კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ განხიბლა მიხეილ სააკაშვილმა დასავლეთი და რატომ ამოშალა ის ბარაკ ობამამ ფავორიტთა სიიდან


რუსეთი უკრაინის არჩევნების მოლოდინშია და, თუ გავიხსენებთ, რომ პრეზიდენტ იუშჩენკოს რეიტინგი უიმედოდ დაეცა, რფ, სავარაუდოდ, სიამოვნებისგან ხელებს უნდა იფშვნეტდეს, რადგან უკრაინაში პრორუსი კანდიდატის გამარჯვება თითქმის გარანტირებული აქვს. გაზაფხულზე არჩევნებს საქართველოშიც ველით. მიუხედავად იმისა, რომ ეს არჩევნები მხოლოდ ადგილობრივია, ექსპერტები მიანიშნებენ, რომ სწორედ მის დემოკრატიულად ჩატარებაზეა დამოკიდებული, დაგვიდგება თუ არა მხარში დასავლეთი (დასავლეთისთვის კი დემოკრატიული მხოლოდ ისეთი არჩევნებია, რომელშიც ოპოზიცია იმარჯვებს). ხოლო, თუ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში კვლავაც ხელისუფლებამ გაიმარჯვა, საპასუხოდ კი დასავლეთმა აქტიურად გვიგანა, ადგილობრივი არჩევნების შემდეგ სავსებით შესაძლებელია, რომ რუსეთმა ახალი ომიც წამოიწყოს. ამ არცთუ სახალისო პერსპექტივას, რუს ექსპერტთან, ნიკოლაი სვანიძესთან განვიხილავთ.



– ნიკოლაი, ეჭვი მაქვს, რომ, თუ მაისის არჩევნებში ისევ სააკაშვილის პარტია გაიმარჯვებს აბსოლუტური უმრავლესობით, ოკუპაცია საქართველოს მთელ ტერიტორიას არ ასცდება. ჩემი ეჭვები საფუძვლიანია?

– მე არ ვარ კასანდრა და არ შემიძლია, ასპროცენტიანი პროგნოზის გაკეთება, მაგრამ, ჩემი აზრით, ეს ეჭვები უსაფუძვლოა.

– რა გაძლევთ ამის ფიქრის საფუძველს?

– მე ვფიქრობ, რომ უნდა არსებობდეს საღი აზრის გარკვეული პრეზუმფცია, ამიტომაც მე უფრო არ მოვუსმენდი ადამიანს, რომელიც იმას ამბობს, რასაც თქვენ, იმიტომ რომ, ეს რუსეთის მხრიდან უაზრო აქცია იქნებოდა, რადგან არაფერს მოგვიტანს, გარდა ზიანისა. რა თქმა უნდა, დიდ პოლიტიკაშიც არის ემოციური გადაწყვეტილებები, რომლებსაც რაციოსთან არანაირი კავშირში არ აქვს, მაგრამ ეს მაინც ხდება. არ მგონია, ახლაც ეს მოხდეს, რადგან ტემპერატურა არც ისე მაღალია რუსეთის ხელისუფლებისა და ბატონი სააკაშვილის ურთიერთობაში. რასაკვირველია, ურთიერთობები მტრულია, მაგრამ ამას ყველა შეეჩვია. ამასთან, მექმნება შთაბეჭდილება, რომ, საბოლოო ჯამში, რუსეთის ხელისუფლება, მიუხედავად იმისა, რომ ამას არასდროს აღიარებს და, შეიძლება, საკუთარ თავსაც არ გამოუტყდეს, დაინტერესებულია, რომ სააკაშვილი დარჩეს ხელისუფლებაში.

– ეს ძალიან მომგებიანია როგორც მოლაპარაკებების დაწყების შემთხვევაში, ისე იმისთვისაც, რომ მოლაპარაკებები არც არასდროს დაიწყოს.

