კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ იზრდებოდა ზღაპარში გიორგი უშიკიშვილი და რა პრობლემები შეექმნა მას თბილისში ჩამოსვლისას


გასული წელი საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრისთვის საკმაოდ წარმატებული იყო, რადგან ძალიან ბევრი პროექტი განახორციელა, რომლის სულის ჩამდგმელი, ხშირ შემთხვევაში, ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი უშიკიშვილია. თუმცა, ის რეკომენდაციებს ყოველთვის იღებს თანამშრომლებისგან. ცენტრს მომავალ წელსაც საკმაოდ ბევრი კარგი გეგმა აქვს.

გიორგი უშიკიშვილი: ძალიან მომთხოვნი ვარ, განსაკუთრებით საკუთარი თავის მიმართ. ადამიანისგან რასაც ვითხოვ, ეს არის პუნქტუალურობა. არ მიყვარს, როდესაც ადამიანი ჩემთან შეხვედრისას აგვიანებს. ამას შეურაცხყოფად ვიღებ. შეიძლება, ყველას დააგვიანდეს, მაგრამ როდესაც საქმე ისეთ მნიშვნელოვან საკითხს ეხება, როგორიც ქართული ფოლკლორია, ამ დროს მე ცოტა მკაცრი ვარ, თუმცა ჩხუბი და ხმამაღალი საუბარი არ მიყვარს, არ ვიცი სამსახურიდან ადამიანის გაშვება. მას ყოველთვის ვუტოვებ ორ-სამ შანსს, რომ ეს შეცდომა გამოასწოროს; ანუ ამ საკითხში არ ვარ მყვირალა და საერთოდ არ მიყვარს, როდესაც ადამიანებს უყვირიან.

– რა არ მოგწონთ ყველაზე მეტად თქვენს ხასიათში?

– ძალიან ფიცხი ვარ, მაგრამ ეს ბევრ რამეში ხელსაც მიწყობს. მუშაობის დროს, როდესაც ბევრი პროექტია განსახორციელებელი, მინდა, ყველაფერი მოვასწრო, დროში ჩავეტიო. ამაში მეხმარება ჩემი სიფიცხე, მაგრამ პირად ცხოვრებაში ძალიან მიშლის ხელს. ჩემი ერთი ყველაზე დიდი მინუსი ის არის, რომ ადამიანებს ძალიან ვენდობი. არ მიყვარს მათი შეზღუდვა. პირიქით, ჩემთან ურთიერთობისას ადამიანი უნდა იყოს ძალიან თავისუფალი, მე რომ დავინახო, ბოლომდე როგორია. ჩემთვის მეგობარი ყველაფერია. შემიძლია მას ყველაფერი მივანდო, დავეხმარო, მაგრამ მქონია რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ძალიან გულგატეხილი დავრჩენილვარ, რადგან იგივე არ მიმიღია – შევმცდარვარ. არ ვნანობ, რომ ასეთი ვარ, მაგრამ ცოტა მეტად უნდა ვაკვირდებოდე ადამიანებს და მერე შევდიოდე მათთან ახლო ურთიერთობაში. ძალიან გახსნილი, კომუნიკაბელური ვარ და არა – მკაცრი, რომელსაც არავისთან აქვს ურთიერთობა და როგორიც შორიდან ვგონივარ ხალხს.

– თქვენ ხშირად გიწევთ ექსპედიციებში სიარული, ალბათ, ძალიან ბევრ საინტერესო ადამიანს შეხვედრიხართ. ქართულ სუფრასთან ქეიფიც ალბათ, ხშირად გიწევთ.

– ძალიან მოქეიფე კაცი არ ვარ. მე სუფრასთან მიყვარს საუბარი, სიმღერა, კარგი ამბების მოყოლა, იუმორი. შესაბამისად, ეს არის ხოლმე შემოქმედებითი საღამოები, ინფორმაციის გაცვლა. მე ვმღერი, ისინიც მღერიან, საინტერესო ამბებს ყვებიან და ძალიან კარგი შეხვედრები გვაქვს. მე არ მიყვარს სუფრები, სადაც მხოლოდ სმა და ჭამაა. რაც შეეხება საინტერესო ამბავს, ძალიან ბევრია. კახეთში ვნახე პაპა გოგია მარჩილაშვილი, რომელიც 30 წლის განმავლობაში იჯდა ციხეში – ახალგაზრდობაში რაღაც მოუპარავს. ციხეში ფანდურის გაკეთება დაუწყია. როდესაც ეს ფანდური ვნახე, გავოცდი, მასზე ასახულია ყველაფერი ის, რაც ზოგადად ციხეში ხდება, რასაც კედლებზე წერენ ხოლმე – შიშველი ქალები, წარწერები. კაცი 30 წლის განმავლობაში იჯდა ციხეში და ფანდურს უკრავდა. ხომ წარმოგიდგენიათ, როგორ დაოსტატდებოდა. ჩვენ ის ჩავწერეთ. ის მართლაც ფენომენალური შემსრულებელია, პაპა გოგია ჩემთვის ნამდვილი აღმოჩენა იყო. მე ბედნიერი ვარ, რომ ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში ჩემი ოთხწლიანი მოღვაწეობის პერიოდში ბევრი ასეთი ადამიანი ვიპოვეთ და პირველად წარვადგინეთ საზოგადოების წინაშე.

