კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ დაგლიჯა ლენუკა ყიფშიძე პურის გამო ძაღლმა და რატომ ელოდნენ მის დაყეფებას ღამღამობით მშობლები ერთი თვე


მომხიბვლელი მოდელი ლენუკა ყიფშიძე, ძალიან კომუნიკაბელური, საყვარელი, თბილი და სასიამოვნო მოსაუბრე ადამიანია. როგორც თავად ამბობს, ის ხშირად ხვდება გაურკვეველ სიტუაციებში და შეძლებისდაგვარად, არც თავის დაძვრენა უჭირს. ლენუკა ყველასთვის საყვარელი მსახიობების ოჯახშია გაზრდილი, თუმცა თავად ამ პროფესიაზე უარი თქვა და მოდელობა არჩია. ის ფილმებშიც არის გადაღებული, თუმცა თავს მსახიობად არ მიიჩნევს. თუ სად მიჰყავდა ის მის ძმას, გიორგი ყიფშიძეს განძის საძიებლად, როდის უწევდა მამამისი, ზურა ყიფშიძე წარბს და სად გაუტეხა თავი თხილამურით მშვიდ დამსვენებელს, ამაზე თავად ლენუკა გიამბობთ.

ლენუკა ყიფშიძე: ძალიან ხშირად ვხვდები კურიოზულ სიტუაციებში, მაგრამ იუმორის წყალობით, არ მიჭირს თავის დაძვრენა. ისეთი სამსახური მაქვს, ბევრ ხალხთან მიწევს ურთიერთობა. ვცდილობ, გაუგებარ სიტუაციას ავარიდო თავი, მაგრამ ადამიანები ვართ და თუ ასეთი სიტუაცია შეიქმნა, მინდა თუ არა, თავი უნდა დავიძვრინო.

– შენი ახლობლები ამბობენ, სამსახურმა ისე დააპროგრამა, ხანდახან არაადეკვატურად იქცევაო. ასეთს რას აკეთებ?

– „მაგთიკომის“ ცხელ ხაზზე ოპერატორად ვმუშაობ. ტელეფონი რომ რეკავს, უნდა ვუპასუხო: „მაგთი“ გისმენთ. ისე დავპროგრამდი, სახლში რომ რეკავს ტელეფონი, ყურმილს ვიღებ და ვამბობ, „მაგთი“ გისმენთ-მეთქი (იცინის). გაოგნებულები მპასუხობენ: უკაცრავად სად მოვხვდი? ახლობლები გაოცებულები არიან, რა გჭირს, ვეღარ უნდა მიხვდე, რომ სამსახურის დრო ამოგეწურაო. ოჯახის წევრებმა თუ რამე მკითხეს ან დაიწუწუნეს, მაშინვე ვეუბნები ოფიციალური ხმით – მობრძანდით ოფისში და გამოგისწორებთ პარამეტრებს, რა პრობლემაა-მეთქი. კვდებიან სიცილით.

– ახლახან გადაიღეს ფილმი „გოგონა სლაიდიდან ანუ 90-60-90“, სადაც ერთ-ერთ როლს შენც ასრულებ. ამბობენ, გადაღებების დროს, ლენუკა კინაღამ 23 სართულის სიმაღლიდან გადმოვარდაო. რა მოხდა?

– სასტუმრო „აჭარის“ სახურავზე იყო გადაღება. იქ მოწყობილ პოდიუმზე მოდელებს მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით უნდა გაგვევლო პრიალა ნაჭერზე. წარმოიდგინეთ, 14-სანტიმეტრიან ქუსლებზე ვიყავი შემდგარი, ფეხი დამიცდა და კინაღამ 23 სართულის სიმაღლიდან ვიფრინე. დაცვის ბიჭები იდგნენ და რომ გავხედე, ფერი აღარ ედოთ (იცინის). ისე, პოდიუმთან დაკავშირებით ბევრი სასაცილო ამბავი მაქვს გასახსენებელი. ახლა მეცინება, თორემ მაშინ ისე ვიყავი, მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, თავი როგორ დამეძვრინა. ერთხელ, ჩემი გასვლა იყო, მაჩქარებდნენ – ჩქარა, ჩქარა, შენი გასვლააო და ამ სიჩქარეში ვეღარ მოვასწარი ფეხსაცმლის მორგება. ავდექი და ფეხშველა გავედი პოდიუმზე. აბა, რაღა მექნა? (იცინის).

– ლენუკა, შენზე გამიგია, ძალიან პრეტენზიული ბავშვი იყო და სულ სახლიდან იპარებოდა საგვარეულო განძის საძიებლადო. კონკრეტულად, სად მიდიოდი?