– ეს სიტუაცია საშუალებას აძლევს რუსეთის ხელისუფლებას, არ დაიწყოს მოლაპარაკებები, არადა, ვინც არ უნდა შეცვალოს სააკაშვილი, ნებისმიერი ქართველი პოლიტიკოსის დამოკიდებულება რუსეთისადმი, რომელმაც აღიარა აფხაზეთი და „იუჟნაია ოსეტია“ და მხარს უჭერს ამ პროცესს, იქნება უკიდურესად ხისტი, მაგრამ რუსეთის ხელისუფლებას მოუწევს, ელაპარაკოს ნებისმიერ პოლიტიკოსს, სააკაშვილის გარდა. ლაპარაკის სურვილი რუსეთის ხელისუფლებას არ აქვს, სააკაშვილთან კი, შეიძლება, არ ილაპარაკო. ასე რომ, როგორიც უნდა იყოს მოსკოვის ოფიციალური პოზიცია სააკაშვილის გამარჯვებისადმი, მისი გამარჯვება ხელს აძლევს მოსკოვს.

– მე იმ თვალსაზრისით ვთქვი, რომ, დემოკრატიის მთავარი პრინციპიდან გამომდინარე, თუ არ გაიმარჯვებს ოპოზიციური კანდიდატი, ესე იგი, არჩევნები არადემოკრატიულია. ამ შემთხვევაში დასავლეთი აღარ დაგვიჭერს მხარს აქტიურად და კიდევ უფრო მარტო დავრჩებით გაბრაზებული რუსეთის წინაშე?

– დასავლეთი, ნებისმიერ შემთხვევაში, პირდაპირ სამხედრო დახმარებას, როგორც არ აღმოუჩენია, ასევე არ აღმოგიჩენთ, მორალური მხარდაჭერა კი მაინც იქნება, ვინც უნდა იყოს ხელისუფლებაში.

– გაგახსენებთ ტალიავინის კომისიის დასკვნას: დასავლეთს შეეძლო საქართველოს მხარდამჭერი დასკვნის დადება, არადა, ბრალი დაგვდეს, რომ ჩვენ ვისროლეთ პირველებმა. ჩემი აზრით, ჩვენ არ უნდა გვესროლა სხვადასხვა მიზეზის გამო, მაგრამ, როდესაც უცხო ქვეყნის ჯარი შემოდის, არ უნდა ისროლო? დასავლეთი არ ესროდა რუსულ ჯარს, მათ ტერიტორიაზე რომ შესულიყვნენ?

– დასავლეთი განხიბლულია სააკაშვილით.

– აი, სწორედ ამას ვგულისხმობდი, როდესაც გკითხეთ, დასავლეთი განზე გადგება-მეთქი.

– სააკაშვილი იყო წინა ამერიკული ადმინისტრაციის ვარსკვლავი. ბარაკ ობამას ის უკვე აღარ ჰყავს ფავორიტთა სიაში და არა მხოლოდ ბარაკ ობამა, მთელი დასავლეთიც აღარ მიიჩნევს უკვე სააკაშვილს ფავორიტად, მაგრამ, სანამ რუსეთი აღიარებს აფხაზეთსა და „იუჟნაია ოსეტიას“, დასავლეთი საქართველოს, ასეა თუ ისე, მხარს დაუჭერს, მიუხედავად იმისა, ვინ იქნება ხელისუფლებაში.

– რუსეთისთვის ხელსაყრელია, არ ელაპარაკოს საქართველოს ხელისუფლებას, მაგრამ ზემო ლარსი იხსნება, რაც ხელისუფლებების ირიბი მონაწილეობის გარეშე ვერ მოხდებოდა.

– არა მხოლოდ ზემო ლარსი იხსნება, მედვედევმა თქვა, რომ თეორიულად შესაძლებელია პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის, ვაჭრობის აღდგენა.

– და ეს რას ნიშნავს? ხელისუფლებები მაინც ელაპარაკებიან ერთმანეთს და გვიმალავენ?

– მე მგონია, რომ ამ საკითხისადმი სხვადასხვა პოზიცია აქვთ პუტინსა და მედვედევს. მედვედევის პოზიცია ნაკლებად ხისტია.

– თუ არ გეწყინებათ, გაგახსენებთ შედარებას: რუსი პოლიტიკოსები ოქრუაშვილს უწოდებდნენ ქართული პოლიტიკის „იასტრებს“, ესე იგი, პუტინი რუსული პოლიტიკის „იასტრებია“?

