეს და საყვარელი ქალი მაგარ რესტორანში დაპატიჟოს. მირჩევნია, თეატრში წავიდე, პატარა წერილი ან ლექსი მომწეროს, აკადემიის ეზოში გავისეირნოთ, სადმე სახურავზე ავიდეთ, იქიდან ქალაქს ვუყუროთ. ასეთი, შესაძლოა პრიმიტიული და ბანალური, მაგრამ ჩემთვის უფრო მეტისმომცემი საქციელი მომწონს, ვიდრე ის, რომ ვთქვათ, პარიზში წამიყვანოს.

– თუმცა, ალბათ, პარიზის რომელიმე შენობის სახურავიც არ იქნებოდა ცუდი.

– ალბათ. (იცინის) მაგრამ სადმე რომ მომიწყოს პატარა პარიზი, ეს ჯობია. ეს უფრო მეტყველებს მის ფანტაზიის უნარზე. თუ ადამიანი ნიჭიერი არ არის, მასთან არაფერი გამოვა.

– სერიალში როგორ აღმოჩნდი?

– სულ შემთხვევით. მაშინ უკვე „იმედის“ დილაში ვიყავი, როდესაც ქასთინგზე დამიბარეს, იქ მოკლედ გამაცნეს სერიალის ლიბრეტო, მომეწონა და რაღაც გავითამაშე. ჩემი ერთი ახლობელი შემხვდა იქ, რომელთან ერთადაც ბავშვობაში სპექტაკლში ვთამაშობდი და ძალიან დამეხმარა. მითხრეს, დაგირეკავთო და ეს დაგირეკავთ ვიცი, როგორც არის ხოლმე. არადა, დარეკეს. (იცინის) რამდენჯერმე კიდევ შევასრულე რაღაც სცენები და რომ მითხრეს, მთავარ როლზე ხარ დამტკიცებულიო, რა მომივიდა იცი? შიგნიდან ლამის ავფეთქდი და მარტო ამის თქმა მოვახერხე, უი, რა კარგია-მეთქი. (იცინის).

– ყველაფრისთვის გყოფნის დრო?

– კი და ამით სულ არ ვიღლები. ვაიმე, რა ცოდო ხარ, დილით ხუთზე დგები, მერე გადაღებები გაქვს, ცალკე უნივერსიტეტი, ლექციები და სხვა. მაგრამ ეს საერთოდ არ მღლის. ათ საათზე რომ მითხრან, ისევ თავიდან იწყება ეთერიო, ზუსტად ისეთივე ენერგიით დავჯდები ეთერში. დილით ხუთ საათზე რომ მივდივარ „იმედში“, ვთქვათ, ცუდ ხასიათზე, ვფიქრობ, ეს ეთერში არ დამეტყოს. მაგრამ, როგორც კი მუსიკა გაისმება და ტელემაყურებელს მივესალმები, მაშინვე თითქოს ფეხებიდან თმის ღერამდე ვივსები ენერგიით. ხალისიანი ვხდები და ეს ენერგია უკვე თავში მირტყამს. ვამბობ, „დილა მშვიდობისა“ და ეს ყველაზე მაგარი შეგრძნებაა.


скачать dle 11.3