– ვიცი, რომ ბავშვობიდან მღერით, გახსოვთ პირველი წარმატება?

– როგორც დედაჩემი მეუბნება, ძალიან პატარა ვიყავი, ჯერ ლაპარაკიც არ ვიცოდი და თურმე „ჟუჟუნა წვიმას“ ვღიღინებდი. საერთოდ, ჩემი ოჯახი ძალიან მუსიკალურია, დედაჩემის და მამაჩემის მხრიდანაც ყველანი კარგად მღერიან – მთელი ოჯახი. მე ახმეტაში დავიბადე და გავიზარდე. ვინმე, საპატიო სტუმარი თუ ჩამოვიდოდა, ყველანი ჩვენთან, სახლში მოჰყავდათ, რომ ეჩვენებინათ, ასეთი ოჯახია, ყველა მღერისო. მამაჩემმა იფიქრა, აქ ისეთი ამბები ხდებაო, ადგა, სახლის ერთი ნაწილი მოანგრია და სცენა მიაშენა. ჩვენთან, რომ შემოხვიდოდი, პირდაპირ სცენაზე გახვიდოდი, რომელსაც თავისი კულისები ჰქონდა. პრაქტიკულად, რაც ფეხი ავიდგი, მას შემდეგ სულ სცენაზე ვდგავარ. ძალიან არ მიყვარდა, როცა მამღერებდნენ. სულ გარეთ ვთამაშობდი ბავშვებთან. დედაჩემი რომ გამოიხედავდა ფანჯრიდან და დამიძახებდა, გიორგიო – ეს იყო ჩემთვის საშინელება, ესე იგი, უნდა მემღერა. მახსოვს, გვერდები ჩალურჯებული მქონდა, დედაჩემის გვერდით ვიჯექი და სულ მჩქმეტდა, იმღერე და იმღერეო. ხალხი ჩვენ გამო მოდიოდა, რომ მოესმინათ, მე კი სიმღერა არ მინდოდა, მაგრამ ბოლოს დამიყოლიებდნენ და ძალიან ბევრს მამღერებდნენ ხოლმე. საშინლად ვერ ვიტანდი, ჩვენს სახლში რომ სუფრა იშლებოდა, იმიტომ რომ, როგორც წესი, სიმღერა გამოწერილი მქონდა.

– ცელქი ბავშვი იყავით?

– ძალიან ცელქი, აუტანელი ბავშვი არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ მიყვარდა სოფელში ყოფნა, თამაში. დედაჩემის მამა ძალიან მაგარი კაცი იყო. მასთან ერთად დავდიოდი ვენახში, ძალიან ბევრ რამეს მასწავლიდა. კარგად მღეროდა. ერთად ვთოხნიდით, ვისვენებდით. ბებია საგზალს გაგვატანდა ხოლმე, დავსხდებოდით და მასწავლიდა პირველ ხმას, მერე მეორე ხმას. ახლაც, როცა გადავხედავ ხოლმე ჩემს განვლილ ცხოვრებას, როგორც ზღაპარი, ისე მახსენდება. ყოველდღე რომ ჩადიხარ ალაზნის ველზე, კავკასიონს უყურებ, თან ორ ხმაში მღერი, პაპა რაღაცეებს გასწავლის – ეს მართლაც ზღაპარია და ასეთ გარემოში ვიზრდებოდი. ახლაც ნოსტალგია მაქვს ამ ყველაფრის.

– საქართველოში ძალიან ბევრი ნიჭიერი ადამიანი ცხოვრობს. ბევრი კარგად მღერის, მაგრამ ყველა ვერ აღწევს წარმატებას. როგორ ფიქრობთ, გარდა ნიჭიერებისა, რა გახდა თქვენი წარმატების მიზეზი?

– ერთადერთი, რასაც ყოველთვის ვგრძნობდი, ეს იყო ძალიან ბევრი ადამიანის კეთილგანწყობა და ღმერთის წყალობა. ყოველთვის, ყოველ წამს ვგრძნობ, რომ რაღაც ძალა მეხმარება. ჩემს წარმატებაში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვით ჩემს მშობლებს. მათ გარეშე ვერაფერს მივაღწევდი. ჩვენ თბილისში სახლი არ გვქონდა და დედა 8 წლის განმავლობაში კვირაში სამჯერ ახმეტიდან თბილისში რეპეტიციებზე მატარებდა. ავტობუსით მგზავრობას ოთხი საათი უნდა. დილის შვიდ საათზე ვდგებოდი, მოვდიოდით, რეპეტიციას ვესწრებოდი, მერე უკან ვბრუნდებოდით და სკოლაში მივდიოდი. მანამდე ათი წლის განმავლობაში ატარა ჩემი და. ავტობუსის მძღოლები და მგზავრები გვცნობდნენ.