– მართალია, ძალიან ცუდი ზნის ბავშვი ვიყავი – სულ უკმაყოფილო. სტუმრებთან კი ისე ვიქცეოდი, ყველას ვაგიჟებდი. დედაჩემის მეგობრები რომ მოდიოდნენ და თავს ვიგიჟებდი, დედას ეუბნებოდნენ, ეს ბავშვი დაახრჩეთ შენ და ზურამ და ახალი გააკეთეთო (იცინის). დავდგებოდი კარებთან, ვზმუოდი, ვტიროდი, კარს ვაჯახუნებდი და სტუმრები რომ მკითხავდნენ, ასე რატომ იქცევიო, ვპასუხობდი, თქვენ რა გინდათ-მეთქი. დედაჩემი რომ ბრაზდებოდა, მეუბნებოდა, ნეტავ, შენ დაგემსგავსოს შენი შვილი და დაგხვდება ეს სიტუაცია წინო.

– მერე დაგხვდა?

– ნამდვილად დამხვდა. (იცინის). ახლა ვფიქრობ, როგორ მიძლებდნენ. რაც შეეხება სახლიდან გაპარვას, ეს ჩემი იდეა არ იყო. ჩემს ძმას აწუხებდა ბავშვობაში ფილოსოფიური აზრები. ჩაალაგებდა, მეც გამამზადებდა, მომკიდებდა ზურგჩანთას, ჩამკიდებდა ხელს და მივყავდი გარეთ. ამბობდა, მთაწმინდაზე განძია დამალული და ის განძი უნდა მოვძებნოთო. (იცინის). ხილიანზე ვცხოვრობთ, ჩვენი მშობლები ტელევიზიასთან გვპოულობდნენ და მივყავდით უკან, სახლში.

– მოსკოვში სწავლობდი. მაშინ არეული პერიოდი იყო, ქართველებს ემტერებოდნენ. ხიფათში შენც ხომ არ გაები შემთხვევით?

– მართალია, ვიზაჟის კურსებზე ვსწავლობდი მოსკოვში. იქ ცენტრში, მამის მეგობართან ვცხოვრობდი. არეული პერიოდი იყო და ვერიდებოდი მეტროთი მგზავრობას. თან სულ მერეოდა გზა და მოსკოვის რუკის შესწავლას მთელი სამი თვე მოვანდომე. მაინც არ გამომადგა და ნეტავ, რად მინდოდა? მოკლედ, ერთ დღესაც ტაქსი გავაჩერე და ჩავჯექი. ვუთხარი, სადაც უნდა მივეყვანე. გავიხედე, სულ სხვა გზას დაადგა. ცოტა შემეშინდა. მძღოლს ვერაფერი ვუთხარი და მამის მეგობარს დავურეკე. მგონი, სხვაგან მიმაქანებს ეს მძღოლი და დაელაპარაკე-მეთქი. მოკლედ, ვალაპარაკე და უთხრა, დროზე, ორ წუთში, ეგ გოგო მიიყვანე იქ, სადაც გითხრაო. მოაბრუნა მანქანა მძღოლმა და ზუსტად იქ მიმიყვანა, სადაც ვუთხარი. ვერ მივხვდი, რა უნდოდა, ფაქტია, ხიფათს გადავურჩი.

– მგზავრობას კარგად იტან?

– ვაიმე, არა. თვითმფრინავის ისე მეშინია... მე და ჩემი შვილი კვიპროსზე მივდიოდით დეიდაჩემთან დასასვენებლად. ისეთი შიში ვჭამე თვითმფრინავში, მტრისას. მეგონა, ჩამოვვარდებოდით, ვფიქრობდი, ჩემს შვილთან ერთად მოვკვდები, ამას რას ვერჩოდი-მეთქი. ცრემლებს ვაღვარღვარებდი და თან ცხოვრების კადრები მაღალი სისწრაფით მიჰქრი-მოჰქროდნენ ჩემ თვალწინ. თან ქართველიც ვერ აღმოვაჩინე მგზავრებში, რომ მელაპარაკა და დავმშვიდებულიყავი. ვტიროდი და ვიმეორებდი: დედა, დედა, დედა... ეს ჩემი შვილი სულ მაგიჟებდა. ყოველ წამს მეკითხებოდა, დედიკო ხომ არ ჩამოვვარდებით, ხომ არ დავიღუპებითო, ჭკუიდან გადამიყვანა. სტიუარდესას რომ ვეკითხებოდი, მეშინია, ხომ არ ჩავვარდებით-მეთქი, ცივად მპასუხობდა, ნუ პანიკობთ, დაიმშვიდეთ ნერვებიო.

