კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ დაიგროვა საქართველომ თავისი ოთხივე მეზობლის ვალი და რატომ მოითხოვენ ისინი ვალის სანაცვლოდ ტერიტორიებსა და სტრატეგიულ ობიექტებს


ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ სამყაროში ყველაზე წარმატებული ეკონომიკა ააშენა და ამის დასტურად შიგადაშიგ საერთაშორისო კვლევებსაც იშველიებს. მეორე მხრივ, 2004 წლის იანვრიდან 2009 წლის დეკემბრამდე საგარეო ვალების დინამიკა სრულიად განსხვავებულ სურათს გვთავაზობს: კერძოდ, თუკი 2004 წლის იანვრის მდგომარეობით, საქართველოს საგარეო ვალი 3 მილიარდ 900 მილიონ ლარს შეადგენდა, 2009 წლის ნოემბრის მდგომარეობით, ამ მაჩვენებელმა 5 მილიარდ 700 მილიონს მიაღწია; მეტიც, ამ მონაცემებში არ არის ასახული 2008 წლის აგვისტოს შემდეგ დონორი ორგანიზაციების მიერ საქართველოსთვის ვალად გამოყოფილი ორ-ნახევარი მილიარდი დოლარი და არც ის, რომ ახალ-ახალი გზებისა და მაგისტრალების ასაშენებლად დამატებითი არაერთი ვალის აღებაც იგეგმება. საგარეო ვალებსა და მათი გაორმაგების ტენდენციაზე ეკონომიკის საკითხების ექსპერტი ნიკო ორველაშვილი გვესაუბრება.



– ციფრები მოწმობს, რომ შევარდნაძის მმართველობის შემდეგ სააკაშვილის მმართველობისას საგარეო ვალი გაორმაგდა. ამ ფონზე შეიძლება, წარმატებულად მივიჩნიოთ ბიუჯეტის გაზრდა. ალბათ, შევარდნაძის პერიოდშიც გაიზრდებოდა ბიუჯეტი, საგარეო ვალები რომ დაემატებინათ?

– თვითონ კითხვაშია პასუხი. რა თქმა უნდა, თუ საგარეო ვალს გააორმაგებ, ბიუჯეტის პრობლემა არ გექნება. ამასთან, გაითვალისწინეთ ერთი რამ: მართალია, შევარდნაძის დროს ცენტრალურ ბიუჯეტში მუდმივად იყო პრობლემები, მაგრამ, სამაგიეროდ, ბევრად ნაკლები პრობლემები იყო ორგანიზაციებში, ბიზნესსტრუქტურებსა და, რაც მთავარია, ოჯახებში. ასეთ შემთხვევაში კი, ქვეყანა ბევრად მყარად დგას ფეხზე, ვიდრე დღეს, როდესაც სააკაშვილმა, ფაქტობრივად, უსახსროდ დატოვა ყველა და ყველაფერს ბიუჯეტში მოუყარა თავი. შემდეგ დაიწყო ტრაბახი, ბიუჯეტი გავზარდეო, მაგრამ რის ხარჯზე?! არანაირი სიბრძნე არ სჭირდებოდა ვალების აღებით ბიუჯეტის ზრდას, მაგრამ სააკაშვილი, ადრე თუ გვიან, წავა და ვინ უნდა გადაიხადოს ეს ვალები?

– მოსახლეობამ.

– თქვენ ხედავთ საგარეო ვალების დინამიკას, მაგრამ აქ კიდევ არ არის ყველაფერი ასახული. ეს ციფრი სულ მალე ასცდება შვიდ მილიარდს, რადგან ჯერჯერობით ამ მონაცემებში არ არის შეტანილი ორ-ნახევარი მილიარდი, რომელიც სრულად არ გვაქვს მიღებული. ამას გარდა, ვიდრე ჩვენ აქ ვსაუბრობთ საგარეო ვალებზე, ხელისუფლების ცალკეულ კაბინეტებში ამზადებენ საკრედიტო წინადადებას, რომ ახალი, 270-მილიონიანი ვალი აიღონ თბილისის ზღვაზე რკინიგზის გადასატანად.