– რთული იყო ახმეტელი ბიჭისთვის თბილისში თავის დამკვიდრება?

– ძალიან რთული იყო, მაგრამ რომ არა ღმერთის დახმარება და ხალხის კეთილგანწყობა, ვერაფერს გავაკეთებდი, ძალიან ბევრი ხელის შემშლელი ფაქტორი არსებობდა. ბევრი დამცირება გადავიტანე: სოფლელი ხარ, ჩამოხვედი იქიდანო და ასე შემდეგ. ქუჩაში გხვდებოდნენ ძველი ბიჭები, გხდიდნენ, გეჩხუბებოდნენ. მე, ზოგადად, შარიანი არ ვარ და ასეთ სიტუაციებს ყოველთვის თავს ვარიდებდი. ჩხუბშიც არასდროს მოვხვედრილვარ, პოლიციასთანაც არ მქონია შეხება. უბრალოდ, ბევრი დამცირება გადავიტანე და ძალიან რთული იყო თავის დამკვიდრება. როდესაც რაღაცეების კეთება დავიწყე, ბევრი ამბობდა, ვიღაც ამბიციური ახალგაზრდა გამოჩნდა, რომელიც ჩვენ რაღაცეებს გვეუბნება, გვისწორებსო. მბლოკავდნენ კიდეც. მოკლედ, ბევრი ცუდი რაღაც მოხდა. მაგრამ ყოველთვის გამოჩნდებოდა ისეთი ადამიანი, რომელიც მეხმარებოდა და ასე გრძელდებოდა სულ.

– თქვენ თქვით, ოჯახში ყველა მღერისო. ქალი, რომელიც მომღერლების ოჯახში შემოვა, უნდა მღეროდეს?

– დედაჩემი სულ მეუბნება, მოიყვანე ცოლად ისეთი გოგონა, რომელიც იმღერებსო, მაგრამ მე ამას არ ვანიჭებ დიდ ყურადღებას, ვერ ვივლი და ვერ დავიწყებ, აბა, წაიმღერე, როგორი გოგონა ხარ და მერე ვილაპარაკოთ-მეთქი. ჩემთვის მთავარია, ჩვენი მუსიკალური გემოვნება დაემთხვეს, თქვენც ხომ დარწმუნებული ხართ, რომ ჩემი ცოლი ვერასდროს გახდება რეპერი ქალი, ეს გამორიცხულია. არც ის მინდა, ხალხურ სიმღერებს კარგად ასრულებდეს, უბრალოდ, კარგი მსმენელი უნდა იყოს.

– ქალებთან მიმართებაში პრეტენზიული ხართ?

– ზოგადად არ მყავს ქალის იდეალი, ანუ უნდა მომწონდეს ასეთი სიმაღლის, ასეთი თმით და, თვალის ფერით. ჩემთვის იდეალური არის ის ქალი, რომელსაც გააჩნია ისეთი ღირებულებები, როგორიც არის პატიოსნება და ერთგულება. დანარჩენი სხვა პატარა ნიუანსებია. ასევე, არ შეიძლება, ადამიანი ცხოვრობდეს ჩემ გვერდით და არ აფასებდეს იმას, რასაც მე ვაკეთებ და ჩემი წინაპრები აკეთებდნენ. ანუ, ცოლად მოვიყვან ისეთ ადამიანს, რომელსაც ეს პრინციპები ექნება და რომელთან ცხოვრებაც ჩემთვის სასიამოვნო იქნება.

– სახლში, ალბათ, დიდი პრობლემები გექმნებათ იმის გამო, რომ ცოლი არ მოგყავთ.

– მამაჩემმა ვადა მომცა, წლის ბოლომდე თუ ცოლს არ მოიყვან, მერე შვილიშვილებს ავიყვანო. ყოველდღე მეუბნება: კახეთში, ქვევრში ღვინო მაქვს სპეციალურად ამ დღისთვის, დაძმარდაო. ამ ამბით შეწუხებულია. დედა არ ერევა მაინცდამაინც ამ საქმეში. თუმცა, არასდროს უთქვამთ ჩემს მშობლებს, ვიღაც მოგვწონს და იქნებ ნახოო. ვერ მიბედავენ. ძალიან კომპლექსიანი ვარ. ჩემთვის წარმოუდგენელია, მივიდე და შევხედო. არ მინდა, მრცხვენია.


скачать dle 11.3