ერთხელ, ბებიასთან ერთად კვარიათში მივდიოდი დასასვენებლად. მატარებელი დავინახე, უკვე გადიოდა და უნდა გენახათ, როგორ ვარბენინე ბებიაჩემი – ბაქანიდან ბაქანზე ბარგი-ბარხანით. თან ვყვიროდი, ჩქარა ბებო, ჩქარა არ გაგვასწრო-მეთქი და აი, ნამდვილ გაუგებრობაში, ამ მატარებელში აღმოვჩნდით. მოკლედ, როგორც იქნა, შევახტით გაქანებულ მატარებელს და თურმე, ბაქოში არ მიდის? (იცინის). გადაირივნენ მგზავრები, ჩვენ ბაქოში მივდივართ და შენ კვარიათში რანაირად მოხვდებიო. შემშლია მატარებელი. ისევ ჩამოვხტით და დავბრუნდით სახლში. მეორე დღეს გავემგზავრეთ კვარიათში.

– შენი თაყვანისმცემლების ორიგინალურ საქციელზე როგორ რეაგირებს მამაშენი, ზურა ყიფშიძე?

– არ დამავიწყდება, ერთხელ, მთელი ოჯახი სამზარეულოში ვართ შეკრებილი, ვზივართ და ვსაუბრობთ. უცბად მესმის სიმღერის ხმა. გადავიხედე და მთელი სამეზობლო ფანჯარაშია გადმომდგარი, ჩემს თაყვანისმცემელს უსმენს, რომელიც მანქანის „კაპოტზე“ დგას და მიმღერის. ვუსმინე, მოვიხედე და მამაჩემმა წარბიც აწია (იცინის). ამ მხრივ მკაცრი ნამდვილად არ არის. მე რა შუაში ვიყავი, რა უნდა ეთქვა ჩემთვის? ბოლო დროს, ძალიან უცნაური თაყვანისმცემელი გამომიჩნდა. სამსახურში მივალ, დამხვდება, მთელი დღე დგას და მიყურებს. მერე დამთავრდება სამუშაო საათები, მე სახლში მოვდივარ და ისიც მიდის. ვხუმრობ ხოლმე, ქართველი ჯეიმს ბონდი ხომ არ არის-მეთქი.

– შენი მეგობრები ამბობენ, გუდაურში ლენუკამ, ერთ პატიოსან, უდანაშაულო ადამიანს თხილამურით თავი გაუტეხაო. რას ერჩოდი?

– არც, არაფერს (იცინის). შემთხვევით მოხდა. „კანატკით“ ავდიოდი და უცბად თხილამური გამძვრა ფეხიდან. დაბლა ვიღაც ბიჭი იდგა და შიგ თავში არ მოხვდა? (იცინის). რა მაცინებს, მაგრამ, რომ მახსენდება, სულ მეცინება. იმწუთას კი ისე შემეშინდა და ვინერვიულე საწყალი ბიჭის გამო... არ ჩამოვსულვარ „კანატკიდან“. შეშინებული „კრუგზე“ წავედი. ვერა და ვერ ვისწავლე თხილამურებზე დგომა. ისე სასაცილოდ ვდგავარ და იმდენჯერ ვიქცევი, ხალხი ისტერიკაშია. სულ ჰგონიათ, რაღაც მოვიტეხე. რომ წამოვხტები ხოლმე და ისევ ავფაფხურდები ჩემი თხილამურებით, ამბობენ, ამ გოგოს რა გული აქვს, საკუთარი თავი არ ეცოდებაო? (იცინის).

– საკუთარმა ძაღლმა მართლა დაგგლიჯა?

– არა, საკუთარმა ძაღლმა კი არა... ჩვენ ავჩარკა გვყავდა. ზუსტად ასეთი ავჩარკა ჰყავდა მეზობლად დარაჯს. არ გვიკარებდა ის ძაღლი. პატრონმა გვითხრა, პური აჭამეთ და მოგეჩვევათო. მეც ასე ვიქცეოდი და ერთ დღეს ისე მიკბინა ხელზე, პურიანად მომაგლიჯა ხორცი. ატყდა ერთი კივილ-წივილი. არიქა, ავჩარკამ ლენუკა დაგლიჯაო. სისხლს ვაფრქვევ და გავიხედე, მამაჩემი მოდის და „აშეინიკით“ ჩვენი ავჩარკა მოჰყავს. რომ დამინახა გასისხლიანებული და უთხრეს ლენუკა ავჩარკამ დაგლიჯაო, გადაირია. მე და ეს ძაღლი ერთად ვართ და რეებს უგონებთ, რის დაგლეჯვა, რა დაგლეჯვაო. თან ვერ მიხვდა ხელიდან სისხლი რატომ მდიოდა. მოკლედ, ძლივს აუხსნეს, რაც მოხდა. შრატი არ გამიკეთეს და მერე მთელი ერთი თვე, ღამით მამაჩემი და დედაჩემი გამოაღებდნენ ფანჯარას და ყურს უგდებდნენ იმ ძაღლს, ხომ არ ყმუისო. მეც არ დამიყეფავს და ასე გადავრჩი (იცინის).


скачать dle 11.3