– არა, საქართველოსთან, ვტყუი, სააკაშვილთან მიმართებაში, ორივე – პუტინიც და მედვედევიც, „იასტრებია“, მაგრამ პუტინს სააკაშვილისადმი დამოკიდებულება უფრო მეტად გადააქვს ზოგადად ქართულ სახელმწიფოზე, ვიდრე მედვედევს. ამიტომ, ბუნებრივია, არც ერთი არ დაელაპარაკება სააკაშვილს, მაგრამ მედვედევი უფრო მშვიდად უყურებს ნორმალური ურთიერთობების დამყარებას საქართველოსა და რუსეთს შორის, ლიდერების კონტაქტების არქონის მიუხედავადაც კი.

– ამ ნაბიჯის ინიციატორი ვინ არის?

– მე ვფიქრობ, რომ ეს რუსეთის, უფრო ზუსტად, მედვედევის ნაბიჯია, თუმცა, ვფიქრობ, იქნება თამაშები ორივე მხრიდან: პოლიტიკოსები ითამაშებენ, რომ არ დაელაპარაკებიან ერთმანეთს, მაგრამ აღნიშნავენ, რომ პატივს სცემენ იმ სახელმწიფოში მცხოვრებ ხალხებს.

– გასაგებია, ფორმულა ასეთია: ჩვენ გვიყვარს ქართველი ხალხი, მაგრამ ვბომბავთ ქართველ ხალხს იმიტომ, რომ არ გვიყვარს სააკაშვილი.

– მედვედევი და პუტინი ამბობენ, ჩვენ გვიყვარს ქართველი ხალხიო, რაც სრულიად სამართლიანია და ეს ხაზი გატარდება მომავალშიც.

– რა თქმა უნდა, ეს კარგად ახასიათებთ რუს ლიდერებს თავიანთი პუბლიკის თვალში.

– რა თქმა უნდა, და ეს საშუალებას მისცემს მათ, ქულები დააგროვონ ქართველი ხალხის თვალში.

– ეს ცოტა გაუჭირდებათ და დასავლეთის თვალში.

– რა თქმა უნდა და, საბოლოო ჯამში, ეს არის მომავალზე გათვლილი პოლიტიკა, რომ მომავალში საქართველოს ხელისუფლებაში მოვლენ რუსეთისადმი ნაკლებად აგრესიულად განწყობილი პოლიტიკოსები. ჩემი აზრით, ეს მაინც იდეალიზმია, რადგან, როდესაც რუსეთი არ ცვლის პოლიტიკას აფხაზეთისა და „იუჟნაია ოსეტიას“ მიმართ, ნებისმიერი ქართველი პოლიტიკოსი გაატარებს ანტირუსულ პოლიტიკას.

– არ გგონიათ, რომ რუსეთის ამ ნაბიჯების – ზემო ლარსის გახსნა, ქართული პროდუქციის შეშვება რუსულ ბაზარზე – მიზანია, რომ ომის გარეშე დაიბრუნოს სრული გავლენა საქართველოზე?

– როგორ წარმოგიდგენიათ რუსეთის მიერ საქართველოს ეკონომიკური ოკუპაცია?! მე ეს ვერ წარმომიდგენია!

– თუ გაიხსნება რუსეთის ბაზარი, საქართველო ეკონომიკურად ავტომატურად მიებმება რუსეთს, ამის სანაცვლოდ საქართველომ უარი უნდა თქვას პროამერიკულ ორიენტაციაზე?

– მე ეს შეუძლებლად მიმაჩნია, იმიტომ რომ რუსეთი ვერ შეძლებს, შეუცვალოს საქართველოს ამერიკული დახმარება. ამერიკისა და რუსეთის ეკონომიკური პოტენციალი შეუდარებელია. ამასთან, დღეს არსებული პოლიტიკური ურთიერთობებიდან გამომდინარე, საქართველოს არ შეუძლია, პირით შებრუნდეს რუსეთისკენ. ამდენად, მგონია, რომ ეს ფობიებია.

– თუ საქართველოს პროდუქცია რუსულ ბაზარზე შევა, საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი ამოისუნთქავს და, ფიქრობთ, რუსეთი იმიტომ გახსნის თავის ეკონომიკურ ბაზარს, რომ საქართველომ სული მოითქვას და, ამის პარალელურად, მჭიდროდ ითანამშრომლოს ამერიკასთან? ეს არის ფობია?