– ანუ პროექტი არის, მაგრამ თანხა არ აქვთ?

– არა. ეს პროექტი უნდა განხორციელდეს ვალით და პოტენციური კრედიტორი, ამ შემთხვევაში, ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკი, ითხოვს დასაბუთებას, რით დაფარავს საქართველოს ამ ვალს. ხელისუფლება უმტკიცებს, რომ ვალის დაფარვაზე პრობლემა არ შეიქმნება, ვინაიდან ის ტერიტორია, რომელიც გამოთავისუფლდება რკინიგზის გადატანის შედეგად, გაიყიდება კომერციული მიზნებისთვის და იქიდან ამოღებული თანხით გაისტუმრებენ ევრობანკს. არადა, ჯერ ერთი, ეს არის საკმაოდ ვიწრო ზოლი, რომელიც კომერციული მიზნებისთვის, მაინცდამაინც, არ არის გამოსადეგი; მეორე, იქიდან ხრეშის უზარმაზარი მასაა გადასატანი და, მესამე, იმის გამო, რომ რკინიგზით გადაადგილდება ნავთობი და ბევრი სხვა რამ, ტერიტორია დასაშვებზე ბევრად მეტადაა დაბინძურებული და ევრობანკს აქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ამ ტერიტორიის გაყიდვით ვალი ვერ დაიფარება. მაგრამ, მეორე მხრივ, ეს ყველაფერი ძველი, ნაცნობი სქემისკენ მიდის. თავის დროზე ამ სქემის პიონერი იყო შიდა გაზგამანაწილებელი ქსელი, რომელიც ვალებს იღებდა „იტერასგან“, შემდეგ არ იხდიდა და, როდესაც დიდი ვალი დაუგროვდა, ხელისუფლებამ, უხერხული ჟესტით, სხვა გზა არ მაქვსო, გაზგამანაწილებელი ქსელი ვალის საფასურად გადასცა „იტერას“. დაახლოებით მსგავსი სცენარის გათამაშებას აპირებენ ენგურჰესზეც. მიუხედავად იმისა, რომ ერთი წელი გავიდა, ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით, რა პირობებით გადაეცა მართვაში რუსეთს ენგურჰესი. ხელისუფლება არ ამბობს, მაგრამ ფაქტია, რომ იქაც იგივე სცენარი მზადდება და ხელისუფლება, რომელიც ვითომ ხმალაღებული მედასავლეთეა, სიტყვით რუსეთს აგინებს, საქმით კი, თუ რამ აბადია ამ ქვეყანას, რუსული სახელმწიფო კომპანიების ხელში აბინავებს. ასევე, გაუგებარია, რაში დახარჯეს ის ნახევარი მილიარდი, რომლითაც ევროობლიგაციები შეიძინეს. ათასი უაზრო განცხადება მოვისმინეთ ამის შესახებ. ბოლოს თქვეს, ეს ჩვენი ფულია და, როგორც გვინდა, ისე დავხარჯავთო. თუ ეს მათი ფულია, მაშინ, კეთილი ინებონ და, თვითონ გადაიხადონ ეს ვალი. საქმე ისაა, რომ ვალების აღება მოსახლეობის ძარცვის ერთ-ერთი უზნეო მეთოდია: ვალს აიღებს, მოიწყობს ცხოვრებას, არც სასახლეს მოაკლებს რამეს, არც პირად კომფორტს და ეს გაჭირვებული ხალხი იძულებული ხდება, თავისი უკანასკნელი გროშებით დააფინანსოს სააკაშვილისა და მისი საახლობლოს ბედნიერი და უზრუნველი ყოფა.

– მოკლედ მიმოვიხილოთ საგარეო ვალის დინამიკა.