– ვშიშობ, რომ თქვენ „პერეაცენივაეტე“ რუსეთის პოლიტიკურ და სტრატეგიულ აზროვნებას. ჩემი აზრით, რუსეთი არ თვლის თავის მოქმედებებს ისე, რომ ეკონომიკურად გააკონტროლოს საქართველო. თუ შეამჩნიეთ, ვერც ერთი პოსტსაბჭოთა ქვეყანა, რომელსაც საქართველოზე გაცილებით უკეთესი ურთიერთობა აქვს რუსეთთან, ვერ იტყვის, რომ ეკონომიკურად რუსეთზეა დამოკიდებული. სხვა საკითხია გაზი, მაგრამ საქართველომ თავისი ენერგოპრობლემა უკვე გადაწყვიტა. საქართველო რუსულ გაზს ვერ დაუბრუნდება, იმიტომ, რომ ეს ძალიან სახიფათო იქნება მისთვის. ჩემი აზრით, განჭვრეტად მომავალში საქართველო ეკონომიკურად არ იქნება დამოკიდებული რუსეთზე.

– ჩვენ აზერბაიჯანთან ხუთწლიანი ხელშეკრულება გავაფორმეთ, მაგრამ, თუ გავითვალისწინებთ აზერბაიჯანის ენერგეტიკულ სვლას რუსეთისკენ, ხუთი წლის შემდეგ სიტუაცია შეიძლება შეიცვალოს.

– საქართველო არ დაუბრუნდება რუსულ გაზს, რუსეთთან ურთიერთობები რომ გაუმჯობესდეს კიდეც. დღეს არსებული სიტუაცია ჩიხურია და მისი გამოსწორება შეუძლებელია: საქართველო არასდროს წავა იმაზე, რომ დამოკიდებული იყოს რუსულ გაზზე ან რუსულ ეკონომიკაზე. რუსეთის ეკონომიკა კი არც ისეთი მრისხანეა, რომ ფეხქვეშ გაიგოს მეზობლები.

– საქართველო რუსეთის ძალიან მცირე ზომის მეზობელია.

– ყველა პატარა ზომისაა, მაგრამ რუსეთი მაინც ვერავის თელავს.

– მაგრამ, ჩვენ გარდა არავინ დაუბომბავს.

– მე მაინც მგონია, რომ ეს ფობიაა.

– ძალიან გამიხარდება, თუ ეს მხოლოდ ჩემი ფობია აღმოჩნდება. რა იცით იმ სადღეგრძელოს შესახებ, პუტინმა რომ თქვა პრიმაკოვის დაბადების დღეზე და რომელიც შეეხებოდა საქართველოს გაერთიანებას დიდ რუსულ იმპერიაში?

– არასდროს აღარ იარსებებს არანაირი დიდი რუსული იმპერია, ეს შიზოფრენიული იდეებია. ბატონმა პუტინმა დაბადების დღე მიულოცა ბატონ პრიმაკოვს და მეტი არაფერი.

– ანუ არაფერი უთქვამს? მოიგონეს?

– მას შეეძლო, ეთქვა ნებისმიერი სიტყვები, მაგრამ არ არის საჭირო მათთვის დიდი ყურადღების მიქცევა.

– პრიმაკოვისთვის მიცემული დავალება და მისი თბილისში ჩამოსვლა ერთმანეთთან კავშირშია?

– პრიმაკოვი არ მიეკუთვნება იმ რუს პოლიტიკოსთა რიცხვს, რომლებსაც შეუძლიათ სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღება. პრიმაკოვი, როგორც ცნობილია, თბილისელი კაცია: თბილისში დაიბადა, ესაა და ეს. მე არ ვადარებ ჩემს თავს ბატონ პრიმაკოვს, მაგრამ, თუ მე ჩამოვალ თბილისში, ამას ექნება პოლიტიკური სარჩული?! ბატონი პრიმაკოვი უნდა აღვიქვათ, როგორც ფიზიკური პირი. ის გულწრფელი ადამიანია და მას ახსოვს ის ქვეყანა, სადაც დაიბადა.

– ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი სამუდამოდაა დაკარგული საქართველოსთვის?