– ორმხრივი კრედიტორების დავალიანება შედარებით მცირეა – 942 მილიონ ლარამდე. 17 ქვეყნის ვალი გვაქვს. მათ შორისაა თურქმენეთის ვალიც, რომელიც 1992-1993 წლებიდან მოგვყვება; გემახსოვრებათ თურქეთის ვალიც, 60 მილიონი ლარი, რომელიც ჭყონიას და ბურჯანაძეს უნდა მოჰკითხონ და დღემდე გაუსტუმრებელია. არ გიკვირთ რუსეთის ვალი, 200 მილიონ ლარამდე; იმ ქვეყნის, რომელიც, ამ ხელისუფლების განცხადებით, ყველაზე პირველი მტერია?! არც მე მიმაჩნია რუსეთი მოყვრად, მაგრამ, იმავდროულად, არ ვივიწყებ რუსთაველის შეგონებას: „ვინ მოყვარესა არ ეძებს, იგი თავისა მტერია“. სომხეთის ვალი, 29 მილიონი ლარი, იყო და არის გამოცანა, რადგან ეს ვალი არც ერთი წესითა და რიგით არ უნდა გვქონოდა. უზბეკეთისა და უკრაინის ვალი იმდენად მცირეა, რომ არ ღირს ყურადღების გამახვილება. ჩინეთის ვალი, 7 მილიონი, მთლიანად სააკაშვილის დამსახურებაა. თავის დროზე, 5 მილიონი ავიღეთ და ემატება და ემატება პროცენტი. გერმანიის ვალი გაგვეზარდა 339 მილიონამდე, მაგრამ ხმამაღლა მინდა, ვთქვა, რომ გერმანიაა ერთადერთი კრედიტორი, რომელიც ვიდრე რამეს მოგვცემს, 9-ჯერ ზომავს და წონის და ყოველთვის ცდილობს, რომ არა უბრალოდ ვალი წამოგვკიდოს კისერზე, არამედ იმ ვალს ქვეყნისთვის დასამახსოვრებელი სიკეთე მოჰყვეს.

– და რა სიკეთე მოჰყვა გერმანიის ამ 339-მილიონიან ვალს?

– ამ ხელისუფლების გამოისობით ჯერჯერობით არაფერი, მაგრამ გერმანელები თვითონ აშენებენ ლტოლვილებისთვის სახლებს და შემდეგ შეადარეთ ისინი „მიხაილოვკასა“ და „ვანოგრადში“ აშენებულ საქათმეებს. იაპონიის ვალიც გაიზარდა 98 მილიონამდე, დაგვემატა ნიდერლანდების 20 მილიონი და საფრანგეთის ვალი – 12 მილიონამდე, შემცირდა ამერიკის ვალი 61 მილიონამდე. ანუ ორმხრივი კრედიტორების ვალებზე განგაშის ზარების დარისხება არ ღირს, მაგრამ აქ არის ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსი. მეგობრები გვაფრთხილებდნენ, რომ, ზოგადად, ორმხრივი კრედიტორებისგან ვალის აღება არასასურველი მოვლენაა და, განსაკუთრებით, უშუალო მეზობლებისგან, იმიტომ რომ შეიძლება, შემდეგ ვალის სანაცვლოდ ტერიტორიები ან მეზობლად განლაგებული ქონება მოგთხოვონო. ხომ არ გეჩვენებათ, რომ ენგურჰესი შესაძლოა, რუსეთმა ვალის სანაცვლოდ წაიღოს?! ენგურჰესის რეალური ფასი, დაახლოებით, მილიარდ-ნახევარია.

– თუმცა ჩვენთვის ფასდაუდებელია.

– იმიტომ რომ ენერგეტიკული ბურჯია. ორმხრივი კრედიტორების ვალების შემდეგ მოდის ევრობონდები – 837 მილიონი ლარი, თუმცა შემცირებულია სახელმწიფოს გარანტიით აღებული კრედიტები ათ-ნახევარ მილიონამდე. სამაგიეროდ, გაზრდილია მრავალმხრივი კრედიტორების დავალიანება: ყველაზე მეტი თანხა მრავალმხრივი კრედიტორების გვმართებს: 4 მილიარდამდე. მათ შორის ყველაზე მსხვილი კრედიტორები არიან: მსოფლიო ბანკი, რომლის ვალიც 2 მილიარდამდე გვაქვს და სავალუტო ფონდი, რომლის დავალიანებაც თითქმის მილიარდ 400 მილიონია და, თუკი მსოფლიო ბანკის ვალები შედარებით უმტკივნეულოა, ბევრად უფრო რთულია თავის დახსნა სავალუტო ფონდის ვალებისგან, რადგან ის თავს გახვევს თავის პოლიტიკას. წელს ამ ვალებს დაემატა აზიის განვითარების ბანკის 300 მილიონიც. ერთი სიტყვით, შევარდნაძის პერიოდთან შედარებით საგარეო ვალები გაორმაგებულია და კიდევ ემატება. ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის ვალი შედარებით მცირეა, 45 მილიონი, თუმცა პროცესი მიმდინარეობს დამატებით 270-მილიონიანი ვალის აღების მიზნით, რითაც უნდა დაფინანსდეს რკინიგზის გადატანის პროექტი. იმედი მაქვს, რომ, თუ ჩვენს ხელისუფლებას არ ეყოფა სახელმწიფოებრივი მიდგომა და გონიერება, ევროპული სტრუქტურები მაინც არ მიგვაღებინებენ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც, საბოლოო ჯამში, დაგვაკარგვინებს უმნიშვნელოვანეს ობიექტს – რკინიგზას. გზები და საკომუნიკაციო საშუალებები, უპირველესად, გეოპოლიტიკის ინსტრუმენტია და, თუ ამბობ, რომ შენი სტრატეგიული ვექტორი დასავლეთისკენაა მიმართული და ამერიკაა შენი უმთავრესი პარტნიორი, რომელსაც, მაინცდამაინც, არ ახარებს რუსეთისა და ირანის დაკავშირება პირდაპირი სახმელეთო გზით, შენ ამას ხელს არ უნდა უწყობდე. ამიტომ იმედს ვიტოვებ, რომ ის, ვისაც ეს ეხება ამერიკის საელჩოში, ამ საკითხს დროზე მიაქცევს ყურადღებას.

– თუკი მეზობლების მოტივაცია გასაგებია, რატომ არიან ასე ხელგაშლილები საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები? რის იმედით გვაძლევენ კრედიტებს?

– სავალუტო ფონდი და მსოფლიო ბანკიც ტყუპები არიან იმ თვალსაზრისით, რომ ორივე მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პროცესების შემდეგ შექმნილი სტრუქტურაა და მსოფლიო ეკონომიკის რეგულირების ძირითად ინსტრუმენტებს წარმოადგენს. ორივე აგებულია სააქციო საზოგადოების პრინციპზე და, ვისაც ყველაზე მეტი თანხა შეაქვს ამ დონორ ორგანიზაციებში, მეტი ხმის უფლებაც მას აქვს. გაიხსენეთ, მსოფლიო ბანკის დირექტორებს, ფაქტობრივად, ამერიკის პრეზიდენტი ნიშნავს, ანუ, თუ პირდაპირ არა, ირიბად ეს სტრუქტურები წარმოადგენს ვაშინგტონის საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტებს. შევარდნაძეს იმის მეასედი რომ დაეშავებინა, რაც დააშავა სააკაშვილმა, თუნდაც, მოსვლისთანავე, სულს ამოხდიდა სავალუტო ფონდი. სამაგიეროდ, სააკაშვილმა დააქცია ქვეყანა, მაგრამ სავალუტო ფონდი დიდხანს თუთიყუშივით იმეორებდა, საქართველო პროგრესის გზით მიდისო. რაღაც ეტაპზე ერთგვარი დაეჭვება შეეტყოთ, მაგრამ შემდეგ ნოღაიდელი, რომელიც მაშინ ამ საქმეში სააკაშვილის მარჯვენა ხელი იყო, ჩაფრინდა ვაშინგტონში, გამოთქვა თავისი უკმაყოფილება, მისთვის ჩვეული ტაქტით, ანუ უაღრესად უტაქტოდ და ნაცვლად იმისა, რომ მისთვის კარისკენ მიეთითებინათ, შეცვალეს საქართველოში მისიის ხელმძღვანელი, ნოღაიდელი კი გამოგვიცხადეს წლის რეფორმატორად. რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობას ვერავის გადავაბრალებთ, რადგან ჩვენი უნიათობის გამო ვერ მოვახერხეთ ქვეყნის სწორ გზაზე დაყენება, მაგრამ ამ უბედურებაში ძალიან დაგვეხმარნენ ჩვენი „მეგობრებიც”.