– ამ შეკითხვას არ აქვს პასუხი, რადგან პოლიტიკაში არასდროს უნდა თქვა სიტყვა „სამუდამოდ“, მაგრამ განჭვრეტად მომავალში, სიტუაცია მეჩვენება ჩიხურად, რადგან ვერც საქართველო და ვერც რუსეთი უკან ვერ გადადგამს ნაბიჯს: საუკეთესო შემთხვევაში, თუ შეიცვლება სააკაშვილი და მის ნაცვლად მოვა ახალი პოლიტიკოსი, რუსეთი დაჯდება მასთან ერთად მოლაპარაკების მაგიდასთან და პრობლემის ვერბალიზაცია მოხდება, დაიწყება მსჯელობა და ეს უკვე კარგია, იმიტომ რომ, ახლა თვითონ თემაა ტაბუირებული.

– საქართველოს კონფედერაციულად მოწყობის მოდელი რეალური გგონიათ?

– ეს ახლა შეუძლებელია და არც არავინ განიხილავს, მაგრამ, ამ შემთხვევაშიც კი, არის მეორე პრობლემა, რომელიც არ უნდა დაგვავიწყდეს არც ჩვენ, არც ქართველ ხალხს და არც საქართველოს ხელისუფლებას. პრობლემა ხომ მხოლოდ რუსეთი არ არის?! პრობლემაა თვითონ აფხაზეთსა და „იუჟნაია ოსეტიაში“, ისინი იტყვიან, ჩვენ არ გვინდა საქართველოში და ვიბრძოლებთო.

– რუსეთი მათ სამხედრო მხარდაჭერას აღმოუჩენს და კიდევ ერთხელ მოგვერევიან.

– თუ რუსეთს გავიყვანთ ამ თამაშიდან, რაც უახლოეს წლებში შეუძლებელია, აფხაზებსა და ოსებს არ უნდათ ქართველებთან ერთად ცხოვრება.

– პირადად მე კონფედერაციულ მოდელს ახლანდელი ვითარება მირჩევნია. თუ რუსეთი გვერდზე გავა და საქართველოს ხელისუფლებაში მოვლენ რაციონალურად მოაზროვნე ადამიანები, ეს პრობლემა ბუნებრივად მოგვარდება. საქართველოს მოუწევს პოლიტიკური ორიენტაციის შეცვლა რუსეთის სასარგებლოდ, რომ შეინარჩუნოს ის ფაქტობრივი საზღვრები, რომელშიც დღეს აღმოჩნდა?

– უახლოეს წლებში, სანამ ჩვენ ასეთი ურთიერთობები გვაქვს, საქართველოს ორიენტაცია იქნება პროდასავლური, მაგრამ საქართველოსთვის ბუნებრივი იქნება უფრო გაწონასწორებული ორიენტაცია. არავინ უშლის ხელს საქართველოს, დარჩეს პროდასავლურ ქვეყნად, პოლიტიკური და კულტურული ორიენტაციის თვალსაზრისით, მაგრამ ვერავინ გააუქმებს რუკასა და ისტორიას, რაშიც ვგულისხმობ შედარებით ნორმალურ ურთიერთობებს რუსეთთან. ჩემი აზრით, საქართველოსთვის იდეალურია გაწონასწორებული პოლიტიკა.

– როგორც ვხედავ, რუსულ პოლიტიკას შევარდნაძის მმართველობის ნოსტალგია აქვს?

– ასეა.

– შეგიძლიათ, თქვათ, დაახლოებით როდის გაიხსნება საზღვარი?

– ვერავინ გეტყვით ამას, მეტიც: ის, რაც მედვედევმა თქვა, შესაძლოა, ეს, იყოს მხოლოდ თეორიები და პრაქტიკულად არაფერი გაკეთდეს. შესაძლოა, მედვედევს ეს, მართლაც, უნდა, მაგრამ პუტინს არ უნდა.

– რა უნდა, ბოლოს და ბოლოს, პუტინს? როგორც ერთი რუსი პაროდისტი ამბობდა: „ონ ხოჩეტ, ჩტობი მი ვ გრობუ ლეჟალი“?

– არ ვიცი... უბრალოდ, პუტინს თავისი პირადი დამოკიდებულება აქვს სააკაშვილისადმი, მედვედევს კი პირადი ურთიერთობები სააკაშვილთან არ აქვს.

– ვერ მოასწრეს, საბედნიეროდ.


скачать dle 11.3