– და რას ელიან სააკაშვილის ხელისუფლებისგან ამ ფულის სანაცვლოდ?

– დღეს არავის არ უნდა ავღანეთში თავისი სამხედრო კონტინგენტის გაგზავნა. ინგლისში ერთი ამბავია ამტყდარი, ჩვენთან კი რა ხდება?!

– სანამ ავღანეთში დემოკრატია არ დამყარდება, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა არ აღდგებაო.

– ავღანეთში დემოკრატია არ დამყარდება თვალსაწიერ მომავალში და, ვინც იქ ერთხელ შედგა ფეხი, დღემდე მწარედ ნანობს. ჩვენთან მიმდინარეობს ზეწოლა კონტრაქტორებზე. ყველას აიძულებენ, გააგრძელონ კონტრაქტი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ემუქრებიან, რომ მოუწამლავენ ცხოვრებას, გაუფუჭებენ ბიოგრაფიას და სხვა ცუდ რამეებსაც უზამენ.

– მხოლოდ ავღანეთის გამო?

– გეოპოლიტიკურ დაპირისპირებაში აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ჩვენ ძალიან ცუდად ვართ გაჭყლეტილი და თქვენ ხედავთ, რომ დაპირისპირება ორ სამხედრო ბლოკს შორის გადის ქართულ სოფლებზე. ანუ ჩვენ მოვახერხეთ, რომ ჩვენი ხელისუფლება, რომელსაც თავის დროზე ლეგიტიმაცია ჰქონდა, თვალსა და ხელს შუა გადაიქცა მსოფლიო მნიშვნელობის პროვოკატორად და ამას ვერაფერი დავუპირისპირეთ.

– არ შეიძლებოდა, ეს თანხაც ეჩუქებინათ, რაღა ვალად დაგვადეს?

– 2000 წლის 8 სექტემბერს გაერომ მიიღო დეკლარაცია ათასწლეულის მიზნებისა და გამოწვევების შესახებ, რომელშიც ჩამოყალიბებული იყო 8 გლობალური მიზანი და 18 გლობალური ამოცანა. იმ ამოცანებს შორის ერთ-ერთი ასეთი იყო: განვითარებადი ქვეყნებისთვის დახმარების გაწევა იმისთვის, რომ მომავალში მათ შეძლონ არსებული დავალიანებების დაფარვა დონორთა წინაშე. იმიტომ კი არ გეხმარებიან, რომ შენ კარგად იყო, არამედ იმიტომ, რომ როგორმე სული ამოგხადონ. რესურსების თვალსაზრისით, ყველაზე მდიდარი აფრიკის კონტინენტია, მაგრამ საექსპერტო წრეები არც კი განიხილავენ იმ აზრს, რომ აფრიკული სახელმწიფოები, მათ შორის, ალმასებით მდიდრებიც კი, ოდესმე წელში გასწორდებიან. სწორედ იმის გამო, რომ მათი „მეგობრები“ ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, ეს სახელმწიფოები სიღარიბის ჩაკეტილი წრიდან არ გამოვიდნენ და აძლევენ ზუსტად იმდენს, რამდენიც ჰყოფნით იმისთვის, რომ არ დაიხოცონ. ტერმინი „განვითარებადი ქვეყნები“ არის ერთგვარი ავანსი და არ ასახავს რეალურ მდგომარეობას, რადგან რეალურად ამ „განვითარებად“ ქვეყნებს ახლო მომავალში არანაირი შესაძლებლობა არ აქვთ, განვითარდნენ და ზოგიერთი გამოცემა უკვე პირდაპირ მოიხსენიებს ქვეყნებს ღატაკ, დაბალ, საშუალო და მაღალშემოსავლიანებად. ანუ მორალი ასეთია: ჩვენი პრობლემები, უპირველესად, ჩვენი თავის ტკივილია და არავინ აპირებს საქართველოსგან მეორე შვეიცარიის გაკეთებას, თუ ამას ჩვენ არ გავაკეთებთ.


скачать dle 11.3